Litclub.ge

მამლიანი პირსახოცი
თუ კაცს მიყრუებულ შარაგზებზე ცხენშებმული ეტლით არ უმგზავრია, მისთვის თუნდა მომიყოლია, ეს რა სატანჯველია, თუნდა არა, მაინც ვერაფერს გაიგებს, ხოლო იმას, ვისაც უმგზავრია, არც მინდა, რომ გავახსენო. მოკლედ გეტყვით: სამაზრო ქალაქ გრაჩოვკიდან მურიევოს საავადმყოფომდე ორმოცი ვერსის გავლას მე და ჩემმა მეეტლემ ერთი დღე და ღამე მოვანდომეთ. თანაც კურიოზული სიზუსტით: 1917 წლის 16 სექტემბერს დღის ორ საათზე ქალაქ გრაჩოვკის განაპირას მდგარ უკანასკნელ ფქვილის დუქანს გავცდით, ხოლო იმავე დაუვიწყარ 1917 წლის 17 სექტემბერს, სამის ხუთ წუთზე მურიევოს საავადმყოფოს ეზოში ვიდექი სექტემბრის წვიმებისგან ჩამჭკნარ და ჩამკვდარ, გათელილ ბალახზე. ვიდექი ამდაგვარად: ფეხები გაშეშებული მქონდა, თანაც ისე, რომ იქვე, ეზოში მდგარს, თვალწინ ბუნდოვნად წარმომიდგა სახელმძღვანელოები, გულში ვფურცლავდი ამ სახელმძღვანელოებს და ჩლუნგად ვცდილობდი, გამეხსენებინა, მართლა არსებობდა, თუ გუშინ სოფელ გრაბილოვკაში სიზმრად მომელანდა ავადმყოფობა, რომლის დროსაც ადამიანს კუნთები უქვავდება? ლათინურად რა ჰქვია ამ წყეულ ავადმყოფობას? ყოველი კუნთი ისე აუტანლად მტკიოდა, კბილის ტკივილი მონაგონია. ფეხის თითებზე ხომ ლაპარაკიც აღარ ღირდა - სრულებით ვეღარ ვამოძრავებდი, თითქოს მოეკვეთათ და ჩექმებში ნაფოტებივით ჩამრჩენოდა. უნდა ვაღიარო, რომ მედიცინას სულმოკლედ ვწყევლიდი და საკუთარ თავს ვლანძღავდი იმის გამო, რომ ხუთი წლის წინ უნივერსიტეტის რექტორის სახელზე განცხადება შევიტანე. წვიმა გაუთავებლად ცრიდა, პალტო ღრუბელივით გაჯირჯვებულიყო. მარჯვენა ხელი ჩემოდნისკენ გავიწოდე და შევეცადე, სახელურისათვის თითები მომეკიდა, ბევრს ვეწვალე, მაგრამ ამაოდ, ბოლოს სველ ბალახზე გადავაფურთხე. თითები ოდნავადაც არ მემორჩილებოდა და უნივერსიტეტის წიგნებში ნაკირკიტებსა და ათასგვარი ცოდნით თავგამოტენილს კიდევ ერთი ავადმყოფობა - დამბლა გამახსენდა. "დამბლა", - ეშმაკმა უწყის რატომ, გამწარებით გავივლე გულში, ხმამაღლა კი ვთქვი: - თქვენს გზებზე სიარულს კაცი უნდა მიეჩვიოს, - გახევებულ, გალურჯებულ ტუჩებს ძლივსღა ვატოკებდი, თან მეეტლეს რატომღაც ბრაზიანად ვუყურებდი, თუმცა, იმას ბრალი სულაც არ მიუძღოდა, გზა ასეთი რომ იყო. - ეჰ, ამხანაგო ექიმო, - მიპასუხა ქერაულვაშა მეეტლემ, თავადაც ტუჩებს ვაი-ვაგლახით ამოძრავებდა, - თხუთმეტი წელია, ამ გზებზე დავდივარ და მაინც ვერ მივეჩვიე.

მე გამაჟრჟოლა, ორსართულიანი, გაქერცლილი თეთრი კორპუსი, ფერშალთა ძელური სახლის შეუთეთრებელი კედლები, ჩემი მომავალი რეზიდენციის - ორსართულიანი, ძალზე პეწიანი სახლის დაგმანული, იდუმალებით მოცული ფანჯრები სევდიანად შევათვალიერე და გაბმით ამოვიოხრე. იმავე წამს ლათინური სიტყვების ნაცვლად თავში ბუნდოვნად გამიელვა ტკბილმა ფრაზამ, ჯაყჯაყისა და სიცივისგან შერყეულ ტვინში ცისფერბარძაყებიანი, ჩასუქებული ტენორი რომ მიმღეროდა: ...სალამს გიძღვნი... სალამს, კურთხეულო... გემშვიდობები, დიდი ხნით გემშვიდობები, ოქროსფერ-მეწამულო დიდო თეატრო. მოსკოვო, ვიტრინებო... ოჰ, გემშვიდობები. "სხვა დროს ქურქს ჩავიცვამ... - ვფიქრობდი ბრაზმორეული და სასოწარკვეთილი და ჩემოდნის თასმებს გაშეშებული ხელებით ვეჯაჯგურებოდი, - თუმცა ეს სხვა დრო ოქტომბერში იქნება... მაშინ კი თუნდაც ორი ქურქი ჩაიცვი. ერთ თვეზე ადრე ხომ გრაჩოვკაში წასვლა არ მომიხდება... თავად დაფიქრდით.... გზაზე ღამის გათევამ მოგვიწია! ოცი ვერსი გავიარეთ და სამარისებურ წყვდიადში აღმოვჩნდით... დაგვიღამდა... ღამე გრაბილოვკაში გავათიეთ... მასწავლებელმა გვისტუმრა... ამ დილას შვიდ საათზე დავიძარით... ისე მოვჩანჩალებთ... ღმერთო ჩემო... ქვეითი გაგვასწრებს. ერთი თვალი ორმოში რომ ჩაქანდება, მეორე ჰაერშია გაკიდებული, ჩემოდანი ფეხებში დაგეჯახება - ბუხ... მერე ფერდში, შემდეგ მეორე ფერდში, ახლა ცხვირს გატაკებს, მერე უკუღმა გამოქანდება. ხოლო მაღლიდან ცრის და ცრის, ძვლები მეყინება. განა დავიჯერებდი, რომ ნაცრისფერი სექტემბრის შუა რიცხვებში კაცი მინდორში ისე გაითოშებოდა, თითქოს სუსხიანი ზამთარი ყოფილიყო. თურმე გაითოშება. სანამ ნელი სიკვდილი სულს ამოგხდიდეს, ერთსა და იმავეს ხედავ. მარჯვნივ მოშიშვლებული, ამობუზული ველია, მარცხნივ ფოთლებჩამომჭკნარი წარაფი, ხოლო გვერდით ხუთიექვსიოდე დაბრეცილი ქოხი. იფიქრებ, რომ იმ ქოხებში სულიერი არ ჭაჭანებს. ირგვლივ მდუმარებაა, მდუმარება... მეეტლემ ჩემოდანს მუცელი წაჰკრა და ჩემკენ გამოასრიალა. მინდოდა, თასმაზე ჩავჭიდებოდი, მაგრამ ხელი არ დამემორჩილა, წიგნებითა და ყოველნაირი ხარახურით გატენილი, მუცელგამობერილი ჩემოდანი ფეხებში დამეჯახა და ბალახზე დაეხეთქა. - ოჰ, ღმერთო ჩე...- წამოიწყო შეშინებულმა მეეტლემ, მაგრამ ფეხები ისედაც აღარ მივარგოდა და ჩემოდნის დაჯახება არაფრად ჩამიგდია. - ჰეი, მანდ ვინა ხართ? ჰეი! - დაიყვირა მეეტლემ და ხელები თეძოებზე ისე დაიტყაპუნა, როგორც მამალი ფრთებს იტყაპუნებს ხოლმე, - ჰეი, ექიმი მოვიყვანე!

ფერშალთა სახლის ჩამუქებულ ფანჯრებში სახეები გამოკრთა, კარი გაჭახუნდა და დავინახე, რომ დახეულპალტოიანი და ჩექმებიანი კაცი ჩემკენ კოჭლობით წამოვიდა. ქუდი მოწიწებით, სწრაფად მოიხადა, ახლოს მოირბინა, რატომღაც მორცხვად გაიღიმა და ჩახლეჩილი ხმით მომესალმა: - გამარჯობა, ამხანაგო ექიმო. - თქვენ ვინა ხართ? - ეგორიჩი ვარ, - გამეცნო კაცი, - საავადმყოფოს დარაჯი. როგორ გელოდით... მან ჩემოდანს ხელი წამოავლო, მხარზე შეიდგა და წაიღო. მე კოჭლობით გავყევი, თან უშედეგოდ ვცდილობდი, ჯიბეში ხელი ჩამეყო და საფულე ამომეღო. ადამიანს ცოტა რამ ჰყოფნის. პირველ რიგში ცეცხლი ესაჭიროება. მიყრუებულ მურიევოში როცა მივემგზავრებოდი, მახსოვს, მოსკოვშივე საკუთარ თავს სიტყვა მივეცი, თავი დარბაისლურად მჭეროდა. ახალგაზრდული გარეგნობა პირველ ხანებში სიცოცხლეს მიმწარებდა. როცა ვინმეს გავეცნობოდი, თავს წარვუდგენდი: - ექიმი ესა და ეს. ყველა უსათუოდ წარბებს აზიდავდა და შემეკითხებოდა: - მართლა?.. მე კი მეგონა, ჯერ სტუდენტი იყავით. - არა, უკვე დავამთავრე, - პირქუშად ვუპასუხებდი და გავიფიქრებდი, რომ კარგი იქნებოდა, სათვალე მეტარებინა, თუმცა სათვალე არ მესაჭიროებოდა, თვალები ჯანსაღი მქონდა და ცხოვრების ავ-კარგს ჩემთვის მხედველობა ჯერ არ წაეხდინა. ნიადაგ ლმობიერი და ალერსიანი ღიმილისგან სათვალეთი თავის დაცვა რაკიღა არ შემეძლო, ვცდილობდი, განსაკუთრებული, პატივისცემის აღმძვრელი ღიმილი გამომემუშავებინა, დინჯად და ღირსეულად მელაპარაკა, ფიცხი მოძრაობანი შეძლებისდაგვარად შემეკავებინა, არ მერბინა, როგორც ოცდასამი წლისანი, უნივერსიტეტდამთავრებულები დარბიან, არამედ მევლო. ახლა, მრავალი წლის მერე რომ ვიხსენებ, ამას ძალზე ცუდად ვახერხებდი. ამჯერად ჩემი ქცევის დაუწერელი კოდექსი დავარღვიე. მოკრუნჩხული, წინდების ამარა ვიჯექი კაბინეტში კი არა, სამზარეულოში, და ცეცხლთაყვანისმცემლის შთაგონებით, ჟინიანად მივიწევდი ღუმელში მობრიალე არყის ნაპობებისკენ. ჩემს მარცხნივ, დაპირქვავებულ პატარა კასრზე ჩემი მაღალყელიანი ფეხსაცმელები ეწყო, ხოლო ფეხსაცმელების გვერდით გაბდღვნილი, კისერგასისხლიანებული მამალი იდო, იქვე ეყარა მამლის მრავალფერი ბუმბულები. უნდა მოგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ

ხელფეხგაშეშებულმა მოვასწარი ბევრი საქმის მოგვარება, რაც ცხოვრების მდინარებამ მოითხოვა. ეგორიჩის ცოლს, ცხვირწვეტა აქსინიას მზარეულის თანამდებობა მივანიჭე, რის შედეგადაც მამალი მისი ხელით სიცოცხლეს გამოესალმა. ახლა ეს მამალი უნდა შემეჭამა. ყველა გავიცანი. ფერშალს დემიან ლუკიჩი ერქვა, მეან ქალებს - პელაგეა ივანოვნა და ანა ნიკოლაევნა. საავადმყოფოს შემოვლა მოვასწარი და აშკარად დავრწმუნდი, რომ აქ ინსტრუმენტების უმდიდრესი კოლექცია დამხვდა. თანაც, ასევე აშკარად უნდა მეღიარებინა (რა თქმა უნდა, გულში), რომ არ ვიცოდი, ძალზე ბევრი მოელვარე ინსტრუმენტს რა დანიშნულება ჰქონდა. ეს ინსტრუმენტები არათუ ხელში არ მჭერია, გულახდილად უნდა ვთქვა, თვალითაც არ მინახავს. - ჰმ, - წამოვიძახე ძალზე მრავალმნიშვნელოვნად, - თურმე ინსტრუმენტების საუცხოო კოლექცია გქონიათ. ჰმ... - მაშ რა, - ტკბილი ხმით თქვა დემიან ლუკიჩმა, - ეს თქვენი წინამორბედის, ლეოპოლდ ლეოპოლდოვიჩის მონდომების შედეგია. ის ხომ დილიდან საღამომდე ოპერაციებს ატარებდა. მე გრილმა ოფლმა დამასხა და მოელვარე, შემინული კარადები ნაღვლიანად შევათვალიერე. შემდეგ ცარიელი პალატები შემოვიარეთ და დავრწმუნდი, რომ იქ ორმოცი კაცი თავისუფლად მოთავსდებოდა. - ლეოპოლდ ლეოპოლდოვიჩს ზოგჯერ ორმოცდაათიც ეწვინა, - დამამშვიდა დემიან ლუკიჩმა, ხოლო ანა ნიკოლაევნამ, თმაშეჭაღარავებულმა ქალმა, რატომღაც მითხრა: - ექიმო, ისეთი ახალგაზრდა ხართ, ისეთი ახალგაზრდა ხართ... მართლა გასაოცარია... ადამიანს სტუდენტი ეგონებით. "ფუი, დაწყევლოს ეშმაკმა, - გავიფიქრე მე, - რა ყველას პირი შეუკრავს!" ჰოდა, კბილებშუა ცივად ჩავიბურტყუნე: - ჰმ... არა, მე... ჰო, მე... ახალგაზრდული შესახედაობა მაქვს. ამის შემდეგ აფთიაქში ჩავედით და ვნახე, რომ იქაურობას ჩიტის რძე თუ აკლდა. ორ შუქმცირე ოთახში ბალახების სუნი იდგა, ხოლო თაროებზე ყველაფერი ეწყო, რასაც მოისურვებდით. პატენტირებული, უცხოური წამლებიც მოჩანდა და, ალბათ, საჭირო არც არის იმის თქმა, რომ ამ წამლების სახელიც კი არ გამეგონა. - ლეოპოლდ ლეოპოლდოვიჩის გამოწერილია, - ამაყად თქვა პელაგეა ივანოვნამ. "ეს ლეოპოლდი ნამდვილად გენიალური კაცი ყოფილა", - გავივლე გულში და წყნარი მურიევოდან წასული, იდუმალი ლეოპოლდის მიმართ პატივისცემით გავიმსჭვალე.

კაცს ცეცხლის გარდა ახალ გარემოსთან მიჩვევაც ესაჭიროება. მამალი შევჭამე, ეგორიჩმა ლეიბი თივით გამიტენა, ზეწარი გადამიფარა; ჩემს კაბინეტში ლამპა ენთო. ახლა ვიჯექი და ლეგენდარული ლეოპოლდის მესამე მიღწევას მოჯადოებული ვუცქეროდი. კარადა წიგნებით იყო გამოტენილი. თვალის ერთი გადავლებით მარტო ქირურგიის რუსული და გერმანული სახელმძღვანელოების ოცდაათიოდე ტომი გადავითვალე. ახლა თერაპია! კანის დაავადებათა საუცხოო ატლასები! ღამდებოდა და მე იქაურობას ვეგუებოდი. "დანაშაული არაფერში მიმიძღვის, - ვფიქრობდი დაძაბულად და გულმოკლულად, დიპლომი მაქვს, თხუთმეტი ხუთიანი მიწერია. ჯერ იქვე, დიდ ქალაქში ვაფრთხილებდი, მეორე ექიმად მინდა, რომ გამგზავნოთ-მეთქი. არა. იღიმებოდნენ. მიეჩვიეთო. რანაირად მივეჩვიო? თიაქრიანი რომ მომიყვანონ? მითხარით, რა უნდა ვქნა? რაც მთავარია, თიაქრიანი ავადმყოფი ჩემს ხელში თავს როგორ იგრძნობს? საიქიოს თუ გავისტუმრე, კარგი მიჩვევა იქნება (გავიფიქრე და ზურგში სიცივემ ჩამირბინა)... ახლა ჩირქოვანი აპენდიციტი? ჰა! სოფლიდან მოყვანილ ბავშვს დიფთერიული კრუპი რომ ექნება და ტრაქეოტომია დასჭირდება? ტრაქეოტომია თუნდაც არ დასჭირდეს, მაინც კარგი დღე არ დამადგება. ახლა მშობიარეები! მშობიარეები რამ დამავიწყა? ნაყოფის არასწორი მდებარეობა. როგორ მოვიქცევი? ჰა? რა ქარაფშუტა ვარ! ამ უბანზე უარი უნდა მეთქვა. ნამდვილად, უარი უნდა მეთქვა. ვინმე ლეოპოლდს მონახავდნენ". დანაღვლიანებულმა ბინდშერეულ კაბინეტში გავიარ-გამოვიარე. ლამპას როცა გავუსწორდი, დავინახე, ჩემი გაფითრებული სახე ლამპის შუქთან ერთად როგორ გაკრთა წყვდიადით მოცული ველებისკენ მიქცეულ ფანჯარაში. "ცრუდიმიტრის ვგავარ", - უცებ სულელურად გავიფიქრე და კვლავ მაგიდას მივუჯექი. ორ საათს მარტოდმარტო მჯდარი საკუთარ თავს ვტანჯავდი და ისე გავტანჯე, რომ ჩემ მიერვე აღძრულ შიშს ნერვები ვეღარ უძლებდა. მერე თავი ნელ-ნელა დავიმშვიდე და რაღაც გეგმების დალაგებასაც კი შევუდექი. მაშ ასე... ამბობენ, მიღებაზე ახლა ძალიან ცოტანი მოდიან, სოფლად სელის ბეგვას შეუდგნენ, თანაც უგზოობააო... "ჰოდა, თიაქრიანს სწორედ ახლა მოგიყვანენ, - მკაცრი ხმა ამიგუგუნდა გონებაში, - იმიტომ, რომ უგზოობისას სურდოიანი (იოლად სამკურნალო) აქ არ მოვა, ხოლო თიაქრიანს, ძვირფასო კოლეგა ექიმო, რომ იცოდე, ნამდვილად მოგაყენებენ". ეს სულელურად ნათქვამი არ გახლდათ, ხომ მართალია? "გაჩუმდი, - ვუთხარი ხმას შემკრთალმა, - თიაქარი რა აუცილებელია? ეს რა ნევრასთენიაა? უღელში თუ შეები, უნდა გასწიო კიდევაც".

"თუ შნო არა გქონდა, აქ რას გამორბოდი?" - გაისმა დამცინავი ხმა. მაშ ასე... ცნობარს ხელიდან არ მოვიშორებ... თუ რამე გამოსაწერი მექნება, ხელის დაბანისას შემიძლია მოვიფიქრო. ცნობარი ავადმყოფთა ჩასაწერ წიგნაკში გადაშლილი მედება. თანაც, სასარგებლო, ოღონდ იოლ რეცეპტებს გამოვწერ. აი, მაგალითად, ნატრიუმსალიცილიტი 0,5 თითო ფხვნილი დღეში სამჯერ... "სოდა შეგიძლია გამოწერო!" - დამცინავად გამომეპასუხა შინაგანი თანამოსაუბრე. სოდა რა შუაშია? იპეკაკუანიც შემიძლია გამოვწერო - ინფუზუმი... 180-ზე თუ ორასზე. მოიცა, მოიცა. ჰოდა, თუმცა იპეკაკუანს არავინ მთხოვდა, იქვე, ლამპასთან მარტოდმარტო მჯდარმა რეცეპტების ცნობარი სულმოკლედ გადავფურცლე. იპეკაკუანი შევამოწმე და ამასთანავე, მექანიკურად ისიც ამოვიკითხე, რომ ამქვეყნად რაღაც "ინსიპინი" არსებობდა. ეს გახლდათ "ქინინდიგლიკოდის მჟავას ეთერის სულფატი"... ქინინს გემო თურმე არ ჰქონია, მაგრამ რისთვისაა საჭირო? როგორ უნდა გამოიწეროს? ფხვნილია? ეშმაკმა უწყის! "ინსიპინს თავი გავანებოთ, მაგრამ თიაქარს მაინც რა ვუშველოთ?" - არ მეშვებოდა შიშის მომგვრელი ხმა. "აბაზანაში ჩავსვამ, - თავს ვიცავდი გააფთრებით, - აბაზანაში ჩავსვამ და შევეცდები, ჩავაბრუნო". "ჩაჭედილი თიაქარია, ჩემო კარგო! აბაზანა რას უშველის! ჩაჭედილია... - დემონური ხმით შემომმღეროდა შიში, - უნდა გაკვეთო..." ახლა კი დავნებდი და ლამის ავტირდი. ფანჯრის მიღმა ჩაბუდებულ წყვდიადს მუდარით მივმართე, ჩაჭედილი თიაქრის გარდა, რაც გინდა, ის გამომიგზავნე-მეთქი. დაღლილობა კი ჩამღიღინებდა: "დაწექი და დაიძინე, ბედკრულო ესკულაპო, გამოიძინებ და დილით აზრებს მოიკრებ. დამშვიდდი, ნევრასთენიულო ყმაწვილო. გაიხედე - ფანჯრების მიღმა მშვიდი წყვდიადია, გათოშილი ველი ძილს მისცემია, თიაქარი საიდან გამოგეცხადება. დილით კი აზრებს მოიკრებ. აქაურობას მიეჩვევი... დაიძინე... ატლასს მოეშვი... ახლა მაინც ვერაფერს გაიგებ. თიაქრის რგოლი..." ეს კაცი როგორ შემოიჭრა, ვერც კი მივხვდი. მგონი, კარის ურდული აგრიალდა და აქსინიამ რაღაც დაიწრიპინა. ამას გარდა, ფანჯრებს გარეთ საზიდარმა გაიჭრიალა.

კაცს ქუდი არ ეხურა, მოკლე ქურქის ღილები ჩახსნოდა, წვერი მოსთელოდა, თვალები გიჟურად უელავდა. პირჯვარი გადაიწერა, მუხლებზე დაემხო და შუბლი იატაკს დასცხო ჩემ წინაშე. "დავიღუპე", - გავიფიქრე სევდიანად. - რას სჩადიხართ, რას სჩადიხართ, რას სჩადიხართ! - ავბუტბუტდი და ნაცრისფერ სახელოზე ჩავეჭიდე, რათა წამომეყენებინა. კაცს სახე მოეღრიცა, სულშეხუთული აბურტყუნდა, სიტყვებს ძლივს გამოთქვამდა: - ბატონო ექიმო... ბატონო... ერთადერთი, ერთადერთი... ერთადერთი მყავს! - უეცრად ახალგაზრდული ხმით ისე მჭახედ შეჰყვირა, რომ ლამპის აბაჟური შეირხა, - ოჰ, ღმერთო ჩემო... ოჰ... - იგი ხელების მტვრევას მოჰყვა და იატაკის ფიცარს შუბლი ისე დაჰკრა, თითქოს ჩანგრევას უპირებსო, - რა დავაშავეთ? რაზე გვსჯი?.. რით გაგარისხეთ? - რა იყო? რა მოხდა?! - შევძახე და ვიგრძენი, რომ სახე მეყინებოდა. კაცი ფეხზე წამოხტა და მშფოთვარედ აჩურჩულდა: - ბატონო ექიმო... რასაც ინებებთ... ფულს მოგართმევთ... რამდენსაც ინებებთ, იმდენს მოგართმევთ. რამდენსაც ინებებთ. სანოვაგეს მოგიზიდავთ... ოღონდ გადამირჩეს. ოღონდ გადამირჩეს, თუნდაც ხეიბარი დარჩეს, აღარ ვჩივი, ხეიბარი დარჩეს! გაჰყვიროდა ჭერისკენ თვალებაპყრობილი, - ხეიბარსაც შევინახავ. კარის შავ კვადრატში ანისიას გაფითრებული სახე მოჩანდა. გული წუხილმა დამიმდუღრა. - რა მოხდა?.. მითხარით, რა მოხდა! - შევყვირე გულდამძიმებულმა. კაცი დაწყნარდა, თვალები თითქოს ჩაეშრიტა. გეგონებოდათ, საიდუმლოს განდობას აპირებსო, ისე აჩურჩულდა: - საბეგვმა ჩაითრია... - საბეგვმა... საბეგვმა?.. - შევეკითხე მე, - საბეგვი რა არის? - სელს ბეგვავდნენ... ბატონო ექიმო... - ჩურჩულით განმიმარტა ანისიამ, - საბეგვით სელს ბეგვავენ... "კარგი დასაწყისია. კარგი. ნეტავი აქ ფეხი არ მომედგა!" - გავიფიქრე შეძრწუნებულმა. - ვინ ჩაითრია?

