საღამო,
რკინის მაგიდაზე გაშლილი ვახშამი,
რომელსაც გისოსებიანი ფანჯრიდან შემოფრენილი ბუზებიც კი
არ ეკარებოდნენ მგრძნობელობის რადიუსში .
სულელი ბუზები მოუსვენრად დაფრინავდნენ,
ბოლო გაჩერება ობობის ქსელი.
არასოდეს მინახავს მათზე დიდი ზომის არსებები იქ.
საკუთარი თავივით მეცოდებოდა თითოეული მათგანი...
ვახშმის შემდეგ საინფორმაციო გამოშვება, შავ-თეთრ ტელევიზორში,
მომხიბლავი სინოპტიკოსის საზაფხულო ამინდის პროგნოზი,
რომელიც ოთახის ტემპერატურაზე ვერ ახდენდა ზეგავლენას,
იქ ყოველთვის ციოდა.
მოლოდიდინით დანესტილი კედლები,
გაშეშებული მზერა,
ვინ მოსთვლის თვალებით რამდენჯერ დამინგრევია ისინი,
აღმოსავლეთის კედელი,
რომელშიც უროზეტო სადენები იყო ჩამონტაჟებული,
ჰიპნოზის უნარი ქონდა მათ,
მიზიდავდა, მიზიდავდა,
ამ მიზიდულობას მხოლოდ ბალიშის ქვეშ შემოდებული,
სველი წერილები და მზერისაგან გაცვეთილი ფოტოები ანეიტრალებდა.
თერთმეტის ნახევარი,
მოწყენილი საპირფარეშო,
სადაც ტუალეტის ქაღალდის ფუნქციას, ფურცელ-ფურცელ დანაწევრებული,
სერვანტესის "დონკიხოტი" ასრულებდა...
თერთმეტი საათი - საწოლი,
საწოლის თავში კუსტარულად დამზადებული თარო,
თაროზე ხატები, მტვერიანი ბიბლია და დაშლილი, ყდამოხეული მაკიაველი.
თერთმეტ საათზე ნათურა ქრებოდა
და იწყებოდა რეზინის ღამეები ოთახში,
რომელიც ზღვის დონიდან თვითმკვლელობის სიმაღლეზე მდებარეობდა...