Litclub.ge

მძიმე გზა (მთარგმნელი დვალიშვილი თამარ)
(ნაწარმოები დაიწერა 1916 წელს და გამოქვეყნდა 1917 წელს, იგი ეძღვნება დოქტ. ჰანს ბრუნსა და მის მეუღლეს) 

ხეობის მისადგომებთან, ბნელით მოცული კლდეების კარიბჭესთან გაუბედავად ვიდექი, შემდეგ მოვტრიალდი და უკან მოვიხედე. 
მზე დანათოდა ამ მწვანეში ჩაფლულ ნეტარებით აღვსილ სამყაროს, ბალახის მოყავისფრო ყვავილები მდელოებზე ნაზად გვიკრავდა თვალს. იქ კარგი იყო ცხოვრება, იქ სითბო და სიმყუდროვე სუფევდა, იქ სული მათრობელა სურნელსა და სინათლის სიუხვეში ჩაფლული კელასავით უფრო ღრმად და უფრო მშვიდად ხმოვანებდა. და იქნებ მე ვიყავი შეურაცხადი, ყოველივე ამისათვის ზურგის შექცევა და მთებში ასვლა რომ მოვინდომე .


წინამძღოლმა ხელი ნაზად შემახო მხარზე. მე მზერა ლამაზი ზმანებიდან უცებ გამოფხიზლებულივით მოვწყვიტე წარმტაც არემარეს. და დავინახე წყვდიადში ჩაძირული ხეობა, ნაპრალიდან პატარა შავი ნაკადული მორაკრაკებდა, მის ნაპირებზე ადგილ-ადგილ გახუნებული ბალახი ამოზრდილიყო, ნაკადულის ფსკერზე კი სხვადასხვა ფერის წყლით ჩამონარეცხი უსიცოცხლო და ფერმკრთალი კენჭები ერთდროს ცოცხალ არსებათა საძვალეს დამსგავსებოდა. 
_ კარგი იქნებოდა ცოტა შეგვესვენა, - ვუთხარი მე წინამძღოლს. 
მან მოთმინებით გაიღიმა და ჩვენ დავსხედით. გრილოდა, კლდეების კარიბჭიდან მოქუფრული და ქვასავით ცივი ჰაერის ნაკადი მოედინებოდა. 
ამაზრზენი, მართლაც რომ ამაზრზენი იყო ამ გზის გავლა! ამაზრზენი და მტანჯველია თავს ამ კლდეების საუფლოში აიძულო შესვლა, გადაიარო ეს ცივი ნაკადული და თავდაღმა დაეშვა ვიწრო, დაუნდობელი უფსკრულის წყვდიადისაკენ! 
_ საშინელი გზაა, - ჩავილაპარაკე ათრთოლებულმა.


ჩემში მიმქრალი ალივით ჯერ კიდევ ბჟუტავდა მძაფრი, დაუჯერებელი და სულელური ფიქრი იმაზე, რომ შესაძლებელია უკან დაბრუნება, რომ წინამძღოლს იოლად დავითანხმებდი, რომ ის ისურვებდა ორივე ჩვენთაგანის ამ მძიმე ხვედრისაგან დაცვას. დიახ, დიახ, ან რატომაც არა? ნუთუ იქ, საიდანაც ჩვენ მოვდივართ, ბევრად უფრო კარგი არ არის? ნუთუ იქ გაცილებით უფრო უხვი, თბილი და სიყვარულისათვის გაფურჩქნული არ არის ცხოვრება? ნუთუ მე არ ვიყავი ის ადამიანი, ის ბავშვივით არსება და წუთისოფლის ამაოების შვილი, რომელსაც მცირედი ბედნიერებით, მზის სხივებით, ცის სილურჯითა და ყვავილთა ცქერით თრობის უფლება ჰქონდა? 
არა, მე არ მინდოდა წასვლა. მე არ მქონდა სურვილი, გმირისა და ტანჯულის ხვედრი მეწვნია! მე ჩემს ცხოვრებას მშვიდად განვლევ, თუკი შემეძლება მზის გულზე გაშლილ მინდორში ცხოვრება. 
უცებ სიცივემ ამიტანა; აქ დიდხანს გაჩერება აღარ შეიძლებოდა. 
_ მთლად გაიყინე, - მითხრა წინამძღოლმა, - სჯობს, გზას გავუყვეთ. 
ამ სიტყვებით იგი ადგა, ერთი წამით წელში გაიშალა და ღიმილით შემომხედა. ამ ღიმილში არ იკითხებოდა არც დაცინვა და არც თანაგრძნობა, არც დაუნდობლობა და არც შემწყნარებლობა.

