Litclub.ge

ლეპორელა
ამ ქალის სრული სახელი და გვარი კრესჩენცია ანა ალოიზია ფინკენჰუბერი გახლდათ. ოცდაცხრამეტი წლისა, იგი ქორწინების გარეშე იყო შობილი ცილერთალის ერთ პატარა მთიან სოფელში. მის შინამოსამსახურის წიგნაკში ,,განსაკუთრებული ნიშნების“ გრაფაში განივად ხაზი იყო გასმული უარყოფის ნიშნად. მაგრამ მოხელეებს გარეგნობის ტიპოლოგიური დახასიათებაც რომ ევალებოდეთ, ერთი თვალის შევლებაც იკმარებდა იმისათვის, რომ სათანადო ადგილას აუცილებლად შეეტანათ: ძვალსმსხვილ, ქანცგაწყვეტილ, დამჭლევებულ  ცხენს ჰგავსო.მართლაც, იყო ცხენისებური ამ ქალის მძიმედ ჩამოშვებული ქვედა ტუჩის, უშნოდ წაგრძელებული, მზენასვამი სახის მოყვანილობასა და გამომეტყველებაში, უწამწამო თვალების დაბუნდულ მზერასა და მეტადრე თექასავით მოთელილ, შუბლზე წყება-წყება მიკრულ გაქონილ ხშირ თმაში. მის სიარულშიც იგრძნობოდა ზნე და ხასიათი ჯიუტი ჯაგლაგისა, ალპების მთებსა და ხეობებში გაბმულ ოღროჩოღრო გზებს რომ ასდევ-ჩამოსდევს ზამთარ-ზაფხულ და დღენიადაგ, კუშტად და ბორძიკით, ერთსა და იმავე ხის ურიკას დაათრევს.
შრომის უღლიდან რომ შესასვენებლად თავს დაიხსნიდა, კრესჩენიცა გაძვალტყავებულ ხელებს მუხლებზე დაიწყობდა,იდაყვებს განზე გასწევდა და თვლემდა ასე გარინდებული, როგორც ახლად გამოხსნილი პირუტყვი თავის სადგომში. ამ ქალში ყველაფერი ტლანქი, მოუხეშავი და მძიმე იყო. დიდხანს ფიქრობდა და ძნელად თუ იგებდა რაიმეს: ყოველი ახალი აზრი მის გულისყურს ძნელად აღწევდა,თითქოს წმინდა მერინში ტარდებაო. მაგრამ, სამაგიეროდ, თუ რაიმე ახალს საბოლოოდ ჩაწვდებოდა, ხარბად და მტკიცედ ჩაეჭიდებოდა და ხელს აღარ გაუშვებდა.არ კითხულობდა არც გაზეთებს, არც ლოცვანს. წერდა დიდი ჯაფით თუ შეეძლო და მის მიერ სამზარეულო დავთრის ფურცლებზე დაჩხაპნილი უსწორმასწოეო ასოები საოცრად მოგაგონებდათ მის მოუქნელსა და ოკრობოკრო ტანს, რაც ყოველივე ქალურს მოკლებული გახლდათ. ამ ქალიც ხმაც ისეთივე მოუხეშავი იყო, როგორც მისი ძვლები, შუბლი, თეძოები და ხელები: მსუყე ტიროლური ხორხისმიერი ბრეგების მიუხედავად, ეს ხმა მუდამ ჟანგმოდებულივით ჭრიალებდა-თუმცა გასაკვირი არ არის, რადგან კრსჩენცია ერთ ზედმეტ სიტყვას არ იტყოდა. გაცინებულს რომ ვერავინ ნახავდა; ამითაც ჰგავდა ოირუტყვს , რადგან ეს ღვთის უგუნური ქმნილებანიც ხომ მოკლებულნი არიან წყალობას, ლაღად გამოხატონ სიცილით თავიანთი გუნებ-განწყობილება,-ეს კი ალბათ უენობაზე მძიმე დანაკლისია.
უკანონოდ შობილი, თემმა აღზარდა და თორმეტი წლიდან უკვე მოსამსახურედ იდგა, მერე ჭურჭლის მრეცხავად აიყვანეს მეეტლეთა ბაკის სასაუზმეში, სადაც შეუპოვარი, ჯიუტი გულმოდგინებით ყველას აოცებდა, აქედან კი ბოლოს ტურისტების ერთ კეთილმოწყობილ სასტუმროში მზარეულობას მიაღწია. დილის ხუთ საათზე დგებოდა კრესჩენიცა ყოველ ცისმარე დღეს და გვიან ღამემდე საქმიანობდა,- გვიდა, ალაგებდა, ასუფთავებდა, ხეხავდა, ცეცხლს ანთებდა, კერძებს ხარშავდა, ზელდა, ნაყავდა, კეპავდა, ბეგვავდა, რეცხავდა და ჩხაკაჩხუკი გაუდიოდა. არ ითხოვდა შვებულებას, ფეხს არ ადგამდა ქუჩაში, თუ ეკლესიაში არ მიდიოდა; კერაზე მრგვლად მოგიზგიზე ცეცხლის ნაღვერდალი იყო მისთვის მზე, ხოლო ასობითა და ათასობით შეშის ღერი, რასაც ის წლიდან წლამდე ჩეხდა-მისი ტყე.
მამაკაცები არ აწუხებდნენ, იქნებ იმიტომ, რომ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მომქანცველმა შრომამ მისი არსებიდან ყოველივე ქალური განდევნა. ან იქნებ იმიტომაც, რომ დაახლოების ყოველგვარ ცდას ქალი კუშტად და მოკლედ მოჭრილი სიტყვით უკუაგდებდა. მისი ერთადერთი სიხარული იყო ნაღდი ფული , რასაც გლეხური, შინაბერული გულმოდგინებით აგროვებდა ეს ძუნწის ინსტიქტით შეპყრობილი ქალი, რათა სიბერის ჟამს ისევ თემის სამოწყალო არ გამხდარიყო და ღარიბთა თავშესაფარის დამადლებული ლუკმა არ ეჭამა.
მხოლოდ და მხოლოდ ამ ფულისათვის დატოვა პირველად ოცდაჩვიდმეტი წლის გონებაჩლუნგმა ქმნილებამ მშობლიური ტიროლი. ერთმა ქალმა, ხელობით შუამავალმა, ზაფხულში დასასვენებლად იმ მხარეში ჩამოსულმა , ნახა, როგორ იდგამდა წელებზე ფეხს კრესჩენცია, როგორ არაადამიანურ ჯაფაში იყო დილიდან საღამომდე სამზარეულოში, ორმაგ გასამრჯელოს დაჰპირდა და ვენაში გაიტყუა. მატარებელში კრიჭაშეკრული იჯდა, კაციშვილს ხმა არ გაუცია და პირში ლუკმა არ ჩაუვიდა ედგა მუხლებზე თავისიი ავლადიდება, აინუნშიაც არ აგდებდა თანამგზავრების თავაზიან რჩევას, ბარგისთვის განკუთვნილ ბადეზე შეგიდგამთო ტვირთს, რადგან თაღლითობა და ქურდობა იყო ერთადერთი ცნება,რასაც მისი გლეხური ჩლუნგი გონება დიდ ქალაქს უკავშირებდა.ვენაში ჩასულს პირველ დღეებში ბაზრამდე გამყოლი სჭირდებოდა, რადგანაც ეტლის ისე ეშინოდა, როგორც ძროხას ავტომობილის. მაგრამ მას შემდეგ, რაც ოთხივე ქუჩა შეისწავლა, რომლებიც ბაზრამდე უნდა გაევლო ,უგამყოლოდაც იოლად გადიოდა; ჭიშკრიდან დახლებამდე და უკან თავაუღებლივ მიგლაჯუნებდა კალათით ხელში, მერე ჰგვიდა, ცეცხლს აჩაღედა და ალაგებდა ახალ სამყოფელს ისეთივე გულმოდგინებით, როგორც უწინდელს, თითქოს არავითარი ცვლილება არ მომხდარიყოს. ცხრა საათზე სოფლის ჩვეულებისამებრ, წვებოდა და პირუტყვივით პირღიას ეძინა, ვიდრე დილით მაღვიძარას წკრიალი არ წამოაგდებდა. არავინ იცოდა, კარგად გრძნობდა თავს თუ ავად. ეს ალბათ არც თვითონ იცოდა, რადგან არავის ეკარებოდა, ხოლო ბრძამენაზე მხოლოდ გაურკვევლად უპასუხებდა ხოლმე:- კარგი, კარგიო,  ან კიდევ, თუ სხვა აზრისა იყო, ოჩნურად მხრებს აიჩეჩდა. მეზობლებსა და სხვა მოახლე გოგონებს არც კი იმჩნევდა, მისი გულგრილობა ქარაფშუტა ამხანაგების დამცინავ მზერას ისე ისხლეტდა, როგორც წყალს ისხლეტს ხოლმე გამოყვანილი ტყავი. მხოლოდ ერთხელ, როცა ერთმა გოგომ მისი ტიროლური კილოს გამოჯავრება აიჩემა და სიტყვაძვირ კრესჩენციას მოსვენება აღარ მისცა, ეს უკანასკნელი ერთბაშად წამოვარდა, ცეცხლიდან ანთებული მუგუზალი აიტაცა და შიშისგან აკივლებული მოახლე ისე იფრინა. ის დღე იყო და ის: მისი გაჯავრება აღარავის გაუბედავს, ყველა ერიდებოდა ბრაზიან ტიროლელს.
ყოველ კვირა დილით კრესჩენიცა ჩაიცვამდა თავის ნაოჭიან, გაბშეკილსა და განიერ ქვედაწელს, დაიხურავდა თხემზე თეფშივით გაბრტყელებულ გლეხურ ჩაჩს და მიდიოდა ეკლესიაში. მხოლოდ ერთხელ, პირველ თავისუფალ დღეს, ვენაში გასეირნება სცადა. მაგრამ ტრამვაიში ჩაჯდომა არ უნდოდა, ფეხით წავიდა. მოზიმზიმე ქუჩების ორომტრიალში მხოლოდ ქვის კედლებს ხედავდა. დუნაის არხამდე ძლივს მიაღწია. იქ გამდინარე წყალს გადასცქეროდა ერთხანს, როგორც რაიმე ნაცნობს, შემდეგ უკან გამობრუნდა და იმავე გზას დაადგა, იმავე სახლებს ჩაუარა, ეტლების შიშით ქვაფენილს ერიდებოდა და კედლებს ეკვროდა. ამ პირველმა და უკანასკნელმა გასეირნებამ, ეტყობა, გული გაუცრუა,რადგან ის დღეიყო და  სახლიდან აღარ გასულა, კვირა დღეებს შინ ატარებდა, ხელსაქმეზე თავჩაქინდრული ან ფანჯარასთან გულხელდაკრეფილი. ვერავითარი ცვლილება ვერ შეიტანა დიდმა ქალაქმა მაშვრალი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ ყოველი თვის მიწურულს მის გაუხეშებულ, დაწითლებულ და დამსკდარ ხელებში უწინდელი ორის ნაცვლად ოთხი ცისფერი ქაღალდი გადადიოდა. ამ ფულს ყოველთვის დიდხანს და უნდობლად ათვალიერებდა. გულმოდგინედ გაშლიდა, სათუთად გაასწორებდა, ერთიმეორეზე დააწყობდა და მერე კოხტად ჩაალაგებდა, დანარჩენ ფულს მიუმატებდა ჩუქურთმებიან ხის ყვითელ კოლოფში,სოფლიდან რომ ჰქონდა წამოღებული.ამ ულაზათოდ, ტლანქად შეკოწიწებულ ხის პატარა ზარდახშაში იყო მოქცეული მთელი მისი ხვაშიადი, მისი სიცოცხლის აზრი. ღამით ყუთის გასაღები თავქვეშ ედო, ბალიშის ქვეშ, მაგრამ სად მალავდა დღისით, ეს კაციშვილმა არ იცოდა.