- ჩემი ქალიშვილი, - მიპასუხა მან ჩურჩულით, მერე კი შეჰყვირა, - გადამირჩინეთ! კვლავ იატაკზე დაემხო და მრგვლად შეკრეჭილი თმა თვალებზე ჩამოეფარა. თუნუქისთალფაქიანი ორფითილიანი ელვა-ლამპა მძლავრად ანათებდა. საოპერაციო მაგიდას თეთრი მუშამბა ჰქონდა გადაფარებული და სიახლის სუნი ასდიოდა. როცა ამ მაგიდაზე მწოლიარე ქალიშვილი დავინახე, თიაქარი გადამავიწყდა. ქერა, ოდნავ ჟღალი, მოთელილი თმა მაგიდას ჩამოჰფენოდა, უზარმაზარი ნაწნავი იატაკს სწვდებოდა. ჩითის კაბა შემოფხრეწოდა და სხვადასხვა ფერის სისხლით დალაქავებოდა - ზოგან ყავისფრად, ზოგან უფრო მუქად, ზოგან ალისფრად. "ელვის" შუქი ყვითელი და ცოცხალი მეჩვენა, ხოლო ქალიშვილს სახე ქაღალდისფრად გასთეთრებოდა, ცხვირი გასთხელებოდა. მის თეთრ სახეზე თაბაშირივით უძრავი, მართლაცდა იშვიათი სილამაზე ქრებოდა. ასეთი სახე ყოველთვის არ შეგხვდება. საოპერაციოში ათიოდე წამს სრული სიჩუმე სუფევდა. კარს იქიდან კი მოისმოდა, ვიღაც ყრუდ როგორ წამოიყვირებდა და ყვირილს თავის ბრაგუნსაც ააყოლებდა. "გადაირია, - ვფიქრობდი მე, - მომვლელი ქალები კი გონზე მოსაყვანად რაღაცას ასმევენ... ეს გოგონა ასეთი ლამაზი რატომაა? თუმცა, მამამისს სახის სწორი ნაკვთები აქვს... დედა ეყოლებოდა ლამაზი... ეს კაცი ქვრივია..." - ქვრივია?.. - მექანიკურად ვიკითხე მე. - ქვრივია, - ხმადაბლა მიპასუხა პელაგეა ივანოვნამ. ამ დროს დემიან ლუკიჩმა კაბის მთელი კალთა ერთი გაკვრით, თითქოს ბრაზიანად გაფხრიწა და ქალიშვილი ერთბაშად გააშიშვლა. მე დავხედე და ნანახმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ქალიშვილს მარცხენა ფეხი თითქმის აღარ ჰქონდა. დამსხვრეულ მუხლს ქვემოთ სისხლიანი ნაფლეთები და დაჩეჩქვილი წითელი კუნთები ეყარა, საიდანაც ყოველ მხარეს დალეწილი თეთრი ძვლები ამოჩრილიყო. მარჯვენა ფეხი წვივში ჰქონდა გადატეხილი. ორივე ძვალს კანი გაეგლიჯა და წვეტები გარეთ გამოეყო. ამ ფეხის ტერფი უსიცოცხლოდ, თითქოს ცალკე, გვერდზე გადატრიალებული იდო. - ჰო, - ხმადაბლა თქვა ფერშალმა და სიტყვა ვეღარ დაძრა. იმავე წამს გაოგნებამ გამიარა და ქალიშვილს პულსი გავუსინჯე. ცივ ხელში პულსი არ იგრძნობოდა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ ვიპოვე ოდნავ შესამჩნევი, მეჩხერი ტალღა. ტალღას პაუზა მოჰყვა და ამ დროს მოვასწარი, ცხვირის გალურჯებული კიდეებისა და გათეთრებული ტუჩებისთვის თვალი შემევლო... უკვე ვაპირებდი, რომ მეთქვა, გათავდა-მეთქი, მაგრამ, საბედნიეროდ, არ ვთქვი. ტალღამ ძაფივით კიდევ ჩაიარა.

"აი, როგორ ქრება დაფლეთილი ადამიანის სიცოცხლე, - გავიფიქრე მე, - აქ ვეღარაფერს გახდები"... მაგრამ უეცრად ისე მკაცრად ვთქვი, საკუთარი ხმა ვეღარ ვიცანი. - ქაფური. ანა ნიკოლაევნამ თავი ჩემკენ გადმოხარა და ყურში ჩამჩურჩულა: - ექიმო, რა საჭიროა? ნუღარ გააწამებთ. ტყუილად რატომღა ვჩხვლიტოთ? სადაცაა, გათავდება... ვერ გადაარჩენთ. მე ბრაზიანად, პირქუშად შევხედე და ვუთხარი: - ქაფური-მეთქი... ანა ნიკოლაევნას წყენისგან სახე წამოუწითლდა, მაგრამ მაგიდისკენ უმალ გაქანდა და ამპულას თავი წაატეხა. ფერშალსაც შეეტყო, რომ ქაფურის მომხრე არც ის იყო, მაგრამ შპრიცი მაინც სწრაფად მოიმარჯვა და ყვითელი ზეთი ქალიშვილს მხარში, კანქვეშ შეუშხაპუნა. "მოკვდი, მალე მოკვდი, - გავიფიქრე მე, - მოკვდი, თორემ აღარაფერი შემიძლია და რას გიშველი?" - ახლა მოკვდება, - ჩაიჩურჩულა ფერშალმა, თითქოს ფიქრს მიმიხვდა. ზეწარს გადახედა, მაგრამ, ეტყობა, გადაიფიქრა: სისხლით დასასვრელად დაენანა. თუმცა, რამდენიმე წამის შემდეგ მაინც გადააფარა. ქალიშვილი მკვდარივით კი იწვა, მაგრამ არ მომკვდარა. უეცრად გონება ისე გამინათდა, როგორც ჩვენი შორეული ანატომიური თეატრის ჭერი ნათდებოდა. - ქაფური კიდევ, - ვთქვი ჩახლეჩილი ხმით. ფერშალმა ზეთი კვლავ მორჩილად შეუშხაპუნა "ნუთუ არ მოკვდება? - გავიფიქრე განწირულად, - ნუთუ მაინც მომიხდება..." გონება სულ უფრო მინათდებოდა და უცებ სახელმძღვანელოებისა, ვისიმე რჩევისა და დახმარების გარეშე მოვისაზრე - რკინისებური თავდაჯერებულობით მოვისაზრე, რომ ახლა, ჩემს სიცოცხლეში პირველად, მომაკვდავისთვის ამპუტაცია უნდა ჩამეტარებინა და ადამიანი ოპერაციისას მომიკვდებოდა. ეჰ, ოპერაციისას მომიკვდებოდა. ამას ხომ სისხლი აღარ ჰქონდა! დამსხვრეული ფეხებიდან ათი ვერსის მანძილზე სდიოდა და

ისიც კი არ ვიცოდით, ახლა რამეს თუ გრძნობდა, რამე თუ ესმოდა. ხმას არ იღებდა. ოჰ, რატომ არ კვდება? რას მეტყვის გაგიჟებული მამამისი? - ამპუტაცია მოამზადეთ, - ვუთხარი ფერშალს უცხო ხმით. მეანმა ქალმა გადარეულმა შემომხედა, მაგრამ ფერშალს თვალებში თანაგრძნობის ნაპერწკალი გაუკრთა და ინსტრუმენტებთან დატრიალდა. მალე პრიმუსი ააგუგუნა. გავიდა თხუთმეტი წუთი. ქალიშვილს ცივ ქუთუთოს ვუწევდი და ჩამქრალ თვალში შიშით ჩავცქეროდი. ვერ მივმხვდარიყავი, ნახევრად გვამი რანაირად ცოცხლობდა? თეთრი ჩაჩიდან ოფლის წვეთები შუბლზე განუწყვეტლივ ჩამომდიოდა და პელაგეა ივანოვნა მარლით მწმენდდა. ქალიშვილის ძარღვებში დარჩენილ სისხლთან ერთად ახლა კოფეინიც მიცურავდა. კოფეინის შეშხაპუნება საჭირო იყო თუ არა? ფიზიოლოგიური ხსნარისგან წარმოქმნილ ამონაბურცებს ანა ნიკოლაევნა თითებს ოდნავ უსვამდა. ქალიშვილი კი ცოცხლობდა. მე დანა ავიღე და შევეცადე (ამპუტაცია ჩემს სიცოცხლეში ერთხელ მქონდა ნანახი უნივერსიტეტში), ვიღაცისთვის მიმებაძა... ახლა ბედს ვემუდარებოდი, რომ ქალიშვილი ნახევარ საათში არ მომკვდარიყო... "დაე, პალატაში მოკვდეს, როცა ოპერაციას მოვრჩები..." - ვამბობდი გულში. ჩემ მაგივრად ჩემივე საღი აზრი მოქმედებდა და ჩემს ქმედებას უჩვეულო ვითარება აჩქარებდა. ბარძაყს ბასრი დანა წრიულად, გამოცდილი ყასაბივით მარჯვედ შემოვუსვი, კანი გადაიხსნა, მაგრამ ჭრილობა სისხლით ოდნავადაც არ დაცვარულა, "ძარღვებიდან სისხლი დენას დაიწყებს და რა უნდა ვქნა?" - ვფიქრობდი და პინცეტების გროვას მგელივით ალმაცერად გავცქეროდი. უზარმაზარი ხორცის ნაჭერი ჩამოვთალე და ერთი ძარღვიც გადავჭერი, თეთრ მილს რომ წააგავდა, მაგრამ იქიდან ერთი წვეთი სისხლიც არ გამოდენილა. ძარღვს პინცეტი მოვუჭირე და ჭრა განვაგრძე. სადაც კი ძარღვები მეგულებოდა, ყველგან პინცეტებს ვუჭერდი... "არტერია... არტერია... ეშმაკმა დალახვროს, რა ჰქვია?.." საოპერაციო კლინიკას დაემგვანა. პინცეტები ჭრილობას მტევნებივით ეკიდა. ეს მტევნები ხორცთან ერთად მარლით ზემოთ ასწიეს და მე წვრილკბილა, მოელვარე ხერხით მრგვალი ძვლის გადახერხვა დავიწყე. "რატომ არ კვდება?.. საოცარია... ოჰ, რა გამძლეა ადამიანი!" ძვალი ბოლომდე ჩავხერხე და დემიან ლუკიჩს ხელში დარჩა ის, რაც ადრე ქალიშვილის ფეხი იყო. ხორცი და ძვლები! ყველაფერი განზე მიყარეს და მაგიდაზე თითქოს ერთი მესამედით შემცირებული ქალიშვილი დარჩა. "ცოტაც, სულ ცოტაც... ჯერ ნუ მოკვდები, - ვფიქრობდი შთაგონებით, - პალატამდე მოითმინე, მაცალე, რომ ამ საშინელებას თავი მშვიდობიანად დავაღწიო".

ძარღვები ლიგატურებით გავნასკვეთ და მერე კანის შეკერვას შევუდექი... მაგრამ გამახსენდა, რა უნდა მექნა და შევჩერდი... ჭრილობას სადინარი დავუტოვე და შიგ მარლის ტამპონი ჩავდე... ოფლი თვალებში ჩამდიოდა და მეჩვენებოდა, რომ აბანოში ვიყავი... ამოვისუნთქე. მოჭრილ ფეხსა და ცვილისფერ სახეს გულდამძიმებულმა დავხედე და ვიკითხე: - ცოცხალია? - ცოცხალია... - ერთხმად მიპასუხეს ფერშალმა და ანა ნიკოლაევნამ. - ერთ წუთს კიდევ იცოცხლებს, - მხოლოდ ტუჩებით, უხმოდ მითხრა ყურში ფერშალმა და ენა დაება, მერე თავაზიანად მითხრა, - ექიმო, მეორე ფეხს იქნებ ხელი არ ახლოთ. მარლა შემოვახვიოთ... თორემ პალატამდე ვერ მიაწევს... ჰა? მაინც სჯობია, რო საოპერაციოში არ მოკვდეს. - თაბაშირი მოიტანეთ, - ვუპასუხე ჩახრინწული ხმით, თითქოს რაღაც ძალამ მიბიძგა. მთელი იატაკი თეთრი ლაქებით მოიფინა, ყველანი ოფლში ვცურავდით. ცოცხალმკვდარი ქალიშვილი გაუნძრევლად იწვა. მარჯვენა ფეხი თაბაშირში ჰქონდა გახვეული და ზედ ფანჯარასავით აჩნდა ჩემ მიერ დატოვებული ნახვრეტი იმ ადგილას, სადაც წვივი იყო გადატეხილი. - ცოცხალია, - ჩაიხიხინა გაოცებულმა ფერშალმა. ქალიშვილი საოპერაციო მაგიდიდან ასწიეს. ზეწრის ქვეშ ცარიელი ადგილი მოჩანდა სხეულის ერთი მესამედი საოპერაციოში დარჩა. მერე ჩრდილები დერეფანში აფარფატდა, მომვლელი ქალები აქეთ-იქით დაშლიგინებდნენ. დავინახე, თმაგაჩეჩილი კაცი კედელ-კედელ როგორ გაბარბაცდა და ღმუილი როგორ აღმოხდა, მაგრამ იგი იქაურობას მოაშორეს და სიჩუმე ჩამოვარდა. იდაყვებამდე სისხლში ამოსვრილ ხელებს საოპერაციოში ვიბანდი. - ექიმო, ალბათ, ამპუტაცია ბევრჯერ გაქვთ გაკეთებული, არა? - უეცრად მკითხა ანა ნიკოლაევნამ, - ძალიან, ძალიან კარგად გააკეთეთ. ლეოპოლდზე ნაკლებად არ გიმარჯვიათ... მის მიერ წარმოთქმული "ლეოპოლდი" მუდამ ისე ჟღერდა, როგორც "დუაიენი".

იქ მყოფნი უნდობლად შევათვალიერე, მაგრამ ყველას - დემიან ლუკიჩსაც და პელაგეა ივანოვნასაც - თვალებში პატივისცემა და გაოცება ეხატებოდა. - მმ... რომ იცოდეთ, მხოლოდ ორჯერ მაქვს გაკეთებული... რატომ ვიცრუე? ამას ახლა ვერ მივმხვდარვარ. საავადმყოფო მთლად ჩაწყნარდა. - როცა მოკვდება, ვინმე უსათუოდ გამოგზავნეთ და გამაგებინეთ, - ხმამაღლა ვუბრძანე ფერშალს, იმან კი იმის ნაცვლად, კარგიო, რომ ეთქვა, მოწიწებით მითხრა: - ბატონი ბრძანდებით... რამდენიმე წუთის შემდეგ ექიმის სახლში ვიყავი და კაბინეტში მწვანე ლაპასთან ვიდექი. სახლი დუმდა. ჩაშავებულ მინაში ფერმიხდილი სახე ირეკლებოდა. "არა, თვითმარქვია ცრუდიმიტრის არა ვგავარ, რომ იცოდეთ, ცოტა დავბერდი კიდევაც... შუბლზე ნაოჭი გამიჩნდა... ახლა მომიკაკუნებენ და მეტყვიან, მოკვდაო... ჰო, წავალ და უკანასკნელად შევხედავ... ახლა მომიკაკუნებენ..." კარზე მომიკაკუნეს, ოღონდ ორთვე-ნახევრის შემდეგ. ფანჯრის მიღმა ზამთრის დღე ბრწყინავდა. ქალიშვილის მამა შემოვიდა. იგი კარგად მხოლოდ ახლა შევათვალიერე. დიახ, სახის ნაკვთები მართლაც სწორი ჰქონდა. ასე ორმოცდახუთი წლისა იქნებოდა. თვალები უბრწყინავდა. მერე შარიშური გაისმა... ოთახში ორი ყავარჯნით შემოხტა საოცრად ლამაზი ცალფეხა ქალიშვილი, წითელზონარშემოვლებული განიერი კაბა რომ ეცვა. ქალიშვილმა შემომხედა და სახე ვარდისფერად აეფაკლა. - მოსკოვში... მოსკოვში უნდა წაიყვანოთ... - ვუთხარი მამამისს და მისამართის წერას შევუდექი, - იქ პროთეზს, ხელოვნურ ფეხს გაუკეთებენ. - ხელზე აკოცე, - უეცრად უთხრა მამამ ქალიშვილს. მე ისე დავიბენი, რომ ქალიშვილს ტუჩების ნაცვლად ცხვირზე ვაკოცე. ქალიშვილი ყავარჯნებს ჩამოეყრდნო, შეკრულა გაშალა და თოვლივით თეთრი პირსახოცი გამოაჩინა. პირსახოცზე სადად იყო ამოქარგული წითელი მამალი. აი, თურმე

ბალიშის ქვეშ რას მალავდა, როცა დათვალიერებაზე ჩამოვივლიდი ხოლმე. მახსოვს, მაშინ მაგიდაზე ძაფები ეწყო. - არ გამოგართმევთ, - მკაცრად ვუთხარი და თავიც კი გავიქნიე, მაგრამ მას სახეზე და თვალებში ისეთი გულისტკენა აღებეჭდა, რომ გამოვართვი... ეს პირსახოცი მურიევოში, საწოლი ოთახის კედელზე მრავალ წელს მეკიდა, შემდეგ ჩემთან ერთად მოგზაურობდა. მერე დაძველდა, წაიშალა, დაფაცხატავდა და ბოლოს გაქრა, როგორც მოგონებები წარიშლება და ქრება.

ნათლობა ბრუნით #-ის საავადმყოფოში დღე დღეს მისდევდა და ახალ ცხოვრებას ნელ-ნელა ვეჩვეოდი. სოფლებში სელს კვლავ ბეგვავდნენ, გზები გაუვალი ხდებოდა და მიღებაზე დღეში ხუთ კაცზე მეტი არ მოდიოდა. საღამოობით თავისუფალი ვიყავი და მთელ დროს ბიბლიოთეკის გარჩევა-დალაგებას, ქირურგიის სახელმძღვანელოების კითხვას და ხმადაბლა მოშიშინე სამოვართან განმარტოებით ჩაის სმას ვანდომებდი. მთელი დღეები და ღამეები განუწყვეტლივ წვიმდა, წვიმის წვეთებს სახურავზე კაკუნი გაუთავებლად გაჰქონდა და საწვიმარი მილიდან მომდინარე წყალი ფანჯრის ქვემოთ მდგარ კასრში ჩათქლიშინებდა. გარეთ ჭყაპი და ბურუსი იდგა, ფერშალთა სახლის განათებული ფანჯრები და ჭიშკართან ჩამოკიდებული ნავთის ფარანი წყვდიადში მქრქალ, გადღაბნილ ლაქებად მოჩანდა. ერთი ამგვარი საღამო მიღოღავდა. მე ჩემს კაბინეტში ვიჯექი და ტოპოგრაფიული ანატომიის ატლასს ჩავკირკიტებდი. ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს დროდადრო ხრაშუნი არღვევდა - სასადილო ოთახში, ბუფეტის უკან, თაგვები რაღაცას ახრამუნებდნენ. მანამდე ვკითხულობდი, სანამ დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთზე არ მიმეწება. ბოლოს დავამთქნარე, ატლასი გვერდზე გადავდე და გადავწყვიტე, დასაძინებლად დავწოლილიყავი. წვიმის კაკუნსა და შარიშურში მშვიდი ძილის მოლოდინი წინასწარ მატკბობდა, დასაძინებელ ოთახში ზმორებით გავედი, ტანთ გავიხადე და დავწექი. ბალიშზე თავის დადება ვერ მოვასწარი, რომ სოფელ ტოროპოვოდან მოსული ჩვიდმეტი წლის ანა პროხოროვას სახემ თვალწინ გამიელვა. ანა პროხოროვას კბილი ჰქონდა ამოსაღები. უხმაუროდ ჩაისრიალა ფერშალმა დემიან ლუკიჩმა, ხელში მოელვარე გაზი

ეჭირა. გამახსენდა, "რამეთუს" რომ ამბობდა, იმის მაგივრად, რომ ეთქვა, "რადგან", იმიტომ, რომ მაღალი სტილის მოყვარული გახლდათ, ჩავიცინე და მალე ჩამეძინა. მაგრამ ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ უეცრად გამეღვიძა, თითქოს ვიღაცამ შემანჯღრია. შეშინებული წამოვჯექი, სიბნელეს ჩავაშტერდი და ყური გავიმახვილე. ვიღაცა გარეთა კარს დაჟინებით, მძლავრად უბრაგუნებდა და ეს ბრაგუნი მაშინვე ავისმაუწყებლად მეჩვენა. კარზე აკაკუნებდნენ. კაკუნი შეწყდა, ურდულმა გაიჩხაკუნა და მზარეული ქალის ხმა გაისმა, მერე პასუხად ვიღაცის გაურკვეველი ხმა გავიგონე. ვიღაცამ კიბე ჭრაჭუნით ამოიარა, კაბინეტში წყნარად შემოვიდა და საწოლი ოთახის კარზე მოაკაკუნა. - ვინა ხარ? - მე ვარ, - გაისმა მოკრძალებული ჩურჩული, - მე ვარ, მომვლელი აქსინია. - რა გინდათ? - ანა ნიკოლაევნამ გამომგზავნა. შემოგითვალათ, საავადმყოფოში სასწრაფოდ წამოდითო. - რა მოხდა? - შევეკითხე მომვლელ ქალს და ვიგრძენი, რომ გულმა რეჩხი მიყო. - დულცევოდან ქალი მოიყვანეს, ცუდი მშობიარობაა. "ესეც ასე. დაიწყო! - გამიელვა თავში და დაბნეულმა ფეხსაცმელებში ფეხები ვერ იქნა და ვერ წავყავი, - დალახვროს ეშმაკმა! ასანთი არ ინთება. რას იზამ, ეს, ადრე თუ გვიან, მაინც მოხდებოდა. მთელ სიცოცხლეს ისე ხომ ვერ გავატარებდი, ლარინგიტისა და კუჭის კატარის გარდა არაფერი შემხვედროდა". - კარგი. წადი და უთხარი, რომ ახლავე მოვალ! - გავძახე მომვლელ ქალს და საწოლიდან წამოვდექი. კარს იქიდან შემომესმა, აქსინია ფეხების ფრატუნით უკან რომ გაბრუნდა და ურდული კვლავ გაჩხაკუნდა. ძილი უმალ გამიფრთხა. თითებაკანკალებულმა ლამპა სწრაფად ავანთე და ჩაცმას შევუდექი. თორმეტის ნახევარი სრულდებოდა... რა სჭირდა იმ ქალს? რანაირი ცუდი მშობიარობა ჰქონდა? ჰმ... არასწორი მდებარეობა... ვიწრო მენჯი... ანდა იქნებ რაიმე უარესიც იყოს. ვაითუ, მაშების ხმარება დამჭირდეს? პირდაპირ ქალაქში ხომ არ გავგზავნო? არა, ეს შეუძლებელია! რა კარგი ექიმი ბრძანებულაო, ყველა ამას იტყვის! არც მაქვს უფლება, ასე რომ მოვიქცე. არა, ყველაფერი თავად უნდა გავაკეთო. მაინც რა უნდა გავაკეთო? ეშმაკმა უწყის. ვაითუ, თავგზა

ამებნეს? მეან ქალებთან შევრცხვები. თუმცა, ჯერ ვნახო, რა სჭირს. წინასწარ აღელვება არას მარგებს..." ჩავიცვი, პალტო მოვიხურე, გული დავიიმედე, ყველაფერი კარგად მოგვარდება-მეთქი და საავადმყოფოსკენ მიმავალ ბილიკზე დაგებულ ფიცრებს წვიმაში ბრაგაბრუგით გავუყევი. საავადმყოფოს შესასვლელთან ბინდბუნდში საზიდარი მოჩანდა. ცხენმა დაყანდებულ ფიცარს ფლოქვი ჩამოჰკრა. ცხენის გვერდით ვიღაც ფუსფუსებდა. - მშობიარე თქვენ მოიყვანეთ? - ვკითხე რატომღაც. - ჩვენ... მაშ რა, ჩვენ მოვიყვანეთ, ბატონო, - საწყალობლად გაისმა ქალის ხმა. თუმცა შუაღამე ახლოვდებოდა, საავადმყოფოში მაინც ერთი ალიაქოთი იდგა. მისაღებში ელვა-ლამპა ბრიალებდა. სამშობიარო განყოფილებისკენ მიმავალ დერეფანში აქსინიამ ჩამიქროლა. ხელში ტაშტი ეჭირა. კარს იქით უეცრად სუსტი კვნესა გაისმა და უმალ მიწყდა. კარი გამოვაღე და სამშობიაროში შევედი. ჭერზე ჩამოკიდებული ლამპა კედლებშეთეთრებულ პატარა ოთახს კაშკაშა შუქსა ჰფენდა. საოპერაციო მაგიდის გვერდით მდგარ საწოლზე ნიკაპამდე საბანწახურული ახალგაზრდა ქალი იწვა. სახე ტკივილისგან დამანჭოდა, სველი თმის ბღუჯები შუბლზე მისწებებოდა. ანა ნიკოლაევნას ხელში თერმომეტრი ეჭირა და ესმარხის ხსნარს ამზადებდა, ხოლო მეორე მეანი ქალი, პელაგეა ივანოვნა, კარადიდან სუფთა ზეწრებს იღებდა. კედელზე მიყრდნობილი ფერშალი მათ საქმიანობას ნაპოლეონივით თავაწეული უცქეროდა. როცა დამინახეს, ყველანი შეკრთნენ. მშობიარემ თვალები გაახილა, ხელების მტვრევას მოჰყვა და კვლავ მწარედ, შესაბრალისად აკვნესდა. - აბა, მითხარით, რა ხდება? - ისე თავდაჯერებით და მშვიდად ვიკითხე, რომ თავადვე გამიკვირდა. - განივი მდებარეობაა, - სწრაფად მიპასუხა ანა ნიკოლაევნამ და ხსნარში წყალი ჩაუმატა. - ა-სე, - გავწელე შუბლშეჭმუხნილმა, - ვნახოთ... - აქსინია, ექიმს ხელები დააბანინე, - უმალ გასძახა მომვლელ ქალს ანა ნიკოლაევნამ, გამომეტყველება მტკიცე და სერიოზული ჰქონდა. სანამ ჯაგრისისგან გაწითლებული თითებიდან საპნის ქაფს წყლით ჩამოვირეცხავდი, ანა ნიკოლაევნას უმნიშვნელო რამეები გამოვკითხე: მშობიარე რამდენი ხანია, რაც მოიყვანეს, სადაური იყო... პელაგეა ივანოვნამ მშობიარეს საბანი გადახადა, მე საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი, ამობერილ მუცელს თითები მსუბუქად შევახე და გასინჯვა დავიწყე. ქალი კვნესოდა, იძაგრებოდა, ზეწარს ებღაუჭებოდა და ჭმუჭნიდა.

- დაწყნარდი, დაწყნარდი... მოითმინე, - ვეუბნებოდი ქალს და გადატკეცილ, გახურებულ, მშრალ კანზე თითებს ფრთხილად დავაცურებდი. კაცმა რომ თქვას, მას შემდეგ, რაც გამოცდილმა ანა ნიკოლაევნამ მშობიარის მდგომარეობა შემატყობინა, გასინჯვას აზრი არა ჰქონდა და აღარც იყო საჭირო. რამდენიც უნდა მესინჯა, ანა ნიკოლაევნაზე მეტს მაინც ვერაფერს შევიტყობდი. მისი დიაგნოზი, რა თქმა უნდა, უტყუარი გახლდათ. განივი მდებარეობა. დიაგნოზი დასმულია. მერე რა იყო საჭირო?.. მუცელს ყოველი მხრიდან შუბლშეჭმუხნილი ვსინჯავდი და თანაც მეან ქალებს ალმაცერად გავხედავდი ხოლმე. ორივენი დაძაბულნი და სერიოზულნი იყვნენ და თვალებზე ვატყობდი, რომ საქმიანობას მიწონებდნენ. მართლაც, ჩემი თითების მოძრაობა თავდაჯერებული და სწორი გახლდათ, ხოლო მღელვარებას, რაც კი შეიძლებოდა, ვმალავდი და ვცდილობდი, არაფრით გამომემჟღავნებინა. - ასე, - ვთქვი მე და საწოლიდან წამოვდექი, რადგან გარედან გასასინჯი აღარაფერი დამრჩა, - ახლა შიგნიდან გამოვიკვლიოთ. ანა ნიკოლაევნას თვალებში კვლავ მოწონების ნაპერწკალმა გაიელვა. - აქსინია. წყალი კვლავ აჩხრიალდა. "ეჰ, კარგი იქნებოდა, ახლა დოდერლაინი წამეკითხა!" - ვფიქრობდი სევდიანად და ხელებს ვისაპნავდი. ვაი, რომ ახლა ამას ვერ შევძლებდი. ანდა, ამ წუთას დოდერლაინი რას მიშველიდა? ქაფი ჩამოვიბანე და თითებზე იოდი წავიცხე. პელაგეა ივანოვნას ხელში თეთრმა ზეწარმა გაიშრიალა, მე მშობიარისკენ დავიხარე და შიგნიდან გამოკვლევას, ფრთხილად, გაუბედავად შევუდექი. უნებურად თვალწინ წარმომიდგა სამშობიარო კლინიკის საოპერაციო დარბაზი. მქრქალ სფეროებში მოჩახჩახე ელექტროლამპები, იატაკზე კრიალა ფილები, ყველგან მოელვარე ონკანები და ხელსაწყოები. ასისტენტს თოვლივით თეთრი ხალათი აცვია, მშობიარესთან დგას და მანიპულაციებს უტარებს. გვერდით სამი თანაშემწე-ორდინატორი უდგას. ირგვლივ პრაქტიკანტი ექიმები ეხვევიან. იქვეა სტუდენტ-კურატორთა ჯგუფი. ყველაფერი კარგად, ნათლად, უხიფათოდ მიმდინარეობს. აქ კი გატანჯული ქალის გვერდით მარტოდმარტო ვდგავარ. პასუხისმგებლობა მხოლოდ მე მაკისრია, მაგრამ როგორ ვუშველო, არ ვიცი, იმიტომ, რომ მშობიარობა ახლოდან მხოლოდ ორჯერ ვნახე კლინიკაში, თანაც ორივე მშობიარობა სრულიად ნორმალური გახლდათ. ახლა გამოკვლევას ვატარებ, მაგრამ ეს ვერც მე მიშველის რაიმეს და ვერც მშობიარეს. იქ, შიგნით რა აქვს, სრულებით ვერ მივმხვდარვარ და ვერ მიგრძნია.

