Litclub.ge

სიმღერა გამარჯვებული სიყვარულისა
გუსტავ ფლობერის ხსოვნას
‘’waga Du zu irren zu traumen!’’ – Schiler (გაბედე შეცოდება ჩაიდინო და იოცნებო! - შილერი)

I
    დაახლოებით მე-16 საუკუნის შუაწლებში ფერარშ (ფერარა მაშინ ჰყვაოდა თავის დიდებულ ჰერცოგთა - ხელოვნებისა და პოეზიის მფარველთა ხელში) ცხოვრობდა ორი ახალგაზრდა კაცი, ფაბიო და მუციო. წლოვანებით ტოლები, ახლო ნათესავები, ისინი თითქმის მუდამ განუყრელად იყვნენ; გულითადი მეგობრობა აკავშირებდათ მათ ადრე ბავშვობიდანვე... ბედის ერთგვარობამ განამტკიცა ეს კავშირი. ორივენი დიდგვაროვან ოჯახს ეკუთვნოდნენ. მდიდრები, დამოუკიდებელნი და უცოლშვილონი იყვნენ. გემოვნებაც და მიდრეკილებაც ორივეს მსგავსი ჰქონდათ. მუციო მუსიკას სწავლობდა, ფაბიო - ფერწერას. ისინი საჰერცოგო კარის, საზოგადოებისა და ქალაქის მშვენებას შეადგენდნენ და მთელი ფერარა ამაყობდა ამით. თუმცა გარეგნობით ერთმანეთს არა ჰგავდნენ, მაგრამ ორთავე მოხდენილი ახალგაზრდული სილამაზით გამოირჩეოდა: ფაბიო ტანად უფრო მაღალი იყო, თეთრი, ქერათმიანი და ცისფერთვალება; მუციო, პირიქით, შავგრემანი, შავთმიანი, მას მუქ თაფლისფერ თვალებში არ უბრწყინავდა ისეთი სიხარული და ტუჩებზე არ უკრთოდა ისეთი ალერსიანი ღიმი, როგორც ფაბიოს; სქელი წარბები ჩრდილავდა მუციოს ვიწრო ქუთუთოებს; ფაბიოს სუფთა და გადატკეცილ შუბლზე კი მშვილდივით გადასჭიმოდა ოქროსფერი წარბები. მუციო საუბარში ნაკლებ ცოცხალი იყო. ყოველივე ამით ორივე მეგობარი ერთნაირად მოსწონდათ ქალებს; ისინი ამაოდ როდი ითვლებოდნენ რაინდული თავაზიანობისა და ხელგაშლილობის ნიმუშად.
   იმ ხანებში ფერარაში ცხოვრობდა ერთი ქალიშვილი, სახელად ვალერია; ის ერთ-ერთ ულამაზეს ქალად ითვლებოდა ამ ქალაქში, თუმცა, მისი ნახვა იშვიათად შეიძლებოდა, მისი განმარტოებული ცხოვრების გამო. სახლიდან მხოლოდ ეკლესიაში გამოდიოდა, ხოლო დიდ დღესასწაულებზე სეირნობდა. ცხოვრობდა დედასთან, კეთილშობილ, მაგრამ ხელმოკლე ქვრივთან, რომელსაც მის მეტი შვილი არა ჰყავდა. ვალერია, ვისაც კი შეხვდებოდა, ყველაში უნებლიე განცვიფრებისა და ასეთივე უნებლიე ნაზი პატივისცემის გრძნობას იწვევდა ხოლმე; მას ისე თავმდაბლად ეჭირა თავი, თითქოს ვერც კი გრძნობდა თავისი სიმშვენიერის მთელ ძალას. ოდნავ ფერმკრთალი იყო. თითქმის მუდამ ძირს დახრილი მისი თვალები რაღაც მოკრძალებას და შიშსაც გამოხატავდნენ, პირზე იშვიათად უკრთოდა ღიმი და მაშინაც ოდნავ გაიღიმებდა. მისი ხმა ძნელად თუ ვინმეს გაეგონა, მაგრამ ამბობდნენ, საუცხოო ხმა აქვსო და დილაადრიან, როცა ქალაქში ჯერ კიდევ ყველაფერი თვლემდა, თავის ოთახში ჩაკეტილს თურმე უყვარდა ძველი ჰანგების დაკვრა-დამღერება ბარბიოზე. მიუხედავად ფერმკრთალი სახისა, ვალერია სიცოცხლით სავსე იყო. მის დანახვაზე მოხუცებსაც კი არ შეიძლებოდა არ გაეფიქრა: - ოჰ, რა ბედნიერი იქნება ის ჭაბუკი, ვისთვისაც გადიშლება ბოლოს ეს ჯერ კიდევ კოკრად შეკრული, ხელშეუხებელი და უმწიკლო ყვავილიო!

II
   ფაბიომ და მუციომ ვალერია პირველად ნახეს სახელგანთქმული ლუკრეცია ბორჯიოს ვაჟიშვილის, ფერარას ჰერცოგის, ერკოლეს ბრძანებით მოწყობილ მდიდრულ სახალხო ზეიმზე. ეს ზეიმი მოეწყო ჰერცხოგის მეუღლის მოწვევით პარიზიდან ჩამოსულ წარჩინებულ დიდკაცთა პატივსაცემად; ჰერცოგის მეუღლე საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო XII ასული იყო. ფერარას მთავარ მოედანზე, ქალაქის საპაიო ქალთათვის პალადიუსის ნახატის მიხედვით აგებული ლამაზი ტრიბუნის შუაში, დედის გვერდით იჯდა ვალერია. ორივეს - ფაბიოს და მუციოს იმ დღესვე თავდავიწყებამდე შეუყვარდათ იგი და, რაკი ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ, მაშინვე თითოეულმა გაიგო, თუ რაც ხდებოდა ამხანაგის გულში. მათ ასეთი პირობა დადეს : ორივე შეეცადოს ვალერიასთან დაახლოებას და თუ ის ღირსაც სცნობს და რომელიმე მათგანს ამოირჩევს, მაშინ მეორე უყოყმანოდ დაემორჩილება ქალის გადაწყვეტილებას. რამდენიმე კკვირის შემდეგ იმ უმწიკვლო სახელის წყალობით, რომლითაც ისინი სამართლიანად სარგებლობდნენ, მოახერხეს კიდეც შესვლა ქვრივის სახლში, რომლის კარი ყველასთვის არ იყო ღია; ქვრივმა მათ ვალერიას ნახვის ნება დართო. ამის შემდეგ თითქმის ყოველდღე ნახულობდნენ ვალერიას,  საუბრობდნენ მასთან და ორივე ჭაბუკის გულში დანთებული ცეცხლი დღითი დღე უფრო ჩაღდებოდა; მაგრამ ვალერია არც ერთ არ ანიჭებდა უპირატესობად, თუმცა კი ეტყობოდა, მათი იქ ყოფნა სიამოვნებდა. მუციოსთან იგი მუსიკით ერთობოდა; სამაგიეროდ ფაბიოსთან მეტს საუბრობდა და ნაკლებ მორცხვობდა კიდეც. ბოლოს ფაბიომ და მუციომ გადაწყვიტეს გაეგოთ თავიანთი ბედი და ვალერიას გაუგზავნეს წერილი, სადაც სთხოვდნენ, გაემჟღავნებინა, ვის მისცემდა თავის ხელს. ეს წერილი ვალერიამ დედა უჩვენა, თან მოახსენა, რომ თუმცა მზადაა ქალწულად დარჩეს, მაგრამ თუ დედა ჰგონია, რომ მისი გათხოვების დრო დადგა, ცოლად იმას გაჰყვება, ვისზედაც დედის არჩევანი მიუთითებს. დარბაისელ ქვრივს ცრემლები გადმოსცვივდა, როცა საყვარელ შვილთან განშორება წარმოიდგინა; მაგრამ არ არსებობდა მიზეზი, რომ არ საქმროებისთვის უარი ეთქვა. თანაც ორივე ერთნაირად თავისი ქალიშვილის ხელის ღირსად მიაჩნდა, მაგრამ გულში კი ფაბიო უფრო მოსწონდა. და რაკი ფიქრობდა, ვალერიასაც ის უფრო მოსწონსო, მასზე მიუთითა. ფაბიომ მეორე დღესვე შეიტყო თავისი ბედნიერების ამბავი; მუციოს კი ისღა დარჩა, თავისი სიტყვა არ გაეტეხა და ბედს დამორჩილებოდა.
      ასეც მოიქცა, მაგრამ ვერ შეძლო მოწმე ყოფილიყო თავისი მეგობრისა და მეტოქის ზეიმისა, სასწრაფოდ გაყიდა დიდი ნაწილი თავისი ქონებისა, მოაგროვა რამდენიმე ათასი დუკატი და გაემართა შორეულ მოგზაურობაში, აღმოსავლეთისაკენ. გამომშვიდობების დროს ფაბიოს უთხრა: დავბრუნდები მხოლოდ მაშინ, როცა ვიგრძნობ, რომ ჩემში სიყვარულის კვალიც კი გაქრაო. ფაბიოსთვის სამძიმო იყო ბავშვობის და ჭაბუკობის მეგობრათან განშორება... მაგრამ მოახლოებული ნეტარების მოლოდინმა მალე დაავიწყა ყველა სხვა გრძნობდა და მთელი არსებით მიეცა დაგვირგვინებული სიყვარულის სიამეს.
    ფაბიომ მალე იქორწინა ვალერიაზე და მხოლოდ მაშინ გაიგო მთელი ფასი იმ საუნჯისა, რომელიც ბედმა არგუნა წილად. ფერარას მახლობლად ფაბიოს მშვენიერი ვილლა ჰქონდა, ჩრდილოვანი ბაღით გარშემორტყმული; იქ გადავიდა საცხოვრებლად ცოლითა და სიდედრით. სანეტარო დრო დადგა მაშინ მათთვის. ერთად ცოვრებამ ახალ წარმტაც ფერებში გამოამჟღავნა ვალერიას სრულქმნილი ბუნება; ფაბიო თანდათან შესანიშნავი მხატვარი დადგა - არა უბრალოდ მოყვარული, არამედ ნამდვილი ოსტატი. გახარებული ვალერიას დედა ღმერთს მადლობას სწირავდა ამ ბედნიერი წყვილის შეხვედრაზე. ოთხი წელი შეუმჩნევლად გაფრინდა ნეტარი სიზმარივით. ერთი რამ აკლდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, მათ მხოლოდ ერთი რამ აწუხებდათ: შვილი არ ჰყავდათ... მაგრამ იმედს მაინც არ კარგავდნენ. მეოთხე წლის ბოლოს მათ მართლა დიდი და ნამდვილი უბედურება დაატყდათ: რამდენიმე დღის ავადმყოფობის შემდეგ ვალერიას დედა გარდაიცვალა.
   ბევრი ცრემლი დაღვარა მაშინ ვალერიამ; დიდხანს ვერ შეეჩვია დედის დაკარგვას, მაგრამ გავიდა კიდევ ერთი წელი, ცხოვრებამ თავისი გაიტანა და კვლავ ჩადგა წინანდელ კალაპოტში. და აი, ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს ყველასთვის მოულოდნელად ფერარაში მუციო დაბრუნდა



