მაღალ სართულში როიალის ხმას
აჰყვა ქალის ხმა მშვიდი და ნელი...
მივჰყავარ ფიქრებს... აგერ ქვითინით
მისწყდა აკორდი უკანასკნელი,
იგივ სიჩუმე მეფობს ქუჩაში,
დაჰქრის, სისინებს ნიავი გრილი,
ცაცხვი ირხევა მთვარის ნათელით
მოთეთრებული და მოვერცხლილი.
რას ვეძებ ნეტა ამ ხეტიალში?
ბედნიერებას? ოჰ, არა, არა!
სიყვარულს? - განა ამ სიყვარულმა
მე ოცნება არ დამისამარა? -
მე საფლავს ვეძებ, რომ დამიამოს
და დამავიწყოს გულის ღრმა წყლული,
ეს კი არ არის ბედნიერება,
არც მეგობრობა, არც სიყვარული.
მწარე ნაღველი დაგუბდა გულში,
სიცოცხლის ძგერა იდუმლად ჰქრება,
მის დავიწყებას დავეძებ მარად,
და არსად არის ეგ დავიწყება.
ისევ სიჩუმე მეფობს ქუჩაში...
დაჰქრის, სისინებს ნიავი გრილი,
ცაცხვი ირხევა მთვარის ნათელით
მოთეთრებული და მოვერცხლილი!
1914