Litclub.ge

სანამ შორს იყავ
მე შენით ვქმნიდი განთიადის, ძლევის სიმღერას,
შენით ვხატავდი ელვარებას უსაზღვრო ცისას,
მწყურვალე გული შენში გრძნობდა აღელვებული
სრულ ჰარმონიას ჭკუისას და სილამაზისას,

სანამ შორს იყავ. და როდესაც ახლო შეგხედე,
სულ არ აღმოჩნდა შენში იგი მიმზიდველობა,
აღარ არსებობს ეს ოცნება უკანასკნელი,
არსებობს მხოლოდ სინამდვილით მოკლული გრძნობა.

თუმცა... ვიცოდი, მე წინადვე ვიცოდი ეგა
და მაინც მსურდა იმ იდუმალ სახესთან დგომა,
ამაოდ შექმნილ ციურ სულთან - მხურვალე ლოცვა
და ქვეყნიურად შექმნილ კერპთან - მწარე შეცდომა.

1914