III
    მუციოს წასვლიდან მთელი ხუთი წლის განმავლობაში მისი ამბავი არავინ იცოდა. მიწყდა ყოველგვარი ხმები მის შესახებ, თითქოს მიწამ პირი უყოო. როდესაც ფაბიო თავის მეგობარს ფერარარ ერთ-ერთ ქუჩაში შეხვდა, კინაღამ შეჰყვირა ჯერ ელდისა, მერე კი სიხარულისაგან და მაშინვე თავის ვილლაში მიიწვია. ფაბიოს ბაღში ცალკე ჰქონდა ფართო პავილიონი და მეგობარს საცხოვრებლად ეს პავილიონი შესთავაზა. მუციო ხალისით დაეთანხმა და იმავე დღეს გადავიდა იქ თავისი მუნჯი, მხოლოდ არა ყრუ და, ცოცხალი გამომეტყველების მიხედვით, საზრიანი მალაელი მოსამსახურით... მალაელს ენა მოჭრილი ჰქონდა. მუციომ თან მოიტანა ხანგრძლივ მოგზაურობაში დაგროვილი სხვადასხვა ძვირფასეულობით გაჭედილი ათი სკივრი. ვალერიას გაეხარდა მუციოს დაბრუნება, მუციოც მეგობრული სიხარულით, მაგრამ მშვიდად მიესალმა მას: ყველაფერში ეტყობოდა, რომ მუციოს ფაბიოსათვის მიცემული სიტყვა არ გაეტეხა, იგი ერთ დღეში კიდეც მოეწყო პავილიონში, მალაელის დახმარებით ამოალაგა ჩამოტანილი იშვიათი ნოხები, აბრეშუმის ქსოვილები, ხავერდისა და ფარჩის ტანსაცმელი, იარაღები, მინანქრიანი ჯამები, ლანგრები და თასები, მარგალიტითა და ფირუზით შემკული ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ქარვისა და სპილოს ძვლისგან გამოჩუქურთმებული ყუთები, თლილი სურები, სხვადასხვა სანელებელი, სხვადასხვა საკმეველი, ნადირთა ტყავები, უცხო დანიშნულების მქონე საგნები. ამ ძვირფასეულობაში ერია ერთი მდიდრული მარგალიტის გულქანდა, რომელიც მუციოს თურმე სპარსეთის შაჰისგან მიეღო რაღაც დიდი და ფარული სამსახურის სანაზღაუროდ. მან ვალერიას თხოვა, ნება მიბოძეთ ჩემი ხელით ყელზე ჩამოგკიდოთ ეს გულქანდიო. ქალს გულქანდა მძიმე და უცნაურად თბილი ეჩვენა, თითქოს ზედ დააკვდა მის კანს. ნასადილევს, საღამო ხანს, ტერასაზე მუციო იჯდა ოლეანდრისა და დაფნის ჩრდილში და ჰყვებოდა თავის თავგადასავალს; ლაპარაკობდა შორეულ მხარეში ნახულ ცადაწვდილ მთებზე, უწყლო უდაბნოებზე, ზღვის მსგავს მდინარეებზე, უზარმაზარ შენობებსა და ტაძრებზე; დაასახელა კიდეც ნახული ქალაქები და ხალხი.. ჯერ მარტო მათ სახლებშიც კი რაღაც ზღაპრული გამოსჭვიოდა. მუციოსათვის მთელი აღმოსავლეთი ნაცნობი იყო: მან მოიარა ირანი და არაბეთი, სადაც ცხენები ყველა ცოცხალ არსებაზე უფრო ლამაზნი და კეთილშობილნი არიან, მიაღწია ინდოეთის შუაგულს, სადაც ადამიანთა მოდგმა ბუმბერაზ მცენარეთა მსგავსია, მივიდა ჩინეთისა და ტიბეტის საზღვრამდე, სადაც ცოცხალ ღმერთს, დალაილამას, ვიწროთვალება მდუმარე ადამიანის სახით მოვლენილს,დედამიწაზე დაედვა ბინა. საოცარი რამ იყო მუციოს ნაამბობი ! მოჯადოებულებივით უსმენდნენ მას ვალერია და ფაბიო. თვით მუციოს სახის ნაკვთები ოდნავ შეცვლოდა: მისი ისედაც შავგრემანი სახე კაშკაშა მზის სხივებს დაეწვა და კიდევ უფრო გაეშავებინა, თვალები წინანდელზე უფრო ჩაღრმავებოდა; ეს იყო და ეს. მაგრამ სახის გამომეტყველება კი იმ საფრთხეთა მოგონებაზეც კი არ დაეტყო, რაც მას ღამით ვეფხთა ღმუილით გაყრუებულ ტყეში ელოდა, ან დღისით იმ უკაცრიელ გზებზე, სადაც მგზავრებს ფანატიკოსები დარაჯობდნენ, რათა ისინი დაეხრჩოთ ადამიანთა მსხვერპლის მომთხოვნი რკინის ქალღმერთის პატივსაცემად. ტანი მოძრაობას დაკარგოდა იტალიელთა მოდგმისთვის დამახასიათებელი სითამამე, თავისი მომსახურის, მლიქვნელი და მკვირცხლი მალაელის დახმარებით მას თავის მასპინძლებს უჩვენა რამდენიმე ოინი, რაც ინდოეთის ბრამინებმა შეასწავლეს. ასე, მაგალითად: ფარდის წინასწარ ჩამოფარების შემდეგ იგი ერთბაშას გამოჩნდა ჰაერში ფეხმორთხმული, თითების წვერებით ოდნავ დაყრდნობილი შვეულად დადგმულ ბამბუკის ჯოხზე; ამან ძალზე გააკვირვა ფაბიო, ხოლო ვალერია შეაშინა კიდეც, ‘’ჯადოსანი ხომ არ გამხდარაო?’’ - გაიფიქრა მან. როცა მუციომ, პატარა ფლეიტაზე სტვენით, თავდახურული კალათიდან მოშინაურებული გველები გამოიწვია და ჭრელი ქსოვილიდან ნესტარის რხევით გამოჩნდა მათი შავი, ბრტყელი თავები, ვალერიას თავზარი დაეცა და მუციოს თხოვა, საჩქაროდ დაემალა ეს საძაგელი არსებანი. ვახშამზე მუციო თავის მეგობრებს მრგვალი, მაღალყელიანი სურიდან შირიზის ღვინით გაუმასპინძლდა; მეტად სურნელოვანი, სქელი, მომწვანო - ოქროსფერი ჭვინო, ეშმის ქვის პაწაწა ფიალებში ჩასხმული, უცნაურად ბრწყინავდა. გემოთი ევროპულ ღვინოებს არ ჰგავდა; ეს ტკბილი, ცხარე გემოს სასმელი, პატარ-პატარა ყლუპებით ნელ-ნელა შესმული, მთელ სხეულში მოთენთილობის საამო გრძნობას ბადებდა; მუციომ აიძულა ფაბიო და ვალერია დაეცალათ თითო-თითო ფიალა და თვითონაც დალია. ვალერიას ფინჯანზე მან რაღაც წაიბუტბუტა, თითებით თითქოს შეულოცა. ეს შეამჩნია ვალერიამ, მაგრამ რაკი მუციოს მოქმედებაში, მთელ მის საქციელში რაღაც უცხო და არნახული რამ ელანდებოდა, მან მხოლოდ გაიფიქრა: ‘’ ხომ არ მიიღო ინდოეთში რაიმე ახალი სარწმუნოება, ან ჩვეულებრივ ხომ არა აქვთ იქ ასეთი რამეო?’’ ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ვალერიამ ჰკითხა მუციოს, აგრძელებდა თუ არა მოგზაურობის დროს მუსიკის სწავლას? პასუხად მუციომ მალაელს უბრძანა, მოეტანა მისი ინდური ვიოლინო. იგი თითქოს ახლანდელ ვიოლინოებსა ჰგავდა; მხოლოდ ოთხი სიმის ნაცვლად სამი ჰქონდა, ზემოდან ეკრა მოცისფრო გველის ტყავი, ხოლო მისი ნახევრად მრგვალი, წვრილი ბამბუკის ქამანის ბოლოზე წაწვეტილი ალმასი ბრწყინავდა.
     მუციომ პირველად რამდენიმე ნაღვლიანი, მისი სიტყვით, ხალხური სიმღერა დაუკრა, რაც იტალიელის ყურისათვის უცნაური და ველურიც კი იყო. ლითონის სიმები სუსტ და შესაბრალის ხმას გამოსცემდნენ. მაგრამ როცა მუციომ დაიწყო უკანასკნელი სიმღერა, მაშინ თვით ეს ხმა უეცრად გაძლიერდა, ათრთოლდა, აჟღერდა ძალუმად და ვნებიანი მელოდია არაკრაკდა ლაღად მოქნეული ქამანის ქვეშ ; არაკრაკდა, ლამაზად დაიკლაკნა,  როგორც ის გველი, რომლის ტყავიც ვიოლინოს ზედაპირს ეკრა; ისეთი გალაღებული სიხარულით ბრწყინავდა, ისეთი გზნებით და ცეცხლით იწვოდა ეს მელოდია, რომ ფაბიოსა და ვალერიას გული დაუმძიმდათ და თვალებზე ცრემლი მოადგათ. ხოლო წარბებშეკრულად, ღაწვებგაფითრებულ მუციოს ვიოლინოზე თავი დაედო და უფრო ჩაფიქრებული, სერიოზული ჩანდა. ქამანის ბოლოზე მოელვარე ალმასიც, თითქოს ამ ჯადოსნური სიმღერის ცეცხლით ანთებული, ყოველ მოსმაზე ელვარე ნაპეწკლებს ისროდა.  მუციომ დაამთავრა და, თუმცა ვიოლინო ჯერ კიდევ ნიკაპით ეკავა, მას ჩამოუვარდა ხელი, რომელშიც ქამანი ეჭირა. ‘’რა არის ეს? რა დაგივარდა?’’ შესძახა ფაბიომ. ვალერიას სიტყვა არ უთქვამს, მაგრამ, ეტყობოდა, მთელი არსებით გაიმეორა ქმრის შეკითხვა.  მუციომ ვიოლინო მაგიდაზე დადო, თავი ოდნავ შეარხია და თავაზიანი ღიმილით წარმოთქვა: ‘’ეს? ეს მელოდია.. ეს სიმღერა მე მოვისმინე ერთხელ კუნძულ ცეილონზე. ეს სიმღერა იქაურ ხალხში ბედნიერი, დაკმაყოფილებული სიყვარულის სიმღერადაა ცნობილი.’’ ‘’გაიმეორე’’, - წაიჩურჩულა ფაბიომ. ‘’არა, ამის გამეორება არ შეიძლება, - უპასუხა მუციომ, - უკვე გვიანია, სინიორა ვალერიას დასვენება ესაჭიროება; და ჩემი წასვლის დროც არის... დავიღალე.’’  მთელი დღის განმავლობაში მუციო უბრალოდ, მოწიწებით ეპყრობოდა ვალერიას, როგორც დიდი ხნის მეგობარი; მაგრამ წასვლისას მაგრად ჩამოართვა ქალს ხელი, ხელის გულზე თითები დააჭირა და ისე დაჟინებით ჩახედა სახეში, რომ ...თუმცა ვალერიას ზევით არ აუხედავს, მაინც იგრძნო ეს შეხედვა თავის უეცრრად ალეწილ ლოყებზე . ქალს არაფერი უთქვამს მუციოსთვის, მხოლოდ ხელი გამოგლიჯა, ხოლო როცა მუციო განშორდა, შეხედა იმ კარს, საიდანაც იგი გავიდა. ვალერიას გაახსენდა, - უწინად როგორ ეშინოდა მუციოსი... ახლაც საგონებელში ჩავარდა. მუციო თავისი პავილიონისკენ გაემართა. ცოლ-ქმარი საწოლი ოთახისკენ წავიდა. 


