Litclub.ge

* * * წვიმა და ოფლი...
წვიმა და ოფლი.
რა მხარეები გიცდის სიბერის -
მე მესიზმრება ჩემი სამშობლო -
სამშობლო შავი ლიუციფერის -
სამშობლო ძველი.
გზა - დაფენილი მსხვერპლით, ცხედრებით,
და სისხლით სველი,
გზა სასიკვდილო გადათეთრებით,
სამშობლო შავი ლიუციფერის.
მე მწუხარებამ დამიძმობილა
ბინდის ტყე-ველი.
არასდროს ჩემთან იქ არ ყოფილა
ნაზარეველი.
(მელანდებოდა ის მხოლოდ შორით -
და მაწვალებდა მე მისი ჯვარი,
ჯვარი ჯერ ისევ თეთრი თაბორით -
ლიუციფერის ხელით დამდგარი).
ვერ გაიგონეს შენი მხნე ნანა
და რიდეობა ვერ შეიფერეს.
შენ გესიზმრება შენი ქვეყანა,
ქვეყანა შავი ლიუციფერის.
მოკვდები, ბნელის იქნება თოვა,
და მწუხარება ლურჯი, ლიბერი
და სამარესთან, ვინც კრძალვით მოვა,
იქნება მხოლოდ ლიუციფერი.

1922