ასეთი გახლდათ ეს საოცარი ადამიანური არსება (მაინც ასე ვეძახით, თორემ სწორედ ადამიანური მხარე იყო ამ ქალში თითქმის სრულიად ჩახშული დამის ქცევაში უღიმღამოდ თუ გამოკრთებოდა ხოლმე), მაგრამ ალბათ მხოლოდ ეგზომ გულდახურული გრძნობადახშული არსება თუ გაძლებდა ახალგაზრდა ბარონ ბონ ფ-ს არანაკლებ უცნაურ სახლში. სხვა მოსამსახურეები გაუთავებელი კინკლაობით დამძიმებულ გარემოში ჩვეულებრივ მხოლოდ იმდენ ხანს ძლებდნენ, რამდენსაც ითვალისწინებდა კანონი მსახურად დადგომიდან. როგორც კი ეს სავალდებულო ვადა გათავდებოდა, მსახურები სახლიდან გარბოდნენ. საფიცხე, ისტერიულად დაძაბული კილო,ყურთასმენის წამღები ყვირილი- ეს ყოველივე დიასახლისის ბრალი გახლდათ.ფრიად მდიდარი ესენელი მეფაბრიკის ამ ხანდაზმულმა ასულმა ერთ-ერთ აგარაკზე გაიცნო საგრძნობლად ახალგაზრდა ბარონი, ხელმოკე აზნაური, რომელიც არც გვარით გამოირჩეოდა მაინცდამაინც და, მით უმეტეს, არც შეხედულებით, და ნაჩქარევად მისთხოვდა კალმით ნახატ, კოხტად გამოწკეპილ წვრილფეხა არისტოკრატ ქარფშუტას. მაგრამ ჯერ თაფლობის თვეც არ გასულიყო, რომ ახალგათხოვილმა აღიარა: მართალი ყოფილან მშობლები, როცა ამ სახელდახელო ქორწინებას მიშლიდნენ და უფრო დარბაისელ, საქმიან სასიძოს მირჩევდნენო. მართლაც, მრავალრიცხოვან გაუმხელელ ვალებზე რომ არაფერი ითქვას, მალე აშკარა გახდა, რომ ქმარმა სულ მოკლე ხანში მასზე გული აიცრუა და თავის ახალგაზრდულ გატაცებებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე მეუღლის მოვალეობას. ბუნებით არათუ ბოროტი, არამედ გულკეთილიც კი იყო, როგორც ყოველი ფუქსავატი კაცი, მაგრამ ძალზე დაუდევარი და აღვირახსნილი კი გახლდათ. ეს მოხდენილი ნახევრად არისტოკრატი კაპიტალის სარფიან დაბანდებას ზიზღნარევი სიძულვილით უყურებდა, როგორც პლებეური შეზღუდულობისა და მომხეჭველობის გამოვლენას. იგი იოლ ცხოვრებას ესწრაფოდა, ქალი კი მტკიცე, წესიერ ბიუგრერულ ოჯახურ მყუდროებას, რაც ბარონს გულს ურევდა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ანგარიშიან ცოლს, სიმდიდრის მიუხედავად, რამდენადმე მოზრდილ თანხას მხოლოდ ხვეწნა-მუდარით თუ დასტყუებდა, ხოლო თავის სანუკვარ ოცნებაზე- სადოღე ცხენების თავლა გაეჩინა - სულაც უარი მიიღო, ბარონი აღარ  თვლიდა თავს ვალდებულად ქმრობა გაეწია ამ სქელკისრიანი, ზორბა ჩრდილოგერმანელი დედაკაცისთვის, რომლის ხმამაღალი და მბრძანებლური ლაპარაკი ყურებს სჭრიდა. ასე რომ, ზურგი აქცია ცოლს და, როგორც იტყვიან, მშრალზე დასვა. თუმცა უხეშობა არ გამოუჩენია, მაგრამ გადაჭრით კი უკუაგდო სასოწარკვეთილი ქალი. საყვედურებს თავაზიანად ისმენდა, თითქოს თანაუგრძნობდა კიდეც მეუღლეს, მაგრამ როგორც კი ის ვიშვიშს მორჩებოდა, მთელ მის სამდურავს სიგარეტების კვალს ატანდა, თვითონ კი ისევ ისე იქცეოდა, როგორც მოეპრიანებოდა.ეს ნატიფი,თითქმის სამსახურებრივი თავაზიანობა ყოველგვარ წინააღმდეგობაზე მეტად ამწარებდა სასოწარკვეთილ ქალს და ვინაიდან ქმრის თავშეკავებული, ზრდილი, ლამის ელეგანტური თავაზიანობის წინაშე სრულიად უძლური იყო, გულში დაგუბებულ ჯავრს სხვებზე იყრიდა: თავის არსებითად სამართლიან, მაგრამ აქ უადგილო აღშფოთებას მეხივით ატეხდა უდანაშაულო მოსამსახურეებს. შედეგიც სათანადო იყო: ორი წლის განმავლობაში თექვსმეტკერ მოუცდა მოახლეების გამოცვლა. ერთს სცემა კიდეც და მაშინ საჭირო გახდა საგრძნობი თანხის გაღება, რომ საქმე მშვიდობიანად მოგვარებულიყო.
მხოლოდ კრესჩენცია იდგა ამ შეხლა-შემოხლაში ურყევად, როგორც ეტლში შებმული ლაფშა თავსხმაში. არავის მხარეს არ იჭერდა, არაფერს ინაღვლიდა და, ეტყობოდა, სულაც არ ამჩნევდა როგორ ზედიზედ იცვლებოდა სამოახლოში მასთან ერთად მცხოვრები უცხო გოგონების სახელები, თმის ფერი, სხეულის სუნი და ხასიათი. თვითონ ხომ მას ხმას არავინ სცემდა, არაფრად აგდებდა კარის ბრაზიან გაჯახუნებას, სადილის ჩაშხამებას, გულის წასვლას და ისტერიკებს, დადიოდა წარბშეუხრელად და საქმიანად სამზარეულოდან ბაზრამდე, ბაზრიდან ისევ სამზარეულოში და ყველაფერი, რაც ამ შემოფარგლული წრის მიღმა ხდებოდა, მისთვის განურჩეველი იყო. თითქოს საბეგველას ურტყამენო, ისე ტლანქად და უგულოდ მიდიოდნენ მისი დღეები. ასე გაატარა დიდ ქალაქში ორი წელი , არაფერი განსაკუთრებული არ გადახდენია და არავითარი ცვლილება არ მომხდარა მის შინაგან სამყაროში, ოღონდ ეს კია, ცისფერი ასიგნაციების შეკვრამ მის ყუთში მთელი ჯოგით მოიმატა და როცა დანერწვილი თითებითწლის ბოლოს ქაღალდები სათითაოდ გადათვალა, მაგიური რიცხვი ,,ათასი“ არც ისე შორს აღმოჩნდა.
მაგრამ შემთხვევას ხელში ალმასის ბურღი უჭირავს, ხოლო ბედისწერას, საშიშსა და ცბიერს, ხშირად შეუძლია სრულიად მოულოდნელი მხრიდან მიუდგეს და თვით სალ კლდესავით მტკიცე ხასიათიც კი ძირფესვიანად შეარყიოს. კრესჩენიცასათვის ეს გარეგნული საბაბი ისეთივე მდარე და უფერული იყო, როგორიც თავად გახლდათ: ათი წლის შესვენების შემდეგ ხელისუფლებამ ისევე მოიწადინა მოსახლეობის აღწერა და ყოველ საცხოვრებელ სახლს შესავსებად დაეგზავნა ერთობ რთული ანკეტები. ბარონი არ ენდო მოსამსახურეთა ბატიფეხურსა და მხოლოდ ონეტიკურად სწორ წერით ხელოვნებას. პირადად თვითონ განიზრახა ფურცლების შევსება და იმავე მიზეზით კრესჩენცია თავის ოთახში დაიბარა. როცა სახელს, ასაკსა და დაბადების ადგილს ეკითხებოდა, აღმოჩნდებოდა, რომ ბარონს, ნადირობის ტრფიალსა და იმ მხარის მეპატრონის მეგობარს, სწორედ იმ ალპურ კუთხეში ხშირად დაეხოცა არჩვები და ამ ქალის მშობლიური მკვირდრიც ერთხელ მთელი ორი კვირა ხლებოდა მეგზურად. რაკი ახლა ეს მეგზურიც რაღაც კურიოზული თანხვედრით სწორედ კრესჩენციას ბიძია გამოდგა და თანაც ბარონიც კარგ გუნებაზე იყო, ამიტომ მათ შორის შემთხვევით გაბმული საუბარი დიდხანს გაგრძელდა.ამასთან კიდევ ერთი განსაცვირებელი ამბავიც გამოირკვა: სწორედ იმ სასტუმროში, სადაც კრესჩენცია იყო მზარეულად, თურმე ბარონს განსაკუთრებით გემრიელად შემწვარი ხორცი ეჭამა.  ყოველივე ეს უმნიშვნელო წვრილმანი იყო, მაგრამ კრესჩენცია რომელმაც დიდ ქალაქში პირველად ნახა თავისი მშობლიური კუთხის ასე თუ ისე მცოდნე ადამიანი, ეს შემთხვევითი გარემოება ნამდვილ სასწაულად ეჩვენა. იდგა ბარონის წინ სახეალეწილი და გაფაციცებული, მორცხვად  და მოუქნელად იგრიხებოდა, როცა ბარონი ხუმრობაზე გადადიოდა-ჰბაძავდა ტიროლურ კილოკავს, ეკითხებოდა, კრიმანჭული თუ გემარჯვება, როგორც ტიროლში იციანო, და პატარა ბიჭივით ეღლაბუცებოდა. დასასრულ, თავისივე საქციელით გამხიარებულმა, გლეხური ჩვეულებისამებრ ერთხელ ხელი დაჰკრა მკვრივ უკანალზე და თან დაატანა:
-ახლა კი წადი, ჩაუქო კრესჩენცია, და აი ესეც ორი კრონა იმისათვის, რომ ცილერთალელი ყოფილხარ.
