ქართული ოდის აივნის გვერდით
მე მახსოვს მუხა,
მუხიდან ტყისკენ ბილიკი ფერდათ,
ვერხვები სწუხან.
ტყიდან ოდისკენ ბილიკი მოდის,
ახლოა მოლი.
ამოდის მთვარე და ძველი ოდის
იშლება ზოლი.
სდგას აივანზე ლამაზი ქალი:
მოწყენით ნუ ხარ.
ტყე შრიალებდა, - იყო ტყის ძალი,
შრიალებს მუხა.
პირიმზე, ჰაა? ხედავ, პირიმზე!
ამოდის მთვარე.
ტყე განათლდება ქედზე - ირემზე,
ვერცხლდება არე.
რა საოცარი, რა საუცხოვო
ღამეა, გესმის?
ვერხვის შრიალი, ამო და უცხო
შრიალი გესმის?
ო, ვარსკვლავებო, ო, თეთრო მთვარევ,
მამა და დედა,
გესმით თუ არა ჩემი მწუხარე
ოხვრა დღეზედა?
ო, დამიბრუნე მე ჩემი გული,
მშფოთარე ქარო,
ჩემო მძლავრო ძმავ, შენი ერთგული
ვიქნები მარად.
ო, გაიგონეთ ჩემი წუხილი
ვარდებში რგული,
ო, დამიბრუნეთ საბრალო გული,
მოკლული გული.
აღმოსავლეთო და დასავლეთო
ზღვებო, მიწებო,
შენ, სამხრეთო, და შენც, ჩრდილოეთო,
ჩემო ბიძებო.
ხედავთ თუ არა წამებას ჩემსას?
დაღლილ თვალებით.
ო, შემიცოდეთ, ო, შემიცოდეთ.
არ გებრალებით?
ოკეანენო, მდინარევ, ზღვებო,
შორო და ახლო,
მოსიყვარულე ნათესავებო,
მე მინდა ვნახო...
ველ-მინდვრებისა და მთების ზოლო,
ველი ნელებას.
მომეცით გული, მოეღოს ბოლო
საშინელებას.
სნეული ვერხვი ოხრავს
სნეული, სნეული ვერხვი.
1915