Litclub.ge

ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი
,, ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი “ აი, ათი წლის ბიჭუნას ღმერთისადმი მიწერილი წერილები, რომლებიც დედა-როზამ ანუ ვარდისფერმა ქალბატონმა აღმოაჩინა; ის ხშირად სტუმრობდა ბიჭუნას ბავშვთა საავადმყოფოში. წერილები ოსკარის ცხოვრების თორმეტ პოეზიით აღსავსე და იუმორით გაჟღენთილ დღეზე მოგვითხრობენ. მხიარული და ამაღელვებელი პერსონაჟებით დასახლებული თორმეტდღიანი სამყარო. ეს თორმეტი დღე ბიჭუნასთვის, შესაძლოა, სიცოცხლის ბოლო თორმეტი დღე აღმოჩნდეს. დედა-როზას წყალობით, რომელსაც ოსკართან ღრმა სიყვარული აკავშირებს, ეს თორმეტი დღე მარადისობად იქცევა.

 “უფალო ღმერთო, მე მქვია ოსკარი, ვარ ათი წლის.
ცეცხლი წავუკიდე კატას, ძაღლსა და სახლს (მგონი, წითელი თევზებიც შიგ გამოვწვი) პირველად გწერ წერილს, რადგან აქამდე, სკოლის გადამკიდე, საკმარისი დრო არ მქონია. თავიდანვე გაფრთხილებ: მეზიზღება წერა. სხვა გამოსავალი მართლა არ უნდა მქონდეს, რომ ვწერო. ეს იმიტომ, რომ წერა მხოლოდ მაქმანებს, ბრჭყვიალებსა და ზიზილ-პიპილოებს ნიშნავს. სიცრუის შელამაზებაა და მეტი არაფერი. ამაში მოზრდილებს მეტი გაეგებათ. დაგისაბუთო? მოდი, თუნდაც ჩემი წერილის შესავალი ავიღოთ: ,, მე მქვია ოსკარი, ვარ ათი წლის. ცეცხლი წავუკიდე კატას, ძაღლსა და სახლს (მგონი, წითელი თევზებიც შიგ გამოვწვი) პირველად გწერ წერილს, რადგან აქამდე, სკოლის გადამკიდე, საკმარისი დრო არ მქონია’’. ასევე წარმატებით შემეძლო შემდეგი დამეწერა: ,,კვერცხთავას მეძახიან; რომ შემხედო, შვიდ წელზე მეტს არ მომცემ. საავადმყოფოში კიბოს გამო ვცხოვრობ. აზრადაც არ მომსვლია, გამოგლაპარაკებოდი, რადგან შენი არსებობის არც კი მჯერა.’’ ასე რომ დამეწყო, აბა, რა წერილი გამოვიდოდა. ჩემით ნაკლებად დაინტერესდებოდი. მე კი შენი ყურადღება მჭირდება. არც იმაზე ვიტყოდი უარს, ერთ-ორ საქმეში სამსახურს თუ გამიწევდი. ახლავე აგიხსნი: საავადმყოფო მშვენიერ გუნება–განწყობაზე მყოფი, ხმამაღლა მოლაპარაკე ადამიანებით დასახლებული, ძალიან საყვარელი ადგილია. სავსეა სათამაშოებითა და ვარდისფერი ქალბატონებით, რომლებსაც პატარებთან გართობა და ხალისი სურთ. აქ არიან ისეთი მარადმოცლილი ძმაკაცები, როგორიც გახლავთ ბეკონი, აინშტაინი ან კიდევ პოპკორნი. ერთი სიტყვით, თუ სასიამოვნო ავადმყოფი ხარ, საავადმყოფოს ადგილი არ ჯობია. მე უკვე აღარ ვარ სასიამოვნო. მას შემდეგ, რაც ზურგის ტვინი გადამინერგეს, ვეღარავის ვანიჭებ სიამოვნებას. დილაობით, როცა მსინჯავს, ექიმი დიუსელდორფი გულს ვეღარ მიდებს. ცხადია, იმედს ვუცრუებ. მიყურებს და ხმას არ იღებს. თითქოს გამოუსწორებელი შეცდომა დამეშვას. არადა, როგორ ვეცადე ოპერაციის დღეს; ბრწყინვალედ ვიქცეოდი. ისე დამაძინეს, წინააღმდეგობა არც კი გამიწევია. მტკიოდა, მაგრამ კრინტი არ დამიძრავს, ყველა აბი მორჩილად გადავყლაპე. არის დღეები, როცა სურვილი მიპყრობს, იმ შავწარბა ექიმ დიუსელდორფს პირში მივახალო, იქნებ თავად ჩააფლავე ოპერაცია-მეთქი; მაგრამ ისეთი უბედური ადამიანის გამომეტყველება აქვს, სალანძღავი სიტყვები ყელში მეჩხირება. რაც უფრო დუმს ექიმი დიუსელდორფი თავისი შეწუხებული მზერით, მით უფრო დამნაშავე მგონია თავი; მესმის, ცუდი ავადმყოფი გავხდი. პაციენტი, რომელიც ხელს უშლის იმის აღიარებას, რომ მედიცინა შესანიშნავი რამ გახლავთ. ექიმის ფიქრები გადამდებია. ახლა მთელი სართულის მედდები, ავადმყოფები და დამლაგებლები ექიმ დიუსელდორფივით მიყურებენ; როცა კარგ ხასიათზე ვარ, სევდიან მზერას მომაპყრობენ. როცა ვხუმრობ, ძალით იცინიან. რაც მართალია, მართალია, ადრინდელივით აღარ ვხალისობთ. ერთადერთი, ვინც არ შეცვლილა, დედა–როზაა . ჩემი აზრით, მეტისმეტად ბებერია, რომ შეცვლილიყო; თუნდაც იმიტომ, რომ დედა-როზაა. მას წარდგენა არ სჭირდება. უფალო ღმერთო, ის ხომ შენი უახლოესი მეგობარია, სწორედ მან ამაღებინა კალამი ხელში; Dდა კიდევ ერთი რამ მინდა იცოდე: მხოლოდ მე მივმართავ მას დედა-როზათი. ამგვარად, ძალისხმევა გმართებს, კარგად რომ გამიგო, ვიზე ვსაუბრობ: გარედან მოწვეულ, ბავშვების მომვლელ ვარდისფერხალათიან ქალბატონთა შორის დედა-როზა ყველაზე ასაკოვანია. – რამდენი წლის იქნებით, დედა-როზა? – ცამეტნიშნა ციფრის დაიმახსოვრება შეგიძლია, ჩემო პატარა ოსკარ? – კარგით რა, ნუ აჭარბებთ. – სულაც არა, აქ ჩემი ასაკი არავინ არ უნდა გაიგოს, თორემ გამაგდებენ და ერთმანეთსაც ვეღარ ვნახავთ. – ვითომ რატომ? – მე აქ, ასე ვთქვათ, კონტრაბანდულად ვარ. ვარდისფერი ქალბატონებისთვის ასაკობრივი ზღვარი არსებობს. დიდი ხანია, ამ ზღვარს გავცდი. – ვადაგასული ხართ? – ასე გამოდის. – როგორც იოგურტი, არა? – შშშ! – კარგი, აღარაფერს ვიტყვი. დედა-როზას გამბედაობა ეყო, ჩემთვის თავისი საიდუმლო გაენდო. ისე, ძალიან კი გაუმართლა, კრინტსაც არ დავძრავ. თუმცა ვეჭვობ, მისი თვალების გარშემო მზის სხივებით შემოწყობილი ნაოჭები ჩემს გარდა არავის შეემჩნიოს. მოგვიანებით დედა–როზას კიდევ ერთი საიდუმლო შევიტყვე. ვფიქრობ, მის ამოცნობაში უეჭველად დაგეხმარება. საავადმყოფოს პარკში ვსეირნობდით; დედა-როზამ პირდაპირ ძაღლის განავალში ჩარგო ფეხი. _ ოჰ, შენი… _ დედა-როზა, უწმაწურ სიტყვებს ხმარობთ. _ შენ კიდევ, ბალღო, ერთი წამით დამეხსენი, რა! ისე ვლაპარაკობ, როგორც მომეპრიანება! _ კარგით რა, დედა-როზა. _ მიდი, გაანძრიე ტრაკი. ჩვენ აქ ვსეირნობთ, ლოკოკინების შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად კი არ მოვსულვართ. როცა მამალოს საწუწნად გრძელ სკამზე ჩამოვჯექით, ვკითხე: _ როგორ მოხდა, რომ ასე ცუდად მეტყველებთ? _ ეს, ჩემო პატარა ოსკარ, პროფესიული დეფორმაციის ბრალია. ჩემი პროფესიის ქალი გადაპრანჭული ლაპარაკით დავიღუპებოდი. _ ასეთი რა პროფესია გქონდათ? _ რომ გითხრა, არ დამიჯერებ. _ გეფიცებით, დაგიჯერებთ! _ ქეჩისტი ვიყავი. _ არ მჯერა თქვენი. _ კი, ქეჩისტი ვიყავი, მეტსახელად ლანგედოკელი მახრჩობელაც კი შემარქვეს. მას შემდეგ, როცა სევდა შემომაწვება და დედა-როზა დარწმუნებულია, რომ ყურს არავინ გვიგდებს, თავისი ორთაბრძოლების შესახებ მიყვება: როგორ შეერკინა ლანგედოკელი მახრჩობელა ლიმუზინელ მეძეხვეს; ოცი წელი ებრძოდა ჰოლანდიელ დიაბოლიკა სენკლერს, ძუძუების მაგივრად ნაღმები რომ ჰქონდა; მსოფლიო თასისთვის პაექრობაში კი ულა-ულას, მეტსახელად ბუხინვალდელ ძუკნას მოუღო ბოლო, აქამდე რომ ვერავის დაემარცხებინა, ფოლადის ბარძაყასაც კი, დედა-როზას იდეალი რომ გახლდათ, ქეჩით როცა იყო გატაცებული. ეს ორთაბრძოლები ოცნებებში გადამისვრის ხოლმე. ჩემს ვარდისფერხალათიან, მოფარფატებულ ბებრუცანა მეგობარს რინგზე წარმოვიდგენ ხოლმე, მუშტებს რომ ურახუნებს ნახევრადშიშველ გოლიათებს. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ რინგზე მე ვდგავარ. ამ დროს უფრო ძლიერი ვხდები და შემიძლია შური ვიძიო. მოკლედ რომ მოვჭრა, უფალო ღმერთო, ყველა ამ მინიშნებით დედა-როზა, ანუ ლანგედოკელი მახრჩობელა თუ ვერ ამოიცანი, ჯობია, ღმერთობას მოეშვა და პენსიაზე გახვიდე. მგონი, ყველაფერი გასაგებად აგიხსენი. ისევ ჩემს ამბავს დავუბრუნდები. მოკლედ, ჩემმა ოპერაციამ აქ ბევრს გაუწბილა იმედი. ასე იყო მაშინაც, როცა ქიმიოთერაპიის კურსი გავიარე. იმ განსხვავებით, რომ მაშინ ყველას გადანერგვის იმედი ჰქონდა. ახლა კი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ექიმებმა უკვე აღარ იციან, რა მოიმოქმედონ. ამის გამო, ლამის მე თვითონ შევიცოდო ისინი. ექიმი დიუსელდორფი (დედაჩემი მიიჩნევს, რომ სიმპათიურია, მე კიდევ მგონია, ცოტა წარბები უჩმახებს საქმეს) თავის შეწუხებული გამომეტყველებით იმ თოვლის ბაბუას მაგონებს, ხურჯინში საჩუქრები რომ გამოელია. ვითარება უარესდება. ამის შესახებ ჩემს ძმაკაცს, ბეკონსაც კი ველაპარაკე. ისე, სინამდვილეში მას ბეკონი კი არა, ივი ჰქვია. ჩვენ ბეკონი შევარქვით, ჩავთვალეთ, რომ ეს სახელი ბევრად უფრო უხდება. მითუმეტეს, რომ მაღალია და საშინელი დამწვრობა აქვს. _ ბეკონ, მგონი, ექიმებს აღარ ვუყვარვარ. ჩემს გამო სასოწარკვეთილებაში ვარდებიან. _ რას ლაპარაკობ, კვერცხთავავ, ექიმი ამოუწურავი საბადოა. ქვეყნის აზრები უტრიალებთ თავში ოპერაციებთან დაკავშირებით. ჩემი გამოთვლებით, მე ექვს ასეთ ოპერაციას მიპირებენ. _ იქნებ შენ მათი შთაგონების წყარო ხარ? _ მოდი და არ დაიჯერო. _ რატომ პირდაპირ არ მეტყვიან, რომ მალე მოვკვდები? აქ ბეკონი ისე მოიქცა, როგორც ყველა _ ამ კლინიკაში, წაყრუება არჩია. სიტყვა ”სიკვდილი” თუ წამოგცდა, აქ მაინც არავის ესმის. დარწმუნებული იყავი, რომ ამ დროს სიჩუმე დაისადგურებს და საუბარს სხვა თემაზე გადაიტანენ. ყველა გამოვცადე დედა-როზას გარდა. ჰოდა, დღეს დილით გადავწყვიტე გამერკვია, ამ სიტყვის წარმოთქმისას ისიც ხომ არ დაყრუვდებოდა. _ დედა-როზა, ვფიქრობ, არავის უნდა მითხრას, რომ მოვკვდები. დედა-როზა მიყურებს. ნუთუ ისიც სხვებივით მოიქცევა? გემუდარები, ლანგედოკელო მახრჩობელავ, გაუძელი ცდუნებას და ნუ წამიყრუებ. _ რად გინდა, სხვამ გითხრას, როცა შენ თვითონ მშვენივრად იცი. ჰა, ოსკარ? მადლობა ღმერთს, დედა-როზას სმენა შეუნარჩუნდა. _ დედა-როზა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რაღაც სხვა საავადმყოფო გამოიგონეს, რომელსაც ნამდვილთან არანაირი საერთო არ აქვს. თანაც, ვითომ საავადმყოფოში მხოლოდ განსაკურნებლად მოდიოდნენ. არადა, იმისთვისაც ხომ მოდიან, რომ მოკვდნენ. _ მართალი ხარ, ოსკარ. მგონი, იმავე შეცდომას უშვებენ ცხოვრების თაობაზეც. ადამინებს ავიწყდებათ, რომ წუთისოფელი სუსტი, მსხვრევადი და წამიერი რამაა; ჩვენ ყველანი თავს ვიკატუნებთ და ვიჯერებთ, რომ უკვდავნი ვართ. _ დედა-როზა, ხომ ჩაფლავდა ჩემი ოპერაცია, თქვი. დედა-როზამ ხმა არ გამცა. ასე ხმის ამოუღებლად გამოხატა თანხმობა. როცა დარწმუნდა, რომ მივხვდი, რისი თქმაც სურდა, მომიახლოვდა და მუდარით სავსე ხმით მთხოვა: _ იცოდე, მე შენთვის არაფერი მითქვამს. შეგიძლია შემომფიცო? _ გეფიცები! სანამ ახალ აზრებს გონებაში დავალაგებდით, ორივენი ვდუმდით. _ ოსკარ, ღმერთისთვის რომ მიგეწერა წერილი? _ დედა-როზა, კარგით რა, თქვენც არ დამიწყოთ! _ როგორ თუ მეც? _ დიახ, თქვენც! მეგონა, მატყუარა არ იყავით. _ ვინ გითხრა, რომ გატყუებ. _ მაშინ რატომ მელაპარაკებით ღმერთზე. ერთხელ ხომ უკვე გამაცურეს თოვლის ბაბუაზე ზღაპრებით. კმარა, რა! _ ოსკარ, ღმერთსა და თოვლის ბაბუას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. _ არსებობს, ეგ ერთი და იგივეა. სისულელეებით თავის გამოტენვაა და მეტი არაფერი! _ როგორ გგონია, მე, ყოფილი ქეჩისტი, 165 ტურნირიდან 160-ში გამარჯვებული, აქედან 73-ში _ ნოკაუტით, მეტსახელად ლანგედოკელი