რა თქმა უნდა, ეს ამბავი რამდენადმე რომანტიკული და მნიშვნელოვანი საბაბი არ გახლდათ, მაგრამ ამ ჩლუნგი არსების სულის სიღრმეში მოჩუჩუნე გრძნობებზე ბარონთან ხუთწუთიანმა საუბარმა ისე იმოქმედა, როგორც ჭაობში ჩავარდნილმა ქვამ: თანდათანობით, ზანტად და მძიმედ ამოძრავდნენ წრეები და ნელ-ნელა შეეხნენ შეგნების ნაპირს. წლების განმავლობაში პირველად გამართა ამ გულდახურულმა და სიტყვაძვირმა ქალმა ადამიანთან პირადი საუბარი და სწორედ ზებუნებრივად უნდა მოსჩვენებოდა ასეთი დამთხვევა. პირველმა ადამიანმა, რომელიც ამ ლოდების ქაოსში მას მთებზე და თანაც მისი ხელით შემწვარი ირმის ხორციც ჰქონდა ერთხელ გასინჯული. ახლა ეს უეცერემონიო დაკვრა უკანალზე, რაც გლეხურ ენაზე ქალის გამოწვევასა და გაარშიყებას ნიშნავს! და თუმცა კრესჩენცია ფიქრადაც ვერ გაივლებდა, ამ კოხტა, კეთილშობილ ბატონს ჩემზე მართლაც გული შეუყვარდაო, მაგრამ სხეულზე შეხებამ მაინც გაუღვიძა სულის სიღრმეში მიძინებული გრძნობები.
ასე, შემთხვევით ბიძგის შედეგად, დაიწყო კრესჩენციას შინაგან სამყაროში თანდათანობით დუღილი და მოძრაობა, ვიდრე ბოლოს, ჯერ ბუნდოვნად, მერე კი სულ უფრო და უდრო ნათლად არ გამოკრთა რაღაც ახალი და უჩვეულო გრძნობა, ისევე როგორც უპატრონო ძაღლი თავის გარშემო მყოფ ორფეხ არსებათა შორის ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთ მათგანს ამოირჩევს და თავის ბატონ-პატრონად აღიარებს ხოლმე: ამ წუთიდან მას ერთს დასდევს ფეხდაფეხ, ესალმება კუდის ქიცინით ან ყეფით, თავის ნებით ემორჩილება იმას, ვინც ბედმა ბატონად დაუყენა,უგონებს და მორჩილად მიჰყვება ფეხდაფეხ. კრესჩენციას დღემდე დახშულ სამყაროშიც, რაც მხოლოდ და მხოლოდ ხუთი ცნებით იყო შემოსაზღვრული- ფული, ბაზარი, კერა, ეკლესია და ლოგინი- ახალი ელემენტი შეიჭრა, იგი ადგილს ითხოვდა და ყოველივე ადრინდელს უხეაშად  ლაგმავდა. გლეხური სიხარბით,ერთხელ მოხვეჭით რომ აღარ მოეშვება ხოლმე, კრესჩენციაც გატაცებით დაეწაფა ამ ახალ გრძნობას, ღრმადშეისრუტა და თავისი ჩლუნგი სულის ყოველ კუნჭულამდე მიიტანა. თუმცა ეს გარდაქმნა ერთბაშად არ გამხდარა საცნაური და პირველი ნიშნნებიც ძალზე წვრილმანი იყო. ასე, მაგალითად, ბარონის სამოსელსა და ფეხსაცმელს განსაკუთრებით საგულდაგულოდ ასუფთავებდა, იმ დროს, როცა ბარონის მეუღლისას მის მოახლეს ანდობდა. უფრო ხშირად დასჩემდა შემოსასვლელსა და საბატონო  ოთახებზე თვალის დაჭერა და როგორც კი გარეთა კარის გასაღების ჩხაკუნს გაიგომენდა,მყისვე გარბოდა, რათა ბატონისათვის პალტო და ჯოხი გამოერთმია. კერძებს ხომ ახლა საგანგებო ყურადღებას უთმობდა,და ერთხელ რის ვაი-ვაგლახით, კითხვაკითხვით მთავარ ბაზრამდეც მიაღწია, სულ კი იმისათვის, რომ ირმის ხორცი ეშობა და ბარონისთვის შეეწვა. ამასთანავე თავის გარეგნობასაც მეტ ყურადღებას აქცევდა.
ერთი თუ ორი კვირა გახდა საჭირო იმისათვის, რომ ახლად ჩასახული გრძნობის ამ პირველ ყლორტებს დღის სინათლეზე ამოეხეთქათ.და კიდევ მრავალი კვირა გავიდა, ვიდრე ამ პირველ გრძნობას მეორეც თან დაერთვოდა,ბუნდოვანი განცდა გარკვეულ ფერსა და იერს მიიღებდა. ეს მეორე გრძნობა სხვა არა იყო რა, თუ არა პირველის დანართი: ჯერ ყრუ, მაგრამ თანდათანობით სულ უფრო მზარდი,შიშველი და დაუარავი სიძულვილი ბარონის მეუღლისა, ქალისა, რომელსაც ბარონთან ცხოვრების,ძილის, ლაპარაკის უფლება ჰქონდა და მაინც არ იყო მის მიმართ ისეთი მოკრძალებული და თავგამოდებით ერთგული, როგორც თვითონ კრესჩენცია. იქნებ იმიტომ, რომ უნებლიეთ ახლა უფრო აკვირდებოდა ცოლ-ქმარს და ერთხელ მოწმე გახდა ერთ-ერთი იმ სამარცხვინო ოჯახური სცენისა, რომლის დროსაც მის მიერ გაღმერთებულმა ბატონმა გაანჩხლებული ცოლისაგან უსაძაგლესი დამცირება გადაიტანა; ან იქნებ იმიტომაც, რომ ბარონის ხუმრობის კილოსა და შინაურული დამოკიდებულების გვერდით ჩრდილოეთ გერმანელი ქალის ქედმაღლური მიუკარებლობა ორმაგად აუტანელი ეჩვენებოდა,-ყოველ შემთხვევაში, ეს კია, რომ ქალბატონს, რომელიც, აბა, რას წარმოიდგენდა საქმის ნამდვილ ვითარებას, სიკერპე და შუღლი,  ათასნაირი წვრილმანი გაღიზიანება და ეკალივით მჩხვლეტი ურჩობა დაუპირისპირა. ასე, მაგალითად, ბარონის მეუღლეს ორკარ მაინც უნდა დაერეკა, ვიდრე კრესჩენცია განზრახ აუჩქარებლად და აშკარად უხალისოდ გამოეცხადებოდა, ამასთან, მაღლა აწურული მხრები მოწმობდნენ, რომ ყოველ წუთს მზად იყო გადამწყვეტი წინააღმდეგობისათვის. დავალებებსა და ბრძანებებს მუდამ უსიტყვოდ და უკმაყოფილოდ იღებდა. ასე რომ, ქალბატონისათვის გაუგებარი რჩებოდა ხოლმე, რომ დარწმუნებულიყო, კრესჩენცია გაბრაზებული დაუქნევდა თავს ან აგდებით მიახლიდა:-მესმის, გავიგონეო! ზოგჯე, როცა თეატრში ეჩქარებოდათ, ქალბატონი კი ისედაც ვერ ასწრებდა გამოწყობას და ნერვიულად დაწრიალდებოდა ოთახში,უეცრად რომელიმე საჭირო გასაღები სადღაც გადაიკარგებოდა, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ მოულოდნელად სადმე კუთხეში მიგდებულს იპოვნიდნენ.თუ ქალბატონს ვინმე ტელეფონით დაურეკავდა ან მისთვის რაიმე ცნობა იყო გადასაცემი, კრესჩენციასეს ერთთავად ავიწყდებოდა, თუ ქალბატონი მიზეზს ჰკითხავდა, დაუდევრად მიახლიდა:- რა ვქნა, დამავიწყდაო. თან თვალს არ უსწორებდა, ალბათ ეშინოდა, სიძულვილს ვერ დავფარავო.
ამასობაში მეუღლეთა შორის ოჯახური უსიამოვნების სცენები სულ უფრო და ურო მწვავდებოდა; შესაძლოა, კრესჩენციას გაუგებარი უკმეხობაც თავის მხრივ საგრძნობლად მოქმედებდა დღე სულ უფრო და უფრო გაკაპასებული ქალბატონის ხასიათზე: დიდი ხნის შინაბერობამ ისედაც შეურყია ამ ქალს ნერვები, ახლა კიდევ ქმრის გულგრილობამ და მოსამსახურეთა თავგასულობამ სულ ერთიანად აუბნია თავგზა და წონასწორობა დააკარგვინა.ამაოდ ჭყეოდნენ ნერვებაშლილს ბრომითა და ვერონალით.მით უფრო იოლად ევსებოდა მოთმინების ფიალა კინკლაობისას, ისტერიკა ემართებოდა ანდა გული მისდიოდა. თანაც არავინ იყო ისეთი,რომ ოდნავი თანაგრძნობა გაეწია ან თავი მაინც დაეჭირა ისე, რომ ქალს ეფიქრა, ამას ჩემთვის გულწრფელად სურსო დახმარება.ბოლოს ერთმა ექიმმა, რომელსაც რჩევისათვის მიმართეს, სანატორიუმში ორი თვის გატარება ურჩია. ამ წინადადებას სხვა დროს სრულიად გულგრილი ქმარი ისეთი ანაზდეული მზრუნველობითა და მოწონებით შეხვდა, რომ კვლავ და კვლავ დაეჭვებულმა ქალბატონმა ჯერ წასვლაზე უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ წასვლა მაინც გადაწყდა. ქალბატონს მხლებლად მოახლე გოგო მიუჩინეს, ხოლო კრესჩენციას დიდ სალხში მარტო დარჩენილი ბარონის მოვლა დაეკისრა.
ცნობამ: მოწყალე ბატონის მოვლა-პატრონობა მთლიანად შენ მოგენდოო, კრესჩენციას ჩლუნგ გონებაზე ისე იმოქმედა, თითქოს სამოთხის გასაღები ჩააბარესო, თითქოს ყველა მისი სასიცოცხლო წვენი ახლა ჯადოსნურ ბოთლში იყო დალექილი და ახლა მაგრად შეანჟღრიესო. ასე ამოტივტივდა მისი სულის სიღრმიდან ფარულ ვნებათა ლეღვის ნალექი და ქალის მთელი არსება შეაფერადა. მოუქნელობა და სიმძიმე ერთბაშად ყინულივით შემოადნა მის ნაკვთებს; გეგონებოდათ, ამ დამაელექტროებელი ცნობის მიღების შემდეგ მოდუნებულ სახსრებში უეცრად სიმსუბუქე იგრძნო, ანდაზად ფრთა გაშალა, უფრო სწრაფი და მარდი გახდაო. ქარივით დაქროდა ოთახებში, არბოდა და ჩამორბოდა კიბეებზე. ქალბატონის გასასტუმრებელ სამზადისში განკარგულებას არც კი დაელოდა, თვითონ შეკრა ჩემოდნები, თვითონვე მიიტანა ეტლამდე, ხოლო როცა შეღამებისას ბარონი სადგურიდან დაბრუნდა,სამსახურისთვის მზადმყოფს ჯოხი და პალტო ხელში გადასცა და შვებით წარმოსთქვა:-მშვიდობიანად გავისტუმრეო, აქ მოხდა უჩვეულო რამ: კრესჩენციას, უწინ რომ არ იცინოდა ხოლმე, როგორც არ იცინიან პირუტყვები, ახლა უცნაურად დაეღმიჭა და გადაეპო მაგრად მოკუმული ბაგეები.პირი დაებრიცა, გაუფართოვდა და უეცრად შტერის ალეწილ სახეზე ისეთი დაურიდებელი, აღვირახსნილი ღრეჭა გამოკრთა, რომ ბარონი შეშფოთდა, ეჩოთირა ასეთი სახე, შერცხვა გულახდილობისა და უსიტყვოდ შევიდა თავის ოთახში.
