Litclub.ge

გამვლელი
იზრდება სიძველე, სუნთქვამ პალატების
და გრილმა დუმილმა ხავსივით გაზარდა
ის ხსოვნა, აქვე რომ ყვავის შეუმჩნევლად
და გაოცებული აჰყურებს მანსარდას,
რომელიც ძველ კედლებს შარშან დააშენეს
და ცაცხვი დაბურულკენწეროიანი
ირწევა, როდესაც გაღებულ ფანჯრიდან
დილის აკორდებით გამოდის როიალი.
ივსება ჰაერი, ბგერათა რხევები
მაყოვნებს და სხვაგან არ მიშვებს,
დღე დღეზე აწებეს, თუმცა გასულ დღეებს
უჩანთ წარწერები, როგორც ძველ აფიშებს.
ისინი აღწევენ დროში ახლანდელში
არასრულ ცნობებით, გაწყვეტილ ფრაზებით,
ჩამქრალი თვალების ხელახლა გაკრთობით,
ხელის მოძრაობით უცნობი არსების.
თვლემენ ნაბიჯები მრავალჯერ ჩავლილი _
მათი, ვინც ოდესღაც გვერდით ჩამიარა,
ისინი აწმყოში ჩუმად შემოდიან
და აკვირდებიან პირმოკრულ ჩემ იარას.
აწმყო უწყვეტელი, ჩემით რომ გრძელდება,
უჩინარია და მახსენებს ამაყ დობილს,
იგი კი დადის და ცვლის ყოველდღიურად
სახეებს, იდაყვებს ფანჯრებთან ჩამოყრდნობილს.
ქათქათა ღრუბელთა ზოზინა ქარავანი,
ნიავის თამაში ჩრდილების ჰამაკთან,
მგონი, აღარც მახსოვს თავი საკუთარი _
ჩემივე ხელში რომ მრავალჯერ ჩამაკვდა.
ვცხოვრობ სუროსავით, წლები ხომ სუროა,
ბზარი დაუმალავს ასწლოვან კედლების,
ბზარში კი ექოა, ზოგჯერ რომ იღვიძებს
და თვლები ბრუნავენ ჩაქროლილ ეტლების.
"გამვლელო, შეჩერდი!"– ჩამესმის შენი ხმა,
ვჩერდები, სინანული არ ქრება, არც ღვივის
და ჩემი სიცოცხლის ნაყოფს გასაოცარს
მოვწყვეტ სასაფლაოს უტკბილეს მარწყვივით.