Litclub.ge

მეწამული კუნძული (მთარგმნელი მეტრეველი თამაზ)
მოქალაქე ჟიულ ვერნის პიესის გენერალური რეპეტიცია პატივცემულ გენადი პანფილოვიჩის თეატრის სცენაზე, თავისი მუსიკალური გაფორმებით, ვულკანის ამოფრქვევით და ინგლისელი მეზღვაურებით, ოთხ მოქმედებად, პროლოგით და ეპილოგით.



პერსონაჟები:

გენადი პანფილოვიჩი _ თეატრის დირექტორი, იგივე ლორდი გლენარვანი.
ვასილ არტუროვიჩ დიმაგაცკი _ იგივე ჟიულ ვერნი, იგივე კირი-კუკი _ კარის ავანტურისტი.
ნიკანორ მეტელკინი _ რეჟისორის თანაშემწე, იგივე მოსამსახურე.
პასპარტუ _ აგრეთვე სამოვარის გამწყობი, აგრეთვე მოლაპარაკე თუთიყუში.
ჟაკ პაგანელი _ გეოგრაფიული საზოგადოების წევრი.
ლიდია ივანოვნა _ იგივე ლედი გლენარვანი.
გატერასი _ კაპიტანი.
ბეტსი _ ლედი გლენარვანის მოახლე.
სიზი-ბუზი მეორე _ თეთრკანიანი არაპი, კუნძულის მბრძანებელი.
სუფლიორი.
ლიკუი ისაიჩი _ დირიჟორი.
ტოხონგა _ არაპი გვარდიიდან.
კაი-კუმი _ პირველი დადებითი აბორიგენი.
ფარა-ტეტე _ მეორე დადებითი აბორიგენი.
მუსიკოსი ვოლტორნით.
სავა ლუკიჩი.
არაპთა გვარდია (უარყოფითი, მაგრამ მონანიებული), წითელკანიანი აბორიგენები, ქალებიც (დადებითები და აურაცხელი ხროვა), სიზი-ბუზის ჰარამხანა, ინგლისელი მეზღვაურები, მუსიკოსები, თეატრალური სასწავლებლის სტუდენტები, სტილისტები და თერძები.

პირველი და მეორე მოქმედება ხდება უკაცრიელ კუნძულზე, მესამე ევროპაში, ხოლო პროლოგი გენადი პანფილოვიჩის თეატრში.



პროლოგი

ფარდა გადაიწევა და გამოჩნდება კაბინეტი, აგრეთვე გენადი პანფილოვიჩის საგრიმიორო ტუალეტი. საწერი მაგიდა, აფიშები, სარკე. გენადი პანფილოვიჩი მაგიდასთან, წითური, გაპარსული, ძალზედ გამოცდილი.

უხასიათოდაა. საიდანღაც ისმის სასიამოვნო, რიტმული მუსიკა და ყრუ, არანატურალური ხმები (მიდის მეჯლისის რეპეტიცია). მეტელკინი ცაში ერთიმეორეზე გადახდახლართულ თოკებზე დაკიდულა და მღერის: `მიყვარდა და ცეცხლი მწვავდა, იმ მხეცმა კი მიღალატა...~ დღეა.

გენადი. მეტელკინ!
მეტელკინი. (ვარდება ციდან კაბინეტში). აქ გახლავართ, გენადი პანფილიჩ.
გენადი. არ მობრძანებულა?
მეტელკინი.

არა, გენადი პანფილიჩ.
გენადი. ესტუმრა ვინმე ოჯახში?
მეტელკინი. აბა რა. ჩვენი კურიერი სამჯერ მაინც იყო გადარბენაზე. მის ოთახს ბოქლომი ადევს. როდის არის სახლში იქნებ ეს მაინც გვითხრათო, ეკითხებიან სახლის პატრონს და, იცით, რას პასუხობს? `როგორ გეკადრებათ, აბა მე რა ვიცი, მაგას მეძებარი ძაღლითაც ვერავინ მიაგნებსო~. 
გენადი.

მწერალი. არადა, ჯანდაბას მაგის თავი.
მეტელკინი. ჯანდაბას, აბა რა.
გენადი. ესეც იმეორებს თუთიყუშივით. მიდი, მომახსენე!
მეტელკინი. მზად გახლავართ. `მარია სტიუარტს~ საჯდომი გაუსკდა.
გენადი.

და ჩემი გასაკერია მერე, მაგათი საჯდომებიც? წვრილმანებს შეეშვი, დაშტოპკონ!
მეტელკინი. ერთგან კი არ არის გაჩვრეტილი, `ზადნიკი~ დაუშვეს და იმ ფარღაღალაში მუშებიც კი ჩანან...

რეკავს მაგიდაზე დადგმული ტელეფონი.

გენადი. რამე მიაფარე. (ყურმილში) დიახ. თეატრია. არა, კონტრამარკებს არ ვიძლევით! კარგად ბრძანდებოდეთ! (დებს ყურმილს). საკვირველია, ტრამვაიში თუ ადის, გამცილებელს კონტრამარკას სთხოვს? თეატრში კი, მაინცდამაინც, მუქთად უნდა რომ იაროს, თანაც თავის წმინდა მოვალეობადაც კი მიაჩნია...

რა სითავხედეა! 
მეტელკინი. სითავხედეა.
გენადი. მერე?
მეტელკინი. ცოტა ფული გამოიმეტეთ, რა, გენადი პანფილიჩ, ხელფასიდან...
გენადი. იცოდე ჩამოგაჭრი! როგორც იმ ბატს ჩამოვაჭერი... ავდგები და ჩამოგაჭრი... (ტელეფონი) დიახ? არ ვიძლევით კონტრამარკებს.

დიახ. (დებს ყურმილს) რა კაი ვინმეები არიან... აიღებ... (ტელეფონი) არავის არ ვუწერთ! (დებს ყურმილს) მე კი არა, ღმერთი გსჯის... აიღებ იმ `ზადნიკს~... (ტელეფონი) უხ, შენი... არ გასკდა ეს ტელეფონიც? რა? არავის არ ვუწერთ!..

დამნაშავე ვარ... ევგენი რომუალდოვიჩ! ვერ გიცანით ხმაზე. აბა რა?! მეუღლით? შესანიშნავია. ცხრას რომ თხუთმეტი დააკლდება, პირდაპირ მოლარესთან მიბრძანდებით... კეთილი... (დებს ყურმილს) მეტელკინ, შენი ჭირიმე, მოლარეს უთხარი, მეორე რიგის შუა ორი სკამი გადაუნახოს ამ პოსეიდონს.
მეტელკინი. ეგ ვის?
გენადი.

ვის და წყალ-კანალის დირექტორს.
მეტელკინი. არის! 
გენადი. აიღებ, იცი, რას... ნახვრეტი დიდია?
მეტელკინი. არც ისე... ერთი, ხუთი-ექვსი მტკაველი...
გენადი. მერე ეგ ცოტაა? დიდი, ერთი სამკილომეტრიანი მაინც უნდა იყოს, არა? ტუტუცი! (ჩაფიქრებული) `ივანე მრისხანეს~ აღარ ვითამაშებთ, ალბათ...

იცი, რა? ადგები და იმას გამოაჭრი, რამხელაც გჭირდება. გასაგებია?
მეტელკინი. გასაგებია. (ყვირის) ვალოდია! ივანე მრისხანეს უკანალს გამოაჭრი და მარიამ სტიუარტს მიაკერებ. აღარ წავა `ივანე მრისხანე~... აკრძალეს...…ხომ გეყოფა, არა? რა შენი საქმეა?..

ტელეფონი

გენადი (უსმენს). არა, არ ვიძლევით.

(დებს ყურმილს) მეტი არაფერი გინდა?
მეტელკინი. უთხარით რა, გენადი პანფილიჩ, სტუდენტებს. დგანან და სახეს გომბეშოებით იწმენდავენ...
გენადი. რაო?
მეტელკინი. რა და, გომბეშოები მივეცი `ვაი ჭკუისათვის~, ისინი კიდევ მჩვრებად ხმარობენ, გრიმს იწმენდავენ...
გენადი. ვირისთავები. კარგი, ვეტყვი...

(რეკავს ტელეფონი. არ იღებს ყურმილს) არ ვიძლევით კონტრამარკებს. (ტელეფონი ჩუმდება) წადი, რა?
მეტელკინი. არის! (გადის).
გენადი. პირველი საათია. მაგრამ თუ თქვენ გინდათ იცოდეთ, ძვირფასო მოქალაქენო, ვინაა თეატრის ტერიტორიაზე პირველი ავანტურისტი და ნამდვილი ბანდიტი, გეტყვით. ესაა ვასკა დიმაგაცკი, რომელიც ჟიულ ვერნის ფსევდონიმით დახტის ერთი ჟურნალიდან მეორეში.

მაგრამ გამაგებინეთ, ამხანაგებო, რით გამომათრო? რატომ ვენდე?
მეტელკინი (შემოიჭრება). მოვიდა, გენადი პანფილიჩ!
გენადი (მტაცებელივით). ჰოო... დაუძახე, ჩქარა! მიდი, დაუძახე! 
მეტელკინი. გთხოვთ! (გადის).
დიმაგაცკი (რვეულების გროვით ხელში). გამარჯობათ, გენადი პანფილიჩ!
გენადი. ა, გაგიმარჯოთ, დიდად პატივცემულო, ამხანაგო, დიმაგაცკი, მუსიე ჟიულ ვერნ!
დიმაგაცკი.

მიწყრებით, გენადი პანფილიჩ?
გენადი. როგორ გეკადრებათ, როგორ გეკადრებით, მე და გაწყრომა? ხა, ხა! მე ვწყრები? მე აღფრთოვანებული ვარ! პირდაპირ მაჟრიალებს აღფრთოვანებისგან.
დიმაგაცკი. ავად ვიყავი, გენადი პანფილიჩ... საშინლად...
გენადი. მითხარით გეთაყვა. ახ, ახ! ჭია გყავდათ, არა, მუცელში, სოლიტერი...
დიმაგაცკი. უსასტიკესი გრიპოზული ანთება, ინფლუაცია, გენადი პანფილიჩ.
გენადი.

ასე არა? ასე...
დიმაგაცკი. აი, მოვიტანე გენადი პანფილიჩ.
გენადი.

და რა რიცხვი გახლავთ დღეს, მოქალაქე დიმაგაცკი?
დიმაგაცკი. თვრამეტი, ახალი სტილით.
გენადი. კი, მართალს ბრძანებთ. მაგრამ ის ვინღა იყო, პატიოსანი სიტყვა რომ მომცა, ჩასწორებულ პიესას თხუთმეტ რიცხვში მოვიტანო?
დიმაგაცკი. რაღაც სამიოდე დღე, გენადი პანფილიჩ.
გენადი.

სამიოდე დღე, არა? მერე იცით, ამ სამ დღეში რა ამბები დატრიალდა? სავა ლუკიჩი ყირიმში მიემგზავრება! ხვალ, დილის თერთმეტ საათზე.
დიმაგაცკი. რას მელაპარაკებით...
გენადი. აი, ჰოდა, რას გელაპარაკებით! ასე რომ, თუ დღეს გენერალურს არ წარვუდგენთ, პიესის ნაცვლად, მივიღებთ ბრანწს, აი ასეთს! (სამი თითის კომბინაცია). თქვენ მე, ბატონო ჟიულ ვერნ, სეზონი ჩამიგდეთ! აი, რა! მე, ძველი იდეალისტი, გენდეთ თქვენ! როცა თქვენ ავანსად ხუთასი რუბლი ამწაპნეთ, ღმერთია მოწამე, მაშინ არ გქონდათ ინფლუაცია, ახალი სტილით! მწერლები ასე არ იქცევიან, ძვირფასო მოქალაქე, ჟიულ ვერნ!
დიმაგაცკი. გენადი პანფილიჩ! ახლა რა უნდა ვქნათ?
გენადი. ახლა რა უნდა ვქნათ? ის რომ აღარ ვთქვათ, რომ ხუთასი რუბლი მოგაშავეთ, მეძინა? გარდა მაგისა, დეკორაციებს მივაფლანგე რამდენი, თეატრი ლამის თავდაყირა დავაყენე, მთელი საწარმოო პროცესი ჩავშალე! მეტელკინ! მეტელკინ!
მეტელკინი (შემორბის). აქ გახლავართ, გენადი პანფილიჩ!
გენადი.

იცი, რა... რას შვრებიან ახლა?
მეტელკინი. მეჯლისის სცენას გადიან.
გენადი. ჯანდაბას მეჯლისი! უთხარი შეწყვიტონ და არავინ გაადგას ფეხი თეატრიდან!
მეტელკინი. გრიმიც მოიცილონ?
გენადი. აღარ არის მაგის დრო! ყველა მჭირდება. ისე, როგორც არიან!
მეტელკინი.

მესმის! (გარბის) ვალოდკა! მორიგე გააფრთხილე, რომ გარეთ არავინ გაუშვას!
გენადი (დაადევნებს). ყველა სდუდენტი დამჭირდება! ორკესტრი! პირველისთვის! Господи, благослови! (ტელეფონში) თექვსმეტი, ჩვიდმეტი, თვრამეტი. სავა ლუკიჩ, გთხოვთ! თეატრის დირექტორი გენადი პანფილიჩი... სავა ლუკიჩ? გამარჯობათ, სავა ლუკიჩ, ხომ კარგად, ჯანმრთელობით? გავიგე, გავიგე, თავს მიხედვა სჭირდება, როგორც ამბობენ... გადაიღალეთ. ხე, ხე... უნდა დაისვენოთ, აუცილებლად.

ჩვენ ყველას გვჭირდება თქვენი ჯანმრთელობა... აი, რა ხდება, სავა ლუკიჩ... ცნობილმა მწერალმა, ჟიულ ვერნმა, თავისი ახალი პროექტი წარმოგვიდგინა, `მეწამული კუნძული~. როგორ თუ მოკვდა? აქ მიზის თეატრში, ამ წუთას... აა, ხე, ხე, ფსევდონიმია. მოქალაქე დიმაგაცკი. ხელს კი, როგორც ჟიულ ვერნი, ისე აწერს.

საზიზღრად ნიჭიერია...

დიმაგაცკი შეკრთება და გაფითრდება.

გენადი. მაშ ასე, სავა ლუკიჩ, ნაბართვა აუცილებელია... ან აკრძალვა? ხე, ხე... გონებამახვილური იყო, როგორც ყოველთვის! რა? შემოდგომამდე? მაშინ ჩამომახრჩეთ და ეგ არის, სავა ლუკიჩ! ყელს გიწევთ, იქნებ გენახათ, როგორმე, დღესვე, გენერალური? მზად გახლავთ პიესა. კი, კი, ყოველმხრივ სრულყოფილი. ყირიმში პიესის კითხვა? იქ სჯობს ზღვაში იბანაოთ და არა რაღაც სისულელეები იკითხოთ! პლაჟზე ისეირნოთ. სავა ლუკიჩ, ხანჯალს მიყრით! ნემსის ყუნწში ვძვრებით! ფეხიდან თავამდე იდეოლოგიური პიესაა! მე ისეთ რაიმეს დავუშვებ ჩემს თეატრში? ოც წუთში ვიწყებთ.

თუნდაც, მესამე მოქმედებისთვის, პირველ ორს აქვე გადაგათვალიერებინებთ. გაღიარებთ, `გრან მერსი~! მოუთმენლად გელით! (დებს ყურმილს) აუჰ! ახლა კი გამაგრდით, ამხანაგო ავტორო!
დიმაგაცკი. მართლა ასეთი საფრთხობელაა?
გენადი. საკუთარი თვალით იხილავთ. მეც ცოტა მოვბოდე _ იდეოლოგიურია... ან არის, ან არა... იცოდეთ, შეუბრალებელი ვიქნები, ყველაფერს წავშლი...

მაშ საკუთარ ტყავს თუ არ გავუფრთხილდი... თორემ თუ ერთი გაები, წასულია შენი საქმე! რეპუტაციას შეილახავ! მთავარი უბედურება კი ისაა, რომ დროც კი არ გრჩება საკითხავად...
დიმაგაცკი. ყველანაირად შევეცადე, გენადი პანფილიჩ!
გენადი. რას ნიშნავს, შეეცადე? მაშ ასე. პირველი მოქმედება. კუნძული, რომელიც წითელკანიანი აბორიგენებითაა დასახლებული, რომლებიც თეთრი არაპების ხელში არიან... რა? თეთრი ზანგი აღარ გამიგია, მთლადაც ნუ გადამრევთ, რა, ეს მწერლები!…
დიმაგაცკი.

არა, იცით, ეს მთლიანად ალეგორიაა, გენადი პანფილიჩ, ამ ფერებთან, საერთოდ, ძალზე ფრთხილი…მიდგომაა საჭირო...
გენადი. ისევ ეს ალოგორიები... მომისმინეთ, რა? სავას საზიზღრად არ უყვარს ეს ალეგორიები, სიკვდილივით ეშინია მაგათი! ვიციო, მე ეგ თქვენი ალეგორიები! გარედან ალეგორიააო და შიგ თუ ჩაიხედავ გინდაც ეშაპოტზე ასულხარო... მეტელკინ! მეტელკინ!
მეტელკინი (შემორბის). რა გნებავთ?
გენადი. პიესის `მონტიროვკაზე~ ხარ დანიშნული. აი, ჩაიბარე ეს ეგზემპლარი.

პირველი მოქმედება. ეგზოტიკური კუნძული. ბანანებს ჩამოკიდებ, პალმებს დარგავ... (დიმაგაცკის) რაში ცხოვრობს მაგათი მეფე?
დიმაგაცკი. ვიგვამში, გენადი პანფილიჩ.
გენადი. მეტელკინ, ვიგვამი გვჭირდება.
მეტელკინი. არა გვაქვს ვიგვამი, გენადი პანფილიჩ.
გენადი.

მაშინ ქოხი დადგი, `ბიძია თომას ქოხიდან~. ტროპიკული მცენარეულობა. მაიმუნები ხეებზე, კრემიანი ნამცხვარი და სამოვარი.
მეტელკინი. ბუტაფორული სამოვარი?
გენადი. ბიჭო, ათი წელი მაინცაა თეატრში ხარ და ჯერაც ვერ წამოიზარდე! სავა ლუკიჩი მოდის, გესმის, გენერალურის საყურებლად.
მეტელკინი. ააა!
გენადი. გესმის, ხომ? მოასერვიზებ ჩაის! უთხარი `ბუფეტჩიცას~, რომ ორი მდიდრული ბუტერბროდი გაამზადოს, აჯობებს შავი ხიზილალით, ალბათ...
მეტელკინი (კარში).

ვალოდია, გავარდი ბუფეტჩიცასთან! სამოვარი გენერალურისთვის!
გენადი. აი, ხედავ? არც შეჭმულია და არც დალეული, ხარჯები კი უკვე დაიწყო! ალბათ, ბატონო ავტორო, რაღაც შემოსავალი თქვენი პიესიდანაც შემოვა, ეგაც საკითხავია, შემოვა კი? ახლა ვულკანი... აუცილებელია, ეს ვულკანი?
დიმაგაცკი. გენადი პანფილიჩ! შემიბრალეთ! მეორე მოქმედებაში მაქვს ამოფრქვევა. ყველაფერი მაგ ამოფრქვევაზე მაქვს აწყობილი.
გენადი. აუ, ეს ავტორები! რას წერენ თვითონაც არ იციან! თუმცა ამოფრქვევა _ კაი რამეა! შემოსავლიანი. უყვარს პუბლიკას ასეთი გაფრენები.

აი, რა, მეტელკინ! მთები ხომ ბლომად გვაქვს?
მეტელკინი. ოხრად! სავსეა სარდაფი.
გენადი. ჰოდა, იცი, რა? უთხარი ბუტაფორს, რომ ერთ-ერთი მთა, რომელიც ყველაზე უარესია, ვულკანად გადააკეთოს. მოკლედ, შენ თვითონ მიაწექი, მიდი!
მეტელკინი (თან გადის, თან ყვირის). ვალოდ, შესძახე ბუტაფორს, არარატს თავი წააცალოს და ნახვრეტი გაუკეთოს, და ცეცხლი რომ ამოდიოდეს. რა? ჰოო, კვამლიც. კიდობანი ჩამოაგდეთ!
ლიდია (სწრაფად შემოდის).

გამარჯობა, გენო!
გენადი. ოჰ, გაგიმარჯოს, ფისუნია. მართლა, აი, გაიცანი... ვასილ არტუროვიჩ დიმაგაცკი, ჟიულ ვერნი. ცნობილი ტალანტი.
ლიდია. ნუთუ? იმდენი რამ მსმენია თქვენს შესახებ!
გენადი.

ჩემი მეუღლე, `გრან-კოკეტტ~.
დიმაგაცკი.

ძალიან სასიამოვნოა.
ლიდია. ამბობენ, რომ პიესა მოგვიტანეთ, მართალია?
დიმაგაცკი. სწორედ ასეა.

სცენის იქით მუსიკა უეცრად წყდება.

ლიდია. ოჰ, რა კარგია. იცით, რა შიმშილია თეატრებში თანამედროვე პიესების? იმედია, მეც დაკავებული ვარ, გენადი პანფილიჩ! თუმცა, იქნებ არა ვარ საჭირო თქვენი პიესისთვის?
დიმაგაცკი. აჰ, როგორ გეკადრებათ, ძალიან, ძალიან სასიამოვნოა.
გენადი. რა თქმა უნდა, საყვარელო, ბუნებრივია.

აი, ლედი გლენარვანი... გადასარევი როლია. სწორედ შენი ტიპაჟია. აი, აიღე!
ლიდია (დაეუფლება როლს). როგორც იქნა! ჩემი გენადიკო, იმის გამო, რომ არაფერი იფიქრონ, თითქოს როლებით მანებივრებდეს, საერთოდ უარმყოფს. ამ სეზონში დაკავებული, მხოლოდ და მხოლოდ, რვა სპექტაკლში ვიყავი...
გენადი. თეატრი, გენაცვალე, ტაძარიცაა, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს.
მეტელკინი (შემოვარდება).

მექანიკოსს აინტერესებს: ხომალდი იალქნიანია?
გენადი. ვასილი არტურიჩ!
დიმაგაცკი. იალქნიანი და საყვირიანი, სამოციანი წლების.
მეტელკინი (გაფრინდება). ვალოდია!
გენადი (დაადევნებს). მეტელკინ! ყველა სცენაზე, ყველა! სასწრაფოდ!

ისმის ელექტრო ზარის გამუდმებული წკრიალი. ფარდა გადაიწევს და კაბინეტი დაიმალება. გამოჩნდება უზარმაზარი ცარიელი სცენა.

შუაში ვულკანით მთებში, რომლიდანაც კვამლი იკლაკნება.

მეტელკინი (იხევს უკან-უკან). ცოცხალია! ვალოდია, დადგი თავის ადგილზე!

ვულკანი გვერდზე გაცურდება. სცენაზე შემოდის დასი. სუფლიორი, ლიკი ფრაკში, დირიჟორი ლიკუი ისაიჩი ფრაკში, სიზი-ბუზი ფრაკში. უცნაურად მოკლეფეხება ქალბატონები გადათხაპნილი ტუჩებით... ყაყანი, ლაპარაკი...
ქალების ხმები: `ახალი პიესა, ახალი პიესა...~ 

სიზი. რაშია საქმე? რეპეტიციაა?

ქალების ხმები: `ამბობენ, საოცრად საინტერესოაო!..~ გამოჩნდებიან გენადი, ლიდია და დიმაგაცკი.

ციდან რბილად ეშვება ბანანის ხე და დიმაგაცკის თავზე დააჯდება.

დიმაგაცკი. ოჰ!
გენადი. ცოტა ფრთხილად, პირუტყვებო, ავტორი გაჭყლიტეთ!

ქალების ხმები: `ვალოდია, ვალოდია!~

მეტელკინი. ვალოდკა, ფრთხილად! მოაცილე თავიდან! ადრეა.

ბანანი ზემოთ ადის.

გენადი (დგება ვულკანის კრატერში და იქნევს რვეულებს). მოვითხოვ სიჩუმეს! მე მოგიწვიეთ ამხანაგებო, რათა გაუწყოთ...…
სიზი. საოცრად სასიამოვნო ამბავი...
ლიდია. ჩუმად, ანემპოდისტ.
გენადი.

მოქალაქე ჟიულ ვერნ-დიმაგაცკიმ იტვირთა უდიდესი... (ვიღაცამ ჩაიქირქილა) საინტერესოა, ვის გაეცინა? რა არის აქ სასაცილო?

ხმები: `ჩვენ არ გაგვიცინია, გენადი პანფილიჩ!” 

მე ყრუ არა ვარ, ნათლად გავიგონე, ჰი, ჰი... თუ სტუდენტებში ვინმე ტაკიმასხარაა, შეუძლია სადმე, სასაცილო თეატრში გადაბარგდეს. არავინ იჭერს. ჰო, არ მოგცემთ უფლებას გომბეშოებით იწმინდოთ სახიდან გრიმი! ეს დაუშვებელია და დამნაშავე მკაცრად დაისჯება! მაშ ასე, ვასილი არტურიჩმა, ჩვენი დროის კოლოსალურმა ტალანტმა, წარმოადგინა ჩვენს თეატრში თავისი უკანასკნელი პროექტი, სათაურით: `მეწამული კუნძული~.

ხმაური და დაინტერესება.

ყურადღება! მდგომარეობის გამო იძულებული ვართ ვიჩქაროთ. სავა ლუკიჩი მთელი ერთი თვით გვტოვებს. ამიტომ ახლავე ვნიშნავ გენერალურ რეპეტიციას, გრიმსა და კოსტიუმებში.
სიზი.

გენადი, შენ ირემივით სწრაფი ხარ, მაგრამ როლები რომ არცერთმა არ ვიცით?
გენადი. მხოლოდ სუფლიორის კარნახით და იმედი მაქვს, რომ მსახიობები, ჩემდამი დაქვემდებარებული სახელმწიფო თეატრისა, იმდენად ჭკვიანები აღმოჩნდებიან, რომ მთელ თავის ცოდნას და ენერგიას არ დაიშურებენ, რათა... მიუხედავად... სირთულეებისა... (ბრძანებით) ამხანაგო მუხინ!
სუფლიორი. აქ ვარ!
გენადი (აჯილდოვებს პიესის ეგზემპლარით). გთხოვთ, მკაფიოდ უკარნახოთ!
სუფლიორი.

მესმის...
გენადი. გზადაგზა ჩავასწორებთ.
სუფლიორი. გასაგებია-ს.
გენადი. ახლა კი, ნება მომეცით მოკლედ გადმოგცეთ პიესის შინაარსი. მაშასადამე, სახეზეა ჩვენი ტალანტი... ვასილი არტურიჩ, ამობრძანდით აქ!
დიმაგაცკი. მე...

ჰმ... კხე... ჩემი პიესა. ეს უბრალოდ...
გენადი. გაბედულად, ვასილი არტურიჩ! ჩვენ თქვენ გისმენთ.
დიმაგაცკი. ეს, როგორც ხედავთ, ალეგორიაა. ერთ სიტყვით, კუნძულზე...

ეს, როგორც ხედავთ, ფანტასტიკური პიესაა... კუნძულზე დაჩაგრული წითელკანიანი აბორიგენები ცხოვრობენ, რომლებიც თეთრი არაპების ძალაუფლების ქვეშ გმინავენ... მათ ჰყავთ მბძანებელი სიზი-ბუზი მეორე... 
ლიდია. შენ, იცი,…ალოჩკა? საოცრად შთაგონებული სახე აქვს, არა?
ბეტსი. საკმაოდ ორდინალური.
გენადი. სიწყნარე!
დიმაგაცკი.

და აი, იწყება ვულკანის ამოფრქვევა. მაგრამ ეს მეორე მოქმედებაში. მე ძალიან მიყვარს ჟიულ ვერნი... ამიტომაც ავირჩიე ფსევდონიმად მისი სახელი... ჩემს გმირებსაც მისი გმირების სახელები დავარქვი... და ხშირ შემთხვევაშიც... აი, მაგალითად, ლორდი გლენარვანი...
გენადი.

დამნაშავე ვარ, ვასილი არტურიჩ! ნება მიბოძეთ, რათა ბევრად, ასე ვთქვათ, კონსტრუქციულად... თქვენი საქმეა, ხე, ხე... მუზები, კალამი... მაშ ასე. პირველი მოქმედება. კირი-კუკი _ პროვოკატორი. იჭერენ ორ აბორიგენს, დადებითი ტიპები არიან და ხლოპ! ციხეში! სასამართლო! ხლოპ! ჩამოახრჩეთ! გარბიან! ჩამოდიან ევროპელები.

ხლოპ! მოლაპარაკებები. ზეიმი კუნძულზე. დამთავრდა პირველი მოქმედება. ფარდა!
სიზი. აი, მესმის მოყოლა!
გენადი. ჩაინიშნეთ, ლიკუი ისაიჩ, ზეიმი.
ლიკუი ისაიჩი. ნუღარ განაგრძობთ, გენადი პანფილიჩ, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია.
გენადი.

აი, ნება მიბოძეთ გაგაცნოთ ჩვენი კაპელმეისტერი. ეს მუსიკას გაგვიკეთებს? დამშვიდებული ბრძანდებოდეთ. მამამისი და რიმსკი-კორსაკოვიჩი ერთ სახლში ცხოვრობდნენ.
დიმაგაცკი. ძალიან, ძალიან სასიამოვნოა.
გენადი. ეგზოტიკა, ლიკუი ისაიჩ. აბორიგენები, იცით როგორები, რომ არ შეგრცხვებათ, და ამასთან ერთად, ალეგორიულები...
ლიკუი ისაიჩი. ნუღარ განაგრძობთ, გენადი პანფილიჩ, ჩემთვის უკვე გასაგებია.
გენადი.

მაშასადამე, როლები...

ხმაური და ინტერესი.

სიზი-ბუზი მეორე. აბორიგენთა მბრძანებელი, თეთრი არაპი. გამოტვინებული ბოროტმოქმედი სამეფო ტახტზე... რადგან გამოტვინებული ბოროტმოქმედია, სუნდუკოვ, გამომართვი, ანემპოდისტ!
სიზი. მერსი.
გენადი. ლიკი-ტიკი, მხედართმთავარი, შემდგომში ამას მოინანიებს. ალექსანდრ პავლოვიჩ რინსკი, გთხოვთ...
ლიკი.

გენად, ფრაკი გავიხადო?
გენადი. მაგის დრო გვაქვს? საშა, ზედ გადააცვი. აბორიგენი კაი-კუმი, ტიპი დადებითი... ბანდაკლევსკი.

გთხოვთ! აბორიგენი, ფარა-ტეტე. აგრეთვე მეტად დადებითი _ შურკოვ, ინებეთ!
სიზი. პიესა არაპთა გამარჯვებით მთავრდება?
გენადი.

ის წითელკანიან აბორიგენთა გამარჯვებით მთავრდება, რანაირად შეიძლება თეთრების გამარჯვებით მთავრდებოდეს? 
სიზი. მე უკვე მეორე მოქმედებაში აღარა ვარ. პირველშივე მკვდარი ვარ, არადა, მეც ხომ მინდა გამარჯვება ვიზეიმო? 
გენადი. ანემპოდისტ ტიმოფეევიჩ! დაბეჯითებით გთხოვთ, მენშევიკური გადახრების მქონე სტუდენტებს ნუ გადამირევთ. და, საერთოდ, თეატრი ტაძარია. ახალგაზრდობა მე სახელმწიფომ მანდო... ლიდია გრენარვან...

ჰმ... ესაა გრანდ-კოკეტი _ მაშასადამე. ლიდია ივანნა. გასაგებია. ლიდა... შენ რა, როლში ხარ უკვე?

ხმაური ქალთა დასში.

ბეტსი. რა თქმა უნდა, გასაგებია, აბა რა.
გენადი.

დავაშავე რამე, ადელაიდა კარპოვნა? რაიმე გინდათ, რომ გვითხრათ?
ლიდია. მე ბოდიშს ვიხდი...
ბეტსი. არა, რა უჭირს, მშვენიერი ამინდია.
ლიდია. არიან მსახიობები, რომლებიც ფიქრობენ...…
ბეტსი. რას ფიქრობენ? რომ დირექტორების ცოლებს როლების მიღება უჭირთ?
გენადი. მადამ, მე კატეგორიულად ვაცხადებ პროტესტს!

ქალის ხმა: `საერთოდ, რამდენი როლია ქალის?~

ორი. 
გულგატეხილობის ხმაური.

ბეტსი, ლედი გლენარვანის მოახლე.

