Litclub.ge

ბრმა განწყობა
მე ახლაც ვხედავ, როგორ ზიხარ ტაძარში ჩუმი,
მოდი, ძვირფასო, საკუთარი სული გამანდე,
ყველა სიზმარში ამგვარ ტაძარს გარშემო ვუვლი,
შენ გაფითრდები როს დაითვლი ციდან სამამდე.

წირვა დასრულდა, მსხვერპლშეწირვის დრო დადგა უკვე,
წირვა დასრულდა და დატოვო გინდა ტაძარი,
უთვისტომოებს დავყვები და ბნელში გზას ვუკვლევ,
შეშინეული საკუთარ თავს ადრე ვბაძავდი.

შენ ისევ მშვიდი, მომლოდინე და უფრო ნაზი,
ვერაფრით ხვდები, ჩემს სურვილში როგორ გაები...
მიმიკა შენი არ გულისხმობს ღიმილს მონაზვნის,
ღიმილი შენი არ გულისხმობს რამე ღვთაებრივს.

და რახან მარტოს აღარ გტოვებ არცერთ სტრიქონთან,
და რახან მარტოს არ მიტოვებ ახლა სტრიქონებს,
ჩვენი ნაპირი ტალღას სადღაც ზღვაში მიჰქონდა,
ეჰ, რა იქნება ჩვენს ბინაში თვითონ მიგვქონდეს?!

მე ახლაც ვხედავ, როგორ ტირი ტაძარში ჩუმი,
მოდი, ძვირფასო და მომავლის დარდი გამანდე,
ყოველ საღამოს საკუთარ თავს გარშემო ვუვლი,
როცა ვფითრდები , ვეღარ ვითვლი ციდან სამამდე...