IV
    ვალერიას დიდხანს არ დაეძინა. სისხლი ნელა, დუნედ უღელავდა, თავიც უბრუოდა.. შეიძლება, როგორც თვითონ ფიქრობდა, იმ უცნაური ღვინის ბრალი იყო, ან შეიძლება მუციოს ნაამბობმა ან მისმა ვიოლინომ გამოიწვია ეს. განთიადისას ძლივს ჩაეძინა და საოცარი სიზმარი ნახა. 
   მოეჩვენა, თითქოს დაბალთაღიან განიერ ოთახში შედის.. ასეთი ოთახი არასოდეს არ ენახა. მთელი კედლები მოფენილი იყო პატარ-პატარა ცისფერი, ოქროსარშიიანი შორენკეცებით. მარმარილოს თაღს შებჯენოდა ალებასტრის თლილი სვეტები; ეს სვეტები და თახი ნახევრად გამჭვირვალე მოჩანდა... მკრთალი ვარდისფერი სინათლე ყოველი მხრიდან იჭრებოდა ოთახში და ყოველივეს ერთფეროვან, იდუმალ შუქს ჰფენდა;  სარკესავით სწორი იატაკის შუა ვიწრო ნოხზე ფარჩის ბალიშები ეწყო. კუთხეში მსუბუქი ბოლი ადიოდა საშინელი მხეცების გამომსახველ სასაკმევლებს; ფანჯრები არ იყო. ხავერდჩამოფარებული მდუმარე კარი შავად მოჩანდა ჩაღრმავებულ კედელში. უცებ წყნარად გადაიწია ფარდა... შემოვიდა მაციო. თავი დაუკრა, მოსახვევად გაშალა ხელები, გაიცინა. მისი მაგარი ხელები შემოეხვია ვალერიას ტანს; მუციოს მშრალი ტუჩების შეხებამ დასწვა ქალი... და ვალერია გულაღმა დაეცა ბალიშზე..
    საშინელი კვნესით, დიდი ტანჯვით გამოეღვიძა ვალერიას, ვერ გამოერკვა სად იყო, რა დაემართა; წამოიწია საწოლიდან, მიიხედ-მოიხედა, მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა.. მის გვერდით ფაბიო იწვა , ეძინა; მაგრამ მის სახეს კაშკაშა მთვარის მკვდრისფერი ედო. სახე მკვდარზე უფრო ნაღვლიანი ჰქონდა... ვალერიამ ქმარი გააღვიძა. ფაბიომ შეხხედა თუ არა ქალს, შესძახა: ‘’რა დაგემართა?’’ ‘’ მე.. მე საშინელი სიზმარი ვნახე’’, - წაიჩურჩულა ვალერიამ, რომელიც ჯერ კიდევ ცახცახებდა...
   იმავე წუთს პავილიონიდან მოისმა ძლიერი ხმა. ორივემ, ფაბიომ და ვალერიამ, იცნეს მელოდია, რომელიც მუციომ მათთან დაუკრა და დაკმაყოფილებული, გამარჯვებული სიყვარულის სიმღერა უწოდა. ფაბიომ გაოცებით შეხედა ვალერიას... ქალმა თვალები დახუჭა, შებრუნდა - და სულგანაბულებმა ბოლომდე მოისმინე სიმღერა. როდესაც მიწყდა უკანასკნელი ბგერა, მთვარე ღრუბლებს მოეფარა და ოთახშიც უეცრად დაბნელდა. ცოლ-ქმარმა ხმაამოუღებლივ ბალიშზე დაუშვა თავი და ვერც ერთმა ვერ შენიშნა, როდის ჩაეძინა მეორეს.