მახრჩობელა, ერთი წამით მაინც ვირწმუნებდი თოვლის ბაბუას არსებობას? _ არა. _ ჰოდა, თოვლის ბაბუის არ მჯერა, სამაგიეროდ მჯერა ღმერთის. ეს არის და ეს. თავისთავად ცხადია, ასე ნათქვამი ყველაფერს ცვლიდა. _ ვითომ რატომ უნდა მიმეწერა ღმერთისთვის? _ იმიტომ, რომ სიმარტოვე ნაკლებად გეგრძნო. _ მერე ვისთან? იმასთან, ვინც არც კი არსებობს? _ გააკეთე ისე, რომ მან შენთვის იარსებოს. (ჰოდა, შენ აარსებე!) დედა-როზა ჩემსკენ გადმოიხარა. _ ყოველ ჯერზე, როცა იწამებ, ის უფრო და უფრო დიდხანს იარსებებს. თუ გულს არ აიცრუებ, ის მარადიული გახდება. მაშინ ღმერთი სიკეთეს მოგიტანს. (მაშინ ღმერთი შვებას მოგგვრის.) _ რა უნდა მივწერო? _ გაუმხილე შენი აზრები, რომელთა გამოთქმაც ხმამაღლა ვერ გადაგიწყვეტია. აზრები, რომლებიც გამძიმებს და ვერ მოგიცილებია: აზრები, რომლებსაც ერთ ადგილას გაუქვავებიხარ, გბოჭავენ და განძრევის საშუალებას არ გაძლევენ, სხვა ფიქრებს ერეკებიან და გალპობენ. პირში წყალს თუ დაიგუბებ, მოძველებული აზროვნების მყრალ სანაგვედ იქცევი. _ კეთილი. _ ამას გარდა, ღმერთს მხოლოდ ერთი რამ შეგიძლია სთხოვო. მხოლოდ ერთი! _ მაგარი ვინმეც ყოფილა ეს თქვენი ღმერთი. ალადინს თავისი ლამპარისთვის სამი სურვილის ჩათქმა შეეძლო. _ დღეში ერთი სურვილი უფრო მეტი არ არის, ვიდრე სამი _ მთელი ცხოვრების მანძილზე? _ კეთილი. ესე იგი, ყველაფერი შემიძლია ვთხოვო: სათამაშოები, კანფეტები, მანქანა….. _ არა, ოსკარ. ღმერთი თოვლის ბაბუა არ გეგონოს. მას² მხოლოდ გონისმიერი თხოვნით შეგიძლია მიმართო. _ მაგალითად? _ ვთქვათ, გამბედაობა, მოთმინება, გონების სიცხადე. _ კი ბატონო, მესმის, რასაც ამბობ. _ ამასთან ერთად, ოსკარ, შეგიძლია, სხვების მფარველობაც შესთხოვო. _ დღეში ერთი სურვილი მაქვს, დედა-როზა, რას მიედ-მოედებით! ამ უფლებას ჯერ ჩემთვის დავიტოვებ. ესეც ასე, უფალო ღმერთო. ამ პირველი წერილით ვეცადე ოდნავ მაინც მეჩვენებინა, თუ რა ცხოვრებას ვეწევი საავადმყოფოში, სადაც ადამიანები აღმიქვამენ, როგორც მედიცინის წინააღმდეგ აღმართულ წინააღმდეგობას. ჰოდა, გთხოვ, ერთ რამეში გამარკვიე: განვიკურნები თუ არა? ან ჰო მითხარი, ან არა. ნუთუ ასე რთულია? კი ან არა. მცდარი პასუხი გადახაზე. ხვალამდე, გკოცნი ოსკარი P.შ. შენი მისამართი კი არ მაქვს. როგორ მოვიქცე? ძვირფასო ღმერთო, ყოჩაღ. ძალიან ძლიერი ვინმე ხარ; სანამ წერილს საფოსტო ყუთში ჩავაგდებდი, პასუხიც გამეცი, როგორ მოახერხე? ამ დილით დასასვენებელ ოთახში აინშტაინს ჭადრაკს ვეთამაშებოდი, პოპკორნი მოვიდა და გამაფრთხილა: _ შენი მშობლები მოვიდნენ. _ ჩემი მშობლები? შეუძლებელია. ისინი მხოლოდ კვირაობით მოდიან. _ მანქანა დავინახე, თეთრბრეზენტიანი წითელი ჯიპი. _ შეუძლებელია. მხრები ავიჩეჩე და აინშტაინთან თამაში განვაგრძე. საგონებელში ჩავრადნილს აინშტაინმა ზედიზედ ამწაპნა ყველა ფიგურა. ამან კიდევ უფრო გამაღიზიანა. აინშტაინს იმიტომ კი არ ვეძახით, რომ სხვებზე უფრო გონიერია, უბრალოდ, ჩვეულებრივზე უფრო დიდი თავი აქვს. ამბობენ, წყლით არის სავსეო. სამწუხაროა, წყლის მაგივრად თავი ტვინით რომ ჰქონოდა გამოტენილი, აინშტაინი დიდ საქმეებს განახორციელებდა. როგორც კი მივხვდი, რომ მოგებას პირი არ უჩანდა, თამაშს შევეშვი და პოპკორნს გავყევი. მისი ოთახი მანქანების სადგომზე გადის. პოპკორნი არ ცდებოდა, ჩემი მშობლები მართლა მოსულიყვნენ. ღმერთო, უნდა გითხრა, რომ ჩემი სახლი აქედან ძალიან შორსაა. როცა იქ ვცხოვრობდი, მანძილს ვერ ვგრძნობდი. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ იქამდე შორია. ამის გამო ჩემი მშობლები კვირაში მხოლოდ ერთხელ ახერხებენ ჩემს სანახავად ჩამოსვლას. ისიც კვირა დღეს, როცა არ მუშაობენ. ეს დღე, სხვათა შორის, ჩემთვისაც უქმეა. _ ხომ სიმართლე გითხარი? – შემახსენა პოპკორნმა – რამდენს გადაიხდი გაფრხილებისთვის? _ შოკოლადში ამოვლებული თხილები მაქვს. _ მარწყვი ”ტაგადა” აღარ დაგრჩა? A_ არა. _ ჯანდაბას, მომეცი რაც გაქვს. ცხადია, არ გვაქვს უფლება, პოპკორნს საჭმელი მივცეთ. ის ხომ აქ გასახდომად მოიყვანეს. 98 კილოს იწონის ცხრა წლის ასაკში. წარმოიდგინეთ, 1 მეტრის და 10 სანტიმეტრის სიმაღლის ბიჭი სიგანეში 1 მეტრი და 10 სანტიმეტრია. მხოლოდ ამერიკულ გრძელმკლავიან მაისურში ეტევა. სიმართლე რომ გითხრათ, არცერთ ჩემს მეგობარს არ სჯერა, რომ ის ოდესმე გახდება. ისე შია, ისე შია, რომ ძალიან გვეცოდება ხოლმე. თუ რამე დაგვრჩა, სულ პოპკორნს ვაძლევთ. ჩემი პაწაწინა შოკოლდიანი თხილი არაფერია ქონის ამ უზარმაზარ მასასთან შედარებით. ჩვენ თუ მართებულად არ ვიქცევით, მაშინ რაღა ვთქვათ იმ მედდებზე, პოპკორნს წამდაუწუმ შემცვლელებს რომ ტენიან. მაშინ მათაც შეწყვიტონ. მშობლების მოლოდინში ჩემს ოთახში დავბრუნდი. თავიდან ვერც მივხვდი, როგორ გაირბინა წუთებმა. მერე დამკრა თავში, რომ ამ ხნის მანძილზე ხუთჯერ მაინც მოასწრებდნენ ჩემთან მოსვლას. უცბად მივხვი, სადაც იყვნენ. დერეფანში ფეხაკრეფით გავიძურწე. როცა დავრწმუნდი, რომ არავინ მიყურებდა, კიბეს ჩავუყევი. სანამ ექიმ დიუსელდორფის კაბინეტს მივაღწევდი, უკუნ სიბნელეში ვიარე. არ შევმცდარვარ, იქ იყვნენ. კარს მიღმა მათი ხმები ისმოდა. კიბეზე ჩასვლამ დამქანცა და ამიტომ რამდენიმე წამს შევყოვნდი, გული საგულეში რომ ჩამდგომოდა. აი, სწორედ მაშინ აირია ყველაფერი. უნებლიედ ისეთი რამ მოვისმინე, რისთვისაც საერთოდ არ უნდა მეგდო ყური. დედაჩემი ქვითინებდა. ექიმი დიუსელდორფი კი ამშვიდებდა: “ჩვენ ყველაფერი ვცადეთ! მერწმუნეთ, ქალბატონო, რომ ჩვენ მცდელობა არ დაგვიკლია’’. “დარწმუნებული ვარ, ექიმო. მე მჯერა თქვენი” – ჩაერია მამაჩემი გაგუდული ხმით. ვიდექი რკინის კარზე ყურმიკრული. ისიც კი ვიფიქრე, ლითონზე უფრო ცივი მე ხომ არ ვარ-მეთქი. შემდეგ ექიმმა დიუსელდორფმა იკითხა: _ ბავშვს ხომ არ მოეფერებოდით? _ არა, გამბედაობა არ მეყოფა,- თქვა დედაჩმმა _ ამ მდგომარეობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვნახოს, – დასძინა მამაჩემმა. სწორედ მაშინ მივხვი, რომ ჩემი მშობლები ლაჩრები იყვნენ და მეტი არაფერი. უარესი: ორი მხდალი, შენც რომ ისეთივე ჰგონიხარ. კაბინეტში ამტყდარ სკამების ხმაურზე მივხვდი, რომ საცაა გამოვიდოდნენ. ამიტომ პირველსავე კარებში შევრგე თავი. ასე და ამგვარად აღმოვჩნდი საკუჭნაოში, ცოცხებს რომ ინახავენ. შუადღემდე დარჩენილი დრო იქ გავატარე. ღმერთო, შენ შეიძლება არ იცი, მაგრამ ცოცხების შესანახი საკუჭნაო მხოლოდ გარედან იღება. გეგონება, ცოცხები, სათლები და ტილოები ღამე ფეხს აიდგამენ და გაქცევით უშველიან თავს. ყოველ შემთხვევაში, სიბნლეში ყოფნას სულაც არ შევუწუხებივარ. შეიძლება იმიტომ, რომ არც არავის ნახვის სურვილი არ მქონდა. ამას გარდა, მოსმენილისგან თავზარდაცემულს ხელები და ფეხები მაინცდამაინც არ მემორჩილებოდა. შუადღე როგორც კი მოახლოვდა, მთელი ზედა სართული აწრიალდა. მესმოდა ნაბიჯების ხმა, გიჟებივით დარბოდნენ აქეთ-იქეთ. მერე ჩემს სახელს ხმამაღლა გაჰკიოდნენ. _ ოსკარ! ოსკარ! ჩემი სახელის გაგონებამ შვება მომგვარა. მსიამოვნებდა, რომ მეძახდნენ და არ ვპასუხობდი. მსურდა, მთელი დედამიწა წყობიდან გამომეყვანა. მერე, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ცოტა თვალიც მოვატყუე. ჩამესმა, თუ როგორ დაფრატუნობდა კალოშებში მორიგე დამლაგებელი, მადამ ნ’და. კარი შემოაღო და შიშისგან ორივეს კინაღამ გულები დაგვისკდა. მანაც და მეც არაადამიანური ხმით ვიკივლეთ. რას იფიქრებდა, რომ საკუჭნაოში მიპოვიდა. მე კი სულ ამომივარდა თავიდან, ასე უღმერთოდ შავი რომ იყო. არც ის მახსოვდა, ასე ბღავილი თუ შეეძლო. ამას წარმოუდგენელი აურზაური მოჰყვა. ყველა მოვარდა: ექიმი დიუსელდორფი, მთავარი ექთანი, მორიგე ექთნები, დამლაგებლები, ერთი სიტყვით, მთელი საავადმყოფო. ვიფიქრე, ახლა დამცხებენ-მეთქი, მაგრამ არა. პირიქით, ისე დამიტკბნენ, ვერც წარმოიდგენ. გადავწყვიტე, შექმნილი მდგომარეობით მესარგებლა. _ დედა-როზას ნახვა მინდა! _ კი მაგრამ სად იყავი, ოსკარ? ხომ კარგად გრძნობ თავს? _ დედა-როზას ნახვა მინდა! _ როგორ აღმოჩნდი კარადაში? ვინმეს შეყევი? ნუთუ ჩვენი ძახილი არ გესმოდა? ხომ არაფერი გაგიგონია? _ დედა-როზას ნახვა მინდა! _ მოდი, ერთი ჭიქა წყალი დალიე. _ არა, დედა-როზას ნახვა მინდა! _ მოდი ერთი ლუკმა….. _ არა-მეთქი, დედა-როზას ნახვა მინდა! წარმოიდგინე გრანიტი, ციცაბო კლდე, ბეტონის ლოდი – ერთი სიტყვით, ვერაფერს გახდნენ. აღარც კი ვუსმენდი, რას მელაპარაკებოდნენ. მინდოდა დედა-როზა მენახა. მორჩა და გათავდა. ექიმი დიუსელდორფი ცოტა არ იყოს შეცბა, მის ავტორიტეტს ჩემს თვალში წყალი, რომ შეუდგა. ბოლოს ისიც მოლბა: _ წადით და მოძებნეთ ის ქალბატონი. ამის თქმა იყო და დასვენებაზე დავთანხმდი. ჩემს ოთახში ცოტა წავუძინე კიდეც. როცა გავიღვიძე, დედა-როზა იქვე იჯდა, ღიმილიანი შემომცქეროდა. _ ყოჩაღ ოსკარ, ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანე. კარგი სილაც აგემე ამათ, მაგრამ შედეგად რა მივიღეთ, თუ იცი? ახლა ჩემი შურთ! _ დარდი ნუ გაქვთ. _ ისინი ძალიან ყოჩაღები არიან, ოსკარ, მართლაც რომ გულადი ადამიანები. _ არ მაინტერესებს. _ აბა, რას ერჩი მათ, მითხარი! _ ექიმმა დიუსელდორფმა ჩემს მშობლებს უთხრა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ მიწერია. მათ კი გაქცევით უშველეს თავს. მძულს ისინი. დედა-როზასაც ყველაფერი წვრილ-წვრილად მოვუყევი, ჩემო ღმერთო! _ ჰმ, – წამოიწყო დედა-როზამ – ეს ამბავი ბეთიუნის ორთაბრძოლას მაგონებს, სადაც სარა იუპ ლა ბუმს დავეტაკე. იყო ასეთი ქეჩისტი, სხეულს ზეთით იპოხავდა, რინგის ნამდვილი მახრჩობელა გველი გახლდათ, თითქმის დედიშობილა პაექრობდა; ხელს ვერსად ჩაავლებდი, როგორც კი შეეხებოდი, უმალ დაგისხლტებოდა. ბეთიუნში უყვარდა ორთაბრძოლა. ყოველ წელს ქალაქის თასი ხელში ეჭირა. მეც მომინდა ჯილდოსთვის ხელი გამომეკრა. _ გამოგივიდათ, დედა-როზა? _ როგორც კი რინგზე გავიდა, ჩემმა მეგობრებმა ფქვილი შეაყარეს. წარმოიდგინე ზეთი და ფქვილი ერთად? ლამაზად კი მოვკაზმეთ! პირჯვარი გადავიწერე და ორ წამში ხალიჩაზე გავაგორე ის შენი მოწონებული სარა იუპ ლა ბუმი. ჩემთან დამარცხების შემდეგ მეტსახელად კაციშვილი აღარ უწოდებდა რინგის უხსენებელს, არამედ ორცხობილაში შემწვარ ვირთევზას. _ მაპატიეთ, დედა-როზა, მაგრამ ამ ორ ამბავს შორის საერთოს ვერ ვხედავ. _ მე კი მშვენივრად ვხედავ. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ოსკარ. ყოველთვის აგდია სადღაც ერთი ტომარა ფქვილი. კარგი იქნებოდა, ღმერთისთვის მიგეწერა. ის ჩემზე გაცილებით ძლიერია. _ ქეჩშიც? _ აბა რა. შენ წარმოიდგინე, ამ საქმესაც მშვენივრად ართმევს თავს. ოდნავ მაინც ეცადე, ჩემო პატარა ოსკარ. რამ გატკინა ყველაზე ძლიერ გული? _ ვერ ვიტან ჩემ მშობლებს. _ მაშინ შეიძულე ისინი უფრო მეტად. _ ამას თქვენ მეუბნებით, დედა-როზა? _ დიახ, მე. შეიძულე ისინი ძლიერ, ძლიერ. ეს სიძულვილი საღრღნელი ძვალივით იქნება შენთვის. როცა ძვლის ღრღნას მორჩები, მიხვდები, რომ ჩიტი ბრდღვნად არ ღირდა. მოუყევი ყველაფერი ღმერთს და სთხოვე, ერთხელ მაინც გინახულოს. _ ღმერთი გადაადგილდება? _ თავისებურად. ხშირად არა, რა თქმა უნდა. შეიძლება ითქვას, იშვიათად. _ რატომ, ისიც ავადაა? აქ მის ამოხვნეშაზე მივხვდი, არც შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უნდა შეშურდეს კაცს, მაგრამ დედა-როზამ ეს ცოცხალი თავით არ აღიარა. _ ოსკარ, მშობლებს შენთან ღმერთზე არასდროს ულაპარაკიათ? _ შემეშვით რა, ჩემი მშობლები მხდლები არიან. _ რა თქმა უნდა, მაგრამ შენთან ღმერთზე კრინტიც არ დაუძრავთ? _ კი, მხოლოდ ერთხელ და ისიც იმის სათქმელად, რომ მისი არ სწამთ. მათ მხოლოდ თოვლის ბაბუის არსებობის სჯერათ. _ ნუთუ ასეთი შტერები არიან, ჩემო პატარა ოსკარ? _ აბა! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ! იმ დღეს სკოლიდან რომ დავბრუნდი და პირში მივახალე ორივეს, კმარა სისულელეების როშვა-მეთქი, არც მე და არც ჩემს ძმაკაცებს ერთი წამითაც არ გვჯერა იმ თეთრწვერა ბებრუხანას არსებობა-თქო, ისეთი გამომეტყველება მიიღეს, გეგონებოდა მთვარიდან ეს-ესაა ფეხი ჩამოდგესო. გავცოფდი იმის გაფიქრებაზე, როგორ გავიმასხარავებდი თავს, სკოლის ეზოში მათი მონაჩმახი რომ მომეყოლა. აქ იფიცეს, გონებაშიც კი არ გაგვივლია შენი მოტყუებაო. პირიქით, ჩვენ გვწამდა მისი არსებობის და ახლა ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, თოვლის ბაბუას ამბავი მტკნარი სიცრუე რომ აღმოჩნდაო. გიმეორებთ, დედა-როზა, ორი ჩამოყალიბებული ბრიყვია და მეტი არაფერი. _ მოკლედ რომ მოვჭრათ, ღმერთის არ სწამთ? _ არა. _ ამან შენში ინტერესი არ აღძრა? _ ახლა იმის გარკვევას თუ დავიწყებ, რას ფიქრობენ ბრიყვები, სადღა დამრჩება დრო, ჭკვიანი ადამიანების აზრებით დავინტერესდე. _ მართალი ხარ. მაგრამ თუ შენი მშობლები სულელები არიან და ამას თავადაც ადასტურებ… _ ორი ზრდასრული კრეტინი, დედა-როზა, ნუთუ ვერ გაიგეთ? _ ერთი სიტყვით, თუ შენი მშობლები ცდებიან და ღმერთის არ სწამთ, თავად შენ რად არ ირწმუნებ მის არსებობას და არ შესთხოვ, გეწვიოს? _ თანახმა ვარ, მაგრამ თქვენ არ მითხარით, იშვიათად გადაადგილდებაო? _ არა, მას სტუმრობის თავისებური მანერა ახასიათებს. შეიძლება გონებაში გამოგეცხადოს, ან თუნდაც ფიქრებში. დედა-როზას ნათქვამი ძალიან მომეწონა. უკეთეს არგუმენტს კაცი ვერ მოიფიქრებდა. დედა-როზამ დასძინა: _ აი, ნახავ, მის მობრძანებას დიდი შვება მოაქვს ადამიანებისთვის. _ კეთილი, გავესაუბრები ამის შესახებ. ჯერჯერობით კი მხოლოდ თქვენს მობრძანებას მოაქვს ჩემთვის შვება. დედა-როზას გაეღიმა და თითქმის მორცხვად გადმოიხარა ჩემსკენ, ლოყაზე რომ ეკოცნა. ბოლომდე მაინც ვერ გაბედა. თვალებით მთხოვდა ნებართვას. _ მოდით, დედა-როზა… მაკოცეთ. სხვებს არ ვეტყვი, ყოფილი ქეჩისტის რეპუტაციას ჩრდლის ხომ არ მივაყენებ. ლოყაზე მისი ლოყების შეხება ვიგრძენი. მესიამოვნა. მისი სითბო ჩემში გადმოიღვარა. ცოტა მომეღიტინა კიდეც. დედა-როზას ფერ-უმარილისა და საპნის სუნი ასდიოდა. _ როდის დაბრუნდებით? _ მე კვირაში მხოლოდ ორჯერ მოსვლის უფლება მაქვს. _ შეუძლებელია, დედა-როზა, სამი დღე რა მოიცდის! _ ეს საავადმყოფოს შინაგანაწესია. _ ვინ თხზავს ამ წესებს? _ ექიმი დიუსელდორფი. _ ექიმ დიუსელდორფს ამ ბოლო დროს ჩემს დანახვაზე შარვალში ეპარება. წადით და სთხოვეთ ნებართვა. მე სულაც არ ვხუმრობ. დედა-როზამ ეჭვის თვალით შემომხედა. _ გიმეორებთ, მე არ გეხუმრებით. თუ ყოველდღე არ მოხვალთ, ღმერთისთვის წერილის მიწერაზე უარს ვაცხადებ. _ შვეცდები. დედა-როზა როგორც კი გავიდა, ტირილი დავიწყე. ადრე ვერ ვხვდებოდი, როგორ მჭირდებოდა დახმარება. ვერ გამეაზრებინა ჩემი ავადმყოფობის სიმძიმე. იმის გაფიქრებამ კი, რომ დედა-როზას სამი დღე ვერ ვნახავდი, ყველაფერი ცხადად დამანახა. ეს ცრემლებიც, ლოყებს რომ მიწვავდა, ამის გამო წამომცვივდა. საბედნიეროდ, დედა-როზას დაბრუნებამდე მეყო დრო, თავი ხელში ამეყვანა. _ საქმე მოვაკვარახჭინე… არის ნებართვა; თორმეტი დღის მანძილზე ყოველდღე შემიძლია შენს სანახავად მოსვლა. _ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს სანახავად? _ მხოლოდ და მხოლოდ შენს სანახავად, ოსკარ. 12 დღე. არ ვიცი, რა დამემართა, ცრემლების ნაკადი ისევ მომაწვა. ისევ ზლუქუნი მოვრთე. ცრემლების ნიაღვარი ლოყებზე გადმოდინდა. მშვენივრად ვიცი, რომ ბიჭებს ტირილი არ შეშვენით, განსაკუთრებით კი მე, კვერცხთავა არსებას, არც ბიჭს რომ არ ჰგავს და არც გოგოს, უფრო უცხოპლანეტელს რომ მიამსგავსებ. ვერაფერი გავაწყვე. ვერ შევძელი გრძნობების მოთოკვა. _ თორმეტი დღე? ნუთუ საქმე ასე ცუდადაა დედა-როზა? დედა-როზაც წკიპზე იყო. ცოტაც და ცრემლად დაიღვრებოდა. ორჭოფობდა. მასში ყოფილი ქეჩისტი გულჩვილ, ნაზ ქალს ებრძოდა. საყურებლად მშვენიერი სცენა გამოდგა და, ცოტა არ იყოს, გავერთე კიდეც. _ რა დღეა დღეს, ოსკარ? _ რა შეკითხვაა! განა ვერ ხედავთ ჩემს კალენდარს? 19 დეკემბერია. _ ჩემს ქვეყანაში გავრცელებული ლეგენდის თანახმად, წლის ბოლო თორმეტი დღის მიხედვით ადამიანებს მომავალი 12 თვის ამინდის წინასწარმეტყველება შეუძლიათ. საკმარისია, დღეს მინიატურაში დააკვირდე, მთელი თვის სურათი რომ წარმოგიდგეს. 19 დეკემბერი იანვრის თვეს შეესაბამება, 20 დეკემბერი თებერვალს და ასე შემდეგ 31 დეკემბრამდე, რომელიც მომავალი წლის დეკემბერს წარმოადგენს. _ ნუთუ ეს მართალია? _ ეს მხოლოდ ლეგენდაა იდუმალებით აღსავსე თორმეტი დღის შესახებ. მოდი, ჩვენც ვითამაშოთ. ალბათ, ეს თამაში შენ უფრო გეხება. ამიერიდან ყოველ ცისმარე დღეს დააკვირდები; გონებაში კი აღნიშნავ, რომ ყოველი მზის ამოსვლა შენთვის 10 წლის ტოლფასია. _ ათი წლის? _ დიახ, ერთი დღე 10 წელს უდრის. _ გამოდის, თორმეტ დღეში 130 წლის გავხდები. _ მაშ! წარმოგიდგენია?! დედა-როზამ მაკოცა. მგონი, გემო გაუგო ამ ჟესტს. შემდეგ კი დამტოვა. ასე და ამგვარად, ღმერთო, ამ დილით დავიბადე, მაგრამ კარგად ვერ გავიაზრე ეს ამბავი. შუადღისთვის, როცა 5 წელი შემისრულდა, ყველაფერი ბევრად უფრო ნათელი გახდა. სიბრძნე მომემატა, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს კარგი ამბების შეტყობას. ამ საღამოს 10 წელი მომიკაკუნებს და ეს უკვე გონიერების ასაკის დადგომას ნიშნავს. ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს ერთი თხოვნით მოგმართო: როცა ჩემთვის რამე სათქმელი გექნება, იყავი უფრო ლმობიერი. ისე მოულოდნელად ნუღარ მაუწყებ, როგორც შუადღისას, 5 წლის ასაკში მომექეცი. აბა, ხვალამდე, გკოცნი. ოსკარი P.შ. კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს. ვიცი, მხოლოდ ერთი სურვილით შემიძლია მოგმართო, მაგრამ წეღან რაც მოგწერე, უფრო რჩევას გავდა. თანახმა ვარ ერთ პატარა ვიზიტზე, ოღონდ გონებაში. ვფიქრობ, ძალიან შთამბეჭდავი უნდა იყოს. როგორ მინდა, ერთხელ მაინც მეწვიო. ღია ვარ ნებისმიერი მიღებისთვის დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე. სხვა დროს მძინავს. სამკურნალო პროცედურების გამო დღის განმავლობაში შიგადაშიგ წავუძინებ ხოლმე. თუ შენი ვიზიტი ასეთ დროს დაემთხვა, არ მოგერიდოს და გამაღვიძე. რა სამწუხარო იქნება, ამის გამო რომ ერთმანეთს ავცდეთ, არა? ძვირფასო ღმერთო, დღეს განვლო მოზარდობის პერიოდმა და მინდა გითხრა, რომ უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. ეს რა ამბავი დატრიალდა! ქვეყნის უსიამოვნება მქონდა ძმაკაცებთან და ეს ყველაფერი _ გოგონების გამო. მსიამოვნებს, ამ საღამოს 20 წელი რომ შემისრულდა. შვებით ამოვისუნთქე და ყველაზე მძიმე პერიოდი წარსულს ჩაბარდა-მეთქი, ჩემთვის ვთქვი. პუბერტატი ერთხელ _ კი ბატონო, მაგრამ ორჯერ? არა, გმადლობთ. ღმერთო, ჯერ ის მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს სანახავად არ მოხვედი. დღეს ცოტა მეძინა, ამ მომწიფების პრობლემების გადამკიდე…. ასე რომ, ვერანაირად ვერ აგცდებოდი. ამას გარდა, კიდევ ერთხელ გიმეორებ, თუ ხვრინვა ამოვუშვი, შემანჯღრიე, რა. გავიღვიძე და დავინახე, რომ დედა-როზა უკვე მოსულიყო. სანამ ვსაუზმობდით, ბელგიელ ქეჩისტთან, ტეტონ რუაიალთან გამართული ორთაბრძოლების შესახებ მიყვებოდა. თურმე ყოველდღე სამ კილო უმ ხორცს ნთქავდა და ზედ ერთ კასრ ლუდს აყოლებდა. როგორც ჩანს, ტეტონ რუაიალის ყველაზე ძლიერი წერტილი მისი სუნთქვა ყოფილა. ხორც-ლუდის ფერმენტაციის შედეგად ისეთი სიმყრალე ამოსდიოდა თურმე მუცლიდან, რომ მოწინააღმდეგეები მოცელილი ბალახივით იკეცებოდნენ ხალიჩაზე. დედა-როზა იძულებული გახდა, ტეტონის წინააღმდეგ ახალი ტაქტიკა შეემუშავებინა. თავზე თურმე ლავანდის სუნით გაჟღენთილი ჩაფხუტი წამოიცვა და ბურელ დე კარპენტრასი დაირქვა. დედა-როზა ყოველთვის იმეორებს, რომ ქეჩში ტვინი თუ არ გაანძრიე, წასულია შენი საქმე. _ ვინმე თუ გიყვარს, ოსკარ? _ სად? აქ, საავადმყოფოში? _ ჰო. _ ბეკონი, აინშტაინი, პოპკორნი. _ გოგონებიდან? ამ კითხვაზე, ცოტა არ იყოს, გავიჭედე. სულაც არ ვაპირებდი პასუხის გაცემას. დედა-როზა კი ელოდა. არადა, საერთაშორისო რანგის ქეჩისტის წინ დიდხანს ჯამბაზობა არ გამოვა. _პეგი ბლუ. პეგი ბლუ ცისფერი გოგონაა, დერეფნის სიღრმეში, ბოლოს წინა ოთახში ცხოვრობს. ყოველთვის თავაზიანი ღიმილი აფენია, მაგრამ ხმას თითქმის არასდროს იღებს. თითქოს კეთილი ფერია იყოს, სულის მოსათქმელად საავადმყოფოში რომ შემოირბინა. პეგის რთული სენი ჭირს, ე.