Litclub.ge

სიყვარულის სიმღერა (მთარგმნელი კოტეტიშვილი ვახუშტი)
ვით დავიოკო სული ისე, რომ იგი შენსას
აღარ შეეხოს არასოდეს? ვით აგარიდო?
სხვა საგნებისკენ ვით წარვმართო იმისი ჟრჟოლა?
ო, როგორ მინდა გადავმალო და სადმე შევსვა,
ქვეშ ამოვუდო რამე საგანს და გავარინდო,
რომ არ შეეხოს მას შენეულ სიღრმეთა თრთოლვა.
მაგრამ ვაი, რომ არ არსებობს შენი და ჩემი
და რაც ორივეს შეგვეხება, ისე ვით ხემი,
რომელსაც ე რ თ ი ხმა ამოჰყავს, ორ სიმს რომ გაკრავს,
მე და შენც ასე შეგვაერთებს სიმღერის გეში
და ვიქნებით მისგან ძლეული,
გადაჭიმულნი ასე ერთად რანაირ საკრავს?
ანდა რომელი მესაკრავის საოცარ ხელში?
ჰანგი გრძნეული.