V
     მეორე დილით მუციო საუზმეზე მოვიდა; კმაყოფილი ჩანდა და ვალერიას მხიარულად მიესალმა. ქალმა სალამზე აბნეულად უპასუხა - მერე თვალი შეავლო; საშინლად იმოქმედა მასზე ამ კმაყოფილმა, მხიარულმა სახემ და გამგმირავმა, ცნობისმოყვარე თვალებმა. მუციომ კვლავ დააპირა თავისი თავგადასავლის ამბის გაგრძელება.. მაგრამ ფაბიომ პირველ სიტყვაზევე შეაწყვეტინა.
- გეტყობა, ვერ შესძელი ახალ ადგილზე დაძინება? მე და ვალერია გისმენდით, როგორ უკრავდი გუშინდელ სიმღერას.
- ჰო? მისმენდით? - ჰკითხა მუციომ. - მართალია, დავუკარი, მაგრამ იმის წინ კი მეძინა და საოცარი სიზმარი ვნახე.
   ვალერია შეკრთა. - რა სიზმარი? - ჰკითხა ფაბიომ.
- მე ამესიზმრა, - მიუგო ვალერიაზე თვალებმიპყრობილმა მუციომ, - ვითომ განიერ, აღმოსავლურად მორთულ, თაღებიან ოთახში შევდივარ; თლილი სვეტები შებჯენოდა თაღს; კედლებს შორენკეცი ფარავდა; და თუმცა არც ფანჯარა და არც სანთელი არ იყო, მაინც მთელ ოთახს ვარდისფერი სინათლე ავსებდა, თითქოს იგი გამჭვირვალე ქვებისგან ყოფილიყო ნაგები. კუთხეში ჩინური სასაკმევლები ბოლავდა. იატაკზე, ვიწრო ნოხზე ფარჩის ბალიშები ეწყო. მე შევედი ფარდაჩამოფარებულ კარში, მოპირდაპირე კარში გამოჩნდა ის ქალი, რომელიც ოდესღაც მიყვარდა;  იგი იმდენად მშვენიერი მოჩანდა, რომ მთლად ავენთე ძველი სიყვარულით.. მუციო ორაზროვნად გაჩუმდა. ვალერია გაუნძრევლად იჯდა, მხოლოდ თანდათან ფითრდებოდა და უფრო და უფრო ღრმად სუნთქავდა.
- მაშინ გამომეღვიძა და დავუკარი ის სიმღერა, - განაგრძო მუციომ.
- ვინ იყო ის ქალი? - ჰკითხა ფაბიომ.
- ვინ იყო? ერთი ინდოელის ცოლი. მე მას ქალაქ დელში შევხვდი. ახლა ის ქალი ცოცხალი აღარაა. გარდაიცვალა.
- ქმარი? - ჰკითხა ფაბიომ, თუმცა თვითონაც არ იცოდა, რატომ იკითხა ეს.
- ამბობენ, ქმარიც გარდაიცვალაო. ისინი მალე მიმეფარნენ თვალიდან.
- საოცარია! - შენიშნა ფაბიომ, - ჩემმა მეუღლემაც ნახა არაჩვეულებრივი სიზმარი - (მუციო დააშტერდა ვალერიას), - რომელიც მე არ მიამბო, - დაუმატა ფაბიომ.
      მაგრამ ვალერია მაშინვე ადგა და ოთახიდან გავიდა. საუზმის შემდეგ მუციოც წავიდა; ფერარაში საქმეები მაქვს და საღამომდე აღარ დავბრუნდებიო, - განაცხადა მან.


VI
   რამდენიმე კვირით ადრე მუციოს დაბრუნებამდე ფაბიომ დაიწყო თავისი ცოლის პორტრეტი, რომელშიაც უნდოდა იგი წმინდა ცეცილიას ატრიბუტებით გამოეხატა. მან თავისი ოსტატობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა; ლეონარდო და ვინჩის მოწაფე, სახელგანთქმული ლუინი ჩამოვიდა მსთან ფერარაში, - თავადაც მისცა რჩევა-დარიგება და თან თავისი დიდი მასწავლებლის დარიგებანიც გაუზიარა.  პორტრეტი თითქმის მთლიანად დამთავრებული იყო; მხოლოს სახეს აკლდა რამდენიმე ხაზი და მერე ფაბიოს სამართლიანად შეეძლო ეამაყა თავისი ქმნილებით. მუციოს ფერარაში გასტუმრებისთანავე ფაბიო გეშურა სტუდიაში, სადაც ჩვეულებრივ ვალერია ელოდებოდა ხოლმე; მაგრამ ახლა იქ არ დახვდა; დაუძახა. ხმა არავინს გასცა. ფაბიო ფარუმლა შიშმა აიტანა, დაუწყო ქალს ძებნა. სახლში ვერ ნახა. ბოლოს ბაღში გაიქცა - და იქ ერთ-ერთ მივარდნილ ხეივანში ვალერია დაინახა. ქალი თავჩაღუნული იჯდა სკამზე, მუხლებზე ჯვარედინად დაეწყო ხელები, ხოლო მის უკან კვიპაროსის მუქ მწვანეთში გამოირჩეოდა მარმარილოს სატირი, ნიშნისმომგები ღიმილით დაღმეჭილი სახით ; იგი წაწვეტილი ტუჩებით სალამურს უკრავდა. ვალერიას გაეხარდა ქმრის დანახვა; მის შეშფოთებულ კითხვებზე ქალმა უპასუხა, ცოტათი თავი მტკივა, მაგრამ არა უშავს, სეანსზე ახლავე წამოგყვებიო. ფაბიომ იგი სტუდიაში შეიყვანა, დასვა, ფუნჯს მოჰკიდა ხელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერასგზით ევრ დაამთავრა სახე ისე, როგორც მას სურდა. განა იმირომ, რომ ვალერია ოდნავ გაფითრებული იყო და დაღლილი ჩანდა... არა, ის სპეტაკი, წმინდა გამომეტყველება, რომელიც ისე ძალიან მოსწონდა ფაბიოს და რამაც იგი ამ აზრამდე მიიყვანა, რომ ვალერია წმინდა ცეცილიას სახით დაეტახა, დღეს ვერ იპოვა. ბოლოს მან გადააგდო ფუნჯი, ცოლს უთხრა, მუშაობა არ შემიძლია და არც შენთვის იქნება ურიგო წამოწვე, რადგან გეტყობა, სავსებით ჯანსაღად არ უნდა იყოო, და მოლბერტი კედლისკენ მიაბრუნა. ვალერიაც დაეთანხმა, დასვენება მჭირდებაო, ისევ შესჩივლა თავის ტკივილი და საწოლი ოთახისკენ წავიდა.
   ფაბიო სტუდიაში დარჩა. იგი რაღაც გაუგებარ, საოცარ შეშფოთებას გრძნობდა. მუციოს ყოფნა მის ჭერქვეშ ფაბიოს ავიწროებდა, თუმცა თვით მან დაპატიჟა იგი. იმიტომ კი არა, რომ ეჭვიანობდა.. განა შეიძლებოდა ავლერიაზე ეჭვის მიტანა! მაგრამ თავის მეგობარში ვეღაც ცნობდა ძველ ამხანაგს. ყველა იმ უცნაურმა, გაუგებარმა ახალმა რამ, რაც მუციოს ჩამოჰყვა შორეული ქვეყნებიდან - და რაც, ჩანდა, სისხლ-ხორცში ჰქონდა გამჯდარი, ყველა ამ ჯადოსნურმა ქცევებმა, სიმღერებმა, უცნაურმა სასმელებმა, ამ მუნჯმა მალაელმა, თვით იმ ცხარე სურნელებამ, რომელიც მუციოს ტანსაცმელს, თმასა და სუნთქვასაც კი ასდიოდა, ფაბიოში აღძრა უნდობლობისა და თითქმის შიშის გრძნობაც.  ან ეს მალაელი სუფრაზე მომსახურების დროს რატომ არასასიამოვნო ყურადღებით უცქერის მას, ფაბიოს? ვინმეს მართლაც შეეძლო ეფიქრა, მას იტალიური ენა ესმისო. მუციომ თქვა, ენის დაკარგვით მალაელმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო და ამიტომ ახლა დიდ ძალას ფლობსო. რა ძალას? ან როგორ შეძლო მან ენის ფასად შეეძინა ეს ძალა? ყველაფერი ეს ძალზე უცნაურია, ძალზე გაუგებარი !  ფაბიო საწოლ ოთახში შევიდა ცოლთან; ვალერია ტანგაუხდელი იწვა ლოგინში, მაგრამ არ ეძინა. ფაბიოს ფეხის ხმის გაგონებაზე შეკრთა, შემდეგ ისევე როგორც ბაღში, კვლავ გაუხარდა ქმრის დანახვა. ფაბიო დაჯდა საწოლთან, ვალერიას ხელი აიღო და ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ჰკითხა: რა საოცარმა სიზმარმა შეგაშინა წუხელის? ხომ არ ჰგავდა შენი სიზმარი მუციოს ნაამბობ სიზმარს? ვალერია გაწითლდა და სწრაფად უპასუხა: - ო, არა! არა! მე ვნახე.. რაღაცნაირი ურჩხული, რომელიც ჩემს გაგლეჯას ლამობდა. - ურჩხული? ადამიანის მსგავსი? - ჰკითხა ფაბიომ. - არა, მხეცის.. მხეცის! - ვალერია შებრუნდა და ალეწილი სახე ბალიშში ჩამალა. ფაბიოს ცოტა ხანს კიდევ ეკავა ცოლის ხელი, მერე უხმოდ მიიტანა ტუჩებთან - და წავიდა.
   მოწყენილად გაატარა ცოლ-ქმარმა ეს დღე. მათ თითქმის რაღაცა ბნელი, გაურკვეველი დააწვა თავზე... მაგრამ რა იყო ეს, ვერ გაეგოთ. თითქოს საფრთხე მოელითო, სულ ერთად ყოფნა უნდოდათ, სასაუბრო მასალა კი ვერ მოეძებნათ. ფაბიო შეეცადა პორტრეტზე ემუშავა, წაეკითხა არიოსტოს პოემა, რომელიც ის იყო გამოქვეყნდა ფერარაში და უკვე მთელ იტალიაში ქუხდა; მაგრამ არაფერი გამოუვიდა.. მუციო გვიან საღამოს ვახშმობისას დაბრუნდა.


