Litclub.ge

დილა
დახშულია სულის თვალი,
გადაეკრა ცხოვრების ლიბრი
და ვეღარ ხედავ.

სხვაგან ნუ ეძებ, რაც შენშია და ჯერ არ მოჩანს,
იგი ჩუმად მწიფს და ერთხელაც
ამოიხედავს შენი თვალით 
და აღივსები უცნობი სიტყვით....

შენც მძებნელი ხარ და ყველაფერში
იმას ეძებ, რაც ზოგჯერ ჩუმად გაკრთება გულში
და ვერ პოულობს დასამალ სიტყვას,
სადაც ჩვენ ვგრძნობთ მის არსებობას, მაგრამ ვერ ვხედავთ.

დასტურად მხოლოდ ეს სიცოცხლე -
მის ძებნაში დასიზმარებული, 
ახალ თაობებს ჩვენი არყოფნის ალიბს უტოვებს...

სულ არაა დილა პირქუში,
ის ნამდვილია, ვიდრე არის,
ვიდრე სინათლის ფრთებს დაკეცავს 
და თანდათან ჩამოღამდება...

..და ეს ცხოვრება თავის ბრიყვულ იერარქიით,
დემაგოგიით, ლიზღობით და ცბიერ ლოგიკით,
რასაც აშენებს დასანგრევად, 
რადგან სიცრუის მოქადაგე სიკვდილს ამრავლებს. 

აჰა, აპრილიც მიიწურა და გაზაფხული
..იმოსება ჭრელი ჭინჭებით.., 
ისე ხალისით, ისე გულწრფელად, როგორც პირველად
და მერამდენედ გვიდასტურებს რომ სიყვარულით
ჰაერიც კი დამტვერილია და ჩვენც ვივსებით 
სასურველი მკლავების ნატვრით,
ჩემთვის რომ მხოლოდ მიწად იქცა და წარმოსახვად 
ანუ იმად, დაბადებამდე რაც იყო და მე ვერ ვამჩნევდი.

ადამიანი მოკვდავია, უკვდავია ამაოება.

მწარეა ეს ხმა, ამ სიტყვამ რომ ამოიყოლა,
ხორხს კი არ კაწრავს, 
შხამიანი ყვავილივით იშლება ჩემში
და მჩუქნის მხოლოდ უმწეო ნატვრის სათამაშოებს, 
რითაც უკვე ვეღარ ვერთობი 
და ვყრი ნაგავში დაუფიქრებლად,
მაგრამ ზოგჯერ მეჩვენება 
გადაყრილ ნატვრებს ჩემი თავიც გადავაყოლე 
და სხვა რაკურსით ვხედავ ყოფას მარაზმში ჩამხრჩვალს.

არც კი მახსოვს, ვინ მისახსოვრა 
ის, რაც არ ვიცი და მხოლოდ ვგრძნობ, 
მაგრამ გრძნობა მხოლოდ არცოდნას თუ ინახავს 
და სიყვარულზე მძაფრ მინიშნებას, 
მდინარის მკლავებს რომ შემოაჭდობს მარჩენალ მიწას,
დაარწყულებს ყანების მწვანე უსასრულობას
და დუმილში მწიფს ნაცნობ სიტყვის უცნობი სიღრმე...

მე გამახილა მომავლმა და მაჩვენა, 
ხვედრი რომელიც ჩვენ წილად გვხდა, - 
რომ ამ ჭაობს, 
ასე ხალისით რომ დაამყაყეს და განადიდეს, 
გავაგონო ჩემი გოდება:
ჩვენ ვკლავთ ერთმანეთს და საფლავს ვუთხრით,
მერე დავტირით და ვიხსენებთ, 
ვწნავთ ცრუ სიტყვების გვირგვინებს და 
ერთმანეთს ვამკობთ შიზოიდურ პანეგირიკით
და ჩვენს დაკარგულ საფლავებს ვეძებთ _
“ვერ ვნახე დაკარ-გულიყოოო”...


სინამდვილესა და ხსოვნას შორის

მომწყურდა სუნთქვა კამერულ ლექსის
და წყურვილს გაბმულ ნატვრას ვაბრალებ,
ვზი, მწარედ ჩავლილ დღეების ლექში
და ვახელ თვალებს _ დარდის ნაპრალებს...

შენი სხეული სავსე სიახლით,
სურნელს აფრქვევს და სურვილს ამძაფრებს
და ვიდრე მოველ, თვითონ მეახლე
და წუთის სიღრმე კოცნით ამწაპნე.

იყო უცნობი და თან ნაცნობი
შეუცნობლობის ხმობა სიღრმიდან
და შამპანურის სველი საცობი
და თვალი _ თვალში თვალს რომ მიყრიდა...

ის აქვე იდგა, მისი აჩრდილი 
ოთახს ტოვებდა 
და სინამდვილეს 
და ხსოვნას შორის ვიყავ გაჩრილი
და გულში, შენ რომ მოინადირე.