დრო კია, უკვე რაიმე რომ მოვიმოქმედო. - განივი მდებარეობაა... რაკი განივი მდებარეობაა, მაშ საჭიროა... საჭიროა... - ფეხის ირგვლივ ბრუნი, - ვერ მოითმინა და თითქოს თავისთვის თქვა ანა ნიკოლაევნამ. ხნიერი, გამოცდილი ექიმი ალმაცერად გადახედავდა იმის გამო, რომ იგი ცხვირს ჰყოფდა იქ, სადაც არ ეკითხებოდნენ. მაგრამ მე ხომ ასეთ რამეს ვერ ვიწყენდი... - ჰო, - დავუდასტურე მრავალმნიშვნელოვნად, - ფეხის ირგვლივ ბრუნი. თვალწინ დოდერლაინის გვერდებმა გამიელვა. პირდაპირ ბრუნი... კომბინირებული ბრუნი... არაპირდაპირი ბრუნი... გვერდები, გვერდები... ზედაც სურათები. მენჯი, მრუდედ მწოლიარე, მობღუნძული დიდთავა ჩვილი ბავშვები... ჩამოკიდებული ხელი, ზედაც ყულფი. ეს ხომ ახლახან წავიკითხე. თანაც ჩავკირკიტებდი, ყოველ სიტყვას ვუკვირდებოდი, სხეულის ასოთა თანაფარდობას, ყველა ხერხს თვალწინ წარმოვისახავდი. კითხვისას მეჩვენებოდა, რომ ტვინში ტექსტი საუკუნოდ მებეჭდებოდა. ახლა კი წაკითხულიდან მხოლოდ ერთი ფრაზა გამახსენდა: "განივი მდებარეობა აბსოლუტურად არასახარბიელო მდგომარეობაა". რაც მართალია, მართალია, აბსოლუტურად არასახარბიელო მდგომარეობაა როგორც ქალისთვის, ასევე ექიმისთვის, ვისაც უნივერსიტეტი ექვსი თვის წინ აქვს დამთავრებული. - მაშ ასე... საქმეს შევუდგეთ, - ვთქვი და წამოვდექი. ანა ნიკოლაევნას სახე გამოუცოცხლდა. - დემიან ლუკიჩ, - მიუბრუნდა ფერშალს, - ქლოროფორმი მოამზადეთ. კიდევ კარგი, ეს რომ თქვა, თორემ მე ხომ ჯერ კიდევ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ოპერაცია ნარკოზით უნდა გაკეთებულიყო. ჰო, რა თქმა უნდა, ნარკოზით - სხვაგვარად როგორ იქნება! დოდერლაინს კი მაინც უნდა ჩავხედო... ხელები გადავიბანე და მერე ვთქვი: - კარგი... მშობიარე მაგიდაზე დააწვინეთ და ნარკოზისთვის მოამზადეთ. მე კი ახლავე მოვალ. შინ შევირბენ და პაპიროსს წამოვიღებ.

- კარგი, ექიმო, ყველაფერი მოესწრება, - მიპასუხა ანა ნიკოლაევნამ. ხელები გავიმშრალე, მომვლელმა ქალმა პალტო მომახურა და შინისკენ ასე, პალტომოხურული გავიქეცი. შინ, კაბინეტში, ლამპა ავანთე და ქუდის მოხდა არც გამხსენებია, წიგნების კარადისკენ ისე გავექანე. აი, ესეც დოდერლაინი - ოპერატიული მეანობა. პრიალა გვერდები სწრაფად გადავფურცლე: "...ბრუნი დედისთვის სახიფათო ოპერაციაა..." ზურგში, მთელ ხერხემალზე, სიცივემ ჩამირბინა. "...უმთავრესი საშიშროება ის არის, რომ შესაძლებელია საშვილოსნოს თვითნებური გახევა". თვით-ნე-ბუ-რი... "...თუ მეანი საშვილოსნოში სივრცის სიმცირის გამო, ანდა საშვილოსნოს კედლების შეკუმშვის შედეგად შეფერხდება და ფეხს ვერ მისწვდება, ბრუნის შესრულების შემდგომ მცდელობაზე უარი უნდა თქვას..." კარგი, ვთქვათ, რაღაც სასწაულით თუნდაც განვსაზღვრე, რომ "ვფერხდები" და "შემდგომ მცდელობაზე" უარი ვთქვი, საკითხავია, ქლოროფორმით გონებაგათიშულ ქალს როგორ უნდა მოვექცე? შემდგომ: "...აკრძალულია, ნაყოფს ხელი ზურგის გასწვრივ რომ შეუცურო და ფეხს ისე მისწვდე..." ეს უნდა დავიმახსოვროთ. "...ზემოთა ფეხის გამოქაჩვა შეცდომაა, რადგან ამ დროს იოლი შესაძლებელია ნაყოფის გადაგრეხა ღერძზე, რაც, შესაძლოა, ნაყოფის ძლიერი ჩაჭედვის მიზეზი გახდეს, რასაც სამწუხარო შედეგები მოჰყვება..." "სამწუხარო შედეგები", ცოტა გაურკვეველი, მაგრამ ძალზე შთამბეჭდავი სიტყვებია! ვაითუ, დულცევოელი ქალის ქმარი დაქვრივდეს! დაცვარული შუბლი შევიმშრალე, ძალა მოვიკრიბე, ეს შემზარავი ადგილები გამოვტოვე და შევეცადე, რაც ყველაზე არსებითი იყო, ის დამემახსოვრებინა, სახელდობრ, რა უნდა გამეკეთებინა, ხელი სად და

როგორ შემეყო. შემზარავ სტრიქონებს თუმცა გვერდს ვუვლიდი, სულ ახალ და ახალ საშინელ რამეებს ვაწყდებოდი. ეს ადგილები თვალში მეცემოდა ხოლმე. "...გახევის უდიდესი საშიშროების გამო... შინაგანი და კომბინირებული ბრუნები დედისათვის ყველაზე სახიფათო სამეანო ოპერაციებია..." ბოლოს დამამთავრებელი აკორდი: "ყოველი საათი დაგვიანება ხიფათის მატებას იწვევს..." კმარა! კითხვამ ნაყოფი გამოიღო: თავში ყველაფერი ამერია და მყისვე დავრწმუნდი, რომ არაფერი გამეგებოდა. უპირველეს ყოვლისა, არ ვიცოდი, სახელდობრ რომელი ბრუნი უნდა შემესრულებინა: კომბინირებული, არაკომბინირებული პირდაპირი თუ არაპირდაპირი!.. დოდერლაინი მივატოვე, სავარძელში ჩავეშვი და შევეცადე, არეულ-დარეული აზრები დამელაგებინა... მერე საათს დავხედე. ეშმაკმა დალახვროს! თურმე უკვე თორმეტი წუთია, რაც წამოსული ვარ. იქ კი მელიან. "...ყოველი საათით დაგვიანება..." საათები წუთებისგან შედგება, ხოლო წუთები ასეთ დროს საშინელი სისწრაფით მიქრის. დოდერლაინი მაგიდაზე მივაგდე და საავადმყოფოსკენ გავიქეცი. იქ ყველაფერი უკვე გაემზადებინათ. ფერშალი მაგიდასთან იდგა და ნიღაბსა და ქლოროფორმიან შუშას ამზადებდა. მშობიარე საოპერაციო მაგიდაზე იწვა. განუწყვეტელი კვნესა მთელ საავადმყოფოს ეფინებოდა. - მოითმინე, მოითმინე, - ალერსიანად ჩასჩურჩულებდა ქალს პელაგეა ივანოვნა, - ახლა ექიმი გიშველის... - ვა-ი! აღარ შემიძლია... აღარ შემიძლია!... ვეღარ გავუძლებ! - ნუ გეშინია... ნუ გეშინია... - ჩასჩურჩულებდა მეანი ქალი, - გაუძლებ! ახლა გასუნებინებთ... ჰოდა, ვერაფერს გაიგებ. ონკანებიდან წყალი თქრიალით წამოვიდა. მე და ანა ნიკოლაევნა იდაყვებამდე გაშიშვლებული ხელების ბანას შევუდექით. ანა ნიკოლაევნა მიყვებოდა, ჩემი წინამორბედი - გამოცდილი ქირურგი - ბრუნს როგორ ასრულებდა. მე ხარბად ვუსმენდი. ვცდილობდი, არც ერთი სიტყვა არ გამომრჩენოდა. ჰოდა, ამ ათმა წუთმა უფრო მეტი ცოდნა შემძინა, ვიდრე ყველაფერმა, რაც სახელმწიფო გამოცდებისთვის მზადებისას მეანობაზე წავიკითხე. უმაღლესი შეფასება კი სწორედ მეანობაში დავიმსახურე. ნაწყვეტ-

ნაწყვეტი სიტყვებიდან, დაუმთავრებელი ფრაზებიდან, გაკვრით ნათქვამი აზრებიდან შევიტყვე ის აუცილებელი რამ, რასაც ვერც ერთ წიგნში ვერ ამოიკითხავ. ჰოდა, იმ დროისათვის, როცა იდეალურად გათეთრებულ და გასუფთავებულ ხელებს სტერილური მარლით ვიწმენდდი, გაუბედაობის ნატამალიც აღარ შემომრჩა და გონებაში სრულიად განსაზღვრული და მტკიცე გეგმა ჩამომიყალიბდა. კომბინირებული ბრუნი უნდა შემესრულებინა თუ არაკომბინირებული, ამაზე ფიქრი ახლა აღარ მესაჭიროებოდა. მეცნიერულ სიტყვათა რიგი ახლა არაფერში გამომადგებოდა. უმთავრესი იყო ერთი რამ: ერთი ხელი შიგნით უნდა შემეყო, ხოლო მეორე ხელით ბრუნს გარედან დავხმარებოდი, წიგნებს კი არ დავმყარებოდი, არამედ ზომიერების გრძნობას, ურომლისოდაც ექიმი არაფრად ივარგებს. ფრთხილად, მაგრამ გულმოდგინედ ერთი ფეხი გამომექაჩა და ჩვილი ისე გამომეყვანა. მშვიდი და ფრთხილი, მაგრამ იმავე დროს უსაზღვროდ გამბედავი და თამამი უნდა ვყოფილიყავი. - დაიწყეთ, - ვუბრძანე ფერშალს და თითებზე იოდის წასმა დავიწყე. პელაგეა ივანოვნამ იმავე წამს მშობიარეს ხელები გაუკავა, ხოლო ფერშალმა განაწამებ სახეზე ნიღაბი ააფარა. მუქ-ყვითელი შუშიდან ქლოროფორმი ნელ-ნელა წვეთავდა, ოთახი მოტკბო, გულისამრევი სუნით ივსებოდა. ფერშალსა და მეან ქალებს სახეზე მკაცრი, შთაგონებული გამომეტყველება აღებეჭდათ. - ა-ა-ა! - უცებ წამოიყვირა ქალმა. რამდენიმე წამს იკრუნჩხებოდა, ცდილობდა, ნიღაბი მოეცილებინა. - გააკავეთ! პელაგეა ივანოვნამ ქალს ხელები გაუკავა, დააწვინა და მკერდზე დააწვა. ქალი რამდენიმე წამს კიდევ იკრუნჩხებოდა, ნიღაბს სახეს არიდებდა, მაგრამ უღონოდ, თანდათან უფრო უღონოდ... მერე ყრუდ ჩაიბურტყუნა: - ა-ა... გამიშვი!.. ა!.. სუსტად, სულ უფრო სუსტად. თეთრკედლებიან ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. გამჭვირვალე წვეთები მარლას ეცემოდა. - პელაგეა ივანოვნა, პულსი როგორია? - კარგია.

პელაგეა ივანოვნამ ქალს ხელი აუწია, მერე გაუშვა, ხელი ზეწარს უსიცოცხლოდ, მოწყვეტით დაენარცხა. ფერშალმა ნიღაბი განზე გასწია და ქალს თვალებში ჩახედა. - სძინავს. ......................................................................................... სისხლის გუბე. ხელები იდაყვამდე სისხლში მაქვს ამოსვრილი. ზეწრებზე სისხლის ლაქებია. იქვე წითელი ლეკერტები და მარლის გუნდები მოჩანს. პელაგეა ივანოვნა კი უკვე ანჯღრევს ახალშობილს და ხელებს უტყაპუნებს. აქსინია ვედროებს აჟღარუნებს, ტაშტებში წყალს ასხამს. ახალშობილს ხან ცივ წყალში აჭყუმპალავებენ, ხან ცხელ წყალში. ახალშობილი დუმს, თავი ხან აქეთ, ხან იქით, უსიცოცხლოდ, ძაფზე ჩამოკიდებულივით უვარდება. და, აი, უცებ წრიპინი და ოხვრა, შემდეგ კი პირველი სუსტი ყვირილი გაისმის. - ცოცხალია... ცოცხალია... - ბუტბუტებს პელაგეა ივანოვნა და ახალშობილს ბალიშზე აწვენს. დედაც ცოცხალია. საბედნიეროდ, ცუდი არაფერი მომხდარა. პულსს თავადაც ვისინჯავ. პულსი თანაბარი და მკვეთრია. ფერშალი ქალს მხრებზე ხელებს ჰკიდებს, ნელა ანჯღრევს და ეუბნება: - გაიღვიძე, აბა, გაიღვიძე. გასისხლიანებულ ზეწრებს გვერდზე ყრიან და დედას სუფთა ზეწარს ახურავენ. ფერშალსა და აქსინიას დედა პალატაში გაჰყავთ. ახალშობილს ძონძებში ახვევენ, ბალიშზე აწვენენ და ისე მიჰყავთ. თეთრი სახვევიდან ახალშობილის ყავისფერი, დამანჭული სახე მოჩანს. ტირილნარევი წრიპინი არ წყდება. პირსაბანების ონკანიდან წყალი მოთქრიალებს. ანა ნიკოლაევნა პაპიროსს ხარბად ქაჩავს, კვამლისგან დამწვარ თვალებს ჭუტავს და ახველებს. - ექიმო, ბრუნი კარგად შეასრულეთ, თავდაჯერებულად. მე ხელებს ჯაგრისით გულმოდგინედ ვიხეხავ და ანა ნიკოლაევნას ალმაცერად გავცქერი: ხომ არ დამცინის? მაგრამ მას სახეზე სიამაყე და კმაყოფილება გულწრფელად ეხატება. გული სიხარულით მევსება. აქეთ-იქით მიმოყრილ, სისხლიან ზეწრებს, მოწითალო წყლით სავსე ტაშტებს დავცქერი და თავს გამარჯვებულად ვგრძნობ, მაგრამ ეჭვის ჭია გულს მაინც მიღრღნის და ვამბობ: - ვნახოთ, მერე რა იქნება:

ანა ნიკოლაევნა გაოცებული მიყურებს. - რა უნდა იყოს? ყველაფერი რიგზეა. პასუხად რაღაცას გაურკვევლად ვბურტყუნებ. ნამდვილად კი, აი, რა მინდა, რომ ვთქვა: დედას ყველაფერი მთელი აქვს, ოპერაციისას რამე ხომ არ დავუზიანე? ეს ფიქრი გულს ბუნდოვნად მიღრღნის. მეანობაში ჩემი განსწავლულობა ხომ ასე ზერელეა, წიგნებში ამოკითხულ-ნაზეპირებია! გახევა? რით უნდა გამოიხატებოდეს ეს გახევა? თავს როდის იჩენს, ახლა თუ მოგვიანებით?.. არა, სჯობია, ამაზე არ ვილაპარაკოთ. - რა ვიცით, გამორიცხული არ არის მოწამვლის შესაძლებლობა, - ვამბობ პირველივე ფრაზას, რომელიღაც სახელმძღვანელოდან რომ მახსენდება. - ოჰ, არა! - მშვიდად მეუბნება ანა ნიკოლაევნა, - ღვთის მადლით არაფერი იქნება. ან რანაირად? ყველაფერი სტერილურია, სუფთაა. ორი საათი უკვე დაწყებული იყო, როცა შინ დავბრუნდი. კაბინეტში, ლამპის შუქით განათებულ მაგიდაზე მშვიდობიანად იდო იმ გვერდზე გადაშლილი დოდერლაინი, სადაც მოჩანდა სათაური: "ბრუნის საშიშროებანი". მე გაგრილებულ ჩაის ვწრუპავდი და წიგნს კიდევ ერთ საათს ჩავცქეროდი. ჰოდა, საინტერესო რამ მოხდა: ყველა ადრინდელი ბუნდოვანი ადგილი სრულიად გასაგები შეიქნა, თითქოს ნათელი მოეფინა და აქ, ამ მიყრუებულ კუთხეში, ლამპის შუქზე მივხვდი, რაც არის ნამდვილი ცოდნა. "სოფელში დიდი გამოცდილების შეძენა შეიძლება, - ვფიქრობდი, როცა ვიძინებდი, მაგრამ უნდა ვიკითხო, ვიკითხო... რაც შეიძლება, ბევრი ვიკითხო..."

ფოლადის სასულე მაშ ასე, მარტო დავრჩი. ირგვლივ ნოემბრის წყვდიადია. თოვლის კორიანტელი დგას, სახლი მინამქრულია, საკვამლე მილებში ქარი ჩამოღმუის. მთელი ოცდაოთხი წელი, რაც ამქვეყნად ვარ, უზარმაზარ ქალაქში გავატარე და მეგონა, რომ ქარბუქი მარტო რომანებში ღმუოდა. თურმე ნამდვილად ღმუის. საღამოები არაჩვეულებრივად გრძელდბოდა, ლურჯაბაჟურიანი ლამპა შავ ფანჯარაში ირეკლებოდა, მე ჩემს მარცხნივ მანათობელ ლაქას ვუცქეროდი და სამაზრო ქალაქზე ვოცნებობდი, იქიდან ორმოციოდე ვერსზე რომ მდებარეობდა. ჩემი პუნქტიდან იქ გაქცევა ძალიან მეწადა. იქ ელექტროსინათლე იყო, ოთხი ექიმი მუშაობდა; მათ რჩევას ვკითხავდი, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შიში აღარ მექნებოდა. მაგრამ იქიდან გაქცევა შეუძლებელი გახლდათ, ზოგჯერ კი თავადაც ვგრძნობდი, რომ ეს სულმოკლეობა იყო. სამედიცინო ფაკულტეტზე ხომ სწორედ ამიტომ ვსწავლობდი.

"...ერთიც ვნახოთ, ქალი მოიყვანეს და არასწორი მშობიარობა აქვს, ანდა, ჩაჭედილთიაქრიანი ავადმყოფი მომაყენეს, მაშინ რა უნდა ვქნა? მირჩიეთ, გეთაყვა! ორმოცდარვა დღის წინ ფაკულტეტი წარჩინებით დავამთავრე, მაგრამ თიაქარს წარჩინება უშველის? ერთხელ ვნახე, პროფესორი ჩაჭედილი თიაქრის ოპერაციას როგორ აკეთებდა. ის აკეთებდა, მე კი ამფითეატრში ვიჯექი. ეს იყო და ეს..." ცივი ოფლი ხერხემალზე არაერთხელ ჩამდენია, როცა თიაქარზე ვფიქრობდი. ყოველ საღამოს, მას მერე, რაც ჩაის დავლევდი, ერთნაირად მჯდომარეს მნახავდით: ხელმარცხნივ ოპერატიული მეანობის ყველა სახელმძღვანელო მეწყო, ზემოდანაც მომცრო დოდერლაინი მედო, ხელმარჯვნივ კი ოპერატიული ქირურგიის ათი სხვადასხვანაირი, დასურათებული ტომი მელაგა. ვხვნეშოდი, პაპიროს ვაბოლებდი, ცივ, მოშავო ჩაის ვწრუპავდი... დავიძინე; კარგად მახსოვს ის ღამე - 29 ნოემბრისა. კარის ბრაგუნმა გამომაღვიძა. ხუთი წუთის შემდეგ თან შარვალს ვიცვამდი და თან ოპერატიული ქირურგიის ღვთიურ წიგნებს მუდარით გავცქეროდი. ეზოში მარხილის ჭრიალი გაისმოდა. სმენა ძალზე გამახვილებული მქონდა. ვაი, რომ თიაქარზე, ჩვილის განივ მდებარეობაზე უარესი რამ გამოდგა: ნიკოლსკის პუნქტ-საავადმყოფოში ღამის თორმეტ საათზე გოგონა მომიყვანეს. მომვლელმა ქალმა ყრუ ხმით მითხრა: - სუსტი გოგონაა, კვდება... ექიმო, საავადმყოფოში წამობრძანდით... მახსოვს, ეზო გადავკვეთე და საავადმყოფოს შესასვლელთან ჩამოკიდებულ ნავთის ფარნისკენ გავემართე. მოციმციმე ფარანს მოჯადოებულივით ვუცქეროდი. მისაღები ოთახი უკვე გაენათებინათ, ჩემი თანაშემწეების მთელი შემადგენლობა ჩაცმული და ხალათებში გამოწყობილი მელოდა. იქ იყვნენ ფერშალი დემიან ლუკიჩი, ჯერ ახალგზრდა, მაგრამ ძალზე უნარიანი კაცი, და ორი გამოცდილი მეანი - ანა ნიკოლაევნა და პელაგეა ივანოვნა. მე კი სულ ოცდაოთხი წლის ექიმი გახლდით, ორი თვის წინ სწავლადასრულებული და ნიკოლსკის საავადმყოფოს გამგედ დანიშნული. ფერშალმა კარი ფართოდ გამოაღო და დედა გამოჩნდა. იგი ლამის შემოფრინდა, თექის ჩექმები უსრიალებდა, თავშლიდან თოვლი ჯერ არ ჩამოსდნობოდა, ხელში ფუთა ეჭირა და ეს ფუთა თანაბრად შიშინ-ფშუტუნებდა. სახედამანჭული დედა უხმოდ ტიროდა. ქურქი გაიძრო, თავშალი მოიგლიჯა, ფუთა გაშალა და სამიოდე წლის გოგონა დავინახე. დავინახე და დროებით დამავიწყდა ოპერატიული ქირურგია, მარტოობა, უნივერსიტეტიდან წამოღებული ცოდნის უბადრუკი ტვირთი, ყველაფერი დამავიწყდა, ისეთი ლამაზი იყო ეს გოგონა. რასთან შეიძლებოდა მისი სილამაზის შედარება? ასეთ ბავშვებს მხოლოდ კანფეტის კოლოფებზე ხატავენ - შემოსული ჭვავისფერი, ბუნებრივად დახვეული მსხვილი კულულები, უზარმაზარი ლურჯი თვალები, თოჯინისნაირი

ლოყები. ასე ანგელოზებს ხატავდნენ. მაგრამ თვალთა სიღრმეში უცნაური ბინდი ჩასწოლოდა. მივხვდი, რომ ამას შიში იწვევდა - გოგონას ჰაერი არ ჰყოფნიდა. "ერთ საათში მოკვდება", - გავიფიქრე სრულიად დარწმუნებულმა და გული მწარედ შემეკუმშა... გოგონას ყოველ ამოსუნთქვაზე ყელი ეჩუტებოდა, ძარღვები ებერებოდა, ხოლო სახეზე ვარდისფერს ლილისფერი ენაცვლებოდა. უმალვე მივხვდი, ეს ფერი რასაც მოასწავებდა, და ჩემს სიცოცხლეში პირველი დიაგნოზი სწორად დავსვი, რაც მთავარია, მეან ქალებთან თანადროულად, ისინი კი გამოცდილნი იყვნენ: "გოგონას დიფთერიული კრუპი სჭირს, ყელი უკვე აფსკებითა აქვს გამოჭედილი და მალე მთლად გადაეკეტება..." - რამდენი დღეა, რაც გოგონა ავადაა? - ვკითხე დედას და ჩემს მდუმარე, გაფაციცებულ პერსონალს გადავხედე. - მეხუთე დღეა, მეხუთე, - მიპასუხა დედამ და გამშრალი თვალები შემომაშტერა. - დიფთერიული კრუპია, - გადავულაპარაკე ფერშალს და კვლავ დედას მივუბუნდი, მერე, აქამდე რას ფიქრობდი? რას ფიქრობდი? ამ დროს ზურგს უკანიდან ტირილნარევი ხმა შემომესმა: - მეხუთე დღეა, ბატონო, მეხუთე! უკან მივიხედე და უხმაუროდ შემოსული, პირმრგვალი, თავშალმოხვული დედაბერი დავინახე. "კარგი იქნებოდა, ეს დედაბრები ამქვეყნად საერთოდ რომ არ იყვნენ", გავიფიქრე და ხიფათის ნაღვლიანი წინათგრძნობა დამეუფლა. - გაჩუმდი, ბებია, ხელს გვიშლი, - ვუთხარი დედაბერს და მერე დედას გავუმეორე, - რას ფიქრობდი? ხუთ დღეს? ჰა? დედამ გოგონა დედაბერს ანგარიშმიუცემლად მიაწოდა და ჩემ წინ დაიჩოქა. - წვეთები დაალევინე, - მითხრა და შუბლი იატაკს დაჰკრა, - თუ მომიკვდება, თავს დავიხრჩობ. - ამწუთას ადექი, - ვუპასუხე მე, - თორემ საერთოდ არ დაგელაპარაკები. დედა სწრაფად წამოდგა, განიერი კაბა გააშრიალა, დედაბერს გოგონა გამოართვა და რწევა დაუწყო. დედაბერი ფანჯრისკენ შეტრიალდა და ლოცვას შეუდგა. გოგონა სტვენით სუნთქავდა. - სულ ასე იქცევიან, რა ხალხია, - თქვა ფერშალმა და ტუჩი აიბზუა.

