Litclub.ge

შერიგება
ალბათ ღამით ყინვა მინებს
მოსდებია, როგორც ლილა,
ხედავ, არე-მიდამოზე
თეთრი თოვლი დაწოლილა!
თითქო ზეცაც არ იცინის,
მოწყენილა, მოღუშულა,
ხეებს გუნდად დასწოლია
ფიფქი თოვლი - ბამბის ქულა.
ზულეიმა, ჩემო კარგო,
ახლო მოდი, ყური მიგდე:
მინდა ბრძოლა გავათავო,
მინდა ჩემს ბედს შევურიგდე!
დავივიწყო, ვინც რომ გუშინ
უმიზეზოდ მაწყენინა -
და არასდროს არ დავტოვო
მოღუშული ჩემი ბინა.
შევეჩვევი ზამთრის დღეებს,
დარჩი ჩემთან, ყური მიგდე,
მინდა ყველა დავივიწყო,
მინდა ჩემს ბედს შევურიგდე!

1912