ადელაიდა კარპოვნა, თქვენია.
ბეტსი. გენადი პანფილიჩ, მე უკვე ათი წელია სცენაზე ვარ და თქვენი მოწყალება არ მჭირდება.
გენადი. ადელაიდა კარპოვნა, ნუთუ ღმერთიც არ გწამთ?
ბეტსი. აჰა, ისევ ისე, როგორც გუშინ, არა? თქვენ არ გამოგვიცხადეთ საერთო კრებაზე, ღმერთი არ არსებობსო? იმიტომ, რომ სავა ლუკიჩი გვესწრებოდა. მაგრამ, როგორც კი ის თეატრს გასცდება, ღმერთი იმავეწამს ჩნდება სცენაზე.
ლიდია. აი, ხასიათი!
გენადი. ადელაიდა კარპოვნა, მასეთი ტონით, ბაზარში ილაპარაკეთ!
სიზი (გენადს).

გეუბნებოდი, ნუ იწერ ჯვარს მსახიობებზე-მეთქი. სულ ამ დღეში იქნები!
გენადი. თეატრი _ ეს... 
ბეტსი. ინტრიგების ადგილია.
გენადი. ბეტსი, მოახლე! ნუ ღელავ! იშვიათი როლია. სქელ-სქელიც.

გასაგებია? გაწყობს, თუ ჩუდნოვსკაიას გადავცე?
ბეტსი. მომეცით აქ! (გამოსტაცებს ხელიდან).
გენადი. ფრანგი ჟან პაგანელი. აქცენტით. იმპერიალისტი. სუზდალ-ვლადიმირელო. კაპიტანი გატერასი _ ჩერნობოევ, გემრიელი როლია.
გატერასი.

რა არის გემრიელი, ორი სიტყვა უნდა გადავყლაპო და ბასტა?
გენადი. ჯერ ერთი, ორი კი არა, ექვსი. და მეორე _ დაგავიწყდათ რა ბრძანა გენიალურმა შექსპირმა? `არ არსებობს ცუდი როლი, არსებობენ უნიჭო მსახიობები, რომლებსაც რაც არ უნდა მისცე, ყველაფერს ჩაგიგდებენ~. ლორდი გლენარვანი. ამას მე თვითონ ვითამაშებ. ცოტას მეც გავირჯები თქვენთვის, ვასილი არტურიჩ. არაპი ტოხონგა.

საყვარელი. სოკოლენკო. პასპარტუ, ლაქია... უჰ, საწყენია, სტარიცინი ავადაა?
მეტელკინი. დიახ, გენადი პანფილიჩ!
გენადი. ცუდია, რომ ავადაა. მეტი არც არავინ გვყავს.

მეტელკინ, შენც მოგიწევს თამაში.
მეტელკინი. მერე `მონტიროვკა~? ვინ გააკეთებს?
გენადი. მეტელკინ, შენ რა? მღალატობ?
მეტელკინი. როგორ გეკადრებათ, გენადი პანფილიჩ, ყველაფერი გასაგებია.
გენადი. ახლა კი, მთავარი როლი. კირი-კუკი. ავანტურისტი.

სიზი-ბუზის კარის ცერემონმაისტერი. წესით, ეს როლი მორომეხოვისაა, ბარაბა აპოლონოვიჩის. ჩემი აზრით, ყველანი კარგად იცნობთ ბარაბას, ხომ ასეა? ხალხსაც უყვარს და თავმდაბალიცაა. პატიოსანი, სუფთა! ძველი, შჩეპკინის სკოლის გვარდიელი. ამ დღეებში არ შესთავაზეს სახალხო არტისტის წოდება, უარი რომ გვტკიცა? რაში მჭირდებაო, გამოგვიცხადა. ბარაბა აპოლონოვიჩი!

ხმები: `რომ არ გახლავთ, არ არის!~ 

როგორ თუ არ არის? გამოიძახეთ სასწრაფოდ! რაშია საქმე?
მეტელკინი (ყურში). ისინი მილიციის ორმოცდამეოთხე განყოფილებაში სხედან, გენადი პანფილიჩ! 
გენადი.

როგორ თუ ორმოცდამეოთხეში? იქ რა უნდა?
მეტელკინი. უქეიფია წუხელის `პრაღაში~, თავის ტალანტის თაყვანისმცემლებთან ერთად და ცოტა ახმაურებულა.
გენადი. ახმაურებულა? როგორ, ასეთ დროს? როცა პიესას ექსტრენნად ვაბარებთ და ყველა თავის ადგილზეა? ახმაურებულა. აბა ეგ მსახიობია? მსახიობია მაშ? ლოთია, მსახიობი კი არა. 
მეტელკინი. დარეკილია, საღამოს გამოუშვებენ.
გენადი. საღამოს? რა, ბალიშად ამოვიდო? რაში გამოვიყენო საღამოს, რა ეშმაკათღა მინდა? სავა წუთი-წუთზე აქ იქნება, კაცი ყირიმში მიბრძანდება.

ის ახლა, აი, ამ წუთას მჭირდება, ან აღარასოდეს. შენც კაი ვინმე მყავხარ! `ორმოცდამეოთხეში~!..
მეტელკინი. მე რა შუაში ვარ, რა, მე დავალევინე?
გენადი. რა? წყალსაც წაუღიღართ სულყველა! არ იქნება რეპეტიცია? არც პიესა იქნება. დავიხურავ ქუდს და მივკეტავ ამ თქვენს თეატრს. როგორ გინდა იმუშაო კაცმა ამდენ მეშჩანებსა და ალკოჰოლიკებში? გაეთრიეთ ყველანი! (აიშლებიან) სტოპ! საით? ყველანი უკან!
ლიდია. გენო, ნუ ნერვიულობ, ცუდად არ იმოქმედოს შენზე!
ლიკი.

მიეცი ვინმეს, თუნდაც რომელიმე სტუდენტს და იმან წაიკითხოს.
გენადი. შენ რა, დამცინი? მაგათ მარტო გომბეშოების გაფუჭება იციან. ყველა მე მაწევს კისერზე, ყველაფერი ჩემს ზურგზე უნდა გადავიდეს. სახალხო... ჰო, სახალხო ლოთია, არტისტი კი არა!
დიმაგაცკი. გენადი პანფილიჩ!
გენადი. თავი დამანებეთ ყველამ! დამანებეთ! მომინდა მეც იდეალისტობა, თეატრის აღორძინება, მკვდრის გაცოცხლება...

არ მერჩია მოვმკვდარიყავ, როგორც უპატრონო ძაღლი, თუნდაც ვულკანის კრატერში?
დიმაგაცკი. თუკი პიესა უნდა მოკვდეს, იქნებ თვითონ მე ვითამაშო კირი-კუკი? მე ხომ ყველა როლი ზეპირად ვიცი?
გენადი. თქვენ რა? ღმერთო გადმომხედე! მორომახოვის შეცვლა? გითამაშიათ როდისმე სცენაზე, მდგარხართ?
დიმაგაცკი. კი, როგორ არა. ბავშვობაში, სკამზეც კი მაყენებდნენ.
გენადი. სკამზეც კი? (პაუზა) მოსულა, გავრისკოთ! გაუშვი, ყველამ თავისი თვალით დაინახოს, რეგორ მინდოდა თეატრის გადარჩენა! ინტრიგანი კირი-კუკის როლს თვითონ ავტორი შეასრულებს.
სიზი. ჰოდა, ასე, მატარებელი დაიძრა.
ლიდია.

არ იყო საჭირო ეს ისტერიკები.
გენადი (რვეულში). მაშ ასე: არაპები, წითელკანიანი აბორიგენების აურაცხელი ხროვა _ სტუდენტები. ყველანი. (ხმაური) ინგლისელი მეზღვაურები _ ქორო. მოლაპარაკე თუთიყუში... ჰმ... ეს ხომ მეტელკინია...

რაღა თქმა უნდა. შეეცადე, ლიკუი ისაიჩ! გთხოვთ სასწრაფოდ მოგვაწოდოთ მუსიკა... ეგზოტიკა.…
ლიკუი ისაიჩი. განაგრძეთ, განაგრძეთ, ჩემთვის უკვე გასაგებია. ბავშვებო, ინსტრუმენტები!

მუსიკოსები ორმოში ჩადიან.

გენადი. ყველა საგრიმიოროში! ვასილი არტურიჩ! გთხოვთ, ჩემს საგრიმიორო ტუალეტში!
სიზი.

მკერავები!
ლიდია.

სტილისტი!

მსახიობები დარბიან.

მეტელკინი. ვალოდია, დაიწყე!

`ზადნიკი~ მაღლა ავა და დამაბრმავებელი შუქით განათებული სარკეთა წყება გამოჩნდება. გამოჩნდება სტილისტიც. მსახიობები სხდებიან და იწყებენ გრიმის კეთებას და ჩაცმას.

ლიკი (რვეულში). მოკეტე! როცა გელაპარაკებიან! დე... დე... თეთრი ბუმბულის ღეროები მაქვს?
სიზი.

ფედოსეევ, სამეფო გვირგვინი მჭირდება.
კაი-კუმი. მე რა მუდამ ცისფერის როლი უნდა შემხვდეს, ბედიც ამას ჰქვია!
სიზი. დაგავიწყდა შექსპირმა რა თქვა? `ცისფერი როლები არ არსებობს, არსებობენ წითლები~. ეი, თქვენ! ფაშისტებო! მომართმევთ გვირგვინს, თუ არა?!
მეტელკინი (ქარიშხალივით დაქრის). ვალოდია!..
დირიჟორი (ორმოდან). სად არის ვოლტორნა? ავადაა? მე ის გუშინ მაღაზიაში ვნახე? ის ღილებს ყიდულობდა? ეს უკვე სასაცილოა. უდანოდ...

(ხმა: `რა უდანოდ?”) გამომჭრა ყელი! არა, მართლა, თუ რამე მესმოდეს ამნაირი მუსიკოსების? 

ხმა: `ალბათ, სადმე რესტორანში უკრავს.~.

გენადი (თავისი ტუალეტიდან). ასი წელი უნდა ველოდო შარვალს? შარვალი, ზოლებიანი.
მეტელკინი (სცენაზე). ვალოდია! მოიტა `ზადნიკი~! (მაღლიდან ეშვება `ზადნიკი~, გოთიკური ტაძრით, რომელზეც მიქარგულია გრანიტის სასახლის ნაწილი, თავისი დიდებულებით და სარკეებს ფარავს) ვალოდკა, ეს რა ჯანდაბაა, ეს რა ჩამოუშვი! გოთიკური კი არა, ეგზოტიკური! მოიტა ოკეანე, ლურჯი ცით და ჰაერით.

`ზადნიკი~ ადის და სარკეები ისევ გამოჩნდება. მათ ახლოს ხმაურია. ნიღბები დაზგებზე.

ლიკი. აუ, ეს ტრიკო ისევ გადამასკდა. რა წუწურაქია ეს გენო!
სიზი.

მთავარია ეკონომია, აბა რა!

ოკეანე თავისი მრისხანე ხმაურით ეშვება. ორკესტრი ინსტრუმენტებს ამზადებს. სარკეები ქრებიან. ეშვება ანთებული მაშხალა, რაღაც სამშენებლო მასალა.

მეტელკინი. ვულკანი მარცხნივ! მარცხნივ გასწიე!

ვულკანი მიდის, კვამლი ადის. 

დირიჟორი. უვერტიურა ნომერი ჩვიდმეტი.

მოამზადეთ ნოტები!
მეტელკინი. მსახიობები მზად არიან?

ხმები: `მზად არიან!~

ვალოდ, მოიტა ფარდა!

ეშვება საერთო ფარდა და სცენა იხურება.

პ რ ო ლ ო გ ი ს დ ა ს ა ს რ უ ლ ი 



I მოქმედება

მეტელკინი (ფარდის ჭრილში). მზად არის! ლიკუი ისაიჩ, დაიწყეთ! (გაქრება).

გონგი. 

დირიჟორი. ჩუმად!

ორკესტრი იწყებს უვერტიურას.

ფარდის ჭრილში გამოჩნდება მუსიკოსი გამოჩნდება, ვოლტორნით ხელში, მას დააგვიანდა და აღელვებულია. დირიჟორი ჯოხს დაუშვებს, მელოდია აიშლება.

აა! ეს თქვენ ბრძანდებით? ძალზე სასიამოვნოა. რა გეჩქარებოდათ? აა, ახალი ღილები გაკერიათ? გილოცავთ, დაჯარიმებული ბრძანდებით.

გთხოვთ, ორკესტრში.

მუსიკოსი ორმოში ჩადის. უვერტიურა განახლდება. უკანასკნელ ტაქტზე ფარდა აიხდება. სცენაზე სასწაულია _ მზე აცხუნებს. ტროპიკული კუნძული ბრწყინავს და ლივლივებს. ხეებზე მაიმუნები, დაფრინავენ თუთიყუშები. სიზი-ბუზის ვიგვამს, ვულკანის ძირას, მესერი აქვს შემოვლებული.

უკანა პლანზე ოკეანე. სიზი-ბუზი ტახტზე ზის და გარშემო ჰარამხანის ოდალისკები ახვევია. მის ახლოს დგას ბუმბულის თეთრი ღეროებით გაბრწყინებული ლიკი-ტიკი, ტოხონგა და არაპების მწკრივი, შუბებით ხელში.

სიზი. მაშ ამას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ერთგული ქვეშემრდომი აბორიგენები საკუთარი კანონიერი ხელმწიფის წინააღმდეგ წავიდოდნენ? არა, არა, ვერ დავიჯერებ მაინც... სად არიან დამნაშავენი?
ლიკი. ციხის საკანში, მიწისქვეშ, მბრძანებელო. კირი-კუკიც მათ მივუგზავნე.
სიზი.

რატომ? 
ლიკი. თვითონ მოიფიქრა ასე. რომ მის ვერაგობაზე აზრზეც ვერ მოსულიყვნენ..
სიზი. ჰოო. ჭკვიანურია.
ლიკი. გნებავთ, მოგგვაროთ ბოროტმოქმედნი, თქვენო ბრწყინვალებავ?
სიზი. მომგვარეთ, ჩემო გენერალო!
ლიკი.

ეი! ტოხონგა! მიდი, ამოათრიე ეგ უსაქმურები მიწისქვეშეთიდან!

არაპები სარქველს ახდიან და კაი-კუმი, ფარა-ტეტე და კირი-კუკი, ხელის კვრით ამოჰყავთ. 

ტოხონგა. აბა, გამობრძანდით მბრძანებლის სასამართლოზე!
სიზი. ვაი, ვაი, ვაი... აბა, გამარჯობათ, ძვირფასო ყალთაბანდებო!
კირი. სიკეთე ნუ მოგიშალოთ ღმერთმა, თქვენო ბრწყინვალებავ!

კაის და ფარას გაუკვირდებათ.

ლიკი. დავკითხო, თქვენო აღმატებულებავ?
სიზი.

დაჰკითხე, საყვარელო ვაჟკაცო.
ლიკი. აბა, ლამაზებო, რაზე ჩურჩულებდით სიმინდის ბუჩქებთან?
კაი. არაფერზე.
ლიკი. აჰ, ასე არა? შენ თვალს ნუ აპაჭუნებ, გაიგე? ჩურჩულებდი?
ფარა. არა!
ლიკი. მოკეტე! როცა გელაპარაკებიან! ჩურჩულებდი? გვიპასუხე თუ გეკითხებიან!
სიზი. ვაი, ვაი, ვაი! რა მედგრად დგანან.

თუ არ აღიარებთ, იცოდეთ, იმ ქვეყნად სული ვაიდუას წყრომას ვერ გადაურჩებით!
კაი. სული ვაიდუასი ჩვენ აღარა გვჯერა. ჩვენ საზიზღრად ვცხოვრობთ. ის არ არსებობს. ის რომ ყოფილიყო, ჩვენს მხარეს დაიჭერდა.
სიზი. აუ, ვაიდუამ არ გაიგოს. ცოტა შორს დააყენეთ, რა, ჩემგან? თორემ თუ ამათ მეხი დაეცათ, მეც მოვყვები.
ლიკი.

ამათ ვერაფერს შევასმენთ. კირი, შენ მოყევი, რაა, მაშინ! 
კაი. გამაგრდი, ძმაო, არაფერი თქვა.
კირი. ვინ არის თქვენი ძმა!
კაი. როგორ?
კირი. თქვენო აღმატებულებავ, კატასტროფა, ნამდვილი კატასტროფა. მოკლედ, ისე გამოვიფიტე მიწისქვეშეთში, რომ ლაპარაკის თავიც არა მაქვს.

ტოხონგა, დამალევინე, რა, მოსამაგრებლად, ცეცხლოვანი წყლის ერთი ყლუპი?

ტოხონგა აწვდის მათარას.

აუ, რა კაია! (კაი და ფარა განცვიფრებული) მაშ ასე, თქვენო აღმატებულებავ, კარგა ხანია შევამჩნიე, რომ თქვენს ქვეშევრდომებს ტვინი მაგრად აერ-დაერიათ. განადგურებულნი იმაზე ფიქრით, თუ რა შეიძლება დაატყდეს თავს ჩვენს ძვირფას კუნძულს, თუკი მოძრაობა დამღუპველ ზომებს მიიღებს, გადავწყვიტე მეეშმაკა...
კაი. რა, რა, კირი?
ფარა. აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. პროვოკატორია, ყველაფერი ნათელია.
ლიკი. მოკეტეთ!
კირი. უკვე დიდი ხანია ამ ორ ვაჟკაცს ვუთვალთვალებ.

ამ დილას კი, მივუჯექი გვერდით და გამოვესაუბრე. ასე და ისე-მეთქი, რა... რატომ ხართ-მეთქი, რა, ასეთი მოწყენილები? ცუდად ხომ არ ცხოვრობთ-მეთქი?
ფარა. კაი, ჩვენ გამყიდველის ხელში ვართ. ვერ უყურებ ამ დამპალს?
კირი. თქვენო უმაღლესობავ, დაიცავით რა, თქვენი ერთგული კირი სახელმწიფო დამნაშევეთა თავდასხმებისგან?!
ლიკი. ხმა! კრინტი!
სიზი.

განაგრძეთ, ჭკუის კოლოფო!
კირი. რა, თქვენო ბრწყინვალებავ? ეს საშინელება? უჟასები? ამოთქმაც კი მიჭირს. ვეკითხები, მაინც საით მიიგრიხებით, ძმებო? მე რად არ მიმხელთ? როგორ, შენ ჩვენი ხარო? შენ თეთრკანიანი არა ხარ, სიზი-ბუზის ამალის წევრიო? რა გაქვს ჩვენთან საერთო, საცოდავ აბორიგენ მონებთანო? ჰოდა, მეც ავდექი და ჩამოვუყალიბე, რაც მინდოდა.

რომ მხოლოდ გარეგნულად ვგავარ თეთრკანიან არაპს, თორემ შინაგანად? მთლიანად თქვენ გემხრობით, წითელკანიანებს-მეთქი.
კაი. ოო, არა, არა აქვს საზღვარი ადამიანთა სიდამპლეს!
კირი. ...დიახ, დიდი ხანია გულშეძრულმა, აბორიგენთა მისწრაფებებით, ჩავიფიქრე... დამეცანცლა, კატასტროფაა, თქვენო აღმატებულებავ...

დიახ, `ბუნტი~ გადავწყვიტე, თქვენი აღმატებულების წინააღმდეგ... და ვეკითხები ამათ: `ჰა, რას იზამთ? წამომყვებით, რამე რომ იყოს?~ _ და, თქვენ წარმოიდგინეთ, `რატომაც არაო~, მპასუხობენ. 
სიზი. სად არის ზეციური ელვა და მეხი? ჰა? არ ჩანან?
კირი. იცით, სულ მალე სხვებიც შემოუერთდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, უთანაგრძნეს... გავგიჟდი, რაც მე მოვისმინე. ჰო, რასაც აპირებენ, თურმე, ამ ჩვენს კუნძულზე.

მაგრამ არ შევიმჩნიე და, `შორს! _ ავღრიალდი. _ შორს! ტირანი სიზი-ბუზი თავის თეთრკანიან ხროვასთან ერთად!~ და რა გგონიათ? ამყვნენ... შორს! შორს! მერე კი მოცვივდნენ დარაჯები, და როგორც გავაფრთხილე, ყველანი აგვიყვანეს.
სიზი. ნუთუ ეს სიმართლეა?
კაი. დიახ, სიმართლეა, და არასოდეს ამოსულა უფრო მეტი სიმართლე იმაზე ბილწი ხახიდან, ვიდრე ამ კაცსა აქვს.
კირი. ხედავთ, რა ტიპია, თქვენო ბრწყინვალებავ?
ლიკი. ამოუქოლეთ პირი!
კაი (ცდილობს მოიცილოს).

მისმინე, ე, წურბელავ! 
სიზი. წურბელა? მე მეუბნები? 
კაი. შენ! შენ! რანაირად მოხვდი მაგ ტახტზე? რანაირად მართავ, მაგ შენი მუქთახორების შეიარაღებული ასეულებით, ასი ათასობით აბორიგენ მონას?..
ლიკი. დაადუმეთ! მოაკეტინეთ!

ტოხონგა ჩააწყვეტინებს ხმას კაის.

ფარა. ათასობით გასრესილი აბორიგენი, როგორც ყურმოჭრილი მონა, დაცოცავს ამ გახურებულ მიწაზე, თესავს სიმინდს, პოულობს მარგალიტს და აგროვებს კუს კვერცხებს.. ისინი ცისკრიდან დაღამებამდე შრომობენ, მზის ღმერთის ჩასვლამდე, შენთვის...
ლიკი. ამასაც მოაკეტინეთ!
კირი.

საშინელებაა, თქვენო აღმატებულებავ!

ფარას პირს უქოლავენ.

კაი (თავს ითავისუფლებს). შენ კი ყველაფერ ამას ევროპელებზე ჰყიდი და მუცელში ისხამ?! სად არის სამართალი? აბორიგენებო, თქვენ გესმით ჩვენი?..

არაპები ამოუქოლავენ პირს ბოლომდე.

ფარა (იბრძვის). ავაზაკი! ბოროტმოქმედი!
კირი. მაკვირვებს თქვენი მოთმინების ძალა, თქვენო უმაღლესობავ!
სიზი. რა ვქნა, ქულები ამოგიყოროთ, თუ? ფუჰ, რა ტექსტია, ყურები ამოგიქოლოთ? გაჩუმდი, ნაძირალავ!
ფარა. დიახ, ძრწოდე, ავაზაკო! აგერ, ანათებს უკვე ქვესკნელის შავი ცეცხლით დღემდე უმოქმედოდ მყოფი ვულკანი მუანგანამი. შეხედეთ! შეხედეთ!

მზეს ღრუბელი ამოეფარება და ვულკანის თავზე ავად გაიელვებს.

სიზი.

ფუჰ! ფუჰ! ფუჰ! (ზურგს უკან აფურთხებს) იშხან-იშხან ბარბალუკა! ნუ ითარსები, შე უღმერთო! 

ღრუბელი გადაიყრება. განათდება. კაის და ფარას პირს ბოლომდე ამოუქოლავენ.

კირი. ხომ ხედავთ, თქვენო ბრწყინვალებავ, რა მაგარი ტიპები გამოვიყვანე დღის სინათლეზე.
სიზი. მადლობელი ვარ შენი, კირი, ჩემო ერთგულო მინისტრო. უეჭველად დაგაჯილდოვებ!
კირი. აჰ, როგორ გეკადრებათ, მე განა ჯილდოს გამო ვმუშაობ, თქვენო ბრწყინვალებავ.

თუნდაც შეგნება, რომ ღირსეულად მოვიხადე ჩემი ვალი, ჩემთვის ყველაფერია. ესაა ჩემი ჯილდო. (ჩუმად) მაგრად გამომივიდა. (ხმამაღლა) ჰო, მართლა, ჯილდოებზე, თქვენო ბრწყინვალებავ. მე, ალბათ, მცირე ხნით, ჯობს არ დავენახო აბორიგენებს. კარგი იქნება, თუ იტყვიან, რომ ციხეში ვზივარ.
სიზი. ჭკვიანურია.

ძალიან კარგი. ამათ რა ვუყო?
კირი. უნდა ჩამოვკიდოთ პალმებზე ყველას გასაფრთხილებლად, სხვა რაა?
სიზი. კაი აზრია. წაიკითხე განაჩენი!
კირი. აბორიგენებს კაი-კუმს და ფარა-ტეტეს, `ბუნტის~ მოწყობის მცდელობისთვის კუნძულის კანონიერი მფარველის წინააღმდეგ... გაუშვი, გაუხანგრძლივონ ღმერთებმა ნათელმყოფელი მეფობა სიზი-ბუზი მეორეს...

დირიჟორი ნიშანს აძლევს, ისმის დაფდაფების ხმა.

არაპებს აჰყავთ დატყვევებულნი.
...მიესაჯოთ (დაფდაფები) ყოველგვარი უფლელებების ჩამორთმევა, ქონების კონფისკაცია... სად ინახავენ ქონებას? ეი, ამოაძრეთ მჩვარი ამას!
კაი. არაკაცო!
კირი. მოაკეტინეთ!.. და ჩამოკიდეთ პალმაზე თავდაყირა!
სიზი. არ დაგავიწყდეს `მაგრამ ვიღებთ, რა, მხედველობაში...~
კირი. ეჰ, თქვენო უმაღლესობავ, ანებივრებთ ამ ხალხს, ამ თქვენი `ვიღებთ, რა, მხედველობაშით~.
სიზი.

არ მინდა, რომ ამ სალახანებმა გულქვაობაში დამდონ ბრალი.
კირი. და რანაირად, მერე? პალმაზე თავდაყირა დაკიდულებმა? ეკიდებოდნენ თავისთვის წყნარად... კარგით, ვიღებთ, რა, მხედველობაში, რომ ჩამოერთვათ ყოველგვარი უფლებანი, ჩამოვკიდოთ, როგორც ეს საერთაშორისო წესებითაა მიღებული, არა ფეხებით ზემოთ, არამედ თავით.

კაი და ფარა დაუსხლტებიან ხელიდან არაპებს და კლდეზე არბიან.

კაი. ფარა, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი, სჯობს ტალღებში დავიხრჩოთ თავი, ვიდრე ყულფში გაგვაყოფინონ! მომყევი!
ფარა. ძირს ტირანი!

ხტებიან ოკეანეში. სცენის უკან გაიელვებს.

სიზი. ეეჰ!
კირი.

როგორ გაგექცნენ, ბრიყვებო!
ლიკი. დაატყვევეთ!

არაპები გარბიან.

კირი. წავიდეთ, პირაგუებში ჩავსხდეთ!
ტოხონგა. პირაგუებში! (დაუშვებს ისარს კლდიდან. ყველანი გარბიან. სიზიც).
პასპარტუ (კულისებში). ევროპელები სცენაზე! ვალოდკა, ხომალდი რა უყავი, რატომ არ დაუშვი? ამდენი `ნაკლადკები~!

დირიჟორი ნიშანს აძლევს.

მეზღვაურები (მღერიან კულისებში, ორკესტრთან ერთად).

`ღია ზღვაში...

ღია ზღვაში...
დღეს პარიზში, ხვალ დაკარში...~

ზეციდან ეშვება ხომალდი, რომელზეც არიან: ლორდი, ლედი, პაგანელი, პასპარტუ, გატერასი, მეზღვაურები. ყველანი ჟიულ ვერნის წიგნის ილუსტრაციების მიხედვით არიან გამოწყობილნი.

მეზღვაურები (მღერიან): ეჰ, შორსაა ტიპერერი...

ზარბაზნის გასროლის ხმა.

მიწა! მიწა! ვაშა! ვაშა!
ლედი. ლორდ ედვარდ, მიწა, მიწა! ო, როგორ მიხარია!
ლორდი. ო, იეს! ვხედავ! კაპიტანო, გადაგვსხით ნაპირზე!
გატერასი. დაუშვით ტრაპი! პოტოზენ! ეი! შენ, კლოშის შარვალში, ტრაპზე ტილივით რომ მიცოცავ! გამოიხედე აქეთ! ციებ-ცხელება გჭირს, თუ ნაყლურწი ხარ, შე შობელძაღლო! არ გესმის, ჩემი ბრძანება?
ლედი. ღმერთო ჩემო, რა მიმართვებია!
პაგანელი. რა ფრაზებს ხმარობთ ქალბატონთან, მუსიე გატერას.
გატერასი.

ათი ათასი ბოდიში, ლედი, ვერ შეგამჩნიეთ. დაუშვით ტრაპი ანგელოზებო, დაუშვით სირინოზებო, ინგლისურად გელაპარაკებით! ტრამ-ტა-რამ-ტა-რამ... (იგინება უხმოდ).

მეზღვაურები ტრაპს დაუშვებენ. ყველანი ნაპირზე გადადიან.

ლედი.

რა ზღაპრული მიწაა! ლორდ ედვარდ, იცით, მეჩვენება, რომ ეს კუნძული უკაცრიელია.
პაგანელი. მადამს შესანიშნავი ალღო აქვს. კუნძული უკაცრიელია.

ვფიცავ ელისეის მინდვრებს, რომ ეს პირველმა მე შევამჩნიე.
ლედი. მაპატიეთ, მუსიე პაგანელ, ეს მე ვიკივლე პირველმა `უკაცრიელი~!
ლორდი. ლედი მართალია. კაპიტანო, მოგვართვით აქ დროშა! (ჩაარჭობს ინგლისის დროშას მიწაში). იეს! კუნძული ინგლისისაა.
პაგანელი. პასპარტუ, დროშა! (არჭობს ფრანგულ დროშას მიწაში) უი! კუნძული საფრანგეთისაა.
ლორდი. როგორ ავხსნათ თქვენი ქცევა, სერ?
პაგანელი.

როგორც თქვენ გსურდეთ ისე ახსენით, მუსიე!
ლორდი. თქვენ ხომ სტუმარი ხართ ჩემს იახტაზე, სერ. თქვენი ვერაფერი გამიგია. იმას ხომ ვერ დავუშვებ, რომ ამხელა კუნძული გზაზე უპატრონოდ იყოს მიგდებული?
პაგანელი. ვერც მე დავუშვებ ამას.
პასპარტუ. ბოდიშს გიხდით, ჯელტმენებო, პატარა რჩევას მოგცემთ. შუაზე გაიყავით!
ლორდი.

თანახმა ვარ. იეს!
პაგანელი. უი!

გამოჩნდება სიზი და მთელი დანარჩენი კომპანია.

ო, ვუალია! შეხედეთ, შეხედეთ!
ლორდი. კუნძული დასახლებულია. ვინ ბრძანდებით?
კირი. ნება მომეცით, მოგილოცოთ, თქვენო უდიდებულესობავ, ჩვენს პატივცემულ კუნძულზე მობრძანება.
ლორდი. თქვენ აქ ცხოვრობთ?
კირი.

სწორედ ასეა. კუნძულზე ვართ ჩაწერილი.
ლორდი. მოაცილეთ დროშები! ვინაა კუნძულის მფლობელი?
სიზი (ჯდება ტახტზე). მე გახლავართ! სული ვაიდუასი და ღმერთების წყალობით. (დაფდაფები) მე, სიზი-ბუზი მეორე, ვმეფობ აქ. აი, ჩემი გვარდია, ერთგული არაპები და წინამძღოლი ლიკი-ტიკი.
კირი. მაქვს პატივი რეკომენდაცია გავუწიო თავს.

მე გახლავართ კირი-კუკი, მისი უმაღლესობის კარის ცერემონმაისტერი.
ლორდი. სასახლეს რომ ვერ ვხედავ?
კირი. აგერ, ნება მომეცით დაგანახვოთ, ვიგვამი ვულკანზე, ხოლო მის ახლოს, პატარა ბილიკი. აი, ეგ გახლავთ სამეფო კარი.
ლედი. ოჰ, რა თავშესაქცევი ტომი აღმოვაჩინეთ, არა?
სიზი. თქვენ კი ვინ ბრძანდებით, ძვირფასო სტუმრებო?
ლორდი. მე...

(ოტკესტრი უკრავს) ლორდი ედვარდ გლენარვანი, მალკოლმის ციხე-სიმაგრის მფლობელი. თან მახლავს ლედი გლენარვანი და გატერასი, ჩემი კაპიტანი, თავისი მეზღვაურებით.
პაგანელი. მე... (ორკესტრი უკრავს `მარსელიოზას~) ...ჟაკ ელიასინ მარია პაგანელი, გეოგრაფიული საზოგადოების მდივანი. თან მახლავს ჩემი პირისფარეში...
პასპარტუ. პასპარტუ.
სიზი. ჩემს გულს ეფონება სახელოვანი სტუმრები.
ლორდი.

მოგვართვით დასაკეცი სკამები!

მეზღვაურებს სკამები შემოაქვთ. ევროპელები სხდებიან.

სიზი. ჩვენი ხალხი _ წითელკანიანი აბორიგენები არიან, აქაურები. ისინი აქედან შორს ცხოვრობენ.
ლორდი. ბევრნი არიან?
სიზი. ოჰ, ბევრნი... ერთი...