- მაშ მოკვდება? - მკითხა დედამ და მომეჩვენა, რომ მრისხანედ შემომხედა. - მოკვდება, - ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ ვუპასუხე მე. დედაბერმა კალთა აიწია და თვალები მოიწმინდა, ხოლო დედამ მძულვარედ შეჰყვირა. - რამე უშველე! წვეთები დაალევინე! მე აშკარად ვიცოდი, რაც მელოდა და არ ვდრკებოდი. - რა წვეთები დავალევინო? მირჩიე. ბავშვს ყელი უკვე გაჭედილი აქვს და იგუდება. თხუთმეტი ვერსის იქით ხუთ დღეს კლავდი და ახლა მე რა ვუშველო? - შენ უკეთ იცი, ბატონო, - ყალბი ხმით აწუწუნდა დედაბერი ჩემს მარცხნივ და უმალ მის მიმართ სიძულვილი დამეუფლა. - გაჩუმდი! - ვუთხარი დედაბერს და მერე ფერშალს ვუბრძანე, ბავშვი გამოერთმია. დედამ გოგონა მეან ქალს მიაწოდა. გოგონა ფართხალებდა, ალბათ, დაყვირება უნდოდა, მაგრამ ყელიდან ხმა აღარ ამოსდიოდა. დედა ცდილობდა, შვილს გადაფარებოდა, მაგრამ მოვაცილეთ და მე მოვახერხე, გოგონასთვის ყელში ელვა-ლამპის შუქზე ჩამეხედა. დიფთერიტი აქამდე არასოდეს მენახა, იოლი შემთხვევების გარდა, რაც მალე გადამავიწყდა. ყელში რაღაც თეთრსა და დანაფლეთებულს ხრიალი გაჰქონდა. გოგონამ უცებ ამოიხვნეშა და შემომაფურთხა, მაგრამ თავი არ გამირიდებია, რადგან დაძაბულად ვფიქრობდი. - მაშ ასე, - ვთქვი და საკუთარმა სიმშვიდემ განმაცვიფრა, - გოგონა კვდება და ოპერაციის გარდა ვერაფერი გადაარჩენს, - მერე თავადვე შევშფოთდი, ეს რამ მათქმევინა-მეთქი, მაგრამ უთქმელობაც არ შემეძლო, - "მერედა, რომ დამეთანხმონ?" - გამკრა გულში. - რა უნდა უქნათ? - მკითხა დედამისმა. - ყელი უნდა ჩავუჭრათ და ვერცხლის მილი ჩავუდგათ, რომ სუნთქვა შეძლოს. მაშინ იქნებ გადავარჩინოთ, - განვუმარტე მე. დედამ როგორც გიჟს, ისე შემომხედა და გოგონას ხელები გადააფარა, დედაბერი კი კვლავ აბუტბუტდა: - რაო? არ გააჭრევინო! რაო? ყელიო? - მოგვცილდი, ბებია! - ვუთხარი მას სიძულვილით, - ქაფური შეუშხაპუნეთ! - ვუბრძანე ფერშალს.

დედამ შპრიცი როცა დაინახა, შვილს არ გვანებებდა, მაგრამ ავუხსენით, საშიში არ არისო. - იქნებ ამან უშველოს? - მკითხა მან. - არაფერს უშველის. მაშინ იგი აქვითინდა. - გეყოფა, - ვუთხარი მე, საათი ამოვიღე და დავუმატე, - მოსაფიქრებლად ხუთ წუთს გაძლევთ, ხუთ წუთში თუ არ დამთანხმდებით, მე თვითონ ხელს აღარ ვახლებ. - თანახმა არა ვარ! - თქვა დედამ. - თანახმანი არა ვართ! - დაუმატა დედაბერმა. - როგორც გენებოთ, - ყრუ ხმით ვთქვი და მერე გავიფიქრე: "მორჩა და გათავდა! გულს მომეშვა. ვუთხარი, შევთავაზე, აი, მეანი ქალები გაკვირვებულები მიყურებენ. ესენი კი თანახმანი არ არიან". ეს გავიფიქრე თუ არა, თითქოს ვიღაც სხვა ვყოფილიყავი, სხვა ხმით შევძახე: - რას ამბობთ, შეიშალეთ? რას ჰქვია, თანახმა არა ხართ? გინდათ, რომ დაღუპოთ? დათანხმდით. არ გეცოდებათ? - არა! - კვლავ შეჰყვირა დედამ. "რას ვშვრები? ხელში რომ შემომაკვდეს?" - გავიფიქრე მე, ხმამაღლა კი სხვა რამ ვთქვი: - ჰა, ჩქარა, ჩქარა, დამთანხმდით! დამთანხმდით! ვერ ხედავთ, უკვე ფრჩხილები ულურჯდება. - არა! არა! - პალატაში გაიყვანეთ და იქ დატოვეთ. ისინი ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში მიჰყავდათ. იქიდან ქალების ტირილი და გოგონას სტვენა მოისმოდა. ფერშალი უმალვე დაბრუნდა და მითხრა: - თანახმანი არიან! გული თითქოს გამიჩერდა, მაგრამ მტკიცედ ვთქვი: - დაუყოვნებლივ გაასტერილეთ დანა, მაკრატლები, კაუჭები, ზონდი!

ერთი წუთის შემდეგ ეზო გადავირბინე, სადაც გააფთრებული ქარბუქი ბობოქრობდა. შინ შევირბინე, თან წუთებს ვითვლიდი და თან წიგნს ვფურცლავდი. ვიპოვე სურათი, სადაც ტრაქეოტომია იყო გამოსახული, ყველაფერი ცხადი და უბრალო ჩანდა. ყელი გადახსნილია, დანა სასულეშია შერჭობილი. ტექსტის წაკითხვას შევუდექი, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი, სიტყვები თითქოს თვალწინ მიხტოდა. ნანახი არასოდეს მქონდა, ტრაქეოტომიას როგორ აკეთებდნენ. "ეჰ, ახლა გვიანღაა", - გავიფიქრე, ნაღვლიანად შევხედე ლურჯ აბაჟურს, ნახატიან გვერდს, ვიგრძენი, რა ძნელი, რა საშინელი რამ დამეკისრა, და საავადმყოფოში ისე დავბრუნდი, ქარბუქი არ შემიმჩნევია. მისაღებ ოთახში გრძელკაბიანი ჩრდილი ამეტმასნა და წრიპინა ხმა გაისმა: - ბატონო, გოგოს ყელი უნდა გაუჭრათ? ასეთი რამ სად გაგონილა? სულელი ქალი დაგთანხმდათ, მაგრამ მე არ გეთანხმებით, წვეთებით უწამლეთ, ყელს კი არ გაგაჭრევინებთ. - ეს დედაბერი აქედან მომაშორეთ! - შევყვირე და გულფიცხად დავუმატე, - სულელი შენა ხარ! ის კი ჭკვიანია! საერთოდ, შენ არავინ გეკითხება! აქედან მომაშორეთ! მეანმა ქალმა დედაბერს ხელები შემოაჭდო და პალატიდან გაიყვანა. - მზადაა! - უცებ თქვა ფერშალმა. მცირე საოპერაციოში შევედით და მოელვარე ინსტრუმენტები, თვალისმომჭრელი ლამპა, მუშამბა თითქოს ფარდის იქით დავინახე. პალატაში საბოლოოდ გავედი, სადაც დედას ბავშვი ხელიდან ძლივს გამოჰგლიჯეს. მერე ჩახლეჩილი ხმა შემომესმა: ჩემი ქმარი ქალაქშია, როცა ჩამოვა და გაიგებს, რა ვქენი, ნამდვილად მომკლავსო. - მოგკლავს, - დაუდასტურა დედაბერმა და შეშინებულმა შემომხედა. - საოპერაციოში ესენი არ შემოუშვათ! - ვბრძანე მე. საოპერაციოში მარტონი დავრჩით. პერსონალი, მე და ლიდკა - გოგონა. იგი მაგიდაზე შიშველი იჯდა და უხმოდ ტიროდა. გოგონა მაგიდაზე დააწვინეს, ხელ-ფეხი გაუკავეს, ყელი მოჰბანეს და იოდი წაუსვეს. მე დანა ავიღე და გავიფიქრე, რას ვჩადივარ-მეთქი? საოპერაციოში სიჩუმე ჩამოვარდა. გოგონას ფუნჩულა, თეთრი ყელი ვერტიკალურად ჩავუჭერი, მაგრამ ერთი წვეთი სისხლიც არ გამოდენილა. გაპობილი კანის ქვემოთ გამოჩენილ თეთრ ზოლს დანა ხელმეორედ ჩამოვუსვი, მაგრამ სისხლმა არც ახლა გამოწვეთა. მე თან ვცდილობდი, ატლასში ნანახი სურათები გამეხსენებინა, თანაც თხელ ქსოვილებს ბლაგვი ზონდით ვაპობდი. ჭრილობის ქვედა მხარეს მუქმა სისხლმა იფეთქა, ჭრილობა მთლიანად ამოავსო და ყელს ნაკადად ჩაუყვა. ფერშალი ტამპონებით ჭრილობის ამომშრალებას შეუდგა, მაგრამ სისხლი არ წყდებოდა. მე ყველაფერს

ვიხსენებდი, რაც უნივერსიტეტში მენახა და ჭრილობის კიდეებზე პინცეტებს ვუჭერდი, მაგრამ ეს საქმეს არ შველოდა. სიცივემ დამირბინა, შუბლი დამისველდა. ვნანობდი, სამედიცინო ფაკულტეტზე რომ შევედი და ამ მიყრუებულ კუთხეში გადმოვიკარგე. სასოწარკვეთილმა პინცეტი სადღაც ჭრილობის შიგნით ჩავყავი და მოვუჭირე. სისხლის დენა უმალ შეწყდა. ჭრილობა მარლის გუნდებით ამოვამშრალე, მაგრამ სასულე არსად ჩანდა. ჭრილობა არც ერთ სურათს არ წააგავდა. სასულის მოსაძებნად ჭრილობას ხან დანით, ხან ზონდით უაზროდ, მექანიკურად ერთი-ორი წუთი კიდევ ვჩიჩქნიდი, მერე კი იმედი გადამიწყდა და გავიფიქრე: "მორჩა, ეს რა ვქენი? ხომ შემეძლო, ოპერაცია არც მეხსენებინა და ლიდკა პალატაში მშვიდად მოკვდებოდა, ახლა კი ყელგაგლეჯილი მოკვდება და ვერასოდეს, ვერანაირად ვერ დავამტკიცებ, რომ ის მაინც მოკვდებოდა და მე არაფერი მივნია..." მეანმა ქალმა შუბლი მდუმარედ მომიმშრალა. "ახლა დანას დავდებ და ვიტყვი, რომ აღარ ვიცი, მერე რა ვქნა", - გავიფიქრე ეს და დედის თვალები წარმომესახა. დანა ხელახლა მოვიმარჯვე და ლიდკას ყელი ანგარიშმიუცემლად ერთი ჩაკვრით, ღრმად ჩავუჭერი. ქსოვილებმა აქეთ-იქით გაიწია და სასულე მოულოდნელად ჩემ წინაშე აღმოჩნდა. - კაუჭები! - შევძახე ჩახლეწილი ხმით. ფერშალმა კაუჭები მომაწოდა. მე ერთი კაუჭი ერთ მხარეს ჩავარჭვე, მეორე - მეორე მხარეს და ერთი მათგანი ფერშალს გავუწოდე. ახლა მხოლოდ ერთ რამეს - სასულის მონაცრისფრო რგოლებს ვხედავდი. ბასრი დანა სასულეში შევარჭვე და უცებ გავშეშდი, რადგან სასულე ჭრილობიდან ამოიზიდა. გავიფიქრე, ფერშალი ჭკუაზე შეცდა-მეთქი, რადგან მან სასულე უცებ თავისკენ გაქაჩა. ჩემ უკან ორივე მეანმა ქალმა წამოიკივლა. გვერდზე გავიხედე და მივხვდი, რაც მოხდა: შეხუთულ ჰაერში ფერშალმა გრძნობა დაკარგა, მაგრამ კაუჭს ხელიდან არ უშვებდა და სასულეს გლეჯდა. "ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა, ჩემი ბედი ეს ყოფილა, - გამიელვა გონებაში, - ლიდკას ახლა კი უეჭველად ყელი გამოვჭერით, - მერე კი დავუმატე, - შინ მივალ თუ არა, რევოლვერს შუბლში დავიხლი..." ამ დროს უფროსი მეანი ქალი, ეტყობა, დიდად გამოცდილი, ფერშლისკენ გაექანა, კაუჭი ხელიდან გამოსტაცა და კბილებში გამოცრა: - ექიმო, განაგრძეთ... ფერშალი იატაკს ბრაგუნით დაენარცხა, მაგრამ მისკენ არ გაგვიხედავს. სასულე დანით ჩავჭერი და შიგ ვერცხლის მილი ჩავდე. მილი სასულეში მარჯვედ ჩაჯდა, მაგრამ ლიდკა კვლავ უძრავად იწვა. ჰაერი ყელში არ შედიოდა, როგორც საჭირო იყო. მე ღრმად ამოვისუნთქე და გავჩერდი: მეტს ვეღარაფერს გავაკეთებდი. მინდოდა, ვიღაცისთვის მიტევება მეთხოვა, მომენანიებინა, ქარაფშუტულად რომ მოვიქეცი და სამედიცინო ფაკულტეტზე შევედი. სიჩუმე ჩამოვარდა. ვხედავდი, ლიდკა როგორ ლურჯდებოდა. უკვე მინდოდა, ყველაფერი მიმეტოვებინა და ავტირებულიყავი, მაგრამ ლიდკა უცებ

მძლავრად შეთრთოლდა, მილიდან სისხლის კოლტები შადრევანივით გამოაფრქვია და ჰაერი ყელში სტვენით შეიჭრა; მერე გოგონამ სუნთქვა დაიწყო და აღრიალდა. იმავე წამს გაფითრებული და გაოფლილი ფერშალიც წამოდგა, ყელს გაოგნებულმა, შეშინებულმა დახედა და ჩემთან ერთად ჭრილობის შეკერვას შეუდგა. ოფლი თვალებს მიბინდავდა და მეანი ქალების ბედნიერ სახეებს თითქოს სიზმრის საბურველში ვხედავდი. ერთმა მათგანმა მითხრა: - ექიმო, ოპერაცია რა ბრწყინვალედ გააკეთეთ! მეგონა, დამცინოდა და პირქუშად, წარბშეკვრით გავხედე, მერე კარი გაიღო და ოთახში სუფთა ჰაერი შემოიჭრა. ლიდკა ზეწარში გახვეული გაიყვანეს. იმავე წამს დედამისიც გამოჩნდა. თვალები ნადირივით უელავდა. - როგორ არის? - მკითხა მან. მისი ხმის გაგონებაზე ზურგი ოფლით დამეცვარა. მაშინღა გავიაზრე, რა მომელოდა, ლიდკა მაგიდაზე რომ მომკვდომოდა, მაგრამ ძალზე მშვიდად ვუპასუხე: - დაწყნარდით. ცოცხალია. იმედია, იცოცხლებს. ოღონდ, სანამ მილს არ ამოვუღებთ, ერთ სიტყვასაც ვერ იტყვის და ნუ შეშინდებით. ამ დროს დედაბერი თითქოს მიწიდან ამოძვრა, ჯერ კარის სახელურს, მერე მე, მერე ჭერს ჯვარი გადაგვსახა. მაგრამ ახლა აღარ გავბრაზებულვარ. პერსონალს მივუბრუნდი და ვუბრძანე, ლიდკასთვის ქაფური გაეკეთებინათ და მორიგეობით თავს დასდგომოდნენ. მერე ეზო გადავიარე და შინ შევედი. მახსოვს, კაბინეტში ლურჯი შუქი ენთო, მაგიდაზე გადაშლილი დოდერლაინი იდო, ირგვლივაც წიგნები იყო მიყრილ-მოყრილი. დივანთან ჩაცმული მივედი, დავწექი და მერე აღარაფერი დამინახავს, უმალ დამეძინა და სიზმარიც არ მზმანებია. გავიდა ერთი თვე, გავიდა მეორე, ამ ორ თვეში ბევრი ამბავი გადამხდა, ზოგი რამ ლიდკას ყელზე უარესიც, ისე რომ, ლიდკა გადამავიწყდა კიდევაც. ირგვლივ თოვლი იდო, მიღებაზე მოსულთა რიცხვი დღითი დღე მატულობდა. ერთხელაც, ნაახალწლევს, მისაღებში ქალი შემოვიდა ხელჩაკიდებული შემოიყვანა გორგალივით შეფუთნილი გოგონა. ქალს თვალები უბრწყინავდა. მე დავაკვირდი და ვიცანი. - ოჰ, ლიდკა! როგორ არის? - კარგად. ლიდკას ყელზე შემოხვეული შალი შემოხსნეს. გოგონას ეშინოდა, ფრთხებოდა, მაგრამ მე მაინც მოვახერხე, ნიკაპი ამეწია და ყელზე დამეხედა. ლიდკას ვარდისფერ ყელზე

ყავისფერი ვერტიკალური ნაიარევი და ნაკერისგან დარჩენილი ორი წვრილი განივი ნაჭდევი აჩნდა. - ყველაფერი რიგზეა, - ვუთხარი ქალს, - შეგიძლიათ, აღარ მოიყვანოთ. - გმადლობთ, ექიმო, გმადლობთ, - მითხრა ქალმა, მერე ლიდკას მიუბრუნდა, - ბიძიას მადლობა უთხარი. მაგრამ ლიდკამ ჩემთან დალაპარაკება არ ინდომა. მერე იგი არასოდეს მინახავს. ყველაფერი გადამავიწყდა. მომსვლელთა რიცხვი კი სულ უფრო მატულობდა. ერთ დღესაც ას ათი კაცი მივიღე. მიღება დილის ცხრა საათზე დავიწყეთ და საღამოს რვა საათზე დავამთავრეთ. უკვე ვბარბაცებდი, როცა ხალათს ვიხდიდი. უფროსმა მეანმა ქალმა შემომხედა და მითხრა: - მიღებაზე ამდენი ხალხი რომ მოდის, ტრაქეოტომიას უნდა უმადლოდეთ. იცით, სოფელში რას ლაპარაკობენ? ამბობენ, თითქოს ავადმყოფ ლიდკას თავისი სასულის ნაცვლად ფოლადის სასულე ჩაუდგით და გაუკერეთ. იმ სოფელში საგანგებოდ მიდიან გოგონას სანახავად. სახელი გაითქვით, ექიმო, გილოცავთ. - მაშ ფოლადის სასულე უდგას და ასე არის? - ვკითხე მეან ქალს. - ასე არის. თქვენ კი მართლა ძალიან იმარჯვეთ, ექიმო. ოპერაციას ისე აუღელვებლად აკეთებთ, გულს უხარია! - ჰო-ო... რომ იცოდეთ, მე არასოდეს ვღელავ, - ვუთხარი რატომღაც, მაგრამ ვგრძნობდი, ისე ვიყავი დაქანცული, დამორცხვების თავიც აღარ მქონდა, მარტო თვალები მოვარიდე, გამოვემშვიდობე და შინისკენ გავემართე. თოვლი მსხვილად ბარდნიდა, ჩემი სახლი განმარტოებით მშვიდად, მედიდურად იდგა და იქით მიმავალს მხოლოდ ერთი რამ ძილი მინდოდა.

ქარბუქი ეს ამბავი, ყოვლისმცოდნე აქსინიას სიტყვებით რომ ვთქვათ, იმით დაიწყო, რომ შალომეტიევოელ კანტორის მოხელეს, პალჩიკოვს, აგრონომის ქალიშვილი შეუყვარდა. მხურვალე სიყვარული საბრალოს გულზე ცეცხლივით შემოეგზნო. ქალაქ გრაჩოვკაში ჩავიდა და კოსტიუმი შეაკერინა. კოსტიუმი მართლაც დიდებული გამოვიდა და, შესაძლოა, საწყალი კაცის ბედი შარვლის რუხმა ზოლებმა გადაწყვიტა. აგრონომის ქალიშვილი დასთანხმდა, ცოლად გაჰყოლოდა.

ხოლო მე - ამა და ამ გუბერნიის, ამა და ამ უბნის # საავადმყოფოს ექიმმა, მას შემდეგ, რაც სელის საბეგვში ჩავარდნილ ქალიშვილს ფეხი მოვკვეთე, სახელი ისე გავითქვი, კინაღამ ამ სახელგანთქმულობის მსხვერპლი გავხდი. ჩემთან მიღებაზე მარხილებით ყოველდღიურად ასი კაცი ჩამოდიოდა, ისე რომ, სადილისთვისაც ვეღარ ვიცლიდი. არითმეტიკა მკაცრი მეცნიერებაა. თუ ვივარაუდებთ, რომ თითო პაციენტზე თუნდაც მხოლოდ ხუთ წუთს ვხარჯავდი... ხუთ წუთს! ხუთჯერ ასი - ხუთასი წუთი - რვა საათი და ოცი წუთი იქნება. თანაც შეუსვენებლად. ამას გარდა, სტაციონარული განყოფილებაც მქონდა ოცდაათი კაცისათვის. ამას გარდა, ოპერაციებსაც ხომ ვაკეთებდი. ერთი სიტყვით, ღამის ათ საათზე, როცა საავადმყოფოდან შინ ვბრუნდებოდი, აღარც ჭამის თავი მქონდა, აღარც სმის და აღარც ძილის. აღარაფერი მინდოდა იმის გარდა, რომ არავინ მოსულიყო და მშობიარესთან არ წავეყვანე. ორი კვირის განმავლობაში ღამით ხუთჯერ წამიყვანეს და სამარხილე გზით მატარეს. თვალებზე ბინდი მეკვრებოდა, შუბლზე ნაოჭი გამიჩნდა. ღამით ცუდად გაკეთებული ოპერაციბი, გაშიშვლებული ნეკნები, ადამიანის სისხლში ამოსვრილი საკუთარი ხელები მეზმანებოდა. ცივ ოფლში გაღვრილი და ხელფეხგაყინული ვიღვიძებდი, თუმცა ჰოლანდიური ღუმელი მხურვალებას აფრქვევდა. შემოვლაზე სწრაფი ნაბიჯით დავდიოდი, თან ფერშლები და მომვლელი ქალები მახლდნენ. როცა საწოლთან ვჩერდებოდი, სიცხით გათანგულ ავადმყოფს ვსინჯავდი და მის შესაბრალის სუნთქვას ვუსმენდი, რაც ტვინში მქონდა, ყველაფრის გამოწურვას ვცდილობდი. სნეულს ალმურშემოგზნებულ, გაფიცხებულ კანზე ხელებს ვუსვამდი, თვალის გუგებში ჩავცქეროდი, ვუსმენდი, სხეულის სიღრმეში გული იდუმალად როგორ ფეთქავდა, და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი - ავადმყოფი როგორ გადამერჩინა. ესეც გადამერჩინა! ისიც! ყველანი! ყოველდღიურად ბრძოლა მიმდინარეობდა. ბრძოლა მაშინ იწყებოდა, როცა დილას თოვლის მკრთალი შუქი გაანათებდა, და მხურვალე ელვა-ლამპის ბრიალა, ყვითელ შუქზე მთავრდებოდა. "საინტერესოა, ეს რით დამთავრდება? - ვეუბნებოდი ღამით საკუთარ თავს. - ასე ხომ იანვარშიც, თებერვალშიც, მარტშიც ივლიან მარხილებით". გრაჩოვკაში წერილი გავგზავნე და თავაზიანად შევახსენე, რომ # უბანს მეორე ექიმი ეკუთვნოდა. მარხილი თოვლის გატკეცილ ოკეანეს გაუყვა და წერილი ორმოცი ვერსის იქით წაიღო. სამი დღის შემდეგ პასუხი მოვიდა: მწერდნენ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდაო... აუცილებლადო... მაგრამ ახლა არაო... ჯერ არავინ მოდისო...

წერილი ჩემი მუშაობის თაობაზე სასიამოვნო გამონათქვამებით და შემდგომი წარმატების სურვილებით მთავრდებოდა. ქებით აღფრთოვანებულმა მეტი ხალისით ვიწყე ჭრილობებში ტამპონების ჩადება, დიფთერიის საწინააღმდეგო ხსნარის შეშხაპუნება, უზარმაზარი ჩირქგროვების გაკვეთა, თაბაშირის დადება... სამშაბათს ასი კი არა, ას თერმეტი კაცი მოვიდა. მიღება ღამის ათ საათზე დავამთავრე. როცა ვიძინებდი, ვცდილობდი, გამომეცნო, რამდენი მოვიდოდა მეორე დღეს ოთხშაბათს? მესიზმრა, რომ ცხრაასი კაცი მოვიდა. დილამ ფანჯარაში ძალზე თეთრად შემოანათა. თვალები გავახილე და ვერ მივხვდი, რამ გამომაღვიძა. მერე მივხვდი - კაკუნმა. - ექიმო, - ვიცანი მეანი ქალის, პელაგეა ივანოვნას ხმა, - გღვიძავთ? - მღვიძავს, - ვუპასუხე ნამძინარევი ხმით. - იმის სათქმელად მოვედი, რომ საავადმყოფოში წამოსვლა არ იჩქაროთ. სულ ორი კაცია მოსული. - რა? რას ხუმრობთ? - გეფიცებით. ქარბუქია, ექიმო, ქარბუქი, - გახარებულმა შემომძახა გასაღების ჭუჭრუტანიდან, - ამათ კი ჭიანი კბილები აქვთ ამოსაღები. დემიან ლუკიჩი ამოაძრობს. - ნუთუ მართლა... - საწოლიდან რატომღაც გადმოვხტი. რა მშვენიერი დღე იყო. შემოვლის შემდეგ ჩემს საბრძანებელში დავდიოდი (ექიმის ბინა ექვსი ოთახისგან შედგებოდა და რატომღაც ორ სართულზე იყო განლაგებული - სამი ოთახი მაღლა, სამზარეულო და სამი ოთახი დაბლა). ოპერის არიებს ვუსტვენდი, პაპიროსს ვეწეოდი, ფანჯრებზე ვაკაკუნებდი... ფანჯრების მიღმა კი ისეთი რამ ხდებოდა, რაც არასოდეს მენახა. არც ცა იყო სადმე და არც მიწა. თეთრი ბადე ირიბად და ალმაცერად, გრძივად და განივად ბზრიალ-ტრიალებდა, თითქოს ეშმაკი კბილის ფხვნილის ფანტვით თავს იქცევსო. აქსინიას - ექიმის ბინაში მზარეულისა და დამლაგებლის მოვალეობის შემსრულებელს შუადღისას ვუბრძანე, სამი ვედროთი და ქვაბით წყალი აედუღებინა. ერთი თვის დაუბანელი ვიყავი.