მაგრამ ამ წამიერმა უხერხულობამ მალე გაიარა და უკვე მომდევნო დღეებშივე ტკბებოდნენ ორივენი, ბარონიცა და მოსამსახურეც, ერთსულოვნებით, სანუკვარი სიმშვიდითა და საამური თავისულებით. ქალბატონის წასვლასთან ერთად გაიფანტა მძიმედ ჩამოწოლილი ღრუბელი. გათავისუფლებული ქმარი, გაუთავებელი ანგარიშებისაგან ბედნიერად თავდახსნილი კაცი, პირველსავე ღამეს შინ გვიან დაბრუნდა და კრესჩენციას მდუმარე გულმოდგინება კეთილისმყოფელ კონტრასტად ეჩვენა მეუღლის სიტყვაუხვ შეხვედრებთან შედარებით. კრესჩენციაც, თავის მხრივ, გაფაციცებით საქმიანობდა. ალიონზე დგებოდა, ყველაფერს სარკესავით აკრიალებდა, გააფთრებული ხედავდა კარ-ფანჯრის სახელურებს,იგონებდა ნუკბარ-ნუკბარ კერძებს. განცვიფრებულმა ბარონმა პირველსავე სადილზე შენიშნა, რომ მხოლოდ მისთვის გამოეღო ის განსაკუთრებული სერვიზი, რომელიც ვერცხლის ჭურჭლეულის კარადიდან მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში გამოჰქონდათ ხოლმე. საერთოდ უყურადღებო კაცი იყო ბარონი, მაგრამ მაინც შენიშნა ამ საოცარი ქმნილების დაუცხრომელი,თითქმის სათუთი მზრუნველობა, და რადგან ბუნებით კეთილი გული ჰქონდა, მოწონების სიტყვებს არ იშურებდა. კერძებს უქებდა, თითო-ოროლა მეგობრულ სიტყვასაც ესროდა, ხოლო როცა მეორე დღესვე დილით,მისი სახელწოდების დღეს, დიდი ხელოვნებით დამზადებული ტორტი დახვდა, მისი ინიციალებითა და შაქარმოყრილი გერბით შემკული, მხიარული სიცილით შესძახა:
-შენ მთლად გამანებივრებ, ჩენცი! ერთი ვნახოთ,-ღმერთმა დამიფაროს კია!- და ჩემი მეუღლე დაბრუნდა, მაშინ რაღას ვიზამ?
მაგრამ ბარონმა სინდისის წინაშე რამდენიმე დღით მაინც შეიკავა თავი და ერთბაშად არ აჰყოლია ქვენა გრძნობებს. შემდეგ კი როცა მრავალი წვრილმანით დარწმუნდა, კრესჩენცია საიდუმლოს შემინახავსო, ისევ დაიწყო მარტოხელა ჭაბუკის ცხოვრება და თავი განცხრომას მისცა საკუთარ სახლში. მეოთხე დღეს ცოლიანმა ქვრივმა ზედმეტი მიეთმოეთის გარეშე თავისთან დაიბარა კრესჩენცია და, ვითომც აქ არაფერიაო, უბრძანა: საღამოთი ცივი ვახშამი მოამზადე ორი ადამიანისათვის და შენ კი დაიძინე, დანარჩენზე მე თვითონვე ვიზრუნებო.უსიტყვოდ მოისმინა კრესჩენციამ განკარგულება. წარბი არ შეუხრია, თვალი არ დაუხამხამებია, ასე რომ, ვერ გაიგებდით, ბარონის სიტყვების ნამდვილმა აზრნა მისი ვიწრო შუბლის მიღმა შეაღწია თუ არა. მაგრამ რაოდენ კარგად გაეგო მათუ ჭეშმარიტი მნიშვნელობა, ეს მისმა ბატონმა სულ მალე შენიშნა, როცა გვიან ღამით ოპერის სტუდიის ახალგაზრდა მოწაფის თანხლებით თეატრიდან შინ დაბრუნდა და განცვიფრებულს არა მხოლოდ სუფრა დახვდა საგანგებოდ გაწყობილი და ყვავილებით მორთული, არამედ საძილე ოთახშიც მისი ლოგინის გვერდით გამომწვევად გაშლილი მეორე ლოგინიც.იქვე ელაგა უცხო სტუმრის მოლოდინში მისი მეუღლის აბრეშუმის ხალათი და ქოები. გააზატებულ ქმარს ისღა დარჩენოდა, რომ გაეცინა ამ ქმნილების გადამეტებულ ზრუნვაზე. ამით ბოლო მოეღო ყოველგვარ უხერხულობას ერთგული თანამგზავრის წინაშე. დილით უკვე ზარით მოიხმო, რომ ოჯახში შემოჭრილ გალანტურ მიჯნურს ჩაცმაში დახმარებოდა, რითაც მათ შორის საბოლოოდ დამკვიდრდა უსიტყვო თანხმობა.
იმავე დღეებში დაერქვა კრესჩენციას ახალი სახელიც. მხიარულმა მომღერალმა ქალმა, რომელიც მაშინ სწორედ დონა ელვირას რომლს სწავლობდა და თავის არშიყ მეგობარს ხუმრობით დონ ჟუანს ეძახდა, ერთხელ სიცილით მიმართა: ერთს შენს ლეპორელას დამიძახეო. ამ სახელმა ბარონი გულიანად გააცინა, რადგანაც ის მჭლე ტიროლელ მოახლეს სულ არ შეეფერებოდა და გროტესკულად ჟღერდა. და იმ დღიდან  ქალს ლეპორელას გარდა, სხვა სახელს აღარ ეძახდა. კრესჩენციას ჯერ ეუცხოვა ასეთი სახელი, გაიოცა კიდეც, მაგრამ შემდეგ მოხიბლა მისმა კეთილხმოვანმა ჟღერადობამ და თუმცა მისი მნიშვნელობა არ გაეგებოდა, ახლად მონათვლა ისე მიიღო, როგორც აღზევება და გაკეთილშობილება.ყოველთვის, როცა კი ნებიერი ბარონი ამ სახელს დაუძახებდა, ქალი თხელ ბაგეებს გააპობდა, ცხენის მსხვილ, ჩაყვითლებულ კბილებს გამოაჩენდა და მაამებლურად, თითქოს ძაღლი პატრონის წინაშე კუდს აქიცინებსო, ეახლებოდა თავის მოწყალე მბრძანებელს, რათა მისი ნება-სურვილი მოესმინა.
ეს სახელი ნამდვილი პაროდია გახლდათ და ხუმრობით იყო შერქმეული, მაგრამ ოპერის ამომავალმა ვარსკვლავმა თავისდა უნებურად ზედგამოჭრილი მეტსახელით შეამკო ეს უცნაური არსება. რადგანაც, დაპონტეს დონ ჟუანის მეინახისა და ამფონის მსგავსად, ეს გაძვალტყავებული შინაბერაც, რომლისთვისაც უცხო იყო სიყვარული, ბატონის სატრფიალო თავგადასავლებში რაღაც თავისებურ სიხარულსა და სიამაყეს პოვებდა. ვინ იცის,უბრალოდ კმაყოფილებას გრძნობდა,როცა მისთვის საძულველი ქალის საწოლს ყოველ დილით ხან ერთი და ხან მეორე ყმაწვილი ქალის მიერ არეულსა და შებილწულს ხედავდა, თუ მის გულსაც წაეკიდებოდა ხოლმე იდუმალი სიტკბოების განცდა-ყოველ შემთხვევაში, ეს ღვთისმოსავი და უკმეხი შინაბერა ნამდვილი აზარტული გულმოდგინებით ეხმარებოდა თავის ბატონს ყველა მის სატრფიალო თავგადასავალში. თვითონ ათეული წლობით შრომისაგან გატეხილი დიდი ხანია უსქესო არსებად იქცა და ახლა უგრძნობელ სხეულს მაჭანკლობაში ითბობდა, ავხორცული მზერით მიაცილებდა საწოლი ოთახის კარამდე დღეს ერთს, ორიოდე დღის შემდეგ მეორეს, მერე კი მესამეს. სამსალასავით მოქმედებდა მის მთვლემარე გრძნობებზე ასეთი თანამზრახველობა და ეროტიკული ატმოსფეროს მწვავე სურნელება. კრესჩენცია მართლაც ნამდვილი ლეპორელა გახდა- ჭაბუკი ლეპორელასავით მხნე, კვიმატი, გაქექილი და მკვირცხლი. ხასიათის საოცარი თავისებურებანი გამოიჩინა ერთბაშად, თითქოს ამ მწველი თანამონაწილეობის სახმილმა გაუღვივაო: წვრილმანი ეშმაკობა და კვიმატი მოსაზრებულობა, გაფაციცებულობა და ცნობისმოყვარეობა, თვალთვალისა და სუნსულის უნარი. დაგმანულ კარებს აყურადებდა, გასაღების ჭუჭრუტანებში იმზირებოდა, აქოთებდა ოთახებსა და ქექავდა ლოგინებს, როგორც კი ახალი ნადირის სუნს აიღებდა, არბოდ-ჩამორბოდა კიბეებზე, თითქოს ფრთები გამოესხაო, რაღაც საოცრად ატაცებული და აღელვებული, და თანდათანობით ამ ერთთავად ფხიზლად ყოფნამ, ცნობისმოყვარეობამ და თანაგრძნობამ უწინდელ მთვლემარე, გახევებულ ადამიანში სიცოცხლე თავისებურად ააჭიატა. მეზობელთა გასაოცრად კრესჩენცია ერთბაშად გულღია გახდა. ელაყბებოდა გოგონებს, ელაზღანდარებოდა წერილების დამტარებელს, გამყიდველ ქალებთან სჯა-ბაასს მართავდა, და აი, ერთხელ, საღამო ხანს, როცა ეზოში უკვე შუქი ჩააქრეს, მისი ოთახის დღემდე მდუმარე ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლში მოსამსახურე გოგონებს უცნაური ზმუილი მოესმათ: მოუქნელად, ძლივს გასაგონი, ჩახლეჩილი ხმით მღეროდა კრესჩენცია ერთ-ერთ იმ ალპურ სიმღერას, რომელთაც შებინდებისას ტიროლელი მწყემსი ქალები მღერიან ხოლმე საძოვრებზე. რის ვაი-ვაგლახით, ოკრობორკოდ სწყდებოდა ქალის მიჩვეულ ბაგეს ერთფეროვანი მელოდია, მაგრამ ამ ჰანგებში რაღაც უცხო და ამაღელვებელი იგრძნობოდა. ბავშვობის დღიდან პირველად სხადა კრესჩენციამ სიმღერა და რაღაც გულისამაჩუყებელი იყო ამ შეუხმატკბილებელ ღიღინში, წლობით დაბეჩავებული მკერდის წყვდიადიდან რომ გაჭირვებით მოიკვლევდა გზას.