მასში არაფერი იყო თუ არა გაგება, თუ არა ცოდნა. ეს ღიმილი თითქოს ამბობდა: ,,მე შენ კარგად გიცნობ. მე ვიცი შენი შიში და ვიცი, თუ როგორია ეს შიში, და, რა თქმა უნდა, არც გუშინ და გუშინწინ შენს მიერ წარმოთქმული რტყელ-ბრტყელი სიტყვები დამვიწყებია. მე კარგად ვიცი ახლა შენს სულში დატრიალებული ეჭვშეპარული სიმხდალის შესახებ, ვიცი, თუ როგორ ეთამაშება შენი სული მზის წარმტაც სხივებს.” 
ასეთი ღიმილით წინამძღოლმა კიდევ ერთხელ შემავლო თვალი და შემდეგ კი გადადგა პირველი ნაბიჯი მოქუფრული კლდოვანი ხეობისაკენ, და მე ის ერთდროულად მიყვარდა და მძულდა კიდეც, როგორც სიკვდილმისჯილს შეიძლება უყვარდეს და სძულდეს მის თავზე აღმართული ჩუგლუგი. მაგრამ ყველაზე მეტად მე მისი წინამძღოლობა მძულდა და მზარავდა, მზარავდა ის, რომ მან ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდა, რომ ის იყო ცივი და და მისთვის უცხო იყო ყველა წარმტაცი სისუსტე, და მე საკუთარი თავი მძულდა იმის გამო, რომ ვაღიარე წინამძღოლის სიმართლე, რომ ვამართლებდი მას, რომ ვიყავი მსგავსი მისი და მსურდა მივყოლოდი მას. 
იგი საკმაო მანძილით წინ გაჭრილიყო, გადაევლო შავი ნაკადულის ქვიანი კალაპოტი და ის ის იყო მოსახვევში კლდეს უნდა მიფარებოდა. 
_ შეჩერდი! – შიშით მოცულმა შევძახე და უცებ გონებაში ამგვარმა აზრმა გამიელვა: ,,ნეტავ ყოველივე სიზმარი იყოს, ჩემი უკიდეგანო შიში გაარღვევდა ნისლიან ზმანებას და გავიღვიძებდი.” 
_ შეჩერდი! – გავსძახე მე, - მე არ შემიძლია, მე ჯერ კიდევ არა ვარ მზად.


წინამძღოლი შეჩერდა და საყვედურის უთქმელად მდუმარედ გამოიხედა, მაგრამ ამ გამოხედვაში კვლავაც შემზარავი გაგება და ყოველივეს განჭვრეტა იკითხებოდა, მისი გამოხედვიდან წინასწარმეტყველური სხივი გამოსჭვივოდა. 
_ იქნებ უკან დავბრუნდეთ? – იკითხა მან და სიტყვაც კი არ ჰქონდა დასრულებული, რომ მე ჩემი საკუთარი ნების წინააღმდეგ უკვე დავიწყე გაცნობიერება იმისა, რომ ვიტყოდი ,,არა”, რომ ვალდებული ვიყავი მეთქვა: ,,არა”. და ამავდროულად ყველაფერი ის, რაც ჩემთვის იყო ძველი, ჩვეული, ახლობელი და საყვარელი ჩემში უსასოოდ გაჰკიოდა: ,,თქვი დიახ, თქვი დიახ!” – და თითქოს მთელი სამყარო მთელი თავისი სიმძიმით ჩემს გულს დასწოლოდა. 
მინდოდა დამეძახა ,,დიახ”, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ ამისათვის ძალა არ მეყოფოდა. 
წინამძღოლმა ხელით დაბლობისაკენ მიმითითა, მე კიდევ ერთხელ მოვიხედე და თვალი მოვავლე ჩემთვის ძვირფას ადგილებს. და მე მაშინ დავინახე ყველაზე საშინელი, რაც კი შეიძლება წარმომედგინა: მე დავინახე, თუ როგორ უსახურად გახვეულიყო საყვარელი მდელოები თეთრი, ძალადაკარგული მზის სხივებში, თუ როგორი ყალბი იყო ფერების ჰარმონია, თუ როგორ გასცვეთოდათ ჩაშავებულ ჩრდილებს იდუმალი მიმზიდველობა, თუ როგორ გამოსცლოდა სული ყველაფერს და წართმეოდა მომხიბვლელობა და საამო სურნელი, თუ როგორც გაჟღენთილიყო ყოველივე კარგა ხნის წინ მოყირჭებული საგნების ყალბი არომატით. ოჰ, ყოველივე ეს ჩემთვის ნაცნობი იყო, მე მეშინოდა და მძულდა წინამძღოლის ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი ჩვეულებისა, გაეუფასურებინა ყველაფერი ძვირფასი და სასიამოვნო, წაერთმია მისთვის სული და ვნება, მშვიდად მოეშხამა სუნები და ფერები! ოხ, რა კარგად ვიცოდი ეს: გუშინდელ ღვინოს სიმჟავე შეეპარა, სიმჟავეშეპარული კი ვერასოდეს დაიბრუნებს უწინდელ მადლს.