მე და აქსინიამ სამზარეულოდან უზარმაზარი გობი გამოვათრიეთ და სამზარეულოს იატაკზე დავდგით (#-ში აბაზანაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არცა ღირდა, თვით საავადმყოფოში აბაზანები კი იყო, მაგრამ ყველა გაფუჭებული გახლდათ). ასე ორ საათზე ფანჯრის მიღმა ბზრიალა ბადე საკმაოდ შეთხელდა. გობში შიშველი, თავგასაპნული ვიჯექი. - უჰ, რა კარგია... - ტკბილად ვბუტბუტებდი და ზურგზე ცხელ წყალს ვისხამდი. - უჰ, რა კარგია! ბანაობის მერე ვისადილებთ, მერე დავიძინებთ. თუ კარგად გამოვიძინებ, ხვალ თუნდაც ას ორმოცდაათი კაცი მოვიდეს. ახალი რა ისმის, აქსინია? აქსინია კარს იქით იჯდა და მიცდიდა, ბანაობის ოპერაციას როდის დავამთავრებდი. - შალომეტიოველი კანტორის მოხელე ცოლს ირთავს, - მიასუხა მან. - მართლა? დაითანხმა? - ღმერთმანი! - შეყვარებუ-ლი-ა... - წაიმღერა აქსინიამ და ჭურჭელი ააჩხარუნა. - პატარძალი ლამაზია? - მზეთუნახავია! ქერა, ტანწვრილი... - რას მეუბნები! ამ დროს კარზე ბრაგუნი გაისმა. წყალი ბრაზიანად გადავივლე და მივაყურადე. - ექიმი ბანაობს... - გავიგონე აქსინიას ხმა. - ბუ... ბუ... - ბოხი ხმით ბუბუნებდა ვიღაცა. - ექიმო, თქვენთან წერილია, - დაიწრიპინა აქსინიამ გასაღების ჭუჭრუტანაში. - კარიდან შემომაწოდე. გობიდან ამოვბობღდი, თან ბედის სამდურავი მხრების აჩეჩვით გამოვხატე, და აქსინიას მონაცრისფრო კონვერტი გამოვართვი. - ნურას უკაცრავად! გობიდან ვერ ამომიყვანთ. მეც ხომ ადამიანი ვარ, - არცთუ ისე დამაჯერებლად ვუთხარ საკუთარ თავს, კვლავ გობში ჩავჯექი და კონვერტი გავხიე. "...პატივცემულო კოლეგა (დიდი ძახილის ნიშანი). გემუდ (გადახაზულია) დაბეჯითებით გთხოვთ, სასწრაფოდ ჩამოხვიდეთ. თავის დარტყმის შემდეგ ქალს სისხლდენა აქვს ცხვირიდან და პირიდან. უგონოდაა. ვერაფერს გავმხდარვარ.

დაბეჯითებით გთხოვთ, საუკეთესო ცხენებია. პულსი ცუდია. ქაფური მაქვს. ექიმი (გაურკვეველი ხელმოწერა)". "ბედი არა მაქვს", - სევდიანად გავიფიქრე და ღუმელში მოგუგუნე ცეცხლს გავხედე. - წერილი კაცმა მოიტანა? - კაცმა... - აქ შემოვიდეს. კაცი შემოვიდა, იგი ძველ რომაელს მივამგვანე, იმიტომ, რომ ყურებიანი ქუდის ზემოდან ელვარე მუზარადი ეხურა. ტანზე მგლის ტყავის ქურქი ეცვა და ამ ქურქიდან ცივმა ჭავლმა წამომიბერა. - მუზარადი რატომ გახურავთ? - ვკითხე და ნახევრად დაუბანელ ტანზე ზეწარი მოვიხურე. - შალომეტიოველი მეხანძრე ვარ. იქ სახანძრო რაზმი გვაქვს, - მიპასუხა რომაელმა. - წერილი რომელმა ექიმმა გამოგატანათ? - ჩვენი აგრონომის სტუმარია. ახალგაზრდა ექიმი. უბედურება დაგვემართა, ნამდვილი უბედურება... - ვინ ქალია? - კანტორის მოხელის საცოლე. აქსინიამ კარს იქით ამოიხვნეშა. - რა დაემართა? (გავიგონე, აქსინია კარს როგორ აეწება. - გუშინ ნიშნობა ჰქონდათ. ნიშნობის მერე სასიძომ საპატარძლოს მარხილით გასეირნება მოინდომა. მარხილში ბედაური შეაბა, საცოლე მარხილში ჩასვა და ჭიშკრისკენ წაიყვანა. ბედაური უცებ გაქანდა, საპატარძლო გვერდზე გადაქანდა, შუბლი ჭიშკრის ბოძს შეახეთქა და მარხილიდან გადმოვარდა. ისეთი უბედურებაა, ენით არ გამოითქმის. სასიძოს თვალს არ აშორებენ, რომ თავი არ ჩამოიხრჩოს. ჭკუაზე შერყეულია. - ხომ ხედავთ, ვბანაობ, - ვთქვი შესაბრალისად, - რატომ აქ არ მოიყვანეთ? - ვკითხე და თავზე წყალი გადავისხი, რომ საპონი ჩამომებანა. - შეუძლებელია, პატივცემულო ამხანაგო ექიმო, - მგრძნობიარედ თქვა მეხანძრემ და ხელები მკერდთან მლოცველივით მიიტანა, - შეუძლებელია. გზაზე მოკვდებოდა.

- ამ ქარბუქში რანაირად წავალთ? - ქარბუქმა მოიკლო. რას ბრძანებთ, ძალიან მოიკლო. ფიცხი ცხენები დაწალიკებით მყავს შებმული. ერთ საათში იქ გავჩნდებით. მე მორჩილად ამოვიკვნესე და გობიდან ამოვედი. ორი ვედრო წყალი გააფთრებით გადავისხი, მერე ღუმელთან ჩავცუცქდი და თავი შიგ შევრგე, რომ თმა ცოტათი მაინც გამეშრო. "ასეთი მგზავრობის მერე უეჭველად ფილტვების კრუპოზული ანთება დამემართება, თანაც, რაც მთავარია, ქალიშვილს ვერას ვუშველი. ის ექიმი, წერილზე ეტყობა, ჩემზე ნაკლებად გამოცდილია. თავად არაფერი ვიცი. ამ ექვს თვეში პრაქტიკულად ცოტა რაღაცაში გავიწაფე. ის კი ჩემზე უარესი ჩანს. უნივერსიტეტი, ალბათ, ახალდამთავრებული აქვს, ხოლო მე გამოცდილი ექიმი ვგონივარ..." ამას ვფიქრობდი და ვერც კი შევამჩნიე, ისე ჩავიცვი. ჩასაცმელი კი საკმაოდ ბევრი მქონდა: შარვალი და ბლუზა, თექის ჩექმები, ბლუზის ზემოდან ტყავის ქურთუკი, მერე პალტო, პალტოს ზემოდან ცხვრის ქურქი, ქუდი. ჩანთაში ჩავაწყვე: კოფეინი, ქაფური, მორფი, ადრენალინი, პინცეტები, სტერილური მასალა, შპრიცი, ზონდი, ბრაუნინგი, პაპიროსები, ასანთი, საათი, სტეტოსკოპი. ამინდი არც ისე საშინელი მეჩვენა, თუმცა დღე ილეოდა. უკვე ბინდდებოდა, როცა საავადმყოფოს ეზო-ყურეს გავცდით. ქარბუქი თითქოს შესუსტდა. თოვლი ალმაცერად, ცალი მხრიდან, მარჯვენა ლოყაში მეყრებოდა. ჩემ წინ ზვინივით აღმართული მეხანძრე პირველი ცხენის გავას ფარავდა. ცხენები მართლაც მხნედ დაიძრნენ, გამწკრივდნენ და მარხილი ოღროჩოღრო გზას ჯაყჯაყით გაუყვა. მე მარხილში ჩავწექი, უმალ ჩავთბი, კრუპოზული ანთება გავიხსენე და მერე იმაზე დავფიქრდი, ქალიშვილს რა უნდა დამართვოდა: იქნებ თავის ქალა ჩაუტყდა და ნამსხვრევი ტვინში შეესო... - სახანძრო რაზმის ცხენებია? - ვკითხე მეხანძრეს და ქურქის საყელო წამოვიწიე. - დიახ, - ჩაიბუხუნა მეეტლემ ისე, რომ უკან არ გამოუხედავს. - ექიმმა რა გაუკეთა? - იმას... უჰუ, უჰუ, იმას ვენერიული სნეულებები აქვს ნასწავლი... უჰუ... უჰუ... - უ-უ... უ-უ... - წარაფებთან დაიღმუვლა ქარბუქმა, მერე გვერდიდან დაუსტვინა, თოვლი წამოხვეტა... მარხილი მარწევდა, მარწევდა, მარწევდა... იქამდე მარწია, სანამ თავი მოსკოვში, სანდუნოვის აბანოში არ ამოვყავი. ასევე, ქურქიანი, გასახდელში გავჩნდი და ოფლმა დამასხა. მერე მაშხალა აბრიალდა, სიცივემ დამკრა, თვალი გავახილე,

სისხლისფრად მოელვარე მუზარადი დავინახე და გავიფიქრე, ხანძარია-მეთქი... მერე გამოვხიზლდი და მივხვდი, რომ უკვე ჩამიყვანეს. ალბათ, ნიკოლოზის დროინდელი სვეტებიანი თეთრი სახლის ზღურბლთან ვიდექი, იქაურობა წყვდიადს მოეცვა, მეხანძრეები გამოგვეგებნენ და ალი იმათ მუზარადებს დასთამაშებდა. ქურქს შიგნით ხელი შევიყავი, საათი გამოვაძვრინე და დავხედე - ხუთი საათი სრულდებოდა. მაშ, ერთი საათი კი არა, ორსაათ-ნახევარი გვივლია. - ცხენები უკან დასაბრუნებლად მზად იყოლიეთ, - ვუთხარი მეეტლეს. - ბატონი ბრძანდებით, - მიპასუხა მეეტლემ. წინკარში ნამძინარევი შევედი, ტყავის ქურთუკი კომპრესივით შემომტმასნოდა და შიგნით სისველეს ვგრძნობდი. გვერდიდან ლამპამ გამოანათა, სინათლის ზოლი შეღებილ იატაკზე გაწვა. ოთახიდან ქერათმიანი ყმაწვილი კაცი გამოვარდა. თვალებს შეშლილივით აცეცებდა. ახალდაუთოებული შარვალი ეცვა, შავკოპლებიანი თეთრი ჰალსტუხი გვერდზე მოჰქცეოდა, პერანგის გულისპირი ამოჩაჩოდა, ახალშეკერილ პიჯაკს კი ნაოჭები ისე ჰქონდა გატკეცილი, თითქოს ლითონისააო. ყმაწვილმა კაცმა ქურქზე ხელები ჩამჭიდა, შემანჯღრია, ზედ მომეკრა და აყვირდა: - ექიმო... ძვირფასო... ჩქარა... კვდება. მე მკვლელი ვარ, - სადღაც გვერდზე გაიხედა, თვალები მკაცრად დაჭყიტა და ვიღაცას უთხრა, - დიახ, მკვლელი ვარ. მერე აქვითინდა, გათხელებულ თმაში ხელები იტაცა, ჩამოქაჩა და ვნახე, რომ თითებზე გადახვეულ თმას მართლა ბღუჯა-ბღუჯა იგლეჯდა. - გაჩერდით, - ვუთხარი და ხელზე ხელი მოვუჭირე. ვიღაცამ გვერდზე გაათრია, ვიღაც ქალები გამოცვივდნენ. ვიღაცამ ქურქი გამაძრო. იატაკზე დაფენილ ნოხზე გამატარეს და თეთრ საწოლთან მიმიყვანეს. სკამიდან ახალგაზრდა ექიმი წამოდგა და მომეგება. თვალები გატანჯული და დაბნეული ჰქონდა. მის მზერაში წამით გაოცება გამოკრთოდა, მეც ისეთივე ახალგაზრდა რომ აღმოვჩნდი. ალბათ, თანატოლები ვიყავით, ერთი და იმავე კაცის ორ სურათს ვგავდით. თუმცაღა, ჩემმა დანახვამ ისე გაახარა, სული შეუგუბდა. - როგორ მიხარია... კოლეგა... იცით, პულსი ეცემა. უნდა მოგახსენოთ, რომ თავად ვენეროლოგი ვარ. ძალიან მიხარია, რომ მოხვედით... მაგიდაზე დაფენილ მარლის ნაჭერზე შპრიცი და რამდენიმე ამპულა ეწყო. შიგ ყვითელი ზეთი მოჩანდა. კარს იქით კანტორის მოხელის ტირილი გაისმა. კარი დახურეს. ჩემ გვერდით თეთრკაბიანი ქალი გამოჩნდა. საწოლ ოთახში სანახევროდ ბნელოდა. ლამპას

გვერდიდან მწვანე ქსოვილი ჰქონდა ჩამოფარებული, მომწვანო ჩრდილში ბალიშზე ქაღალდისფერი სახე მოჩანდა. ქალიშვილს ქერა თმის ბღუჯები აქეთ-იქით გაშლოდა, ცხვირი წასწვეტებოდა, ნესტოებში დაცობილი ბამბა ვარდისფრად შეღებილიყო. - პულსი... - ჩამჩურჩულა ექიმმა. მე უსიცოცხლო ხელს მივწვდი, მაჯაზე თითები ჩვეული მოძრაობით შემოვაჭდე და შევკრთი. თითებქვეშ პულსი სუსტად, გახშირებით აცახცახდა, მერე მიწყდა და ძაფივით გაწვრილდა. გულის კოვზის ქვეშ სიცივე ვიგრძენი, ისევე, როგორც მემართებოდა ყოველთვის, როცა სიკვდილს პირისპირ შევეფეთებოდი. სიკვდილი მძულს. ამპულას თავი წავატეხე, ყვითელი ზეთი შპრიცში ამოვქაჩე და ქალიშვილს ხელში, კანქვეშ, მექანიკურად, უკვე სულ ამაოდ შევარჭვე. ქალიშვილს ქვედა ყბა ისე აუცახცახდა, თითქოს იგუდებაო, მერე ჩამოუვარდა, საბანქვეშ სხეული დაეძაბა, თითქოს გაუშეშდა, მერე მიუსუსტდა. თითებქვეშ უკანასკნელი ძაფიც გამიქრა. - მოკვდა, - ყურში ჩავჩურჩულე ექიმს. თეთრკაბიანი ჭაღარა ქალი გატკეცილ საბანს დაემხო, ზედ მიეკრა დ აკაკნკალდა. - წყნარად, წყნარად, - ყურში ჩავჩურჩულე თეთრკაბიან ქალს, ექიმმა კი კარისკენ მოწამებრივად გაიხედა. - ამ კაცმა გამტანჯა, - მითხრა ხმადაბლა. მტირალი დედა საწოლ ოთახში დავტოვეთ და კანტორის მოხელე განაპირა ოთახში გავიყვანეთ, ისე, რომ არავისთვის არაფერი გვითქვამს. - წამალს თუ არ გაგვაკეთებინებთ, მუშაობას ვეღარ შევძლებთ, - ვუთხარი მას, როცა იქ შევედით, - ძალიან გვაწვალებთ, ხელს გვიშლით! მაშინ დაგვთანხმდა და პიჯაკი გაიხადა, თან ხმადაბლა ტიროდა. სადღესასწაულო, საქორწინო პერანგის სახელო გადავუწიეთ და მორფი გავუკეთეთ. ექიმი მიცვალებულთან გავიდა, ხოლო მე კანტორის მოხელესთან დავრჩი. მორფმა მეტად უშველა, ვიდრე მოველოდი. თხუთმეტი წუთის შემდეგ წუწუნს და ტირილს უკლო, თვლემა მოერია, მერე ნამტირალევი სახე ხელებს დააყრდნო და ჩაიძინა. ალიაქოთი, ტირილი, შარიშური, ყრუ ქვითინი მის სმენას არ სწვდებოდა. - მისმინეთ, კოლეგა, მგზავრობა სახიფათოა. შეიძლება, გზა აგებნათ, - წინკარში ჩურჩულით მეუბნებოდა ექიმი, - დარჩით, ღამე აქ გაათიეთ...

- არა, არ შემიძლია. რადაც უნდა დამიჯდეს, მაინც წავალ. შემპირდნენ, ახლავე უკან წაგიყვანთო. - წაყვანით კი წაგიყვანენ, მაგრამ... - სამი ისეთი ტიფიანი მიწევს, მიტოვება არ შემიძლია. ღამით უნდა ვინახულო. - თქვენი ნებაა... მან სპირტი წყალში გახსნა, დამალევინა და ლორის ნაჭერი იქვე, წინკარში შევჭამე. შიგნეული გამითბა და გულიდან ნაღველი ცოტა გადამეყარა. საწოლ ოთახში უკანასკნელად შევედი, მიცვალებულს დავხედე, კანტორის მოხელესთან შევიარე, ექიმს მორფის ერთი ამპულა დავუტოვე და პარმაღზე შეფუთნილი გავედი. გარეთ ქარბუქი უსტვენდა, თავჩაქინდრული ცხენები თოვლში გახვეულიყვნენ, მაშხალა აქეთ-იქით ირხეოდა. - გზა ხომ იცით? - ვკითხე მეეტლეს და პირი შევიფუთნე. - გზა კი ვიცი, - ძალზე ნაღვლიანად მიპასუხა მეეტლემ (თავზე მუზარადი აღარ ეხურა), მაგრამ გერჩიათ, ღამე აქ გაგეთიათ... ქუდის ყურებზეც კი ეტყობოდა, რომ წასვლას სიკვდილი ერჩია. - უნდა დარჩეთ, - თქვა მეორემაც, ხელში მოცახცახე მაშხალა რომ ეჭირა, - ველი ახლა სახიფათოა. - თორმეტი ვერსია, - ჩავიბურტყუნე პირქუშად, - როგორმე ჩავალთ. მძიმე ავადმყოფები მყავს... - ვთქვი ეს და მარხილში ჩავჯექი. უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილი მიზეზი არ მითქვამს: იმაზე ფიქრიც კი აუტანლად მეჩვენებოდა, ფლიგელში რომ უნდა დავრჩენილიყავი, სადაც უბედურება ტრიალებდა, მე კი უძლური და უსარგებლო გახლდით. მეეტლე კოფოზე უიმედოდ დაებერტყა, გასწორდა, მერე შექანდა და ჭიშკარში ჩავიქროლეთ. მაშხალა გაუჩინარდა, სადღაც ჩაიკარგა თუ ჩაქრა. მაგრამ ერთი წუთის შემდეგ სხვა რამემ დამაინტერესა. უკან ძლივძლივობით შევტრიალდი და ვნახე, რომ მარტო მაშხალა კი არა, მთელი შალომეტიევო თავისი სახლებიანად სიზმარეულივით გაქრა. ეს ძალიან ცუდად მენიშნა. - მაგრად აურია... - არ ვიცი, გავიფიქრე თუ ჩავიბუტბუტე. ცხვირი საყელოდან ერთ წამს გამოვყავი და ისე წამეყინა, ისევ შევმალე. მთელი ქვეყნიერება გორგლად ქცეულიყო და ეს გორგალი წაღმა-უკუღმა დაგორავდა.

გულში გამიელვა, უკან დაბრუნება ხომ არ სჯობია-მეთქი? მაგრამ ეს ფიქრი უკუვაგდე, მარხილის ფსკერზე დაფენილ თივაში ღრმად ჩავწექი, მოვიბღუნძე და თვალები დავხუჭე. იმავე წუთს ლამპაზე ჩამოფარებული მწვანე ქსოვილი და თეთრი სახე წარმომესახა. გონება უცებ გამინათლდა და მივხვდი: "თავის ქალის ფუძის მოტეხილობაა. დიახ, დიახ, დიახ... ჰო-ო.. ნამდვილად ასეა!" დიაგნოზის უტყუარობაში ეჭვიც აღარ მეპარებოდა. მიხვედრით კი მივხვდი, მაგრამ რა ბედენაა! ეს ახლა ვეღარფერს უშველიდა. ვერც ადრე უშველიდა. ვერაფერს გავაწყობდი! ბედი არ ჰქონია! ამქვეყნად ყოფნა რა უაზროა, რა საშინელება! ახლა აგრონომის სახლში რა უბედურება იქნება? ამაზე ფიქრიც კი შემზარავი და სევდისმომგვრელია! მერე თავი შემებრალა: ძალზე ძნელი ცხოვრება მქონდა. ხალხს ახლა გახურებულ ღუმელთან ეძინა, მე კი რიგიანად ტანის დაბანაც ვერ შევძელი. ქარბუქი ფოთოლივით დამაქროლებს, შინ რომ მივალ, ვინ იცის, ახლა სხვაგან წამიყვანონ. ასე უნდა ვიწანწალო ამ ქარბუქში. მე ერთი ვარ, ავადმყოფი კი ათასობითაა... ფილტვების ანთება დამემართება და ფეხებს თავად გავფშეკ... საკუთარი თავი ასე შევიბრალე, წყვდიადში ჩავინთქე, ის კი არ ვიცი, ამ წყვდიადში რამდენ ხანს ვიყავი. აბანო აღარ მზმანებია, შემცივდა და სიცივე ძვალრბილში თანდათან უფრო გამიჯდა. თვალები რომ გავახილე, შავი ზურგი დავინახე, მერე კი მივხვდი, რომ აღარ მივდიოდით და ერთ ადგილას ვიდექით. - მოვედით? - ვკითხე და დაბინდული თვალები დავაჭყიტე. მეეტლემ შავი ზურგი შეატოკა, მარხილიდან გადავიდა და მომეჩვენა, რომ დაბზრიალდა. მერე მოურიდებლად მითხრა: - მოვედით... ხალხისთვის უნდა დაგეჯერებინათ... ნახეთ, რა დღეში ჩავცვივდით! ჩვენც დავიღუპებით და ცხენებსაც დავღუპავთ... - ნუთუ გზა დავკარგეთ? - ზურგში სიცივემ ჩამირბინა. - გზა სადღაა, - მიპასუხა გულდამდუღრულმა მეეტლემ, - ახლა მთელი ქვეყნიერება გზა გახლავთ. ცუდუბრალოდ თავი დავიღუპეთ... ოთხი საათია, მივდივართ და არავინ იცის, საით... ეს რა დღეში ჩავცვივდით... ოთხი საათიო? ჯიბეები მოვიჩხრიკე, საათი მოვძებნე, ასანთი ამოვიღე, მაგრამ ამას აზრი არა ჰქონდა. არც ერთი ღერი არ ენთებოდა. გაიჩხაკუნებდა, იელვებდა და უმალ ქრებოდა. - გეუბნებით, რომ ოთხი საათია, რაც მოვდივართ, - სამგლოვიარო ხმით თქვა მეეტლემ, ახლა რა უნდა ვქნათ?

- სადა ვართ? ეს ისეთი სულელური შეკითხვა იყო, რომ მეეტლემ პასუხის გაცემა საჭიროდ არ მიიჩნია. იგი აქეთ-იქით ტრიალებდა, მაგრამ ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ ერთ ადგილას იდგა და მე მარხილში ვტრიალებდი. წამოვჯექი და ვნახე, რომ თოვლი მარხილში მუხლამდე მწვდებოდა. უკანა ცხენი მუცლამდე ნამქერში იყო ჩაფლული, ფაფარი თავშიშველი ქალივით ჩამოშლოდა. - თვითონ გაჩერდნენ? - თვითონ გაჩერდნენ. გაიტანჯნენ საცოდავები... უეცრად რაღაც მოთხრობები გამახსენდა და ლევ ტოლსტოიზე რატომღაც გავბრაზდი. "თვითონ ხომ იასნაია პოლიანაში არხეინად იყო, - ვფიქრობდი გულში, მომაკვდავებთან არ დაჰყავდათ..." მეხანძრე და ჩემი თავი შემეცოდა. მერე კვლავ საშინელი შიში დამეუფლა, მაგრამ დავთრგუნე. - შიში სულმოკლეობაა... - ჩავიდუდუნე და ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი. - იცი რა, ძიაკაცო, - ვუთხარი მეეტლეს და კბილები გამეყინა, - გული არ უნდა გავიტეხოთ, თორემ მართლა დავიღუპებით. ცხენები ცოტა ხანს იდგნენ, დაისვენეს და ახლა ისევ უნდა დავიძრათ. თქვენ წადით, წინა ცხენი აღვირით გასწიეთ, მე კი სადავეებს დავიჭერ. აქედან უნდა გავაღწიოთ, თორემ ნამქერი დაგვფარავს. ყურებიან ქუდს სასოწარკვეთა ეტყობოდა, მაგრამ მეეტლე წინ მაინც გაემართა და წინა ცხენთან ვაი-ვაგლახით მიაღწია. მომეჩვენა, რომ საფლობიდან ამოსვლას საუკუნე მოვანდომეთ. მეეტლე თვალთაგან უჩინარდებოდა, ქარისგან ჩამოხვეტილი მშრალი თოვლი თვალებს მივსებდა. - აჩუ, - ამოიგმინა მეეტლემ. - აჩუ! აჩუ! - ვყვიროდი მეც და ცხენებს ზურგზე სადავეებს ვურტყამდი. ცხენები ნელ-ნელა დაიძრნენ, თოვლს ფლოქვებით ზელდნენ. მარხილი როგორც ტალღაზე, ისე ირხეოდა. მეეტლე თოვლიდან ხან ამოიზრდებოდა, ხან ისევ პატარავდებოდა და თანდათან წინ მიიწევდა.

