ბიჭი დათვის ბელს ჰგავდა. გეგონებოდათ, მაიელას რომელიღაც უღრანი მუხნარიდან ჩამოსულაო ბარად. ჰქონდა მოთხუპნული სახე, შუბლზე დაყრილი შავი ჯაგარივით თმა, მრგვალი, პაწია, სუროს ყვავილივით მოყვითალო თვალები, მოუსვენრად რომ დაწრიალებდნენ.
კარგ ამინდში მინდორ-მინდრო დახეტიალობდა. იპარავდა ხილს, კრეფდა ღობეებზე შეფენილ მაყვალს, ესროდა ქვებს მზეზე მთვლემარე ხვლიკებს. პირიდან ჩახლეჩილი, ხრინწიანი ხმა ამოსდიოდა, რომელიც, გაგახსენებდათ აგვისტოს ხვატიან დღეს ჯაჭვით მიბმული ნაგაზის ყმუილს ან არტახებით შეკრული ჩვილის უაზრო ღნავილს. მუნჯი იყო, საწყალი ტოტო !..
ენა ყაჩაღებმა მოაჭრეს. მაშინ იგი ბატონის ძროხებს მწყემსავდა წითელი სამყურათი და ხანჭკოლით მოფენილ დაბლობში. უკრავდა ლერწმის სალამურს და უყურებდა მწვერვალზე თავმოყრილ თალხ ღრუბლებს. თვალს ადევნებდა გარეული იხვების გადაფრენას, ქარიშხალი რომ მიერეკებოდა. ზაფხულის ერთ საღამოს, როცა შიროკო აწვალებდა მუხებს და იისფერ ნისლში ფანტასტიკურად მოჩანდა მაიელა, მოვიდა მორო ორი ყაჩაღის თანხლებით. ყაჩაღებმა ჭრელი ძროხა წაიყვანეს. ტოტომ ყვირილი მორთო. მაშინ მორომ მოაჭრა ენა და სისინით უთხრა: წადი ახლა და ილაპარაკე, ღორის შვილო!
ტოტო ბარბაცითა და ხელების სავსავით დაბრუნდა შინ. სისხლი პირიდან ნაკადულივით მოჩქეფდა. ბიჭი სასწაულებრივად გადარჩა, მაგრამ არასოდეს დავიწყებია მორო. ერთხელ ქუჩაში დაიანახა იგი: ხელშებორკილს სალდათები მიათრევდნენ. ტოტომ ქვა ესროლა ზურგში და დამცინავი ხარხარით გაიქცა.
მერე ძელქვის ქვეშ, ყვითელ ქოხში დატოვა დედა და გახდა ჭუჭყიანი და ფეხშიშველა მაწანწალა. დაძონძილსა და მშიერს ბიჭ-ბუჭები დასცინოდნენ. გაბოროტდა და გაავდა: მზის გულზე წამოწოლილი ნელ-ნელლა წამებით კლავდა ხვლიკებს, ოქროსფერ ხოჭოებს და ტკბებოდა ამით. როცა ქუჩის ბიჭები სასოწარკვეთამდე მიიყვანდნენ, იმ გარეული ტახივით ბდღვნიდა, ძაღლებმმა რომ ალყაში მოაქციეს. გამწარებულმა ბოლოს ერთს მხეცურად სცემა. იმ დღიდან ყველამ თავი დაანება.
იყო ერთი არსება, რომელიც კარგად ექცეოდა მას. კარგი, კალმით დახატული ნინი, გამხდარი, თვალებადქცეული გოგო. ნინის ჭორფლიანი სახე ჰქონდა და ქერა ქოჩორი ეყარა შუბლზე.
პირველად ისინი ერთმანეთს სან-როკოს თაღქვეშ შეხვდნენ. კუთხეში ჩაცუცქული ნინი ხარბად ჭამდა პურის გამხმარ ნატეხს. ცარიელ-ტარიელი ტოტო იდგა, ხარბად უყურებდა და ტუჩებს ილოკავდა.
-გინდა? - წყნარად ჰკითხა გოგომ და მიაპყრო დიდრონი, სექტემბრის ცასავით კრიალა თვალები. - კიდევ მაქვს სხვა ნაჭერიც.
ტოტო ღიმილით მიუახლოვდა და აიღო პურის ნატეხი. ორივე ჩუმად ჭამდა. სამჯერ თუ ოთხჯერ მათი თვალები შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს და გაიღიმეს.
-სადაური ხარ? - ჩაიჩურჩულა ნინიმ.
ბიჭმა ანიშნა, ლაპარაკი არ შემიძლიაო. პირი გააღო და აჩვენა მოშავო ნაგლეჯი ენისა. გოგომ მყისვე მოაცილა თვალები და აუწერელად შეშინებული გვერდზე გაიხედა. ტოტო ნახად შეეხო ნინის მკლავს, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, თითქოს ემუდარებოდა - ნუ მიმატოვებ, ნუ წახვალ, იყავ კეთილიო. მაგრამ პირიდან ისეთი ყმუილი ამოუშვა, საცოდავ ნინის ცახცახი დააწყებინა.
