ჰოი, ჰგოდებდეთ, — ბაბილონისას
დაჰქვითინებენ მდინარისპირებს,
ვისი ტაძრებიც გაუდაბურდა,
ვისი სამშობლოც აწ — სიზმარია,
შეგინებული და დამსხვრეული
იუდეველთა ქნარი იტირეთ,
სადაც უფალი მათი მკვიდრობდა,
უღმერთოები ბინად არიან!
სად განიბანოს დღეს ისრაელმა
ფერხი თავისი დასისხლებული,
როდის გახდება სიონის ჰანგი
კვლავ ძველებური სიტკბოთი სავსე,
და მელოდია იუდეასი,
ასე საამო და დიდებული,
თუ ანეტარებს ერთხელაც გულებს,
ადრერომ თრთოდნენ მის ციურხმაზე?
მოდგმავ მოხეტე, დაქანცულ სულთა!
ფეხარეული და ნაჯაფარი
ვით გაექცევი ამდენ განსაცდელს,
სამშვიდობელის მიაღწევ კართან...
გარეულ მტრედს აქვს თავისი ბუდე,
მელიას — სორო თავშესაფარი,
ერებს — მამული, ხოლო ისრაელს
აღარაფერი საფლავის გარდა!