გაისმა შორი სროლის ხმა მთაში
და მონადირემ დაჰკოდა შველი...
საღამო იწვა ხავერდის ყდაში,
ვით წიგნი ლურჯი და ძველისძველი...
ეს იყო მაშინ, ეს იყო მაშინ,
როცა მე ბავშვი ვიყავ.
არ არის რამე უფრო მტანჯველი,
როდესაც კუბოს მიჰყვები ქარში:
„დარჩი“, - ქვითინებს ჰაერში მარში,
მაგრამ ვერავის ქვეყნად ვერ შველი.
ეს იყო მაშინ, ეს იყო მაშინ,
როცა მე ბავშვი ვიყავ.
კუბო, უმიზნოდ მცურავი ქარში
და უმიზეზოდ მოკლული შველი!
დაედევნება ბავშვებს სიზმარში
ეს მოგონების ლანდი, სანთელი.
რას იზამს მაშინ, რას იზამს მაშინ
მზე, ნაკადული, მთები და ველი?
1915