-მშვიდობით! - თქვა გოგომ და გაიქცა.
მერე ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. და-ძმას დაემსგავსნენ. ერთად ისხდნენ მზეზე. ტოტო დებდა თავის დიდ შავ თავს ნინის მუხლებზე და, როცა პატარა გოგოს თითები შეცურდებოდა მის ჯაგარივით თმაში, ბიჭი, როგორც კატა, სიამოვნებისგან ხუჭავდა თვალებს. ნინი სულ ერთიდაიგივე ზღაპარს უყვებოდა ბიჭს, ჯადოქრისა და ხელმწიფის ასულის ლამაზ ზღაპარს.
-იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხელმწიფე, რომელსაც სამი ქალი ჰყავდა. ყველაზე უმცროსს სტელა ერქვა და ოქროს თმები და ალმასის თვალები ჰქონდა. როცა ქუჩაში გაივლიდა, ყველა ამბობდა: აი, ნამდვილი მზეთუნახავიო ! - და მუხლებზე ეცემოდნენ მის წინ. ერთ დღეს სტელა ყვავილებს კრეფდა ბაღში და ხეზე დაინახა ლამაწი მწვანე თუთიყუში..
ტოტოს უნანავებდა ეს ტკბილი ხმა. მერე ნინის ხმა თანდათანობით სუსტდებოდა, ჩუმდებოდა და წყდებოდა.. ძონძების ამ გროვას მზე ახვევდა მცხუნვარე სხივების ტალღაში.
_ _ _
ასე მიდიოდა დღეები: თანაბრად იყოფდნენ მოწყალებას, თვლემდნენ ქვაფენილზე, დახეტიალობდნენ მინდორ-მინდორ, ყურძნით დახუნძლულ ვენახებში.
ტოტო ბედნიერ ჰგავდა: ხანდახან გოგოს კისერზე შეისვამდა და თავგამეტებული გარბოდა, ახტებოდა ორმოებს, ბუჩქებს, ნეხვის გროვას. ბოლოს ნაკვერჩალივით აპილპილებული ჩერდებოდა ხის ქვეშ ან ლერქმიანში და სიცილით კვდებოდა. ნინიც მასთან ერთად იცინოდა. მაგრამ როცა შემთხვევით თვალს მოჰკრავდა, როგორ ხტოდა ტოტოს პირში ენის ნაგლეჯი, ზიზღით გააჟრჟოლებდა და მთელ ტანში ჟრუანტელი უვლიდა.
ხშირად საწყალი მუნჯი ამჩნევდა ამას და მთელი დღე მოწყენილი იყო.
მაგრამ რა მშვენიერი ოქტომბერი იდგა ! შორეული მრუმე მთები მკაფიოდ იხატებოდა ნათელ ფონზე. ყველაფერი თეთრი იყო და მწვანე, გახვეული გამჭვირვალე იისფერ ბურუსში. ნისლი სულ ზევით და ზევით მიიწევდა და კალმით აუწერელი სიმსუბუქით შეერთვოდა ცისიერ ლაჟვარდს. ნინის თივაზე ეძინა. პირი ოდნავ გაეღო. ტოტო ჩაცუცქდა და დაჟინებით დააცქერდა. მათგან რამდენიმე ნაბიჯზე იყო ლერწმის ღობე და ორი ბებერი ფუღუროებიანი ზეთისხილის ხე. ამ მხრიდან, თეთრ ლერწმებსა და ზეთისხილი შავ ფოთლებს შორის ცა კიდევ უფრო ლამაზი ჩანდა. საწყალი მუნჯი ფიქრობდა და ფიქრობდა, ვინ იცის რას. შეიძლება სტელაზე? შეიძლება მოროზე? შეიძლება ყვითელ ფაცხაზე. ძელქვის ქვეშ რომ დატოვა, სადაც ბებერი დედა ქსელს ბეჭავდ და ამაოდ ელის მას? ვინ იცის?
თივის სუნი ათრობდა ბიჭს: ეჩვენებოდა, სისხლში ჭიანჭველები დაცოცავენო, ჟრუანტელი უვლიდა ტანში. შუადღის ალმური იწვევდა სახეებს, ჩვენებებს, უცნაურ სხივმოსილ ლანდებს. ისინი მაშინვე ქრებოდნენ. გინახავთ, როგორ იწვის სათიბი? როგორც კი ცეცხლი შეეხება, გამხმარი წვრილი ღერები აინთება, აწივლდება, დაიგრიხება და ატკაცუნდება.. მერმე რჩება ცივი ნაცარი.. თვალები კი ისევ ინახავს ცეცხლის ბრწყინვალებას.