VII
    მუციო დამშვიდებული და კმაყოფილი ჩანდა, მაგრამ ბევრი არაფერი უამბია; მეტწილად ფაბიოს ძველი საერთო ნაცნობების, გერმანიის ლაშქრობებისა და იმპერატორ კარლოსის ამბავს ეკითხებოდა; გამოთქვა სურვილი, რომში გავემგზავრები ახალი პაპის სანახავადო. მან კვლავ შესთავაზა ვალერიას შირაზის ღვინო და როცა ამ უკანასკნელმა უარი თქვა, თითქო თავისთვის ჩაილაპარაკა: ‘’ახლა უკვე საჭირო არც არის’’. ფაბიო ცოლთან ერთად საწოლ ოთახში დაბრუნდა და მალე ჩაეძინა... ერთი საათის შემდეგ გამოღვიძებულმა დაინახა, რომ მის გვერდით არავინ იწვა: ვალერია არ იყო მასთან. ფაბიო სწრაფად წამოდგა და იმ წამსვე დაინახა, რომ მის ცოლს ღამის ტანისამოსი ეცვა და ბაღიდან ოთახში შემოდიოდა. მთვარე კაშკაშებდა, თუმცა კი ცოტა ხნის წინ ოდნავ წამოეწვიმა.  ვალერია, თვალებდახუჭული, იდუმალი შიშის ძრწოლის გამომეტყველებით უმოძრაო სახეზე, მიუახლოვდა ლოგინს; წინგაშვერილი ხელებით მოსინჯა სარეცელი და სწრაფად, უხმოდ დაწვა. ფაბიომ კითხვით მიმართა, მაგრამ ვალერიამ არაფერი არ უპასუხა, ეტყობოდა ეძინა. ფაბიომ ხელი შეახო. მის ტანსაცმელზე და თმებზე წვიმის წვეთები იგრძნო, ხოლო შიშველ ფეხისგულებზე - სილა. მაშინვე ზეზე წამოიჭრა და ნახევრად ღია კარიდან ბაღში გავარდა. კაშკაშა მთვარეს თვალისმომჭრელ ნათელში გაეხვია ყოველი საგანი. ფაბიომ მიმოიხედა და სილაზე ორი წყვილი ფეხის კვალი დაინახა, -ერთი მათგანი შიშველი იყო; ეს კვალი სახლსა და პავილიონს შორის მოთავსებულ ჟასმინის ტალავრისკენ მიდიოდა. ფაბიო შეცბუნებული გაჩერდა და აი უეცრად მას კვლავ მოესმა ის სიმღერა, რომელიც წინა ღამით მოისმინა ! ფაბიო შეკრთა და პავილიონში შევარდა... მუციო შუა ოთახში იდგა და ვიოლინოზე უკრავდა. ფაბიო მასთან მიიჭრა.
- შენ ბაღში იყავი, გარეთ გამოხვედი, ტანსაცმელი წვიმისგან დაგსველებია?
- არა.. არ ვიცი.. მგონია.. არ გავსულვარ.. - ნაწყვეტ - ნაწყვეტ უპასუხა მუციომ, თითქოს გაკვირვებულმა ფაბიოს მისვლით და მისი მღელვარებით.
  ფაბიომ ხელი ხელში სტაცა.
- ან რატომ უკრავ ისევ იმ მელოდიას? განა კიდევ ნახე სიზმარი? მუციომ ფაბიოს კვლავ გაკვირვებით შეხედა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
- მიპასუხე!
 მთვარე გახდა მრგვალი, ისე როგორც ფარი..
და მდინარე, როგორც გველი, ისე ბრწყინავს..
ქორს ქათმისთვის ბასრი ბრჭყალი ჩაურჭვია,
მეგობარმა გაიღვიძა, მტერს კი სძინავს..
მომეხმარე!-
ცნობამიხდილივით ღიღინებს მუციო.
ფაბიომ ორი ნაბიჯით უკან დაიხია, მიაჩერდა მუციოს, ჩაფიქრდა.. და შინ დაბრუნდა, საწოლ ოთახში.
    ველერიას თავი მხარზე დაეშვა, უძლურად გაეშალა ხელები და მძიმედ ეძინა. ფაბიომ დიდხანს ვერ გამოაღვიძა ქალი.. მაგრამ როგორც კი ვალერიამ ქმარი დაინახა, ყელზე მოეხვია და აცახცახებული ჩაეკრა მკერდში. ქალი მთელი ტანით თრთოდა.
- რა დაგემართა, ჩემო ძვირფასო, რა დაგემართა? - იმეორებდა ფაბიო და ცდილობდა მის დამშვიდებას. მაგრამ ვალერია კვლავ ქმარს გულზე ეხუტებოდა
- ოჰ, რა საშინელ სიზმრებს ვხედავ, - ჩურჩულებდა ვალერია და სახით ეკვროდა ქმარს. ფაბიოს უნდოდა გამოეკითხა.. მაგრამ ვალერია მხოლოდ თრთოდა...
   დილის ნაადრევმა სხივებმა შეაწითლა ფანჯრები, როცა ბოლოს და ბოლოს ფაბიოს მკერდში ჩაკრულმა ვალერიამ ჩათვლიმა


