Litclub.ge

ელეგია.
სარკმლიდან ვუცქერ, თუ თეთრი თოვლი
მთა-ბარს როგორ რთავს და ათანაბრებს,
სული ეშვება მოგონებაში,
სიყმაწვილისას ვიგონებ ზღაპრებს.
ზღაპრებს, რომელთა უხმო აჩრდილში
ჰქრება ყოველი... გრძნობა დუნდება,
რაც კვლავ არასდროს არ განახლდება
რაც კვლავ არასდროს არ დაბრუნდება.
შემოვიხვიე ტანზე ნაბადი...
გაველ ქუჩაში, მსურს ბრბოს შევერთო,
რა უდაბნოა, ოჰ, ჩემო ზეცავ, 
რა სიჩუმეა, ოჰ, ჩემო ღმერთო!
ახალი წელიც ვერაფერს მეტყვის,
ახალი წელიც ვერ მომცემს პასუხს,
ისევ უდაბნო... ისევ დუმილი...
ისევ თოვს და თოვს... გული წუხს და წუხს...

1914