ორი... თხუთმეტი... და კიდევ უამრავი სხვა ხროვა.
პაგანელი. რა საინტერესოა (ინიშნავს).
ლორდი. თქვენ მართავთ და ისინი მუშაობენ?
სიზი. დიახ, ძვირფასო, დიახ!
ლორდი. ო, ეს ჭკვიანურია.

კეთილი ხალხია?
კირი. უკეთილშობილესი, თქვენო აღმატებულებავ! ახლახანსაც ჰყავდათ ორნი მოყვანილი... არა უშავთ რა...
ლორდი. კუნძული მდიდარია?
სიზი. ვცოცხლობთ ღვთის წყალობით, არ ვუჩივით. კუნძულზე სიმინდი ხარობს, ბრინჯი, კუები, სპილოები, თუთიყუშები, გასულ წელს მარგალიტიც აღმოგვაჩნდა.
ლედი. მარგალიტი? ო, ეს მეტად საინტერესოა!
პაგანელი.

ო, დიახ.
ლორდი. მარგალიტი? თქვენ მარგალიტი თქვით? ბევრს პოულობთ?
სიზი. არც ისე... დაახლობით ხუთას ფუტამდე, ყოველ წელს.
ლორდი, ლედი, პაგანელი, გატერასი. რამ-დენი?
სიზი. რატომ გაგიკვირდათ ასე? ო, სახელოვანო უცხოელებო!
ლორდი. ცოტაა.

სად ინახავთ, მერე, ამ მარგალიტს?
სიზი. გავყიდეთ.
ლორდი. ვის მიჰყიდეთ?
ლედი. გაყიდეს.
ლორდი. ლედი, გთხოვთ, გაჩუმდეთ!
სიზი. ერთმა გერმანელმა შემოგვიარა.
პაგანელი. ყველგან ეს გერმანელი.
ლორდი.

და რამდენი გადაგიხადათ?
სიზი. ხუთასი არშინი ჩითი, ოცი კასრი ლუდი, ერთი მისიონერი და გარდა ამისა, კირის შარვალიც აჩუქა.
კირი. აი, ეს შარვალი.
სიზი. მე კი მან ხუთასი გერმანული მარკა მაჩუქა, რომლებითაც ჩემი ვიგმამი ამოვქოლე. კედლებზე ავაწებე.
ლორდი. და მან ხუთასი ფუტი მარგალიტი წაიღო?
სიზი. ჰო, წაიღო.
კირი.

ხომ გეუბნებოდით, თქვენო უმაღლესობავ, რომ იაფად გავყიდეთ.
პაგანელი. თაღლითი.
კირი. ხომ გეუბნებოდით, თქვენო უმაღლესობავ!
სიზი. ნუთუ მან მოხუცი სიზი დაჩაგრა? მაგრამ ის ხომ დაგვპირდა, დავბრუნდებიო, თავისი მხრჩოლავი ხომალდით?
გატერასი. ჰოდა, თუ მართლაც ჩამობრძანდება, თავისი მხრჩოლავი ხომალდით, შენ ის უკან უნდა იპინტრიშო, თავის ევროპაში! ოჰ, დამანახა რა, თავისი გემის ცხვირით ფსკერისკენ წასული. შენც კაი ბებრუცუნა ყოფილხარ! თუ ის აქ კიდევ გამოჩნდა და შენ იმას, თავის დაჟანგული გემის ღუზიანად თავით არ ჩააყუდებ ოკეანეში... მე პირდაპირ...


ლორდი. დამშვიდდით, კაპიტანო!
გატერასი. რა ვქნა, არ შემიძლია, თქვენო აღმატებულებავ, ეს არაპები, ეს ღმერთიც...
ლორდი (ჩუმად). სერ, ეს რა არის? ა? გსურთ?
პაგანელი. სერტენემან. რაღა თქმა უნდა. უი!
ლორდი.

შუაზე გავიყოთ?
პაგანელი. კი ბატონო!
ლორდი (ხმამაღლა). იცით, რა? კიდევ გაქვთ მარგალიტი?
სიზი. ახლა? ახლა საიდან, ძვირფასო, გაზაფხულზე გვექნება, სამი თვის შემდეგ.
ლედი. როგორია? ნიმუშს ხომ ვერ მაჩვენებთ?
სიზი. ჩვენება შეიძლება. ტოხონგა, გამოუტანე, რა, ვიგვამიდან, იცი, რომელი? აი, რომლითაც ლურსმნებს ვაჭედებ ხოლმე, ის მარგალიტი.

ტოხონგას არანორმალურად დიდი მარგალიტი გამოაქვს.

ტოხონგა.

აი.
ლორდი. ვუალია.
ლედი. ვაიმე, ცუდად ვარ...
პაგანელი. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარია?
გატერასი. ხუთასი ფუტი, ასეთი? ასეთი?
სიზი. არა, ის ამაზე მსხვილი იყო.
კირი. ბევრად მსხვილი, თქვენო ბრწყინვალებავ.
გატერასი.

აღარ შემიძლია...
ლორდი. აი, რა. მოკლედ. ჩვენ ახლა ევროპაში ვართ წასასვლელი. თქვენ კი ეს მარგალიტები ვიღაც ინტრიგან გერმანელს მიჰყიდეთ.
სიზი. ეჰ, ეჰ! ის დაისჯება. მას სული ვაიდუა დასჯის.
გატერასი.

ჰო, ჯიბე მიუშვირე!
ლორდი. კაპიტანო, ჩემი თხოვნაა, ნუ მაწყვეტინებთ. მაშ ასე! მთელ თქვენს მარგალიტს მე ვყიდულობ. და არა მხოლოდ იმას, რომელსაც გაზაფხულზე შეაგროვებთ... ყველაფერს, ყველაფერს, რასაც კი ათი წლის მანძილზე შეაგროვებთ. მე გადავიხდი...
პაგანელი. ჩემთან ერთად.

ნახევარს მე ვიხდი.
ლორდი. დიახ, ნახევარს ჟაკ პაგანელი გადაიხდის. გინახავს როდისმე ინგლისური სტერლინგი?
სიზი. არა, ძვირფასო. ეგ რას ნიშნავს?
ლორდი. ეს, საკმაოდ მოსახერხებელი რამეა. სადაც არ უნდა მოხვდე მთელი დედამიწის ზურგზე, ერთი სიტყვით, ეს ქაღალდი...

აი, ეს. ყველგან, სადაც კი წარუდგენ ამას. შენ იმდენ ჩითის ნაჭერს მოგცემენ, რამდენსაც გინდა, თამბაქოს, თუნდაც მთელ გორას, შარვლებს და რამდენსაც მოისურვებ იმდენ ცეცხლოვან წყალს.
გატერასი. და არა იმ ბანდიტის აყროლებულ ლუდს...
ლორდი. ...რომს, რომს, ვისკის!
სიზი. შენ კი ღმერთები შეგეწევიან.
ლორდი. ყური დამიგდე.

მე შენ ათას ცალ ასეთ ქაღალდს მოგცემ. და შენც, შენ კუნძულს ჩითის ნაჭერს ჩააცვამ, როგორც ქალს კაბას. მე შენ ხუთას კასრ კონიაკს მოგცემ, რომელიც თივასავით აბურბურდება, თუკი ცეცხლს მისცემ, მე შენ ათასობით არშინ კოლენკორს მოგცემ, და ას, ას... ათჯერ ასს... გესმის? ორმოცდაათ ყუთ სარდელს... მეტი რა გინდა?…
სიზი. მეტი არაფერი.

შენ ძალიან კეთილი უცხოელი ხარ.
გატერასი. მე კი ჩემს ჩიბუხს გაჩუქებ, მხოლოდ ერთი პირობით, რომ როცა ჩამოვალ, ის წყეული გერმანელი ამ ხეზე ეკიდება, როგორც დამპალი ბანანი.
კირი. მე კი ჩემოდანი, თქვენო აღმატებულებავ.
ლორდი. ჰოდა, კარგი... მე მთლიანად წინასწარ გადაგიხდი, ხომ გესმის.
სიზი. მე შენ ძალიან შემიყვარდი!
ლორდი. მეც მიყვარხარ, მაგრამ ასე ნუ მლოშნი, აი, პაგანელი გადაკოცნე.
პაგანელი.

მერსი, მე გუშინწინ გადამკოცნა და გავძეხი.
ლორდი. აქ მომიწერე ხელი!
სიზი. ძვირფასო, იცი, მთელი თვე უკულტურობის კარანტინი მქონდა, ყველაფერი გადამავიწყდა, მარტო ერთი კრენდილივით ასო მახსოვს, დანარჩენი ყველაფერი თავიდან გამომიფრინდა.
კირი. მომეცით აქ, ლორდ. აი, ინებეთ. კ და კ. კირი-კუკი.
ლედი.

აი, ეს მესმის. ის განათლებულია. (ჩუმად) მგონი მომწონს ეს არაპი. (ხმამაღლა) ვინ გასწავლათ?
კირი. უცხოელებმა ქალბატონო.
ლორდი (კითხულობს). კირი-კუკი და... ჩემოდანი? ეს რაღაა? 
კირი.

ეს, ისე, რომ შეგახსენოთ. ჩემოდანი რომ არ დაგვიწყებოდათ, თქვენო ბრწყინვალებავ.
ლორდი. აა. მიეცით მას ჩემოდანი, საუკეთესო, გველის ტყავის. 

პასპარტუ ჩემოდანს აწვდის.

კირი. აუ, რა მაგარია. არაა, არ მჯერა.

ვაარ კი ღირსი ასეთი მშვენიერი ჩემოდნის? უნდა გაკოცოთ, ლორდ! 

ლორდი უკან იხევს. კირი ლედის ჰკოცნის.

ლედი. თქვენ თავხედი ხართ.
ლორდი. ეს უკვე ზედმეტია. მაშ ასე, დაითვალე... (აწვდის ფულის მსხვილ დასტას) აი, ფუნტი-სტერლინგები. მაგრამ დაიმახსოვრე.

ბიზნესს მოტყუება არ უყვარს. სამი თვის შემდეგ მარგალიტისთვის დავბრუნდები. გერმანელი თუ გამოჩნდა, გააგდებ! არ აურიო რამე, თორემ გავბრაზდები.
პაგანელი. მეც! ომი არ გამაჩაღებინო!
სიზი. რა? შენ გინდა ბებერი სიზი შეაშინო? სიზიმ ტყუილი არ იცის.
ლორდი. აი, ყოჩაღ! მეზღვაურებო, გაეცით კოლენკორი, სარდინები, ჩამოასხით რომი!
გატერასი. დაცალეთ ტრიუმი!
მეზღვაურები.

არის!.. (შემოაგორებენ კასრებს. ყრიან საქონელს).
სიზი. მადლობთ! მე შენ მარგალიტს გაჩუქებ. დაიჭი!
ლედი. მერსი, ო, სასწაულია, სასწაული!
სიზი. ტოხონგა, დაიჭირე ლედისთვის თუთიყუში!
ტოხონგა.

ახლავე!

თუთიყუშების გუნდი აფრინდება. ტოხონგა სასწაულებრივ თუთიყუშს დაიჭერს.

აი!
კირი. ქალბატონო, ნება მომეცით, გისახსოვროთ ეს თუთიყუში. ფრიად სასიამოვნო მოსართავი, თქვენი მისაღები დარბაზისთვის ევროპაში.
ლიკი. მოქნილი ვინმეა!
პაგანელი. ეს ველური _ ჯელტმენია!
ლედი. რა ლამაზია.

შეხედეთ, მუსიე პაგანელ! მერსი! მერსი! ის ლაპარაკობს?
კირი. მერე როგორ!
გატერასი. ეს რას ჰგავს? პირველად ვხედავ ცხოვრებაში ასეთ უცნაურ ეგზემპლარს. გადააშენეთ ცხრა მთას იქით!
თუთიყუში. შენ თვითონ გადაშენდი ცხრა მთას იქით!

ყველას გაუკვირდება.

გატერასი. მე მეუბნები? ეს ნახე, ეე, ეს უკუდო სატანა!
თუთიყუში. სატანას ხმა მესმის.
გატერასი.

რო მოგდებ ეხლა ეერთსს...
ლედი. რა დაგემართათ, კაპიტანო? არ მოგცემთ უფლებას ჩემს თუთიყუშს რაიმე აწყენინოთ. Попка дурак!
თუთიყუში. Сама дура!
ლედი. აჰ!
ლორდი. მეტელკინ! ნუ გაუბერე შენებურად, ეე!
თუთიყუში. მესმის, გენადი პანფილიჩ.
გატერასი.

ლორდ, მზე უკვე ჩადის ზღვაში, დროა გავცუროთ, კუნძულთან რიფებია.
ლორდი. აუშვით იალქნები, კაპიტანო!
გატერასი. მესმის! მეზღვაურები ხომალდზე!

მეზღვაურები გემზე ავლენ და იალქნებს გაშლიან.

ლორდი. გუდ ბაი!
სიზი. პაკა.
ლედი. პასპარტუ! წამოიყვანე თუთიყუში!
პასპარტუ. მესმის ლედი.
პაგანელი.

ორევუარ.
გატერასი. ასწიეთ ტრაპი! ტრამ-ტა-რა-რამ!
თუთიყუში. დედა, დედიკო, დედა...
გატერასი. აი, შენ დაიწვი! წააჭერით ამ ველურს ნისკარტი! სად არის მაკრატელი? გააგდეთ ყურედან!

იღებენ ღუზას. ხომალდი მიცურავს. მზე ოკეანეში ჩადის.

მეზღვაურები (წამოიწყებენ). ღია ზღვაში...

ღია ზღვაში...
თუთიყუში (აჰყვება). დღეს პარიზში... ხვალ დაკარში...
სიზი. წავიდნენ კეთილი უცხოელები!
კირი. პატივს დამდებთ, მოგილოცოთ, თქვენო აღმატებულებავ, მომგებიანი ბიზნესისთვის?
ლიკი. შენ კი ჩემოდანი. რა მაგრად შეახუჭუჭა, არა?
კირი.

ლიკი, მგონი, იმ ლედის დავევასე, შენ რას იტყვი?
ლიკი. რა თქმა უნდა, მგონი, თვალითაც არ უნახავს შენნაირი ჯიგიტი!
სიზი. კირი, გამომართვი ფული და კარგად გადამალე!
კირი. მესმის, თქვენო მაღალ-აღმატებულებავ!
სიზი. ყოჩაღ, ბიჭებო!
არაპები. მზად ვართ, გემსახუროთ! თქვენო ბრწყინვალებავ!
სიზი. ძალიან კარგი! ხმა ჩაკმინდეთ!

ტოხონგა ხსნის კასრს, ის ლურჯი ცეცხლით აალდება სიბნელეში.

აი, ეს მესმის!
ლიკი.

თქვენო უმაღლესობავ, კარგი იქნებოდა, ერთ ლუკმას თუ აბორიგენებსაც გადაუგდებდით.
სიზი. ერთ ლუკმას? შენ ასე გგონია? მაშ, კაი! გამოუცხადეთ, რომ `ბუნტს~ ვპატიობ! იმ ორ კაცისმკვლელსაც ვპატიობ, ოკეანეში თავი რომ დაირხრჩვეს, მე მათზე არ ვბრაზობ.
კირი. უკეთილშობილესი ხელმწიფეა! (ჩუმად) ისე კარგი იქნებოდა მცოდნოდა, ნაღდად ჩაიძირნენ თუ გადარჩნენ.
სიზი. ახლა შეგვიძლია მოვილხინოთ კიდეც, დავნიშნოთ მეჯლისი, ამ საღამოს, სამეფო კარზე, დიდებულების და ჩემი ერთგული გვარდიისთვის. და, დილას, როცა ცაზე ცისკრის ვარსკვლავი ამოვა...

ამოდის იდუმალი მთვარე.

გაუშვი, დაგვატკბონ თავიანთი ცეკვით ჩვენი ჰარამხანის ოდალისკებმა.

დირიჟორი აძლევს ნიშანს. ორკესტრი თავბრუდამხვევად ასრულებს ფრანც ლისტის მეორე სიმფონიას. ოდალისკები იწყებენ ნარნარს.

ყველაზე მხიარულად, ჩემოდნით ხელში, კირი-კუკი ცეკვავს. ფარდა ეშვება და სცენას ფარავს.

პასპარტუ (ფარდის ჭრილში ხელს აუქნევს და ორკესტრი ჩუმდება). ანტრაქტი!

დარბაზში სინათლე აინთება.

პირველი მოქმედების დასასრული.


მეორე მოქმედება
I სურათი

ორკესტრი ნგრევის კატასტროფულ მუსიკას ასრულებს.


სცენაზე წყვდიადია. ვულკანის თავზე კი მკაცრი გარიჟრაჟი.

კირი (ფანრით ხელში). ო! ვინ არის აქ? ჩემთან! ჩემთან! ეს ვინ არის? მხედართმთავარო, შენ?
ლიკი. მე ვარ, მე! ეს შენ ხარ, კირი?
კირი.

მე ვარ, მე! ეს რა იყო? შენ გადარჩი?
ლიკი. კი, ღვთის წყალობით!
კირი. სიზი-ბუზი? მოკვდა?
ლიკი. მოკვდა.
კირი. ვერ დავარწმუნე, რა... რამდენჯერ ვუთხარი, მოაშორე ამ ნავთქურისაგან ეს შენი ვიგვამი-მეთქი და არ დამიჯერა: `ღმერთები არ გაგვწირავენ, ღმერთები არ გაგვწირავენ~, აი, თუ არ გაგვწირეს!.. სხვა ვინ მოკვდა?
ლიკი.

მთელი ჰარამხანა და არაპების ნახევარი. ვინც კი დაცვაში იყო, ყველა.
კირი. კაი ამბავია!
ლიკი. ახლა რა უნდა ვქნათ? წარმოდგენა არა მაქვს...
კირი. ტვინი უნდა გავატოკოთ. და ძალიან მაგრადაც...
ლიკი. ჰოდა, მიდი, აბა, დროზე!
კირი.

მოიცა, ჩამოვსხდეთ... ოხ!
ლიკი. რა იყო?
კირი. მგონი, ფეხი ვიღრძე. ოხ!.. მაშ ასე... პირველ რიგში, საჭიროა გავერკვეთ, რა მოხდა.

მოხდა...
ლიკი. ამოფრქვევა.
კირი. მოიცა, ნუ მაწყვეტინებ! ამოფრქვევა! ჰო, წამოვიდა ლავა და ვიგვამი დამარხა. და მბრძანებელი აღარ გვყავს. 
ლიკი. და ნახევარი ლაშქარი.
კირი. ჰო, ეს კოშმარია, მაგრამ ფაქტია.

თავისთავად ისმება კითხვა, რა მოხდება შემდეგ კუნძულზე?
ლიკი. რა მოხდება?
კირი. მე შენ გეკითხები და შენ მე?
ლიკი. მე არ ვიცი.
კირი. მე კი ვიცი. აჯანყება.
ლიკი. მართლა?
კირი.

ათას პროცენტში. შენ მშვენივრად მოგეხსენება, რა დღეშიცაა ჩვენი კეთილი, ძირძველი, მკვიდრი მოსახლეობა. ახლა კი, რომ გაიგებენ, მეფეც აღარ ჰყავთ, მთლად გაცოფდებიან...
ლიკი. არ არსებობს.
კირი. `არ არსებობს?~ რა არ არსებობს, რას ბავშვობ, ვერ გავიგე! აუ, გახედე, ისევ ამოხეთქა! ე, აქამდე არ მოაღწიოს!
ლიკი. არა, ჩაწყნარდა.
კირი. არა, ძმაო, მე მაგის შუაგულში არ ვჯდარვარ...

ჩაწყნარდა _ არ ჩაწყნარდა, ეშმაკმა უწყის... ცოტა გავეცალოთ, ყოველი შემთხვევისთვის. (გადარბიან). აქ უფრო მშვიდად ვიქნებით. მაშ ისმის კითხვა, რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ `ბუნტი~ და უმეფობა თავიდან ავიცილოთ?
ლიკი. არ ვიცი.
კირი. მე კი ვიცი.

აუცილებელია ახლავე ავირჩიოთ, ახალი ხელმწიფე.
ლიკი. ეგ კი გასაგებია, მაგრამ ვინ?
კირი. მე.
ლიკი. შენ ხომ არ გაგიჟდი?
კირი. პირიქით. დავჭკვიანდი.
ლიკი. შენ და ხელმწიფე?! მაგარი თავხედობაა!
კირი.

მოკეტე! შენ არაფერი გესმის! ის ორი ნაძირალა, ალბათ, ჩაიძირა.
ლიკი. კაი-კუმი და ფარა-ტეტე?
კირი. ჰო.
ლიკი. მგონი დავინახე, როგორ ჩაყურყუმელავდნენ წყალში მაგათი თავები.
კირი. მადლობა ღმერთს. იმიტომ, რომ მარტო მაგათ შეეძლოთ ჩემი გეგმისთვის ხელის შეშლა, რომელიც, ვთვლი, რომ გენიალურია.
ლიკი. კირი, სად მიძვრები, შენ და ტახტი? მე უფრო არ...

მე მხედართმთავარი ვარ, ბოლო-ბოლო...
კირი. მერე, რა შეგიძლია, რომ? შეგიძლია რამე, რომ? შენ მარტო ბრძანებების ღრიალი იცი და მეტი არაფერი, ხომ? ჩვენ კი ჭკვიანი ვინმე გვჭირდება!
ლიკი. მერე, მე არა ვარ ჭკვიანი? ხმა, კრინტი! როცა...
კირი. შენ საშუალო ნიჭის კაცი ხარ, ჩვენ კი გენიალური პიროვნება გვჭირდება.
ლიკი. შენა ხარ, მერე, გენიალური?
კირი. ნუ მეკამათები! აუ!.. გესმის? 

ხმაური კულისებში.

ლიკი.

ეტყობა გაიღვიძეს ქაჯებმა.
კირი. ჰო, გაიღვიძეს, და, თუ არ გინდა, შენი ლაშქრის ნარჩენებიანად წყალში გადაგიძახონ, უნდა დამიჯერო. მოკლედ! მეფე მე ვარ. მიპასუხე, ხომ გინდა, რომ ისევ მხედართმთავარი იყო?
ლიკი. რა? მე, ლიკი-ტიკი, მხედართმთავარი, ვიღაც ინტრიგან კირი-კუკის ხელქვეითი უნდა გავხდე?
კირი. ასე, არა? მაშინ ჩაძაღლდები უპატრონოდ, უზიარებლად, როგორც პაპუასი. იცოდე, მე მაინც განვახორციელებ ჩემს გეგმას, მე წითელკანიანთა მხარეს გადავალ და მაინც ავალ ტახტზე.

რადგან კუნძულს ჩემს მეტი, ვერავინ გადაარჩენს. შენ კი, ცისფერი მაკაკას ყურეში კიბორჩხალებს გამოკვებავ. კარგად იყავი, მეტი დრო აღარ მაქვს!
ლიკი. მოიცა, ყალთაბანდო, თანახმა ვარ!
კირი. აი, ეს უკვე სხვა საქმეა...
ლიკი. რა უნდა გავაკეთო?
კირი. მოაგროვე გადარჩენილი არაპები და პირი ამოიკერე.

რაც არ უნდა მოხდეს, ხმა არ ამოიღო! ვითომ ენა გადაგეყლაპა! გაიგე?
ლიკი. კაი, შევხედავ, ერთი, რა გამოვა! ტოხონგა, ტოხონგა! ცოცხალი ხარ?
ტოხონგა (შემოდის). აქა ვარ, ჩემო გენერალო!
ლიკი. გაიქეცი და მოიყვანე აქ, თუ ვინმე გადარჩა!
ტოხონგა. არის, გენერალო!

უზარმაზარი ბრბოს ხმაური. სცენაზე ჯერ თითო-თითოდ, მერე კი, ჯგუფ-ჯგუფად შემოდიან არაპები, წითელი დროშებით. ალი კანკალებს და ამის გამო მთელი სცენა მისტიკური შუქით ნათდება.

კირი (შეხტება ცარიელი რომის კასრზე).

ეი, ეჰეი! აქეთ! აქეთ!
აბორიგენები. ვინ არის? ჩვენ გვეძახის? რა მოხდა? ამოიფრქვა? ვინ? რა? რატომ?

ტოხონგას შემოჰყავს ლაშქარი თეთრი ფანრებით.

კირი. მე გეძახით, მე, კირი-კუკი, აბორიგენი ხალხის მეგობარი! აქეთ! აქეთ! (ასწევს თავის ფანარს თავს ზემოთ).
I აბორიგენი. ამოფრქვევა.
კირი. დიახ, ამოფრქვევა! აქეთ! აქეთ! დამიგდეთ ყური ყველამ, მომისმინეთ, რა მინდა გითხრათ!
აბორიგენები. ვინ არის? რა უნდა? ვინ არის?
კირი. ეს მე ვარ, მე! კირი-კუკი! თქვენი მეგობარი!
აბორიგენები.

მოუსმინეთ! მოუსმინეთ! 
კირი. გაჩუმდით, ჩემო მეგობრებო! ახლა თქვენ გაიგებთ იმას, რაც მოხდა. (ჩამოვარდება სიჩუმე) დღეს, ღამით, მაშინ, როცა ჩვენი ყოფილი მეფე სიზი-ბუზი მეორე...

ისმის დაფდაფების ხმა. ეს ორკესტრია.

არაპები. ღმერთებმა წაიყვანეს!.. 
ლიკი. ჩუმად, თქვენ!
კირი (ძნელად, მაგრამ მაინც ანიშნებს კასრიდან და დაფდაფები ჩუმდება.

არაპებიც) ...არა, ღმერთებს არ წაუყვანიათ! არც არასოდეს ჰყვარებიათ ის ღმერთებს... ან რატომ უნდა ჰყვარებოდათ ტირანი, რომელმაც თავისი ხალხი ასე მიწასთან გაასწორა და აწამა?!

აბორიგენებს გაკვირვების შეძახილები აღმოხდებათ.

კირი. მაშ ასე. როცა ცეცხლოვანი წყლით გაჭყეპილი სიზი თავის ჰარამხანაში, ბანზე იწვა და მშვიდად ეძინა, ვულკანმა მუანგანამმა, რომელიც სამასი წელი დამუნჯებული იყო და თვლემდა, გამოიღვიძა, დააღო თავისი ცეცხლოვანი ხახა და ცხელი, გავარვარებული ლავა ამოანთხია. აი, სწორედ ამ ლავამ ჩაყლაპა ჩვენი კუნძული, მერე კი სიზი-ბუზიც თავის ჰარამხანიანად და მისი გვარდიის ნახევარიც დააყოლა. ეტყობა, მოვიდა სიცოცხლის წიგნში დაწვრილებით აღწერილი ზღვარი ღმერთების მოთმინებისა და ვაიდუას ნებით ტირანი აღარ გვყავს...

ხმაური

ლიკი. ნამდვილი ოქროპირია ეს მამაძაღლი.
კირი.

ძმებო! მე, კირი-კუკი, წარმოშობით არაპი, მაგრამ სულით აბორიგენი, თქვენს გვერდით ვდგავარ! თქვენ თავისუფალი ხალხი ხართ, აბორიგენებო.

მაშ დასჭექეთ ჩემთან ერთად ყველამ: ვაშა! ვაშა! ვაშა!
აბორიგენები (ჯერ ჩუმად, შემდეგ ხმამაღლა). ვაშა! ვაშა! ვაშა!
დირიჟორი (დგება და ანიშნებს). ვაშა! ვაშა! ვაშა!
აბორიგენები. ვაშა! ვაშა! ვაშა!

ხმაური მინელდება.

კირი. დღეიდან თქვენ ვეღარავინ დაგჩაგრავთ, ვეღარავინ აგიჭრელებთ ზურგს მწვავე შოლტით, როგორც ამას ზედამხედველი არაპები აკეთებდნენ, მონობა გადაგდებულია, ჭირიანობა დამთავრდა. დღეიდან თქვენ თვითონ ხართ კუნძულის სრული ბატონ-პატრონები, თქვენ თვითონ მართავთ კუნძულს! ო, აბორიგენებო!
II აბორიგენი.

ძმებო, ეს კაცი რატომ ამბობს ამას? ის ხომ არაპია? რატომ უხარია ჩვენს მაგივრად? რაშია საქმე?
I აბორიგენი. ის კირი-კუკია.
III აბორიგენი. ვინ? ვინ?
ლიკი. ხომ ვამბობდი არაფერი გამოვა ამ მშვენიერი წამოწყებიდან-მეთქი. უნდა გავასწროთ როგორმე!
IV აბორიგენი. ის კირია.
კირი. დიახ, ეს მე გახლავართ.

ვიღაცამ თქვენში, ჩემო საყვარელი აბორიგენებო, წამოიძახა: რატომ უხარია არაპს ჩვენთან ერთად? ეჰ! დამეწვა გული ამ შეკითხვის გამო! არის ვინმე კი, ვინც კირი-კუკს არ იცნობს? განა გუშინ კი არ ისმენდით ჩემ საუბარს სიმინდის ბუჩქებთან?
I აბორიგენი. კი, კი, ვისმენდით!
აბორიგენები. ვისმენდით!
I აბორიგენი. სად არიან კაი-კუმი და ფარა-ტეტე?
კირი. ჩუმად! მოისმინეთ რა ჩაიდინა, აბორიგენი ხალხის ჭეშმარიტმა მეგობარმა, კირი-კუკმა! გუშინ მე აბორიგენებთან ერთად დამაპატიმრეს, კაი-კუმთან და ფარა-ტეტესთან ერთად...
I აბორიგენი. სად არიან კაი-კუმი და ფარა-ტეტე?
კირი. დამიგდეთ ყური! ყური დამიგდეთ! ჩვენ სიბნელეში ჩაგვყარეს.

მერე კი, აქ, სიზი-ბუზის ტახტის წინ მოგვიყვანეს და დაგვაჩოქეს. ჩვენ აქ სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში. მე ვიყავი მოწმე იმისა, როგორ მიუსაჯეს ჩამოხრჩობა საცოდავ კაის და ფარას. ღმერთო, რა იყო ეს!
III აბორიგენი. შენ, შენ?
კირი. მე? მე უარესი დამემართა. ბებერმა ტირანმა გადაწყვიტა, რომ ჩემთვის, არაპისთვის, რომელმაც მას უღალატა, პალმის რტოზე დაკიდება და ყულფში თავის გაყოფა, ძალზედ მსუბუქი სასჯელი იქნებოდა.

მე ისევ უკან ჩამაგდეს ორმოში და იქ მთელი ღამით დამტოვეს, რათა მოეფიქრებინათ ათასჯერ მძიმე და აუტანელი სასჯელი. იქ, იმ ნესტიან ორმოში ჩამესმა ყურში, როგორ დაუსხლტნენ ხელიდან ჯალათებს, მამაცი კაი და ფარა და როგორ გადაეშვნენ ოკეანის ტალღებში, პირდაპირ ვულკანიდან და როგორ გასცურეს. დიახ, მე მწამს, რომ იმ ადუღებულ მორევში მათ სული ვაიდუა დაიფარავს.
ლიკი (ჩუმად). როგორ დაიფარავს, აბა, რანაირად, როგორ გადარჩებოდნენ ის საცოდავები!
I აბორიგენი. კაის და ფარას ღმერთები უშველიან! გაუმარჯოს კირი-კუკს, აბორიგენების დიდ მეგობარს!
აბორიგენები. გაუმარჯოს კირის! გაუმარჯოს კირის! დიდება ღმერთებს!
კირი. ჩემო მეგობრებო! ახლა ჩვენს წინაშე ერთი შეკითხვა დგას, ნუთუ ჩვენი, ყვავილივით გადაფურჩქნული კუნძული უპატრონოდ უნდა დარჩეს? ნუთუ უმეფობა და ანარქია გველის?
აბორიგენები.

ის მართალია, კირი-კუკი მართალია!
კირი. ჩემო მეგობრებო, მე გთავაზობთ, რომ ახლავე, ამწამს, სანამ დავიშლებოდეთ, ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც უშიშრად მივანდობდით კუნძულის ბედს და მის მთელ სიმდიდრესაც. ის უნდა იყოს მართალი და წმინდა, მეგობრებო! ის უნდა იყოს მოწყალე და სამართლიანი. მაგრამ, ჩემო მეგობრებო, ის უნდა იყოს განათლებულიც, რათა შეძლოს საუბარი ევროპელებთან, რომლებიც არც ისე იშვიათად, ჩვენი ნაყოფიერი კუნძულის სტუმრები არიან. ვინ უნდა იყოს ის, მეგობრებო?
აბორიგენები. შენ, შენ უნდა იყო, კირი-კუკი!..
კირი. დიახ, მე უნდა ვიყო.