ვეღარასოდეს. 
მე ვდუმდი და გულდამძიმებული ფეხდაფეხ მივყვებოდი წინამძღოლს. ის ხომ მართალი იყო, მართალი, როგორც ყოველთვის. კარგია, რომ ის მაინც არის ჩემთან და მისი ყურება მაინც შემიძლია, რომ გადამწყვეტ დროს უცებ არ ქრება და არ მტოვებს ეულად ჩემს გულში ჩაბუდებულ იმ უცხო ხმასთან, რომლადაც იგი თავად გადაიქცა.


მე ვდუმდი, მაგრამ გული ჩემი მხურვალე ვედრებას მოეცვა: ,,მოიცა, მე ხომ შენ მოგყვები!” 
ნაკადულის ქვები საშინლად მოლიპულიყო, დამქანცველი და თავბრუდამხვევი იყო ქვიდან ქვაზე ასე სიარული, რომელთა სველი ზედაპირიც სულ უფრო პატარავდებოდა და ფეხქვეშ გვეცლებოდა. ბილიკი მაღლა მიიწევდა და კლდეთა მოქუფრული კედლები სულ უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, მოღუშულნი ერთმანეთისაკენ იზნიქებოდნენ და ყოველი კუთხიდან მათი მზაკვრული ჩანაფიქრი გამოსჭვიოდა – მოვექციეთ თავიანთ მარწუხებში და სამუდამოდ ჩამოვეშორებინეთ უკან მიმავალ გზას. ყვითელი კლდეების მეჭეჭიანი ზედაპირი წყლის მკვრივი და ლორწოვანი კანით დაფარულიყო.

ჩვენს მაღლა არც ცა, არც ღრუბლები და აღარც სილურჯე აღარ მოსჩანდა. 
მე მივდიოდი და მივდიოდი, კვალდაკვალ მივდევდი წინამძღოლს და შიშითა და ზიზღით მოცული ხშირად ვხუჭავდი თვალებს. გზად მოღუშული ყვავილი გამოჩნდა, ხავერდოვანი სიშავითა და ნაღვლიანი ელფერით. მშვენიერმა ყვავილმა ჩემთვის საიდუმლოს გასანდობად ყელი მოიღერა, მაგრამ წინამძღოლმა ნაბიჯს მოუჩქარა და ვიგრძენი, რომ თუკი ერთი წამით შევჩერდებოდი, თუკი ერთი წამით მაინც შეყოვნდებოდა ჩემი მზერა ნაღვლიან ხავერდზე, სევდა და უკიდეგანო დარდი მძიმედ დააწვებოდა გულს, აუტანელი გახდებოდა და სული ჩემი სამუდამოდ მოექცეოდა უაზრობისა და მირაჟების დამცინავ მარწუხებში. 
დასველებული და დასვრილი მძიმედ მივიწევდი წინ და, როდესაც ნესტიანმა კედლებმა ჩვენს მაღლა თავი შეიკრეს, წინამძღოლმა თავისი ძველი სანუგეშო სიმღერა წამოიწყო. მჭექარე, მტკიცე ახალგაზრდული ხმით აყოლებდა იგი ნაბიჯებს ტაქტს: ,,მე მინდა, მე მინდა, მე მინდა!” მე ვიცოდი, რომ მას ჩემი გამხნევება და სულის შთაბერვა სურდა, მას სურდა, ჩემი აზრები ჩამოეშორებინა ჯოჯოხეთში ხეტიალის საშინელი ტანჯვისა და უიმედობისაგან. ვიცოდი, ის ელოდა, რომ ჩემს ხმასაც ავაყოლებდი მის მონოტონურ მღერას.