თვითონ ბარონი კი- ამ არაჩვეულებრივი გარდაქმნის უნებლიე მიზეზი- ცვლილებას ვერ ამჩნევდა ამ ქალს,რადგან, აბა ვინ აკვირდება საკუთარ ჩრდილს? ყველამ იცის, რომ უკან მოგვდევს ერთგულად და უსიტყვოდ, ფეხდაფეხ აგვდევნებია და ზოგჯერ თუ გადაგვისწრებს წინ, როგორც ჯერაც შეუცნობელი სურვილი, მაგრამ იშვიათად თუ ვინმე მიაქცევს ყურადღებას თავის სასაცილო ორეულს და საკუთარ მეს შეიცნობს ამ დაბრეცილ გამოსახულებაში! ბარონი ვერაფერს ამჩნევდა კრესჩენციას,გარდა იმისა, რომ მუდამ მზად იყო მომსახურებოდა, ხმას არ იღებდა, ყველაფერს ხალისით ასრულებდა და მისთვის თავს გასწირავდა. სწორედ ეს დუმილი, ეს თავისთავად გასაგები მოკრძალება ყველა საიდუმლო გარემოებაში, ეს გამტანობა მოსწონდა ბარონს.ზოგჯერ, როგორც ძაღლს გადაუსვამენ ხოლმე ხელს, ორიოდე კეთილ სიტყვას შეაწევდა, გაეხუმრებოდა, ყურის ბიბილოზე უჩქმიტებდა დიდსულოვნად, აჩუქებდა თეატრის ბილეთს ან ქაღალდის ფულს- უმნიშვნელო წვრილმანს, რასაც ანგარიშმიუცემლად იღებდა ჟილეტის ჯიბიდან; კრესჩემციასათვის კი ასეთი ნივთები რელიკვიებს წარმოადგენდნენ, რომელთაც მოწიწებით ინახავდა თავის ხის ყუთში. ბარონს თანდათან დასჩემდა მოსამსახურესთან ხმამაღალი ფიქრი და რთულ დავალებებსაც კი ანდობდა ხოლმე.მადლიერი კრესჩენცია მით უფრო მეტი ხალისით ირჯებოდა, რაც უფრო მეტად ენდობოდა ბარონი. რასაც საოცარი ალღო აღმოაჩნდა: მეძებარივით ყველაფერს აჯვლებდა, აგნებდა, იტყონდა; დროზე ხვდებოდა ბატონის ყოველ სურვის და ხშირად წინდაწინვეც გამოიცნობდა ხოლმე. ამ ქალის მთელმა ცხოვრებამ, ფიქრმა და საწადელმა თითქოს მისი სათაყვანებელი ბატონის სხეულში დაივანა. ყველაფერს მისი თვალით ხედავდა,მისი ყურით ისმენდა,ლამის ავხორცული აღტყინებით ხარობდა ყოველი მისი წარმატებითა და გამაჯვებით. სახე გაუბრწყინდებოდა ხოლმე, როგორც კი ახალი ცუგრუმელა ბარონის სახლის ზღრუბლს გადმოაბიჯებდა. მოლოდინგაცრუებული და განაწყენებული იდგა, თუკი ბატონი საღამოს რომელიმე ნაზი ასულის თანხლებით არ დაბრუნდებოდა. მისი ოდესღაც მიძინებული გონება ახლა ისევე მარად და გაფაციცებით მუშაობდა, როგორც მისი ხელები, ხოლო მისი თვალებიდან სიფხიზლის რაღაც ახალი მოციგლიგე და მოელვარე შუქი გამოკრთოდა. დაბეჩავებულ, მძიმე შრომით წელში გაწყვეტილ ჯაგლაგში ადამიანმა გაიღვიძა, მაგრამ ადამიანმა ბნელმა, გულჩათხრობილმა, ცბიერმა და საშიშმა, რაღაც ზრახვებით გამსჭავლულმა, რაღაცით გართულმა, მოუსვენარმა და ვერაგმა.
ერთხელ, როცა ბარონი შინ ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა, დერეფანში გაოცებული გაჩერდა. ყურმა ხომ არ მოატყუა?სამზარეულოს მხრიდან, სადღაც უწინ ამ დროს სრული დუმილი სუფევდა ხოლმე, ახლა უცნაური სიცილ-კისკისი შემოესმა. აი, ნახევრად ღია კარში უკვე გამოჩნდა ლეპორელაც და წინაპრის უხერხულად ჭმუჭნით, მორცხვად და უტიფრად ერთსა და იმავე დროს, მაგრამ თვალებდახრილმა მიმართა ბარონს:
-მომიტევეთ,მოწყალეო ბატონო, მეფუნთუშის ქალიშვილი არის იქ...თვალადი გოგოა... გულითა სწადია მოწყალე ბატონის გაცნობა.
ბარონი გაოცებული შესცქეროდა და ვერ გადაეწყვიტა, გაეკიცხა ასეთი უსურცხვილო მაჭანკლობისსათვის თუ ხუმრობაში ჩაეტარებინა ამგვარი გულმოდგინება. ბოლოს ისევ მამაკაცის ცნობისმოყვარეობამ დასძლია:- აბა, მაჩვენე, ვინ არისო.
ეს გოგო, 16 წლის ქორფა, ქერათმიანი ქარაფშუტა, რომელსაც ლეპორელა დიდი ხანია მოთაფლული სიტყვებით იტყუებდა, მართლა გამოჩნდა კარში. კრესჩენცია უბიძგებდა, ხელსა ჰკრავდა სახეალეწილსა და მორცხვად მოკისკისე ქალიშვილს, ის კიდევ უხერხულად ტრიალებდა მომხიბლავი კაცის წინ, რომლისთვისაც ხშირად ედევნებინა თვალი ნახევრად ბავშვური აღტაცებით ბარონის სახლის პირდაპირ მდებარე საფუნთუშიდან.ბარონს მოეწონა და თავის ოთახში ჭიქა ჩაიზე შეიპატიჟა. ქალიშვილმა აღარ იცოდა, რა ეპასუხა და კრესჩენციას მიუბრუნდა, მაგრამ ის თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, სამზარეულოში შევარდნილიყო და მახეში შეტყუებულს სხვა რა გზა დარჩენოდა, წამოწითლებულმა და ცნობისმოყვარეობით არანილმა მიიღო სახიფათო მიწვევა.
მაგრამ ბუნებას ნახტომები არ უყვარს. თუმცა მრუდე და უკუღმართი ვნებათა ლეღვის ზეგავლენით ამ გახევებულ, დაჩლუნგებულ არსებაში ერთგვარმა სულიერმა მისწრაფებამ გაიღვიძა, მაგრამ აროვნებაში გაუწაფავი და შეზღუდული მისი გონება შორეულს ვერ სწვდებოდა და პირუტყვის მსგავსად მხოლოდ უახლოეს, მიმდინარე ამბებს ეხმაურებოდა. ერთადერთი სურვილით აღტაცებულმა, რაც შეიძლება უკეთ გაეწია სამსახური საყვარელი ბატონისათვის, კრესჩენციამ სულ გადაივიწყა შინიდან წასული დიასახლისი. მით უფრო საზარელი იყო გამოფხიზლება. მოწმენდილი ციდან მეხის ჩამოვარდნასავით დაატყდა თავს ახალი ამბავი, როცა ერთ მშვენიერ დილას წერილით ხელში შემოვიდა საქციელწამხდარი და განაწყენებული ბატონი და უთხრა: სახლი დაალაგე, ხვალ დილით ჩემი მეუღლე ჩამოდის სანატორიუმიდან. კრესჩენციას მკვდრის ფერი დაედო, პირდაღებული და გაშტერებული იდგა ბატონის წინ: გულში დანასავით მოხვდა ახალი ამბავი, იდგა ასე გაშტერებული და გაოგნებული თითქოს ვერა გაუგია რაო.ისე უზომოდ, ისე საზარლად მოუქცია სახე თავს დატეხილმა მეხმა, რომ ბატონმა საჭიროდ ჩათვალა ორიოდე სიტყვით დაემშვიდებინა:
-მე მგონი, არც შენ გიხარია,ჩენცი, მაგრამ რას გააწყობ.
კრესჩენციას გაქვავებულ სახეს ისევ დაედო სიცოცხლის ნიშანი, თითქოს შიგნეულიდან რაღაც მოაწვა, გაუსაძლისმა კრუნჩხვამ დაუარაო გულ-ღვიძლში, ჯერაც გაფითრებული ღაწვები თანდათან ჭარხალივით გაუწითლდა, ის რაღაც ნელ-ნელა, გულის მძიმე და მედგარი ძგერით ზევით ამოიტუმბა და ბოლოს ყრუდ გარეთ გადმოინთხა ძალდატანებისგან მთრთოლვარე ყელიდან და დაკრეჭილ კბილებში გამოიცრა:
-კი...კი...შეიძლება...ხომ შეიძლება ადამიანმა რაიმე იღონოს!
მოსაკლავად ნასროლ ტყვიასავით იწივლეს ამ სიტყვებმა და ისეთი ბოროტი, პირქუში და მედგარი გამომეტყველება აღიბეჭდა სახეზე კრესჩენციას გულისნადების ამ ანაზდეული გადმოშლის შემდეგ, რომ ბარონი უნებურად შეკრთა და გაოგნებულმა უკან დაიხია. კრესჩენციამ კი უმალ პირი იბრუნა და ისე გაშმაგებით დაუწყო სპილენძის როდინს ხეხვა, თითქოს თითები უნდა გადაიმტვრიოსო.
დიასახლისის დაბრუნებასთან ერთად სახლში ისევ ქარაშოტი ამოვარდა.კარებს ჯახაჯუხი გაუდიოდა, ოთახებში სიცივე შემოიჭრა და საცხოვრებლიდან სიამტკბილობის ნატამალიც კი განდევნა.ძნელი სათქმელია, ენატანია მეზობლებისაფან ან ანონიმური წერილებით შეიტყო მოტყუებულმა ქალიშვილმა, რა ურცხვად გათელა მისმა ქმარმა ოჯახის ღირსება, თუ ქმრინს ბრაზნარევმა, აშკარად უცხვირპირო მიღებამ გააღიზიანა- ყოველშემთხვევაში, ორი თვე სანატორიუმში ყოფნამ როგორც ჩანდა, შვება ვერ მოუტანა ნერვებაშლილს, რადგანაც მის ტირილსა და ვიშვიშს კვლავინდებურად მუქარა და  ისტერიკის სცენები ენაცვლებოდა. ურთიერთობა დღითი დღე უფრო სავალალო ხდებოდა.ცოლის საყვედურებსა და იერიშებს თავისი ნაცადი იარაღით-თავაზიანობით. როცა ქალი გაყრით და მშობლებთან წერილის მიწერით იმუქრებოდა, ის საქმის გამწვავებას ერიდებოდა, ამშვიდებდა და აიმედებდა ხოლმე. მაგრამ სწორედ ეს უსიყვარულო, გულგრილი დამოკიდებულება კიდევ უფრო აგიჟებდა მოსამსახურეთა სიძულვილით გარემოცულსა და ნერვებაშლილ ქალს.