თხუთმეტიოდე წუთს ასე მივჩანჩალებდით, სანამ არ ვიგრძენი, რომ მარხილი სწორ ადგილას გაღრჭიალდა. გული სიხარულით ამევსო, როცა დავინახე, ცხენის უკანა ფლოქვები როგორ გაკრთა. - თოვლი გათხელდა, გზაზე ვართ! - შევყვირე მე. - ჰო... ჰო... - გამომეპასუხა მეეტლე, უკან გამობრუნდა და თავს უცებ დამადგა, - მგონი, გზაზე გავედით, - თქვა მხიარულად, ლამის სიმღერით. - ოღონდაც გზას კიდევ არ ავცდეთ... ეგების... ჩვენ ადგილები შევიცვალეთ. ცხენები გზას მხნედ გაუყვნენ. ქარბუქი თითქოს შეიკუმშა, შესუსტდა, როგორც მომეჩვენა. მაგრამ მაღლა და ირგვლივ მღვრიე კორიანტელის გარდა არაფერი ჩანდა. იმედი აღარ მქონდა, რომ უსათუოდ საავადმყოფოში მივიდოდით, ახლა ისღა მინდოდა, რომ სადმე მივსულიყავით. გზა ვისიმე სამყოფელში ხომ უნდა მისულიყო. ცხენები უეცრად გამოცოცხლდნენ და ფეხი ააჩქარეს. თუმცა ამის მიზეზი არ ვიცოდი, მაინც გამიხარდა. - იქნებ სახლის სიახლოვე იგრძნეს? - ვკითხე მეეტლეს. მეეტლემ არ მიპასუხა. მარხილიდან წამოვიწიე და იქაურობას დავაკვირდი. სადღაც წყვდიადში უცნაური, თან ნაღვლიანი და თან ავი ხმა გაისმა და მალევე მიწყდა. რატომღაც უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა და კანტორის მოხელე გამახსენდა, ხელებზე თავდაყრდნობილი, წვრილი ხმით რომ კრუსუნებდა. უეცრად ხელმარჯვნივ მუქ წერტილს მოვკარი თვალი, ეს წერტილი შავ კატად იქცა, კიდევ უფრო გაიზარდა და მოახლოვდა. მეხანძრე უცებ ჩემკენ შემოტრიალდა და შევამჩნიე, რომ ყბა უხტოდა. - მოქალაქე ექიმო, დაინახეთ? - მკითხა მან. ერთმა ცხენმა მარჯვნივ გაიწია, მეორემ - მარცხნივ, მეხანძრე წამით მუხლებზე გადმომემხო, წამოიყვირა, გასწორდა, თავი შეიმაგრა და სადავეები გამოქაჩა, ცხენებმა ამოიხრიალეს და წინ ჭენებით გასწიეს. გუნდა-გუნდა თოვლს ფლოქვებით აქეთ-იქით ისროდნენ, ფეხშეუწყობლად მირბოდნენ, კანკალებდნენ. სხეული რამდენჯერმე მეც ამითრთოლდა, მაგრამ თავი შევიმაგრე, უბეში ხელი ჩავიყავი და ბრაუნინგი ამოვიღე, თან საკუთარ თავს ვწყევლიდი, მეორე მჭიდიც რომ არ წამოვიღე. ღამის გასათევად თუ არ დავრჩი, მაშხალა მაინც გამომეყოლებინა?! თვალწინ წარმომიდგა გაზეთში გამოქვეყნებული ცნობა, ჩემსა და ბედუკუღმართი მეხანძრის ამბავს რომ იტყობინებოდა. კატა ძაღლისოდენა გახდა და მარხილს აედევნა. უკან მივიხედე და დავინახე, რომ მარხილს სულ ახლოს მეორე ოთხფეხა ქმნილებაც

მოსდევდა. წაწვეტებული ყურები ჰქონდა და მარხილის უკან მსუბუქად, თითქოს პარკეტზე გამორბოდა. მის სწრაფვაში რაღაც შემზარავი და თავხედური იგრძნობოდა. "ხროვაა თუ მარტო ორნი არიან?" - გავიფიქრე და სიტყვა "ხროვა" ქურქქვეშ მდუღარესავით გადამევლო, მოყინული ფეხის თითებიც კი გამიხურდა. - გამაგრდი და ცხენებიც შეაკავე, ახლა გავისვრი, - ვუთხარი მეეტლეს და საკუთარი ხმა ვეღარ ვიცანი. მეეტლემ პასუხად რაღაც წამოიყვირა და თავი მხრებში ჩაიძვრინა. ჩემ თვალწინ იელვა და ქუხილმა გამაყრუა. იქუხა მეორედაც, მესამედაც. არ მახსოვს, მარხილის ფსკერზე რამდენ ხანს ვიკოტრიალე. ცხენების ველური ხრიალი ჩამესმოდა, ბრაუნინგს ხელს ვუჭერდი, რაღაცას თავი მივახეთქე, ვცდილობდი, თივიდან გამოვმძვრალიყავი და ზარდაცემული ველოდი, რომ უცებ მკერდზე უზარმაზარი, დაძარღვული ნადირი დამახტებოდა. თვალწინ საკუთარი დაგლეჯილი ნაწლავებიც კი წარმომიდგა. ამ დროს მეეტლე აღრიალდა: - აუ... აუ... აგერ... აგერ... ღმერთო, გვიშველე, ღმერთო, გვიშველე... ცხვრის ქურქის სიმძიმეს, როგორც იქნა, მოვერიე, ხელები გავითავისუფლე და წამოვიმართე. არც მარხილის გვერდზე და არც უკან შავი მხეცები აღარ მოჩანდნენ. თოვლის კორიანტელი ძალზე გათხელდა, ზომიერად უბერავდა და გაცრეცილი ფარდის იქით მომხიბლავი თვალი ციმციმებდა. ფარნის უკან მუქად ჩანდა შენობა. "სასახლეზე ლამაზია..." - გავიფიქრე, ექსტაზმორეულმა ბრაუნინგი შევმართე და ორი ტყვია კიდევ გავისროლე იქით, სადაც მგლები გაუჩინარდნენ. მეხანძრე ექიმის დიდებული ბინის ქვედა სართულიდან ზედა სართულზე ამავალი კიბის შუა ადგილას იდგა, მე - კიბის თავში, ქურქიანი აქსინია - კიბის ბოლოში. - თუნდაც ოქროთი ამავსოთ, - წამოიწყო მეეტლემ, - მეორედ... - არ დაუმთავრებია, წყალში გაზავებული სპირტი ერთბაშად გადაკრა, საშინლად ამოიქშინა, აქსინიასკენ შეტრიალდა, ხელები გაშალა, სადამდეც შეეძლო, და დაუმატა, - აი, აქამდე... - მოკვდა? ვერ გადაარჩინეთ? - მკითხა აქსინიამ. - მოკვდა, - ვუპასუხე გულგრილად. თხუთმეტი წუთის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. ქვემოთ სინათლე ჩაქრა. ზემოთ მარტო დავრჩი. რატომღაც გულიანად ჩავიცინე, ბლუზის ღილები შევიხსენი, მერე ისევ შევიბნიე, წიგნების კარადასთან მივედი, ქირურგიის ტომი გამოვიღე, მინდოდა, თავის ქალის ფუძის მოტეხილობაზე რაღაც წამეკითხა, მაგრამ მერე წიგნი დავხურე.

როცა ტანთ გავიხადე და საბანქვეშ შევძვერი, სიცივისგან ამაკანკალა. ნახევარ წუთს მაკანკალებდა, მერე კანკალმა გამიარა და სითბომ მთელ სხეულში დამიარა. - თუნდაც ოქროთი ამავსოთ, - ჩავიბუტბუტე თვლემამორეულმა, - მეტად აღარ წა... - წახვალ... წახვალ... - დამცინავად დაუსტვინა ქარბუქმა, სახურავს გადაუგრგვინა, მერე საკვამლე მილში ჩამოიმღერა, იქიდან აიჭრა, ფანჯრის მიღმა ჩაიშრიალა და გაუჩინარდა. - წახვალთ... წახ-ვალთ... - წიკწიკებდა საათი, მაგრამ სულ უფრო ყრუდ, სულ უფრო ყრუდ... მერე დადუმდა, ძილმა თავი წამართვა.

ეგვიპტური წყვდიადი ჩემი დაბადების დღეზე მთელი ქვეყნიერება რატომ არ არის? სად არის მოსკოვის ელექტროფარნები? ხალხი? ფანჯრებს მიღმა არაფერი ჩანს! წყვდიადია... ადამიანთაგან მოწყვეტილი ვართ. პირველი ნავთის ფარნები ჩვენიდან ცხრა ვერსზეა რკინიგზის სადგურზე. იქ, ალბათ, ფარანი ციმციმებს, ქარბუქში სულსა ლევს. შუაღამისას მოსკოვის ჩქარი მატარებელი ჩაივლის და არც კი შეჩერდება - მივიწყებული, მინამქრული სადგური არ სჭირდება. პირველი ელექტროფარნები ორმოც ვერსზეა, სამაზრო ქალაქში. იქ ხალისიანი ცხოვრებაა. კინემატოგრაფია, მაღაზიები. როცა ველზე თოვს და ქარბუქი ღმუის, იმ დროს ეკრანზე, შესაძლოა, ლერწამი ირწევა, პალმები ირხევა, ტროპიკული კუნძული ციმციმებს... ჩვენ კი მარტონი ვართ. - ეგვიპტური წყვდიადია. დემიან ლუკიჩს მაღალფარდოვანი, მაგრამ ზუსტი გამოთქმები უყვარს. მართლა ეგვიპტური წყვდიადია. - თითო ჭიქაც დავლიოთ, - შევთავაზე მე (ოჰ, ნუ გაგვკიცხავთ! ჩვენ, ექიმი, ფერშალი, ორი მეანი ქალი, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ! ჩვენ ხომ ასობით ავადმყოფის გარდა თვეობით ვერავის ვხედავთ. თოვლში ჩამარხულნი ვმუშაობთ. ნუთუ არ შეგვიძლია, ექიმის დაბადების დღეზე ორ-ორი ჭიქა რეცეპტით გაზავებული სპირტი დავლიოთ და სამაზრო ქალაქიდან ჩამოტანილი შპროტი დავაყოლოთ?)

- თქვენი სადღეგრძელო იყოს, ექიმო! - მგრძნობიარედ წარმოთქვა დემიან ლუკიჩმა. - გისურვებთ, რომ აქაურობას მიეჩვიოთ! - მითხრა ანა ნიკოლაევნამ, ჭიქა მომიჭახუნა და სარტყლიანი სადღესასწაულო კაბა გაისწორა. მერე მეანმა ქალმა, პელაგეა ივანოვნამ, ჭიქა მომიჭახუნა, ცოტა მოსვა, მაშინვე ღუმელთან ჩაცუცქდა და მუგუზლები საჩხრეკით გაასწორა. სახეები მხურვალებამ აგვიტკრიცა, არაყი მკერდს გვითბობდა. - ვერ მივმხვდარვარ, ამ ქალმა ბელადონას რა უქნა, - ვთქვი და საჩხრეკით გაფანტულ ნაპერწკლებს თვალი გავადევნე, - ეს ხომ საოცრებაა! ფერშალსა და მეან ქალებს სახეზე ღიმილი გადაეფინათ. საქმე კი შემდეგში გახლდათ. ამ დილას მიღებაზე ჩემს კაბინეტში ასე ოცდაათი წლის სახეღაჟღაჟა ქალი შემოვიდა, ჩემს ზურგს უკან მდგარ სამეანო სავარძელს თავი დაუკრა, მერე უბიდან ყელგანიერი ფლაკონი ამოიღო და პირფერულად აღუღუნდა: - მოქალექე ექიმო, გმადლობთ წვეთებისთვის, ისე მიშველა, ისე მიშველა!... ერთი ქილა კიდევ მომეცით. ფლაკონი გამოვართვი, ეტიკეტს დავხედე და ლამის თვალთ დამიბნელდა. ეტიკეტზე დემიან ლუკიჩის გაკრული ხელით ეწერა: თინკტ. Bელლადონაე... და ა.შ. 1917 წლის 16 დეკემბერი". სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, გუშინ ამ ქალს ბელადონას მოზრდილი ულუფა გამოვუწერე. დღეს კი ჩემი დაბადების დღეს, 17 დეკემბერს, ქალი ცარიელი ფლაკონით გამომეცხადა და ულუფის გამეორება მოითხოვა. - რა... რა... გუშინ მთლიანად დალიე? - შევეკითხე ლამის გადარეულმა. - მთლიანად, ჩემო კეთილო, მთლიანად, - ტკბილი ხმით ჩაიმღერა ქალმა, - ღმერთმა გადღეგრძელოთ, ეს წვეთები რომ მომეცით... ნახევარი ქილა, შინ როცა მივედი, მაშინ დავლიე, ნახევარიც - დაწოლის წინ. ჰოდა, მაშინვე დამიამდა... სამეანო სავარძელს მივეყუდე. - რამდენი წვეთი გითხარი? - ვკითხე გულში ჩამწვდომი ხმით, - ხომ გითხარი, ხუთხუთი წვეთი-მეთქი? შენ კი რა გიქნია, შენ ხომ... მე ხომ... - ღმერთმანი, დავლიე! - მითხრა ქალმა, ეგონა, არ ვუჯერებდი, ჩემი ბელადონათი რომ იმკურნალა.

ღაჟღაჟა ლოყებზე ხელები მოვკიდე და თვალებში ჩავაცქერდი, მაგრამ თვალებზე არაფერი ეტყობოდა. საკმაოდ ლამაზი, სრულიად ნორმალური თვალები ჰქონდა. პულსიც - მშვენიერი. საერთოდ, ბელადონათი მოწამვლის არავითარი ნიშანი არ ემჩნეოდა. - შეუძლებელია! - ვთქვი და შევყვირე, - დემიან ლუკიჩ!!! თეთრხალათიანი დემიან ლუკიჩი აფთიაქიდან შემოვიდა. - დემიან ლუკიჩ, ნახეთ ერთი, ამ მზეთუნახავმა რა ქნა! ვერაფერი გამიგია... ქალი მიხვდა, რომ რაღაცა დააშავა და თავს აქეთ-იქით შეშინებული ატრიალებდა. დემიან ლუკიჩმა ფლაკონი აიღო, დასუნა, ხელში შეატრიალ-შემოატრიალა და ქალს უთხრა: - ტყუი, ჩემო კარგო. წამალი არ დაგილევია. - ღმერთმა... - წამოიწყო ქალმა. - ქალბატონო, თვალებს ნუ გვიბრმავებ, - მკაცრად უთხრა დემიან ლუკიჩმა, - ყველაფერი მშვენივრად ვიცით. მართალი თქვი, ამ წვეთებით ვის მკურნალობდი? ქალმა ნორმალური თვალები შეთეთრებული ჭერისკენ აღაპყრო და პირჯვარი გადაისახა. - თუ მართალს არ ვამბობდე... - მორჩი ახლა, მორჩი... - უთხრა დემიან ლუკიჩმა და მერე მე მომიბრუნდა,- ექიმო, ესენი, აი, რას სჩადიან. ასეთი მსახიობი საავადმყოფოში მოვა, წამალს გამოუწერენ, მერე სოფელში ჩაბრძანდება და ყველა ქალს გაუმასპინძლდება. - მოქალაქე ფერშალო, რას ამბობთ... - გეყოფა! - მოუჭრა ფერშალმა, - რვა წელია, გიცნობთ, რა შვილებიცა ბრძანდებით, - მერე მე მომიბრუნდა, - რა თქმა უნდა, მთელ ფლაკონს ეზო-ეზო ჩამოარიგებდა. - ეს წვეთები კიდევ მომეცით, - ნაზად ითხოვა ქალმა. - არა, ქალბატონო, - ვუპასუხე და შუბლიდან ოფლი მოვიწმინდე, - ამ წვეთებით მკურნალობა აღარ გჭირდება. მუცლის ტკივილმა გაგიარა? - მაშინვე დამიამდა!.. - ჰოდა, ძალიან კარგი. ახლა სხვა წვეთებს გამოგიწერ. ეს წვეთებიც ძალიან კარგია.

ქალს ვალერიანის წვეთები გამოვუწერე და იმედგაცრუებული წავიდა. აი, ამ ამბავზე ვსაუბრობდით ჩემს ბინაში ჩემი დაბადების დღეს, როცა ფანჯრის მიღმა ქარბუქის ეგვიპტური წყვდიადი მძიმე ფარდასავით იყო განფენილი. - ეს კიდევ არაფერია, - ამბობდა დემიან ლუკიჩი და ზეთში ჩაწყობილ თევზს შეექცეოდა, - ამას რა უშავს. ჩვენ აქაურობას მიჩვეული ვართ. თქვენ კი, ძვირფასო ექიმო, უნივერსიტეტისა და დედაქალაქის შემდეგ ბევრ რამეს უნდა მიეჩვიოთ. მიყრუებული მხარეა. - ოჰ, როგორი მიყრუებულია! - ექოსავით გაეპასუხა ანა ნიკოლაევნა. სადღაც საკვამლე მილში ქარბუქმა ჩამოიღმუვლა, კედლის მიღმა ჩაიგრიალა. ღუმლის წინ თუნუქის ფურცელზე მეწამული ანარეკლი გაწვა. დაილოცოს მიყრუებულ მხარეში მედპერსონალის გამათბობელი ცეცხლი! - თქვენი წინამორბედის, ლეოპოლდ ლეოპოლდოვიჩის ამბებს მოგიყვებით, თუ ინებებთ, - თქვა ფერშალმა, ანა ნიკოლაევნას პაპიროსი თავაზიანად მიართვა და თავადაც გააბოლა. - დიდებული ექიმი იყო! - აღფრთოვანებით თქვა პელაგეა ივანოვნამ და სანეტარო ცეცხლს მოელვარე თვალები მიაპყრო. შავ თმაში გარჭობილი ყალბი თვლებით შემკობილი სადღესასწაულო სავარცხელი ხან გაუბრწყინდებოდა, ხან ჩაუქრებოდა. - ჰო, სახელოვანი კაცი იყო, - კვერი დაუკრა ფერშალმა, - გლეხები პირდაპირ აღმერთებდნენ. ლიპონტიმ ოპერაცია უნდა გაუკეთოს? კი ბატონო! ექიმს ლეოპოლდ ლეოპოდოვიჩის ნაცვლად ლიპონტი ლიპონტიევიჩს ეძახდნენ. უჯერებდნენ. მათთან ლაპარაკი ემარჯვებოდა კიდევაც. ერთხელაც მასთან მიღებაზე დულცევოელი ნაცნობი გლეხი, ფიოდორ კოსოი ჩამოვიდა. უთხრა, ლიპონტი ლიპონტიჩ, გული მაქვს დაჭერილი, სუნთქვას მიშლის, ამას გარდა, ყელში თითქოს მკაწრავსო. - ლარინგიტი ჰქონია, - მექანიკურად ვთქვი ერთ თვეში დიაგნოზის სწრაფად დასმას მიჩვეულმა. - მართალს ბრძანებთ. "კარგი, - უთხრა ლიპონტიმ, - გეტყვი, როგორ იმკურნალო და ორ დღეში გამოჯანმრთელდები. აი, ფრანგული მდოგვის საფენები. ერთს ზურგზე, ბეჭებშუა დაიწებებ, მეორეს - მკერდზე. ათ წუთს გაიჩერებ და მოიცილებ. გასწი! იმკურნალე!" იმანაც მდოგვის საფენები წაიღო და წავიდა. ორი დღის შემდეგ მიღებაზე ისევ მოვიდა. "როგორა ხარ?" - ჰკითხა ლიპონტიმ.

"ეჰ, ლიპონტი ლიპონტიჩ, თქვენმა მდოგვის საფენებმა ვერაფერი მიშველა", - უპასუხა კოსოიმ. "სტყუი! - უთხრა ლიპონტიმ, - შეუძლებელია, ფრანგულმა მდოგვის საფენებმა არ გიშველოს! ალბათ, არ მიგიწებებია!" "როგორ თუ არ მიმიწებებია, ახლაც მიწებებული მაქვს..." მან ზურგი შემოაბრუნა. მდოგვის საფენი ქურქზე ჰქონდა მიწებებული... მე გადავიხარხარე, პელაგეა ივანოვნამ კი ჩაიხითხითა და კუნძს საჩხრეკი გამეტებით დაუშინა. - ბატონო ჩემო, ეგ ანეკდოტია, - ვთქვი მე, - ასეთი რამ შეუძლებელია. - ანეკდოტია?! ანეკდოტი?! რას ბრძანებთ? - ერთმანეთს აღარ აცდიდნენ მეანი ქალები. - არა! - ფიცხლად შესძახა ფერშალმა, - ჩვენი ცხოვრება, რომ იცოდეთ, სულ ასეთი ანეკდოტებისგან შედგება... აქ ისეთ რაღაცას გადააწყდები... - შაქარი?! - შესძახა ანა ნიკოლაევნამ, - პელაგეა ივანოვნა, შაქრის ამბავს მოჰყევით! - ჰო, ერთხელაც ერთ ქალს ვსინჯავ, - დაიწყო მოყოლა პელაგეა ივანოვნამ, - ჰოდა, სამშობიარო არხში თითებქვეშ უეცრად რაღაც უცხო მომხვდა... ალაგ ფხვიერი, ალაგ ნატეხები... შაქარ-რაფინადი აღმოჩნდა! - ეგეც თქვენი ანეკდოტი! - თქვა გახალისებულმა დემიან ლუკიჩმა. - ბატონებო, ვერაფერს მივხვდი... - ბებიაქალს, ექიმბაშს უსწავლებია, - თქვა პელაგეა ივანოვნამ, - ძნელი მშობიარობა გაქვს, ბავშვს ამქვეყნად გამოსვლა არ სურს, უნდა გამოვიტყუოთო. ჰოდა, ტკბილეულით ცდილობდნენ გამოტყუებას! - რა საშინელებაა! - ვთქვი მე. - მშობიარეებს პირში თმას უდებენ და აღეჭინებენ, - თქვა ანა ნიკოლაევნამ. - რატომ?! - ეშმაკმა უწყის. სამჯერ მოგვიყვანეს ასეთი მშობიარეები. იწვნენ საცოდავები და იფურთხებოდნენ. პირი თმით ჰქონდათ გამოტენილი. რწმენა აქვთ ასეთი, თითქოს თმის ღეჭვა მშობიარობას აადვილებს...

მეან ქალებს მოგონებებისგან თვალები გაბრწყინებოდათ. ცეცხლის პირას დიდხანს ვისხედით, ჩაის ვსვამდით და მათ მონაყოლს მონუსხულივით ვუსმენდი. როცა მშობიარე საავადმყოფოში მოჰყავთ, პელაგეა ივანოვნა თავისი მარხილით ყოველთვის უკან მოჰყვება, რომ გზაზე არ გადაიფიქრონ და მშობიარე ისევ ბებიაქალს არ მიჰგვარონ. ერთხელ, ნაყოფის არასწორი მდებარეობისას, მშობიარე ჭერზე თავდაყირა ჩამოუკიდიათ, ბავშვი შემოტრიალდებაო. კორობოვოელ ბებიაქალს ყური მოუკრავს, რომ ექიმები ნაყოფის ბუშტს ხვრეტენ და ბავშვისთვის თავი სადილის კოვზით ისე დაუღადრია, რომ სახელგანთქმულსა და მარჯვე ლიპონტისაც კი ვეღარ გადაურჩენია. კიდევ კარგი, დედა მაინც გადაარჩინეს. ერთხელაც... ღუმელში ცეცხლი რა ხანია, ჩანავლდა, ჩემი სტუმრები თავიანთ ფლიგელში წავიდნენ ანა ნიკოლაევნას ფანჯარაში სინათლე ცოტა ხანს ბჟუტავდა, მერე ჩაქრა. ყოველივე თვალს მიეფარა. ქარბუქს დეკემბრის ღამის სიბნელე შეერია და ცასა და დედამიწას შავი ფარდა ჩამოეფარა. მე კი კაბინეტში ბოლთას ვცემდი. ფეხქვეშ იატაკი ჭრიალებდა, ჰოლანდიური ღუმლიდან სითბო მოედინებოდა და საქმიანი თაგვი სადღაც რაღაცას ახრამუნებდა. "არა, ეგვიპტურ წყვდიადს მანამდე უნდა ვებრძოლო, სანამ ბედი ამ მიყრუებულ მხარეში მამყოფებს, - ვფიქრობდი გულში, - შაქარ-რაფინადი... ასეთი რამ გაგონილა?.. მწვანე თალფაქიანი ლამპის შუქზე თავი ოცნებას მივეცი და თვალწინ დამიდგა უზარმაზარი საუნივერსიტეტო ქალაქი, იქ კი კლინიკა, ხოლო კლინიკაში უზარმაზარი დარბაზი, შორენკეცებიანი იატაკი, მოელვარე ონკანები, სტერილური თეთრი, თეთრი ზეწრები, ასისტენტი, ძალზე ბრძნული, წაწვეტებული შეჭაღარავებული წვერი რომ ჰქონდა... ასეთ დროს კაკუნი ამაღელვებელი და შემაშფოთებელია. ჰოდა, შევკრთი... - ანისია, ვინ არის? - ჩავძახე ქვემოთ შიდა კიბის ბალუსტრადაზე გადაყუდებულმა (ექიმის ბინა ორსართულიანი გახლდათ: ზემოთ - კაბინეტი და საწოლი ოთახი, ქვემოთ სასადილო, კიდევ ერთი, გაურკვეველი დანიშნულების ოთახი და სამზარეულო, სადაც ბინადრობდნენ მზარეული აქსინია და მისი ქმარი, საავადმყოფოს უცვლელი დარაჯი). ქვემოთ მძიმე ურდულის ჩხაკუნი გაისმა, ლამპის შუქი ათამაშდა და სიცივემ შემოუბერა, მერე აქსინიამ მომახსენა: - ვიღაც კაცია, ავადმყოფი...

სიმართლე რომ გითხრათ, გამიხარდა. ჯერ არ მეძინებოდა, ხოლო თაგვის ფხაკუნმა, მოგონებებმა და მარტოობამ ოდნავ დამასევდიანა. "ავადმყოფი რაკიღა კაცია, მაშ ყველაზე საშიშს - მშობიარობას არ უნდა მოველოდეთ", - გავივლე გულში. - სიარული შეუძლია? - შეუძლია, - მთქნარებით მიპასუხა აქსინიამ. - მაშ კაბინეტში ამოვიდეს. კიბე დიდხანს ჭრიალებდა, ვიღაც დარბაისელი, ტანსრული კაცი ამოდიოდა. ამ დროს უკვე საწერ მაგიდასთან ვიჯექი და შეძლებისდაგვარად ვცდილობდი, ოცდაოთხი წლის ყმაწვილი კაცის სიმკვირცხლე ესკულაპის პროფესიული საბურვლიდან არ გამომსხლტომოდა. მარჯვენა ხელი სტეტოსკოპზე ისე მედო, როგორც რევოლვერზე. კარიდან ცხვრისქურქიანი, თექისჩექმიანი კაცი შემოიზლაზნა. ქუდი ხელში ეჭირა. - მამილო, ასე რატომ დაიგვიანეთ? - დარბაისლურად ვკითხე ნამუსის მოსაწმენდად. - მომიტევეთ, მოქალაქე ექიმო, - სასიამოვნო, ხავერდოვანი ბოხი ხმით მიპასუხა კაცმა, ქარბუქში მგზავრობა ნამდვილი წამებაა! რას იზამ, დავგვიანდი, მომიტევეთ, გეთაყვა! "ზრდილი კაცია", - გავიფიქრე ნასიამოვნებმა. ძალზე მომეწონა. ხშირი ჟღალი წვერიც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ეტყობოდა, პატრონი ასე თუ ისე, უვლიდა, არა მარტო იკრეჭდა, არამედ რაღაც ნივთიერებით იპოხავდა კიდევაც. სოფლად თუნდაც მცირე ხნით ნამყოფ ექიმს ამ ნივთიერების გამოცნობა არ გაუჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ზეთი გახლდათ. - რა გაწუხებთ? ქურქი გაიხადეთ. სადაური ხართ? ქურქი სკამზე დაზვინდა. - ცხელებამ გამაწამა, - მიპასუხა ავადმყოფმა და მწუხარედ შემომხედა. - ცხელებამ? ჰო-ო! დულცევოელი ხართ? - დიაც, იქაური მეწისქვილე გახლავართ. - მომიყევით, ცხელება როგორ გაწუხებთ. - ყოველდღიურად, თორმეტ საათზე, თავის ტკივილი მეწყება, მერე სიცხეს მომცემს, ორ საათს მახურებს და გამივლის.