წ. ცისფერი ავადმყოფობა. მის ფილტვებს სისხლი აღარ მიეწოდება და სადღაც იჭედება. ამის გამო მთელს მის კანს ცისფერი დაკრავს. ოპერაციას ელოდება, რომლის შედეგადაც ვარდისფერი გახდება. ჩემი აზრით, ფრიად დასანანი იქნება. ცისფერი პეგი ბლუ ბევრად უფრო მომწონს, გარშემო უსაზღვრო სინათლესა და სიჩუმეს აფრქვევს. როცა ვუახლოვდები, მგონია, რომ სამრეკლოში შევდივარ. _ უთხარი? _ ხომ არ დავერჭობი მის წინ და ხომ ვერ ვეტყვი: “პეგი ბლუ, მიყვარხარ” –თქო. _ რატომაც არა? ვითომ რატომ ვერ ეტყვი? _ ჯერ ერთი, ისიც არ ვიცი, ჩემი არსებობა საერთოდ თუ შეუმჩნევია. _ ჰოდა, ეს კიდევ ერთი საბაბია, რომ უთხრა. _ ალბათ თქვენ ჩემი სიფათისთვის არ შეგიხედავთ! ძალიან უნდა უყვარდეს უცხოპლანეტელები, თავი რომ მოვაწონო. ამაში კი ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული. _ მე კი მიმაჩნია, რომ ერთობ სიმპათიური ვინმე ხარ, ოსკარ. აქ დედა-როზამ საუბარი, ცოტა არ იყოს, შეამუხრუჭა. სასიამოვნოა, როცა შენზე მსგავსი რამეები გესმის, პირდაპირ ჟრუანტელი გივლის ხოლმე მთელ სხეულში, მაგრამ, აღარ იცი, რა უპასუხო. _ მე მხოლოდ ჩემი სხეულით მსურს პეგი ბლუ მოვნუსხო. _ რა გრძნობებს გიღვიძებს პეგი ბლუ? _ სურვილი მიჩნდება, მოჩვენებების შემოსევისგან დავიცვა. _ რაო? აქ რა, მოჩვენებები ბინადრობენ? _ ჰო, ყოველ ღამე გვაღვიძებენ, მიზეზი კი არავინ იცის; ისე იბწკინებიან, საშინლად გვტკივა ხოლმე; თანაც გვეშინია, რადგან უჩინრები არიან. ადვილი კი არ არის, მერე ისევ ჩაიძინო. _ ხშირად გსტუმრობენ მოჩვენებები? _ მე არა. ხომ იცით, როგორი ღრმა ძილით მძინავს. სამაგიეროდ, ღამით პეგი ბლუს ყვირილი მესმის ხშირად. ძალიან მინდა, დავიცვა. _ მიდი და უთხარი მერე. _ ასეა თუ ისე, ამას ვერ გავაკეთებ. ღამე ოთახის დატოვების უფლებაც კი არ გვაქვს. ასეთია შინაგანაწესი. _ მოჩვენებებმა იციან, რას ნიშნავს შინაგანაწესი? ცხადია, არა… ცოტა ეშმაკობას უხმე. თუ გაიგეს, როგორ გამოუცხადე პეგის, მოჩვენებებისგან დასაცავად მის კართან დარაჯობას რომ აპირებ, განა გაბედავენ ამ საღამოს მოსვლას? – მმმ…. _ რამდენი წლის ხარ ოსკარ? _ არ ვიცი, რომელი საათია? _ ათი, მეთხუთმეტში გადადექი. ნუთუ არ ფიქრობ, რომ დადგა დრო, გეყოს გამბედაობა და საკუთარ გრძნობებზე პასუხი აგო? თერთმეტის ნახევარზე გადაწყვეტილება მივიღე და პეგი ბლუს ოთახისკენ გავემართე. კარი ღია იყო. _ გამარჯობა პეგი, მე ოსკარი ვარ. საწოლზე იყო მიწოლილი. გეგონებოდა, მშვენიერი პრინცის მოლოდინში გარინდული ფიფქიააო. იმ მშიშარა ჯუჯებს კი მკვდარი ეგონათ. მართლა ფიფქიას ჰგავდა. წარმოიდგინე ფოტოზე აღბეჭდილი ქათქათა თოვლი, ოდნავ ცისფერი რომ გადაჰკრავს. ჩემსკენ შემობრუნდა. მე კი ჩემთვის გავიფიქრე, ნეტავი რომელი ვგონივარ, მშვენიერი პრინცი თუ ჯუჯა-მეთქი. მის ადგილას მე ”ჯუჯას” შემოვხაზავდი კვერცხის ფორმის თავის ქალის გამო, მაგრამ პეგის ხმა არ ამოუღია და ძალიანაც კარგი. მასთან ურთიერთობისას სწორედ ისაა შესანიშნავი, რომ ყოველთვის დუმს და ყველაფერი იდუმალი რჩება. _ მოვედი, რათა გაუწყო ჩემი გადაწყვეტილება. ამ საღამოს კარებთან დარაჯად უნდა დაგიდგე და მოჩვენებებისგან დაგიცვა. ასე იქნება ამიერიდან, თუ, რა თქმა უნდა, საწინააღმდგო არაფერი გაქვს. პეგიმ შემომხედა და წამწამები დააფახულა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შენელებულ ფილმს ვუყურებდი. ჰაერი კიდევ უფრო ჰაეროვანი გახდა, სიჩუმე – კიდევ უფრო უტყვი. მეგონა, წყლის ზედაპირზე მივაბიჯებდი. გაუგებარი წარმოშობის სინათლით გაბრდღვიალებულ მის საწოლთან მიახლოებისას ყველაფერმა იერი იცვალა…. _ ერთი წუთით, კვერცხთავავ, შენ კი არა, მე დავიცავ პეგის! კარის ჭრილში პოპკორნი იდგა, უფრო სწორად, მთლიანად ავსებდა მას. კანკალი ამივარდა. უდავოა, რომ პოპკორნმა თუ ითავა დაცვა, შედეგიც არ დააყოვნებს და ვერცერთი მოჩვენება ვერ შემოძვრება ოთახში. პოპკორნმა პეგის თვალი ჩაუკრა. _ რას იტყვი პეგი, მე და შენ ხომ მეგობრები ვართ? პეგიმ მზერა ჭერს მიაპყრო. პოპკორნმა ეს თანხმობად ჩათვალა და გარეთ გამათრია. _ თუ გოგოს ეძებ, სანდრინთან მიბრძანდი. პეგი ხელშეუხებელი ნაკრძალია! _ რა უფლებით? _ იმ უფლებით, რომ მე ვიყავი აქ შენზე ადრე. თუ უკმაყოფილო ხარ, მოდი, ვიჩხუბოთ. _ მართალი გითხრა, მეტისმეტად კმაყოფილიც კი ვარ! ცოტა დაღლა ვიგრძენი და დასასვენებლად სათამაშოების ოთახს მივაშურე. ბედი არ გინდა?! სანდრინი სწორედ იქ აღმოჩნდა. მასაც ჩემსავით ლეიკემია სჭირს, მაგრამ, როგორც სჩანს, მისი მკურნალობა უფრო შედეგიანია. ჩინელს ეძახიან იმიტომ, რომ შავ, სრიალა, მბზინვარე პარიკს ატარებს და შუბლზე ჩამოყრილი თმით ძალიან ჰგავს ჩინელს. სანდრინმა შემომხედა და გაბერილი საღეჭი რეზინა გახეთქა. _ თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია, მაკოცო. _ ვითომ რატომ? საღეჭი რეზინა აღარ გყოფნის? _ კოცნის თავი სად გაქვს, საცოდავო! ეჭვიც არ მეპარება, არც კი იცი, როგორ უნდა! _ ოო, როგორ გამაცინე! თხუთმეტი წლის ასაკში, დარწმუნებული ბრძანდებოდე, გოგოსთვის არაერთხელ მიკოცნია. _ შენ რა, მართლა თხუთმეტის ხარ? – მკითხა ყბაჩამოვარდნილმა. მე საათზე გადავმოწმე. _ დიახ, თხუთმეტს უკვე გადავაბიჯე. _ სულ ოცნებად მქონდა, 15 წლის მამაკაცს ეკოცნა ჩემთვის. _ რასაკვირველია, ეს ასაკი უფრო მაცდურია – დავეთანხმე ჩემის მხრივ. ამ დროს საშინლად დაიმანჭა და დაბერილი ტუჩები წინ გამობურცა; გინახავს შუშას მიჭყლეტილი წურბელა?! მივხვდი, რომ ჩემგან კოცნას ელოდა. უკან მოვიხედე და უკლებლივ ყველა ჩემი ძმაკაცი დავინახე, ყურადღებით რომ გვითვალთვალებდნენ. უკან დასახევი გზა მოჭრილი მქონდა. დადგა დრო, ჩემი მამაკაცობა დამემტკიცებინა. მივუახლოვდი და ვაკოცე. სანდრინმა მკლავები შემომაჭდო და განძრევის საშუალება არ მომცა. მლოშნა და მლოშნა. პირში გაუფრთხილებლად შემომიგდო თავისი საღეჭი რეზინა, რომელიც მოულოდნელობისგან გადამეყლაპა. გავცოფდი სიმწრისგან. ამ დროს ზურგზე ვიღაცის ხელის მოთათუნება ვიგრძენი. ხომ იცი, ერთ უბედურებას მეორე მოსდევს ხოლმე: ჩემი მშობლები მობრძანდნენ. სულ ამომივარდა მეხსიერებიდან, კვირა დღე რომ იყო. _ ოსკარ, შენ მეგობარ გოგონას ხომ არ გაგვაცნობ? _ ეს არ არის ჩემი მგობარი! _ მაინც გაგვაცანი, რა. _ ეს სანდრინია, ესენი კი ჩემი მშობლები არიან, სანდრინ. _ აღფრთოვანებული ვარ თქვენი გაცნობით – თქვა ჩინელმა და სახე დაიტკბო. ერთი სული მქონდა, ყელში ვწვდომოდი და დამეხრჩო. _ წინააღმდეგი ხომ არ იქნები, სანდრინი ჩვენთან ერთად რომ წამოვიდეს ოთახში? _ ვიქნები! სანდრინი აქ დარჩება. ლოგინში როგორც კი აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ დავიქნცე. ცოტა ხანს მეძინა. ყოველ შემთხვევაში, მშობლებთან ლაპარაკის სურვილი არ მქონდა. გაღვიძებისას ვნახე, რომ საჩუქრები მოეტანათ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც მუდმივად საავადმყოფოში ვცხოვრობ, მშობლებს უჭირთ ჩემთან საუბარი. სანაცვლოდ საჩუქრები მოაქვთ და ყოველ ჯერზე გულისამრევ ნაშუადღევს თამაშის საექსპლუატაციო წესების კითხვაში ვკლავთ. ამ საქმეში მამაჩემი საოცრად გაბედულია. არც ჩინური და იაპონური ინსტრუქციების წინაშე იტეხს იხტიბარს. სხვა თუ არაფერი, სქემას მაინც ჩაებღაუჭება ხოლმე. ჩაფლავებული ნაშუადღევების უცილობელი მსოფლიო ჩემპიონია. დღეს კომპაქტური ფირფიტების დასაკრავი მომიტანა. სურვილიც რომ გამჩენოდა, აუგს ვერ ვიტყოდი. _ შემთხვევით გუშინ ხომ არ მოსულხართ? _ გუშინ? რატომ უნდა მოვსულიყავით? ხომ იცი, ჩვენ მხოლოდ კვირაობით შეგვიძლია. რატომ იკითხე ოსკარ? _ სადგომზე ვიღაცამ თქვენს მანქანას მოჰკრა თვალი. _ ჩვენს გარდა სხვებსაც ჰყავთ წითელი ჯიპი….. თანაც ფერები ურთიერთშენაცვლებადია. (თანაც, ხომ იცი, ფერები ცვალებადია) _ ფერები _ კი, მაგრამ, სამწუხაროდ, მშობლები _ არა. ამის გაგონებაზე ორივე ადგილზე გაქვავდა. მე კიდევ ავიღე ფირფიტების დასაკრავი და ”მაკნატუნას” მათ ცხვირწინ ორჯერ ზედიზედ, პაუზის გარეშე მოვუსმინე. ორი საათის მანძილზე ერთი სიტყვაც კი ვერ ამოღერღეს. ახია მაგათზე! _მოგწონს? _ ჰო. მეძინება. მიხვდნენ, რომ უნდა წასულიყვნენ; ძალიან უხერხულად კი გრძნობდნენ თავს. აღარ იცოდნენ, რა მოემოქმედათ. ვხვდებოდი, რომ სათქმელი უამრავი ჰქონდათ, მაგრამ ხმა ვერ ამოეღოთ; კარგი სანახავი კი იყო მათი ტანჯვის ყურება. ბოლოს დედაჩემი ჩემსკენ გამოქანდა, გულში მაგრად ჩამიკრა და აკანკალებული ხმით მითხრა: _ მიყვარხარ, ჩემო პატარა ოსკარ! მე შენ ისე ძლიერ მიყვარხარ! მინდოდა, მისი მკლავებისაგან თავი დამეხსნა, მაგრამ ბოლო წამში გადავიფიქრე. ბრალო, ალერსით სავსე წარსული გამახსენდა, როცა დედაჩემი ისე უბრალოდ მეფერებოდა, დარდიანი ხმით კი არ მეუბნებოდა, მიყვარხარო. ამის შემდეგ ცოტა ხნით ისევ ძილმა მძლია. დედა-როზა ჩემპიონია გაღვიძებაში. მაშინ გამოჩნდება ხოლმე ჰორიზონტზე, როცა ის-ის არის გავახელ თვალს. სახეზე ჩვეული ღიმილი გადაეფინება ხოლმე. _ აბა, მითხარი, იყვნენ შენი მშობლები? _ ორი არარაობა! იყვნენ, როგორც ყოველთვის! ერთი კია, ”მაკნატუნა” მომართვეს საჩუქრად. _ “მაკნატუნა”? რა საინტერესოა! ერთ ჩემს დაქალსაც მაკნატუნა ერქვა. უძლეველი ჩემპიონი იყო. მეტოქეებს კისერს პირდაპირ ბარძაყზე უმსხვრევდა. პეგი ბლუ თუ ნახე? _ ნუ მელაპარაკებით ამ თემაზე. პეგი პოპკორნზეა დანიშნული. _ თვითონ გითხრა? _ არა, პოპკორნმა. _ სისულელეა! _ არა მგონია. დარწმუნებული ვარ, პოპკორნი უფრო მოსწონს, ვიდრე მე. ის ხომ ღონიერია და მისი იმედი უფრო ექნება. _ გეუბნები, სისულელეა-მეთქი! რინგზე მეც წრუწუნას ვგავდი, მაგრამ ნამდვილ ვეშაპებსა და ჰიპოპოტამებს მოვუგრიხე კისერი. აი, თუნდაც ირლანდიელი პლუმ პუდინგი, უზმოზზე საცვლის ამარა 150 კილოს რომ იწონიდა, სანამ გინესის წიგნში შეიტანდნენ. მარტო ხელები ჰქონდა ჩემი ბარძაყების სისხო, კუნთები _ ძეხვივით დაბერილი; და მერე ფეხებს არ იკითხავ? მთელი დღე რომ გევლო, გარს ვერ შემოუვლიდი. წელი საერთოდ არ ეტყობოდა. ხელს ვერ ჩაავლებდი. ერთი სიტყვით, აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო. _ და თქვენ როგორ გაუსწორდით? _ ხელი თუ ვერ ჩასჭიდე, ეს იმას ნიშნავს, რომ მრგვალია და შეგიძლია აგორავო. ხვითქი გადასდიოდა, იმდენი ვარბენინე; სიქა რომ გასძვრა, ავაყირავე კიდეც ის შენი პლუმ პუდინგი. ოწინარით ძლივს წამოაყენეს ფეხზე. შენ კიდევ, ჩემო პატარა ოსკარ, ძვალი და ტყავი ხარ, მეტი არაფერი. ქალი რომ მოხიბლო, ერთის ფასიც კაპიკია და მეორისაც. მთავარი გულიდან გადმოღვრილი გრძნობებია. შენი გული კი სავსეა მსგავსი ფასეულობებით. _ ჩემი?! _ წადი, ნახე პეგი ბლუ და უთხარი, რაც გულზე გაწევს. _ ცოტა დაღლილი ვარ. _ დაღლილი? რამდენი წლის შესრულდი ამ საათისთვის? აჰ, თვრამეტის! ამ ასაკში არ იღლებიან! დედა-როზა ისე ლაპარაკობს, პირდაპირ ენერგიით გავსებს. ამასობაში ღამეც ჩამოწვა. სიბნელეში ხმაური უფრო მჭახედ ისმოდა. დერეფანში დაგებული ლინოლიუმი მთვარის შუქს ირეკლავდა. პეგის ოთახში შევედი და დასაკრავი გავუწოდე. _ აჰა, გამომართვი. ,,ფიფქების ვალსს” მოუსმინე…. ისეთი ლამაზია, შენ გამახსენდი. ღიმილით უსმენდა პეგი ,,ფიფქების ვალსს” გეგონებოდა, მუსიკა მისი დიდი ხნის მეგობარი იყო და ყურში სასაცილო ამბებს უჩურჩულებდა. დამიბრუნა დასაკრავი და თქვა: _ ლამაზია! პირველად ამოიღო ხმა. პირველი სიტყვის კვალობაზე განა არაჩვეულებრივი არ არის? _ პეგი ბლუ, რაღაც მინდოდა მეთქვა შენთვის. არ მინდა, რომ ოპერაცია გაიკეთო, ისედაც ლამაზი ხარ…. ლამაზი ხარ ზღვისფერი რომ დაგკრავს. ძალიან კარგად შევამჩნიე, რომ ჩემი სიტყვები ეამა. განგებ არ მითქვამს, მაგრამ, ცხადია, ჩემმა ნათქვამმა სიამოვნება მოჰგვარა. _ ოსკარ, მე მსურს, რომ მხოლოდ შენ დამიცვა მოჩვენებებისგან. _ გქონდეს ჩემი იმედი, პეგი. ვერ აღგიწერ, ისეთი ამაყი ვიყავი. ბოლოსდაბოლოს, მე გავიმარჯვე. _ მაკოცე! მინდა გითხრა, რომ კოცნა გოგონების გამოგონილია. ამის გარეშე ვერ ძლებენ. ის კია, რომ პეგი ჩინელისგან განსხვავებით გარყვნილი არ არის. ლოყა მომიშვირა მხოლოდ. მაგრად კი დამცხა, როცა ვკოცნიდი. _ ღამე მშვიდობისა, პეგი. _ ძილი ნებისა, ოსკარ. ასე და ამგვარად ჩაიარა დღევანდელმა დღემ, ღმერთო. მესმის, რომ ჭაბუკობის პერიოდი, გარდამავალს რომ უწოდებენ, ძალიან მძიმეა; 20 წლის თავზე ყველაფერი გვარდება. მაშ ასე, მოგმართავ დღის თხოვნით. ჩემი დიდი სურვილია, მე და პეგი ბლუ დავქორწინდეთ. კარგად არ ვიცი, დაოჯახება სულიერების სფეროს განეკუთვნება თუ არა; ან ეს ნამდვილად შენი პროფილია? ასრულებ სურვილებს, რომლებიც უფრო მატრიმონიალურ სააგენტოებს შეეფერება? თუ ეს შენს შესაძლებლობებს აღემატება, უმალ აღიარე, რათა იქ მივაკაკუნო, სადაც შეუძლიათ. კი არ გაჩქარებ, მაგრამ არც მე მაქვს თავზე საყრელად დრო. ერთი სიტყვით: ოსკარისა და პეგი ბლუს ქორწინება, კი თუ არა? თავად გადაწყვიტე, მე კი მაწყობს, თუ გამოგივა. აბა, ხვალამდე გკოცნი, ოსკარი P.