თუმცა არა! არა! არავითარ შემთხვევაში! არა ვარ ღირსი ამხელა ნდობის!
აბორიგენები. კირი, შენ არა გაქვს უფლება, გვითხრა უარი! კირი! შენ არ მიგვატოვებ ჩვენ, ამ მძიმე ჟამს! შენ ერთადერთი ხარ ჩვენს კუნძულზე, ვინც განათლებულია. 
კირი. არა! არა!
ლიკი. აი გაიძვერა! (ჩუმად) კირი, რატომ იპრანჭები?
კირი (ჩუმად). შემეშვი, ბრიყვო! (ხმამაღლა) ნუთუ, მართლაც, ჩემს თავზე უნდა ავიღო, ასეთი მძიმე ტვირთი და პასუხისმგებლობა? ნუთუ მე მერგო? კარგით, თანახმა ვარ!
აბორიგენები (მთელი ხმით). ვაშა! გაუმარჯოს კირი-კუკს, ჩვენი ხალხის ყველაზე დიდ მეგობარს!
კირი.

თანაგრძნობის ცრემლები მიბრმავებენ თვალებს. ო, ჩემო ძვირფასნო! ჩემო დებო და ძმებო, მე შევეცდები, მთელი ჩემი ცოდნა... რათა არ დაგაეჭვოთ თქვენმა არჩევანმა, და იმის ნიშნად, რომ სულით და გულით თქვენთან ვარ, თავიდან ვიხდი ჩემ თეთრ, არაპულ ქუდს და თქვენს მშვენიერ ჭრელ ქუდს ვიხურავ! (იხდის თავის ქუდს და აბორიგენთა მეწამული ფერის ფრთის ღეროებიან ქუდს იხურავს). ახლა კი, კირი-კუკი პირველი, ვაცხადებ ჩემს პირველ დეკრეტს. სიხარულის ნიშნად, რომ გადავიგდეთ სიზი-ბუზის უღელი კისრიდან, მე სახელს ვუცვლი ჩვენს კუნძულს და აბორიგენთა კუნძულის ნაცვლად, მას `მეწამულ კუნძულს~ ვარქმევ.

აბორიგენები ზეიმობენ.

ახლა კი მინდა გკითხოთ! რა ვუყოთ სიზი-ბუზის ლაშქრის ნარჩენებს? აი, ისინიც!

ლიკი და არაპები დაიბნევიან.

აბორიგენები. წყალში გადავყაროთ!
ტოხონგა (ლიკის). გენერალო, გესმის?
ლიკი.

გამყიდველი... 
აბორიგენები. ოკეანეში!
კირი. არა! მომისმინეთ! ჩემო ქვეშევრდომნო! ვინღა დაიცავს კუნძულს უცხო ტომთა შემოსევებისგან? ან ვის დავავალოთ, თუნდაც, ჩემი დაცვა? ადამიანის სიცოცხლე, რომელიც, როგორც ჩანს, ასე სჭირდება კუნძულს? წინადადება შემომაქვს, ჩემო მეგობრებო, თუ კი ისინი თავის საქციელს, როცა ტირანს ემსახურებოდნენ, მოინანიებენ, ვაპატიოთ და ჩვენს სამსახურში ავიყვანოთ. (ლიკის) გაეცი, დამნაშავე გენერალო, ჩემს კითხვას პასუხი: თანახმა ხარ, მოინანიო ცოდვები და სიმართლითა და რწმენით ემსახურო ჩვენს კუნძულს?

ლიკი დუმს.

უპასუხე, დაუნო, შენ გეკითხებიან!
ლიკი (ჩუმად). შენ არ მიბრძანე ხმა არ ამოიღოო?
კირი. აზრზე მოდი, ბიჭო!
ლიკი.

თანახმა ვარ, მბრძანებელო!
კირი. არ წახვალ აბორიგენი ხალხის და ჩემს წინააღმდეგ?
ლიკი. არასოდეს თქვენო აღმატებულებავ!
კირი. ყოჩაღ! შენ ჩვენი ერთგული ხარ!
ლიკი. მზად ვარ გემსახუროთ, თქვენო აღმატებულებავ!
კირი. ყვირილში, მართლაც, ვერავინ გაჯობებს. (არაპებს) თანახმა ხართ?
არაპები.

თანახმა ვართ, თქვენო აღმატებულებავ!
კირი. გპატიობთ ცოდვებს და შეწყალების ნიშნად სახელი მინდა გადავარქვა დამსახურებულ სახალხო არაპებს.
არაპები. გმადლობთ, თქვენო აღმატებულებავ!
კირი. ეშმაკმა წაგიღოთ, გამისკდა ყურის ბარაბნები, გამისკდა. უთხარი დადუმდნენ!
ლიკი. სიჩუმე!
კირი. ამეებს გახდი და ჩვენს, აბორიგენულ ტანსაცმელს ჩააცვამ!
ლიკი.

მზად გახლავართ, თქვენო აღმატებულებავ!
კირი. ღრიალის გარეშე! გეხვეწები!
ლიკი. მეს... (შემოჰკრავს ტაშს და არაპთა თავებიდან თეთრი ბუმბულის ღეროები ცვივა. ხოლო, მათ ნაცვლად მეწამული ფერისა ამოსდით. მათი ფანრები კი თეთრის ნაცვლად ვარდისფრად აინთებიან).
კირი. აი, აბორიგენო ხალხო, აი, თქვენი ლაშქარი.
აბორიგენები.

ვაშა!
ლიკი. საცერემონიო მარშით!.. (დირიჟორი ჯოხს აიქნევს) ...Шагом …арш!

ორკესტრი მარშს უკრავს. არაპები კირის ახლოს მარშით ჩაივლიან. აბორიგენების აურაცხელი ხროვა ფანრებს იქნევს.

კირი. გამარჯობათ! გვარდიელებო!
არაპები. Здр… жел… ваше величество!

ლიკი მარშის შემდეგ მივა და კირის გვერდში ამოუდგება.

კირი.

ნახე?
ლიკი. შენ მართლაც გენიოსი ყოფილხარ! ახლა კი დავრწმუნდი!
კირი. აბა, რა გეგონა?

ფ ა რ დ ა


II სურათი

კირი-კუკის სამეფო ვიგვამი.

კირი. მხოლოდ სამი დღეა გასული, რაც ამ წყეული კუნძულის ხელმწიფე ვარ და ამ მარგალიტების გამო კი თავი მტკივა. 
ლიკი (ჭამს). შენი ბრალია.
კირი. რატომ ვითომ? საკითხავია.
ლიკი.

ტყუილებით გაბერე და ახლა გამოძვერი, როგორც გინდა. (ირონიულად) აბორიგენი ხალხის მეგობარი! (ღეჭავს) ვინა ყიყინებდა, ჩვენ ძღომამდე გვექნება, ბრინჯიც და შაქარიცო... ცეცხლოვანი წყალიც თქვენია და ყველაფერიც თქვენიაო. თქვენ თვითონ ხართ პატრონებიო, გახსოვს რას ჰპირდებოდი? ასე არ იყო? ჰოდა, ისინიც დაეპატრონნენ.
კირი. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ითხოვენ, მარგალიტი ინგლისელებს არ მივცეთო. რა კაია? რანაირად არ მივცე, თუკი ფული გადახდილი აქვს? 
ლიკი. და ცეცხლოვანი წყალიც.

რა უნდა ქნა?
კირი. ესენი სერიოზულად არ აპირებენ მარგალიტის მიცემას, ხომ იცი. შეგროვებით, შევაგროვებთო, მაგრამ ჩვენ თვითონვე მოვიხმართო, ამბობენ. მაშინვე წნევა მიწევს, როგორც კი იმას გავიფიქრებ, როგორ უნდა გამომეცხადოს გემით ის გაბერილი ფიზიონომია, იმ თავის `რიჟა~ ბაკენ-ბარდებით და მარგალიტი მომთხოვოს. რა უნდა ვქნა? კიდევ კარგი, ის ორი წამქეზებელი წყალში დაიხრჩო. 
ლიკი (ღეჭავს). ჰო...
კირი.

რა თქვი?
ლიკი. ჰო-მეთქი.
კირი. ჰო. რა ჰო? შენ მარტო ჭამა იცი, ერთ რჩევას არ მომცემ!
ლიკი. ეგ ჩემი საქმე არაა, რჩევების მიცემა. მე რაც მევალება იმას ვასრულებ, გიცავ, არა? ჰო, გიცავ? მართვით კი შენ უნდა მართო, მე ვერ დაგეხმარები!
კირი. მერე კარგად იქცევი?
ლიკი.

აი, სიზი-ბუზის დროს ყველაფერიც კარგად იყო.
კირი. რატომ იყო კარგად?
ლიკი. სიზის დროს ეგენი მარგალიტს უსიტყვოდ იძლეოდნენ. წესრიგი იყო, აი, რა!
კირი. ჰოდა, ახლაც წესრიგი უნდა დავამყაროთ!
ლიკი. გვიანი როა, ჩემო ძვირფასო მბრძანებელო? ძალიან გაანებივრე, ძალიან!
კირი. არა? წუწუნით ამ საქმეს არაფერი ეშველება.
ტოხონგა (შემოდის).

გამარჯობა, შენი, მფარველო!
კირი. გმადლობთ. ახალს ხომ არაფერს გვეტყოდი?
ტოხონგა. აბორიგენები ისევ მოვიდნენ, ახლოს უნდათ, რომ გნახონ.
კირი. ისევ? არა, ეს რაღაც სასჯელია. კაი, შემოყარე აქ, კაბინეტში.
ტოხონგა. მესმის მრძანებელო! (გადის) შედით!

შემოდიან I, II და III აბორიგენი.

აბორიგენები.

გაუმარჯოს ჩვენს მფარველს, კირის. დაიფარონ ღმერთებმა. 
კირი. ჰოო. თქვენც დაგიფარონ, ასევე! ძალიან მიხარია, იცით, მომბეზრდა უთქვენოდ. ამ დილის მერე აღარ მენახეთ და... 
აბორიგენები.

ღმერთებმა დაიფარონ ლიკი-ტიკიც. სახალხო გვარდიის უშიშარი მხედართმთავარი.
ლიკი. თქვენც, თქვენც!
I აბორიგენი. სადილს მიირთმევ, მამაცო ლიკი?
ლიკი. არა, დავლურს ვუვლი.
II აბორიგენი. ჩვენს მამაც ლიკის ხუმრობა ძალიან უყვარს.
კირი. ჰო, ის მხიარული მორალის კაცია.

ჰო, მართლა, მხედართმთავარო, მე ვფიქრობ, რომ შენ შეგიძლია ბევრად გულისხმიერად მიმართო ჩემს ქვეშევრდომებს. (ლიკი ბურტყუნებს) ჩამოსხედით, ბიჭებო, სადაც მოგიხერხდეთ. (აბორიგენები სხდებიან) მოდით, ძვირფასი დრო რომ არ დავკარგოთ, მომახსენეთ, რამ მოგიყვანათ, ჩემს ვიგვამში, როცა მზის ღმერთი უმაღლეს ზენიტშია, და არა მარტო მრძანებლები, არამედ უბრალო მოკვდავნიც, სიმინდის კრეფით გადაქანცულნი, თავიანთ ვიგვამებში ისვენებენ? (ჩუმად) `ნამიოკების~ გაგებაშიც არ არიან ეს პირუტყვები!
I აბორიგენი. მოვედით, რომ სასიხარულო ამბავი გამცნოთ.
კირი. წინასწარ ვუერთდები თქვენს მხიარულებას, თუმცა არ ვიცი, რაზეა ლაპარაკი.
III აბორიგენი. მოვედით გითხრათ, რომ დღეს ძალზე იღბლიანი დღე გვქონდა, ჩვენ თხუთმეტი მარგალიტი ამოვიღეთ და მათგან ყველაზე პატარა, აი, ამ ჩემი მუშტის ხელაა.
კირი. აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ერთი რამ მაინც მაგრად მაკვირვებს.

რატომ არ მოარბენინეთ იმავწამს ჩემს ვიგვამში? ხომ გაგაფრთხილეთ ამ დილას?
I აბორიგენი. ო, კირი, მბრძანებელო, ამ მარგალიტების გამო ხალხი უკვე ძალიან ღელავს, სწორედ მაგის გამო გამოგვაგზავნეს, აინტერესებთ, რას უპირებ.
კირი. ჩემო კარგებო, ამ სიცხეში ძალიან ძნელია, ერთი და იგივე ათჯერ და ასჯერ გიმეოროთ, მიუხედავად ამისა, ასმეერთეჯერ უნდა გითხრათ, რომ ისინი ჩემს ვიგვამში უნდა მოიტანოთ! და როცა ხუთას ფუტამდე შევაგროვებთ, ჩამოვა ინგლისელი და წაიღებს.
II აბორიგენი. კირი, ხალხს არ უნდა, რომ მარგალიტები ინგლისელმა წაიღოს.
კირი. მაგის მიუხედავად, მაინც მოგვიწევს მიცემა. იმიტომ, რომ სიზიმ ის უკვე მიჰყიდა ინგლისელს და ფულიც მთლიანად გამოართვა. 
III აბორიგენი.

კირი, შენ იცი, რაზე ყბედობდა ხალხი ამ დილას, მარგალიტებისას ჭერისას?
ლიკი (სცრის კბილებში). აი, აი, შედეგიც... სიზის ამას ვინ გაუბედავდა!...
I აბორიგენი. რას ამბობს შენი მცველი?
ლიკი. არა, არაფერი... ისე, რომანსი წავუმღერე, ჩემთვის...
კირი. სარდალო, სიცხის დროს სიმღერა ძალიან მავნებელია.
ლიკი.

კი, ბატონო, აღარ ვიმღერებ!
კირი. რაზე ყბედობდაო, რას ამბობდი?
III აბორიგენი. იმაზე, რომ კირი ძალიან ცუდად იქცევა, იმაზე რომ გვაწვება, მარგალიტები ინგლისელს მივცეთო. 
კირი. ჩემო კარგებო, აბორიგენულ ენაზე გეუბნებით, რომ ინგლისელი ზარბაზნებით მოგვადგება. ხელი კი მე მაქვს მოწერილი.
I აბორიგენი. კირი, ხალხის მეგობარი, დაუფიქრებლად მოიქცა, როცა ქაღალდს ხელი მოაწერა.
კირი.

არ გეჩვენება, რომ უბრალო აბორიგენი კუნძულის მფლობელზე ასე არ უნდა ლაპარაკობდეს?
I აბორიგენი. მე სიყვარულით ვამბობდი.
კირი. მეც სიყვარულით გიცხადებთ, რომ თქვენი... ღმერთებმა მითხრეს, რომ მარგალიტი აქ უნდა მოიტანოთ!
II აბორიგენი. აბორიგენი ხალხი ამას არ გააკეთებს! 
კირი. მე კი ვამბობ, რომ გააკეთებს!
აბორიგენები.

არ გააკეთებს!
კირი.

გააკეთებს!
აბორიგენები. არ გააკეთებს!
კირი. ტოხონგა!
ტოხონგა. რა გნებავთ?
კირი. მომაწოდე ცეცხლოვანი წყალი! (დალევს. ყვირის) გააკეთებს!
I აბორიგენი. კირი, თუ შენ ასეთ მაღალ ხმაზე გააგრძელებ ყვირილს, იცოდე, ყელზე მთავარი ძარღვი გაგიწყდება!
კირი.

არა, რა, აღარ შემიძლია ამათთან ლაპარაკი! იძულებულს მხდიან სხვანაირად მოვიქცე! ბელადო! მიიღე ზომები, რომ მოგროვილი მარგალიტი ახლავე ჩემს ვიგვამში მოიტანონ! მე კი გავალ და ჰამაკში ჩავწვები, რომ ჩემმა გადაქანცულმა სხეულმა ოდნავ მაინც მოისვენოს.
ლიკი. გამოდის, რომ ეს საქმე მე გადმომილოცე?
კირი. დიახ! (იმალება).
ლიკი. მზად ვარ გემსახუროთ! (იწყებს მკლავების დაკაპიწებას).
I აბორიგენი. რას აპირებს უშიშარი ბელადი?
ლიკი. ვაპირებ, რომ კბილები ამოგინაყო და ამისათვის ვიკაპიწებ მკლავებს!
I აბორიგენი. გაიგონეთ, რა მითხრა? დავუჯერო ჩემს ყურებს, ჩემო ძვირფასებო? ის აპირებს, რომ კბილები ამომინაყოს.

მე, თავისუფალ აბორიგენს, ჩემივე კუნძულზე! გვარდიის მხედართმთავარი ყბაში მოდებას მიპირებს!..
II და III აბორიგენი. ეჰეე! ე!
ლიკი (ლეწავს პირველ აბორიგენს ყბაში. II და III შეშინებული მოიკუნტებიან და მიწაზე ჩასხდებიან). მოიტანთ მარგალიტს! მოიტანთ! მოიტანთ! 
II და III აბორიგენი. მცველებო!
ლიკი. უხმეთ გუშაგებს!
ტოხონგა. ეი! 

შემორბიან არაპები.

ლიკი.

ჩაყარეთ ეს არამზადები სარდაფში!
II და III აბორიგენი. რაო?! რაო... ჩვენ?

საშინელი ხმაური კულისებში. შემოვარდება აბორიგენების ბრბო, უკან კაი-კუმი და ფარა-ტეტე მოსდევენ.

აბორიგენები. გაგვიშვით! ხელი გაგვიშვით!
ტოხონგა. შეჩერდი! ვის ვეუბნები! საით! ე, საით!
ლიკი. ეს რას ნიშნავს?! უკან! უკან! ეს რას ჰგავს?! როგორ ბედავთ დაუპატიჟებლად მბრძანებლის ვიგვამში შემოჭრას!?
IV აბორიგენი.

არა, ლიკი! შეეშვი მაგ ყვირილს! დამთავრდა ვიგვამები! ჩვენ მოვიტანეთ დიდებული ამბავი! მეგობრებო, აქეთ!
II და III აბორიგენი. გვიშველეთ!
I აბორიგენი. მეგობრებო, თქვენ იცით, აქ რა მოხდა? ის... ის...
ლიკი. ისევ მარგალიტები? მე თქვენ გიჩვენებთ, როგორ არ უნდა უგდოთ ყური თქვენს მიერვე არჩეულ ხელმწიფეს! ეი! მცველებო!
IV აბორიგენი. არა, საქმე აქ მარგალიტებში არ გახლავთ! ბევრად უფრო საინტერესო მოვლენა მოხდა. კირი სად არის?
აბორიგენები.

კირი! კირი!
ლიკი. ე! ეს რა ხდება! რა ამბავია! მორჩით, აქ, ყეფას! ეი! ტოხონგა, მომაცილე ესენი თავიდან!
აბორიგენები. წყნარად, ე, წყნარად! 
კირი (გამოდის). რა ამბავია?
აბორიგენები (აღელვებული). აი, ისიც! აი, აი, ისიც! აი! აა!
კირი. ჰოო, რა იყოთ, მე ვარ! ა, გამარჯობათ, ძვირფასო მეგობრებო. რა ბევრნი ხართ? შესანიშნავია! 
IV აბორიგენი.

იცი, ახალი ამბავი მოგიტანეთ! ჰო, ჰო!
კირი. კარგით, რა, ჩემო კარგებო, ხომ უკვე მოვისმინე დღეს თქვენგან ერთი ახალი ამბავი. და, გარდა მაგისა, მეძინება. რაშია მაინც საქმე?
IV აბორიგენი. დღეს, როცა ყურეში, წყალში მეორე ცვლა ჩაეშვა მარგალიტების საძებნელად... რა გგონია, შენ კირი, რა ამოათრიეს მარგალიტების გარდა? 
კირი. საინტერესოა! კიბორჩხალა, ალბათ, ან რაიმე იაფფასიანი ყელსაბამი, რომელიც თქვენმა ქალებმა დაკარგეს ბანაობისას.

მაგრამ ეს ამბავი, არც ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ამის გამო, ასეთი ამბავი ატეხოთ და მბრძანებლის ვიგვამში შემოცვივდეთ.
IV აბორიგენი. არა კირი, ჩვენ კიბორჩხალები არ გამოგვითრევია, ჩვენ ორი, მთლად გალურჯებული აბორიგენი გამოვათრიეთ... აი, შენი თვალით ნახე! გაიწიეთ, მეგობრებო!

აბორიგენები უკან დაიხევენ. გამოჩნდებიან კაი და ფარა. გამეფდება სრული სიჩუმე. 

კირი (ჩაიკეცება). ეშმაკმა დალახვროს!
ლიკი.

სულ ვგრძნობდი ამას, მოველოდი! დაიწყება ისევ... (კირის) საინტერესოა, ახლა რაღას იზამ!?
კაი. მეფობ, არა, კირი? გვიცანი თუ ვერ გვიცანი?
კირი (აკვირდება). ვერა... ჰმ... ვერა, ვერ მიცვნიხართ.
ფარა. ვერა, ხომ? შე ნაძირალავ!
კირი.

როგორ მიბედავთ! მე? ხელმწიფეს? (ლიკის, ჩუმად) მოამზადე ლაშქარი, მაგარი სკანდალი ატყდება!
ლიკი. ვიცი, ვიცი ისედაც... ტოხონგა! ტოხონგა!
კაი (გზას გადაუღობავს). მოიცა! მოიცა! უკან დაიწი, მეგობარო!
ფარა. მაშ, ვერ გვიცანი, არა?
კირი. სახე კი მეცნობა... მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ, სად უნდა მენახა ასეთი სუფთა ფიზიონომიები ან ასე იდეოლოგიურად ანთებული თვალები...

სიზმარში?
ფარა. არამზადავ! შენ ჩვენ ბოლოს, აი, ზუსტად ამ ადგილას გვნახე, როცა სიზი-ბუზი გვასამართლებდა! (ლიკის) შენც ჯალათი ხარ, ლიკი!
ლიკი. მერე, ვინმე უარყოფს, რომ? მე მაშინვე გიცანით! ამრევები!
კირი. ვა! სად მქონდა თვალები... არა, დროა სათვალე ვიხმარო, მე მგონი ახლომხედველად ვიქეცი, იცით? რა ბედნიერებაა! დიდება, უკვდავ ღმერთებს!
კაი. ნაბიჭვარო!
კირი. რა? იცი, ვერაფერი გამიგია შენი, ძვირფასო კაი-კუმ! მაგრამ გპატიობ, მაინც! რატომ მესხმი თავს? რატომ გადაგავიწყდა, როგორ ვისხედით ერთად ცივ ორმოში, მე, შენ და ფარა? სწორედ ამ ალაგას, სადაც ამწამს შენი მართალი ფეხები დგანან?
კაი.

რამ დაგაბრმავათ, ხალხო, რას დგახართ ყუმებივით? ეს რამ აგარჩევინათ ხელმწიფედ?
კირი. ყოფნა-არყოფნა! საკითხავი, აი, ეს არის! როგორც წამოიძახა დიდმა ჰამლეტმა... ლიკი, მოამზადე ისრები!
ლიკი. ნუ წელავ, რა? ჯობს ეგრევე ჩხუბზე გადავიდეთ! ტოხონგა! ტოხონგა!.. შუბი მომიტანე, რა!
კაი. ვინ! არამზადა, რომლის მსგავსიც არ უნახავს ქვეყანას, ადამ და ევას სამოთხიდან გამოსვლის შემდეგ. პროვოკატორი, ინტრიგანი, ავანტურისტი!
კირი.

მარტო ერთი რამე ამიხსენით, რა? როგორ გამოსცურეთ?
ფარა. სამი დღე კუნძულის გარშემო დავცურავდით და ბოლოს, როცა ძალა გამოგველია, ყურეში შევცურეთ, საიდანაც ჩვენმა ერთგულმა ძმებმა გამოგვათრიეს, კიდეც.
კაი. მეგობრებო, აი, ამ ყალთაბანდმა, ჩვენს წითელ ფერზე რომ გადაღება თავისი თეთრი ბუბბულის ღეროები, აი, სწორედ აქ წაგვიკითხა სასიკვდილო განაჩენი. მან, მაშინაც, როცა სიმინდის ბუჩქებთან სიტყვაში გამოვიდა, მოგვატყუა, ვითომ ჩვენი დიდი მეგობარი და რევოლუციონერი იყო. ის, ის, ხელმწიფის ჟანდარმია, ხალხო!
კირი. აუ, ამას რა მოჰყვება, ნეტა, ახლა?
აბორიგენები. მოღალატე!
კაი.

სიკვდილი მაგას!
ფარა. სიკვდილი მაგას და მახრჩობელა გველს, ლიკი-ტიკის!
ლიკი. აბა, აბა, ფრთხილად ცოტა, მე, ძმაო, ასე კი არ დაგნებდებით!
I და IV აბორიგენი. სიკვდილი მაგათ!
კაი. ძირს ნაძირალა!
აბორიგენები. ძირს!
ლიკი. წინ, ჩემო ლომებო! ჩემო სახელოვანო, გვარდია!

დირიჟორი ნიშანს აძლევს _ ისმის საყვირის ხმა.

სცენაზე შუბებით ხელში არაპები შემორბიან. არეულობა.

კაი.

აჰ, ასე ხომ? ძმებო, აბორიგენებო, აისხით იარაღი, იარაღი აისხით! დაიჭირეთ შვილდ-ისრები და შუბები! ვისაც არა გაქვთ ქვები, თუნდაც დანები! ვისაც რა მოგვხდეთ ხელში! წინ! გაუჭყლიტეთ თავი ამ შხამიან გველს, რომელიც სამეფო ტახტზე აცოცებულა!
აბორიგენები (დარბიან ყვირილით). აისხით იარაღი!
ფარა. აისხით იარაღი!
ლიკი. დაინახეთ ხალხის მეგობარი? ტოხონგა, ჩარაზეთ ალაყაფი! ყველანი სათოფურებთან! ლაშქარო, მწკრივდი!

არაპები სათოფურებისკენ გარბიან.

კირი. ლიკი, ძვირფასო, მზეჭაბუკო, შეეცადე შეაკავო! იქნებ საზღვრამდე მივაღწიოთ.

სათოფურებთან, ჩემო ერგულო ლომებო, სათოფურებთან!

შერბის ვიგვამში და გამორბის თავის ჩემოდნით.

ლიკი. ახ, ჩემოდანი, შენი აზრით, იარაღია, არა? ნება იბოძე და სათოფურებთან მიბრძანდი! საკუთარი ვაჟკაცობით, შენ მაგალითი უნდა მისცე გვარდიელებს!
კირი. მე სჯობს აქედან ვუჩვენო მათ ვაჟ... ღმერთო ჩემო, რა მედგრად იბრძვიან... ვიგვამიდან...
ლიკი. ლაჩარო! შენი ბრალია...
აბორიგენები (კულისებში). აქეთ, ამხანაგებო, აქეთ! სიკვდილი გამყიდველ კირი-კუკს! ჯილდო, მისი მოკვეთილი თავისთვის!
კირი.

გესმის, რას ბღავიან? კოშმარია პირდაპირ!
ლიკი. ჰოდა, ეგდე, შენ, აქ, ლაჩარო! ტოხონგა, ალაყაფი ჩარაზე?
ტოხონგა. დიახ! გენერალო!
ლიკი. გვარდიელებო! დასცხეთ აბორიგენებს! Залпом! Залпом!

პირველი აბორიგენი მოულოდნელად სათოფურებთან გამოჩნდება.

ცეცხლი!

არაპები ისრებს სტყორცნიან.

I აბორიგენი (მკერდში ისარგაყრილი). ვკვდები. (გაუჩინარდება).

ვიგვამში შუშები ტყდება და დიდი ხმაურით ცვივა.

კირი. ვაიმე, ეს რა იყო?
ლიკი.

ეს პირველი საჩუქარი იყო შენთვის, ხალხის მეგობარო! ქვა ისროლეს და ფანჯარა ჩაამსხვრიეს. არაპებო, არ შედრკეთ! ცეცხლი! სარდალი თქვენთანაა! (კირის) ნაძირალავ! არ გაბედო და შენი ლაჩრობა გვარდიელებთან არ გაამჟღავნო!
კირი. ჩემო ტკბილო ლიკი. რომელი სამხედრო ხელოვნების სპეციალისტი მე ვარ. ახლა შენი დროა. მე კი ვიგვამში შევალ და შემდგომი მოქმედების გეგმას მოვიფიქრებ. მითუმეტეს, რომ ექიმმა ნერვიულობა სასტიკად ამიკრძალა.


აბორიგენები (კულისებში). ვაშააა!
I არაპი. ვკვდები! დედა!
ლიკი. მიდი, გაამხნევე ბიჭები რაიმე ვაჟკაცური სიტყვით!

ისევ ცვივა შუშები.

კირი. გვარდიელებო! თავს უშველელეთ! გაიქეცით! (აღებს ჩემოდანს, თავზე იხურავს და ოთხზე მიცოცავს).
ლიკი. უნამუსო!

მოფრინავენ ისრები.

ფ ა რ დ ა

მეორე მოქმედების დასასრული


III მოქმედება
I სურათი

სამოციანი წლების გემოვნებით მოწყობილი ლორდ გრენარვანის მდიდრული მისაღები, რომლის ფანჯრებიც სანაპიროს გაჰყურებენ, ლედი რიალთან ზის და რომანსს მღერის. ლორდი და პაგანელი ჭადრაკს თამაშობენ, გატერასი კი თამაშს უყურებს.

ლორდი.

ბრავო! ბრავო! ჩემო ძვირფასო, თქვენ დღეს ისეთი ხმა გაქვთ, ნამდვილი სირინოზის! 
პაგანელი. ბრავო, ბრავო, მადამ!
გატერასი. ბრავო!
თუთიყუში (გალიაში). ბრავო! ბრავო!
პაგანელი. ქიში მეფით!
ლორდი. მე ასე...
პაგანელი. ქიში...
ლორდი.

მე ასე...
პაგანელი. ქიში და...
ლორდი. ეშმაკმა წაიღოს! გნებდებით, სერ!
გატერასი. პაიკით უნდა გეთამაშათ, ლორდ!
ლორდი. მერე?
გატერასი. მერე ეტლი გაგეწიათ.
ლორდი. მერე?
გატერასი.

მერე... ჰმ!
თუთიყუში. `დურაკ~!
გატერასი. მე თქვენ გარწმუნებთ, ლორდ, ამ წყეულ ფრინველს კისერი უნდა მოვუგრიხოთ. ტვინი წაიღო.
ლედი. რას ამბობთ, კაპიტანო, ამის უფლებას არ მოგცემთ! ჩემო საყვარელო, მე შენ ვერასოდეს დაგთმობ. პოპოჩკა! პოპოჩკა!
ლორდი.

რევანში გნებავთ?
პაგანელი. სიამოვნებით, მუსიე.
ლედი. უკვე ხუთია? პასპარტუ! ბეტსი! 

პასპარტუ და ბეტსი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო კარიდან იმზირებიან.

პასპარტუ და ბეტსი. რა გნებავთ, ქალბატონო?
ლედი. ჩაი მოგვართვით!
პასპარტუ და ბეტსი. გისმენთ, ლედი. (გავლენ და ჩაის და ნამცხვარს შემოიტანენ).
ლორდი.

არა, რაც არ უნდა თქვათ, როცა იმოგზაურებ და უკან ჩამოაღწევ კაცი, `სამშოლოს კვამლიც კი ტკბილი და სასიამოვნოა~!
პაგანელი. ო, კი, რა თქმა უნდა... თქვენთან საიცრად სასიამოვნოა სტუმრობა, ძვიფასო ლორდ. მე თქვენ დიდად გცემთ პატივს, დიდად!
ლორდი. სასიხარულოა.
პაგანელი. ასევე დიდად ვცემ პატივს ლედი გლენარვანსაც. (რევერანსი).
ლედი.

მეტად სასიამოვნოა.
პაგანელი. და თქვენც, უშიშარო კაპიტანო.
გატერასი. ინე... ინე...
პაგანელი (მექანიკურად _ ბეტსის). და თქვენც... თუმცა თქვენ არა... მოვრჩი.
ლორდი.

არა, ჩემი აზრით, ევროპაზე უკეთესი ადგილი...
პაგანელი. ო, უეჭველად.
გატერასი. რა სილამაზეა!
ლედი. არ მესმის, რით მოგწონთ ასე ევროპა, ბატონებო! არ მესმის.
ლორდი. როგორ თუ რით? ძალიან მაკვირვებთ, ლედი! მოხერხებულია, სისუფთავეა. არავითარი მღელვარება.
ლედი. არა, ეს მღელვარებანი ისე სასიამოვნოა...

ჩემი აზრით, ჩვენთან ჯოჯოხეთური მოწყენილობაა.
ლორდი. ლედი! ძალიან მიკვირს თქვენგან. როგორ შეიძლება, მშობლიურ, ინგლისურ კერაზე ასეთი ლაპარაკი? ჯოჯოხეთური მოწყენილობა! სახლი _ ეს იგივე ტაძარია. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს... ლედი!
ლედი. ო, არა, არა! მოგზაურობა ბევრად საინტერესოა. პოპოჩკა, შენ გახსოვს შენი კუნძული?

თუთიყუში ფრთებს შლის.

