Litclub.ge

აჰა, ბინდდება
აჰა, ბინდდება. კვლავ დამესია
მწყურვალებათა ფიქრი - ობობა,
ყოველგვარ შხამზე უშხამესია
შეღამებებით ავადმყოფობა.
თითები ელის საყვარელ თითებს,
როს ფარდებიდან მიდის ზმანება,
და ყოველ სახლში ღამეებს ითევს
პიანინოთა ახმოვანება.
რამდენი ქალი, მღერალი ქალი
შეიმოსება ბინდით, დათვალე.
აშრიალდება მრავალი ხალი
და გატაცებით ცა მოშავთვალე.
რამდენს უეცარს ველოდი ამბორს,
რამდენს ველოდი ფრთეებს აღსავალს,
მხოლოდ ახალ წლის ბინდებში ამბობს
მუსიკა თავის თავგადასავალს.
წელს გადაიწვენს ხელი მინაში,
თვალს მოულულავს კოცნის მკვეთრება,
და, როგორც ლანდი ლოენგრინეში,
ლანდს სიჩუმეზე შეევედრება.

1919