როცა აკტეონი, ძეჲ არისტეას,
ლაღად მიდიოდა ტყეში სანადიროდ,
უცებ დაინახა თეთრი არტემიდა,
თავის ნიმფთა შორის იგი ბანაობდა
ძველი პართენონის მსუბუქ ნაკადებში.
შედგა აკტეონი, თვალნი დაებინდნენ.
იგი მოჯადოვდა უცხო სანახავით.
მაგრამ ის დასაჯა იმავ ღვთაებამა:
იქცა აკტეონი ირმად მშვენიერად,
ძაღლებს აკტეონი მსხვერპლად შეეწირა,
იგი დაეფლითათ ძაღლებს იმისსავეს.
ვიცან, გალაკტიონ, შენში აკტეონი -
შენ გსჯის ყოველივე, როგორც სიყვარული.
შენგნით დაწვრთნილები ყეფენ მოუსვენრად -
ისევ შენთვისსავე - ავი ძაღლებია.
1916