პოპოჩკა, კუნძულზე უკეთესია, ხომ? გინდა შენს კუნძულზე დაბრუნდე?
თუთიყუში.

კუა... კუა...
ლორდი. ისე, იმ კუნძულზე ძალიან კარგად ვივაჭრეთ მე და თქვენ, სერ, ასე არ არის?
პაგანელი. მშვენივრად... ქიში მეფით...
ლედი. აჰ, მე დღემდე მიდგას თვალწინ ის საოცარი მარგალიტი... როდის გავემგზავრებით წამოსაღებად? მოთმინება აღარ მყოფნის...
ლორდი.

ერთი თვის შემდეგ.
ლედი. პოპოჩკა, ერთი თვის შემდეგ, გაიგონე? ჩვენ შენთან ერთად გავემგზავრებით... შენ კვლავ იხილავ მშობლიურ ნაპირებს... აჰ, როგორ მინდა ვიცოდე, რა ხდება ახლა იქ... ო, შორეულო, იდუმალო კუნძულო... ის ელვარებს, როგორც შაქრის თეთრი ნატეხი, ლურჯი ბარხატივით რბილი ოკეანის ზედაპირზე. გახსოვთ, ხომ, ბატონებო, აქოჩრილი ტალღები?
ლორდი.

ძალიან კარგად მახსოვს.
პასპარტუ. განსაკუთრებული ტალღები, თქვენო ბრწყინვალებავ!
ლორდი. პასპარტუ, გადი, რა, შენი აზრი აქ არავის აინტერესებს!
პასპარტუ. მესმის, თქვენო ბრწყინვალებავ!
ლედი (ოცნებით). ჩვენთან კი მაინც საშინელი მოწყენილობაა... სულში კი ქარიშხალია... მე ისე მინდა, რაიმე უეცარი თავგადასავლები.

მკვეთრი ზარი.

ლედი.

ბეტსი, გააღეთ!
ბეტსი (გადაირბენს სასტუმრო ოთახს, შემდეგ კი ზურგითვე ბრუნდება უკან, ფეხის წვერებზე...

საშინლად შეშფოთებულია). ახ!
ლორდი. რა ხდება?
ბეტსი. იქ... იქ...
ლედი. ბეტსი, აბსულუტურად არ მესმის თქვენი ასეთი ფოკუსების! რა არის?
გატერასი.

ვნახავ, რა ეშმაკია!

გამოჩნდება გაკვირვებული პასპარტუ. კარი გაიღება და შემოდიან: ლიკი, კირი და ტოხონგა. კირის თავისი ჩემოდანი უკავია. სახე კი ისე აქვს ახვეული, როგორც კბილის ტკივილისას. ლიკი კოჭლობს. 

კირი. ბონ ჟუღ, თქვენო ბრწყინვალებავ.
ლორდი.

რა არის, რა ხდება, ვინა ხართ?
კირი. ლორდ, თქვენს წინაშეა, უბედური კირი-კუკი, კუნძულიდან.
ლედი. ეს ისაა?
პაგანელი. ეტუალის ტერიტორიას ვფიცავ, თუ ველურები არ იყვნენ.
კირი. სწორედ ასეა, მუსიე პაგანელ! აი, ეს, ლიკია, მედგარი მხედართმთავარი, ეს კი მისი ადიუტანტი ტოხონგა.
ლორდი. ბოდიშით, მაგრამ რამე მმართებს თქვენი?
ბეტსი. ღმერთო ჩემო, ვინ არიან, პასპარტუ?
პასპარტუ.

მოკეტე! ახლავე გაიგებ.
კირი. კხე... ჰო, ვიჯექით, ვიჯექით, ვიჯექით კუნძულზე... საშინლად მოგვეწყინა... ჰოდა, ვიფიქრეთ... მოდი, გავისეირნოთ ევროპაში, ვესტუმროთ ჩვენს საყვარელ ლორდს. ამინდიც, სწორედ რომ შესანიშნავი გახლდათ, ჩვენც ჩავსხედით ბარჟაში და აქეთ გამოვეშურეთ.
ლორდი (განცვიფრებული).

მეტად, მეტად სასიამოვნოა.
პაგანელი. ოჰო, ველურების სტუმრობა, არ გეგონოთ ხუმრობა!
ლედი. გახსოვთ? მე ჯერ კიდევ კუნძულზე ვამბობდი, რომ ის საოცრად გალანტურია. ეს ჩვენთვის დიდი პატივია. დაბრძანდით, გთხოვთ.
კირი. მერსი... დაჯექი ტოხონგა, ლორდი კეთილია...
ლედი.

თავზე რა დაგემართათ?
კირი. მივარტყი.
ლედი. საწყალი. რას?
კირი. ვულკანს, მეტად პატივცემულო ლედი.
ლედი. ნუთუ? თქვენ ალბათ ცეცხლოვან წყალს სვამდით.
კირი. რას ბრძანებთ, რას ბრძანებთ, თქვენო ბრწყინვალებავ, რა დალევა, რის დალევა!..
ლორდი.

ჩემთვის, რა თქმა უნდა, ფრიად სასიამოვნოა, რომ მეწვიეთ, მაგრამ მაინც მგონია, რომ თქვენ თქვენს კუნძულზე უნდა ისხდეთ და მარგალიტს აგროვებდეთ.
კირი. აჰ, თქვენო ბრწყინვალებავ!..
ლედი. როგორ ბრძანდება, კეთილი, მსუქანა ხელმწიფე? დამავიწყდა მისი სახელი.
კირი. სახელი.... ა, ჰო! დიახ, სიზი-ბუზი, ქალბატონო... დიახ, მოკითხვა შემოგითვალათ, როგორც წესია, დიახ...
ლიკი (ჩუმად). რას ჭიმავ, შე შობელძაღლო, უთხარ, რა, როგორც იყო, სიმართლე!
კირი.

იცით, რა, ქალბატონო, მან დიდხანს სიცოცხლე უბრძანა თავს...
პაგანელი. რას ნიშნავს უბრძანა, რა, ის ცოტათი მოკვდა?
ლიკი. რა ცოტათი, საიქიოშია, საიდანაც ვერავინ ბრუნდება.
ლორდი. რას ამბობთ, მერე, ახლა...
კირი. აჰ, თქვენო ბრწყინვალებავ!
ლორდი. რა მოხდა, მაინც? გვიამბეთ, ბოლოს და ბოლოს!
კირი. უბედურება, დიდი უბედურება.

მაგრამ, მაშინ უფლება მომეცით, რომ ყოველივე თავის რიგზე მოვყვე.
ლორდი. გისმენთ!
კირი. ლორდ, ძვირფასო, დიდი საშინელება მოხდა.
ლედი. ახ!
კირი. გახსოვთ, ჩვენი ვულკანი? კუნძულზე რომ დგას?
ლორდი. არ მახსოვს.
კირი. როგორ, თქვენო ბრწყინვალებავ, უზარმაზარი ვულკანი.

აი, როგორიც სამეფო ვიგვამია, იმის უკან კი ვულკანი, წამოუდგენელი სიდიდის. მუანგანამი.
ლორდი. მერე?
კირი. კოლოსალური... თავზე ნახვრეტით.
ლორდი. შევეშვათ, რა, ამ წვრილმანებს.
კირი. ჰოდა...

ასე, როგორც ჩანს, ვულკანმა... ოჰ, ოჰ, ოჰ, ოჰ!
ლორდი. ჰა!
გატერასი. შენ, რა, ვირისთავო, დაგვცინი, თუ რა? ლორდ, თუ ნებას მომცემთ, ერთს ისეთს წავუთაქებ კეფაში, ყველა სიტყვებს, რაც კი უნდა ამოღერღოს, ერთად წამოვაყრევინებ!
ლიკი. მოყევი, ეშმაკის კერძო!
კირი. მე იმდენად ვღელავ... მაშ, აი, ვიგვამი...

ბოდიში, ვულკანი. და, აი, ერთ მშვენიერ ღამესაც, სწორედ, თქვენი გამომგზავრების მერე, მოხდა ისტორიული ამოფრქვევა, თქვენო ბრწყინვალებავ, და ვიგვამიც და ბელადიც, ლავამ ჩაყლაპა.
ლედი. ვაი, რა საინტერესოა, არა?
კირი. ასე და ამგვარად, მოკვდა, ჩვენი მფარველი სიზი-ბუზი მეორე.
ლორდი. მარტო ის ერთი?
კირი. არა, მასთან ერთად, მისი ჰარამხანაც და ნახევარი გვარდიაც, არაპების.
ლორდი. გავიგე.

ახლა ვინ მართავს კუნძულს?
კირი. როგორ მოგახსენოთ! ის თქვენს წინაშეა, ლორდ, მეწამული კუნძულის უბედური მბრძანელი, კირი-კუკი პირველი.
ლედი. მაშ, თქვენ მეფე ხართ? რა საინტერესოა, არა?
ლორდი. კარგი, მაგრამ რატომ წამოხვედით ევროპაში? თქვენი მოვალეობაა, იჯდეთ კუნძულზე და მარგალიტი აგროვოთ!
კირი. საქმეც მაგაშია, თქვენო ბრწყინვალებავ! იცით, ახლა იქ მე ვეღარავის დავენახვები!
ლიკი. მითუმეტეს, რომ იქ შავი ჭირია.
ყველა. შავი ჭირი?
კირი.

ჰო, საშინელებაა, საშინელება! მას მერე, რაც სიზი მოკვდა, მე იმ სურვილით, რომ როგორმე კუნძული ანარქიისა და ნგრევისაგან გადამერჩინა, მივიღე წინადადება აბორიგენი ხალხის საუკეთესო ნაწილისაგან, ავსულიყავი ტახტზე და კუნძული მემართა. მაგრამ ორმა მათხოვარმა, კაი-კუმმა და ფარა-ტეტემ, ორმა სახელმწიფო დამნაშავემ, გასამართლებულებმა სისხლის სამართლისა და სახელმწიფოებრივი დანაშაულის გამო, დაუსხლტნენ რა, თემიდას წმინდა ხელებს, აიყოლიეს აბორიგენთა ხროვები და `ბუნტი~ არ მომიწყვეს? მართალია, წინ თვით მე გავუძეხ ჩემს გვარდიას და ჯარისკაცებს ვაჟკაცობის გაიგონარ მაგალითს ვაძლევდი...
ლიკი. არამზადა!
კირი. ...მაგრამ ჩვენმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან გამძვინვარებულმა მონათა აურაცხელმა ურდოებმა, აიღეს ჩემი ვიგვამი და ჩვენც, დარჩენილ ლაშქართან ერთად, სასწაულით გადავრჩით!
ლორდი. ეშმაკმა დალახვროს, ვის ხელშია, მაშ ახლა კუნძული?
კირი. ბოროტმოქმედების _ კაი-კუმისა და ფარა-ტეტეს ხელში.
ლორდი. სერ ძვირფასო, ატყობ, რა კარგად გვივაჭრია?
პაგანელი.

განიარაღებული ვარ. მაგრამ, გვითხარით, რა გამოდის, ისინი მარგალიტს აღარ მოგვცემენ?
ლორდი. ოჰ, დიახ.
ლედი. რა? მარგალიტს ვკარგავთ?
ბეტსი. ღმერთო, როგორ აკვესებს თვალებს, რა ხარბია.
პასპარტუ. გაჩუმდი!
კირი. აბა, რა მოგახსენოთ, ჩემო ძვირფასო ჯელტმენებო.

სწორედ მაგის გამო დაიწყო ყველაფერი. ღმერთები ხედავდნენ, რომ მე პირნათლად მსურდა მომეხადა, თქვენს წინაშე ჩემი ვალი. მაგრამ აბორიგენებმა გამოაცხადეს, რომ მარგალიტს არაფრით არ დასთმობდნენ! 
ლედი. როგორ? ჩვენს მარგალიტს? რომელშიც ფული გადავიხადეთ? ლორდ! თქვენ ამას არ დაუშვებთ! თქვენ ისინი უნდა დასაჯოთ!
ლორდი. კი, მაშ როგორ.
პაგანელი. ო, არა! მე არ გეთანხმებით! ამას, ჩვენს ენაზე წაგლეჯა ჰქვია. 
ლორდი.

გადაგდება. 
პაგანელი. ძარცვა, დღისით-მზისით, შუა შარაზე! კი, კი, ჰო, ვფიცავ დეიდაჩემის ფლანელის პანტალონებს, რომ ასეა!
ლორდი. სად არის დანარჩენი გვარდია?
კირი. აქ, თქვენო ბრწყინვალებავ!
ლიკი. შემოდით, ბიჭებო!

ყველა ფანჯრიდან და კარებიდან, ხელში შუბებითა და ფარებით შემოვარდებიან არაპები! დაფეთებული ლედი და ბეტსი გვერდზე გარბიან.

ლორდი.

პაგანელი.

გატერასი. ო, ეშმაკმა წაიღოს!
ლიკი. Смир-на!
პაგანელი. ო, ეშმაკმა წაიღოს!
ლორდი. და თქვენ ჩემთან ჩამოხვედით?
არაპები (ყურისწამღებად). Так точно, ваше сиятельство!
ლორდი (გადარეული). გმადლობთ.
არაპები.

Рады стараться, ваше сиятельство!
ლორდი (ბაძავს ლედის). ო, რა მოწყენილობაა! მე ისე მიყვარს სხვადასხვა თავგადასავლები! ეშმაკმა დალახვროს! რით არაა თავგადასავალი?
არაპები და თუთიყუში. Так точно, ваше сиятельство!
ლედი. ო, ღმერთო ჩემო, რამხელას გაჰკივიან!
ლორდი. იცოდეთ, ამ წ...
ლიკი. Мол-чать!
არაპები. ვდუმვართ, თქვენო ბრწყინვალებავ!
კირი.

აი, ჩემო ძვირფასო, ლორდ. ის ყოველივე, რაც მე გადამრჩა, როგორც ზღაპრული, ულამაზესი სიზმარი! საშინელებაა! თმაც კი ყალყზე მიდგება, ამათ შემხედვარეს, ამ მამაცურად მეომარი გვარდიისა, რომლებიც ჩემთან ერთად, პატიოსნად იცავდნენ ჯარისკაცის ღირსებასა და მუნდირს. სიამოვნებით გადავკრავდი ჭიქა კონიაკს, იმდენად დაღლილი და გამოფიტული გახლავართ.

გამოთავებული ლორდი და პაგანელი, ერთმანეთის პირისპირ სავარძლებში ჩაეშვებიან.

ლედი. ბეტსი! ბეტსი! მოართვით კონიაკი მის აღმატებულებას!
ბეტსი. ახლავე! (მოაქვს კონიაკი).

კირი დალევს.

ლორდი (გამოფხიზლებული). იქნებ ამიხსნათ, თქვენო აღმატებულებავ, რა ხნით ჩამოვიდა ეს შპანა, მაპატიეთ, გვარდია?
ლიკი. სამუდამოდ.
ლორდი და პაგანელი.

რა?
გატერასი. თქვენი დედა ვატირე!
კირი. ჩემი ბრალია, ლორდ, ჩემი. ნუ ჩქარობ, მამაცო მხედართმთავარო. არა, ლორდ, ძვირფასო, ჩვენ მხოლოდ დროებით ჩამოვედით, იმ იმედით, რომ კუნძულზე დასაბრუნებლად მატერიალურ და სამხედრო დახმარებას გაგვიწევთ.
ლორდი. ახ, მივხვდი. თუ ასეა, ამწამსვე შეგიძლიათ უკან გაემგზავროთ!
კირი.

ფრიად სამწუხაროა, ლორდ, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ, კუნძულზე შავი ჭირი მძვინვარებს და სანამ არ ჩაცხრება, იქ ჩასვლა შეუძლებელია.
ლორდი. მაგრამ იქ ხომ უარესი და უარესი დატრიალდება.
პაგანელი. ალბათ ქათმებივით იჟუჟებიან. 
კირი. უი. ქათმებივით. აბორიგენებთან ომის შემდეგ, კუნძულზე, დახოცილთა გვამების მთელი მთები დადგა.

აი, სწორედ ამ გვამების გამო გაჩნდა მომაკვდინებელი შავი ჭირი. 
ლორდი. მაგრამ ნება მომეცით გკითხოთ, ვინ უნდა შეინახოს, მთელი ეს კომპანია? გააქვთ კი ფული, ან საგზალი?
კირი. რა? როგორ გეკადრებათ, რომელი საგზალი, ლორდ, ღმერთებს მადლობა უნდა შევწიროთ, რომ ცოცხლები გადავრჩით.
ლორდი. რა? გამოდის, რომ მთელი ეს ბანდა მე უნდა გამოვკვებო, და თანაც, განუსაზღვრელი ვადით? კარგი საქმე გაგვიჩარხავს, მუსიე პაგანელ!
პაგანელი. კი, ძალიან!
კირი. ლორდ ძვირფასო, მე მსურს გამოვუხმო თქვენს საუკეთესო გრძნობებს! ადამიანის და მოქალაქის.

და, გარდა ამისა, პატივცემულო ლორდ, მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ერთ გრამ მარგალიტსაც ვერ მიიღებთ კუნძულიდან, თუ იქ ისევ ჩვენ არ დავსახლდებით.
ლორდი (პაგანელს). თქვენ, თქვენ რას იტყოდით, ყოველივე ამის შესახებ, მუსიე პაგანელ?
პაგანელი (ინტიმურად). არაპთა მეფეს იმიჯი აქვს. ალბათ, მოგვიწევს მთელი ამ კომპანიის მიღება და შენახვა. მაგრამ როცა შავი ჭირი ჩაივლის, კუნძულზე ხომალდს გააგზავნით და კირი-კუკს ისევ ტახტზე აღაზევებთ. ის საოცრად ნიჭიერი ჩანს და ჩვენც ჩვენს მარგალიტს უკლებლივ ჩაგვაბარებს, ვფიცავ კომიკურ ოპერას, სხვა გამოსავალი არ გვაქვს.
გატერასი. ჩამოვდივარ ვაშინგტონურ დოლარს პოლონური მარკის წინააღმდეგ, თუ ფრანგი ჯელტმენი მართალი არ იყოს.
ლორდი.

ხარჯი კი ორად გაიყოს.
პაგანელი. თანახმა ვარ.
ლორდი. იეს. თქვენი ხელი!
პაგანელი. გარდა მაგისა, იძულებულს გავხდით იმუშაონ ჩვენთვის, რათა მუქთი პური არ მიირთვან.
ლორდი. იეს. თქვენ მეტად ჭკვიანი ხართ.

მთელ კომპანიას მე მივიღებ!
კირი. ო, თქვენ კეთილშობილი გული გაქვთ. ამ სიკეთისთვის ცაში რომ წახვალთ, აუცილებლად მიიღებთ ჯილდოს!
ლორდი. მე აქ უფრო მერჩია, მაგ ჯილდოს მიღება.
კირი. ერთგულო გვარდიელებო, ლორდმა ნება დაგრთოთ, დარჩეთ.
არაპები. ქედს გიხრით, თქვენო ბრწყინვალებავ!
ლორდი. ჩუმად.

ღრიალის გარეშე. მაგრამ გიცხადებთ, რომ უნდა იმუშაოთ და წესიერად მოიქცეთ! პირველ რიგში კი, გთხოვთ ეგ იარაღი დაყაროთ და განიარაღდეთ!
ლიკი. ეგ როგორ?
ლედი. ო, რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა, ედვარდ! მე ერთ წამსაც არ მექნება მოსვენება, სანამ ესენი ამსიგრძე შუბებით ივლიან!
ლიკი. კირი, შენ გესმის? მას უნდა, რომ იარაღი წაგვართვას. მომეცით უფლება გიპატაკოთ, თქვენო ბრწყინვალებავ, რომ ეს შეუძლებელია. თქვენ თვითონ განსაჯეთ, მაშინ ეს რაღა გვარდია იქნება, თუკი მას იარაღს აჰყრით? თანაც თავისთავად იბადება კითხვა, მაშინ რანაირად დავიპყრობთ კუნძულს? 
კირი.

ნუ ვიკამათებთ, რა, გთხოვ!
ლიკი. შენ, რა, დამცინი?
გატერასი. იცი, რას გეტყვი? შენო ბრწყინვალებავ... მოკეტე!

არაპები აღელდებიან.

ლორდი. კაპიტანო! მეზღვაურებს უხმეთ!
ტოხონგა. ესეც შენი მეგობრული ვიზიტი!
თუთიყუში. მიდი, მიდი, მოადე გემრიელად!

უეცრად პულტთან ჩნდება დირიჟორი, ორკესტრი განათდება.

გატერასი.

უხმეთ მეომრებს! ტრამ-ტა-რა-რამ... პასპარტუ!
პასპარტუ. ამ წუთას, კაპიტანო!

ორკესტრში საყვირები, შემდეგ მარში. ისმის ფლოქვების ხმა.

ლედი. ედვარდ! ედვარდ! არ ღირს, გეფიცები, არ ღირს! გთხოვ, არ ისროლოთ! ვერ ვიტან სროლას! ეს საშინელებაა! ბეტსი, ბეტსი! რა იქნა ჩემი ოდეკოლონი?
ბეტსი. ამ წუთას, ლედი!
კირი. ძმებო, გაგიჟდით? რას სჩადით! მხედართმთავარო, მოიყვანე ჭკუაზე, ე!
ლიკი.

მაშინ, უიარაღო არმიით, შენ თვითონ დაიპყარი კუნძული უშუბებოდ! შე შობელძაღლო!

კედლები გაიწევს და გამოჩნდება შეიარაღებულ მეზღვაურთა მწკრივები.

ტოხონგა. ესეც სტუმრად წასვლა? ძალა აღმართს ხნავსო. დაყარეთ, ძვირფასო პაპუასებო, ეგ თქვენი შუბები!
არაპები. აბა, ბიჭო, შენ რომ იტყვი!
გატერასი. ერთი!

საყვირების ხმა.

ლედი. გემუდარებით, არ ისროლოთ!
პაგანელი. ევროპას `ბუნტი~ არ უყვარს.

დაყარეთ იარაღი, თორემ ჩვენ ბახ-ბახს გიზამთ...
გატერასი. ორი!

არაპები შუბებს ყრიან.

პაგანელი. შესანიშნავია!
ლედი. მადლობა ღმერთს.
ლორდი. არა, ასე არ გამოვა. იმიტომ, რომ ჩამოსვლითანავე სკანდალში გაგვხვიეთ, თქვენ მაინც დაისჯებით. მთელი ერთი კვირის მანძილზე მხოლოდ ბრინჯის ფაფას მიირთმევთ, აი, ცხელ ჩაის კი ვერ ეღისებით!

არაპები უსტვენენ.

ლორდი.

თქვენ კი, მხედართმთავარო, რადგან მათი ჭკუაზე მოყვანის ნაცვლად, წინააღმდეგობა გაგვიწიეთ, სანამ აქ იქნებით, ჰაუპტვახტში მოგიწევთ ჯდომა!
ლიკი.

თქვენო აღმატებულებავ! რაზე? (კირის) დიდი მადლობა, ბანჯგვლიანო ეშმაკო!
კირი. გეუბნებოდი, არ გინდა-მეთქი...

ლიკი ორ მეზღვაურს გაჰყავს.

გატერასი. ახლა კი, თქვენც, გეთაყვათ! მარშ!

მეზღვაურები შემოერტყმიან არაპებს.

ტოხონგა. მეტის ღირსი ვართ, ბრიყვები ვართ და სხვა არაფერი.
თუთიყუში. ბრიყვებო! ბრიყვებოო!
კირი. აბსოლუტურად სწორად მოიქეცით, თქვენო ბრწყინვალებავ.

ეგენი თუ მიუშვით?
ლორდი. ვხედავ, რომ ძალზედ მიხვედრილი მმართველი ხართ. 
პაგანელი. ო, მართლაც რაღაც გაეგება ამ თეთრ არაპს.
კირი. თქვენო ბრწყინვალებავ, რატომ არ უნდა გამეგებოდეს? ღვთის მადლით, ევროპაში ნამყოფი ვარ!
ლორდი. თქვენ ჩენთან დარჩებით საცხოვრებლად, ჩემი სტუმარი იქნებით!
კირი. ძალიან სასიამოვნოა, ძალიან სასიამოვნო! (პასპარტუს) დამისხი კონიაკი!
პასპარტუ.

ახლავე! (აწვდის).
კირი. ვოტრ სანტე, მადამ! მაშ ასე, ნება მიბოძეთ, წარმოვსთქვა სადღეგრძელო. ჯანმრთელობა ვუსურვო მის ბრწყინვალებას, ლორდ ედვარდ გრენალვანს და მასთან ერთად მის მომხიბლავ მეუღლეს!
ლედი. ის, მართლაც, საოცრად გალანტურია. ბეტსი, მომაწოდე ცხვირსახოცი! ბეტსი, რა უყურადღებო ხართ! 
ბეტსი (თავისთვის). აი, თავსატეხი! (ხმამაღლა) ინებეთ, ლედი.
კირი. კუნძულის დამორჩილების და მშვიდობიანად დაბრუნების, აგრეთვე, ლორდ გლენარვანის და მუსიე პაგანელის მიერ გაწეული ხარჯების სადღეგრძელო იყოს! ვაშა!
პაგანელი.

ამ ველურისგან მშვენიერი დიპლომატი დადგებოდა. სერ, პალე-როიალს ვფიცავ, საპასუხო სადღეგრძელო გეკუთვნით!
ლორდი. იეს! (აძლევს ორკესტრს ნიშანს) მეგობრებო, ამ სასმისით მინდა შემოგთავაზოთ, კანონიერი ხელმწიფის, კირი-კუკი პირველის, კუნძულზე მშვიდობიანად დაბრუნების სადღეგრძელო! 

მუსიკა

კირი (აღფრთოვანებული). ვაშა!
თუთიყუში. ვაშა! ვაშა! ვაშა!

ფ ა რ დ ა 


II სურათი

საღამო ლორდ გლენარვანის ოჯახში.
ბეტსი ჭიქებს წმენდს კარადასთან. კირი ევროპულ კოსტიუმშია. მიეპარება და ბეტსის თვალებზე ხელის გულებს ააფარებს.

ბეტსი.

აჰ! (დაუვარდება და ჭიქა გაუტყდება).
კირი. გამოიცანი, საყვარელო, ვინ არის?
ბეტსი (თავს გაითავისუფლებს). უნიჭო ხუმრობის ავტორი, არც ისე ძნელი გამოსაცნობია. გთხოვთ, თავი დამანებოთ, ბატონო.
კირი. ლამაზო, რატომ არ მიწოდებთ `თქვენო ბრწყინვალებას~?
ბეტსი. თქვენო ბრწყინვალებავ, ხელები დაიმოკლეთ!
კირი. ჩუმად, რა გაყვირებს?
ბეტსი.

ყელში ამოვიდა თქვენი ქათინაურები, კუნძულის მეფეო! და გარდა მაგისა, ვინ აგებს პასუხს ლედის გატეხილი ჭიქისთვის?
კირი. ჭიქისთვის შენ აგებ პასუხს... რატომ გიკვირს? რა, შენ არ მიამსხვრიე?
ბეტსი. არა, თქვენ, იცით, სერ! თქვენ ისეთი არამზადა ხართ!
კირი. როგორ მიბედავ? შენ რა, დაგავიწყდა ვის ელაპარაკები, ბეტსი?
ბეტსი. არა, არ დამვიწყებია. დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილ არამზადასთან მაქვს საქმე.
კირი.

აჰ, ასე არა? მეწამული კუნძულის ხელმწიფეს ასეთი მიმართვები, არა? გადამიხდი ამის საფასურს, ჩემო ძვირფასო ფისუნია.
ბეტსი. სულ არ მეშინია თქვენი! ეგ კი არა, მძულხართ კიდეც. თქვენ აქ მშვენივრად მოეწყვეთ, თქვენი მეგორები კი ქვის სამტეხლოებში ოფლს ღვრიან! თქვენ დიდი სულმდაბლობა გამოიჩინეთ...
კირი. ...თქვენო აღმატებულებავ...
ბეტსი. ეს სიმდაბლეა, თქვენო აღმატებულებავ!
კირი. ასე, ხომ? კაი მოახლე ჰყოლია ლედი გრენარვანს, ვერაფერს იტყვი! აი, იცი, რა, ჩემო კარგო? მე დიდი ხანია შევნიშნე, რომ ფრიად საეჭვო კავშირი გაქვს ტოხონგასთან. ჰო, ჰო, რა საჭიროა თვალების დაელმება? სხვათა შორის, ცისფერი თვალები გაქვს...

ჰო, ცისფერი... დიახ, დავინახე როგორ მოათრევდა სამტეხლოდან სარეცხის ვედროს და შენ კი მას უზარმაზარი პურის ნატეხი გაუწოდე, შებოლილ ხორცთან ერთად! გარდა მაგისა, ერთხელ სასახლის შემოსასვლელშიც წაგასწარით, როცა ერთმანეთს ყურში ეჩურჩულებოდით, დიახ! და მე, კირი-კუკი პირველი კი არა, უკანასკნელი ლოთი ვიყო, თუ მისი ხელი შენს მკერდში არ დაძვრებოდა. სხვათა შორის, ის მომაჯადოვებელია...
ბეტსი. ეგ ტყუილია.
კირი. ნუ წითლდები, გთხოვ. არა, პირიქით, გაწითლდი, რა, ერთხელაც! შენ არაჩვეულებრივად გიხდება, როცა ლოყები გიწითლდება... ბრავო, ბრავო! მაშ ასე, ცთუნების ვარდო, აი, ჩემი წინადადება.

თუ კი შენ ამ წუთას, ხუთჯერ მაკოცებ... ან არა, ხუთჯერ კი არა, ექვსჯერ, მაშინ აღარავის ვეტყვი ამ შენი შემოქმედების შესახებ.
ბეტსი. მომწყდი თავიდან, უსირცხვილო!
კირი. მოიცა, რა. მოიცა, მოიცა!..

უეცრად ლედი შემოდის.

ლედი. აჰ! 
კირი. კჰმ...

გადამავიწყდა, რაზე შევჩერდით? ჰო, გატეხილ ჭიქაზე... ტყუილად გარბიხართ, ძვირფასო ბეტსი, რათა თქვენი დანაშაული მიჩქმალოთ. ეს ძლიერ ცუდია! ჭურჭლის მსხვრევა არ შეიძლება!..
ბეტსი. თქვენ უსინდისო ხართ!
ლედი. რას უნდა ნიშნავდეს ეს სცენა, თქვენო აღმატებულებავ? მოახლეებს დასდევთ? ეს სწორედ თქვენი მგდგომარეობის შესაფერისია...
კირი. მაპატიეთ, პატივცემულო ლედი, ამ პატივცემულმა ფამმ დე შამბრმა მიამტვრია ერთ-ერთი თქვენი ფუჟერი და როცა მე მისი დადანაშაულება მოვინდომე, გამექცა...
ლედი. როგორ? ჩემი ფუჟერი? ჩემი საყვარელი ბოკალი! უსაყვარლესი ფუჟერი მარია ანტუანეტისა?
ბეტსი.

ქალბატონო...
ლედი. არ გაბედოთ, ჩემი გაჩუმება! თქვენი ქცევა აუტანელია! თქვენ მხოლოდ იმას აკეთებთ, რომ ყველაფერს ამტვრევთ და ამსხვრევთ!
ბეტსი. ქალბატონო, თუ შეიძლება...
ლედი. არა, ის ლაპარაკსაც რომ ბედავს! უნდა, რომ ბოლომდე მომშალოს! ის ურჩხულია! სად არის ჩემი ფლაკონი სურნელიანი მარილით? აჰ!..
კირი. ბეტსი! როგორ არ გრცხვენიათ! როგორ ამწარებთ ასე, თქვენს გულკეთილ ქალბატონს? საშინელებაა, პირდაპირ!
ბეტსი. ნაძირალა!
კირი. თქვენ, გესმით, ლედი?
ლედი.

აივსო ჩემი მოთმინების ფიალა, საკმარისია! ეს გაუგონარია! მე ვეღარ ავიტან მეტად ჩემს სახლში ამგვარ თავხედობას! გაეთრიე! ახლავე გაეთრიე! იხელთო დრო, ლორდის შინ არ ყოფნისას და საკუთარ სახლში შეუირაცხყოფები მაყენო? ო, თქვენო უმაღლესობავ, ეგებ თქვენ მაინც დააწყნაროთ?
კირი (ბეტსის). როგორა ბედავთ! ხმა! (ჩუმად მას) აი, შტერო, ჩემთვის რომ მოგესმინა. (ხმამაღლა) ოჰ, ოჰ, ოჰ!..
ბეტსი. როგორ, თქვენ მაგდებთ?
ლედი. დიახ, სასწრაფოდ დატოვეთ ჩემი სახლი!
ბეტსი. აჰ, ასე არა? აი, მშვენიერი ჯილდო, მთელი ხუთი წელი ერთგული სამსახურისთვის... ზარების გამო ღამღამობით წამოხტომისთვის...