"დიაგნოზი მზადაა", - დარეკა ჩემს თავში ძლევამოსილმა ხმამ. - სხვა დროს არა გიშავთ? - ფეხებში ვგრძნობ სისუსტეს... - კარგი... პერანგის ღილები შეიხსენით! ჰმ... ასე. გასინჯვა როცა დავასრულე, უკვე მოხიბლული ვიყავი... უგუნური დედაბრებისა და რკინის ფითხის დანახვაზე დაფეთებული ყმაწვილების შემდეგ, ამ დილას ბელადონას მთხოვნელი ქალის მერე უნივერსიტეტელის თვალი მეწისქვილეს გასინჯვისას ისვენებდა. მეწისქვილე გონივრულად ლაპარაკობდა. ამას გარდა, წერა-კითხვის მცოდნეც აღმოჩნდა. მისი ყოველი ჟესტიც კი მედიცინის - ჩემი საყვარელი მეცნიერების მიმართ პატივისცემით გაჟღენთილი გახლდათ. - იცით, რა, ჩემო კარგო, - ვეუბნებოდი მეწისქვილეს, როცა ფართო, თბილ მკერდზე თითებს ვუკაკუნებდი, - თქვენ მალარია, ციებ-ცხელება გჭირთ... ახლა მთელი პალატა თავისუფალი მაქვს. გირჩევთ, სამკურნალოდ დაწვეთ. აქ თქვენზე დაკვირვების საშუალება გვექნება. მკურნალობას ფხვნილებით დავიწყებთ, თუ არ გიშველათ, მერე ნემსების გაკეთება დაგჭირდებათ. უსათუოდ მოგარჩენთ. რას მეტყვით? დაწვებით? - უმორჩილესად გმადლობთ! - ძალზე თავაზიანად მითხრა მეწისქვილემ, - თქვენი ქება ბევრი გვსმენია. ყველა კმაყოფილია. ამბობენ, რომ კარგად კურნავთ... ნემსებზეც თანახმა ვარ, ოღონდაც განვიკურნო. "არა, ეს ჭეშმარიტად ნათელი სხივია ამ წყვდიადში!" - გავიფიქრე, მაგიდას მივუჯექი და კალამი მოვიმარჯვე. ისეთი ნასიამოვნები გახლდით, თითქოს ვიღაც უცხო მეწისქვილე კი არა, ღვიძლი ძმა მწვეოდა. ერთ ბლანკზე დავწერე: "ცჰინინი მურ. 0,5 DთD. Dოც. #10ჩ. მეწისქვილე ხუდოვს თითო ფხვნილი შუაღამისას". ხელი ლამაზად მოვაწერე. მეორე ბლანკზე კი დავწერე:

"პელაგეა ივანოვნა! მეწისქვილე მე-2 პალატაში მოათავსეთ. მალარია სჭირს. ქინაქინის თითო ფხვნილი, როგორც წესია, შეტევამდე 4 საათით ადრე, მაშასადამე, შუაღამისას. იხილეთ გამონაკლისი! ინტელიგენტი მეწისქვილე!" უკვე ლოგინში ვიწექი, როცა შუბლშეკრულმა აქსინიამ მთქნარებით მომიტანა საპასუხო ბარათი: "ძვირფასო ექიმო! ყველაფერი შევასრულე. პელ. ლობოვა". ბარათი წავიკითხე და დავიძინე. ...და გამეღვიძა. - რა იყო? რა? აქსინია... რა მოხდა? - ვთქვი ბუტბუტით. აქსინია თეთრკოპლებიან კაბას მორცხვად იფარებდა, სტეარინის სანთლის მთრთოლარე შუქი ნამძინარევ, შეშფოთებულ სახეს უნათებდა. - ახლა მარიამ მოირბინა. პელაგეა ივანოვნა სასწრაფოდ გეძახისო. - რა მოხდა? - მეორე პალატაში მეწისქვილე კვდება. - რაო? კვდებაო? როგორ თუ კვდება? შიშველი ტერფებით უმალ ცივი იატაკი შევიგრძენი, იმიტომ, რომ ფეხსაცმელებში ვერ წავყავი. ასანთის ღერები ფითილზე იმტვრეოდა, ბოლოს მოლურჯო ალი აბრიალდა და საათს დავხედე. ზუსტად ექვსი საათი იყო. "რა მოხდა, რა? ნუთუ მალარია არ არის?! რა დაემართა? მშვენიერი პულსი ჰქონდა..." ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ უკვე საავადმყოფოსკენ გავრბოდი თმააბურძგნილი და პიჯაკგაღეღილი. თექის ჩექმები გადმობრუნებულ წინდებზე მქონდა ამოცმული. ჯერ კიდევ სიბნელით მოცული ეზო გადავირბინე და მეორე პალატაში შევვარდი. საბანგადაძრობილ საწოლზე მოჭმუჭნილი ზეწრის გვერდით მეწისქვილე იჯდა. ტანზე მხოლოდ საავადმყოფოს საცვლები ემოსა. ნავთის პატარა ლამპა სახეს უნათებდა. ჟღალი წვერი გასჩეჩოდა, თვალები ჩაშავებოდა და გაფართოებოდა, მთვრალივით ირყეოდა, შეშინებული იცქირებოდა, მძიმედ სუნთქავდა... მომვლელი ქალი მარია მეწამულ სახეზე პირდაღებული დაშტერებოდა.

თავშიშველი პელაგეა ივანოვნა გვერდზე მოქცეული ხალათის ფრიალით ჩემკენ გამოემართა. - ექიმო, - შეჰყვირა ჩახლეჩილი ხმით, - გეფიცებით, ჩემი ბრალი არ არის! ამას ვინ მოელოდა? თვითონ მომწერეთ, ინტელიგენტიაო... - რა მოხდა? პელაგეა ივანოვნამ ხელი ხელს შემოჰკრა და მითხრა: - ექიმო, წარმოგიდგენიათ? ქინაქინის ათივე ფხვნილი ერთბაშად შეუსანსლავს! შუაღამისას. ზამთრის მღვრიე დილა თენდებოდა. დემიან ლუკიჩი კუჭის ზონდს ახვევდა. ქაფურის ზეთის სუნი იდგა. იატაკზე მდგარი ტაშტი მოყავისფრო სითხით იყო სავსე. მისუსტებული, გაფითრებული მეწისქვილე საწოლზე იწვა, თეთრი ზეწარი ნიკაპამდე ჰქონდა წახურული. ჟღალი წვერი მაღლა ამოსწეოდა. დავიხარე, პულსი გავუსინჯე, დავრწმუნდი, რომ ფათერაკს თავი დააღწია და შევეკითხე: - როგორა ხარ? - თვალებში ეგვიპტური წყვდიადი მიდგას... ო... ოჰ... - მისუსტებული ბოხი ხმით მიპასუხა მეწისქვილემ. - მეც ასე ვარ! - ვუთხარი ბრაზიანად. - რა თქვით? - მკითხა მეწისქვილემ (ჯერ კიდევ ცუდად ესმოდა). - ძიაკაცო, მარტო ეს მითხარი, ეს რატომ ქენი?! - ყურში ჩავძახე უფრო ხმამაღლა. ბოხი ხმა პირქუშად, მტრულად გაისმა: - ვიფიქრე, ამათ თუ ასე იზოზინეს და თითო-თითო ფხვნილი მასვეს, ეგ არ გამომადგებამეთქი! ავდექი და ერთბაშად გადავუძახე, მოვრჩი და გავათავე. - საშინელებაა! - შევძახე მე. - ანეკდოტია! - ცოტა არ იყოს, გესლიანად თქვა ფერშალმა. "არა... უნდა შევებრძოლო... უნდა..." - და მთელი ღამის ნაწამებს ტკბილი ძილი დამეუფლა. ჩემ წინაშე ეგვიპტური წყვდიადი ფარდასავით აღიმართა... და ვითომ იმ წყვდიადში მე... მახვილით თუ სტეტოსკოპით მივემართებოდი...

ვებრძვი... მიყრუებულ მხარეს. თუმცა მარტო არა ვარ. ჩემთანაა ჩემი ლაშქარი: დემიან ლუკიჩი, ანა ნიკოლაევნა, პელაგეა ივანოვნა. ყველას თეთრი ხალათი გვაცვია და წინ, სულ წინ მივემართებით... სიზმარი კარგი რამეა!..

დაკარგული თვალი მაშ ასე, გავიდა ერთი წელი, ზუსტად ერთი წელი, რაც ამ სახლს ეტლით მოვადექი. ფანჯრის მიღმა მაშინაც ასე იყო ჩამოშვებული წვიმის ფარდა, არყის ხეებზე უკანასკნელი ყვითელი ფოთლები მაშინაც ასე ნაღვლიანად ეკიდა. ირგვლივ თითქოს არაფერი შეცვლილა. თავად მე კი ძალზე შევიცვალე. მოგონებათა საღამო მარტოდმარტომ უნდა ვიდღესასწაულო... ჩემს საწოლ ოთახში იატაკის ჭრაჭუნით შევედი და სარკეში ჩავიხედე. დიახ, განსხვავება ძალზე დიდია. ერთი წლის წინ ჩემოდნიდან ამოღებულ სარკეში გაპარსული სახე ირეკლებოდა. მაშინ ოცდაოთხი წლის ყმაწვილის თავს გვერდზე გაყოფილი თმა ამშვენებდა. ახლა თმას აღარ ვიყოფდი, უკან უპრეტენზიოდ მქონდა გადავარცხნილი. რკინიგზიდან ოცდაათ ვერსზე გაყოფილი თმით თავს ვერავის მოაწონებ. ვერც გაპარსული წვერით. ზედა ტუჩის გაყოლებაზე გამშრალ-გაყვითლებული კბილის ჯაგრისისნაირი ზოლი დამკვიდრდა. ლოყები სახეხელას დაემგვანა, ისე, რომ მუშაობის დროს მხარი თუ მომეფხანებოდა, შემეძლო, ლოყით მომეფხანა. ასე ვიყავი ყოველთვის, თუ წვერს კვირაში სამჯერ კი არა, მხოლოდ ერთხელ გავიპარსავდი. ერთხელ სადღაც, ოღონდ დამავიწყდა, სად და როდის, ერთი ინგლისელის ამბავი წავიკითხე. საინტერესო ვინმე იყო ეს ინგლისელი. უკაცრიელ კუნძულზე მოხვდა და იქ იმდენი ხანი დაჰყო, რომ ჰალუცინაციები დაეწყო. როცა კუნძულს გემი მოადგა და ნაპირზე ნავით მაშველები გადასხეს, განდეგილმა ისინი მირაჟად, წყლის ცარიელი სივრცის ცდომილებად მიიჩნია და რევოლვერის სროლა აუტეხა. წვერი კი გაპარსული ჰქონდა. უკაცრიელ კუნძულზე წვერს ყოველდღე იპარსავდა. მახსოვს, რომ ბრიტანეთის ამაყი შვილის მიმართ გულში უდიდესი პატივისცემა აღმეძრა. ჰოდა, როცა აქეთ მოვემგზავრებოდი, ჩემოდანში მედო უსაფრთხო სამართებელი "ჟილეტი", ერთი დუჟინი უსაფრთხო სამართებლის პირები, ჩვეულებრივი სამართებელი და ფუნჯი. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ წვერს დღეგამოშვებით გავიპარსავდი, იმიტომ, რომ უკაცრიელ კუნძულზე ნაკლებ ალაგას არ გახლდით. ჰოდა, აი, ერთხელ, აპრილის კაშკაშა დღეს, ეს ინგლისური მშვენიერებანი ოქროსფერ სხივთა კონაში გავალაგე, მაგრამ მარჯვენა ლოყის გაპარსვა-გატკიცინება ძლივს

მოვასწარი, რომ დაფხრეწილი ჩექმებით ფეხებშემოსილი ეგორიჩი ცხენივით შემოჯლიგინდა და მომახსენა, მდინარისპირა ნაკრძალთან ვიღაც ქალი მშობიარობსო. მახსოვს, მარცხენა ლოყა პირსახოცით ჩამოვიწმინდე და ეგორიჩთან ერთად გავიქეცი. ტირიფის გაუფოთლავ ბუჩქნარში მობუყბუყე მღვრიე მდინარისკენ სამნი მივეშურებოდით, - მეანი ქალი პინცეტებს, მარლის შეკრულასა და იოდის ქილას მოარბენინებდა, მე შეშლილივით თვალებდაჭყეტილი გავრბოდი, ხოლო უკან ეგორიჩი მოთოხარიკობდა. ხუთიოდე ნაბიჯს გაირბენდა, მერე მიწაზე ჩაჯდებოდა, მარცხენა ჩექმას წყევლა-კრულვით ეჯაჯგურებოდა და ამაოდ ცდილობდა, ამძვრალი ლანჩა მოეგლიჯა. მდინარის მხრიდან რუსული გაზაფხულის შმაგი, ხალისიანი ქარი უბერავდა, პელაგეა ივანოვნას სავარცხელი დაჰკარგვოდა, თმის კონა ჩამოშლოდა და მხრებზე უფრიალებდა. - ფულს მთლიანად სასმელზე რომ ფლანგავ, ნამდვილი ღორობაა, - გავძახოდი ეგორიჩს გზადაგზა, - საავადმყოფოს დარაჯი გქვია და მაწანწალასავით დადიხარ. - ეს რა ფულია? - ბრაზიანად შემომღრინა ეგორიჩმა, - ოცი მანეთის გულისთვის მთელი თვე წელს ვიწყვეტ... უჰ, შე წყეულო! - იგი მიწაზე ფეხს ფიცხი ბედაურივით უბაგუნებდა, - ეს რა ფულია... ჩექმისთვის კი არა, საჭმელ-სასმლისთვის ვერ იმყოფინებ... - სასმელს რომ არ ეშვები, ჩამობღრენძილი იმიტომაც დადიხარ, - ვსისინებდი სულშეხუთული. დაქანებულ ხიდთან შესაბრალისი კივილი გაისმა. ამ ხმამ სწრაფად მსრბოლ მოდიდებულ მდინარეს გადაუარა და სადღაც მიწყდა. ხიდთან მივირბინეთ და თმაგაწეწილი, მოკრუნჩხული ქალი დავინახეთ. თავშალი მოსძრობოდა და თმა ოფლიან შუბლზე მისწებებოდა, თვალებს გაწამებული აცეცებდა და ქურქს ფრჩხილებით ფხოჭნიდა. წყლის გაჟღენთილი, აფუებული მიწიდან ახალამოსულ, თხელ, ფერმკრთალ ბალახს ალისფერი სისხლი ესხურებოდა. - საავადმყოფომდე ვერ მოაღწია, ვერ მოაღწია, - სხაპასხუპით ამბობდა თავადაც თავშიშველი, ალივით თმაგაშლილი პელაგეა ივანოვნა და მარლის შეკრულას შლიდა. მდინარე ხიდქვეშ ღრიალით მიექანებოდა და საყრდენ ძელებს ეხეთქებოდა. მე და პელაგეა ივანოვნამ ქალი ტალღების მხიარულ ტყლაშუნში მოვამშობიარეთ. ბავშვი ცოცხალი დაიბადა და დედაც გადავარჩინეთ. ამასობაში ეგორიჩმა ჩექმას დამპალი ლანჩა, როგორც იქნა, ააგლიჯა. მომვლელმა ქალებმა საკაცე მოიტანეს და დედა ზედ დააწვინეს. საკაცე ცალი მხრიდან ორმა ქალმა ასწია, ცალი მხრიდან ეგორიჩმა და საავადმყოფოსკენ გავემართეთ. ეგორიჩი ჩექმიდან გამოყოფილ მარცხენა შიშველ ფეხს ბალახზე მიატყაპუნებდა.

მერე, როცა უკვე დაწყნარებული დედა საწოლში ჩააწვინეს და ზეწარი გადაახურეს, ახალშობილის აკვანი გვერდით მიუდგეს და ყველაფერი მოწესრიგდა, ფერმიხდილ ქალს ვკითხე: - მოსამშობიარებლად ხიდზე უკეთესი ადგილი ვერ მონახე? საზიდრით რატომ არ წამოგიყვანეს? - მამამთილმა ცხენი არ გაიმეტა, - მიპასუხა ქალმა, - მითხრა, სულ ხუთი ვერსია, ჯანიანი ქალი ხარ, ფეხითაც ჩააღწევ, ცხენი ტყუილად რაზე გავსარჯოთო? - ბრიყვი და ღორი მამამთილი გყოლია, - ვუთხარი მე. - ოჰ, რა ბნელი ხალხია, - გულმტკივნეულად თქვა პელაგეა ივანოვნამ და მერე რატომღაც ჩაიცინა. შევამჩნიე, რომ მარცხენა ლოყაზე მაცქერდებოდა. სამშობიარო ოთახში გავედი და სარკეში ჩავიხედე. სარკეში დავინახე ის, რასაც იქ საერთოდ ვხედავდი. ყბამოქცეული, დეგენერატული სიფათი და თითქოს ჩალურჯებული მარჯვენა თვალი. მაგრამ ამას გარდა რაც ვნახე, ეს უკვე სარკის ბრალი აღარ გახლდათ: დეგენერატის მარჯვენა ლოყაზე როგორც პარკეტზე, ისე შეგეძლოთ გეცეკვათ, ხოლო მარცხენა ლოყაზე ჟღალი ფერის ხშირი ბარდი იყო აჯაგრული. ნიკაპიც შუაზე იყო გაყოფილი. ყვითელყდიანი წიგნი გამახსენდა, ზემოდან "სახალინი" რომ ეწერა. შიგ მამაკაცების ფოტოსურათები იყო. მრავალნაირი სურათი. "მკვლელობა, ძარცვა, გასისხლიანებული ნაჯახი, - გავიფიქრე უმალ, - ათი წელი... მაინც რა ორიგინალურად ვცხოვრობ დაუსახლებელ კუნძულზე. უნდა წავიდე და წვერის გაპარსვა დავამთავრო..." საავადმყოფოდან გავედი, ჩაშავებული ველებიდან მონადენი თბილი ჰაერი ჩავისუნთქე და ეზოს გავუყევი. არყის ხეთა კენწეროებზე ჩამომსხდარი ყვავები თავზე დამყრანტალებდნენ. იქაურობა აპრილის მზეს გაებრწყინებინა და თვალებს ვჭუტავდი. შინ როცა მივედი, სამი საათი იყო, მაგრამ წვერის გაპარსვა საღამოს ცხრა საათამდე ვერ მოვახერხე. შემჩნეული მქონდა, რომ ბუჩქებში მშობიარობისნაირი მოულოდნელობანი მურიოვოში კენტად არ ხდებოდა. როგორც კი ჩემს პარმაღზე ავედი და ურდულს ხელი მოვკიდე, ჭიშკარში ცხენის დრუნჩი გამოჩნდა და ტალახში ამოსვრილი საზიდარი ეზოში შემოჯაყჯაყდა. ცხენს ქალი მოერეკებოდა და წვრილი ხმით უყვიროდა: - აჩუ, შე სამგლე! ძონძმანძებზე მწოლიარე ბიჭის ზლუქუნი პარმაღზევე გავიგონე.

რაღა თქმა უნდა, ბიჭს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და სანამ მე და ფერშალი თაბაშირს ვადებდით, იგი ორ სააათს გაუჩერებდად გაჰკიოდა. მერე ვისადილე, მერე გაპარსვა დამეზარა, მერე რაღაცის კითხვით გავერთე და უკვე ჩამობინდდა, როცა სევდამორეულმა დარჩენილი წვერი ბოლოს და ბოლოს, გავიპარსე, მგარამ მთელ დღეს საპნიან წყალში ჩარჩენილ, დაკბილულ "ჟილეტს" ჟანგიანი ზოლი სამუდამოდ დააჩნდა გაზაფხულზე ხიდთან მშობიარობის სამახსოვროდ. დიახ... კვირაში ორჯერ წვერის გაპარსვას აზრი არა ჰქონდა. ზოგჯერ მთლად თოვლში ვეფლობოდით, არნახული ქარბუქი ღმუოდა და ორ-ორი დღე მურიოვოს საავადმყოფოში ისე ვემწყვდეოდით, ცხრა ვერსის იქით, ვოზნესენსკში, გაზეთებისთვისაც კი ვერავის ვაგზავნიდით. საღამოობით ჩემს კაბინეტში ბოლთას ვცემდი და გაზეთებს ისე ვნატრობდი, როგორც ბავშვობაში კუპერის "კვალის მაძიებელი" მენატრებოდა. მაგრამ ინგლისური ჩვევები მურიოვოს უკაცრიელ კუნძულზე მთლიანად მაინც ვერ მოვიშალე, შავი ბუდიდან ბრჭყვიალა სათამაშოს ამოვიღებდი ხოლმე, წვერს ზანტად გავიპარსავდი და გარეთ ამაყი კუნძულელივით ლოყებგადატკეცილი და გასუფთავებული გავდიოდი. დასანანი მხოლოდ ის იყო, რომ პეწიანობით თავს ვერავის მოვაწონებდი. მოიცათ, ჰო... ერთი შემთხვევა კიდევ გამახსენდა: სამართებელი ბუდიდან ამოვიღე, აქსინიამ კაბინეტში დაკბილული ტოლჩით ადუღებული წყალი შემომიტანა და ამ დროს კარზე მრისხანედ მომიკაკუნეს. მე და პელაგეა ივანოვნა საშინელი შორეთისკენ ცხვრის ქურქებით შეფუთნულები გავემგზავრეთ. გააფთრებულ თეთრ ოკეანეში ჩვენ, მეეტლე და ცხენები შავ მოჩვენებასავით მივემართებოდით. ქარბუქი კუდიანი დედაბერივით უსტვენდა, ღმუოდა, ქშუოდა, ხარხარებდა, ყველაფერი გაუჩინარდა და მე მუცელში, სადღაც მზის წნულთან, ნაცნობი სიგრილე ვიგრძენი, როცა გულში გამიელვა, რომ ამ სატანურ წყვდიადსა და კორიანტელში იმ ღამით გზას დავკარგავდით და ყველანი დავიღუპებოდით: მეც, პელაგეა ივანოვნაც, მეეტლეცა და ცხენებიც. კიდევ მახსოვს, სულელურმა აზრმა გამირბინა, როცა სანახევროდ თოვლში ჩავიჩუმქრებით და ვიგრძნობ, რომ ვიყინებით, მორფს გავუკეთებ პელაგეა ივანოვნასაც, მეეტლესაც და მეც გავიკეთებ-მეთქი. რატომ? იმიტომ, რომ არ ვიტანჯოთ... "ექიმო, მორფის გარეშეც მშვენივრად გაიყინები, - ჩამესმა ცივი, ჯანსაღი ხმა, - თავს ტყუილად ნუ შეიწუხებ"... უუ-უ! ხა-ხა! ს-ს-ს!.. უსტვენდა კუდიანი დედაბერი და მარხილში აქეთ-იქით გვახეთქებდა... დედაქალაქის გაზეთში ბოლო გვერდზე დაბეჭდავდნენ, ესა და ეს ექიმი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა, მასთან ერთად დაიღუპნენ პელაგეა ივანოვნა, მეეტლე და ორი ცხენი, ღმერთმა თოვლის ზღვაში სასუფეველი დაუმკვიდროთო. ფუ... რას არ გაიფიქრებ, როცა ეგრეთ წოდებული სამსახურებრივი მოვალეობა სადღაც მიგაქანებს...

ჩვენ არ დავღუპულვართ, გზა არ აგვრევია და სოფელ გრიშჩევოში მივედით, სადაც ფეხის ირგვლივ ბრუნის ოპერაცია ჩემს სიცოცხლეში მეორედ გავაკეთე. მშობიარე სოფლის მასწავლებლის ცოლი გახლდათ და სანამ მე და პელაგეა ივანოვნა იდაყვებამდე სისხლში მოსვრილნი და თვალებამდე ოფლში გაღვრილნი ლამპის შუქზე ბრუნს ვერკინებოდით, კარის იქიდან გვესმოდა, ქოხის ჩაბნელებულ ნახევარში ქმარი აქეთ-იქით როგორ აწყდებოდა და გმინავდა. საიდუმლოდ უნდა გითხრათ, რომ მშობიარის კვნესას და მისი ქმრის გაუთავებელ სლუკუნში ჩვილს მკლავი მოვტეხე. ბავშვი მკვდარი დაიბადა. ოჰ, ოფლი ზურგში როგორ მდიოდა! მეჩვენებოდა, რომ ვიღაც მრისხანე, შავი და უზარმაზარი საიდანღაც გაჩნდებოდა, ქოხში შემოიჭრებოდა და გაქვავებული ხმით იტყოდა, ამ ექიმს დიპლომი ჩამოართვითო!.. გაყვითლებულ, მკვდარ სხეულს და ქლოროფორმით გაბრუებულ, გაუნძრევლად მწოლიარე ცვილისფერ დედას გულმოკლული დავცქეროდი. სარკმელი ერთი წუთით გამოვაღეთ, რათა ქლოროფორმის სულშემხუთველი სუნი გაგვეფანტა. ოთახში ქარბუქის ჭავლი შემოიჭრა და უმალ ორთქლის ბოლქვად გადაიქცა. სარკმელი მივხურე და კვლავ მეანი ქალის ხელებში მოქცეულ ჩვილს და უმწეოდ ჩამოკიდებულ მკლავს დავაშტერდი. ოჰ, სიტყვით ვერ გადმოვცემ იმ სასოწარკვეთას, რაც დამეუფლა, როცა შინ მარტო ვბრუნდებოდი. პელაგეა ივანოვნა მელოგინესთან მეთვალყურედ დავტოვე. ქარბუქი შენელდა, მარხილი ჯაყჯაყით მიემართებოდა და მე აქეთ-იქით ვაწყდებოდი. პირქუში ტყე საყვედურით, სასოწარკვეთით, უიმედოდ მიცქეროდა. თავს დამარცხებულად, განადგურებულად, ულმობელი ბედისგან გაქელილად ვგრძნობდი. უიღბლობამ ამ მიყურებულ მხარეში გადმომაგდო, მაიძულებდა, დამხმარესა და მრჩევლის გარეშე მებრძოლა. რანაირი გასაჭირის დაძლევა აღარ მიხდებოდა, ყოველ წუთს შეიძლებოდა, სადავიდარაბოს თუ რაღაცას, უმეტესად ქირურგიულს, გადავყროდი, ჰოდა, წვერგაუპარსავი პირისპირ უნდა შევბმოდი და დამეძლია. თუ ვერ დავძლევდი, უნდა ვტანჯულიყავ, როგორც ახლა, როცა მარხილი მიჯაყჯაყებდა, ხოლო უკან ჩვილის გვამი და განაწამები დედა იყო დარჩენილი. ხვალ, როგორც კი ქარბუქი მინელდებოდა, პელაგეა ივანოვნა დედას საავადმყოფოში მომიყვანდა და ჯერ კიდევ საკითხავი იყო, გადავარჩენდი თუ არა. ანდა როგორ უნდა გადამერჩინა? რას ნიშნავდა ეს დიდებული სიტყვა? მე ხომ არაფერი ვიცი და ალალბედზე ვმოქმედებ. ჰო, აქამდე მიმართლებდა, ყველაფერი კეთილად მთავრდებოდა და საოცარ რამეებს ვაკეთებდი, დღეს კი აღარ გამიმართლა. მარტოობა, სიცივე, მიუსაფრობა გულს მიკუმშავდა. იქნებ დანაშაულიც ჩავიდინე - ხელი! სადმე ხომ არ წავიდე, ვინმეს ფეხებში ჩავუვარდე და ვუთხრა, მე, ამა და ამ ექიმმა, ჩვილს მკლავი მოვტეხე, დიპლომი ჩამომართვით, ღირსი არა ვარ, ძვირფასო კოლეგებო, სახალინზე გადამასახლეთ-მეთქი. ფუი, ნევრასთენიაა!