შ. ისე, ჩვენს შორის დარჩეს, კი არ ვიცი, რა მისამართზე უნდა მოგწერო. ძვირფასო ღმერთო, ესეც ასე, ცოლიანი კაცი ვარ. დღეს 21 დეკემბერია, ცოტაც და 30-ის გავხდები, დაოჯახება კი მოვასწარი; რაც შეეხება ბავშვებს, მე და პეგიმ მოცდა ვამჯობინეთ. იცი, ვფიქრობ, რომ ჩემი მეუღლე ჯერ-ჯერობით ამისთვის მზად არ არის. ყველაფერი წუხელ მოხდა. დაახლოებით ღამის პირველ საათზე პეგის წუწუნი ჩამესმა. ლოგინზე წამოვჯექი. მოჩვენებები! – დამკრა თავში. ისინი პეგი ბლუს აწამებდნენ, მე კი დიდის ამბით შევპირდი, ღამე შენი კარიდან ფეხს არ მოვიცვლი მეთქი. იფიქრებს, რომ ყოვლად უვარგისი ვარ, ხმას აღარ გამცემს და მართალიც იქნება. ლოგინიდან წამოვდექი და იქით გავემართე, საიდანაც გულის გამგმირავი კვნესა ისმოდა. პეგის ოთახს გავუსწორდი. ლოგინზე იჯდა, ეტყობოდა ჩემი მოსვლა ძალიან გაუკვირდა. ალბათ, მეც დაბნეული სახე მქონდა, ასე მოულოდნელად პეგის წინ რომ აღმოვჩნდი, რომელიც პირმოკუმული მზერას არ მაცილებდა. ყვირილი კი არ წყდებოდა. გზა განვაგრძე და შემდეგ კარს მივადექი. უცებ ყველაფერი გასაგები გახდა. ბეკონი, დამწვრობებით შეწუხებული, საცოდავად იკლაკნებოდა ლოგინზე. წამიერად თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ის დღე გამახსენდა, როცა სახლს, კატასა და ძაღლს ცეცხლი წავუკიდე და წითელი თევზებიც შიგ ამოიხრუკნენ; ალბათ, უფრო მოიხარშებოდნენ; ნათლად წარმოვიდგინე, რა დღე გადაიტანეს. თავი დავიმშვიდე: ჯობია, რომ ვერ გადარჩნენ, თორემ ბეკონივით საზარელი მოგონებებისა და დამწვრობისაგან დაიტანჯებოდნენ; გაუთავებელი გადანერგვები და მალამოები ამაო გარჯა იქნებოდა. ბეკონი ლოგინზე მოიკუნტა და კვნესა შეწყვიტა. მე პეგისთან დავბრუნდი. _ გამოდის, რომ ეს შენ არ იყავი, პეგი? ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ღამე შენ ყვიროდი. _ მე კი შენ მეგონე. ვერ გაგვეაზრებინა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. ვერ ვხვდებოდით, რას ვამბობდით. აღმოჩნდა, რომ დიდი ხანია, ერთმანეთზე ვფიქრობდით. პეგი ბლუ კიდევ უფრო ცისფერი გახდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ძალიან დაიმორცხვა. _ რას საქმიანობ ახლა, ოსკარ? – და შენ, პეგი? შეიძლება ჭკუიდნ შეიშალო, იმდენი რამ გვაქვს საერთო. Aაზრები და კითხვებიც კი ერთნაირი მოგვდის თავში. _ გინდა ჩემთან ერთად დაძინება? რა არიან ეს გოგონები! პირდაპირ დაუჯერებელია! მე ამ ფრაზის ამოღერღვას საათები, დღეები, კვირეები, მეტიც – თვეები მოვუნდებოდი. პეგიმ კი, ვითომც არაფერი, ისე უბრალოდ წარმოთქვა, წარბიც არ შეუხრია. _ კარგი. თავი პეგის ლოგინში ამოვყავი. ცოტა ვიწროდ კი ვიყავით, მაგრამ არაჩვეულებრივი ღამე გავატართ. პეგი ბლუ თხილის გულის სურნელებას აფრქვევდა. კანი ყველგან ისეთი რბილი აქვს, როგორც მე იღლიებს ქვემოთ. ბევრი გვეძინა და უამრავი სიზმარი ვნახეთ. ჩახუტებულებმა ერთმანეთს გული გადავუშალეთ და საკუთარი ცხოვრების შესახებ მოვუყევით. ის კია, რომ დილით მთავარმა ექთანმა, ქალბატონმა გომეტმა ერთად რომ წაგვასწრო, უფასო ოპერა მოაწყო. დაიწყო ხავილი, ღამის მორიგე მედდამაც შეაშველა ხმა. ჯერ ერთმანეთს დასცხეს. შემდეგ კი ჩემთვისა და პეგისთვისაც მოიცალეს. აჯახუნეს კარები, დაიმოწმეს ვიღაცეები, სულ “უბედური უდღეურები,” გვეძახეს. ჩვენ კი ძალიან ბედნიერად ვგძნობდით თავს. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ დედა-როზამ ეს ღია კონცერტი დახურულად ა
რ გამოაცხადა. _ ბოლოს და ბოლოს, შეეშვებით თუ არა ამ ბავშვებს. ერთი მიპასუხეთ, თქვენ შინაგანაწესი უნდა დააკმაყოფილოთ თუ პაციენტები. პირადად მე ეს თქვენი შინაგანაწესი ერთ ადგილას მახატია; ახლა კი კრინტი არ გავიგო თქვენი. წადით, საჯდომი სხვაგან აცანცარეთ. შემთხვევით თავი ფოიეში (გარდერობში) ხომ არ გგონიათ?! როგორც ყოველთვის, დედა-როზას არავინ შეპასუხებია. ოთახში გამომყვა და მეც ცოტა თვალი მოვატყუე. როცა გავიღვიძე, ვიბაასეთ. _ გამოდის, რომ პეგისთან სერიოზული ამბავი გაგიჩაღებია? _ უსერიოზულესი, დედა-როზა, და უბედნიერესი ადამიანი ვარ. წუხელ ვიქორწინეთ. _ იქორწინეთ? _ აბა რა! ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ახლადშეუღლებულ ქალსა და კაცს შეეფერება! _ რას ამბობ! _ თქვენ მე ვინ გგონივართ?! რომელი საათია? აჰა, უკვე 20 წელი შემისრულდა! როგორც მომეპრიანება, ისე ვცხოვრობ. _ რა თქმა უნდა. _ თანაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ის, რაც ყრმობაში გულს მირევდა: კოცნა, ალერსი და ა.შ., საბოლოო ჯამში ძალიან მომეწონა; სასაცილოა პირდაპირ, როგორ იცვლება ადამიანი. _ ვამაყობ შენით, ოსკარ. თვალსა და ხელს შორის დავაჟკაცდი. _ ერთი რამისგან შევიკავეთ თავი, ენების შეუხებლად ვკოცნიდით ერთმანეთს. პეგის დაფეხმძიმების შეეშინდა. თქვენ რას იტყვით? _ ვფიქრობ, პეგი სწორად მოიქცა. _ ჰოო? ტუჩებში კოცნისგან ბავშვები ჩნდებიან? მაშინ ჩინელი ჩემგან ორსულად უნდა იყოს. _ დამშვიდდი ოსკარ. მაინც მგონია, რომ ამის სულ მცირე ალბათობა უნდა არსებობდეს. თითქმის უმნიშვნელო. დედა-როზა ნათქვამში დარწმუნებული ჩანდა. ამან ცოტა დამამშვიდა; იმიტომ, რომ მხოლოდ შენ შემიძლია გამოგიტყდე, ღმერთო, და სხვას არავის დედამიწის ზურგზე, რომ მე და პეგი კოცისას ერთმანეთს ენებით ერთი-ორჯერ, არა, ვტყუი, ბევრჯერ შევეხეთ. ცოტა ხანს მეძინა. მერე მე და დედა-როზამ ერთად ვისადილეთ, რის შემდეგაც თავი უკეთ ვიგრძენი. _ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი დაქანცული ვიყავი ამ დილით. _ ბუნებრივია. 20-დან 25 წლამდე ღამეულ დროსტარებას არ ერიდები, ქეიფს ქეიფი მოსდევს, თავაწყვეტილ ცხოვრებას ეწევი, საკუთარ თავს არ ზოგავ. ამისთვის საზღაურის გადახდა მოგვიანებით გიწევს. ღმერთი ხომ არ გვენახა? _ ოოო, უკვე გაიგეთ მისი მისამართი? _ ვფიქრობ, ახლა სამრეკლოში უნდა იყოს დედა-როზამ ისე შემფუთა, გეგონებოდა, ჩრდილოეთის პოლუსზე ვაპირებდით გამგზავრებას. ხელში ამიყვანა და სამრეკლოს მივაშურეთ, საავადმყოფოს პარკის სიღრმეში, გაყინულ გაზონებს მიღმა რომ დგას. თუმცა, რაღას გიხსნი საკუთარ ადგილ-სამყოფელს. შენი ქანდაკება რომ დავინახე, თავზარი დამეცა; ეს რა მდგომარეობაში იყავი; თითქმის შიშველი, ჯვარცმული, ჭრლობებით დასერილი სხეულით, ეკლის გვირგვინიდან სისხლი იღვენთებოდა. თავი კისერზე არ გიჩერდებოდა. შენს ადგილას საკუთარი თავი წარმოვიდგინე. ამბოხის გრძნობა დამეუფლა. შენსავით ღმერთი რომ ვიყო, თავს ასე არავის დავუხრიდი. _ დედა-როზა, უფრო სერიოზული იყავით, რა! თქვენ, ქეჩისტს, უძლეველ ჩემპიონს, ნუთუ მართლა გჯერათ ამ უსუსური ქანდაკების? _ რატომაც არა, ოსკარ? ნუთუ მეტ ნდობას გამოუცხადებდი, მის ადგილას დაბერილ-დაგრეხილ კუნთებიანი კულტურისტი რომ დაგხვედროდა, შეზეთილი სხეულით, მინი-ტრიკოში გამოწკეპილი, თვალში საცემი გამობურცული ინსტრუმენტით… _ იცით… _ იფიქრე ოსკარ! ვისთან გრძნობ მეტ სიახლოვეს – ღმერთთან, რომელიც ვერაფერს გრძნობს, თუ ღმერთთან, რომელიც იტანჯება? _ ბუნებრივია, იმასთან, რომელიც იტანჯება; მაგრამ მის ადგილას რომ ვიყო… ღმერთი რომ ვიყო… მასსავით ამდენი შესაძლებლობა რომ მქონდეს, ტანჯვას როგორმე ავიცილებდი. _ ვერავინ გაექცევა ტანჯვას. ვერც ღმერთი და ვერც შენ. ვერც შენი მშობლები და ვერც მე. _ კეთილი, გეთანხმებით, მაგრამ ტანჯვა აუცილებელია? _ აი, საკითხავიც ეს არის. ტანჯვაც არის და ტანჯვაც. უკეთ შეხედე მის სახეს, დააკვირდი. განა ტანჯული იერი აქვს? _ არა, რა უცნაურია. ვერ იფიქრებ, რომ ტკივილებისგან იტანჯება. _ ესეც ასე. ორი სახის ტანჯვა უნდა განასხვავო ერთმანეთისგან, ჩემო პატარა ოსკარ. ფიზიკური და სულიერი ტანჯვა ერთმანეთში არ უნდა აურიო. ფიზიკურს იტან, სულიერს კი თავად ირჩევ. _ არ მესმის. _ წარმოიდგინე, მაჯებსა და ფეხებში ლურსმნები გაგირჭვეს. შენ ისღა დაგრჩენია, რომ ტკივილი აიტანო. სამაგიეროდ, სიკვდილზე ფიქრისას არაფერი გტკივა. შენ არც კი იცი, რა არის ეს. მისი გააზრება კი მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. _ თქვენ თუ იცნობთ ადამიანებს, სიკვდილზე ფიქრი სიამოვნებას რომ განაცდევინებთ? _ როგორ არ ვიცნობ. დედაჩემი იყო ასეთი; სიკვდილის სარეცელს მიჯაჭვულს ღიმილი არ გაჰქრობია სახიდან. თითქოს საყვარელი კერძის მოლოდინში იყო. მოუთმენლად ელოდა, რა გადახდებოდა თავს უახლოეს მომავალში. არგუმენტირების უნარმა მიღალატა. მაინტერესებდა, როგორ დასრულდა დედა-როზას დედის ამბავი, მაგრამ დროებით დუმილი ვარჩიე და მოსმენილზე ვფიქრობდი. _ მაგრამ ადამიანები ყოველგვარ ცნობისმოყვარეობას არიან მოკლებულნი. ჩაებღაუჭებიან ხოლმე იმას, რაც აქვთ. ზუსტად ისევე, როგორც მელოტის ყურში ჩამძვრალი ტილი. აი, თუნდაც პლუმ პუდინგი, ჩემი ირლანდიელი მეტოქე, 150 კილოს რომ იწონიდა უზმოზზე საცვლების ამარა, სანამ გინესში შეიტანდნენ. სულ ერთიდაიგივე ეკერა პირზე: ”უკაცრავად, მაგრამ მე არასდროს მოვკვდები. არ გეთანხმებით, სიკვდილის ხელშეკრულებისთვის მე ხელი არ მომიწერია!” პლუმ პუდინგი ცდებოდა. არავის უთქვამს მისთვის, ცხოვრება მარადიულია და დასალიერი არა აქვსო. თავისას არ იშლიდა, უკვდავების ჯიუტად სჯეროდა, გაცოფებული ერთი წამითაც კი არ უშვებდა გარდაცვალების აზრს. პირდაპირ შეიშალა ჭკუიდან. მერე დეპრესიაში ჩავარდა; საშინლად გახდა, ხელობასაც თავი მიანება; 35 კილოს იწონიდა; თევზის ხრტილს დაემსგავსა და ბოლოს ნამცეც-ნამცეც დაიმსხვრა. ხომ ხედავ, მაინც მოკვდა, როგორც ყველა. სიკვდილზე ფიქრმა კი სიცოცხლე ჩაუშხამა. _ ჩერჩეტი იყო პლუმ პუდინგი, დედა-როზა. _ გოგრა ხომ გინახავს, ჭკუა რომ არ მოეკითხება?! ჰოდა, რამდენი ასეთი გოგრა დაგორავს ამ ქვეყნად! აქაც დედა-როზას თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. თითქმის ვიზიარებდი მის აზრს. _ ადამიანებს სიკვდილის იმიტომ ეშინიათ, რომ შეუცნობელი აფრთხობთ. სინამდვილეში რას წარმოადგენს ეს შეუცნობელი? ოსკარ, გირჩევ შიშს ზურგი შეაქციო და ნდობით განიმსჭვალო. დააკვირდი ჯვარცმული ღმერთის სახეს. ის ფიზიკურ ტკივილებს განიცდის და არა მორალურს, რადგან იესო ნდობითაა ავსილი. ამიტომაც ლურსმნები მას ნაკლებ ტკივილს აყენებს. იგი თავს შთააგონებს: “მტკივა, მაგრამ ეს არ შეიძლება ტკივილი იყოს.” მორჩა და გათავდა. აი, სწორედ ამაში გამოიხატება რწმენის სიდიადე. შევეცადე, ეს მეჩვენებინა შენთვის. _ კეთილი დედა-როზა, როცა შემეშინდება, თავს ძალას დავატან და ვიწამებ. დედა-როზა გადამეხვია. ბოლოს და ბოლოს, მშვენივრად ვგრძნობდი თავს შენთან ერთად, ღმერთო, ამ უკაცრიელ, სიმშვიდის მომგვრელ ეკლესიაში. ოთახში დაბრუნებულს დიდხანს მეძინა. ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად მერევა ძილი. ერთგვარი ძილ-ქუში დამჩემდა. თვალი გავახილე თუ არა, დედა-როზას ვუთხარი; _ მართალი რომ გითხრათ, შეუცნობელის არ მეშინია. მხოლოდ ცოტა გული მეთანაღრება იმის დაკარგვაზე, რასაც უკვე ვიცნობ. _ მეც ზუსტად შენსავით ვარ, ოსკარ. პეგი ბლუსთვის ჩვენთან ერთად ჩაის დალევა რომ შეგვეთავაზებინა? ჰა, რას იტყვი? პეგი ბლუ ჩაიზე დაგვეწვია. უმალ გამონახა საერთო ენა დედა-როზასთან და ბევრიც ვიხარხარეთ, როცა დედა-როზამ ტყუპ დებ ჟიკლეტებთან გამრთული ორთაბრძოლები გაიხსენა. სამი ტყუპი და ერთ ქეჩისტად ასაღებდა თავს. ყოველი რაუნდის ბოლოს ჟიკლეტი მეტოქეს ხტუნაობით სიქას რომ გააცლიდა, გადმოხტებოდა რინგიდან და საპირფარეშოში გარბოდა, მეფსიაო. მერე პაექრობას თვითონ კი არ განაგრძობდა, არამედ სრულ ფორმაში მყოფი მისი ტყუპისცალი. ასე გრძელდებოდა საბოლოო გამარჯვებამდე. ყველას ეგონა, რომ მხოლოდ ერთი ჟიკლეტი არსებობდა, ერთადერთი დაუღალავი ხტუნია. დედა-როზამ იყნოსა, სად იყო ძაღლის თავი დამარხული. რეზერვისტი ტყუპისცალები საპირფარეშოში გამოკეტა, გასაღებს კი ფანჯარაში გადაუძახა. მიუბრუნდა რინგზე დარჩენილს და ორ წამში წირვა გამოუყვანა; მზაკვრული სპორტი კია ეს ქეჩი. მოგვიანებით დედა-როზამ დაგვტოვა. მედდები თვალს არ გვაცილებდნენ, თითქოს ორი ასაფეთქებლად მომზადებული ყუმბარა ვიყავით; ეშმაკმაც დალახვროს! ოცდაათი წელი უკვე არ შემისრულდა თუ რა? პეგი ბლუმ დაიფიცა: ამ საღამოს, როგორც კი საშუალება მომეცემა, შენთან გავჩნდებიო. სამაგიეროდ მეც აღვუთქვი, ენის ენაზე გასმისაგან თავს შევიკავებ-მეთქი. რაც მართალია, მართალია, ბავშვების ჩასახვაზე ადვილი არაფერია. მთავარია, დრო გქონდეს მათ გასაზრდელად. სულ ეს იყო, ღმერთო. უკვე აღარ ვიცი, რა გთხოვო ამ საღამოს, ისედაც მშვენიერი დღე იყო. როგორ არა, ერთი რამ მაინც მინდა გთხოვო. იქნებ შესძლო, რომ ხვალ პეგი ბლუს ოპერაციამ მშვიდობით ჩაიაროს. ისე არა, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა. იქნებ, იქნებ… თუ ხვდები რისი თქმაც მსურს. ხვალამდე. გკოცნი, ოსკარი P.შ. ოპერაციები სულიერების სფეროს არ განეკუთვნება; სრულიად დასაშვებია, რომ ეს შენს შესაძლებლობებს აღემატება. მაშინ ისე მოახერხე, რომ პეგიმ ოპერაციის შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში უმტკივნეულოდ აღიქვას. შენი იმედი მაქვს. ძვირფასო ღმერთო, დღეს პეგი ბლუს ოპერაცია გაუკეთდა. მე ათი საშინელი წელიწადი გადავიტანე, მძიმეა 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა. უამრავი საზრუნავისა და პასუხსმგებლობის ასაკია. სინამდვილეში პეგიმ წუხელ ჩემთან მოსვლა ვერ მოახერხა. ღამის მორიგე ექთანი, ქალბატონი დიუკრო დარჩა მასთან, ანესთეზიისათვის რომ მოემზადებინა. საოპერაციოში პეგი დილის 8 საათზე საკაცით გაიყვანეს. გული შემეკუმშა, ჩემს წინ რომ ჩაატარეს. ზურმუხტისფერი ზეწრის ქვეშ ისეთი ჩია და გამხდარი ჩანდა, რომ ვერც კი შეამჩნევდი. დედა-როზამ ხელი ჩამჭიდა, რომ განცდებს მოვრეოდი. _ დედა-როზა, როგორ დაუშვა იმ თქვენმა ღმერთმა, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც მე და პეგი ვართ, საერთოდ არსებობენ! _ საბედნიეროდ თქვენ მოგავლინათ ამ ქვეყნად, ჩემო პატარა ოსკარ, თორემ უთქვენოდ ცხოვრება უღიმღამო და უნიათო იქნებოდა. _ არა, თქვენ ვერ გამიგეთ; რატომ უშვებს ღმერთი, რომ ათასნაირი სნეულება შეგვეყაროს? ან ბოროტია ან კიდევ სულაც არ არის ყოვლისშემძლე. _ ოსკარ, სენი შეიძლება სიკვდილს შევადაროთ; ეს მხოლოდ ფაქტია და არა სასჯელი. _ ჩანს, რომ თქვენ არაფერი გაწუხებთ. _ შენ რა იცი, ოსკარ? ამაზე ვეღარ შევეპასუხე. რას წარმოვიდგენდი, რომ დედა-როზას, ასეთ ყურადღებიანსა და დაუზარელს, შეიძლებოდა პირადი პრობლემებიც ჰქონოდა. _ ნურაფერს დამიმალავთ დედა-როზა, ყველაფერი შეგიძლიათ გამანდოთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უკვე 32 წლის კაცი ვარ, კიბოთი სნეული ცოლი რომ საოპერაციოში მიწევს. ასე რომ, მე საკმაოდ კარგად ვიცნობ ცხოვრებას. _ მიყვარხარ, ოსკარ. _ მეც. რა შემიძლია თქვენთვის მოვიმოქმედო, თუ გასაჭირში გიგულებთ? გინდათ, გიშვილოთ? _ მიშვილო? _ ჰო, ბერნარი ხომ უკვე ვიშვილე, სევდა რომ შემომაწვა. _ ბერნარი? _ ჩემი დათუნია. აი იქ, კარადის თაროზე რომ დევს. ეს ჩემი ძველი დათუნიაა, არც თვალი აქვს, არც პირი და არც ყური. ნახევრად გამოშიგნულია და ჭრილობებით დასერილი. ცოტათი თქვენ გამსგავსებთ. იმ საღამოს ვიშვილე, ჩემმა ჩერჩეტმა დედ-მამამ ახალი რომ მომიტანეს. თითქოსდა დავთანხმდებოდი ახალ დათუნიას. მათ ურჩევნიათ იმაზე იფიქრონ, როგორ ჩამანაცვლონ ახალი პატარა ძმით, სანამ იქ არიან მარტო, თავისთვის. ჰოდა, ამ ამბის გამო ბერნარი ჩემი შვილობილი გახდა. მთელ ჩემს ქონებას მას დავუტოვებ. მსურს, თქვენც გიშვილოთ. რა თქმა უნდა, თუ ეს დაგამშვიდებთ. _ რა თქმა უნდა, თანახმა ვარ. ეს სიმშვიდეს მომგვრიდა, ოსკარ. _ მაშინ მოიტათ ხელი, დედა-როზა. შემდეგ პეგის ოთახის მოსამზადებლად გავეშურეთ. მსურდა, დაბრუნებისას შოკოლადი და ყვავილები დახვედროდა. მერე მეძინა. წარმოუდგენელია პირდაპირ, რამდენი მძინავს ბოლო დროს. საღამოს დედა-როზამ გამაღვიძა. მითხრა, პეგი ბლუ თავის ოთახშია და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარაო. სანახავად ერთად წავედით. მშობლები პეგის სასთუმალთან იდგნენ. არ ვიცი, ვინ გააფრთხილა ისინი – დედა-როზამ თუ პეგიმ, მაგრამ გამომეტყველებაზე შევატყვე, ჩემი არსებობის შესახებ მშვენივრად რომ უწყოდნენ. ღრმა პატივისცემით მესაუბრნენ. სკამი შუაში ჩადგეს და ამგვარად მეც შევძელი ავადმყოფ მეუღლეს სიდედრ-სიმამრთან ერთად თავზე დავდგომოდი. კმაყოფილი ვიყავი. პეგის კანს ოპერაციის შემდეგ ცისფერი ელფერი არ დაეკარგა. ექიმმა დიუსელდორფმა შემოიარა და წარბების ფხანით გამოგვიცხადა, რომ პეგი უახლოს რამდენიმე საათში ფერს იცვლიდა. სიდედრს გადავხედე. ცისფერი არ არის, მაგრამ მაინც ლამაზია. გავიფიქრე, ჩემს ცოლს, პეგის შეეძლო ნებისმიერი მისთვის სასურველი ფერი ჰქონოდა. მე ხომ ის მაინც მეყვარებოდა. პეგიმ თვალები გაახილა. მე და მის მშობლებს მზერა შეგვავლო, მერე კი ისევ ძილს მიეცა. მისი მშობლები თავს მშვიდად გრძნობდნენ, მაგრამ ამასობაში მათი წასვლის დროც დადგა. _ ჩვენი ქალიშვილი თქვენთვის მოგვინდია, – გამომიცხადეს, – ვიცით, რომ თქვენი იმედი ნამდვილად შეიძლება გვქონდს! დედა-როზასთან ერთად მანამდე ვიცადე, სანამ პეგი ხელმეორედ გაახელდა თვალებს; შემდეგ კი ჩემს ოთახში დავბრუნდი, ცოტა რომ დამესვენა. წერილის დასასრულს ვხვდები, რომ საბოლოო ჯამში ოჯახში გატარებული დღევანდელი დღე მშვენიერი იყო. ვიშვილე დედა-როზა; სიმპათიებით გავიმსჭვალე სიდერ-სიმამრის მიმართ; დამიბრუნდა საღ-სალამათი ცოლი; ის კია, რომ 11 საათისთვის ვარდისფერი გადაეფინა. ხვალამდე, გკოცნი P.შ. დღეს არაფერს გთხოვ, შეგიძლია, დაისვენო. ძვირფასო ღმერთო დღეს 50-მა მომიკაკუნა და სისულელეების გარდა არაფერი ჩამიდენია. მოკლედ მოგიყვები, სხვაგვარად არც ღირს. პეგი ბლუ კარგად გრძნობს თავს; პოპკორნმა, დასანახად რომ ვერ მიტანს, ჩინელი შეაგზავნა მასთან და ათქმევინა, რომ ტუჩებში ვაკოცე. მოულოდნელად პეგიმ გამომიცხადა, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდაო. არ დავეთანხმე და ვეცადე ამეხსნა, ჩინელის ამბავი ყრმობის შეცდომა იყო და შენს გაცნობას უძღოდა წინ-მეთქი; წარსულში ერთხელ ამიცდა ფეხი და ახლა მთელი ცხოვრება ამაზე ხომ არ მაგებინებ პასუხს-მეთქი. პეგი შეუვალი იყო. მეტიც, ჩემს ჭკუიდან გადასაყვანად ჩინელს დაუმეგობრდა. კარგად მესმოდა თუ როგორ ხალისობდნენ ერთად. ამის გამო, ტრისომიით დაავადებულ ბრიჟიტს, გამარჯობის სათქმელად ჩემს ოთახში რომ შემოვიდა, სულაც არ გავუძალიანდი და მთელს სხეულზე ამბორის უფლება მივეცი. ბრიჟიტს, რომელიც მზადაა, ყოველ მეორეს ყელზე ჩამოეკიდოს. ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ ტრისომიით სნეულებმა კარგად იციან გრძნობების ფასი და საოცრად მოსიყვარულეები არიან. ლამის გაგიჟდა, ნება რომ დავრთე. ფინია გეგონებოდა, პატრონის გამოჩენა რომ გაუხარდა. საქმე იმან გააფუჭა, რომ ამ დროს აინშტაინი აღმოჩნდა დერეფანში. შეიძლება თავი ტვინის ნაცვლად წყლით აქვს სავსე, მაგრამ თვალზე ბანანის ქერქი ნამდვილად არ აფარია. ყველაფერი დაინახა და გაქანდა, რათა პეგისა და ჩინელისთვის ჩაეკაკლა. ამის გამო მთელი სართული ქალების მუსუსს მიწოდებს. ეს მაშინ, როცა ოთახიდან საერთოდ არ გავნძრეულვარ. _ არ ვიცი ბრიჟიტთან რა მეტაკა, დედა-როზა. _ ყველაფერი შუადღის დემონის ბრალია, ოსკარ. ასეთები არიან მამაკაცები 45-დან 50 წლის ასაკამდე. ერთზე შეყვარებულნი, ცდილობენ, გაარკვიონ, სხვების მოხიბვლაც თუ შეუძლიათ და ამით მშვიდდებიან. _ კარგით, კარგით, მეც ჩვეულებრივი მამაკაცი ვარ, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ბრიყვიც, არა? _ ჰო, შენ სრულიად ნორმალური მამაკაცი ხარ. _ როგორ უნდა მოვიქცე? _ მითხარი, ვინ გიყვარს? _ პეგი! პეგი და არავინ სხვა! _ გამოუტყდი ამაში. პირველად შექმნილი წყვილი ფაქიზია და ხშირად _ მერყევი. თუ ის ნამდვილია, უნდა იბრძოლო შესანარჩუნებლად. ღმერთო, ხვალ შობაა. აქამდე არც კი დავფიქრებულვარ, რომ ეს შენი დაბადების დღეა. მოახერხე ისე, რომ პეგისთან შერიგება შევძლო. არ ვიცი, მაგრამ შეიძლება სწორად ამის გამო ვარ ამ საღამოს ასე სევდიანი და ყოველგვარ გამბედაობას მოკლებული. ხვალამდე, გკოცნი ოსკარი P.