ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელი,
როცა საუბარი ედგარ პოეზეა!
აჩრდილს თანაზიარს მარად საშინელი
დასდევს განწირულთა შავი პოეზია.
ხშირად მაგონდება: ფოთლებშემოცლილი,
სახემიბნედილი ქალის მწუხარება!
მთვარით დაბურული, მთვარით შემოსილი,
მთვარით დაძონძილი ოხვრა... შეყვარება!
(რად ხარ უცხოეთში? მე შენ გელოდები!)
მოვა შუაღამის ბნელი სტუმარივით...
სანთლებს გაანელებს, დარბაზს დააბნელებს,
მიდის სავარძელთან სხვაგვარ მდუმარებით.
უცხო მხარეები იგრძნეს ხომალდებმა,
ფარდა შეირხევა, როგორც ყრუ ფოთოლი.
კოშკთა სიმაღლიდან რეკავს მოლანდება,
ცივი უდაბნოა ღამე უშფოთველი.
თანაც გაიხედავ: შენაც დაღამდები -
ირგვლივ დამჭკნარია ფერი და ფერვალი:
ასეთ სანახავად - როგორც თანამდები,
ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი!
1916