Litclub.ge

შემოქმედება
მოხდება ხოლმე, ცა მიზიდავს
განუსაზღვრელი,
ვარსკვლავთა შორის, სხივთა ტბაში
არა მყავს ტოლი.
ვბრძანებ: ტყის შქერში გაჩუმდება
ნიავი ნელი.
ვიტყვი და თრთოლვად გადიქცევა
ვერხვის ფოთოლი.
მზე ჩემთვის ბრწყინავს და მეფე ვარ
ყოვლისმოქმედი,
არე-მიდამო ნეტარების
ცრემლით ივლება,
ჩემს ხელში არის მაშინ ჩემი
მძვინვარე ბედი,
ქვეყნად ყოველი არსის სული
მემორჩილება.
ეს მაშინ არის, როცა აზრი
მიჰქრის შორს, შორს, შორს
და ლტოლვა გულში დაგუბული
ეძლევა შვებას,
ირგვლივ ვერ ვხედავ ჩემს თანაბარს
და ვისმეს ჩემს სწორს,
რომ ამგვარადვე ეძლეოდეს
ტკბილ-ნეტარებას.
ვხედავ, მიფრინავს იქ, სადღაცა
ნისლი უსახო,
ვგრძნობ, რომ მის ტალღას, ერთხელ ჩემს მძლევს,
გააპობს მკერდი,
ო, უძლეველო დიდო წამო
შემოქმედების,
ეხლა ყველაფერს... ყველაფერს ვქმნი
ახალი ღმერთი!

1912