კრესჩენცია მისთვის ჩვეული დუმილით შეიჯავშნა. მაგრამ ეს დუმილი ამჯერად აგრესიული და სახიფათო გახლდათ.ქალბატონის ჩამოსვლის დღეს ის გაკერპდა და სამზარეულოდან არ გამოდიოდა, ხოლო როცა დაუძახეს, შინ დაბრუნებულს არც კი მიესალმა.უჯიათად ასწია მხრები, კერპივით დადგა და კითხვებზე ისე უკმეხად უპასუხებდა, რომ ქალბატონმა ვეღარ მოითმინა და ზურგი აქცია. არ დაუნახავს, რომ კრესჩენციამ უკან დადევნებული ერთადერთი მზერით მთელი თავისი დაფარული სიძულვილი გამოხატა! გრძნობას დახარბებული მოახლე ამ ქალის ბარუნებით თავს უსამართლოდ გაძარცულად თვლიდა. მას წაართვეს სიხარული, რასაც ანიჭებდა გატაცებული, დაუზარელი სამსახური.ხელახლა სამზარეულოში შეაგდეს, კერასთან დასვეს, სანუკვარი სახელი რეპოლერა ჩამოართვეს. ბარონი წინდახედულად ერიდებოდა, მეუღლესთან კრესჩენციას მიმართ კეთილგანწყობილება გამოეჩინა.მაგრამ ზოგჯერ, როცა მას საძაგელი ოჯახური სცენების შემდეგ გულის მოოხება და ნუგეში სწყუროდა, ჩუმად შეიპარებოდა სამზარეულოში, ჩამოჯდებოდა ხის მაგარ სკამზე და მხოლოდ ერთს ამოიკვნესებდა ხოლმე:-მეტი აღარ შემიძლიაო.
ეს წამები, როცა მისმიერ გაღმერთებული ბარონი უსაშველო შეხლა-შემოხლას გაურბოდა და თავშესაფარს მასთან ეძებდა, ლეპორელას უზენაეს ნეტარებას ჰგვრიდა. ვერასოდეს ვერ უბედავდა გამოპასუხებოდა ან ნუგეში ეცა. მდუმარედ იჯდა, ფიქრებს გულში იკლავდა.მხოლოდ ზოგჯერ თუ გადახედავდა თანგრძნობით შეურვებული თავის დამონებულ ღვთაებას და ასეთი უსიტყვო თანაგრძნობა ბატონსაც სალბუნად ედებოდა,მაგრამ გავიდოდა თუ არა ბარონი სამზარეულოდან, ქალის შუბლზე ისევ გამოჩნდებოდა რისხვის ნაოჭი და მისი მძიმე ხელები გაშმაგებით ბეგვავდნენ უმწეო ხორცს ან ხმაურით ხეხავდნენ ქვაბებსა თუ დანა-ჩანგალს.
სულშემხუთავი საავდრო ღრუბელი სულუფრო და ურო იქუფრებოდა და ბოლოს მეხმაც იჭექა.ბარონმა,აქამდე რომ ასე დიდხანს და მოთმინებით ისმენდა ცოლის მწარე საყვედურებს დადამნაშავე მოწაფესავითმორჩილად იტანდა ყოველივეს, მორიგი ოჯახური სცენის დროს უეცრად მოთმინება დაკარგა, წამოხტა, ოთახიდან გამოვარდა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა,კარი მიიჯახუნა.
-კმარა, ყელში ამომივიდა!- დაიყვირა ისე გაშმაგებულმა, რომ ფანჯრის მინებმა ზრიალი დაიწყო, მერე გაცეცხლებული და სახეაჭარხლებული სამზარეულოში  შევარდა და მოზიდული ლარივით მთრთოლვარე კრესჩენციას უბრძანა:
-ახლავე ჩამილაგე ჩემოდანი და თოფი მომიტანე!სანადიროდ მივდივარ ერთი კვირით.ამ ჯოჯოხეთში ეშმაკიც ვეღარ გაძლებს! დროა ამას ბოლო მოეღოს.
კრესჩენცია აღტაცებული შესცქეროდა: ახლა ბარონი ისევ ბატონი იყო! რაღაც ხრინწიანი სიცილი ამოსკდა ხახიდან:
-მართალს ბრძანებთ,მოწყალეო ბატონო, დროა ბოლო მოეღოს.
და გიჟური გულმოდგინებით დატრიალდა.ისე დარბოდა ოთახიდან ოთახში,თითქოს ვიღაც მოსდევდა უკან.ფეთიანივით იღებდა კარადებიდან და მაგიდებიდან საჭირო ნივთებს, თან ყოველი ნერვი უთრთოდა, ისე იყო ატაცებული. შემდეგ თვითონვე ჩაუტანა დაბალ,ეტლამდე, ჩემოდანი და თოფი. ბარონმა დააპირა გამომშვიდობებისას მადობა ეთქვა გულმოდგინებისათვის,მაგრამ სახეში რომ შეხედა, შეშინებულმა თვალი მოარიდა: კრესჩენციას დაძაგრულ ტუჩებზე ისევ ის ცბიერი ღიმილი დასთამაშებდა, რაც მუდამ თავზარსა სცემდა.უნებურად თვალწინ დაუდგა მტაცებელი ნადირი, რომელიც მსხვერპლს მიჰპარვია და ნახტომისათვის ემზადება.მაგრამ ქალმა მაშინვე ისევ მორჩილი სახე მიიღო, ოღონდ ხმაჩახლეჩილმა თითქმის შეურაწმყოფელი შინაურულობით წასჩურჩულა:
-არხეინად გაემგზავრეთ, ბატონო,აქ მე ყველაფერს მოვაგვარებ.
სამი დღის შემდეგ ბარონი სასწრაფოდ შინ გამოიძახეს დეპეშით. სადგურზე ბიძაშვილი დახვდა. ისედაც შეშფოთებული,პირველი შეხედვისთანავე მიხვდა, რომ მის თავს სიკეთე არ იყო, ბიძაშვილი განერვიულებული და არეული ჩანდა. მართლაც, რამდენიმე დამამშვიდებელი სიტყვის შემდეგ ასეთი რამ შეატყობინა: შენი ცოლი დილით ლოგინში მკვდარი იპოვეს,მთელი ოჯახი კი სავსე იყო გაზითო. უცაბედი შემთხვევა, სამწუხაროდ გამორიცხულია, აუწყებდა ბარონს ბიძაშვილი, რადგან გაზის ღუმელს ახლა,მაისში, დიდი ხანია აღარავინ ხმარობს, ხოლო განზრახ თვითმკვლელობის ვარაუდი იმითად დასტურდება რომ უბედურმა საღამოს ვერონალი მიიღო. ამას ემატება მზარეულ კრესჩენციას ჩვენებაც: ის საღამოს შინ მარტო დარჩენილა და შეუნიშნავს, როგორ გამოვიდა ბედშავი წინა ოთახში, ალბათ იმ მიზნით, რომ გაზის ონკანი გაეხსნა. ამ ჩვენების საფუძველზე პოლიციის ექიმმაც გამორიცხა გაუთვალისწინებელი შემთხვევა და მომხდარი ამბავი ოქმში შეიტანა, როგორც თვითმკვლელობაო.
ბარონი ცახცახმა აიტანა, როცა ბიძაშვილმა კრესჩენციას ჩვენება უამბო, იგრძნო, ერთბაშად როგორ გაეყინა სისხლი ძარღვებში.უსიამო, ამაზრზენმა ფიქრმა გაუელვა და, თითქოს გული ერევაო, რაღაც მოებჯინა ყელში. მაგრამ თავს ძალა დაატანა, ეს მობუყბუყე, მტანჯველი გრძნობაუკუაგდო და საქციელწამხდარი ბიძაშვილთან ერთად შინ წავიდა. გზაში უკვე წაესვენებინათ. მისაღებ ოთახში ელოდნენ ნათესავები. მათი გამოხედვა პირქუში და მტირალი იყო, ხოლო თანაგრძნობა- დანის პირივით ცივი. აშკარა საყვედურით მიუთითეს, რომსკანდალის მიფუჩეჩება სამწუხაროდ ვეღარ მოხერხდა, რადგანაც მოახლე გოგო დილით კიბეზე გამოვარდა და ხმამაღლა ყვირილი მორთო:-მოწყალე ქალბატონმა თავი მოიკლაო! საჭიროა დაკრძალვა უხმაუროდ მოხდეს, რადგანაც-აქ დანის პირი ისევ ცივად შეეხო ბარონს- თქვენი ამბავი ხალხმა ადრევე ყბად აიღო და ათასნაირი ხმა დაირხა ცნობისმოყვარე საზოგადოებაშიო.
წარბშეკრული ბარონი გონებაგაფანტული უსმენდა, მხოლოდ ერთხელ აიღო თავი თავი და საძილე ოთახის დახურულ კარს მიაჩერდა, მაგრამ შეშინებულმა მასინვე თვალი დახარა, სურდა ბოლომდე გაეაზრებინა რომელიღაც მტანჯველი ფიქრი, მოსვენებას რომ არ აძლევდა, მაგრამ ნათესავთა უშინაარსო ავყიაობა თავგზას უბნევდა.კიდევ ნახევარი საათი იდგნენ მის გარშემო შავითმოსილი ნათესავები და ლაყბობდნენ, შემდეგ კი სათითაოდ დაემშვიდობნენ.ის მარტო დარჩა, ცარიელ, ნახევრად ბნელ ოთახში,რეტდასხმული, თითქოს თავში რაღაც დაჰკრეს და გააბრუესო, და დაქანცულობისაგან ხელფეხწართმეული.       
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. მობრძანდითო,-გასძახა შემკრთალმა. და აი, მის ზურგს უკან გაისმა გაუბედავი, მძიმე, შემპარავი ნაბიჯების ხმა, რომელსაც ბარონი კარგად იცნობდა.ანაზდად ძრწოლამ აიტანა: კისრის მალები თითქოს გაუქვავდა, თან ამავე დროს კანზე, საფეთქელებიდან დაწყებული მუხლებამდე, ყინულივით ცივი ჟრუანტელი უვლიდა. თავის მობრუნება უნდოდა, მაგრამ კუნთებმა უმტყუნეს. ასე დარჩა შუა ოთახში გაშეშებული ხელები უნიათოდ დაბლა დაეშვა და თან ნათლად დრძნობდა, რარიგ ლაჩრული უნდა ყოფილიყო ასე დამნაშავესავით დგომა.
მაგრამ სულ ამაოდ ლამობდა ძალ-ღონის მოკრებას: კუნთები აღარ ემორჩილებოდნენ. უეცრად მის ზურგს უკან გაისმა სრულიად გულგრილი,მშვიდი და საქმიანი ხმა:
-მე მინდოდა მხოლოდ მეკითხა, მოწყალე ბატონი შინ მიირთმევს სადილს, თუ სადმე გარეთ?
ბარონი კიდევ უფრო აიტაცა ცახცახმა. ყინულოვანმა სუსხმა ახლა მკერდის სიღრმეში ჩაატანა. სამჯერ ამაოდ სცადა ხმის ამოღება და ბოლოს ძლივს წარმოთქვა:
-არა, ახლა არაფერს არ შევჭამ,- აქ ისევ გაისმა ფეხის ფრატუნი. ბარონს დიახაც სურდა მიბრუნებულიყო, მაგრამ ძალა არ ეყო. ქალი გავიდა. მაშინ კი უეცრად ამოძრავდა მისი გაშეშებული სხეული. რაღაც ზიზღმა თუ კრუნჩხვამ დაუარა ტანში. ერთი ნახტომით მივარდა კარს და აძაგძაგებულმა გასაღები გადაატრიალა, რათა ეს ფეხის ხმა, ეს საძულველი ფეხის ხმა, აჩრდილივით რომ კვალდაკვალ დასდევდა, მეტი აღარ გაეგონა. შემდეგ სავარძელში ჩაეშვა, რომ როგორმე ჩაეხშო ეს საზარელი აზრი, რაზედაც არ სურდა ეფიქრა, მაგრამ რაც ცივ და წებოვან ლოკოკინასავით ისევ და ისევ დაცოცავდა მის არსებაში, და ეს აბეზარი, ამაზრზენი ფიქრი მთელ მის შეგრძნებებს ლეკავდა, ეს უსაშველო, ლორწოვანი და საზიზღარი აზრი არ ეშვებოდა მთელი უძილო ღამის განმავლობაში და შემგომაც, მაშინაც კი, როცა ის მივალებულის დაკრძალვისას შავად ჩაცმული და მდუმარე იდგა კუბოს თავთან.