VIII
   მეორე დღეს მუციო დილიდანვე გაქრა, ვალერიამ კი განუცხადა ქმარს, განზრახვა მაქვს მეზობელ მონასტერში წავიდეო; იქ ცხოვრობდა მისი სულიერი მამა, მოხუცი და დარბაისელი ბერი; ვალერია ამ ბერს უსაზღვროდ ენდობოდა. ფაბიოს შეკითხვაზე ქალმა უპასუხა, მსურს აღსარება თქმით შევიმსუბუქო ამ უკანასკნელი დღეების უცნაური შთაბეჭდილებებით დატვირთული სულიო. როცა ფაბიომ ვალერიას მიმქრალი ხმა გაიგონა და მის გამხდარ სახეს შეხედა, თვითონაც მოიწონა ვალერიას განზრახვა: დარბაისელ მამა ლორენცოს შეეძლო მისთვის სასარგებლო რჩევა-დარიგება მიეცა, გაეფანტა მისი ეჭვები.. ოთხსი გამცილებლის თანხლებით ვალერია მონასტერში წავიდა; ფაბიო შინ დარჩა და მეუღლის დაბრუნებამდე დახეტიალობდა ბაღში, ცდილობდა გამოერკვია, რა დაემართა ვალერიას.  იგი შიშს, ჯავრს, გაურკვეველი ეჭვებით აღძრულ გულისტკივილს განიცდიდა. რამდენჯერმე შევიდა პავილიონში, მაგრამ მუციო არ დაბრუნებულიყო, ხოლო მალაელი თითქო გაქვავებული იდგა, მლიქვნელურად თავდახრილი უცქერდა მას და მისი ბრინჯაოსფერი სახიდან - ყოველ შემთხვევაში ასე მოეჩვენა ფაბიოს - ფარული დაცინვა გამოკრთოდა.  ამასობაში ვალერიამ აღსარებაზე ყველაფერი უამბო ბერს; ის უფრო შეძრწუნებული იყო, ვიდრე დარცხვენილი. ბერმა გულდასმით მოუსმინა, დალოცა, მიუტევა უნებლიე შეცოდებანი - თვითონ კი გულში გაიფიქრა: ‘’ჯადოსნობაა, ეშმაკური გრძნეულება.. ამის ასე დატოვება არ შეიძლება’’.. და ვალერიას თან გაჰყვა ვილლაში, ვითომ იმიტომ, რომ საბოლოოდ ენუგეშებინა და დაემშვიდებინა იგი. ბერის დანახვაზე ფაბიო ცოტა არ იყოს შეშფოთდა, მაგრამ დიდად გამოცდილმა მოხუცმა წინასწარ მოიფიქრა, როგორც უნდა მოქცეულიყო. როცა ის ფაბიოსთან მარტო დარჩა, რა თქმა უნდა, არ გასცა აღსარების საიდუმლოება, მაგრამ მაინც ურჩია ფაბიოს, უკეთუ შესაძლებელი იყო, მოეშორებინა სახლიდან მის მიერ მოპატიჟებული სტუმარი, რომოელმაც თავისი ნაამბობით, ვიოლინოზე დაკვრით და, საერთოდ, მთელი თავისი ყოფაქცევით შეაშფოთა ვალერიას სული. თანაც, მოხუცის აზრით, მუციო წინათაც არ იყო მტკიცედ მორწმუნე კაცი, ხოლო იმ ქვეყნებიდან, სადაც ამდენ ხანს დაჰყო და სადაც ქრისტიანობის ნათელი არ ბრწყინავდა, მას შეეძლო წამოეღო ცრუ მოძღვრებათა სენი, შეეძლო მაგიური საიდუმლოებებიც გაეცნო;  ამიტომ, თუმცა ფაბიო და მუციო ძველი მეგობრები იყვნენ და მუციოს უფლება ჰქონდა მეგობართან დარჩენილიყო, მაინც კეთილგონივრული სიფრთხილე განშორების აუცილებლობაზე მიუთითებდა ! ფაბიო სავსებით დაეთანხმა დარბაისელ ბერს, ვალერიას კი სიხარულით სახე გაუბრწყინდა, როდესაც ქმარმა ბერის რჩევა გადასცა. ცოლ-ქმარმა მამა ლორენცოს მონასტრისა და გლახაკთათვის მდიდრული საჩუქრები მიართვეს, კეთილი სურვილებით გზა დაულოცეს და ის შინ წავიდა.
    ფაბიომ გადაწყვიტა ნავახშმევს მუციოსთვის ყველაფერი დაუყონებლივ აეხსნა, მაგრამ მისი უცნაური სტუმარი ვახშმად არ დაბრუნდა. მაშინ ფაბიომ გადაწყვიტა, მუციოსთან მოლაპარაკება მეორე დღისთვის გადაეცო და ცოლ-ქმარი საწოლ ოთახში წავიდა.

IX
   ვალერიას მალე დაეძინა. ფაბიომ კი ვერ შეძლო დაძინება. ღამის სიჩუმეში მას ნათლად წარმოუდგა ყველაფერი ის, რაც ნახა და განიცადა; დაჟინებით აძლევდა თავის თავს კითხვებს, რაზედაც პასუხს მაინც ვერ პოულობდა. მართლაც ჯადოსანი ხომ არ გახდა მუციო - და ხომ არ მოწამლა ვალერია? ქალი ავადაა.. მაგრამ რა სენით? სანამ ფაბიო თავქვეშ ხელამოდებული, სუნთქვაშეკავებული, მძიმე ფიქრებში იყო ჩაფლული, მთვარე კვლავ ამოვიდა მოკრიალებულ ცაზე; მის სხივებთან ერთად ფანჯრების გამჭვირვალე მინებში პავილიონის მხრიდან - თუ ეს მოეჩვენა ფაბიოს - შემოიჭრა მსუბუქი სურნელოვანი ნაკადი.. აი, ისმის დაჟინებული ვნებიანი ჩურჩული.. იმწამსვე ფაბიომ შენიშნა, რომ ვალერია ოდნავ შეირხა. ფაბიო შეძრწუნებული უცქერის: ვალერია წამოიწია, ლოგინიდან ჯერ ერთი ფეხი გადმოსწია, შემდეგ მეორე, მთვარეულივით, უსიცოცხლოდ მიმქრალი თვალებით, ხელებგაწვდილი გაემართა ბაღში გასასვლელი კარისაკენ ! ფაბიო მაშინვე გავარდა საწოლი ოთახიდან მეორე კარში, მარდად შემოურბინა სახლს და ჩაკეტა ბაღში გასასვლელი კარი.. როგორც კი საკეტს ხელი მოჰკიდა, მაშინვე იგრძნო, რომ ვიღაც ცდილობდა შიგნიდან კარის გაღებას და აწვებოდა მას.. კიდევ და კიდევ.. შემდეგ გაისმა შეძრწუნებული კვნესა...’’აკი მუციო ქალაქიდან არ დაბრუნებულა?’’ გაუელვა თავში ფაბიოს და პავილიონისაკენ გაიქცა..
   და რას ხედავს?
   მთვარის სხივებით გაკაშკაშებულ გზაზე, ისიც მთვარეულივით და ისიც ხელებგაწვდილი, უსიცოცხლოდ გახელილი თვალებით, მისკენ მუციო მიდის. ფაბიო მიიჭრა მასთან, მაგრამ მუციო ვერ ამჩნევს ფაბიოს, თანაზომიერი ნაბიჯებით მიიწევს წინ და მთვარის შუქზე უმოძრაო სახე მალაელის სახესავით უცინის. ფაბიოს უნდა მას სახელი დაუძახოს.. მაგრამ იმ წუთში უკნიდან ფანჯრის ჯახანი მოესმა.. მიიხედა..
   მართლად: საწოლი ოთახის ფანჯარა მთლიანად გაიღო, ფანჯრის ზღურბლზე გამოჩნდა ვალერია, საცაა გადმოაბიჯებდა... მისი ხელები თითქოს მუციოს ეძებენ.. ქალი მთელი არსებით მიისწრაფვის მისკენ.
   გამოუთქმელი ბრაზი უეცრად მოვარდნილ ტალღასავით მოაწყდა ფაბიოს გულს. – ‘’ წყეულო ჯადოსანო!’’ დაიღრიალა გაფითრებულმა, ერთი ხელი ყელში წაუჭირა მუციოს, მეორეთი ქამარში ხანჯალი მოუძებნა და ტარამდე ჩაურჭო ფერდში.
  მუციომ გულგამგმირავად დაიყვირა, ჭრილობაზე ხელისგული მიიჭდო და ბარბაცით გაიქცა უკან, პავილიონში.. როცა ფაბიომ მუციოს ხანჯალი ჩაკრა, იმ წამშივე ისეთივე გამგმირავი ხმით დაიყვირა ვალერიამ და მოკვეთილივით დავარდა მიწაზე.
   ფაბიო მივარდა, ააყენა, საწოლთან მიიყვანა და ლაპარაკი დაუწყო ..
   ვალერია დიდხანს იწვა გაუნძრევლად, ბოლოს თვალები გაახილა, ამოისუნთა ღრმად და შვებით, სიკვდილს გადარჩენილი ადამიანივით, დაინახა ქმარი, ყელზე მოეხვია, მკერდზე მიეკრა. ‘’ შენ, შენ, ეს შენახარ’’, ჩურჩულებდა აღელვებული ქალი. მერე ჩამოუშვა ხელები, თავი გადასწია და ნეტარი ღიმილით წაიჩურჩულა: ‘’ მადლობა ღმერთს, ყველაფერი დამთავრდა.. მაგრამ როგორ დავიღალე!’’ ვალერიას ღრმად და მშვიდად დაეძინა.


