ნაზი პეპელა თავს დასციმციმებს,
გარშემო ყვავის გაშლილი ველი,
მიყვარს, საფლავო, ეგ მდუმარება
და ეგ სიჩუმე დაურღვეველი.
შენსკენ ვისწრაფვი, რაკი დატანჯულს
სევდა და ფიქრი შემომაწვება,
თუმცა კი ვიცი, შენს სიჩუმეში
თვითონ სიჩუმეც საგრძნობი ხდება.
გულს აღელვებულს, სხეულს მოწამლულს
ნიავი ნელი ეთამაშება.
არ ვიცი რისთვის, ჩემი ტანჯვებით
ბუნება თითქო ხარობს და სტკბება.
*
მსურს, რომ ვიცოცხლო... მსურს აღარ მოვკვდე,
მსურს ცრემლი ვღვარო და ვივალალო,
ცრემლი ციურ ცვრად არეს ვაპკურო,
გზა ეკლიანი ცრემლით გავკვალო.
მე ტანჯვისთვისა ვარ გაჩენილი,
ჩემი ხვედრია კვნესა, წამება...
დეე, ვიტანჯო, ყოფნა გრძნეული
გულს არასდროს არ დაენანება.
*
ყველაფერს ამბობს ობლის საფლავი
ობოლ კუთხეში, ობლად შთენილი
და სიჩუმის ხმით მესაუბრება
ხმა ნაზი, ციდან გარდმოვლენილი.
სიცოცხლისავე საფლავს მაგონებს
მოღლილ, მოქანცულს და მოდუნებულს,
არსებობის ძარღვს მკვდარს, უსიცოცხლოს,
არვისგან ნახულს, არრისგან შემკულს.
სიკვდილო, მე ნუ მიახლოვდები,
მსურს, რომ ვიტანჯო და ვივალალო,
ცრემლი ციურ ცვრად არეს ვაპკურო,
გზა ეკლიანი ცრემლით გავკვალო!
1909