ვარცხნილობების და კაბების კალთების ქარგვისთვის... აურაცხელი კაპრიზების და სცენებისთვის, არა, ყალბი ისტერიკებით...
ლედი.

რა? ყალბი ისტერიკები?.. თქვენო, აღმატებულებავ, უსმენთ?
კირი (ხმამაღლა). ბეტსი, როგორ ბედავთ! არა, ეს კოშმარია... (ხმადაბლა) სულელო, სულელო, სულელო.
ბეტსი. მე თქვენ არ გისმენთ, სულმდაბალო!
ლედი.

აი, თქვენი პასპორტი. თქვენ ათი შილინგი გეკუთვნით. თუმცა, გატეხილი ჭიქისთვის მე თქვენ ათ შილინგს გიგვითავთ. მაშასადამე, თქვენ უნდა მოგცეთ... სერ, რამდენი უნდა მივცე?
კირი. ამ წუთას. ნულჯერ ნული _ ნულია, ხომ? ერთხელ ერთიც _ ნული...

რა მივიღეთ? ორი ნული. ნულს პლიუს ნული _ მაინც ნულია. მეტი აღარაფერი ეკუთვნის, ლედი. 
ლედი. ძალიან კარგი! ჩაალაგეთ თქვენი ხარახურა და დატოვეთ სასახლე!
კირი. როგორ, არ გაასამართლებინებთ გატეხილი ჭიქისთვის, ქალბატონო?
ლედი. არა.

მსურს დიდსულოვნებით გადავუხადო ასეთი მოქცევისთვის. 
კირი. თქვენ ნამდვილი ანგელოზის გული გაქვთ! (ჩუმად _ ბეტსის) სულელო, უნდა გეკოცნა ჩემთვის.
ბეტსი (ჩუმად, გრძნობით). უსინდისო!
ლედი. გაეთრიე!
ბეტსი. გმადლობთ! გმადლობთ!
ლედი. ხმა ჩაიწყვიტე!
თუთიყუში.

ჩავიწყვიტე... ჩავიწყვიტე...

ბეტსი გულამოსკვნილი ტირილით გადის.

კირი. ხე... ხე... ხე... მშვენიერი იყო... როგორ უთხარით...
ლედი.

ჰოდა, ასე! ახლა კი, თქვენ უნდა მოგელაპარაკოთ, სერ...
კირი (ჩუმად). ახლა კი გავები! ჟე სიუი პერდიუ! (ხმამაღლა) რის შესახებ?.. სიამოვნებით... ჰე... ჰე...
ლედი. იქნებ ამიხსნათ, რას ნიშნავდა ის პატარა მიზანსცენა, რომლის მოწმეც გავხდი? 
კირი. და განა არ მოგახსენეთ, ლედი...

ფუჟერი, აი, ნახეთ, ნამსხვრევები... აუტანელია...
თუთიყუში (ბილწად). ახლავე თუ არ მაკოცებ, ძვირფასო ბეტსი...
ლედი. ახ, ახ, ახ!.. გმადლობ პოპკა, გმადლობ, ჩემო…ერთგულო მეგობარო! (იხდის ფეხსაცმელს და ურტყამს ლოყაში კირის). აი, თქვენ, საზიზღარო მექალთანევ!
კირი. მაშ ასე, ხელი მოაწერეთ მიღებაზე! აი, თურმე რატომ დამესიზმრა კარტი.

ნაღდი ნიშანი ყბაში მოდებისა. ლედი გეფიცებით, ეს ეშმაკის კერძი ჩიტი ცრუობს!
ლედი. ო, არა, არასოდეს! ჩემი პოპოჩკა, არასოდეს ცრუობს! (ურტყამს მეორე ყბაში).
კირი (თავისთვის). ხომ გეუბნებოდი, ჩემო თავო, ქალბატონებს შეეშვი-მეთქი!.. (ხმამაღლა) ლედი, გამოფხიზლდით! Ужас, ужас, ужас…
ლედი. თქვენ დაგავაწყდათ, ალბათ, როგორი მსხვერპლი, მე, ლორდ ედვარდ გლენარვანის მეუღლემ, გავიღე თქვენთვის, საძაგელი, უბრალო ველურისთვის. თქვენ ხომ ნამდვილი ველური ხართ!
კირი.

ფირმენნი ველური.
ლედი. ღმერთო, რა უბედური ვარ! დავივიწყე სირცხვილი და ჩემი ღირსება ამ მექალთანეს და დონ ჟუანს მივანდე. ვუღალატე მეუღლეს!
კირი. ლედი, ძვიფასო, გემუდარებით! ლორდი, შესაძლოა, სწორედ ახლა დაბრუნდეს! (ჩუმად) აუ, დღეს ცამეტია. სკანდალი არ ამცდება.
ლედი. მე კი მას ჩემი სიყვარულის ნაზი ვარდი ვანდე!
კირი. ვინმე გაიგონებს და მართალი ეგონება! ჩუმად! მაგას მირჩევია მირტყათ, მაგრამ არა მოკასინის ქუსლით პირდაპირ თვალში.

გემუდარებით!
ლედი. რა ნახეთ მასში, რა?
კირი. მართლაც! რა ვნახე მასში? (ყალბად ქირქილებს) პირდაპირ სასაცილოა!.. აი, აქ, აქ, ლოყაზე, მაგრამ არა კბილებში! მერსი! თქვენ რკინის ხელი გქონიათ, ლედი.
ლედი. ვულგარული წითელი ღაწვები, ამობრუნებული ცხვირი!
კირი. Ужас, ужас, ужас! დიახ, სისხლი გაგეყინება კაცს ძარღვებში, მისი საზიზღარი სიფათის დანახვაზე, თქვენ კი ბრძანებთ _ კოცნა-პროშტნაო. (ჩუმად) არა, საკმარისია.

ჩვენები, ბევრად უბრალოები არიან. იმათ თუ დაგჭირდა, მოადებ კიდეც! (ხმამაღლა) ჩემო მწველო, ჩემო მშვენიერებავ! შემაცდინა იმ ვერაგმა, გფიცებით ყველა წმინდანებს ერთად!
ლედი. ო, შე ფლიდო!
კირი. გაიგონებენ! ლედი! (ვარდება მუხლის ჩოქზე). ლედი, მერწმუნეთ! აი, ამ წამიდან, აღარასოდეს გავიხედავ ქალის მხარეს!
ლედი. შემომფიცეთ!
კირი. არ მეღირსოს ის ნათელი დღე, როცა ჩემს სამეფო ტახტს დავიბრუნებ კუნძულზე, არ მეღირსოს ასვლა...

(ჩუმად) ახლა რომ ვინმემ შემოგვისწროს, არ იქნება ნომერი?
ლედი. მაკოცე, გაიძვერავ!
კირი. სიამოვნებით, ლედი. მაგრამ ხომ არ აჯობებდა, გადაგვედო მცირე ხნით? მეშინია ვინმემ არ შემოგვისწროს...
ლედი. კიდევ ერთხელ! კიდევ!

კირი ჰკოცნის. კარი იღება და ლორდი და პაგანელი შემოდიან.

პაგანელი. ო!
ლორდი.

ლედი!
კირი. აი, ხომ ვამბობდი. ასეც ვიცოდი! რაზე შევჩერდი?.. ჰო, მინდოდა მეკითხა... ეჰ, ვინ იცის, რა მინდოდა... ჰო, რა? ახლა კი მომხვდება.
ლორდი. აი, რა, ვასილი არტურიჩ...

გთხოვთ, რომ ეს სცენა წაშალოთ... ჰა, ჰა... ჰო... არ მომწონს.
კირი. ჰო, ძვირფასო ლორდ, გეფიცებით, რომ მოგეჩვენათ...
ლორდი. ბოდიშს გიხდით, ვასილი არტურიჩ, თქვენ ვერ გამიგეთ, მე გთხოვთ, რომ ეს სცენა ამოიღოთ...
კირი. და რატომ მერე, გენადი პანფილიჩ...

სასიყვარულო ინტრიგა პიესაში...
ლორდი. რად უნდა ლაპარაკი, გენადი პანფილიჩ, გაკეთებულია შესანიშნავად... მაგრამ, იცით... სავა ლუკიჩი... ძალიან მკაცრი მოხუცია... ჩაავლებს ხელს... პორნოგრაფიაა...

ის ულმობელია პორნოგრაფიის მიმართ... 
კირი. ნუ, თუ ასეა... (იღებს რვეულს).
ლედი. მგონი, გეშლება რაღაც, გენადი. ეს ერთ-ერთი საუკეთესო სცენაა... პიესაში...


ლორდი. ვიცი, ლედი! ფუჰ, ლიდა! რა, შენი აზრით, ყოველთვის, საუკეთესო სცენა ის არის, სადაც გკოცნიან, არა? თეატრი, ეს გენაცვალე, ტაძარია... მე ვერ დავუშვებ ჩემთან `ზოიას ბინას~!
ლედი. გაკვირვებასა-ვარ!
პაგანელი (ინტიმურად, კირის). გენო ოტელოსავით ეჭვიანია, ნუ გაგიკვირდებათ.
ლორდი. ნუ კამათობთ, ლედი.
ლედი. არ მესმის...

(შლის რვეულში. ინტიმურად _ კირის) ნუ მოიშლებით, საყვარელო ავტორო, თქვენი პიესა გადასარევია, და მე დარწმუნებული ვარ, რომ კოცნას ვერსად გავექცევით, თუმცა ვინ იცის, თუ სცენაზე არა... (თვალს უკრავს).
კირი. კ.ხე...
სუფლიორი (ჯიხურიდან). გადავჩხაპნო, გენადი პანფილიჩ?
ლორდი. გადაჩხაპნე! განაგრძეთ!
სუფლიორი. საიდან?
ლორდი.

მშვენიერი ამინდიდან.
პაგანელი. მშვენიერი ამინდია, ლედი, მინდა გავბედო და პატარა გასეირნება შემოგთავაზოთ, აქ, სადმე ახლო-მახლოს...
ლედი. სიამოვნებით, მითუმეტეს, რომ დღეს ისე მოვიშალე, ისე... იცით, ჩემი მოახლე გავაგდე, ბეტსი... ის საშინლად აუტანელი გახდა.
ლორდი. არა უჭირს, ძვირფასო, მოიძებნება ვინმე.
ლედი. თქვენს ბრწყინვალებას ნებავს?
კირი.

ავეკ პლეზირ, მადამ. მომეცით ხელი...
პაგანელი. ეს ველური საოცრად დადებითად გამშვენიერდა ევროპაში.
ლორდი. პასპარტუ! უბრძანე ულაყები მოგვართვან. ჩვენ მთვარის შუქზე ესპლანადაზე გავაჭენებთ.
პასპარტუ. ახლავე, სერ.

ყველა გადის. სცენა მცირე ხნით ცარიელდება.

ისმის ყრუდ როგორ უკრავს ორკესტრი ესპლანადაზე. გამოჩნდება ბეტსი, რომელსაც ხელში ბოხჩა აქვს.

ბეტსი. აი, ჩემი ბოღჩაც ჩემთანაა.

მასში ჩემი საცოდავი ნივთებია. სად წავიდე, სად გადავიკარგო? ნახვამდის სასახლევ, ბოროტმა ქალბატონმა გამომაგდო იქიდან და ჩემ წინ შავმა სიდუხჭირემ დააღო ხახა. მარტო ერთიღა დამრჩენია, წავიდე და ცივ ოკეანეში გადავვარდე...
ტოხონგა (უეცრად ფანჯარაში გამოჩნდება). ბეტსი! ბეტსი! 
ბეტსი.

აჰ, ღმერთო ჩემო, ტოხონგა, ეს შენა ხარ?
ტოხონგა. მე ვარ, ჩემო ძვირფასო, მე! (გადმოძვრება ფანჯრიდან) მარტო ხარ?
ბეტსი (მწუხარედ). მარტო ვარ.
ტოხონგა (გადაეხვევა). ო, ჩემო ოქროვ და ვერცხლო. რა ბედნიერებაა, რომ დაგიჭირე. სალაპარაკო მქონდა შენთან. ეს რა ხდება? შენი სახე ცრემლითაა მორწყული? შენ ნამტირალევი ხარ? რა დაგემართა, ძვირფასო? გამომიტყდი, ნუ მომიკლავ გულს.


ბეტსი. ახ, ტოხონგა, ეს წამია, ლედი გრენარვანმა სასახლიდან გამომაგდო. აი, ჩემი ბოხჩა, მე ციხე-სიმაგრე უნდა დავტოვო.
ტოხონგა. როგორ? სამუდამოდ?
ბეტსი. ჰო, სამუდამოდ. სად შევაფარო თავი, ვის შევეკედლო?
ტოხონგა. რატომ?
ბეტსი.

რატომ და ეს კირი-კუკი, დიდი ხანია გარშემო მივლის და მეარშიყება. დღეს კი გადამეხვია და ჭიქა გამატეხინა, და აი...
ტოხონგა. უხ, რა არამზადაა, დამაცა შენა, აბორიგენების მეგობარო! დამაცა, საზიზღარო გაიძვერავ და მატყუარავ, ლორდის სამტეხლოებში რომ შეგვიტყუე! დადგება შენი აღსასრულის დღეც, საზღაურს ვერც შენ გაექცევი!
ბეტსი. ჰო, უბედურო ტოხონგა. ამიერიდან პურს აღარავინ მოგაწვდის. შენ ქანცი გაგწყდება ქვის სამტეხლოში... იქამდე, სანამ კუნძულზე არ წახვალ საომრად.

იქ კი, ვინ იცის, ბრძოლის ველზეც დაეცე, აბორიგენებთან ჭიდილში. მე კი... მე ალბათ, ოკეანის ზვირთები გადამყლაპავს...
ტოხონგა. კარგი რა, ნუ მელაპარაკები ამ `უჟასებზე~. `რაც ხდება, სასიკეთოდ ხდება~. დიდება, შენდა, ღმერთო! მისმინე, მარტონი ვართ?
ბეტსი. კი, შინ არავინაა.
ტოხონგა.

ხომ გიყვარვარ?
ბეტსი. დიახ. მე შენ მიყვარხარ, ტოხონგა.
ტოხონგა. ო, რა ბედნიერებაა ამ სიტყვების მოსმენა! (ეხვევა).
ბეტსი. შენს გვერდით ყველა ჩემი უბედურება მავიწყდება... შენ მე ძალას მმატებ!
ტოხონგა. ჰოდა, მომისმინე, მაშინ, ჩემო მშვენიერო.

გაიყოფ ჩემთან ერთად ჭირსა და ლხინს?
ბეტსი. კი, კი!
ტოხონგა. მაშინ იცი, რა? კუნძულზე უნდა გავიქცეთ!
ბეტსი. როგორ?.. ვერ მივხვდი...
ტოხონგა. აღარ შემიძლია სამტეხლოში, მმშიერ-მწყურვალს, გლენარვანის ზედამხედველთა მათრახების ტყლაშუნის ატანა. ამიტომაც გადავწყვიტე გაქცევა.

იცი, ოკეანის ნაპირას ერთი მშვენიერი `პარახოდი~ შევიგულე. როცა მთვარე ჩავა და ცა ჩამუქდება, გავტეხავ ციხეს და ზღვაში გავალ. ჯობს მილიონჯერ გადავცურო ოკეანე კაცის თავის ქალიანი დროშით, ვიდრე ეს მონური ყოფა ავიტანო. 
ბეტსი. მერე, აბორიგენები არ მოგკლავენ?
ტოხონგა. არა. თითსაც არ მახლებენ.

იცი, რა კეთილი ხალხია? იცი რაში ვარ, მარტო, მათ წინაშე დამნაშავე? რომ მათი მოწინააღმდეგე ვიყავი, როცა ჯარში ვმსახურობდი. მაგრამ მე ხომ ბრმა ვიყავ, მაშინ, არა? ახლა კი, როცა საკუთარ ტყავზე გამოვცადე რა ყოფილა მონობა, ყველაფერს მივხვდი...
ბეტსი. ო, ვხედავ, რომ რისკზე მიდიხარ, მაგრამ რა საინტერესოა, არა?
ტოხონგა. მე მათ წინაშე ცოდვებს მოვინანიებ და ისინიც ყველაფერს მაპატიებენ. ჩვენ დავდგამთ ვიგვამს, მერე ცოლად მოგიყვან და ჩვენ ბედნიერად ვიცხოვრებთ ჩემს სამშობლოში, სადაც არც ქვის სამტეხლოა და არც ლედი გლენარვანი.
ბეტსი. მაგრამ, რა უნდა ვაკეთო უცხოეთში? ო, ტოხონგა მე მეშინია... კუნძული ხომ ჩემთვის უცხო ხილია!
ტოხონგა.

ო, არა, ძალიან სწრაფად შეეჩვევი. იცი, რა მზეა, იცი, რა ზღვაა? იქ ღამე შავია და ვარსკვლავები ალმასებს ჰგვანან! თანაც მთელი ღამე, ოკეანის შარი-შური გესმის, რომელიც კლდეებს ებუტბუტება. სამტეხლოში კი არა ხარ ამოკეტილი... იქ ისე თბილა, ცარიელ ქვიშაშიც კი შეგიძლია იძინო, რამდენიც გინდა. ო, ბეტსი, გავიქცეთ, გავიქცეთ, ბეტსი!
ბეტსი. ეხ, რაც იყოს, იყოს, თანახმა ვარ!
ტოხონგა. ო, ჩემო მშვენიერო! (ეხვევა).
ლიკი (საშინელ ძონძ-მანძებში, უეცრად ფანჯარაში გამოჩნდება).

სად არის, ის `პარახოდი~? 
ბეტსი. აჰ! 
ტოხონგა. გვისმენდა ვიღაც! ვინა ხარ! ვინ? ახ, ღმერთო, ეს ლიკი-ტიკია. შენ ჩვენ გვისმენდი?
ლიკი. Канечно.
ტოხონგა (დანას ამოიწვდის). მაშინ მოკვდი! ჩემს საიდუმლოს ვერ წაიღებ ვერსად აქედან! შენ ჩემს გაქცევას ხელს ვერ შეუშლი! (გამოუდგება დანით ლიკის).
ბეტსი. ტოხონგა, აზრზე მოდი! რას შვრები?
ტოხონგა.

ხელს ნუ მიშლი, ის ჩვენ დაგვღუპავს.
ლიკი (დანას გამოსტაცებს). ეშმაკსაც წაუღიხარ, ამ შენი დანიანად! არ დამესხა თავს ბანდიტივით, თავისი დანით? კნეინ, დააშოშმინეთ, რა, ეს თქვენი საქმრო!
ტოხონგა. რას ითხოვ ჩვენგან, მამაცო ლიკი?
ლიკი. პირველ რიგში, იმას ვითხოვ, რომ მორჩე ამ იდიოტიზმს. დაჯექი აქ და, ხმა არ გავიგო, რა, შენი!
ტოხონგა. ლიკი, ნუთუ მოღალატე ხარ? ეეჰ, ყველაფერი წყალში ჩამეყარა.
ლიკი. არ გაჩუმდები, სატანას ლეკვო? დაჯექი, რა, და კრინტი!..

დაჯდები? დაჯექი, რომ გეუბნებიან!
ბეტსი. რას უპირებთ? იცოდეთ, ვიკივლებ, თუ მას რაიმეს დაუშავებთ!
ლიკი. ახლა ეს გამომივიდა, კიდევ... ხმა! კრინტი! დასხედით! პარდონ, კნეინა!

ტოხონგა და ბეტსი შეშინებულნი დასხდებიან.

შენ გეკითხებიან, სად არის `პარახოდი~?
ბეტსი. უთხარი რაა, უთხარი, ტოხონგა!
ტოხონგა. მხოლოდ, ერთი პირობით, ლიკი, თუ შენ ერთ სიტყასაც კი დასძრავ... 
ლიკი.

გაჩუმდი, რომ გეუბნები!.. სად არის `პარახოდი~?
ტოხონგა. ფანჯრის უკან.
ლიკი. ასე. შეშაც გვაქვს?
ტოხონგა. უნდა გვეყოს.
ლიკი. ასე.

მაგრამ გიფიქრია იმ რისკზე, რაც გელის ღია ზღვაში, ქალთან ერთად, რომელმაც მარტო კაბების რეცხვა იცის? შტორმი რომ ამოვარდეს? ქარიშხალი? საწვავი რომ გათავდეს? დევნა? როგორ უნდა მოიგერიო, ამ ნაზ ასულთან ერთად, რომელიც მთელი ცხოვრება ცეკვავდა და როკავდა და სხვა არაფერი უკეთებია?
ტოხონგა. კარგი, ლიკი, შენ მართალი ხარ, მაგრამ საით მიგყავს საუბარი?
ლიკი. იქით, რომ ნამდვილი ღორი ხარ!
ბეტსი. რატომ აყენებთ შეურაცხყოფას?
ლიკი. იმიტომ, რომ მარტო თავის ტყავზე ფიქრობს. ის კი დაავიწყდა, რომ მასთან ერთად, სამტეხლოში სულს ღაფავს მისი პირადი მხედართმთავარი და მეგობარი, რომელთან ერთადაც მხარდამხარ არაერთხელ უომია.
ტოხონგა. ლიკი, ეგ რომ მცოდნოდა, რომ შენ კეთილი აზრები გამოძრავებდა...
ლიკი.

ერთ სიტყვით, მეც მოვდივარ, თქვენთან ერთად!
ტოხონგა (ყელზე ჩამოეკიდება). ლიკი!
ლიკი. მომწყდი, ჭაობის ეშმავ, რას მეკონწიალები, ქალი კი არა ვარ!
ტოხონგა. მოიცა, ლიკი, დაფიქრებულხარ, როგორ მიგიღებენ აბორიგენები?
ლიკი. კი. შენ დაშოშმინდი, ძმაო! ნუ გეშინია, შენ არავინ აგეკიდება.

მოკლედ, დროს ნუღარ ვკარგავთ! წამსაც ფასი აქვს.

საგზალი?
ტოხონგა. არა გვაქვს, ლიკი.
ლიკი (ფანჯარას გახედავს). მთვარე ჩადის... დროა. (ლამპას აანთებს და მაგიდას სუფრას გადააცლის). გამოაღე კარადა! (ტოხონგა აღებს) არის რაიმე საჭმელი?
ტოხონგა. ქვეყნის, ლიკი.
ლიკი.

მოიტა, აქ! თუმცა, არა... ასე, დიდ დროს დავკარგავთ! მიხურე! (ტოხონგა კეტავს) გადაძვერ ფანჯარაში და გადმოგაწვდი!
ტოხონგა. ო, შენთან არ დავიკარგებით, ლიკი. (ძვრება ფანჯარაში).
ლიკი (ასწევს კარადას და ფანჯრიდან ტოხონგას გადააწვდის). ჩადე ნავში... სად ინახავს ლორდი იარაღს?
ბეტსი. განჯინაში!
ლიკი.

ასე. (ასწევს განჯინას და ტოხონგას გადააწვდის). ფრთხილად, იარაღია.
ბეტსი. ღმერთო, რა ღონიერი ხართ!.. მაგრამ, რას იტყვის ლორდი?
ლიკი! ხმა! პარდონ, მადემუაზელ! რა უნდა თქვას, მაგ ყალთაბანდმა? მარტო ერთი მარგალიტი, რომელიც კუნძულიდან დაითრია, მთელ მაგის ხარა-ხურას ხუთჯერ მაინც გადასწონის. ჩაიბარე! (აწვდის ფანჯრიდან ტოხონგას, სავარძელს, მაგიდას, ხალიჩას, ნახატებს).
ბეტსი. თქვენ...

თქვენ შესანიშნავი ადამიანი ხართ!
ლიკი. კრინ... როცა შენთანაა... არ დაგვრჩეს რამე... 
თუთიყუში. არ დაგრჩეთ, რამე!
ლიკი. ა, ძველო! არც შენ დაგტოვებთ აქ.

ჩაიბარე, ტოხონგა! (აწვდის გალიას თუთიყუშით) არ დაგავიწყდეს სუფთა წყლის კასრი, მანდ რომ დგას.
ტოხონგა (ფანჯრის იქით). აა, კი, კი. 
ლიკი. ახლა კი, კნეინა. (აიყვანს ბეტსის და გადააწვდის ფანჯარაში).
ბეტსი. აჰ!
ლიკი. ხმა! როცა გელაპარაკ...

ჰო, ახლა კი, წერილი... (დაწერს წერილს და კედელზე დანით მიამაგრებს). 

დარბაზში აღარაფერი რჩება, გარდა კედელზე დაკიდული ანთებული ლამპისა. ლიკი ჩამოხსნის და ლამპით ხელში ფანჯრიდან გადავა. სცენაზე წყვდიადია. კულისიდან ისმის ხმები.

ბეტსი. თქვენ ისე დატვირთეთ, რომ, შესაძლოა, გადაბრუნდეს კიდეც!
ლიკი.

ხმა! როცა გელაპ... იცი, რა, ბარიშნა-ჯან? მოდი რიალზე შემოგსვამ. მოიცა, შემოვატრიალო! (ისმის როიალის ლარების გრუხუნი) აი, ასე!
ტოხონგა. ლამპა ნუ გაჭყლიტე, ლამპა!
ლიკი. დაქოქე... (ისმის ძრავის გუგუნი).
თუთიყუში (თანდათან იკარგება მისი ხმა. მღერის).

`ღია ზღვაში... ღია ზღვაში...~ 

პაუზა. შემდეგ ხმები კულისებში.

ლორდი. რატომაა ასეთი წყვდიადი?
ლედი. ბეტსი. ეს უდღეური! არ შეეძლო ლამპა აენთო? ხომ ვუბრძანე, ჩემს დაბრუნებამდე ფეხი არ გაედგა?
გატერასი. ბნელა, როგორც...

კასრში.
ლორდი. პასპარტუ, აანთეთ ლამპა!
პასპარტუ. ახლავე, სერ! (ყველანი შემოდიან) სერ, ლამპა არსადაა. ვერაფერი გამიგია.
პაგანელი. პასპარტუ, თქვენ, ალბათ, ნასვამი ხართ!
პასპარტუ. მუსიე, წვეთიც არ ჩამიყლაპავს...
ლედი. მეშინია, სკამს არ დავეჯახო...
გატერასი.

ლამპა მეზობელი ოთახიდან გამოიტანეთ. სავარძელი, ეტყობა, მიწამ ჩაყლაპა.
პასპარტუ. ამ წუთას! (შემოდის ლამპით ხელში. ყველა ადგილზე გაქვავდება).
ლორდი. რა ამბავია?
პაგანელი. თუმცა!
ლედი. რას ნიშნავს ეს ყოველივე? 
პასპარტუ.

სერ, სახლში ჯიბის ქურდები უნდა იყვნენ ნამყოფი.
ლედი. ბეტსი! ბეტსი!
გატერასი. შესდექ! წერილია. (ჩამოხსნის წერილს).
ლორდი. მომეცით, აქ...
კირი. ტოხონგას დანა! ეს არაპების ხელია. ვაი, ვაი, ვაი, ეს რა ხდება?
ლორდი (კითხულობს).

მადლობა, ქვის სამტეხლოსთვის და ზედამხედველთა მათრახებისთვის... გეპატიჟებით კუნძულზე, ვეცდებით თავები დაგიხეთქოთ... თითლიბაზ კირის დიდი მოკითხვა. ლიკი და ტოხონგა.
კირი. მამმა მია!
პაგანელი. ვფიცავ, არც კი ვიცი, რას, ეს გასაგიჟებელია!
ლორდი. მაცალეთ, რაღაცაა კიდევ მიჯღაბნილი.

რა უკუღმაა ნაწერი? ა, ყველას მოკითხვა. ბეტსი და პოპკა!
ლედი. საძაგლები! აჰ, მე გული მიმდის, გული...
პაგანელი. ო, მადამ, არ გვინდა, რა, ეს გულის წასვლები!
ლედი. მაგრამ, რაზე უნდა დავვარდე? საკითხავია.
გატერასი. მთავარია, რომ ოთახი მოსუფთავებულია, როგორც მშიერი ბოცმანის მოლოკილი ჯამი. რომ ჩაძაღლდნენ! სუფთა ნამუშევარია! რა ხრიკი იხმარეს? რა ყოჩაღად მოქცეულან, ვირისთავები, ჰა! მაგრამ რით გაზიდეს? (მივარდება ფანჯარას) ბა! პარახოდი გამქრალა! სერ, ყველაფერი ნათელია.

თქვენი პარახოდი წაუღიათ, იმ ვირისთავებს!
ლორდი (გამწარებული პასპარტუს სწვდება ყელში). არამზადავ! შენ უნდა გედარაჯა! გედარაჯა!
პასპარტუ. Караул! მიშველეთ, ბატონო პაგანელ! მე რა შუაში ვარ?
პაგანელი. მუსიე, უმორჩილესად გთხოვთ, ხელი გაუშვათ ჩემს ლაქიას.

პასპარტუ ქრება. ლამპა იატაკზე დგას.

ლორდი (დაეტაკება კირის). თქვენ! ქაჯების ხელმწიფეო! დიდი მადლობა, მთელი ამ ბანდის ჩემს ოჯახში მოთრევისათვის... მე თქვენ...

მე თქვენ...
კირი. ლორდ, ძვირფასო, შემიწყალე, მე რა დამიშავებია?.. მე... (დაიმალება ლედის ქვედა-ბოლოში).
ლედი. ლორდ, რატომ უწყრები?.. რატომ?.. განა რა დააშავა მისმა აღმატებულებამ?
ლორდი.

ჩუმად! ნუ ემხრობი! `აჰ, მე მოწყენილი ვარ! აჰ, მე თავგადასავლები მწყურია! აჰ, აჰ, აჰ!~
პაგანელი. ლორდ, ძვირფასო, დამშვიდდით. სასწრაფოდ უნდა ავწონ-დავწონოთ ყოველივე და მივიღოთ შესაბამისი ზომები.
ლორდი. ჰო, თქვენ მართალი ხართ. აღარც მარგალიტი, აღარც ქონება და წინ კიდევ იმ ქაჯთა კუნძულია აუცილებლად დასაპყრობი!
კირი. თქვენო ბრწყინვალებავ!
ლორდი. ხმა! (კირი იმალება).

ამ წუთას შევაფასებთ მდგომარეობას. (აზროვნებს) ეი! კაპიტანო გატერასო!
გატერასი. არის, ლორდ!
ლორდი. ხომალდი! მეზღვაურები! შეაირაღეთ არაპები, ყველა! შუბებით! ჩვენ კუნძულისაკენ გავწევთ! ფეხზე მკიდია მაგათი შავი ჭირი!
პაგანელი. სწორია. ევროპა ვერ აიტანს ასეთ ძარცვა-გლეჯას. სადაა ჩემი საკვოიაჟი? ლორდ, მე თქვენ გარწმუნებთ, ჩვენ მარგალიტსაც დავიბრუნებთ და თქვენს ნივთებსაც.
გატერასი.

ცხრიანში მოარტყით! (ჩაჰბერს სასტვენში). მეზღვაურებო! ტარამ-ტარამ-ტა-რამ...

გამოჩნდება ხომალდი მეზღვაურებით, მთლიანად ელექტრო შუქით განათებული. 

ლედი. ლორდ, მეც მოვდივარ თქვენთან ერთად. მინდა ჩემი თვალით ვიხილო, როგორ გაბაწრავენ იმ ქურდბაცაცა და არამზადა ბეტსის!
ლორდი. კარგი, გამოიცვალეთ!

მზადების ალიაქოთი.
პასპარტუ (შემორბის. დაბნეული).

ლორდო! ლორდო! ლორდო!
ლორდი. რა სიბილწე მოხდა კიდევ ჩემს ციხე-სიმაგრეში?
პასპარტუ. სავა ლუკიჩი მობრძანდნენ!

ორმოდან სასწრაფოდ ამოყოფენ ცნობისმოყვარე მუსიკოსები თავებს.

სუფლიორი (ჯიხურიდან). გენადი პანფილიჩ, სავა ლუკიჩი!
მეზღვაურები. სავა ლუკიჩი ჰოლშია და კალოშებს იძრობს.
ლორდი. მესმის! მესმის! რა უნდა ვქნათ, მივიღოთ, ვუხმოთ, ვთხოვოთ! ვუთხრათ, რომ მოხარულნი ვართ... Батюшки! სცენა შიშველია! რაზე დავსხათ? დააბრუნეთ რაიმე ავეჯიდან!

პაგანელი ფანჯარაში გადახტება და გადმოათრევს გალიას თუთიყუშით.

ლორდი.

ოხ, მოქალაქე, ჟიულ ვერნ!.. ეგ არა... ის... ფუჰ, რა მინდოდა მეთქვა?.. ჰო, თეატრი _ ეს ტაძარია... ერთ სიტყვით, არავითარი გადაჭარბება... მეტელკინ, მოიტა ბენგალური!
პასპარტუ.

