Litclub.ge

* * * "აჰა, დაძრულან ხეთა ლანდები"
აჰა, დაძრულან ხეთა ლანდები!
უკვე მესამედ ყივის მამალი
და ღმერთმა იცის, სად დავმთავრდები,
შენგან წასული და ბრმად მავალი.

ფეხქვეშ ჩხრიალებს წყვდიადის ხრეში,
გზა არსაიდან არსაით მიდის.
და აღარც შენ ხარ ჩემს ირგვლივ, ჩემში - 
მცენარესავით ჩუმი და მშვიდი.

ყივილით ებრძვის წყვდიადს მამალი,
რადგან კვლავ სჯერა ამ კეთილ ფრინველს,
რომ გარდაცვლილსაც აქვს მომავალი,
გამხსენებელი თუ რჩება ვინმე.

მეც კვლავ მივდივარ, კვლავ მადგას თავზე
ვერაგი ღმერთი მძაფრი განცდების.
და ვივლი, ვივლი... სულ ვივლი ასე,
სანამ საკუთარ თავსაც გავცდები.