დაკრძალა თუ არა ცოლი, ბარონმა მეორე დღესვე სასწრაფოდ დატოვა ქალაქი: აღარავის დანახვა არ სურდა, ყველა აუტანელი გახდა მისთვის. სამძიმარს ეუბნებოდნენ, მაგრამ ამასთანავე მათ მზერაში იყო(თუ მხოლოდ ეჩვენებოდა?) რაღაც გამომცდელი, რაღაც მტანჯველი და ინკვიზიტორული. ახლა უსულო საგნები! ისინი რაღაც ავს იუწყებოდნენ და ბრალს სდებდნენ მას. ყოველი ნივთი ბინაში, მეტადრე კი საძილე ოთახში, სადაც ყველაფერს ჯერაც გაზის მოტკბო სუნი ასდიოდა, მას უკუაგდებდა, როგორც კი კარს თავისდა უნებურად შეაღებდა. მაგრამ ყველაზე უფრო აუტანელი იყო და ძილსა და ღვიძილში მაჯლაჯუნასავით აწვა მისი ყოფილი მესაიდუმლის უშფოთველი, არხეინი გულგრილობა. ეს ქალი დაცარიელებულ ბინაში ისე დააბიჯებდა, თითქოს არაფერიც არ მომხდარიყოს. მას შემდეგ, რაც ბიძაშვილმა სადგურზე მისი სახელი უხსენა, ბარონს მასთან შეხვედრისას ცახცახი იტანდა.მარტო ფეხის ხმის გაგონებაზეც მყისვე შიში, მოუსვენრობა და გაქცევის სურვილი ეუფლებოდა.აღარ შეეძლო მისი ყურება, ვეღარ იტანდა მის შემპარავ, გულგრილ სიარულს,მდუმარე გულდაჯერებულობას. მარტო მისი გახსენებაც გულს ურევდა, გაბრაზული ხმის, გაქონილი თმის, ჩლუნგი პირუტყვული უგულობისა და უგრძნობლობის მოგონება. მასზე გაგულისებულს, ბრაზი მოსდიოდა საკუთარ თავზეც: რატომ ვერ მყოფნის ძალა, ის ძაფი გავწყვიტო, რომელიც ყელზე სარჩობელას ყულფივით მიჭერსო, და მხოლოდ ერთი გზა ნახა ხსნისა: გაქცევა. ჩუმად ჩაალაგა ჩემოდნები, კრესჩენციასათვის სიტყვაც არ უთქვამს, მხოლოდ სახელდახელოდ დაუჩხაპნა მოკლე ბარათი: კარინტიაში მივდივარ მეგობრებთანო.
ბარონმა მთელი ზაფხული სხვაგან გაატარა. ერთხელ მემკვიდრეობის საკითხის მოსაგვარებლად სასწრაფოდ ვენაში გამოიძახეს, მაგრამ ჩუმად ჩასვლა და ღამის გათევა სასტუმროში ამჯობინა.სიკვდილის ფრინველს, შინ რომ ელოდა დაყუნცული, არ შეატყობინა. კრესჩენციას არც გაუგია მისი ჩამოსვლა, რადგან ხმას არავის სცემდა. ბაიყუშივით პირქუში მთელი დღე გარინდებული იჯდა სამზარეულოში, საქმე არა ჰქონდა რა და უწინდებურად ერთხელ კი არა, ორჯერ დადიოდა ეკლესიაში, ბარონის რწმუნებულისაგან იღებდა ფულს და განკარგულებებს, ხოლო თვით ბარონისა არც გზა იცოდა, არც კვალი.ის არაფერს იწერებოდა, არავის აბარებდა მასთან რაიმეს. ქალიც იჯდა და უჩუმრად ელოდა. სახე კიდევ უფრო გაუუხეშდა დადაუმჭლევდა, გაშეშებულ კიდურებს ძლივს ამოძრავებდა. ასე იცდიდა და იცდიდა მრავალი კვირა. მთელი ეს დრო საიდუმლოებით მოცულ დუმილსა და გაოგნებაში გაატარა.
შემოდგომაზე კი გადაუდებელმა საქმეებმა ბარონს საშუალება აღარ მისცეს თავისი შვებულება გაეგრძელებინა და იძულებული გახდა შინ დაბრუნებულიყო.კარის ზღურბლზე შეჩერდა და ყოყმანი დაიწყო. ერთგულ მეგობართა წრეში გატარებულმა ორმა თვემ ბევრი რამ თითქმის გადაავიწყა, მაგრამ ახლა, როცა ისევ მიუახლოვდა თავის მაჯლაჯუნას,-იქნებ თავის თანამოზიარესაც დანაშაულში,-ხელახლა შეიგრძნო იგივე გულისრევის ამღძვრელი, სულის შემხუთავი კრუნჩხვა. კიბეზე სულ უფრო და უფრო ნელა ადიოდა და უჩინარი ხელიც ყოველ საფეხურზე სულ უფრო და უფრო უჭერდა ყელში. ბოლოს მთელი თავისი ნებისყოფის დაძაბვა დასჭირდა, რათა გაშეშებული ხელებით კლიტეში გასაღები გადაეტრიალებინა.
როგორც კი გასაღების ჩხაკუნი მოესმა, აღბრთოვანებული კრესჩენცია მაშინვე სამზარეულოდან გარეთ გამოვარდა. ბარონს რომ შეხედა, სულ ერთი წამით ფერგამკრთალი უძრავად იდგა. შემდეგ კი, თითქოს სახის დამალვას ცდილობსო, დაიხარა, დასწვდა ხელჩანთას, ბარონს რომ იატაკზე დაედო, მაგრამ მისალმების სიტყვა დაავიწყდა. არც ბარონს უთქვამს რაიმე. უსიტყვოდ გაჰყვა უკან, უსიტყვოდ იყურებოდა ფანჯრიდან და ელოდებოდა, ვიდრე კრესჩენცია ოთახიდან გავიოდოდა, შემდეგ კი კარს მივარდა და გასაღები მარდად გადაატრიალა.
ასე შეხვდნენ ერთმანეთს თვეობით დაშორებული ბატონი და მოახლე.
კრესჩენცია იცდიდა. იცდიდა ბარონიც, იქნებ იმ ამაზრზენმა ძრწოლამ გამიაროს, მის დანახვაზე რომ მეუფლებაო. მაგრამ ამაოდ, ჯერ არც კი დაენახა ხოლმე, ჯერ მხოლოდ მისი ფეხის ხმა ესმოდა გარედან, რომ ბატონს უკვე თავისი ემართებოდა. საუზმეს ხელს არ ახლებდა,დილაადრიან ფეხაკრებით მიატოვებდა სახლს და გვიან ღამემდე არ შემოდიოდა შინ მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავის მოსამსახურეს არ შეხვედროდა. როცა სხვა გზა არ ჰქონდა, ორ-სამ აუცილებელ დავალებას მისცემდა, მაგრამ იმასაც ზურგშექცეული-სახეში როდი შეხედავდა. თან ყელში რაღაც ახრჩობდა, სული ეხუთებოდა, ამ მოჩვენებასთან ერთ ჭერქვეშ რომ ცხოვრობდა.
კრესჩენცია მთელი დღე თავის ხის სკამზე იჯდა. თავისთვის საჭმელს აღარ ამზადებდა. ყოველმაირი საჭმელი შესძულდა, ყოველ ადამიანს გაურბოდა. იჯდა მხოლოდ, შეშინებული თვალებს აცეცებდა და ელოდა, როგორც ნაცემი ძაღლი, რომელმაც იცის, რომ დააშავა და ახლა ელის, როდის მოუხმობს ისევ ბატონი. მისი ჩლუნგი გონება ნათლად ვერც კი მიმხვდარიყო, რაც მოხდა. მხოლოდ მისმა ღმერთმა და პატრონმა რომ აითვალწუნა, ზურგი აქცია და აღარ სჭირდებოდა, ეს კი მძლავვრად გაუჯდა მთელ არსებაში.
ბატონის დაბრუნებიდან მესამე დღეს ზარის ხმა გაისმა, ვიღაც ჭაღარათმიანი, დინჯი, სუფთად გაპარსული კაცი იდგა კარში, ხელთ ჩემოდანი ეჭირა.კრესჩენციას ჯერ გაგდება უნდოდა, მაგრამ დაუპატიჟებელმა სტუმარმა განაცხადა, ახალი მოსამსახურე ვარ, ბატონმა ათი საათისთვის დამიბარა და მოახსენეთ რომ მოვედიო. კრესჩენცია გაფითრდა, ერთ წამს გაშეშებული იდგა, ცალი ხელი ჰაერში დარჩა გასავსავებული, შემდეგ დაბლა ჩამოუვარდა, როგორც განგმირული ჩიტი ვარდება ხოლმე.თვითონ შედითო,- მიახლა განცვიფრებულ მომხვდურს, მერე ისევ სამზარეულოში შევარდა და კარი მიაჯახუნა.
ახალი მოსამსახურე დარჩა სახლში.იმ დღიდან ბატონს ერთი სიტყვითაც აღარ მიუმართავს კრესჩენციასათვის. არც სჭირდებოდა,ყველა განკარგულებას დინჯი მოხუცი მსახურის პირით გადასცემდა, კრესჩენციამ აღარ იცოდა, რა ხდებოდა სახლში, ყველაფერი გვერდს უქცევდა მას, როგორც ზვირთები ევლებიან ქვას.
ეს დაძაბული მდგომარეობა ორ კვირას გრძელდებოდა. ამ ორ კვირაში კრესჩენცია ისე ჩამოხმა, თითქოს მძიმე სნეულება გადაეტანოს. სახე დაუწვრილდა, ნიკაპი დაუგრძელდა, ლოყები ჩაუცვივდა, თმა საფეთქლებზე ერთბაშად გაუჭაღარავდა. ადგილიდან ძვლივს იძვროდა. ჯირკივით იჯდა ხის სკამზე, დუმდა და უსაგნოდ გასცქეროდა ცარიელ სივრცეს, ხოლო თუ რაიმე საქმეს მოჰკიდებდა ხელს, ისე გააფთრებული აკეთებდა, თითქოს ძალას ხმარობდა, თითქოს მთელი რისხვა და ბრაზი სურდა გადმოენთხია.