ვეფხვი? გენადი პანფილიჩ?
ლორდი. რა ვეფხვი, გაგიჟდი? ცეცხლი ბენგალური, პროჟექტორი!
პასპარტუ. ვალოდია! ზემოთა პროჟექტორი! ბენგალური წითელი, შედედებული!

სცენა არაბუნებრივი წითელი ფერით ნათდება.

ლორდი. მეტელკინ! თუთიყუშმა გაუშვი, რაიმე სასიამოვნო სიტყვები წამოიძახოს. არ შეიგინო. იცოდე ტრანსპარანტებზე დაწერილი ლოზუნგივით...
პასპარტუ. მესმის, გენადი პანფილიჩ.

(იქცევა თუთიყუშად).
ლორდი. ღმერთო ჩემო! ვეღირსეთ, როგორც იქნა! რომ იცოდეთ, გელოდით, გელოდით, გელოდით! გამარჯობათ, უძვირფასესო სავა ლუკიჩ!
სავა (შემოდის). ხე... ხე... მაპატიეთ, რომ დავაგვიანე... საქმეები, საქმეებმა შემაყოვნა. გამარჯობათ, გამარჯობათ...
ლორდი.

აი, ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ, სავა ლუკიჩ, ცოლი ჩემი, გრანდ-კოკეტტ... აი, ეს კი მოქალაქე ჟიულ ვერნი... ავტორი... საზიზღრად ნიჭიერი, შეუდარებელი ტალანტი... ღრმად იდეოლოგიური სულის... ნათელი პიროვნება. ჩვენს დროში, სავა ლუკიჩ, ასეთი ავტორები მთელ ტონა ოქროდ ფასობენ.

ამათ ორმაგ ჰონორარს უნდა უხდიდნენ, კაცმა რომ თქვას... (ჩუმად, კირის) ვიხუმრე, არ დაიჯერო.
სავა. ძალიან, ძალიან სასიამოვნოა... ეგ რა უცნაირი თმები გაქვთ, ახალგაზრდავ...
კირი. გრიმში გახლავართ, სავა ლუკიჩ.
სავა. როგორ, თქვენც თამაშობთ?..
ლორდი. ასე გახლავთ, სავა ლუკიჩ.

არაფერი ენანება, ოღონდ დადგან. ავად გახდა ბარაბა აპოლონოვიჩი... და ავტორმა თანხმობა განაცხადა, მის ნაცვლად ეთამაშა. კირი _ ინტრიგანი.
სავა. ააა, ეტყობა, ეტყობა... შეხედავ თუ არა... ნუ, როგორცაა, განაგრძეთ, განაგრძეთ, გთხოვთ.
ლორდი.

ჩაის, ხომ არ ინებებდით, სავა ლუკიჩ?
სავა. არა, რა აუცილებელია, ანტრაქტის დროს ვარჩევდი...
ლორდი. მესმის. ნება მომეცით, გადმოგცეთ პიესის ერთი ასლი...
სავა. რა მშვენიერი თუთიყუშია!
ლორდი. სპეციალურად ამ პიესისთვის დავუკვეთეთ, სავა ლუკიჩ.
სავა. ძვირი დაგიჯდათ?
ლორდი.

შვიდასი... ხუთასორმოცდაათი, სავა ლუკიჩ! მოლაპარაკეა. არცერთ თეატრს არ ჰყავს, ჩვენ გვყავს!
სავა. მითხარით! გამარჯობა, პოპკა!
თუთიყუში. გაგიმარჯოთ, სავა ლუკიჩ, პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერდით, ხელის ჩამორთმევა საჭირო არ არის!
სავა. (შეშინებული იატაკზე დავარდება, კინაღამ პირჯვარიც გადაისახა). გნებდებით!
ლორდი.

აუ, რა ტუტუცი ხარ, მეტელკინ! ღმერთო, რა დაუნია!
სავა. ეს რა არის? არაფერი მესმის. (იმზირება თუთიყუშის გალიაში).

პასპარტუ მეორე მხარეს გადარბის.

ლორდი. ნუ გადაამლაშებ, მეტელკინ!
პასპარტუ. მესმის, გენადი პანფილიჩ!
სავა. მშვენიერი ნივთია. რეკომენდაციას გავუწევ სხვა თეატრებშიც, რომლებიც ჩემს დაქვემდებარებაშია.

მაშ ასე, განაგრძეთ!.. რაზე გაჩერდით?
ლორდი. ახლა უკაცრიელ კუნძულზე მივემგზავრებით, სავა ლუკიჩ! კაპიტალისტები ვართ და აჯანყებული აბორიგენები უნდა დავიმორჩილოთ. ხომალდით. თქვენ საიდან გესიამოვნებათ ცქერა? პარტერიდან? ლოჟიდან, თუ, აქვე, სცენაზე, ჭიქა ჩაიზე? …
სავა. არა, თუ შეიძლება, ხომალდზე თქვენთან ერთად. მინდა ამ სიბერის ჟამს, ერთხელაც გავიკატავო!
ლორდი.

კი, ბატონო, უმორჩილესად გთხოვთ! ბატონებო! გთხოვთ, განაგრძოთ! (ტაშს შემოჰკრავს).
გატერასი. ხომალდი მზადაა, ლორდ!
ლორდი. შემოიყვანეთ არაპები!
გატერასი. არის, ლორდ! (სასტვენი).

კედლები გადასკდება და გამოჩნდებიან ჩამწკრივებული არაპები, შუბებით.

ლორდი. Здравствуйте, арапы!
არაპები (ყურისწამღებად). Здравия желаем, ваше сиятельство!
სავა. ძალიან კარგი.

ერთხელაც თუ შეიძლება? გამარჯობათ, არაპებო!
არაპები. გაგიმარჯოთ, სავა ლუკიჩ!

სავა შეირყევა.

ლორდი. არაპნო! თქვენმა მხედართმთავარმა საზიზღარი ღალატი ჩაიდინა. მან ეს ესაა გაძარცვა ჩემი ბინა და გაიქცა კუნძულზე, რათა აბორიგენებს ჩაბარდეს. მასთან ერთად გაიქცა ტოხონგა და ჩემი ყოფილი მოახლე. საჭიროა ღირსეულად დავსაჯოთ ისინი და შეუდრეკელი აბორიგენები. თქვენს ჯარს სათავეში ჩაუდგება თქვენი მეფე კირი-კუკი პირველი, მე კი დახმარებას გავუწევ!
არაპები.

Рады стараться, ваше сиятельство!
ლორდი. ეცადეთ, თქვენო აღმატებულებულებავ, უჩვენოთ სიმამაცის პირადი მაგალითი.
კირი. მესმის! ახლა კი გავები, ეშმაკმა წამიღოს!
ლედი. კირი, ჩემო კარგო, ყურებს ნუ ჩამოყრი, მე სულით მუდამ თქვენთანა ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გაიმარჯვებთ!
კირი. კაი რა, შემეშვი, თუ ღმერთი გწამს! სად არის ჩემი ჩემოდანი?
პასპარტუ. ინებეთ, თქვენო აღმატებულებავ! აუ, რა მძიმეა?
კირი. შიგ ორი ფუთი მიმართვა დევს, განკუთვნილი ჩემი უძღები ხალხისათვის.
ლორდი.

ხომალდზე! ასწიეთ ტრაპი! გთხოვთ, გვიკადროთ, სავა ლუკიჩ. ფეხი არ დაგისველდეთ, ტრაპთან ფრთხილად, სავა ლუკიჩ! 

ყველანი ხომალდზე ადიან. ორკესტრი იწყებს: `რა შორსაა ტიპერერი...~ ლორდი, სავა ლუკიჩის ზურგს უკან, ემუქრება დირიჟორს მუშტით. ორკესტრი სასწრაფოდ სცვლის მელოდიას და უკრავს: `Вышли мы все из народа...~

კირი. გენადი პანფილიჩ, თქვენ რა! ინგლისელი მეზღვაურები ამას როგორ იმღერებენ!
ლორდი (ემუქრება მუშტით). გაჩუმდი, უბედურო!

ხომალდი იწყებს უკუსვლას.

სავა. (კეკლუცად გემზე).

შესანიშნავი ფინალია, მესამე მოქმედებისთვის.

ფ ა რ დ ა
III მოქმედების დასასრული


IV მოქმედება

კუნძული. კირის ყოფილ ვიგვამს წითელი დროშა ამშვენებს.

II აბორიგენი (შემორბის). ჰორიზონტზე ხომალდი დგას. ამხანაგებო! კაი-კუმ! ფარა-ტეტე! ხომალდი! ხომალდი!
კაი (გამორბის ვიგვამიდამ). სად არის ხომალდი? ჰო, ნამდვილად!..
ფარა. ხომალდი ევროპულია. ეს პირაგუა არაა.
II აბორიგენი.

ვინ იცის, მტრებიც არიან? შესაძლოა, ინგლისელიცაა, მარგალიტის წასაღებად! 
ფარა. შესაძლოა. იცი, რა, მეგობარო? შემიკრიბე, სასწრაფოდ, აბორიგენი მეომრები. რა ვიცით, რა შეიძლება მოხდეს.
II აბორიგენი. ეი, ყველანი აქეთ!

შემორბიან აბორიგენები.

კაი. რაღაც ვერ გამიგია. ეს ლორდის ხომალდი არ უნდა იყოს, ძალიან პატარაა!
აბორიგენები.

კარჭაპი! კარჭაპი!
ფარა. მეგობრებო, შესაძლებელია, ამ ხომალდზე მტრებიც იყვნენ... ვინ იცის, რა გამოგვიტანოს, მზაკვარვა ზღვამ... იარაღი ხომ წესრიგში გაქვთ?
აბორიგენები. ო, ფარა! ჩვენ მზად ვართ!
კაი. ვერაფერი გამიგია. ან რა კუთხეები აქვს.

თან ზემოთ ქალი უზით.
აბორიგენები (ყაყანით). ჰო, ის ქალია, ქალია!
კაი. თეთრკანიანი.
III აბორიგენი.

რომ არ ვიცოდე, რომ ლიკი-ტიკი ევროპაშია, დავიფიცავდი, რომ სწორედ ის დადის გემბანზე.
II აბორიგენი. ის, ის მეორეც, გემბანზე, სუფთა ტოხონგაა!
აბორიგენები. ეტყობა გელანდება, თორემ ტოხონგას გემზე რა უნდა?..
ფარა. მოამზადეთ შვილდები!
აბორიგენები.

მზად ვართ.
კაი. არა, ღმერთსა ვფიცავარ, როგორც ორი წვეთი წყალი, ლიკია!
ფარა. შენ რაღა დაგემართა?.. დედაკაცი, ნამდვილად ზის, რაღაც შავ ყუთზე, თეთრი კბილებიც აქვს...
აბორიგენები. და თუთიყუში... ლიკი! არა, ლიკი არ არის!.. ლიკია თუ არა? რა ხდება?

ხომალდი ყურეში შემოვა და იქიდან, ლიკი, ტოხონგა და ბეტსი გადმოხტებიან.

აბორიგენები.

ლიკი-ტიკი.
ლიკი. მართალია. რა გაყვირებთ? ჩუმად, როცა ლიკი... რას დააღეთ პირები? თითქოს პირველად მხედავდეთ?!
კაი. ყური დამიგდე, თეთრკანიანო არაპო, დაყარე ამ წუთას იარაღი და ხალხს ჩაბარდი! შენ ხალხმა უნდა გაგასამართლოს.
ლიკი. რა დაგემართათ, ძმებო, რას აბღავლდით? რატომ უნდა დავყარო იარაღი? ეს ჯერ კიდევ დაგვჭირდება...
კაი. ხელები მაღლა!

ლიკი, ტოხონგა და ბეტსი ხელებს ასწევენ.

ბეტსი.

აჰ, ტოხონგა, მეშინია. რას გვიპირებენ?
ტოხონგა. ნუ, გეშინია, ჩემო კარგო. გაგვიგებენ. ჩვენ ახლავე ყველაფერს ავუხსნით. ლიკი მოუყვება.
ლიკი. ახლავე.

ჰმ... ჰმ... გამეცალეთ, რა, ცოტაზე! როგორ ვილაპარაკო, როცა, ორმოცდაათი კაცი ერთდრულად იჩქმიტება?
კაი. შენ რომ რომელიმეს თითი დააკარო, იცოდე!
ლიკი. ხმა! როცა... იდიოტი ხომ არა ვარ, რომ აქ ვინმეს თითი დავაკარო. მე ერთი ვარ და თქვენ ხუთასი!
კაი.

რატომ ჩამოხვედი?
ლიკი. ეგ არ მინდა, რომ ვთქვა? სად არის ის აბორიგენი, კბილები რომ ჩავუნაყე?
ფარა. ის შენმა არაპებმა მოკლეს, ალყის დროს.
ლიკი. საწყენია. ღმერთები თავის სამყოფელში მიიღებენ. და სული ვაიდუა უმკურნალებს უკიდეგანო საუფლოში.
კაი. ამინ! ამინ! რაშია საქმე? ოღონდ ნუ მიჰკიბ-მოჰკიბავ!
ლიკი.

მე შემიძლია ადამიანს ყველა კბილი დავაყრევინო, მაგრამ მიკიბ-მოკიბული ლაპარაკი ნამდვილად არ ვიცი! ეს ხომ ყველამ იცის!
III აბორიგენი. კი, ეს მართალია!
ლიკი. აბა, ის მომკვდარა, ამიტომ დაუსწრებლად ვუხდი ბოდიშს, იმასაც და თქვენც. ბოდიში უნდა მოგიხადოთ, იმიტომ, რომ სიბრმავის და არასაკმარისი განათლების გამო, იმ ტირან სიზი-ბუზის ვემსახურებოდი და მის ხელში ვიყავი... როგორ ვლაპარაკობ?
ბეტსი. სწორად, სწორად, მამაცო ლიკი, განაგრძეთ!
ტოხონგა. მიდი, მიდი, ეგენი გაგიგებენ!
ლიკი.

მის ხელში ბრმა იარაღი ვიყავი, სხვების საწამებლად გამოგონილი. მე ჯარისკაცი ვარ და არ ვუფიქრდებოდი რასაც ვაკეთებდი. და მეორეც... არა, რა მეორედ? ბოდიშს ვუხდი აბორიგენებს, რომ შემდეგში... შემდეგში უკვე კირი-კუკისგან მოტყუებული, ხალხის წინააღმდეგ წავედი და კბილები ჩამოვუღე... და, საერთოდ, ჩემს გამო, რომ ბევრი ხალხი დაიხოცა.
აბორიგენები. ის ნანობს, უსმენთ? 
ლიკი.

დიახ, მე ვნანობ. თქვენ უფლება გაქვთ გამასამართლოთ. ჩემთვის სულ ერთია.
ტოხონგა. ჩემზეც თქვი, ჩემზე!
ლიკი. ასევე ძალიან ნანობს, ჩემი ადიუტანტი... ტოხონგა.
ტოხონგა. ჰო!
კაი.

ვინაა, ეს თეთრკანიანი ქალი?
ტოხონგა. ნუ გეშინია, ბეტსი... ახლა მე ვიტყვი... ის ლორდის მოახლეა. გამოაგდეს ციხე-სიმაგრიდან. ის ჩემი შეყვარებულია და ცოლად უნდა მოვიყვანო. მას არასდროს ჩაუდენია ბოროტება, რადგანაც კეთილი გული აქვს.

მიიღეთ და არ აწყენინოთ, თუნდაც მე მომკლათ.
კაი. აბორიგენები უდანაშაულო ქალებს არ ჰკლავენ. 
ლიკი და ტოხონგა. დიახ!
ბეტსი. დიახ, მეც ვამტკიცებ ამას.
ფარა. ლიკი! ლიკი! ჩვენ ბევრჯერ მოგვატყუეს. ვინ დაგიდგება თავდებად, რომ შენი სიტყვების უკან ღალატი არ იმალება?
ლიკი.

დამიჯერე, რა ღალატი.
ფარა. არა. ვინ დაგიდგება თავდებად?
ლიკი. შენ რაღა დაგემართა _ თავდებად და თავდებად?! ხმა! როცა...
ფარა. დამკივი კიდეც?
ლიკი. რას ჩამაცივდი, რომ... ყვირილი ჩემი პროფესიაა და ხუთ წუთში ხომ ვერ გადავკეთდები ამხელა კაცი, არა? რას ამომიჩემე, ვერ გავიგე!
კაი.

ჰო, მართალია.
ლიკი. გამიგე, რა, როცა ევროპაში საკუთარ ტყავზე გამოვცადე, რა ყოფილა მონობა, რა დღეშიაც თქვენ აქ სიზი-ბუზის ჰყავდით, მე ეგრევე მოვტვინე და აღარასოდეს არავის მხარეზე არ გადავალ. მონობამ მასწავლა. გეფიცები!
ტოხონგა. მეც.
ფარა. და თქვენ ამას აბორიგენ ხალხს დაუმტკიცებთ?
ტოხონგა. დიახ!
ლიკი.

და ბევრად მალე, ვიდრე ვაპირებდი. გახედე ჰორიზონტს!
II აბორიგენი. მაგარი კვამლი ადის.
ლიკი. ჰო, კვამლია... უბოროტესი კვამლი! ეი, ვინ არის ახლა ხელმწიფე?
აბორიგენები. ხელმწიფე აღარა გვყავს და არც ამის მერე გვეყოლება.
ლიკი. პატრონი? არავინ მართავს ამ ქვეყანას?
აბორიგენები.

ისინი ჩვენ ავირჩიეთ.
ლიკი. ასეც ვიცოდი! გამარჯობათ, მბრძანებლებო! კაი, უბრძანე გახსნან ეს განჯინა!
ფარა. ფრთხილად, კაი-კუმ!
ლიკი. როგორ არ გრცხვენია. არ მოვინანიე, წეღან, ამხელა კაცმა?
ბეტსი. ო, გწამდეთ მათი, გწამდეთ!
კაი. გახსენით განჯინა!

აბორიგენები განჯინას ხსნიან.

აბორიგენები.

იარაღი! იარაღი! თოფები! 
ლიკი. დიახ, ეს ინგლისური თოფებია. საჩუქრად ჩამოგიტანეთ. ისინი ძალიან მალე დაგჭირდებათ!..
II აბორიგენი (პალმაზე). ჰორიზონტზე ხომალდია!
ლიკი (მეხივით ხმაზე). მისმინეთ, აბორიგენნო! ეს ლორდ გლენარვანის ხომალდია. ის აქეთ მოდის.

კუნძულისაკენ! მასზე კბილებამდე შეიარაღებული არაპები და მეზღვაურები არიან. ისინი იმიტომ მოდიან, რომ თქვენ გაგჟლიტონ და ტახტზე უსინდისო კირი-კუკი დასვან, რათა გღლიტონ და გძარცვონ, როგორც აქამდე! მე კი, ლიკი-ტიკი, მხედართმთავარი, იმიტომ გადმოვედი თქვენს მხარეზე, რომ დაგეხმაროთ და მტერი ერთად მოვიგერიოთ! გნახავდით, ერთი, რას იზამდით უჩემოდ, ყველაზე დახელოვნებული და გაწაფული მხედართმთავრის გარეშე, ოკეანის ყველა კუნძულთა შორის! აისხით იარაღი! დაარიგეთ, დროზე!
ფარა. აი, ახლა კი გვჯერა შენი! შენ განრისხებული და საშინელი იყავი, ლიკი-ტიკი, მაგრამ შენ შენი ცოდვა გამოისყიდე! ხალხო, ვაპატიოთ, ლიკი-ტიკის?
აბორიგენები. ვაპატიოთ!
კაი (ლიკის და ტოხონგას). ხალხის სახელით შეწყალებულები ხართ!
ლიკი. მადლობა, თქვენ არ ინანებთ ამას!
ფარა. იარაღი აისხით, ძმებო, ლიკის დაუგდეთ ყური! ლიკის დაუჯერეთ!

აბორიგენები სწრაფად ჩამოირიგებენ იარაღს.

ლიკი.

თქვენთან ისევ ჭირია?
კაი. არა, თითქმის გადაიარა.
ლიკი. ერთი დაუმარხავი გვამი მაინც თუა?
კაი. ო, რა თქმა უნდა!
ლიკი. მაშინ, აი, რა! აიღეთ სასწრაფოდ და თქვენი ისრის წვერები, ჭირის ხსნარში ამოაწეთ! მხოლოდ, ფრთხილად, რომ ერთმანეთს არ გადასდოთ! ერთადერთი, რისაც ხარბ ევროპელებს საშინლად ეშინიათ, ეს ჭირია.

ჰო გამიგეთ?
კაი. ო, ლიკი! შენ მართლაც გენიალური მხედართმთავარი ხარ! მოუსმინეთ! მოუსმინეთ, ლიკის!
II აბორიგენი (პალმაზე).

ის გვიახლოვდება _ კარჭაპი! 
ფარა. ძმებო, მოწამლეთ ბუნიკები და ტყვიები!

მიდის საშინელი შეიარაღება. მთელი კუნძული შუბების ღრუბლებით იფარება.

ლიკი. დაიმალეთ ქვებისა და ბუჩქების უკან!

ჩაჰბერავს რქის ნესტვში.

ტოხონგა. მოუსმინეთ ბრძანებებს! დაიმალეთ!

ყველა იმალება და სცენა ცარიელდება. ისმის ავის მომასწავებელი მუსიკა. ხომალდი ყურეში შედის.

პირველი გადმოდის სავა, პიესის ეგზემპლარით ხელში და ადის ყოფილ ტახტზე, ასე, რომ ახლა ის მართავს კუნძულს. 

ლორდი. ლედი, გთხოვთ, თავს ნუ გამოყოფთ.
გატერასი. მეზღვაურებო! ისმინეთ!.. ტრაპი დაუშვით! ტრამ-ტამ-ტამ!
ლორდი. აბა, ახლა კი, თქვენო აღმატებულებავ, გაისარჯეთ და გაუძეხით წინ არმიას. თქვენ ახლა, მართლაც, გეძლევათ შანსი, დაიბრუნოთ თქვენი ტახტი, მე კი _ ჩემი მარგალიტები!
პაგანელი.

ო, მართლაც. ჩვენ უკვე მოგვბეზრდა თქვენი ხალხის ჭირვეულობა, ვფიცავ საფრანგეთის რესპუბლიკას!
კირი (ჩემოდნით ხელში). მომისმინეთ, თქვენო აღ... კეთ... ფუჰ, შენი... ჩავვარდი, რა, სიტუაციაში... ახლა რომ ჩემი კეთილი ხალხი ნაწლავებს დამაყრევინებს, მხიარულება მაშინ ნახეთ! რა მინდოდა, რა თავი მტკიოდა?
ლედი.

ო, არა, ნუ ჩააგდებთ საფრთხეში მის აღმატებულებას!
ლორდი. ლედი, უკვე უცნურადაც კი მეჩვენება, ამდენი თქვენი გამოსარჩლება. რას ნიშნავს ეს? არაპთა მეფევ? რა გემართებათ?
კირი. მივდივარ, მივდივარ, ასჯერ პატივცემულო ლორდო! მივდივარ, უბრალოდ ფეხი მერევა, სიმამაცისა და მოუთმენლობისაგან. ოხ-ხო!.. ნუ, არაპებო, საყვარლებო, არ მიმატოვოთ!
გატერასი. არაპნო, წინ! 

არაპები, სამხედრო მარშის ქვეშ, გადმოდიან ტრაპიდან.

კირი.

მე, თქვენო ბრწყინვალებავ, ბოლოში დავდგები, რომ რომელიმემ უკან არ დაიხიოს, თორემ ეს ისეთი ხალხია...
ლედი. ო, გარდა იმისა, რომ მატყუარა ბრძანდებით, მშიშარაც ყოფილხართ. მე თქვენ მეზიზღებით! 
კირი. ძალიან მინდა, რა, ახლა მეც... როცა ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია.
ლედი. დიახ, მორჩა! ჩვენს შორის შავმა კატამ გაირბინა!

კირი კუნძულზე, უკან კვალზე მისდევს არაპებს. მეზღვაურები გემბანზე რიგში დგებიან.

წინ შუბებიანი არაპები მიდიან. პაუზა. უეცრად, რვოლვერით ხელში ლიკი გამოჩნდება.

ლიკი (მრისხანედ). საით გაგიწევიათ, ეშმას მოგზავნილებო?
არაპები (თავზარდაცემული). მხედართმთავარი!..
ლიკი. დიახ, მე გახლავართ, ლიკი-ტიკი! მეტსახელად `უშიში, ვითარცა უხორცო~, ასე მეძახიან კუნძულებზე! საით?
არაპები (მთლად დაბნეული). ლიკი...

ჩვენ, იცი, რა... ჩვენ პატარა ხალხი ვართ, პაიკები... რა თქმა უნდა...

ბუბუნი.

ლიკი. ხმა, კრინტი! როცა გელაპარაკებიან!...
პაგანელი. ფციცავ, ლორეანის სუნამოს, თუ ისინი საგონებელში არ იყვნენ, ლორდ!..
ლორდი (ჭოგრიტით). კაპიტანო, გატერას! მიიღეთ ზომები!
გატერასი (გამაძლიერებელში). წინ! ასიათასი ჭინკა და ერთი ბელზებელი! წინ!
ლიკი.

უკან!.. როცა გელაპარაკებიან!..
არაპები. სად ჯანდაბაში წავიდეთ? რა უბედურებაა?

არ იციან, რა ქნან.

გატერასი. წინ! 
ლიკი. უკან!
აბორიგენები (კულისებში). ვაშაა!.. მხედართმთავარი ლიკი!
კაი და ფარა (გამოჩნდებიან კლდეზე).

ლიკი, ყოჩაღ! ვაშა, ლიკი! არ შედრკე! მთელი კუნძული მხარს გიჭერს! 
არაპები (დაეყრებიან მოკვეთილივით). გნებდებით!
ლიკი. აბორიგენთა მხარეს, სირბილით, იარ! 
არაპები. გისმენთ, თქვენო მაღალაღმატებულებავ! (გაქრებიან სცენიდან).
აბორიგენები (მქუხარედ). ვაშა!..

თავის ჩემოდნით ხელში, კირი მარტოდმარტო რჩება კუნძულზე.

კირი. თქვენო ბრწყინვალებავ! (განწირულად) Караул! Караул! თქვენო ბრწყინვალებავ!.. მიშველეთ!..

ბედის ანაბარად მიმატოვეს! კატასტროფა! კატასტროფა! კატასტროფა!
ლიკი (გაუგონარ ხმაზე). ა-აა! აი, თურმე სად ბრძანდება! რა ხანია, ამ წუთს ველოდი. ილოცე, ნაძირალავ, მოვიდა შენი აღსასრულის დღე!
კირი. რა არი, ოქროვ, რა ამბავია? აი, გნებდები, საყვარელო, აი. აქამდეც ჩაგბარდებოდი, მართალი გითხრა, დიდი ხნის წინაც! პლიუსკვამფერფექტუმში! ჩაგბარდი, ხედავ? ო, ლიკი, ნუთუ სიცოცხლეს უნდა გამოასალმო, ჯერ კიდევ მთლად ნორჩი, უბედური კირი-კუკი? რომელსაც მუდამ ნაზი სიყვარულით უყვარდი?
ლიკი. ახ, ბილწო ნაძირალავ!
პაგანელი. ლორდ, ისინი გაიქცნენ, აბორიგენთა ხელმწიფე კი დატყვევებულია!
ლედი.

ო, ლორდ! ჩვენ ის უნდა გამოვიხსნათ, გადავარჩინოთ!
პასპარტუ. ის, ალბათ უკვე შეწვეს და შეჭამეს.
ლორდი. კაპიტანო! კაპიტანო!
გატერასი. მეზღვაურებო, ზარბაზნებთან!

ზარბაზნის ლულას ლიკის მიუშვერენ. ლიკი სტაცებს ხელს კირის და წინ ფარივით აიფარებს. 

კირი. თქვენო ბრწყინვალებავ, ლორდ ძვირფასო! რას შვრებით! არ ისროლოთ, თორემ მე მომხვდება!
ლედი (სწვდება მკლავში გატერასს).

ო, თქვენ მას მოკლავთ! არ ესროლოთ!
ლორდი. რას, ნიშნავს ეს, ლედი? მე უკვე ეჭვი მეპარება თქვენში!
კირი. მართალი ბრძანდებით, თქვენო ბრწყინვალებავ. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ოღონდ არ ისროლოთ!
ლედი. ო, შე დამპალო! (გული წაუვა).
ლიკი. იმდენი მოტრაბახე მინახავს, რამდენიც გინდა...
ლორდი. მე შეურაცხვმყვეს! (ამოიღებს რევოლვერს და დაიცემს).
პასპარტუ.

ლორდმა თავი მოიკლა.
პაგანელი. ღმერთო ჩემო, ეს რეები ხდება ამ წყეულ კუნძულზე? წყეულიმც ვიყო ცხრაჯერ და მეტად... მჭირდებოდა რამეში, ან ასეთი `პაეზდკა~ ან ასეთი მარგალიტი?
ლიკი. ეი, აბორიგენებო, ყველანი აქეთ!

ღრუბლებივით შემოდიან აბორიგენები და არაპები და სცენას ჰფარავენ.

კაი და ფარა. ყველანი აქეთ!
ლიკი. მისმინეთ, თქვენ, ევროპელებო! (გემზე დუმილია) ხომ ნახეთ, რომ კუნძულის დამორჩილება სხვისი დახმარებით... მოკლედ, მე რომელი ორატორი ვარ, ეშმაკმა წამიღოს...

კაი, უთხარი, რა!
კაი. ყური დამიგდეთ, ევროპელებო. კუნძულის ხელში ჩაგდება, მოტყუებული და დაბრმავებული არაპების ხელით, როგორც ხედავთ, კრახით დასრულდა. არაპები, გამარჯვებულებს ბატკნებივით ჩაგვბარდნენ. მათ ეპატიათ და ჩვენ ჯარს შემოუერთდნენ. და, აი, თქვენს წინაშეა, ერთ გუნდად შეკრული ხალხი, რომელიც თავის სამშობლოს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაიცავს. დაიცავს სიცოცხლეს და თავისუფლებას!
აბორიგენები (ხმამაღლა).

ასეა, ასეა, კაი!
ფარა. ისმინეთ, ევროპელებო! თქვენი გარჯა, დაგეპყროთ კუნძული და მისი სიმდიდრე ხელთ ჩაგეგდოთ, ტყუილი ოცნებაა, რადგან აბორიგენი ხალხის შეგნებული ნაწილი, შეუგნებელ ნაწილთან ერთად ამას აღარასოდეს დაუშვებს.


კაი. მარგალიტს თქვენ თვალითაც ვეღარ იხილავთ, ვეღარასოდეს! რადგან ის თავისუფალ აბორიგენ ხალხს ეკუთვნის და მეტს არავის!
კირი. დიახ, სწორედ ასეა! მართალია, გეთანხმები. მეც ზუსტად შენსავით ვფიქრობდი, კაი.
კაი. შენ ენა ჩაიგდე, მანდ, ნაგავო, შენი საქმე ჯერ კიდევ წინაა.
კირი.

ვდუმდები, როგორც თევზი წყალში.
კაი. აი, ჩვენი უკანასკნელი სიტყვა. თქვენსკენ ათასობით ისარია მომართული, რომელთა ბუნიკებიც შავი ჭირის შხამშია ამოვლებული.
პაგანელი. როგორ თუ შავ ჭირში, ეშმაკმა დალახვროს!
ფარა. ახლა კი ულტიმატუმი. ერთი `ზალპი~ და თქვენ ვეღარავითარი შორი სიშორის ზარბაზნები ვეღარაფერს გიშველით... თქვენ თუნდაც რამოდენიმე ჯარისკაცი მოგვიკლათ, თქვენი ხომალდი უკვე მოწამლული იქნება.

თქვენი სხეულით ჭირს შორეულ ევროპაში წაიღებთ და ისიც, როგორც ხანძარი, მთელ მსოფლიოს მოედება. ერთ წუთს გაძლევთ ვადას...
გატერასი. ეშმაკსაც წაუღია, ასეთი ლაშქრობა. მე მეგონა, რომ ზარბაზნებით და ხიშტებით ვიომებდით და არა შავი ჭირით და ხოლერით.
პაგანელი. მართალია, გეთანხმები. უკან ვიხევ. არც ამნაირი მარგალიტი მინდა და არც ამნაირი ომობანა.
პასპარტუ.

მუსიე, მეზღვაურები ღელავენ... ერთი წუთიც და `ბუნტი~ აალდება. ნება მომეცით, გირჩიოთ! სჯობს ევროპაში გაბრუნდეთ. მეზღვაურები ომზე უარს აცხადებენ.
პაგალი. კაპიტანო, სახლისაკენ!
გატერასი. გაეთრიეთ ყურედან!

ხმაურით ამოსწევენ ღუზას და ხომალდი ყურეს მოსცილდება. მეზღვაურები მღერიან: `ღია ზღვაში...

