Litclub.ge

წარწერა თავის ქალისგან გაკეთებულ სასმისზე (მთარგმნელი: დათა აჯიაშვილი)
ნუ შეძრწუნდები - სულმა დამტოვა,
და ამ წუთისთვის ძვალი ვარ მხოლოდ,
და თუნდაც ამით, ცოცხლებისაგან
მე განვსხვავდები ბოლოს და ბოლოს.

ერთჟამს მეც, შენებრ, ვცოცხლობდი, ვსვამდი,
ახლა მკვდარი ვარ და მიხარია: 
ვერაფერს მავნებს ბაგენი შენი,
მატლების მეტად საზიზღარია.

ღვინის სასმისად ყოფნა სჯობია
ჭია-მატლების ბრმა თავშესაქცევს,
დამატარებენ ხელიდან ხელში
ღვინით, ღმერთების სასმელით სავსეს.

სადაც ბრწყინავდა გონება ერთჟამს,
სხვათა გონების ბრწყინავს შემშლელი,
შუშხუნა ღვინო - დაშრეტილ ტვინის
საუკეთესო არის შემცვლელი.

შესვი ბოლომდე! ვიდრე ოდესმე
ამოგთხრის ვინმე მერმისს მიწიდან,
და ღრეობისას მჩქეფარე ღვინოს
შესვამს მაგ მკვდარი ძვლის სასმისიდან.

რატომაც არა? თუ სიცოცხლეში
თავს თრგუნავს სევდა გაუსაძლისი,
ეს ხომ შანსია მისთვის ოდესმე
სულ სხვა რამისთვის გახდეს ვარგისი.