ის ტკბილი არი, ვინემ თვით ქნარი,
ის ნაზი არი ყვავილთ სურნელზე,
გადაიქროლა საქართველოზე,
როგორც სამუმმა უდაბნო-ველზე.
და მან იცოდა, რომ ვერ იტყოდა
სიტყვას, ჯერ ახალს, სიტყვას ჯერ უთქმელს..
და ყველგან, ყველგან წინ უხვდებოდა
ღიმილს დამცინველს, ღიმილს დამთუთქველს.
ხელოვნებისთვის ისე იწოდა,
როგორც ხატის წინ წმიდა სანთელი..
ისე თრთოლავდა ლექსთ შადრევანთან,
როგორც მზის სხივი უკანასკნელი..
განთიადისას ისე ღელავდა,
როგორც ზღვის ტალღა დაუდეგარი..
და ბინდის ჟამზე, სიჩუმის ჟამზე
მწუხრის კაეშნით მოსთქვამდა ქნარი..
ყური დაუგდეთ.. განა ეს ლოცვა
ეხლაც არ ატკბობს თქვენს მოქანცულ სულს?
მე კი მას ვუსმენ: როგორც უკვდავთა
გამამხნევებელს და ნეტარ ჩურჩულს...
1910