ღია ზღვაში...~

ლედი (დგება გემბანის კიდესთან მოწყენილი). ო, რა უბედური ვარ! ერთ წამში დავკარგე, მარგალიტიც, ქმარიც და საყვარელიც... რა უნდა ვქნა?
პაგანელი. ქალბატონო, ჯობს წინასწარ მოიკლათ თავი. რადგან თქვენი მეუღლის გვამის შემხედვარე, ჯანსაღი ევროპის საზოგადოებრივი აზრი, სულერთია, მაინც სიკვდილს მოგისჯით!

მეზღვაურები: `ღია ზღვაში... ღია ზღვაში...~ უფრო და უფრო ბუნდოვნად და მკრთალად... ხომალდი ქრება.

მზე ზღვაში ჩადის.

კაი (კლდეზე). ძმებო, აბორიგენებო! გილოცავთ! ჩვენი ტანჯვა-წამება დამთავრდა. დღეიდან მეწამულ კუნძულს აღარავითარი საშიშროება აღარ ემუქრება. შეგიძლიათ ხმამაღლა შემოსძახოთ – ვაშა!
ყველა. ვაშა!!!
კაი. თავისუფლად!

დაიშლებიან და ჩემოდანზე შემომჯდარ კირის აღმოაჩენენ.

კირი. მეგონა საყოველთაო ზეიმის ჟამს მაინც გადავავიწყდებოდი.

მაგრამ, არა! ეტყობა, ჯერ კიდევ არ შემისვამს ბოლომდე საკუთარი სიმწრის ფიალა.
ფარა. რა ვუყოთ ამ ყალთაბანდს?
ლიკი. სიკვდილით დასჯაც კი ცოტაა.
კაი. როგორ მოვიქცეთ?
აბორიგენები. რა ვქნათ?
კირი. უნდა მაპატიოთ და მეტი არაფერი! განა აბორიგენთა გულები ბრმა შურისძიებას ოდესმე აუტანია? ნუთუ თქვენ, ძვირფასო მმართველებო, კაი-კუმ და ფარა-ტეტევ, იმდენი არ გესმით, რომ არ შეიძლება გააფუჭო ასეთი კოლოსალურო სახალხო ზეიმი სისხლის დაღვრით, თუნდაც დამნაშავის?
ლიკი. პალმაზე ჩამოგკიდებთ თოკით და ერთ წვეთ სისხლსაც არ დავღვრით.


კაი. როგორც შენ აპირებდი ჩვენს ჩამიკიდებას, ჩემი და ფარა-ტეტესი.
კირი. ო, უძვირფასესო, კაი, ნუ ჩაიდებ გულში ამხელა ბოღმას. ო, აბორიგენებო! (კაის) შენ, იცი, რა მიდევს ამ ჩემოდანში?
ფარა. რა გიდევს, ყალთაბანდო?
კირი. ორი ფუტი სტერლინგი, სწორედ ის, რომელიც ცხონებულმა ლორდმა სიზი-ბუგის გადასცა, მარგალიტში. როგორც ხედავთ, მე პატიოსნად გადავარჩინე ხალხის დოვლათი, ისე, რომ ერთი თეთრიც არ მომიკლია.
კაი.

შეინახეთ ის სახალხო ხაზინაში!
ლიკი. აღიარე! გინდოდა მიგეთვისებინა და ამიტომაც უფრთხილდებოდი ასე!
კირი. მაგრამ ხომ არ მივითვისე, არა? ეეჰ, ლიკი, რატომ მწამებ ცილს? რატომ გინდა, რომ უდანაშაულო ადამიანი გასრისო?
ლიკი. აუ, რა ენა აქვს? ეს უნდა საღორეში აცხოვროს კაცმა. ვაპატიოთ, ხალხო, ხელის გასვრადაც არ ღირს, გეფიცებით!
კაი. ვაპატიოთ, ამნისტიას ვაცხადებ გამარჯვების დღესასწაულთან დაკავშირებით!
აბორიგენები და არაპები. ვაპატიოთ!
ფარა.

ადექი! გაიგონე? ხალხმა გაპატია.
კირი. ო, ღმერთები დაგლოცავენ, ყველას, ამ დიდსულოვნებისთვის! აუ, რა ლოდი მომწყდა გულიდან. ისე, სტერლინგები კი ცოტა მენანება. მოკლედ, ადამიანის სიცოცხლე, რაც არ უნდა მუხანათური იყოს, მაინც ყველანაირ სტერლინგზე ძვირფასია. უფლება მომეცით, თქვენს ზეიმში და ლხინში მონაწილეობა მეც მივიღო. 

ამოდის მთვარე.

კაი. აბორიგენებო, შეხედეთ, აგერ ისიც, ღამის ღმერთქალი.

აფენს თავის ნათელს, ამდენ ტანჯვა-წამება გადატანილ კუნძულს!.. შევეგებოთ მას სიხარულით!

ფეიერვერკი. უზარმაზარი ქორო მღერის ორკესტრთან ერთად.

ქორო: ტანჯვის დღენი ჩავლილია, ოკეანეს სძინავს მშვიდად.
სხვა კუნძული ჩვენ არ ვიცით. სხვა კუნძული ჩვენ არც გვინდა.

კირი. პიესა დამთავრებულია.

ჯერ ბნელდება, შემდეგ კი სცენას მთლიანად ანათებენ.

IV მოქმედების დასასრული


ეპილოგი

იწყება გუგუნი და მოძრაობა. სცენაზე გამოდიან: მიცვალებული ლორდი, ლედი, პაგანელი და გატერასი. გაიელვებენ მეზღვაურები, პასპარტუ...

სავა ლუკიჩი, მარტოა, არ ტოკდება. ზის ტახტზე და ბრბოს მაღლიდან დაჰყურებს. ღრმად ჩაფიქრებულა და მოღუშულა. ყველას მზერა მისკენაა მიმარ- თული.

ლორდი. კხმ... აბა, რას ინებებდით, რომ გეთქვათ, ასე ვთქვათ, პიესის შესახებ, სავა ლუკიჩ?

სამარისებური სიჩუმე.

სავა. აიკრძალოს.

დასს ჩურჩული გადაუვლის.

ორმოდან დამარცხებული მუსიკოსების თავები გამოჩნდება. ჯიხურიდან _ სუფლიორის.

კირი. (ავადმყოფურად). როგორ?..
ლორდი (გაფითრებული). როგორ ბრძანეთ, სავა ლუკიჩ? მომეჩვენა, რომ სხვა რაღაც მომესმა.
სავა. არა, არ მოგჩვენებიათ, წარმოდგენა აკრძალულია.
ლიკი. აი, ესეც შენი იდეოლოგიური! მომილოცავს გენადი პანფილიჩ, ელოდეთ ახლაც გამორჩენას.
ლორდი.

სავა ლუკიჩ, ეგებ თქვენი მოსაზრებანი გამოგეთქვათ?.. ჩაი, ხომ არ გესიამოვნებოდათ, თუნდაც ერთი ჭიქა? 
სავა. კი, დავლევ ჩაის, მერსი... მაგრამ პიესა არ წავა... ხე-ხე...
ლორდი. პასპარტუ! ერთი ჭიქა ჩაი სავა ლუკიჩს!
პასპარტუ. ამ წუთას, გენადი პანფილიჩ.

(აწვდის ჩაის). 
სავა. მერსი, მერსი. თქვენ, გენადი პანფილიჩ.
ლორდი. არა, მე უკვე... ა, ასე ვარ, ყელამდე...

სამარისებური სიჩუმე.

ლიკი. `მაგრამ ერბოს ქილა გატყდა, გლეხი ისევ გლეხად დარჩა~...

ე-ხე-ხე...
პასპარტუ. სტატისტები კითხულობენ, გენადი პანფილიჩ, მოვიცილოთ გრიმი თუ დავიტოვოთო?
ლორდი. (კბილებში გამოსცრის). გავაგრიმებ მე მაგათ!
პასპარტუ.

მესმის, გენადი პანფილიჩ!

უეცრად სიზი შემოვა. ის სამოქალაქო კოსტიუმშია, მაგრამ მე-ფის გრიმში და თავზე გვირგვინით.

სიზი. ჰო, თქვენთან მინდოდა, მოქალაქე ავტორო...

სუნდუჩკოვი, ნება მიბოძეთ, გაგეცნოთ. ძალიან კარგი პიესაა, შესანიშნავი... შექსპირის სიოც კი უბერავს, თითქოს... მაგარი ყნოსვა მაქვს, რომ იცოდეთ! ოცდაათი წელია სცენაზე ვდგავარ! ცხონებულ ანტონ პავლოვიჩ ჩეხოვსაც კი შევხვედრივარ ყირიმში. სხვათა შორის, ანფასში ოდნავ ჰგავხართ კიდეც. მაგრამ როგორ შეიძლება, გენაცვალე, რომ მეფეები ასე... რას ჰგავს, ჰო...

პირველ მოქმედებაშივე უკვალოდ ჰქრება...
კირი (უყურებს დებილივით). კვდება...
სიზი. მესმის, მესმის. მეფე მეტის ღირსიცაა. მე თვითონ მივახვრეტავდი ყველას ერთად. მადლობა ღმერთს, თავში ჩალა არ მიყრია და ოჯახში ხალხოსნებიც მყავს. შენი რა მიდის? მოკალი, კი ბატონო, მაგრამ მეორე აქტში, ჰა...
ლიკი.

ეს რა მანერაა, ხალხთან საუბრის, ანემპოდისტ! ვერ ხედავ, მკვდარია კაცი.
სიზი. რა? რაო?
ლიკი. რა და, მიუხურა სავა ლუკიჩმა პიესას კარი!
სიზი. ა-აა! აჰაა... ასე? მესმის! ძალიან კარგად მესმის! როგორ შეიძლება ასე გადაუარო მეფეებს? რა მოხდა, რომ არაპია. უნდა მოკლა ამიტომ?
ლორდი. ანემპოდისტ, დიდად დამავალებდი, თუკი ერთ წამს გაჩუმდებოდი.


სიზი. მუნჯი ვარ! კანონის წინაშე ნებისმიერ დროს დავმუნჯდები. პოპკა დურაკ! პოპკა დურაკ!
თუთიყუში. სამ ტი დურაკ!
სიზი. არა, ეს მე არ ვყოფილვარ, გენადი პანფილიჩ, ეს შვიდას რუბლიანი თუთიყუში იყო. ხმაზე ვერ იცანით?
ლორდი. მეტელკინ, გამოხდომების გარეშე!..

სავა ლუკიჩ! იმედი მაქვს, ეს თქვენი გადაწყვეტილება, საბოლოო არ არის.
სავა. არა, საბოლოოა. მიყვარს ჩაის დალევა, სამუშაოს შემდეგ. ცენტროსაიუზის სასადილოში, მართალია, იღებდნენ... 
ლორდი (ენა ებმის). სენტრ... ცაიუზის...

კი... სავა ლუკიჩ.
კირი (უეცრად). ჭერი! ალბათ, ისევ ჭერი, ხომ? პრიმუსზე მოხარშული მშრალი ფაფა... დაფხრეწილი ზეწარი...
სავა. კხ... ჩემი ბრალია... თქვენ მე ეგ? მე ცოტა ყურს...

რა ბრძანეთ, ბატონო?

სამარისებური სიჩუმე.

კირი. სამრეცხაო დღეში ცხრაჯერ ტყდება. როდის გადაიხდი სარეცხის ფულს, კალსონო?.. ღამით ჩამსხვრეული ფანჯრიდან ვარსკვლავები იჭყიტებიან. მაგრამ რით გინდა გამოცვალო? ნახევარი წელი, ნახევარი წელი ციებ-ცხელება მქონდა, ვცივდებოდი და ვცხელდებოდი, და მაინც განთიადს კალმით ხელში ვეგებებოდი. ცარიელი კუჭით! ქარი კი უბერავს და უბერავს... ჟღრიალებენ თუნუქის ფურცლები...

მე კიდევ უკალოშოდ დავდივარ...
ლორდი. ვასილი არტურიჩ!
სავა. რაღაც ვერ ვხვდები, ეს რომლიდანაა?
კირი. ეს? ეს იქიდან! ჩემიდან! გულის სიღრმიდან! აი... მეწამული კუნძული! ო, ჩემი მეწამული კუნძული!
ლორდი. ვასილი არტურიჩ, ჩაის... მონოლოგია...

ეს, სავა ლუკიჩ, მონოლოგი გახლავთ, მეოთხე მოქმედებიდან.
სავა. ასე... ასე... რატომღაც ვერ ვიხსენებ.
კირი. ნახევარი წელი... ნახევარი წელი... რედაქციებში დავრბოდი, კარი ავუტალახე, ხანძრებზე ანგარიშებს ვაწვდიდი...

სამ რუბლად და სამოცდათხუთმეტ კაპიკად... ან ამ ჰონორარს რომ მიხდიდნენ. უქუდოს, კედელთან ატუზულს... (მოიძრობს პარიკს). გადამიხადეთ, რა... სამი რუბლი, ავანსად! აი, დავამთავრებ, დავამთავრებ მეწამულ კუნძულს... და, აი, გამოცხადდა უბოროტესი მოხუცი...
სავა.

ბოდიში, ვისზე ამბობთ? …
კირი. და ხელის ერთი მოქნევით, ერთი ხელმოწერით საიქიოში მისტუმრებს. აჰაათ, აი, ჩემი მკერდი, გამიყარეთ ეგ კალამი!
ლორდი. რას შვრებით, უბედურო! ჩაი, ჩაი მოუტანეთ! 
კირი. მაინც აღარაფერი მაქვს დასაკარგავი!..
ბეტსი და ლედი. საცოდავი, საწყალი... დამშვიდდით, დაწყნარდით ვასილი არტურიჩ!
ლორდი.

თქვენ არა გაქვთ, მაგრამ მე ვკარგავ, მე! ძმებო, წაიყვანეთ საგრიმიოროში!.. თეატრი _ ეს ტაძარია!.. პასპარტუ! პასპარტუ!

ლიკი, სიზი და პასპარტუ ცდილობენ გაიყვანონ კირი.

ბეტსი. ვასილი არტურიჩ!.. დაწყნარდით, ყველაფერი შესანიშნავად იქნება... რა გემართებათ?
კირი (ხელიდან დაუსხლტებათ). 
მოსამართლენი ვინ არიან? დასაბამიდან
თავისუფალ აზრს ვინც ებრძოდა, ვისაც ის სძულდა.
საკუთარ აზრებს ვინც ჰკრეფს ძველი გაზეთებიდან,
ვინც სულსაც ჰყიდის, ხშირად, თუკი დაუგდებ ხურდას!
ლორდი.

ეს მე ხათაბალაში გამხვევს? სერგეი, სერგეიჩ, მე წავედი! ძმებო, გაიყვანეთ, რა, როგორმე, აქედან!
ლედი. საყვარელო, დამშვიდდით, გინდა, გაკოცოთ!
ბეტსი. მეც!

ყველას ერთად გაყავს კირი.

სავა. ეს რაღა იყო, ვითომ?
ლორდი. კანტუზიანია. პოლონეთის ომში ბომბი მოხვდა... პირდაპირ თავში...

უზარმაზარი ტალანტი... გამოწყობილი იდიოტი... ტვინი, იდეოლოგია... ის უკვე იჯდა კანატჩიკოვის დაჩაზე, ერთხელ. თეატრი _ ეს ტაძარია!.. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, სავა ლუკიჩ. თქვენ ხომ კარგად მიცნობთ, სავა ლუკიჩ! ხომ ასეა? სავა ლუკიჩ? თხუთმეტი ათასი რუბლი!..

სამი თვე მუხლჩაუხრელი შრომა!.. გვითხარით, განა რა არის ასეთი?.. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს ქვეყანაზე!.. განა ასე არაა?
სავა. სმენოვეხოვცეველების თეატრის პიესაა. 
ლორდი. სავა ლუკიჩ! გეშინოდეთ ღვთი...

რას ვლაპარაკობ!.. გეშინოდეთ... ვისი... გაურკვეველია... ნუ შეგეშინდებათ ნურავისი... ჩემს თეატრში?
სიზი (შემოდის). დავაწვინეთ...

თავქვეშ ბალიში, პირში ვალერიანი... ლიდია ივანნაა მასთან.
ლორდი. მარტო?
სიზი. არა, ნუ გეშინია, ადელაიდაც იქაა.
ლორდი. სავა ლუკიჩ! ჩემს ტაძარში!.. ხა-ხა-ხა... იცით, ჩემთან ვინ იყო? `ნამედნის~ ავტორი!..

`Дни Турбиных~, შემომთავაზა, ხომ არ შევხვედროდითო! როგორ მოგწონთ? გადავათვალიერე და გული ამიჩქარდა... სიბრაზისაგან. თქვენ იცით ვის აძლევთ ამ პიესას? ვეკითხები!
სიზი. აბსოლუტური სიმართლეა! მეც ვესწრებოდი! რატომ მოიტანეთ? სად მოიტანეთ? საიდან მოიტანეთ?
ლორდი. ანემპოდისტ!
სიზი. მოვკეტე! (ჩუმად) სინამდვილეში ათასი რუბლი შეაძლია.
ლორდი. სავა ლუკიჩ! რაშია საქმე? სმენოვეხოვცეველებს თოფის სიშორეზე არ ვაკარებ თეატრს.

რაშია საქმე?
სავა. ბოლოში.

საერთო გუგუნი. ყურადღება.

ლორდი. გეთანხმებით!…ყველაფერში! ღმერთო ჩემო! მეც, იცით, კი, ვგრძნობდი რაღაცას _ რა ხდება, ვფიქრობ, რა აკლია? და ვერ მივხვდი ვერაფრით. მართალი ბრძანდებით _ სულ ბოლოში! სავა ლუკიჩ! ღმერთი ხართ თეატრის, ნამდვილი ღმერთი! გეფიცებით! ყველას ამას ვუმტკიცებ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ასეთი ადამიანები ესესერში, სიკვდილივით! რაშია საქმე, რა სჭირდება ბოლოში?
სავა. როგორ, გენადი პანფილიჩ, მაგას ფიქრი უნდა? თქვენ თვითონ ვერ უნდა მიმხვდარიყავით? ვერაფერი გამიგია. ძალიან მიკვირს.
ლორდი.

მართალი ბრძანდებით. თვითონვე როგორ ვერ მივხვდი.

ეტყობა სიბერეში ვირის ყურები გამომება!
სავა. მეზღვაურები, მაგალითად, ვინ არიან?
ლორდი. პროლეტარები, სავა ლუკიჩ, პროლეტარები, კბილები მაქვს ამოსალეწი!
სავა. ჰოდა, მერე? იმ დროს, როცა გათავისუფლებული აბორიგენები ზეიმობენ და ცეკვავენ, მეზღვაურები?
ლორდი. მონობაში რჩებიან, მონობაში...

ოჰ, რა იდიოტი ვარ!
სავა. არ გეკამათებით! არ გეკამათებით!
ლორდი. ანემპოდისტ!
სავა. თუნდაც საერთაშორისო რევოლუცია, ან ხალხთა სოლიდარობა?..
ლორდი. ჰო, მართლაც, სად არიან ამ დროს, სავა ლუკიჩ! ახ, როგორ ვერ მივხვდი... როგორ... მეტელკინ! შენ თუ ხუთ წუთში, მსოფლიო რევოლუციას მომიწყობ, ოქროში გაბანავებ! გამიგე?
პასპარტუ.

მსოფლიო რევოლუცია, გენადი პანფილიჩ?
ლორდი. ჰოო, ბიჭო, მსოფლიო.
პასპარტუ. იქნება, გენადი პანფილიჩ, მოვაწყობთ!
ლორდი. გაფრინდი!.. სავა ლუკიჩ!.. ამ წუთას გიჩვენებთ მსოფლიო რევოლუციის დასასრულს...
სავა. მაგრამ, იქნებ ავტორს არ უნდა ეს მსოფლიო რევოლუცია?
ლორდი.

ვის? ავტორს? არ უნდა? შემახვედრა ნეტავ, ერთი კაცი მაინც ვისაც მსოფლიო რევოლუცია არ ენატრება! (დარბაზს) იქნებ არის ვინმე, ვისაც არ უნდა?.. ასწიეთ ხელი!..
სიზი. ვინმეა წინააღმდეგი? ხი, ხი... აბსოლუტური უმრავლესობა, სავა ლუკიჩ!
ლორდი (გრძნობით). ასეთი ადამიანები ჩემს თეატრში არ არიან, სავა ლუკიჩ! მოლარეც კი არ მიჰყიდის ასეთებს ბილეთს, არა... ანემპოდისტ, ჯობს თვითონ მე ვთხოვო ავტორს, რომ პირველი მოქმედების ტექსტი ჩაგიწეროს, მაგრამ, ისე, რომ არ აურიოს. 
სიზი.

ამიტომ მიყვარხართ, ასე მაგრად!
ლორდი. ყველა სცენაზე! ყველა! 
პასპარტუ. ვალოდია, ბოლო ვარიანტი!
ლორდი. ლიკუი ისაიჩ! საერთაშორისო!..
დირიჟორი. გენადი, პანფილიჩ, გასაგებია, აღარ გინდათ... მე ნახევარი საათის წინვე მივხვდი და არავინ გავუშვი.
ლორდი. ავტორი მომიყვანეთ!

ბეტსის და ლედის ხელით შემოჰყავთ ავტორი.

ლორდი.

(სტვენისმაგვარი ჩურჩულით). ფინალის ვარიანტს ვთამაშობთ... მსოფლიო რევოლუციის იმპროვიზაციას გაგვიკეთებთ. მეზღვაურებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ. თუკი ძვირფასია თქვენთვის ეს პიესა...
კირი. ა! მე გავიგე, გავიგე.
ლედი. ყველანი დაგეხმარებით!
ბეტსი.

კი... კი...

ისმის გონგის ხმა. ცაზე მთვარე ამოდის. მაშინვე აბორიგენთა ხელში ფანრები აინთება. სცენა წითლად ნათდება.

სუფლიორი. აი, ისიც, ღამის ღმერთქალი...
კაი. მთვარე, მივესალმოთ სიმღერით!
ქორო (მღერის ორკესტრთან ერთად).

`ტანჯვის დღენი ჩავლილია, ოკეანეს სძინავს მშვიდად...~ 

II აბორიგენი.

ზღვაზე ცეცხლი მოჩანს!..
კირი. მოიცათ! ჩუმად! ზღვაზე ცეცხლი მოჩანს!
კაი. რას უნდა ნიშნავდეს? ხომალდი ბრუნდება? ლიკი, მზად იყავი!
ლიკი. მზად ვარ!

ყურეში შემოდის გემი. წითლად განათებული. გემბანზე რიგში დგანან მეზღვაურები, რომლებსაც ხელში მეწამული დროშები უჭირავთ, წარწერით: `გაუმარჯოს მეწამულ კუნძულს!~ წინ პასპარტუ დგას.

პასპარტუ. მეგობრებო! როგორც კი იახტა `დუნკანი~ ზღვაში გავიდა, მეზღვაურები მაშინვე მოძალადე კაპიტალისტების წინააღმდეგ აჯანყდნენ!..

საშინელი ომის შემდეგ, მეზღვაურებმა პაგანელი, ლედი გლენარვანი და კაპიტანი გატერასი, ზღვაში გადაყარეს. ფლოტი კი მე ჩავიბარე. რევოლუციონერი ინგლისელი მეზღვაურები ძმურად მიესალმებიან აბორიგენებს. ისინი ჰპირდებიან მათ, რომ ამიერიდან თითს ვერავინ დააკარებს მათ თავისუფლებას და ღირსებას!..
ბეტსი (კლდეზე). ო, რა ბედნიერი ვარ, პასპარტუ, რომ, ბოლოს და ბოლოს, შენც გათავისუფლდი ლორდის ბორკილებისაგან! გაუმარჯოს, თავისუფალ, რევოლუციონერ, ინგლისელ მეზღვაურებს! გაუმარჯოს, რევოლუციონერ პასპარტუს!
აბორიგენები. გაუმარჯოთ რევოლუციონერ ინგლისელ მეზღვაურებს!.. ვაშა! ვაშა! ვაშა!

მგრგვინავი მუსიკა.
სავა წამოდგება.

ტაშს უკრავს.

ლორდი. გამოიტანე, გამოიტანე! ვაი, ვაი, ვაი! 
ქორო (ორკესტრთან ერთად მღერის):

აი დასკვნაც ლოგიკური.
(სოპრანო) რა სჯობია, ის თუ ესა?
ფინალით (ბასები) იდეოლოგიურით, 
ვაგვირგვინებთ ამ პიესას.

დგება სიჩუმე. კირი იცობს ყურებს. 

სიზი (გამოჩნდება). რა მოხდება, რომ როგორც მეფეს, უფლება ჰქონდეს, სადმე, თუნდაც შორს რომ დადგეს?.. იქნებ არ მომკვდარა ვულკანის ამოფრქვევისას და დაიმალა? მერე კი ადგა და იმანაც მოინანია?
ლორდი. ანემპოდისტ! გაეთრიეთ! 
სიზი.

ვქრები... სულო, ჯოჯოხეთში ჩადი, ჯოჯოხეთში და სამუდამო ტყვედ იქეცი! ო, რა იქნებოდა, რომ ჩემთან ერთად მთელი სამყარო მომკვდარიყო! (ჯოჯოხეთური შუქით განათებული ვარდება სარქველში).
ლორდი. სავა ლუკიჩ! სავა ლუკიჩ! სავა ლუ... ნახეთ? ნახეთ! როგორ ითამაშეს? გესმოდათ, როგორ მღეროდნენ?.. სავა ლუკიჩ! თეატრი ეს ტაძარია!..

სამარისებური სიჩუმე.

სავა. პიესა შეიძლება... (პაუზა) ითამაშოთ!

აზვირთებული სიხარულის აფეთქება.

იწყება საშინელი არეულობა. `ზადნიკი~ ზემოთ მიდის. გამოჩნდება მბრწყინავი ლამპიონები და სარკეები. ნიღბები დაზგებზე.

ყველა. ვაშა! ღმერთო, ღმერთო! გილოცავთ, გილოცავთ! ბრავო! ბრავო!
ლიკი. სტილისტები!..
სიზი (ამოდის სარქველიდან). თერძები!
პაგანელი.

არ გავურჭეთ, ბიჭო, ფინალი?
გატერასი. შარვალი, სად წავიდა ჩემი შარვალი?
ლორდი. ვასილი არტურიჩ! წამოდექით!.. თქვენ გილოცავენ!
კირი. არაფრის გაგონებაც არ მინდა, არაფრის... მე მკვდარი ვარ...
ლორდი. მიხვდით რა მოხდა, ვასილი არტურიჩ, პიესა ნებადართულია!
ბეტსი.

ვასილი არტურიჩ, საყვარელო ჟიულ ვერნ!
ლედი. ყველაფერმა ჩაიარა. გილოცავთ, გილოცავთ!
კირი. რა?.. ვის?..
ლორდი, ბეტსი, ლედი. გილოცავთ! ნებადართულია! 
კირი. როგორ თუ ნებადართულია?..

ო, ჩემი მეწამული კუნძული! ო, ჩემი მეწამული კუნძული!
სავა. აბა, გმადლობთ, ახალგაზრდა! კარგად გამართეთ! მართლაც კარგად გავერთე! კარჭაპიც კარგი იყო! შორს წახვალთ, აი, მე მითქვამს! ჰო, ჰო, მე წინასწარმეტყველის ნიჭიც მაქვს!
ლორდი. საზიზღრად ნიჭიერია, აკი გეუბნებოდით!
სავა. სხვა ქალაქებში კი, თქვენს პიესას ავკრძალავ... არ შეიძლება, ასე აშკარად... ასეთი პიესა და... ყველგან რომ ნება დართონ!
ლორდი.

ბუნებრივია. ბუნებრივია. სავა ლუკიჩ! ამათ, რომ სცენა ხელში ჩაუგდო? არა, ჯერ იქამდე არ გაზრდილან, სავა ლუკიჩ! (ჩუმად კირის) არც იფიქრო! შენს ქმნილებამდე იმ პროვინციალებს არც მივასუნინებთ.. ჩვენ თვითონ წავიღებთ. მართლა, ვასილი არტურიჩ, უფრო მყარად რომ იყოს, სხვა თეატრებში ნურც შეივლით, პირდაპირ სახლში წადით და წაუძინეთ! ხუთასი ხომ უკვე მოგეცით, აი, ეს ასიც... უფრო კარგად დამრგვალდება... თქვენ კი ხელი მომიწერეთ! ესაც ასე! მერსი-ს! ხე, ხე...
ბეტსი.

როგორი შთაგონებული სახე აქვს, არა?..
სიზი. მეც გადმომიგდეთ ას თუმნიანი და მეც მთლიანად შთაგონებად ვიქცევი. ხელმწიფე პირველ აქტშივე მიასამარა... 
კირი (ბუნდად). ფულები, თუმნიანები.…
თუთიყუში. თუმნიანები! თუმნიანები!
კირი. ეეჰ, ჭერში თხუთმეტი კვადრატული მეტრი, მთვარის შუქი და ადიალა...

ო, თქვენ, ჩემო ბრმა შუშებო, გესტუმრათ, წუწკი და მშიერი განთიადი? თუმნიანები!.. ვინ დაწერა `მეწამული კუნძული~? მე, დიმაგაცკიმ, ჟიულ ვერნმა... ჯანდაბას მოსკოვის ხანძრები... ქუჩის ცოფიანი ძაღლები... გაუმარჯოს, ოკეანეს, მზეს, მეწამულ კუნძულს...

სამარისებური სიჩუმე.

სიზი. დამიჯერეთ, ეს რომ ასეთ მონოლოგებს პიესებში წერდეს?
ყველა. სსს...


კირი. ვინ დაწერა `მეწამული კუნძული~?
ლორდი. თქვენ, თქვენ, ვასილი არტურიჩ... უნდა მაპატიოთ, თუ დაგიყვირეთ, ცოტა გავცხარდი, ხდება ხოლმე. ჰო... ჰო... ფიცხი ვარ ცოტა.
სავა.

გატაცებული ახალგაზრდა ჩანს, ერთ დროს მეც ასეთივე გახლდით... ჯერ კიდევ სამხედრო კომუნიზმის წლებში... ახლა რა...
კირი. კრიტიკოსები, რეპორტიორები!.. ჰო, ასეა... შინაა ჟიულ ვერნი? არა. ან სძინავს ან დაკავებულია...

წერს... ნუ შეაწუხებთ!.. მოგვიანებით შემოიარეთ... მისი გული ხომ ცეცხლივით იწვის, როგორ უნდა ჩაეტიოს თექვსმეტ კვადრატულში? მას მეტი, ბევრად მეტი სინათლე სჭირდება...
ლედი. რა საინტერესო პიროვნებაა!..
დირიჟორი. ორკესტრი გილოცავთ,…ვასილი არტურიჩ!
კირი. მერსი...

სპასიბო, დანკე ზერ. ყველას გეპატიჟებით ჩემთან, ჩემს ახალ ბინაში, დრამატურგ დიმაგაცკის _ ჟიულ ვერნის ბინაში, გიმასპინძლდებით შავი ხიზილალით _ მუსიკა!..
დირიჟორი. ნუ განაგრძობთ, უკვე გასაგებია.

სრულდება ნაწყვეტი `სევილიელი დალაქიდან~. 

კირი (ლორდს). ჰა, ჩემო სინიორ? მქონია შთაგონება? რას იტყვით? ჰა, ჩემო სინიორ?
ლორდი. გქონიათ, გქონიათ, ვასილი არტურიჩ... გქონიათ...

სხვას ვის, თუ Qთქვენ, არა?
კირი. რა სახელი აქვს ჩვენს ღმერთს სიონში? როგორ შორსა ვართ ტიპერერიდან...
სავა. რაზე ლაპარაკობს?
პასპარტუ. ფულმა გაასატანა... მაშ ადვილია!.. ასი თუმანი!.. გენადი პანფილიჩ! მოლარე კითხულობს, უფლებას აძლევთ?..

შეიძლება ბილეთები გავყიდოო?
ლორდი. შეიძლება, დიახ, აუცილებლად, გაყიდოს, ახლავე, სასწრაფოდ!

მუსიკა.

აუცილებლად... ორივე სალარომ უნდა იმუშაოს, ცხრიდან-ცხრამდე!.. დღეს, ხვალ, ყოველდღიურად!..
კირი. მუდმივად!
ლორდი. მოიხსნას `ოიდიპოსი~... წავიდეს `მეწამული კუნძული~! მეტელკინ, მიეცით ანონსები!
პასპარტუ.

არის, გენადი პანფილიჩ!

გემზე, ვულკანზე და მაყურებელთა დარბაზში აინთება ცეცხლოვანი ასოები: `მეწამული კუნძული _ დღეს და ყოველდღიურად!~

კირი. აწ, და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
სავა. ამინ.

ფ ა რ დ ა 

დ ა ს ა ს რ უ ლ ი