მაგრამ მე ეს არ მსურდა, არ მინდოდა მისთვის ეს გამარჯვება მეჩუქებინა. ნეტავ მემღერებოდა კი? მე ხომ ადამიანი ვარ, უბრალო და საწყალი კაცი, რომელიც თავისი ნების გარეშე ისეთ გარჯაში აღმოჩნდა ჩართული, რასაც მისგან ღმერთიც კი ვერ მოითხოვდა? ნუთუ ყველა მიხაკსა და ბუსმიხაკას არ ჰქონდა ნება ყოფილიყო ნაკადულთან, იქ, სადაც ქვეყანას მოევლინა, ეყვავილა და დამჭკნარიყო ისე, როგორც ეს მისი ბედის წიგნშია ჩაწერილი? 
,,მე მინდა, მე მინდა, მე მინდა!” – წარბშეუხრელად მღეროდა წინამძღოლი. ოჰ, ნეტავ შემძლებოდა უკან მობრუნება! მაგრამ წინამძღოლის საოცარი დახმარებით უკვე ისეთი კედლები და ფერდობები მქონდა გადალახული, რომ უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო. ტირილი მახრჩობდა, ცრემლი სხეულს შიგნიდან მიწვავდა, მაგრამ ტირილის უფლება არ მქონდა, ოღონდაც ტირილი არა! და მე შეუპოვრად და ხმამაღლა ავუბი მხარი წინამძღოლის სიმღერას, ვმღეროდი იგივე მელოდიას იგივე რიტმით, მხოლოდ სიტყვები იყო ჩემს სიმღერაში სხვა, მე ვიმეორებდი: ,,მე უნდა, მე უნდა, მე უნდა!” თუმცაღა აღმასვლისას სიმღერა მიძნელდებოდა, მალე სუნთქვა შემეკრა, სულს ძლივს ვითქვამდი და იძულებული გავხდი გავჩუმებულიყავი. წინამძღოლი კი დაუღალავად აგრძელებდა: ,,მე მინდა, მე მინდა, მე მინდა!” და თანდათანობით მან მაინც სძლია ჩემს ნებას და მეც მისი სიტყვებით ავმღერდი. ახლა მთაზე ასვლა უფრო გაადვილდა, ახლა თავს უკვე აღარაფერს ვაიძულებდი, ახლა მართლაც მინდოდა, ახლა სიმღერით დაღლას უკვე ვეღარ ვგრძნობდი. 
უცებ ჩემს სულში სინათლემ დაისადგურა, შინაგანი სინათლის მოძალებასთან ერთად სალმა კლდემაც უკან იწყო დახევა, ის უფრო მშრალი და უფრო კეთილი გახდა, ფეხქვეშ უფრო მეტ სიმყარეს მაგებებდა, ხოლო ჩვენს მაღლა ცა ქვიანი ნაპირებიდან ამოსული ნაკადულივით უფრო გაცისკროვნდა, მალე ეს ნაკადული პატარა, ლურჯ ტბას დაემსგავსა, რომელიც უფრო და უფრო ფართოვდებოდა და ძალას იკრებდა.


მე ვცდილობდი უფრო ძლიერად მდომებოდა, ჩემი სურვილისათვის შინაგანი ვნებით ძალა შთამებერა, ციური ტბა კიდევ უფრო ფართოვდებოდა, ბილიკი უფრო განიერი და კარგად სავალი ხდებოდა, და მეც ხანდახან ძალზე მსუბუქად და ძალისხმევის გარეშე წინამძღოლის გვერდით მავალი უკან ვიტოვებდი დიდ მანძილებს. უცებ ჩვენს თავზე, ჩვენს სიახლოვეს მზით გავარვარებული ნისლებით მოცული ციცაბოკალთებიანი მწვერვალი გამოჩნდა. 
ვიწრო ნაპრალებიდან მწვერვალის მისადგომებს მივაღწიეთ, კაშკაშა მზის სხივებმა თვალი მომჭრა და როდესაც კვლავ გავახილე თვალები, ძრწოლისაგან მუხლები ამიკანკალდა, რადგანაც მოულოდნელად მივხვდი, რომ კლდის ქიმზე შევმდგარიყავი, ირგვლივ უკიდეგანო ზეცა გადაშლილიყო, ხოლო ჩემს დაბლა ლურჯ, შემზარავ და უძირო უფსკრულს დაეღო ხახა, ჩვენს წინ კი მწვერვალი აღმართულიყო, რომელიც ვიწრო კიბით თავისკენ გვიხმობდა. მაგრამ მზე ისევ ანათებდა, ცა კვლავაც გაკაშკაშებული იყო და ჩვენ სუნთქვაშეკრულნი და შუბლშეჭმუხვნილნი ნაბიჯ-ნაბიჯ ამ უკანასკნელ მწვერვალამდეც ავედით. და, აი, უკვე მაღლა ვიყავით და მკაცრი და მიუსაფარი ჰაერით ნასაზრდოებ ვიწრო გავარვარებულ ქვაზე შევმდგარიყავით. 
ეს იყო საოცარი მთა და საოცარი მწვერვალი! ამ მთაზე, ამ მწვერვალზე რომლამდეც ჩვენ უსასრულო კლდოვანი კედლების გავლით მოვაღწიეთ, ქვიდან ხე ამოსულიყო, პატარა, ფესვმაგარი ხე რამდენიმე მოკლე და ძლიერი ტოტით. ეულად მდგომი ძალზე უჩვეულო და საოცარი სანახავი იყო, თითქოს კლდეს ჩაბღაუჭებოდა და შერწყმოდა, მის ტოტებს შორის ცივი ციური სილურჯე იღვრებოდა.