ნინი მშვიდად სუნთქავდა. თავი ოდნავ უკან გადაეწია. ტოტომ აიღო ჩალის ღერი და კისერში შეუღიტინა. თვალი არ გაუღია, ნინიმ ხელი ისე გაიქნია, თითქოს ბუზი მოიცილაო. მუნჯმა უკან დაიწია და გაიცინა. პირი ხელით დაიფარა, რომ ნინი არ გაეღვიძებინა. მერე წამოხტა, გაიქცა და იქვე ფერდობზე ყვავილები დაკრიფა. გოგოს გარშემო მიმოფანტა. მერე ნინისკენ დაიხარა. გოგოს ცხელი სუნთქვა სახეზე ელამუნებოდა. როგორც მოჯადოებული ნინისკენ იხრებოდა თანდათანობითა და ნელ-ნელა. მერე დახუჭა თვალები და ტუჩებში აკოცა. შეხებამ გოგო გამოაღვიძა. შეშინებულმა წამოიყვირა. მაგრამ ტოტო რომ დაინახა, ჯერ კიდევ თვალდახუჭული და მთლად გაწითლებული, გაიცინა.
-გიჟი! - თქვა ნინიმ და მისი ხმა მანდოლინის წკრიალ ჰგავდა.
ისინი ხშირად მოდიოდნენ აქ და თივაში კოტრიალობდნენ.
_ _ _
ნოემბრის ერთ კვირას, შუადღეზე, ისინი სან-როკოს თაღქვეშ იდგნენ. ცის მოკრიალებული ლაჟვარდიდან მზე სახლებს აფრქვევდა ალერსიან სხივებს. ჰაერში ისმოდა ზარების საზეიმო რეკვა. ქუჩებიდან მოდიოდა გნიასის ხმა, თითქოს უშტი და უშაქრო სკა ზუზუნებსო. იდგნენ მარტონი. ერთ მხარეს იყო გატოს უკაცრიელი ქუჩა, მეორე მხარეს - მოხნული მინდორი, რომელიც ეკიდა წითელი კედლის ნაბზარში.
-მალე დაზამთრდება, - თქვა ჩაფიქრებულმა ნინიმ. მერე დააჩერდა თავის შიშველ ფეხებს და ტანსაცმლის ფერდაკარგულ ძონძებს. - მოთოვს და ყველაფერი გათეთრდება.. არც სახლი გვაქვს და არც ცეცხლი.. შენ რა, დედა აღარა გყავს ცოცხალი?
მუნჯმა თავი ჩაქინდრა. უცბად ისევ ასწია, თვალებში ნაპერწკლები უელავდა. ხელი შორეულ პორიზონტისკენ გაიშვირა.
-არ მომკვდარა? გელოდება?
ტოტომ თავის დაკვრით უპასუხა - ჰო!.. ხელების ქნევით ცდილობდა ეთქვა - წამო ჩემ სახლში იმ მთის ძირას და გექნება ცეცხლი, რძე და პური.
მიდიოდნენ და მიდიოდნენ. დაქანცულნი ჩერდებოდნენ სოფელ-სოფელ, იტანჯებოდნენ შიმშილით, ეძინათ ღია ცის ქვეშ, ბოსლების კარწინ, ურმებქვეშ. ნინი გახდა, ფერი დაკარგა, თვალები ჩაუქრა, ტუჩები დაუფითრდა, პაწია ფეხები დაუსივდა და დაუსისხლიანდა. ამის შემხედვარე ტოტო საშინლად იტანჯებოდა. გაიხადა დაგლეჯილი ჟაკეტი და ნინის ჩააცვა. გზის დიდი ნაწილი ხელში აყვანილი ატარა.
ერთ საღამოს, როცა მილზე მეტი ჰქონდათ გავლილი, ვერსად იპოვეს სახლი. მიწაზე ერთ გოჯზე მეტი თოვლი იყო, კიდევ და კიდევ ცვიოდა ფართო ფანტელები. ჩრდილოეთის ქარი ქროდა. ნინის სიცივესა და სიცხისაგან კბილები უკაწკაწებდა, გველივით იგრიხებოდა ტოტოს ხელებზე. ნინის კვნესა, სასიკვდილო გმინვის რომ მოგაგონებდათ, საცოდავ ტოტოს გულში ბებუთივით ერჭობოდა.
მაგრამ მაინც მიდიოდა. მიდიოდა და გრძნობდა გულის ახლოს ნინის გულის ცემას. მერე აღარაფერი ესმოდა. ნინის პაწია ხელები, ტოტოს კისერზე შემოხვეოდა, გაქვავდა და გამაგრდა როგორც ფოლადი. პატარა თავი გვერდზე გადაეკიდა. ტოტომ ისე დაიბღავლა, გეგონებოდათ გულის ძარღვები დაუწყდაო. უფრო მაგრად ჩაიკრა გულში უსიცოცხლო სხეული და გაიქცა. ქარბუქი ტრიალებდა, ღმუოდა. ტოტო გარბოდა გავეშებული, როგორც მშიერი მგელი. მირბოდა, მირბოდა მანამ, სანამ კუნთები არ გაუქვავდა, სანამ სისხლი არ გაეყინა ძარღვებში. მაშინ იგი პირქვე დაეცა. პატარა გვამი გულში ჰქონდა ჩაკრული.
ისინი თოვლმა ჩაჩუმქრა.
თარგმნა: აკაკი ბაქრაძემ