Litclub.ge

ვარდის ფოთოლი
ალბათ მგოსანმა ჩადო ძველ წიგნში
გაყვითლებული ვარდის ფოთოლი,
ქალწულის ხელმა მიუძღვნა იგი,
დიდება ნაზი, დიდება წრფელი.
და ამ საჩუქარს ის ინახავდა
განუწყვეტელის ცრემლების ფრქვევით,
სანამ მეორე ვინმე მგოსანი
არ შემოვიდა მასთან შემთხვევით.
დაფნის გვირგვინით შუბლშემკობილი,
- იცი? - ღიმილით ეტყოდა პირველს -
მე ამ გვირგვინით ხალხმა შემამკო,
არ ჰგავს შენს ღმერთას და შემომწირველს.
პირველ მგოსანში შურმა იფეთქა,
დასწვა გულისთქმამ, მაგრამ შეჩერდა
და უპასუხა: ‘ხალხს მუხლმოდრეკილს
იპოვის მუდამ, ვინც შენებრ მღერდა.
მისთვის კი, ვინაც სიყმაწვილიდან
გასცდება ხალხს და განაპირდება,
ვარდის ფოთოლიც საკმარისია,
დაფნის გვირგვინი მას არ სჭირდება!"

1914