ხის კენწეროზე შავი ჩიტი შემომჯდარიყო და ნაღვლიან სიმღერას მღეროდა. 
სამყაროს ზემოდან ხანმოკლე სულის მოთქმისას დანახული ჩუმი ზმანება: მზე საკუთარ ცეცხლში იწვოდა, კლდე ვარვარებდა, ხე მკაცრ მზერას აფრქვევდა, ჩიტი კი ნაღვლიან სიმღერას შემოსძახოდა: მარადოსობა! მარადისობა! შავი ჩიტი მღეროდა და მის წყლიან, შავ ბროლისებრ თვალთაგან გამოსროლილ მკაცრ მზარას არ გვაცილებდა. ძნელი იყო ამ მწველი მზერის ატანა, ძნელი იყო ასევე მისი სიმღერის ატანაც, მაგრამ განსაკუთრებით დამთრგუნველი ამ ადგილის სიმარტოვე და სიცარიელე, გაუდაბურებული ცის თავბრუდამხვევი უკიდეგანობა იყო. სიკვდილი უსაზღვრო ნეტარებას შეედრებოდა, აქ დარჩენა კი ენით გამოუთქმელი წამება იყო. რაღაც უნდა მომხდარიყო, ახლავე, დაუყოვნებლივ, თორემ ამ გამეფებული საშინელებისაგან ჩვენც და მთელი სამყაროც ქვად გარდავიქმნებოდით. მე ვიგრძენი, რომ რაღაც ჭექა-ქუხილის წინ ამოვარდნილი ქარივით მთელი ძალით, გაგიჟმაჟებული ახლოვდებოდა.

ციებ-ცხელებასავით ვგრძნობდი, თუ როგორ დაბორგავდა ეს რაღაც სულსა და სხეულში.

ის იმუქრება, ის მოდის, ის უკვე აქაა... 
... უცებ ტოტზე ჩიტი შეტორტმანდა და ერთბაშად გადაეშვა უსასრულობაში. 
ჩემმა წინამძღოლმაც გადადგა ნაბიჯი, შეუერთდა გაბრწყინებულ ცას და გაფრინდა. 
ახლა განგების ტალღამ ჩემამდეც მოაღწია, გული ამომგლიჯა და აი ისიც ნამსხვრევებად იქცა. 
და უკვე მეც ვარდებოდი, სადღაც მივექანებოდი, სადღაც თავდაღმა დავეშვი, მივფრინავდი; ცივი ჰაერის არტახებში გახვეული ნეტარებითა და ტანჯვით მოცული გადავეშვი დაბლა, უსასრულობის გრძელ გვირაბში დედის მკერდისაკენ. 




1.

მთა, როგორც აღმასვლის მიზანი, ფსიქოლოგიურ სიმბოლიკაში ძალზე ხშირად ნიშნავს ,,საკუთარი მეს გაცნობიერებას”. 
2.წინამძღოლის სიმბოლო გაიგება, როგორც გმირის მეორე, გაცილებით უფრო ამაღლებული ,,მე”. 
3. ზღაპრის სიმბოლიკისა და ხის ხატის ფუნქციონალური მნიშვნელობის გათვალისწინებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკია ,,სამყაროს ხეზე”. ჩიტი სულის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სახეა. შემდგომში ტექსტში ჩიტის თვალების ბროლთან შედარება მიუთითებს იმ სულიერ მთლიანობაზე, რაც ადამიანის შინაგანი განვითარების უმაღლეს მიზანს წარმოადგენს და რომელიც ხორცშესხმულია ჩიტის ხატში..