Litclub.ge

* * * მთვარე კაშკაშებს...
მთვარე კაშკაშებს... ცა მოქარგული
მოციმციმეთა ვარსკვლავთა გუნდით
მშვიდად დაჰყურებს ძირს დედამიწას,
გარს შემოხვეულს სქელი ბურუსით.

შორს, შორს მიტაცებს ცისა სიტურფე,
მისი სიმშვიდე და მყუდროება...
მასში იხატვის უმანკო, წყნარი,
უცოდველი და წმინდა ცხოვრება.

მინდა დავტოვო ამქვეყნიური
ყველა სიბილწე, შური და მტრობა,
და იქ გავფრინდე, ვარსკვლავთ წრფელ ციმციმს
შევუთანაბრო მეც ჩემი გრძნობა.

1908