მარხილის ფსკერზე მოვიბღუნძე, რომ სიცივე ძვალ-რბილში ისე საშინლად აღარ გამჯდომოდა. თავი საცოდავ, უპატრონო, უძლურ ძაღლად მეჩვენებოდა. დიდხანს, დიდხანს მივდიოდით, სანამ საავადმყოფოს ჭიშკართან მხიარულად მოელვარე, მარად მშობლიური ფარანი არ გამოჩნდა. ფარანი ციმციმებდა, ხან გაუჩინარდებოდა, ხან კიდევ იფეთქებდა, ისევ გაქრებოდა და თავისკენ მიხმობდა. ამ ფარნის დანახვამ ეული სული ცოტა დამიმშვიდა და როცა მისი შუქი თვალწინ მკვეთრად წარმოჩნდა, გაიზარდა და მოახლოვდა, როცა საავადმყოფოს კედლებს შავის ნაცვლად მოთეთრო ფერი გადაეკრა და ჭიშკარში შევედით, თავს უკვე ამას ვეუბნებოდი: "ხელზე ფიქრი სისულელეა, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ხელი მკვდარ ჩვილს მოვტეხე. ახლა ხელზე კი არა, იმაზე უნდა ვიფიქრო, რომ დედა ცოცხალია". ფარანმა და ნაცნობმა პარმაღმა გამამხნევა, მაგრამ როცა ფეხი შინ შევდგი, კაბინეტში ავედი და ღუმლის სითბომ ყოველნაირი ტანჯვის განმაქარვებელი ძილი მომგვარა, ასე ავჩურჩულდი: "ეს კი ასეა, მაგრამ მარტოობა საშინელია, ძალზე საშინელი"... მაგიდაზე სამართებელი მოჩანდა, გვერდით გაცივებული წყლით სავსე ტოლჩა იდგა, სამართებელი უჯრაში ზიზღით ჩავაგდე, გაპარსვის დარდი აღარ მქონდა... ...მთელი წელი გავიდა. სანამ გავიდოდა, იგი მრავალსახოვანი, მრავალფეროვანი, რთული და შემზარავი მეჩვენებოდა, ახლა კი ვხედავდი, რომ გრიგალივით ჩაიქროლა, მაგრამ სარკეში როცა ვიყურებოდი, ჩემს სახეზე ამ წლისგან დაჩნეულ კვალს ვხედავდი. თვალები მკაცრი და მოუსვენარი გამიხდა, ტუჩები შეუპოვარი, ვაჟკაცური, შუბლზე ნაოჭი სამუდამოდ დამაჩნდა, ისევე როგორც სამუდამოდ დამრჩა მოგონებანი. სარკეში მოგონებათა ბობოქარ რიგს ვხედავ. მახსენდება, თრთოლას როგორ მგვრიდა ჩემს დიპლომზე ფიქრი, თვალწინ როგორ წარმომესახებოდა ფანტასტიკური სასამართლო, სადაც მასამართლებდნენ და მრისხანე მოსამართლეები მეკითხებოდნენ: "ჯარისკაცის ყბა რა იქნა? გვიპასუხე, უნივერსიტეტდამთავრებულო არამზადავ". როგორ არ მახსოვს! საქმე ის გახლავთ, თუმცა ამქვეყნად ფერშალი დემიან ლუკიჩი არსებობდა, ვინც კბილებს ისე მარჯვედ აძრობდა, როგორც დურგალი ძველი ფიცრებიდან დაჟანგულ ლურსმნებს აძრობს, მურიოვოს საავადმყოფოში გადადგმული პირველი ნაბიჯებისთანავე საკუთარი ღირსების გრძნობამ მიკარნახა, რომ კბილების ამოძრობა თავადაც უნდა მესწავლა. ხომ შეიძლებოდა, დემიან ლუკიჩი სადმე წასულიყო, ანდა ავად გამხდარიყო, მეან ქალებს კი ყველაფერი შეეძლოთ ერთი რამის გარდა: კბილებს ისინი არ აძრობდნენ, მათი საქმე არ გახლდათ.

მაშ ასე... ძალიან კარგად მახსოვს ჩემ წინ ტაბურეტზე მჯდომის ღაჟღაჟა, მაგრამ განაწამები სახე, რევოლუციის შემდეგ დაშლილ-დარღვეული ფრონტიდან სხვებთან ერთად დაბრუნებულ ჯარისკაცს რომ ეკუთვნოდა. კარგად მახსოვს აგრეთვე ყბაში მაგრად ჩამჯდარი ჭიანი კბილი. ბრძნულად თვალებმოჭუტულმა რაღაცა მზრუნველად ჩავიდუდუნე და კბილს გაზი მაგრად ჩავჭიდე, თანაც ჩეხოვის ცნობილი მოთხრობა გამახსენდა, სადაც აღწერილია, დიაკვანს კბილი როგორ ამოგლიჯეს. ჰოდა, პირველად მომეჩვენა, რომ ეს მოთხრობა სასაცილო სულაც არ იყო. პირში ხმამაღალი ჯახანი გაისმა და ჯარისკაცმა ამოიღრიალა: - ო-ო-ო! ამის შემდეგ ვიგრძენი, რომ ჩემს ხელქვეშ წინაღმდეგობა შეწყდა და პირიდან გაზი შიგმოქცეულ გასისხლიანებულ თეთრ საგანთან ერთად ამოხტა. გზას როცა დავხედე, გულმა რეჩხი მიყო, იმიტომ, რომ მასში მოქცეული საგანი ზომით ყველანაირ კბილს, ჯარისკაცის უკანა კბილსაც კი სჭარბობდა. თავდაპირველად ვერაფერს მივხვდი, მაგრამ მერე კინაღამ ავქვითინდი: გაზს გრძელფესვიანი კბილი კი ამოეგლიჯა, მაგრამ თეთრი ძვლის უზარმაზარი, უსწორმასწორო ნაგლეჯიც ამოეყოლებინა. "ყბა გავუტეხე..." - გამიელვა გონებაში და მუხლები მომეკვეთა. ღმერთს მადლობა მოვახსენე, ფერშალი და მეანი ქალები იქ რომ არ იყვნენ, ჩემი ნაყოჩაღარი მარლაში ქურდულად გავახვიე და ჯიბეში ჩავიდე. ჯარისკაცი ტაბურეტზე ირხეოდა, ერთი ხელით სამეანო სავარძლის ფეხს ჩასჭიდებოდა, მეორით - ტაბურეტის ფეხს და თვალაბდაჭყეტილი, მთლად გადარეული შემომცქეროდა. თავგზააბნეულმა მანგანუმჟავა კალიუმის ხსნარით სავსე ჭიქა მივაჩეჩე და ვუბრძანე: - პირში გამოივლე! ეს სულელური საქციელი იყო. ჯარისკაცმა ხსნარი პირში ჩაიგუბა და როცა ჯამში გადმოღვარა, ვნახე, რომ ხსნარს ალისფერი სისხლი ერია, მერე შესქელდა და არნახულ ფერად შეიღება. შემდეგ პირიდან სისხლი ისეთი ძალით წასკდა, რომ გავშეშდი. საბრალოსთვის ყელში სამართებელი რომ გამომესვა, ალბათ, ამდენ სისხლს ვერ ვადენდი. კალიუმიან ჭიქას თავი დავანებე, ჯარისკაცს ვეცი და ყბაში გაჩენილ ნახვრეტში მარლის გუნდის ჩატენა დავუწყე. მარლა უმალვე ალისფრად შეიღება და როცა ამოვიღე, შეშინებულმა ვნახე, რომ ნახვრეტში მოზრდილი ქლიავი თავისუფლად ჩაეტეოდა. "კარგ დღეში ჩავაგდე ეს საწყალი", - ვფიქრობდი სასოწარკვეთილი და ქილიდან მარლის გრძელ ზოლებს ვიღებდი. ბოლოს სისხლდენა მინელდა და ნახვრეტი იოდით ამოვწმინდე.

- სამ საათს არაფერი ჭამო, - ვუთხარი ჩემს პაციენტს ხმააკანკალებულმა. - უმორჩილესად გმადლობთ, - მიპასუხა ჯარისკაცმა და სისხლით სავსე ჯამს, ცოტა არ იყოს, გაკვირვებით დახედა. - მეგობარო, - ვუთხარი შესაბრალისი ხმით, - იცი რა... ხვალ ან ზეგ შემომიარე და მეჩვენე... იცი რა... უნდა გაგსინჯო... გვერდზე კიდევ ერთი საეჭვო კბილი გაქვს... კარგი? - უმორჩილესად გმადლობთ, - პირქუშად მითხრა ჯარისკაცმა, ლოყაზე ხელი მიიდო და წავიდა. ხოლო მე მისაღებ ოთახში გავვარდი, თავზე ხელები ვიტაცე და ერთხანს ასე ვიჯექი, აქეთ-იქით ისე ვირხეოდი, თითქოს კბილი თავად მტკიოდა. სისხლიანი, მაგარი გუნდა, ჯიბიდან ხუთჯერ მაინც ამოვიღე, დავხედავდი ხოლმე და ისევ ვინახავდი. ერთი კვირა ასე, თითქოს ბინდში ჩაძირულმა გავატარე, გავხდი და დავუძლურდი. "ჯარისკაცს განგრენა დაემართება, სისხლი მოეწამლება... დასწყევლოს ეშმაკმა! გაზისთვის ხელი რამ მომაკიდებინა?" თვალწინ სულელური სურათები მეხატებოდა. აი, ჯარისკაცს ციებ-ცხელება ეწყება, პირველ ხანებში ჩემთან დადის, კერენსკიზე მელაპარაკება, ფრონტის ამბებს მიყვება. მერე ლაპარაკს თანდათან უკლებს. კერენსკის ჯავრი აღარა აქვს. ჩითის ბალიშზე თავმიდებული წევს და აბოდებს. 40 გრადუსი სიცხე აქვს. მთელი სოფელი ჯარისკაცის მოსანახულებლად დადის. მერე კი ცხვირწაწვეტებული ჯარისკაცი მაგიდაზე ხატებქვეშ წევს. სოფელში მითქმა-მოთქმა იწყება. "ეს რატომ დაემართა?" "ექიმს კბილი ამოუღია..." "აი, თურმე ვისი ბრალი ყოფილა..." მითქმა-მოთქმა მატულობს. გამოძიება იწყება. ჩემთან კუშტი კაცი მოდის და მკაცრად მეკითხება: "ჯარისკაცს კბილი თქვენ ამოუღეთ?" "დიახ... მე ამოვუღე". ჯარისკაცი საფლავიდან ამოიღეს. გასინჯეს. მასამართლებენ. ვაი სირცხვილო! სიკვდილის მიზეზი მე აღმოვჩნდი. ჰოდა, ექიმი აღარა ვარ, უგზო-უკვლოდ დავეხეტები უბედური, ყველასგან განაპირებული კაცი, უფრო სწორად, ყოფილი კაცი.

ჯარისკაცი არ გამოჩენილა. მე ვდარდობდი, საწერი მაგიდის უჯრაში ჩადებული მარლის გუნდა ჟანგდებოდა და ხმებოდა. პერსონალისთვის ჯამაგირის ჩამოსატანად სამზარო ქალაქში ერთი კვირის შემდეგ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ხუთი დღის მერე წავედი და პირველ ყოვლისა, მაზრის საავადმყოფოს ექიმი მოვინახულე. თამბაქოს კვამლით წვერულვაშშეყვითლებული ექიმი ოცდახუთი წელია, რაც საავადმყოფოში მუშაობდა. რაღა არ გადახდომოდა. საღამოთი მის კაბინეტში ვიჯექი, ლიმონიან ჩაის უხალისოდ ვსვამდი, სუფრას თითით ვჩიჩქნიდი, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ქარაგმული, ბუნდოვანი ლაპარაკი ყალბად წამოვიწყე: ასეთი რამეც ხომ ხდება, ვინმეს კბილს ამოუღებ და ყბას გაუტეხავ... ხომ შეიძლება, განგრენა დაემართოს, ასე არ არის? აი, ნატეხს რომ ამოამტვრევ... ასეთი რაღაც წამიკითხავს-მეთქი. ექიმი მისმენდა, მისმენდა, დაფანჩულ წარბებქვემოთ ღრმად ჩამჯდარ, გამოხუნებულ თვალებს არ მაცილებდა და მერე მითხრა: - კბილის ბუდე ამოგიმტვრევიათ... კარგი კბილის ამომღები დადგებით... ჩაის თავი გაანებეთ, წამოდით, ვახშმის წინ არაყი გადავკრათ. ჰოდა, მტანჯველი ჯარისკაცი ჩემს გონებას სამუდამოდ მოსცილდა. ოჰ, მოგონებათა სარკევ! ერთი წელი გავიდა. ახლა მეცინება, ამ კბილის ბუდეს რომ ვიხსენებ! დემიან ლუკიჩისნაირად კბილს, რა თქმა უნდა, ვერასოდეს ამოვიღებ. მაშ რა იქნება! ის ყოველდღიურად ხუთ კბილს მაინც იღებს, ხოლო მე ორ კვირაში ერთხელ თითო კბილს თუ ამოვაძრობ, მაგრამ ისე ვაძრობ, ბევრი ინატრებდა. არც კბილის ბუდეს ვუმტვრევ, გინდაც ამოვამტვრიო, აღარ შემეშინდება. კბილები რა სათქმელია. ამ განუმეორებელ წელიწადში რაღა არ გადამხდა, - რაღა არ გავაკეთე. ოთახში საღამო იჭრებოდა. უკვე ლამპა მენთო და თამბაქოს მწარე კვამლში გახვეულმა, ანგარიში გამოვიყვანე. გული სიამაყით მევსებოდა. გაკეთებული მაქვს ბარძაყის ორი ამპუტაცია. თითებს აღარ ვანგარიშობ. ახლა ჭრილობების ამოწმენდა. თვრამეტი მაქვს ჩაწერილი. თიაქარი. ტრაქეოტომია ხომ გავაკეთე, თანაც მარჯვედ. რამდენი უზარმაზარი ჩირქგროვა გამიკვეთია. მოტეხილობაზე სახვევს ვადებდი, თაბაშირისას და სახამებლისას. რამდენი ნაღრძობი ხელი და ფეხი ჩამისვამს. ახლა ინტუბაციები. მშობიარეებს ხომ ნუღარ იკითხავ. მოიყვანეთ, როგორი მშობიარეც გნებავთ. რაც მართალია, მართალია, საკეისრო გაკვეთას არ გავაკეთებ. ქალაქში გავგზავნი, მაგრამ მაშები, ბრუნები - რამდენიც გინდათ. მახსოვს უკანასკნელი სახელმწიფო გამოცდა სასამართლო მედიცინაში. პროფესორმა მითხრა:

- მიბჯენით ნასროლ ჭრილობებზე მომიყევით. მე ენად გავიკრიფე, სქელი სახელმძღვანელოს გვერდი თვალწინ მედგა და დიდხანს ვყვებოდი. ბოლოს ქანცი გამიწყდა. პროფესორმა მძულვარედ შემოხედა და წრიპინა ხმით მითხრა: - მიბჯენით ნასროლ ჭრილობებზე რაც მომიყევით, ამის მსგავსი არაფერი გვხვდება. რამდენი ხუთიანი გაქვთ? - თხუთმეტი, - ვუპასუხე მე. მან ჩემი გვარის გასწვრივ სამიანი დაწერა და თვალებზე ბინდგადაკრული, შერცხვენილი გამოვედი... გამოვედი, მერე მალევე მურიოვოსკენ გამოვწიე და, აი, აქ მარტო ვარ. ეშმაკმა უწყის, მიბჯენით ნასროლი ჭრილობებისას რა გვხვდება, მაგრამ როცა საოპერაციოდ მაგიდაზე კაცი მეწვა, ტუჩებზე სისხლით ვარდისფრად შეღებილი ქაფის ბუშტუკები რომ გადმოსდიოდა, განა დავიბენი? არ დავბნეულვარ, თუმცა მკერდი მიბჯენით ნასროლი მგლის საფანტით ჰქონდა გაგლეჯილი, ფილტვი მოუჩანდა და მკერდზე ხორცი ნაფლეთებად ეკიდა. არ დავბნეულვარ და იგი თვე-ნახევრის შემდეგ საავადმყოფოდან ცოცხალი წავიდა. უნივერსიტეტში სამეანო მაშებისთვის ხელის მოკიდება ერთხელაც არ მღირსებია, მაგრამ აქ მაშები, თუმცა ხელის კანკალით, ერთ წუთში მაინც დავადე. არ დავმალავ, რომ ბავშვი უცნაური გამოვიყვანე: თავი სანახევროდ გასიებული, მოლურჯომეწამული ჰქონდა, თვალი არ უჩანდა. სხეულში სიცივემ დამირბინა და ბუნდოვნად ჩამესმოდა, პელაგეა ივანოვნა რომ მანუგეშებდა: - ექიმო, არა უშავს, კოვზი თვალზე დაგიჭერიათ. მე ორ დღეს ვკანკალებდი. ორი დღის შემდეგ კი ბავშვს თავი დაუცხრა. როგორი ჭრილობები გამიკერავს, როგორი ჩირქოვანი პლევრიტები მინახავს და ნეკნების ჩატეხა დამჭირვებია. როგორი ავადმყოფები არ შემხვედრია: პნევმონიანები, ტიფიანები, კიბოიანები, სიფილისიანები, თიაქრიანები (ჩამისვამს), ბუასილიანები, სარკომიანები. ამბულატორიის წიგნი შთაგონებით გადავშალე და ერთ საათს ვითვლიდი. დავითვალე. ერთ წელიწადში, აი, ამ საღამომდე, 15613 ავადმყოფი მყავდა მიღებული. სტაციონარში 200 კაცი მეწვინა და მხოლოდ ექვსი მომიკვდა. წიგნი დავხურე და დასაძინებლად გავემართე. ოცდაოთხი წლის იუბილარი ლოგინში ვიწექი, ვთვლემდი და თან ვფიქრობდი, რომ უკვე უზარმაზარი გამოცდილება მქონდა

მიღებული. რისღა უნდა მშინებოდა? არაფრისა. ბიჭებისთვის ყურებიდან მუხუდოს მარცვლები ამომიღია. რამდენი რამ გამიჭრია. ხელი მტკიცე მაქვს, არ მიკანკალებს. რანაირ შემთხვევას აღარ გადავწყდომივარ. ქალების ისეთი ლაპარაკის გაგებას მივეჩვიე, ვერავინ ვერაფერს რომ გაუგებს. ჩემთვის მათი ლაპარაკი ისეთივე გასაგებია, როგორც შერლოკ ჰოლმსისთვის საიდუმლო საბუთები... ძილი თავს მართმევს... - ვერც კი წარმომიდგენია, ისეთ რამეს წავაწყდე, რომ დავიბნე... - ვფიქრობდი ძილმორეული, - შესაძლოა, იქ, დედაქალაქში თქვან, ეს ფერშალიზმიაო... დაე, თქვან... იმათ რა ენაღვლებათ... კლინიკები აქვთ, უნივერსიტეტები... რენტგენის კაბინეტები... მე კი აქა ვარ... ასეა... გლეხები ხომ უჩემოდ ვეღარ ძლებენ... ადრე კარის კაკუნი როგორ მაშინებდა, როგორ ვკანკალებდი... ახლა კი... - როდის დაემართა? - ერთი კვირაა, ბატონო, ერთი კვირაა, ძვირფასო... რაც წამოუსივდა. ქალი ასლუკუნდა. ოქტომბრის ნაცრისფერი დილა იდგა. ჩემი აქ ყოფნის მეორე წლის პირველი დილა. გუშინ საღამოს როცა ვიძინებდი, ამაყად ვტრაბახობდი, დღეს კი თეთრხალათიანი ვიდექი და თვალებს დაბნეული ვაცეცებდი. ქალს ერთი წლის ბიჭი ხელში შეშის ნაჭერივით ეკავა. ბიჭს მარცხენა თვალი არ ჰქონდა. დაჭიმულ-გათხელებული ქუთუთოებიდან პატარა ვაშლისოდენა ყვითელი ბურთი ამოსჩროდა. გაწამებული ბიჭი ყვიროდა და ფართხალებდა. დედა სლუკუნებდა. ჰოდა, დავიბენი. ბავშვს ყოველი მხრიდან ვათვალიერებდი. დემიან ლუკიჩი და მეანი ქალი ზურგს უკან მედგნენ. ასეთი რამ არასოდეს ენახათ და ხმას არ იღებდნენ. "ეს რა არის? ტვინის თიაქარი? ჰმ... ბავშვი ცოცხალია... სარკომა... ჰმ... რბილი რომაა?.. რაღაც არნახული, შემზარავი სიმსივნეა... საიდან განვითარდა?.. ყოფილი თვალიდან... ანდა იქნებ თვალი არასოდეს ჰქონია? ასეა თუ ისე, ახლა არა აქვს..." - იცით რა, - ვთქვი შთაგონებით, - ეს უნდა ამოვჭრათ... უმალვე წარმოვიდგინე, ქუთუთოს როგორ გავკვეთავდი, აქეთ-იქით გადავწევდი და... "მერე... მერე რას ვიზამ? იქნებ ეს მართლა ტვინიდანაა?.. ფუ ეშმაკს... რბილია... ტვინს წააგავს..."

- რა უნდა გაუჭრათ? - მკითხა გაფითრებულმა ქალმა, - თვალი უნდა გაუჭრათ? თანახმა არა ვარ. შეშინებულმა ძონძებში ბავშვის გახვევა დაიწყო. - ბავშვს თვალი არა აქვს, - კატეგორიულად ვუთხარი მე, - აბა, შეხედე, სად უნდა ჰქონდეს? შენს შვილს უცნაური სიმსივნე აქვს... - წვეთები მომეცით, - მითხრა შეძრწუნებულმა ქალმა. - რას ხუმრობ? რა წვეთები? წვეთები ამას არ უშველის! - მაშ, უთვალოდ უნდა დარჩეს? - გეუბნები, რომ თვალი არა აქვს... - სამი დღის წინ ჰქონდა! - შეჰყვირა სასოწარკვეთილმა ქალმა. "ფუ ეშმაკს!.." - არ ვიცი, იქნებ ჰქონდა... დალახვროს ეშმაკმა... მაგრამ ახლა არა აქვს... და საერთოდ, იცი, რას გეტყვი, ჩემო კარგო, ბავშვი ქალაქში წაიყვანე. დაუყოვნებლივ. ოპერაციას იქ გაუკეთებენ, დემიან ლუკიჩ, რას იტყვით? - ჰო-ო, - ღრმააზროვნად წარმოთქვა ფერშალმა, აშკარად არ იცოდა, რა ეთქვა, - არნახული რამეა. - ქალაქში გაჭრიან? - იკითხა გულგახეთქილმა ქალმა, - ნებას არ მოგცემთ. ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ ქალმა ბავშვი წაიყვანა. თვალზე ხელი არ მიმაკარებინა. ორი დღე თავს ვიმტვრევდი, მხრებს ვიჩეჩდი, ბიბლიოთეკაში ვიქექებოდი, სურათებს ვათვალიერებდი, ბავშვებს დავეძებდი, თვალის მაგივრად ბუშტი რომ ექნებოდათ ამოზრდილი... დალახვოს ეშმაკმა. ორი დღის შემდეგ კი ეს ბავშვი გადამავიწყდა. ერთი კვირა გავიდა. - ანა ჟუხოვა! - გავძახე მისაღებში. მხიარული ქალი შემოვიდა. ხელში ბავშვი ეჭირა. - აბა, რას მეტყვით? - ვკითხე ქალს ჩვეულებისამებრ...

- ფერდში მჭვალი მადგას, სუნთქვას მიშლის, - მითხრა ქალმა და რატომღაც დამცინავად გაიღიმა. მისმა ხმამ შემაკრთო. - მიცანით? - დაცინვით მკითხა ქალმა. - მოიცა, მოიცა... რა... მოიცა... ეს ის ბავშვია? - ის გახლავთ. გახსოვთ, ბატონო ექიმო, მეუბნებოდით, თვალი არა აქვს და უნდა გავჭრათო... ლამის შევიშალე. ქალი ძლევამოსილად მიცქეროდა, თვალები უცინოდა. ბავშვი ხელზე წყნარად ეჯდა, ქვეყნიერებას თაფლისფერი თვალებით უცქეროდა. ყვითელი ბუშტის ნასახიც არსად ჰქონდა. "ეს ნამდვილი ჯადოქრობაა..." - გავიფიქრე მისუსტებულმა. მერე, როცა ცოტათი გონს მოვეგე, ქუთუთო ფრთხილად ჩავუწიე. ბავშვი კრუსუნებდა, თავს განზე ეწეოდა, მაგრამ მაინც დავინახე - ლორწოვან გარსზე პატარა ნაიარევი აჩნდა... ჰო-ო... - იმ დღეს აქედან გავედით თუ არა, მაშინვე გაუსკდა... - არ არის საჭირო, ნუ მომიყვებით, - ვუთხარი შემცბარმა, - უკვე მივხვდი. - თქვენ კი ამბობდით, თვალი არა აქვსო... ნახეთ, ამოუვიდა, - ქალმა დამცინავად ჩაიხითხითა. "მივხვდი, ეშმაკმა დალახვროს... ქვემოთა ქუთუთოზე უზარმაზარი ჩირქგროვა განუვითარდა, წამოეზარდა და თვალს მთლიანად გადაეფარა... მერე გასკდა და ჩირქი გადმოიღვარა... მერე თვალი დაუცხრა..." არა, არასოდეს, თუნდაც ძილმორეული, ამაყად აღარ ვიბურტყუნებ, ვერაფრით გამაკვირვებთ-მეთქი. არა. ერთი წელი გავიდა. მეორე წელიც გავა და პირველი წელივით ისიც მოულოდნელობებით აღსავსე იქნება... მაშასადამე, მორჩილად უნდა ვისწავლო.