X
    ფაბიო ვალერიას საწოლთან დაჯდა - თვალს არ აშორებდა მის გამხდარ, ფერმკრთალ, მაგრამ უკვე დამშვიდებულ სახეს და ჩაფიქრდა იმაზე, რაც მოხდა.. თან იმაზეც, როგორ მოიქცეს ახლა? რა ქნას? თუ მუციო მოკლა, - მას გაახსენდა , როგორ ღრმად ჩაესო ხანჯლის პირი და მის სიკვდილში ეჭვი აღარ ეპარებოდა, - თუ მუციო მოკლა, ამას ვერ დაფარავს ! ეს ცნობა უნდა მივიდეს ჰერცოგის ყურამდე, მოსამართლეებამდე.. მაგრამ როგორ აუხსნას მათ, როგორ უამბოს ასეთი გაუგებარი საქმე? მან, ფაბიომ, თავის სახლში მოკლა თავისი ნათესავი, თავისი საუკეთესო მეგობარი ! შეეკითხებიან: რატომ? რა მიზეზით? მაგრამ იქნებ მუციო არცაა მკვდარი? ფაბიომ მეტი ვეღარ შეძლო გაურკვეველ მდგომარეობაშ ყოფნა და დარწმუნებული, რომ ვალერიას ეძინა, ფრთხილად ადგა სავარძლიდან, სახლიდან გავიდა და პავილიონისაკენ გაეშურა. პავილიონში ჩამიჩუმი არ ისმოდა, მარტო ერთ ფანჯარაში კრთოდა სინათლე. გულშეკუმშულმა გააღო კაარი, რომელსაც აჩნდა სისხლიანი თითების კვალი, ძირს, სილაზე კი შავად აჩნდა სისხლის წვეთები, - გაიარა პირველი ბნელი ოთახი.. და განცვიფრებისგან გაშტერებული ზღურბლზე შეჩერდა.
   შუა ოთახში, სპარსულ ნოხზე, ფარჩის ბალიშით თავქვეშ, გაჭიმული იწვა მუციო; მას შავზოლებიანი წითელი შალი ეხურა. მისი სანთელივით ყვითელი სახე, დახუჭული თვალები და ჩალურჯებული ქუთუთოები ჭერს მიპყრობოდა. სუნთქვა არ ეტყობოდა; მკვდარსა ჰგავდა. მის ფეხებთან დაჩოქილი მალაელი, ისიც წითელ შალში გახვეული. მარცხენა ხელში გვიმრის მსგავსი უცნობი მცენარის ტოტი ეჭირა და ოდნავ წინდახრილი თვალს არ აშორებდა თავის ბატონს.  მხოლოდ იატაკში ჩასობილი პატარა ჩირაღდანი, მომწვანო ალით მოკიაფე, ანათებდა ოთახს. მისი ალი არც ირხეოდა, არც ბოლავდა. ფაბიოს შესვლისას მალაელი არ განძრეულა, ერთი კი შეხედა და კვლავ მუციოს მიაშტერდა. დრო და დრო დასწევდა ტოტს, ჰაერში შეარხევდა, ამასთან მუნჯი ტუჩები ნელა გაეხსნებოდა, აუმოძრავდებოდა, თითქოს უხმო სიტყვებს წარმოთქვამსო. მალაელსა და მუციოს შუა იატაკზე იდვა ის ხანჯალი, რომლითაც ფაბიომ თავისი მეგობარი განგმირა. მალაელმა ერთჯერ დაჰჯრა თავისი ტოტი ხანჯლის სისხლიან პირს. გავიდა ერთი წუთი.. მეორე.  ფაბიო მიუახლოვდა მალაელს, გადაიხარა მისკენ და ხმადაბლა ჰკითხა: მოკვდა? - მალაელმა თავი ძირს დახარა, შალიდან მარჯვენა ხელი გაითავისუფლა და მბრძანებლურად მიუთითა კარზე. ფაბიოს სურდა გაემეორებინა შეკითხვა, მაგრამ მბრძანებლურმა ხელმა კვლავ იგივე მოძრაობა გაიმეორა. აღშფოთებული, განცვიფრებული ფაბიო მაინც დაემორჩილა და გარეთ გავიდა.
   ფაბიოს ვალერია კვლავ მძინარე დახვდა; სახე კიდევ უფრო დამშვიდებოდა. ფაბიოს ტანთ არ გაუხდია, დაჯდა ფანჯარასთან, ხელებზე  თავი დააყრდნო და კვლავ ფიქრებს მიეცა. ახლად ამოსულმა მზემ იმავე ადგილზე მიუსწრო მას. ვალერიას არ გამოღვიძებია.


XI
   ფაბიოს უნდოდა დაეცადა ვალერიას გაღვიძებამდე და შემდეგ წასულიყო ფერარაში; უეცრად ვიღაცამ საწოლი ოთახის კარზე ფრთხილად დაუკაკუნა. ფაბიო გავიდა და დაინახა თავისი მოხუცი მოურავი ანტონიო. - სინიორ, - დაიწყო მოხუცმა: - მალაელმა ეს წუთია განაცხადა, სინიორ მუციო ავად გახდა და სურს გადავიდეს ქალაქში მთელი თავისი ბარგითო. ამიტომ გთხოვთ, ხალხი დაახმაროთ ბარგის ჩასალაგებლად და სადილობისას საბარგო და საჯდომი ცხენები გაუგზავნოთ რამდენიმე გამცილებელითურთ.  ნებას დამრთავთ? - შენ მალაელმა გამოგიცხადა ეს? - ჰკითხა ფაბიომ: - როგორ? ის ხომ მუნჯია? - აი, სინიოტ, ქაღალდი, რომელზედაც ყველაფერი ეს წერია ჩვენს ენაზე და წერია ჩეუცდომლად.
- შენ ამბობ, მუციო ავადააო? – 
- დიახ, ძალიან ავადაა, მისი ნახვაც არ შეიძლება. – 
- ექიმისათვის არავინ გაგზავნეთ? – 
- არა, მალაელმა არ დამანება. – 
- ეს მალაელმა დაგიწერა? – 
- დიახ, იმან. -  ფაბიო გაჩუმდა. 
- რას იზამ, გაეცი განკარგულება, - წარმოთქვა ფაბიომ ბოლოს. ანტონიო გაშორდა.
  ფაბიომ გაოცებით გააყოლა თვალი მოხუცს. - მაშ, არაა მკვდარი? - გაიფიქრა მან.. არ იცოდა, გახარებოდა თუ სწყენოდა ეს ამბავი. - ავადაა? მაგრამ ამ რამდენიმე საათის წინ მან აკი მკვდარი ნახა
   ფაბიო ვალერიასთან დაბრუნდა. ქალმა გაიღვიძა და თავი წამოსწია. ცოლ-ქმარი ხანგრძლივად, მნიშვნელოვნად უცქერდა ერთიმეორეს. - იგი უკვე აღარ არის? - მოულოდნელად წარმოთქვა ვალერიამ, ფაბიო შეკრთა.  - როგორ.. არ არის? განა შენ.. - წავიდა? - განაგრძო ვალერიამ. ფაბიოს გულზე მოეშვა:  - ჯერ არა; მაგრამ დღეს მიემგზავრება. - და მას აწი არასოდეს, არასოდეს ვნახავ? - არა ! - არც სიზმრები გამეორდება? - არა . - ვალერიამ კვლავ შვებით ამოისუნთქა; ნეტარების ღიმილმა კვლავ გადაურბინა ბაგეზზე. ქალმა ქმარს ორივე ხელი გაუწოდა. - და ჩვენ არასოდეს, არასოდეს აღარ ვილაპარაკებთ მის შესახებ, გესმის, ჩემო ძვირფასო? მე ოთახიდან არ გამოვალ, სანამდის ის არ წავა.  ახლა კი გამომიგზავნე ჩემი მსახურნი. ჰო, დაიცა, წაიღე ეს ნივთი, - მან მიუთითა მუციოს ნაჩუქარ მარგალიტის გულქანზე, რომელიც ღამის პატარა მაგიდაზე იდვა, - დაუყონებლივ ჩააგდე ჩვენს ყველაზე ღრმა ჭაში. მომეხვიე, მე შენი ვალერია ვარ. და სანამ ის არ წავა, მანამდე არ მოხვიდე ჩემთან. - ფაბიომ აიღო გულქანი - მარგალიტები ფერდაკარგული მოეჩვენა - და ცოლის ბრძანება შეასრულა. შემდეგ დაიწყო ბაღში ხეტიალი, თან შორიდან უცქეროდა პავილიონს, სადაც ხალხს უკვე დაეწყო ფუსფუსი ბარგის ჩასალაგებლად გამოქონდათ სკივრები, ტვირთავდნენ ცხენებს..  მაგრამ მათ შორის მალაელი არ ჩანდა. ფაბიოს დაუძლეველი სურვილი აღეძრა, ერთხელ კიდევ დაენახა, რახდებოდა პავილიონში. გაახსენდა, რომ პავილიონის უკანა ფასადს აქვს საიდუმლო კარი, რომლითაც შეიძლებოდა იმ ოთახში შესვლა, სადაც დილით მუციო იწვა. ფაბიო მიიპარა იმ კართან, რომელიც ღია დახვდა, გადასწია ფარდის მძიმე კალთები და გაუბედავად შეიხედა.