შ. ახლა, ასე რომ დავუმეგობრდით ერთმანეთს, მითხარი, რა გაჩუქო დაბადების დღეზე. ძვირფასო ღმერთო, ამ დილით, რვა საათზე პეგის ვუთხარი, რომ მიყვარს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ცრემლები წამოუვიდა და გამომიტყდა, რომ დარდი, მძიმე ლოდად რომ აწვა გულზე, მოეხსნა; რომ მისი ერთადერთი სიყვარული მე ვიყავი და ახლა, როცა ვარდისფერი გახდა, სხვას ვერავის ვერ იპოვიდა. რა უცნაურია. ორივემ ზლუქუნი მოვრთეთ და ეს ძალიან საამური იყო. რა სასიამოვნოა წყვილის ცხოვრება. განსაკუთრებით მაშინ, როცა 50 წლის ზღვარი გადალახე და ამდენ განსაცდელს გაუძელი. ზუსტად 10 სათზე მივხვდი, რომ შობის დღე იყო და პეგისთან მეტ ხანს ვერ დავრჩებოდი. იმიტომ, რომ მალე მისი ოთახი ძმებით, ბიძებით, ძმისშვილებით, ბიძაშვილ-დეიდაშვილებით გაივსებოდა და მე კიდევ იძულებული გავხდებოდი, ჩემი მშობლები ამეტანა. ნეტავი რის ჩუქებას აპირებდნენ ამ ჯერზე? 18 ათასი ნაწილისგან შემდგარი თავსატეხის? ქურთულ ენაზე დაწერილი წიგნების? საექსპლუატაციო ბროშურების? შეიძლება ჩემი ადრინდელი პორტრეტი მომართვან, როცა ჯერ კიდევ არ ვუჩიოდი ჯანმრთელობას. ვერაფერს გამოვრიცხავდი. ერთ რამეში ვიყავი ღრმად დარწმუნებული, დღე ნამდვილად სულელურად ჩაივლიდა. სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება და გაქცევის გეგმაც მოვიფიქრე. გაცვლა-გამოცვლა და მისი ჯანი! ჩემი სათამაშოები _ აინშტაინს, ბუმბულის ლეიბი _ ბეკონს, პოპკორნს კი _ კამფეტები. ხანმოკლე დაკვირვებამ მიჩვენა, რომ დედა-როზა წასვლამდე გასახდელში შეივლიდა ხოლმე. გამოვთვალე, რომ ჩემი მშობლები შუადღემდე ვერ მოვიდოდნენ. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც დაგიბარებია: თორმეტის ნახევარზე დედა-როზამ მაკოცა და მშობლებთან ერთად ბედნიერი შობის გატარება მისურვა, შემდეგ კი გასახდელების სართულზე გაუჩინარდა. დავუსტვინე. აინშტაინმა და ბეკონმა სასწრაფოდ ჩამაცვეს, ხელში ამიყვანეს და დედა-როზას ჯაბახანამდე მიმარბენინეს. ალბათ, ასეთი იყო ავტომობილი, სანამ ადამიანი ნამდვილს გამოიგონებდა. პოპკორნმა, რომელსაც ბადალი არ ჰყავს კლიტეების გახსნში და ბედის წყალობით, ღარიბთა დაბაშია გაზრდილი, უკანა კარის საკეტი გატეხა. მე წინა და უკანა სავარძლებს შორის ძირს დამაგდეს. შემდეგ, ვითომც არაფერი, კლინიკაში შებრუნდნენ. დედა-როზა კარგა ხნის შემდეგ, როგორც იქნა, მანქანში ჩაჯდა. სანამ დაძრვდა ერთი 10-15-ჯერ დაახველებინა, შემდეგ კი მოწყვიტა ადგილს და ტყვიასავით გავარდა. გენიალურია ჩვენს წელთაღრიცხვამდელი მანქანა. ისე ხმაურობს და ინჯღრევა, თავი ბაზრობაზე გეგონება. საქმე ისაა, რომ დედა-როზას ტარება თავისმა კასკადიორმა მეგობარმა ასწავლა. არაფრად დაგიდევდათ შუქნიშნებს, ტროტუარებსა და წრიულ მოძრაობებს. ამის გამო, მანქანა დროდადრო გზას წყდებოდა და მეც სალონში აქეთ-იქეთ კედლებს ვაწყდებოდი. დედა-როზამ ბევრი ასიგნალა და მდიდარი ლექსიკაც არაერთგზის მოიშველია. მტრები, გზად რომ ეღობებოდნენ, უმშვენიერესი გამოთქმებით შეამკო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქეჩი ცხოვრებისეული გამოცდილების ფასდაუდებელი სკოლაა. წინასწარ მქონდა გათვლილი: როგორც კი მივიდოდით, თავი უნდა წამომეყო და მეყვირა ,,კუ-კუ, დედა-როზა! ეს მე ვარ!” მაგრამ დედა-როზას სახლამდე წინააღმდეგობების გადალახვა ისე დიდხანს გაგრძელდა, ამასობაში ძილიც მომერია. გამომეღვიძა. ისევ ბნელოდა, ციოდა და ირგვლი სიჩუმეს დაესადგურებინა. მე კი ძირს დაგებულ ნოტიო ხალიჩაზე ვიწექი. მაშინ პირველად გამიელვა თავში, რამე სისულელე ხომ არ ჩავიდინე-მეთქი. მანქანიდან გადმოვედი. თოვდა. ისე, “ფანტელების ვალსი” მაკნატუნადან ბევრად უფრო სასიამოვნო იყო. ისე მციოდა, ჩემდა უნებურად კბილს კბილზე ვაცემინებდი. დიდ, განათებულ სახლს მოვკარი თვალი და იქეთ გავეშურე. სიარული ძალიან მიჭირდა. ღილაკს რომ მივწვდომოდი, ისე შევხტი, დაშვებისას ქეჩაზე მოვადინე ზღართანი. სწორედ ქეჩაზე მიპოვა დედა-როზამ. _ კი მაგრამ…. კი მაგრამ…. – დაიწყო მან. შემდეგ ჩემსკენ დაიხარა და ამოილუღლუღა: _ ჩემო ძვირფასო. მაშინ გავიფიქრე, შეიძლება სისულელე სულაც არ ჩამიდენია-მეთქი. ხელში ამიყვანა და სალონში შემიყვანა, სადაც დედა-როზას უზარმაზარი ნაძვის ხე მოერთო. თავმომწონედ გვიპაჭუნებდა თვალს. გამიკვირდა, ისეთი ლამაზი იყო დედა-როზას სახლი. ბუხართან გამათბო და დიდი ფინჯნებიდან ცხელი შოკოლადიც მივირთვით. დარწმუნებული ვიყავი, სანამ გამომთათხავდა, სურდა, გაერკვია, კარგად თუ ვგრძნობდი თავს. მეც არ ვჩქარობდი ჯანზე მოსვლას. სხვთა შორის, არც გამძნელებია იმიტომ, რომ მართლა ქანცგაწყვეტილი ვიყავი. _ საავადმყოფოში ყველა შენს ძებნაშია, ოსკარ. წარმოუდგენელი ალიაქოთი და გნიასია. სასოწარკვეთილმა შენმა მშობლებმა პოლიციაც კი გამოიძახეს. _მათგან არცაა გასაკვირი. თუ ფიქრობენ, რომ ხელზე ბორკილებდადებულს უფრო შემიყვარდებიან, ძალიან ცდებიან. _ რას ერჩი მათ? _ ჩემი ეშინიათ. ჩემთან ლაპარაკი ვერ გაუბედავთ. რაც უფრო ვერ ბედავენ, მით უფრო ურჩხული მგონია თავი. რად მიფრთხიან ასე? ნუთუ ასეთი მახინჯი ვარ? ვყარვარ? ნუთუ იდიოტი ვარ და ვერ მივმხვდარვარ? _ მათ შენი კი არა, ავადმყოფობის ეშინიათ, ოსკარ. _ ჩემი ავადმყოფობა ჩემი სხეულის ნაწილია… იმის გამო, რომ ავად ვარ, განა სხვანაირად უნდა მოიქცნენ; გამოდის, რომ მხოლოდ ჯანმრთელი და საღ-სალამათი ოსკარის სიყვარული შეუძლიათ. _ მათ უყვარხარ ოსკარ, თვითონ მითხრეს. _ თქვენ რა, მათ ელაპარაკებით? _ კი, ძალიან შურთ ჩვენ ასე კარგად რომ გავუგეთ ერთმანეთს; არა კი არ შურთ, სწუხან, დარდობენ, რომ ეს თვითონ ვერ შეძლეს. მხრები ავიჩეჩე. ბრაზიც ცოტა ჩამიცხრა. დედა-როზამ მეორე ფინჯანი ცხელი შოკოლადი მომართვა. _ იცი, ოსკარ, შენ ერთ მშვენიერ დღეს მოკვდები. შენი მშობლებიც მოკვდებიან. დედა-როზას ნათქვამმა გამაოცა. ამაზე პირადად მე არასოდეს მიფიქრია. _ დიახ, ისინიც მოკვდებიან. სრულიად მარტონი. საშინელი სინდისის ქენჯნის განცდით, რომ ერთადერთ ვაჟიშვილთან, პატარა ოსკართან შერიგება ვერ მოახერხეს. _ ნუ ამბობთ მსგავს რამეებს, დედა-როზა. საშინელი კაეშანი შემომაწვა გულზე _ იფიქრე მშობლებზე, ოსკარ. შენ მიხვდი, რომ მოკვდები. იმიტომ, რომ გონიერი ბიჭი ხარ. მაგრამ ის ვერ გაგიგია, შენს გარდა სხვებიც რომ კვდებიან. ყველა კვდება, ოსკარ: შენი მშობლებიც, მეც… ერთ დღეს. _ კეთილი, მაგრამ რაღა მე მომიწია პირველს? _ მართალია, შენ პირველს გიწევს ამ ქვეყნიდან წასვლა, მაგრამ პირველობა განა ყველაფრის უფლებას გაძლევს? არც სხვისი დავიწყების უფლება მოუციათ შენთვის. _ გავიგე, დედა-როზა. დაურეკეთ მათ. ეს იყო და ეს, ღმერთო. დანარჩენს მოკლედ მოვჭრი. მარჯვენა დამიმძიმდა და მიჭირს წერა. დედა-როზამ საავადმყოფო გააფრთხილა; საავადმყოფომ _ ჩემი მშობლები, რომლებიც სასწრაფოდ დედა-როზასთან გამოცხადდნენ და ყველამ ერთად აღვნიშნეთ შობის დღე. როცა მშობლები მოვიდნენ, შემდეგი ვუთხარი: _ მომიტევეთ, დამავიწყდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენც მოკვდებით. არ ვიცი ამ ფრაზამ რა ჭანჭიკი გადაუტრიალათ თავში, მაგრამ ისეთებივე გახდნენ, როგორც უწინ. მშვენიერი შობის საღამო გავატარეთ. დედა-როზამ დესერტად შუაღამის წირვის სატელევიზიო გადაცემისა და ქეჩის ერთ-ერთი მატჩის ჩანაწერის ყურება ისურვა. განგვიმარტა, უკვე რამდენიმე წელია, წირვამდე ქეჩის მატჩს ვუყურებ, მუხლებში ძალა რომ ვიგრძნოო. ეს ჩვევად მექცა და ახლაც სიამოვნებით ვნახავდიო. ამის გამო, ყველამ ერთად ვუყურეთ დედა-როზას მიერ საგანგებოდ გვერდზე გადადებულ ორთაბრძოლის ჩანაწერს. არაჩვეულებრივი იყო. მეფისტა ჟანა დარკის წინააღმდეგ. საცურაო კოსტიუმებისა და სამუხლეების კორიანტელი! ყოჩაღი ცქვიტი ქალები! _ როგორც აწითლებული მამაჩემი ამკობდა მათ. ეტყობოდა, ქეჩის მიმართ არც მამაჩემი იყო გულგრილი. იმდენი უთაქეს სახეში ერთმანეთს ამ ქალებმა, წარმოუდგენელია პირდაპირ. მსგავს ორთაბრძოლაში მე ასჯერ მოვკვდებოდი. დედა-როზას თქმით, ყველაფერი ვარჯიშზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტი მუშტი გხვდება სიფათში, მით უფრო მეტს უძლებო. მთავარია, იმედი არ გადაგეწუროსო. საბოლოოდ ჟანა დარკმა დაამარცხა მეფისტო. თავიდან კი მსგავს ფინალს ვერც იფიქრებდი. შედეგმა უთუოდ მოგანიჭა სიამოვნება – დაინტერესდა დედა-როზა. (შედეგი შენც უთუოდ გესიამოვნებოდა.) ჰო, მართლა, დაბადების დღეს გილოცავ, ღმერთო. დედა-როზამ ეს-ეს არის თავისი უფროსი ვაჟიშვილის ლოგინში ჩამაწვინა, კონგოში რომ მუშაობდა სპილოების ვეტერინარად და თანაც ჩამაგონა, რომ ჩემი მშობლებთან შერიგება შენთვის უპრიანი საჩუქარი იქნებოდა. სიმართლე რომ გითხრა, ეს საჩუქრის კვალობაზე დიდი ვერაფერია, სადღაც ზღვარზეა, არც იქით და არც აქეთ. მაგრამ დედა-როზა, შენი ძველი მეგობარი თუ იჩემებს….. ხვალამდე, გკოცნი ოსკარი P.შ. სურვილის ჩათქმა მავიწყდებოდა. დაე, ჩემი მშობლები მარად ისეთები იყვნენ, როგორც ამ საღამოს. არაჩვეულებრივი შობა იყო. განსაკუთრებით _ მეფისტა ჟანა დარკის წინააღმდეგ. ვწუხვარ, სადღესასწაულო წირვას რომ ვერ ვუყურე; მანამდე ჩამეძინა. ძვირფასო ღმერთო, 60 წელს გადავაბიჯე და ძვირად მიჯდება გუშინდელი ზღვარს გადასული საქციელი. დღეს ნამდვილად ვერ ვარ ფორმაში. ჩემთან, სავადმყოფოში დაბრუნება მეამა. ასეთები ხდებიან სიბერისას ადამიანები. სულ აღარ უყვართ გადაადგილება. ცხადია, რომ აქედან წასვლის სურვილი მეც გამიქრა. გუშინდელ წერილში შენთვის არ მითქვამს, რომ დედა-როზას სახლში, კიბის თავზე, თაროზე შემოდგმულ პეგი ბლუს ქანდაკებას მოვკარი თვალი. ვფიცავარ, სიმართლეს გეუბნები. ნამდვილად თაბაშირისგან გამოძერწილი პეგი ბლუ იყო სანდომიანი მზერით, მის სამოსსაც და კანსაც ცისფერი გადაკრავდა. დედა-როზას თქმით, ეს წმინდა მარიამია, ანუ დედაშენი, როგორც მივხვდი; მადონა, რომელსაც უკვე მერამდენე თაობა ეთაყვანება მის ოჯახში. დედა-როზამ ისურვა, ქანდაკება ჩემთვის ეჩუქებინა. მე ის სასთუმალთან მდგარ პატარა მაგიდაზე შემოვდგი. ყოველ შემთხვევაში, ქანდაკება ერთ მშვენიერ დღეს დედა-როზას ოჯახს დაუბრუნდება. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ის ვიშვილე. პეგი ბლუ უკთესად გრძნობს თავს. ჩემს ოთახში, გორგოლაჭებიან სავარძელში წამოსკუპებული გამომეცხადა. ქანდაკებაში საკუთარი თავი ვერ ამოიცნო, მაგრამ სამაგიეროდ, ბედნიერი წუთები გავატარეთ ერთად; ხელი-ხელ ჩაკიდებულები “მაკნატუნას” ვუსმენდით და ფიქრებმა ძველ, უდარდელ დროში გადაგვისროლა. შენთან დიდხანს საუბარი არ შემიძლია. დღეს კალამი უჩვეულოდ მემძიმა. ჩემს გარშემო ყველა ავადაა. ექიმი დიუსელდორფიც კი. და ეს _ პაციენტთა მშობლების მიერ მომვლელი პერსონალისადმი მირთმეული ამდენი შოკოლადის, ბატის ღვიძლის პაშტეტის, დაშაქრული წაბლისა და შამპანურის გამო. როგორ მინდა მესტუმრო. გკოცნი, ხვალამდე ოსკარი ძვირფასო ღმერთო, დღეს 70-დან 80 წლამდე ასაკის გავხდი და ძალიან ბვრი ვიფიქრე. ჯერ-ერთი, დედა-როზას მიერ შობისთვის მორთმეული საჩუქარი გამოვიყენე. არ მახსოვს, ამის შესახებ უკვე თუ გელაპარაკე. ეს მცენარეა, საჰარაში რომ ხარობს და მხოლოდ ერთი დღე ცოცხლობს. როგორც კი წყალს დაასხამ, მარცვალი ღვივდება და ტოტად იქცევა; ტოტი უმალ ფოლებით იმოსება და ყვავილს ისხამს; ყვავილი _ მარცვლებს და მერე მცენარე ჭკნობას იწყებს. ჩიავდება, ჩიავდება და ბოლოს _ ჰოპ! თვალსა და ხელს შუა ქრება. არაჩვეულებრივი საჩუქარია. დიდი მადლობა მისი გამოგონებისთვის. მარცვალი დღეს დილით, შვიდ საათზე მე, დედა-როზამ და ჩემმა მშობლებმა მოვრწყეთ (არ ვიცი, გითხარი თუ არა, დედაჩემი და მამაჩემი ახლა დედა-როზასთან ცხოვრობენ. მისგან ჩემამდე უფრო ახლოა) და მქონდა საშუალება, მთელი მისი სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის თვალი მედევნებინა. ძალიან ავღელდი. ყვავილის კვალობაზე ერთობ სუსტი და ჩია კია, არაფერი აქვს საერთო ბაობაბთან, მაგრამ როგორც დიდმა, მამაცურად გაართვა თავი მცენარის მოვალეობას. ერთ დღეში, ყოველგვარი პაუზის გარეშე! მე და პეგიმ ბევრი ვიკითხეთ ,,სამედიცინო ლქსიკონი”. ეს მისი საყვარელი წიგნია. პეგი გატაცებულია სხვადასხვა დაავადებების სახელწოდებებით. აინტერესებს, მომავალში რომელთან მოუწევს გამკლავება. მე კი ვეძებე სიტყვები, რომლებიც მაინტერესებდა: სიცოცხლე, სიკვდილი, ღმერთი, რწმენა. არ დაიჯერებ, მაგრამ ვერ ვიპოვე. შევნიშნავ: ეს იმის ნათელი დასტურია, რომ არც სიცოცხლე, არც სიკვდილი, არც რწმენა და არც შენ ავადმყოფობები არ ხართ. ეს უკვე კარგი ამბავია. ისე კი, ასეთ სერიოზულ წიგნში ამ უსერიოზულეს შეკითხვებზე პასუხი ვერ უნდა იპოვოს ადამიანმა? _ დედა-როზა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ”სამედიცინო ლექსიკონში” მხოლოდ კერძო შემთხვევებზეა ლაპარაკი, კერძო პრობლემებზე, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტულ პიროვნებას აწუხებს. სამაგიეროდ, სიტყვა არაა ნათქვამი იმაზე, რაც ჩვენ ყველას გვეხება. მხედველობაში მაქვს სიცოცხლე, სიკვდილი, რწმენა, ღმერთი. _ იქნებ ფილოსოფიის ლექსიკონი აგეღო ხელში, ოსკარ. თუმცა, შენთვის საინტერესო აზრებს რომც მიაგნო, იმედგაცრუება მაინც არ აგცდება. ლექსიკონი ყოველი ცნებისთვის ხუთ ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებულ ახსნა-განმარტებას გთავაზობს. _ რატომ ხდება ასე? _ ყველაზე საინტერესო კითხვები ისევ და ისევ კითხვებად რჩება; კითხვები საიდუმლოს მალავენ. ყოველ პასუხს აუცილებლად უნდა დაურთო “შესაძლოა”. მხოლოდ უინტერესო კითხვებს მოეპოვებათ პასუხი. _ თქვენ გინდათ თქვათ, რომ სიტყვა “სიცოცხლეს” ახსნა-განმარტება არა აქვს? _ მე მინდა ვთქვა, რომ სიტყვა ”სიცოცხლეს” არაერთი განმარტება აქვს. მაშასადამე, გამოსავალი არ არის! _ იცით, პირადად მე რას ვფიქრობ, დედა-როზა? სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებით უნდა აიხსნას. დოქტორმა დიუსელდოფმა შემოგვიარა მოსანახულებლად. ისევ ისე ნაცემი ძაღლივით გამოიყურებოდა. ამის გამო სქელწარბა ექიმის სახე უფრო მეტყველი ხდება. _ წარბებს ივარცხნით, ექიმო დიუსელდორფ? – ვკითხე ფრიად გაკვირვებულმა ირგვლივ მიმოიხედა. თითქოს დედა-როზასა და ჩემს მშობლებს იმოწმებდა, გაიგეთ, ბავშვმა რა მკითხაო. საბოლოოდ გაგუდული ხმით ექიმმა დიუსელდორფმა აღიარა, კიო. _ ნუ დადიხართ მსგავსი გამომეტყველებით, ექიმო დიუსელდორფ. მსურს გულწრფელად გესუბროთ და ამიტომაც ყური მიგდეთ. რაც შეეხება მედიკამენტებს, მე ყოველთვის სამაგალითო ვიყავი. თქვენც უნაკლო ბრძანდებოდით ავადმყოფობასთან დაკავშირებულ საკითხებში. რა თქვენი ბრალია, როცა იძულებული ხართ, ადამიანებს ცუდი ამბები, ლათინურ სახელებიანი სნეულებანი და შეუძლებელი მკურნალობანი აუწყოთ. უნდა განიტვირთოთ, მოეშვათ, მოდუნდეთ. თქვენ არ ხართ მამაზეციერი. თქვენ როდი განაგებთ ბუნებას; თქვენ ერთი უბრალო შემკეთებელი ხართ და მეტი არაფერი. თავისუფლად გაიარეთ, ექიმო დიუსელდორფ და ნუ დაიძაბებით, ნურც საკუთარ პიროვნებას მიანიჭებთ გადაჭარბებულ მნიშვნელობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ხელობას დიდხანს ვერ მოემსახურებით. შეხედეთ საკუთარ თავს. ხედავთ, უკვე როგორ ცუდად გამოიყურებით? მოსმენისას ექიმ დიუსელდორფს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, გეგონებოდა, კვერცხის გადაყლაპვას ლამობსო. ბოლოს ნამდვილი ღიმილით გაებადრა სახე და გადამეხვია. _ მართალი ხარ ოსკარ; მადლობა, რომ ეს ყველაფერი მითხარი. _ არაფერს, ექიმო, თქვენს სამსახურში მიგულეთ. მომმართეთ, როცა გნებავთ. ესეც ასე, ღმერთო. სამაგიეროდ მე ისევ შენი ვიზიტის მოლოდინში ვარ. მოდი რა, ნუ ორჭოფობ. მაინც მოდი, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უამრავი ადამიანი მეხვევა თავს. როგორ გამახარებდა შენი მოსვლა! ხვალამდე, გკოცნი ოსკარი ძვირფასო ღმერთო, პეგი ბლუ წავიდა. მშობლებს დაუბრუნდა. სულელი ნამდვილად არ ვარ და მესმის, რომ მას ვეღარადროს ვნახავ. აღარ მოგწერ იმიტომ, რომ ძალიან სევდიანი და მოწყენილი ვარ. მე და პეგიმ მთელი ცხოვრება ერთმანეთის გვერდიგვერდ გავატარეთ. ახლა კი სრულიად მარტო აღმოვჩნდი ლოგინში დაქანცული, მიკნავლებული მელოტი. რა სიმახინჯეა სიბერე. დღეს უკვე აღარ მიყვარხარ. ოსკარი ძვირფასო ღმერთო, მადლობა, რომ მოხვედი. მართლაც რომ სულზე მომისწარი, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. შეიძლება, ჩემმა გუშინდელმა წერილმაც გატკინა გული…. როცა გამეღვიძა, თავში გამიელვა, რომ 90-ის გავხდი. თოვლის დასანახად ფანჯრისკენ შევტრიალდი. აი, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შენ ჩემსკენ გამოეშურებოდი. ეს დილით ხდებოდა. მე მარტოდმარტო ვიყავი დედამიწის ზურგზე. ისე ადრე იყო, რომ ჩიტები ჯერ კიდევ თვლემდნენ. ღამის მორიგე მედდას, ქალბატონ დუკროს ძილ-ქუშისათვის თავი ვერ დაეღწია და ხვრინავდა. შენ კი განთიადის შემკობაზე ზრუნავდი. გიმძიმდა, მაგრამ შენსას არ იშლიდი. უკუნეთი ნელ-ნელა იხევდა უკან. შენ თეთრ, ნაცრისფერ, ცისფერ ფერებს აფრქვევდი და ამით ღამის დამარცხება და სამყაროსათვის სიცოცხლის შთაბერვა გსურდა. ერთი წამითაც არ შეჩერებულხარ, სული რომ მოგეთქვა. მაშინ მივხვდი შენსა და ჩვენს შორის არსებულ განსხვავებას: შენ დაუღალავი ვაჟკაცი ხარ, გამუდმებით რომ შეუძლია ოფლი ღვაროს! ხან დღის შემომქმედი ხარ, ხან ღამის დადგომაზე ზრუნავ, ხან გაზაფხული თუ ზამთარი მოგყავს. აი, პეგი და ოსკარიც შენი ქმნილებებია! დედა-როზა მავიწყდებოდა! მაინც რა ჯანმრთელობა გაქვს?! მე მივხვდი, რომ სადღაც ახლო-მახლო იყავი და მაზიარე შენს საიდუმლოს: ყოველ ცისმარე დღეს ისე შეხედე სამყაროს, თითქოს პირველად უცქერდე. მე ყურად ვიღე შენი რჩევა და მცდელობა არ დამიკლია. სამყაროს პირველად აღვიქვამდი. ვცდილობდი, სინათლე, ფერები, ფრინველები და ცხოველები შემეცნო. ნელ-ნელა ვგრძნობდი, როგორ მებერებოდა ნესტოები ჰაერით, შემდეგ ფილტვები და როგორ ვიწყებდი სუნთქვას. დერეფნიდან ხმები ჩამესმოდა და ეკლესიის თაღების ღუღუნს მაგონებდა. მე ცოცხალი ვიყავი. უზენაესი სიამოვნებისაგან ვთრთოდი. ესაა სიცოცხლით მონიჭებული ბედნიერება. მონუსხული ვიყავი. მადლობა შენ, ღმერთო, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის მოიმოქმედე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ხელი ჩამკიდე და საიდუმლოსკენ მიმავალი გზა ერთად გავიარეთ. გსურდა, რომ მე თავად გამესწორებინა მისთვის თვალი. მადლობა. აბა, ხვალამდე გკოცნი ოსკარი P.შ. დღის სურვილი: შეგიძლია თუ არა პირველაღქმის განცდა ჩემს მშობლებსაც მოჰგვარო? დედა-როზამ, ვფიქრობ, უკვე გამოსცადა და თუ დრო დაგრჩება, პეგისაც, თუ შეიძლება…. ძვირფასო ღმერთო, დღეს საუკუნის გავხდი, როგორც დედა-როზა. ბევრი მძინავს და თავსაც კარგად ვგრძნობ. ვეცადე ჩემი მშობლებისთვის ამეხსნა, რომ ცხოვრება მეტად უცნაური ძღვენია. თავიდან გადაჭარბებულად ვაფასებთ მას და გვგონია, რომ ის მარადიულ საკუთრებად გვეძლევა. შემდეგ, რატომღაც სათანადოდ ვერ ვაფასებთ; გვგონია, რომ ცხოვრება მუხანათი და მეტისმეტად ხანმოკლეა; ლამის მზად ვართ, ზურგი შევაქციოთ. ბოლოს ვხვდებით, რომ ეს სულაც არ ყოფილა საჩუქარი, არამედ სესხი. აი, მაშინ ვიწყებთ ბრძოლას, როგორმე დავიმსახუროთ. მე უკვე 100 წლის კაცი ვარ და ვიცი, რაზე ვსაუბრობ. რაც უფრო ასაკში შევდივართ, მით უფრო გვმართებს დახვეწილი გემოვნების გამოვლენა, რათა ცხოვრების სრულად შეფასება შევძლოთ. წლების მატებასთან ერთად სიცოცხლესთან ფაქიზი, თითქმის არტისტული მიდგომა მოგვეთხოვება. ნებისმიერ კრეტინს შეუძლია 10 ან, თუ გნებავთ, 20 წლის ასაკში ცხოვრებით ბოძებული სიამოვნებებით დატკბეს. მაგრამ 100 წლის ასაკში, როცა განძრევაც კი გიჭირს, ამ ტკბობის განცდა ჭკუა-გონებით უნდა შეძლო. არ ვიცი, მოვახერხე თუ არა ჩემი მშობლების დარწმუნება. ეწვიე მათ და წამოწყებული საქმე დაასრულე კიდეც. დაღლილობას ვგრძნობ. ხვალამდე. გკოცნი, ოსკარი ძვირფასო ღმერთო, 110 წელი, ვფიქრობ ძალიან ბევრია. მგონი, ვკვდები. ოსკარი ძვირფასო ღმერთო, პატარა ბიჭუნა გარდაიცვალა. მე ყოველთვის ვარდისფერი ქალბატონი ვიქნები, მაგრამ დედა-როზა _ აღარასდროს. დედა-როზა მე მხოლოდ და მხოლოდ ოსკარისთვის ვიყავი. ის ამ დილით გარდაიცვალა. სულ რაღაც ნახევარ საათში წავიდა ჩვენგან. იმ დროს, როცა მე და მისი მშობლები ყავის დასალევად გავედით. ოსკარმა ეს ჩვენი თანდასწრების გარეშე მოახერხა. ასე მგონია, ჩვენს გასვლას დაელოდა და ამით დაგვინდო. სურდა, ჩვენთვის წასვლის მთელი მწუხარება და სისასტიკე აეცილებინა. დარდი მძიმე ლოდად მაწევს გულზე. ისე გამისივდა, ლამის გასკდეს. ოსკარი ჩემს გულში ბინადრობს და მისი იქიდან განდევნა ჩემს ძალებს აღემატება. საღამომდე ცრემლებისგანაც უნდა შევიკავო თავი. ჩემს მწუხარებას მისი მშობლების აუტანელ ტკივილს ვერ შევადრი. მადლობა, ოსკარი რომ გამაცანი. მისი წყალობით ხალისითა და სიცოცხლით ავივსე. რა ლეგენდებს არ ვთხზავდი, ქეჩის ჩემპიონიც კი გავხდი. ოსკარის წყალობით ბევრი ვიცინე და მივხვდი, რას ნიშნავს მხიარულება. ოსკარმა ჩამისახა შენი რწმენა. მთელი ჩემი არსება სიყვარულითაა სავსე. ეს სიყვარული მთუთქავს. ოსკარმა იმდენი მაჩუქა, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ ამოვწურავ ამ მარაგს. უახლოეს შეხვედრამდე, დედა-როზა
პ.ს. სიკვდილამდე სამი დღით ადრე ოსკარმა სასთუმალთან მდგარ პატარა მაგიდაზე აბრა განათავსა. ვფიქრობ, შენ უნდა გეხებოდეს. აბრაზე შემდეგი ეწერა: ,,მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება.“