1
არა დღეებმა, არა თვეებმა,
ჩვენ განშორების წლებმა დაგვღალა,
ძვირად დაგვიჯდა თავისუფლება _
საფეთქლებს ამკობს უკვე ჭაღარა.
ბოლო მოეღო გაცვლას, გაცემას
და აღარ ისმენ უკვე დილამდე,
როგორ იქცევა თავისმართლებად
უდარებელი ჩემი სიმართლე.
2
როგორც ეს ხდება განშორებისას,
მოგვაგონდება შეხვედრის ჟამი,
უკანასკნელად იმღერებს ჩიტი,
გასპეტაკდება ყოველი წამი.
თუმც სიხარული წარსულს მიბარდა,
ყინვამ დაგვაზრო გულისგულამდის,
გაგვახსენდება, როგორ გვიყვარდა
და ერთმანეთზე როგორ ვზრუნავდით.
3
უკანასკნელი სადღეგრძელო
ვსვამ სადღეგრძელოს დაქცეულ სახლის,
მწარე ცხოვრების,
ერთად ყოფნისას მარტოობის,
შენთვის ბრძოლების,
ტყუილს და ღალატს ნაჩვევ ბაგის,
ცივი თვალების,
თვით ღმერთისაგან მიტოვების,
არდახმარების.