XII
   მუციო ნოხზე აღარ იწვა. ის სამგზავრო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი და სავარძელში იჯდა, მაგრამ ისევე ცხედარს გავდა, როგორც პირველად, როცა ფაბიომ ნახა. გაქვავებული თავი სავარძლის ზურგზე გადაეგდო და წინწამოწვდილი, ბრტყლად დადებული მისი უძრავი ხელები გაყვითლებული ჩანდნენ მუხლებზე. მისი მკერდი არ მოძრაობდა. სავარძელთან, ხმელი ბალახით მოფენილ იატაკზე იდგა რამდენიმე ფიალა, მუშკის სუნს გამოსცემდა. თოთოეულ ფიალას შემოხვეოდა სპილენძისფერი პატარა გველი, მათი ოქროსფერი თვალები დროდადრო ელავდნენ. ორიოდე ნაბიჯის მოშორებით აღმართულიყო ჭრელი ფარჩის ქლამიდით შემოსილი მალაელის გრძელი ფიგურა, რომელსაც წელზე შემოერტყა ვეფხის კუდი და თავზე მაღალი რქიანი ტიარის მსგავსი ქუდი ეხურა; იგი უძრავად არ იდგა; ხან მოკრძალებით დაიხრებოდა, თითქოს ლოცულობსო, ხან კვლავ გასწორდებოდა, თითის წვერებზედაც კი დგებოდა; ხან ფართოდ შლიდა ხელებს, ხან მუციოს მიმართულებით დაჟინებით იწვდიდა მათ, თითქოს იმუქრება ან ბრძანებსო, წარბებს ჭმუხნიდა და ფეხებს აბაკუნებდა . ჩანდა, მთელი ეს მოძრაობა დიდი შრომა და ტანჯვაც კი იყო მისთვის; მძიმედ სუნთქავდა, სახეზე ოფლი ჩამოდიოდა. უცებ იგი ადგილზე გახევდა, ჰაერი ჩაისუნთქა და შუბლშეჭმუხნილმა თავისი დამუშტული ხელები თავისკენ წამოიღო, თითქოს სადავე უჭირავსო. ფაბიო აუწერელად შეშინდა, როცა მუციოს თავი ნელა მოშორდა სავარძლის ზურგს და მალაელის ხელებს მიჰყვა. მალაელმა დაუშვა ხელები და მუციოს თავი კვლავ მძიმედ გადავარდა უკან. მალაელმა გაიმეორა თავისი მოძრაობა და მორჩილმა თავმაც გაიმეორა იგივე. ფიალებში შავი სითხე ადუღდა, თვით ფიალებიცწმინდა ხმით აწკრიალდნენ და სპილენძის ფერის გველი დაიკლაკნენ  თითოეულის ირგვლივ. მაშინ მალაელმა წინ წადგა ნაბიჯი, ზე აჭიმა წარბები, უზომოდ გააფართოვა თვალები და მუციოს თავი დაუქნია. მკვდრის ქუთუთოები ათრთოლდა, გაიხსნა და შიგ ტყვიასავით უფერული თვალის გუგები გამოჩნდა. ამაყი სიხარულით და ზეიმით, თითქმის ბოროტი სიხარულით გაუბრწყინდა მალაელს სახე. ფართოდ გააღო პირი და ყელიდან აღმოხდა გაბმული ღმუილი.. გაიხსნა მუციოს ტუჩებიც და სუსტი კვნესა გამოსცა ამ არაადამიანური ხმის პასუხად.
   მაგრამ ფაბიომ მეტი ვეღარ მოითმინა: წარმოიდგინა, რომ რაღაც ეშმაკურ ჯადოსნობას ესწრებოდა. მანაც ასევე შეჰყვირა და უკანმოუხედავად პირჯვრის წერითა და ლოცვით სახლისკენ - საჩქაროდ სახლისკენ - გაიქცა.


XIII
     სამი საათის შემდეგ ანტონიო კვლავ ეახლა მას და მოახსენა, ყველაფერი მზადაა, ბარგი ჩალაგებულია და სინიორ მუციო წასასვლელად ემზადებაო. ფაბიოს სიტყვაც არ უთქვამს მოსამსახურისთვის, ისე გავიდა ტერასაზე, საიდანაც მოჩანდა პავილიონი. პავილიონის წინ იდგა რამდენიმე დატვირთული ცხენი, ზედ პარმაღთან მიეყენებინათ ყორნისფერი ულაყი ორი მხედრისთვის განკუთვნილი განიერი უნაგირით. იქვე იდგნენ თავშიშველი მსახურები და შეიარაღებული გამცილებლები. პავილიონის კარები გაიღო და კვლავ ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილ მალაელზე დაყრდნობილი მაციო გამოჩნდა. მას მკვდრის სახე ჰქონდა და ხელებიც მკვდარივით ეკიდა, მაგრამ ფეხებს კი აბიჯებდა.. დიახ !! ფეხებს აბიჯებდა; ცხენზე დამჯდარი წელში კი გაიმართა და ხელების ცეცებით მონახა სადავე. მალაელმა ფეხები უზანგში გააყრევინა. მერე უნაგირზე შეხტა, უკან შემოუჯდა, მუციოს წელზეხელები შემოხვია და, სახლის წინ რომ შემოუხვიეს, ფაბიოს მოეჩვენა, რომ მაციოს გაშავებულ სახეზე ორი თეთრი წერტილი აკიაფდა.. ნუთუ მან ფაბიოს მიაპყრო თვალის გუგები? მარტო მალაელმა დაუკრა თავი ფაბიოს.. ფაუკრა ჩვეულებრივ დამცინავად..
    დაინახა თუ არა ეს ყველაფერი ვალერიამ? მისი ფანჯრების ჟალუზები ჩამოფარებული იყო ... მაგრამ შეიძლება იგი მათ უკან იდგა !


XIV
    სადილის დროს ვალერია სასადილო ოთახში შევიდა.  ძალზე წყნარი, მშვიდი და ალერსიანი იყო, მაგრამ დაღლილობას მაინც უჩიოდა. მას აღარ ეტყობოდა არც შეშფოთება, არც წინანდებური მუდმივი გაკვირვება და ფარული შიში. მუციოს გამგზავრების მეორე დღეს, როცა ფაბიო კვლავ შეუდგა ვალერიას პორტრეტზე მუშაობას, მან ქალის სახეზე იპოვა ის წმინდა გამომეტყველება, რომლის დროებითმა გაქრობამ ასე შეაცბუნა იგი.. და ფუნჯი ლაღად და მტკიცედ ამოძრავდა ტილოზე.
   ცოლ-ქმარმა წინანდებურად დაიწყო ცხოვრება. მუციო გაქრა მათთვის, თითქოს იგი არასოდეს არც არსებულიყო. ვალერია და ფაბიო თითქოს შეთანხმდნენ არც ერთი სიტყვით არ ეხსენებინათ მუციო და არც დაინტერესებულიყვნენ მისი შემდგომი ბედით. თუმცა ესეცაა, რომ ეს ამბავი ყველასათვის საიდუმლოდ დარჩა. მუციო მართლაცდა გაქრა, თითქოს მიწამ პირი უყოო. ფაბიომ ერთხელ გაიფიქრა, ვალდებული ვარ ვალერიას იმ საბედისწერო ღამეს მომხდარი ამბავი მოვუყვეო. მაგრამ ვალერია, ალბათ, მიუხვდა ქმარს განზრახვას, სული განაბა, თვალები მოჭუტა, თითქოს მძიმე საწყენს მოელისო.. ფაბიო მიხვდა და ეს წყენა არ მიაყენა მას.
   შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს ფაბიომ დაამთავრა წმინდა ცეცილიას სურათი. ვალერია იჯდა ორღანთან და მისი თითები კლავიშებზე ნელა დაძრწოდნენ.. ანაზდეულად ვალერიას ხელების ქვეშ მისდა უნებურად გაისმა ის სიმღერა გამარჯვებული სიყვარულისა, რომელსაც ოდესღაც მუციო უკრავდა და იმ წამში ვალერიამ დაქორწინების შემდეგ პირველად იგრძნო მის სხეულში ჩასახული არსების თრთოლვა... ვალერია შეკრთა და გაჩერდა..
   რას ნიშნავს ეს? ნუთუ მართლა..

* *
ამ სიტყვებზე მთავრდებოდა ხენაწერი.
თარგმნა : ფატი ნიშნიანიძემ