ამ ორი კვირის თავზე ახალი მსახური ერთხელ ბატონის ოთახში შევიდა. ბარონმა მოკრძალებულ დუმილზე შეატყო, რომ რაღაც მნიშვნელოვანი სურდა ეუწყებინა. ჭარმაგმა მოსამსახურემ ერთხელ უკვე უჩივლა იმ ავყია ,,ტიროლელ გომბიოს“, როგორც აგდებით ეძახდა ხოლმე, და ურჩია დაითხოვეთო, მაგრამ ბატონს არ ესიამოვნა საჩივარი და თავი ისე დაიჭირა, ვითომც არ გაუგონია. მაშინ მოსამსახურემ კრძალვით დაუკრა თავი და უხმოდ გავიდა. ახლა კი ჯიუტად დადგა თავის ნათქვამზე.უხერხულობისაგან სახე უცნაურად მოექცა, დაირცხვინა და ბოლოს მაინც ენის ბორძიკით წარმოთქვა: მოწყალე ბატონს სასაცილოდ ნუ ეჩვენება, მაგრამ... მას არ შეუძლია...დიახ, სხვაგვარად არ ძალუწს თქვას... მას ეშინია ამ ქალისა. ეს გულდახურული და ბოროტი არსება აუტანელია. და ბატონი ბარონი გუმანშიც არ არის, რა საშიშ პიროვნებას ინახავს ჭერქვეშ.
ბარონს გულმა რეჩხი უყო ამის გაგონებაზე და ჩაეკითხა:- რას გულისხმობ, რისი თქმა გინდა ამითო. მსახურმა თავი აარიდა რაიმე გარკვეულის მტკიცებას და მხოლოდ ასეთი პასუხი გასცა:- გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვგრძნობ, ეს ქალი  ნამდვილი მხეცია და უბედურებას აგვკიდებსო. აი, თუნდაც გუშინ,ის იყო მივბრუნდი რაღაც დავალების მისაცემად, რომ მოულოდნელად ისეთი მზერა დავიჭირე...აბა,ერთ შემოხედვაზე კაცი ბევრს ვერაფერს იტყვი, მაგრამ ისე მომეჩვენა, თითქოს ყელში უნდა მეძგეროს-მეთქი.მას შემდეგ შიშმა შემიპყრო. დიახ, იმისი გაკეთებული საჭმლისაც კი მეშინია.ბატონმა ბატონმა არც კი უწყის,- დაასრულა მსახურმა თავისი საჩივარი,- რარიგ საშიში პიროვნებააა ეს ქალი. არაფერს ამბობს, კრინტს არ ძრავს, მაგრამ მე იმ აზრის გახლავართ, რომ თამამად შეუძლია კაცი მოკლასო. შეშფოთებულმა ბარონმა ყურადღებით შეავლო თვალი მომჩივანს, რაიმეს გარკვეულს ხომ არ მოჰკრა ამ კაცმა ყური? რამ ჩაუნერგა ასეთი ეჭვიო? ბარონმა იგრძნო, როგორ დაუწყეს ცახცახი თითებმა და სწრაფად დადო სიგარა, რომ ბოლოს ჰაერში ზიგზაგებით არ გაეცა მისი მღელვარება. მაგრამ მოხუცი კაცის სახეზე სიავე ვერ შენიშნა- არა, ისეთი არაფერი იცოდა. ბარონი ყოყმანობდა. მერე ერთბაშად თავს დაეუფლა და გული რასაც ეუბნებოდა, ისე გადაწყვიტა:
-ცოტა კიდევ მოვიცადოთ.მაგრამ თუ უჟმურობა არ მოიშალა, მაშინ ჩემი სახელით დაითხოვე.
მსახურმა თავი დაბლა დაუკრა და გავიდა, ბარონმა კი შვებით ამოისუნთქა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. ამ საიდუმლოებით მოცული და საშიში ქმნილების გახსენებაც კი დღეს უმწარებდა: ,, ყველაზე კარგი იქნება,- ფიქრობდა ის,-თუ ეს მაშინ მოხდება, როცა შინ არ ვიქნები, ვთქვათ, შობა-ახალწელიწადს,- და მარტო ამ აზრის გულში გავლებაც კი ესალბუნებოდა.- ჰო შობა-ახალწელიწადს ჯობია,-ირწმუნებდა თავს,- როცა მე არ ვიქნები“.
მაგრამ მეორე დღესვე ის იყო ისაუზმა და თავის ოთახში შევიდა, რომ ვიღაცამ დააკაკუნა.მობრძანდითო, გასძახა და გაზეთს ანგარიშმმიუცემლად თვალი მოაცილა. მაშინ იევ გაისმა სიძულვილი მძიმე, შემპარავი ფეხის ხმა, რაც სიზმარსა თუ ცხადში მოსვენებას არ აძლევდა. ბარონს ელდა ეცა კრესჩენციას გამოჩენაზე: თალხით მოსილ, გაძვალტყავებულ სხეულზე მიცვალებულის თავის ქალასავით ირყეოდა ფერკმთალი დამდნარი და გაყვითლებული სახე. რაღაც თანაგრძნობის ამგვარი განცდა შეერია ბარონის ძრწოლას, როცა ამ სრულიად გათელილმა არსებამ გაუბედავი ნაბიჯი შეანელა და მოკრძალებით შედგა ნოხის კიდესთან. უხერხულობა რომ დაეფარა, ბარონმა თავს ძალა დაატანა და უზრუნველი სახე მიიღო:
-აბა, კრესჩენცია, მითხარი, რა მოხდა?-ჰკითხა მან. მაგრამ კითხვა არც ისე მხიარული და მეგობრული გამოუციდა. წინააღმდეგ მისი სურვილისა ეს სიტყვები აგდებულად და ავად გაისმა.
კრესჩენცია არც შერხეულა. უსიტყვოდ დასცქეროდა ხალიჩას. ბოლოს,თითქოს რაღაცას ფეხი წამოჰკრაო, ისე წამოისროლა:
-მოსამსახირემ დამითხოვა, ასე მითხრა, მოწყალე ბატონი გიშვებსო.
შეურვებული წამოდგა ბარონი. ასე უეცრად თუ მოხდებოდა, არ ეგონა, დაიწყო მიკიბ-მოკიბვა, ასე მკაცრად არ იქნებოდაო ნათქვამი, უნდა ეცადო სხვა მსახურები არ გადაკიდოო, და სხვა ამნაირი ამბები, რაც კი ენაზე მოადგა.
მაგრამ კრესჩენცია ისევ ისე იდგა, მზერით ხალიჩას ბურღავდა, მხრები აეწია, თავი ხარივით დაეხარა ჯიუტად და თითქოს არც ესმოდა შემრიგებლური სიტყვები- ცალი ყურით ისმენდა და მხოლოდ ერთადერთ სიტყვას ელოდა რაც ვერა და ვერ გაიგონა. ხოლო როდესაც ბარონს ბოლოს მოსწყინდა ყბედის საძაგელი როლი, რასაც აქ მოსამსახურის წინაშე ასრულებდა, დაიღალა და გაჩუმდა, ქალი ადგილიდან მაინც არ დაიძრა, ჯიუტად განაგრძობდა დგომასა და დუმილს. მერე, როგორც იყო, უჯიათად წამოთქვა:
-მხოლოდ ეს მინდოდა მცოდნოდა, თვიტონ ბატონმა ბარონმა თუ ინება ანტონისათვის ჩემი დათხოვნა დაევალებინა?
ძალიან გაუჭირდა ამის წარმოთქმა.ნაძალადევად, მკვახედ, უხიაგად გამოუვიდა და ისედაც გაღიზიანებულმა ბარონმა,თითქოს სილა გააწნესო, ისე მიიღო ეს შეკითხვა. ეს რა, მუქარა იყო?გამოწვევა იყო? და ერთბაშად სადღაც გაქრა მისი გაუბედაობა და თანაგრძნობა.კვირაობით დაგუბებული რისხვა და ზიზღი გიზგიზით შეერწყა სურვილს: ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოღებოდა ყოველივე ამას. ჰოდა, უეცრად ისევ იმ ცივ, საქმიან კილოზე გადასულმა, რასაც სამინისტროში სამსახურმა შეაჩვია, გულგრილად დაუდასტურა: დიახ, დიახ, მართლაც ასეა, მან მთელი ოჯახური საქმეები მსახურს მიანდო, როგორც საჭიროდ დაინახავს, ისე იმოქმედოს ხოლმე. პირადად მისთვის, კრესჩენცისათვის, მხოლოდ სიკეთე სურს და კიდეც შეეცდება მსახურს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. მაგრამ თუ მაინც გაკერპდება და ახალ მსახურს ისევ უდიერად მოექცევა, მაშინ კი იძულებული გახდება მის სამსახურზე ნამდვილად უარი თქვას.
ამ სიტყვებზე ბარონმა მთელი ნებისყოფა დაძაფა, მტკიცედ გადაწყვიტა,უკან არ დაეხია რაიმე გადაკრული სიტყვის ან გაშინაურების ცდის წინაშე და სასტიკი მზერა მიაპყრო კრესჩენციას, რომელიც, როგოც ბარონს ეგონა, რაღაცით იმუქრებოსემოდა.მაგრამ კრესჩენციას გამოხედვა, მას შემდეგ, რაც თვალი გაუბედავად მოსწყვიტა იატაკს, ეს იყო შემოხედვა სასიკვდილოდ დაჭრილი ნადირისა, რომელმაც ეს-ეს არის შენიშნა ბუჩქებიდან მისკენ ღრენით მომავალი ძაღლების ხროვა.
-მადლობელი ვარ,-ძლივს ამოთქვა მისუსტებულმა,-ახლა კი წავალ, აღარ მინდა მოწყალე ბატონს თავი შევაწყინო...
და უკან მოუხედავად, აუჩქარებლად გაფრატუნდა გარეთ მხრებჩამოცვენილი და ფეხებგაშეშებული.
საღამოს ოპერიდან დაბრუნებული ბარონი საწერ მაგიდაზე წერილებს დასწვდა და რაღაც უცხო, ოთხკუთხედი საგანი შენიშნა.მაგიდის ნათურაც აანთო და ხის ყუთი დაინახა, გლეხკაცის ნახელავი. დაკეტილი არ იყო და ბარონმა თავი ახადა.შიგ სუფთად და კოხტად ჩალაგებული ყოველი წვრილმანი, რაც ოდესმე კრესჩენციას მისგან მიეღო: ნადირობიდან გამოგზავნილ რამდენიმე ღია ბარათი, თეატრის ორი ბილეთი, ვერცხლის ბეჭედი, მთელი დასტა ქაღალდის ფული და ოცი წლის წინ  ტიროლში გადაღებული მომენტალური ფოტოსურათი, რომელზედაც მისი ალბათ მაგნიუმის შუქის გაელვებით შეშინებული თვალები ისევე დაზაფრული და ნაგვემი იმზირებოდნენ, როგორც დღეს, ამ რამდენიმე საათის წინ, ბარონთან გამომშვიდობებისას.
ცოტა არ იყოს გაოგნებულმა ბარონმა ყუთი განზე გადადგა და გარეთ გამოვიდა, რომ მსახურისთვის ეკითხა, როგორ და რანაირად მოხვდა კრესჩენციას ნივთები ჩემს მაგიდაზეო. მსახური მაშინვე გატრიალდა რათა თავისი მოქიშპე მოეხმო, მაგრამ კრესჩენცია ვერც სამზარეულოში, ვერც სადმე სხვა ოთახში ვერ იპოვა, და მხოლოდ მეორე დილით როცა გაზეთში პოლიციის ცნობა წაიკითხეს: ვიღაც ორმოციოდე წლის ქალი ხიდიდან დუნაის არხში გადახტა და თავი დაიხრჩო, უკვე ზედმეტად ჩათვალეს იმისი ძიება, თუ სად გადაიკარგა ლეპორელა.