Litclub.ge

* * * როდესაც ხალხთა ჟრიამულში...
როდესაც ხალხთა ჟრიამულში დავიკარგები,
რომ მოვიპოვო კაცთა შორის თავშესაფარი,
მაშინ ქნარი სდუმს, სდუმს, სიჩუმეს გარემოუცავს,
მწარე ნაღველით ავსებული სდუმს ჩემი ქნარი.

როდესაც მტრობა, შური, დევნა ირგვლივ მეხვევა
ზედ გულზე მაძევს სასიკვდილო სევდის ლახვარი,
მაშინაცა სდუმს ჩემი ქნარი სევდით მოცული,
მწარე ნაღველით ავსებული სდუმს ჩემი ქნარი.

როდესაც მოძმეთ სურთ ცოცხლადვე დამასამარონ,
სურთ, რომ შეღებონ ჩემი სისხლით წამების ჯვარი -
იმ დროს ქნარი სდუმს და სიჩუმეს გარემოუცავს,
მწარე ნაღველით ავსებული სდუმს ჩემი ქნარი.

მაგრამ, როდესაც გავშორდები ქვეწარმავლობას,
სულს არ მიხუთავს უმიზნობის ქსელი საზარი, -
განვლილს იგონებს ჩემი ქნარი აზვირთებული,
აზვირთებული, აღტყენილი ჟღერს ჩემი ქნარი.

როცა ხალხში ვარ - მეკარგება რწმენა, ხალისი,
როცა მარტო ვარ - მაქვს სამგოსნო წმინდა ტაძარი:
ტყე, მინდორ-ველი, მთის წიაღი, კლდის ნანგრევები
და ჩემი ქნარი, მარტოობით შექმნილი ქნარი!

1914