„Я еду сегодня вечером в д. Мцнети.―
Зачем? ―А затем, что она там. Мать ея
просила провесть с ними несколько дней.
Каковы должны быть эти дни? Ах! მაშ
მოჰკვდი, ბზზ!“
ნ.ბარათაშვილის წერილიდან მიხეილ
თუმანიშვილისადმი. 1838 წ. 6 აგვისტო.
შენ ერთხელ წყნეთში რომ ზაფხულობდი,
შუქმოელვარე ლამაზი ქალი,
მოგმართავ სიტყვით ასი წლის მერე,
იქ, სადაც შენი ფეხის სჩანს კვალი...
იყავ გულტკბილი, იყავ პირვარდი,
იყავ წელნაზი, მტრედულ ფრთხიალით,
თუ შაქარტუჩა, თვალშვენიერი,
თუ ძუძუმარწყვა და შოლტა ქალი?
იყავ კისკისა, თუ სევდიანი,
იყავ პირსავსე, თუ იყავ მქრქალი?
იყავ ალმასებრ აელვებული,
გქონდა ცისფერი თუ შავი თვალი?
მონარგიზული სახე თუ გქონდა
და ღაწვის თავზე თუ გაჯდა ხალი?
თუ იყო ბრწყინვა შენი ღაწვისა
პოეტის სულის ნაქროლი კვალი?
მარგალიტური შუქის მთოვარი
თუ იყავ გიშრის ბრწყინავი ალით?
გიყვარდა ლექსი თუ არ გიყვარდა,
რომანტიული თუ გადგა მჭვალი?
ვის უძახოდა შენი ბალიში,
ვის უნათებდა ტუჩების ლალით?
დასწვი რამდენი კოცნის კოცონით
და ვისი ტრფობის შენ გწვავდა ალი,
იყავ მართალი, თუ ცბიერებით
მეგობრის გულში შენც გედო ბრალი?
გყავდა ტარიელ, თუ ავთანდილად
ქარიბღერტია გუსარი ხმალით?
მართლა გიყვარდა ენაჭრიჭინა,
ულვაშის წკეპით, ყბედობის ძალით?
მართლა გიყვარდა მოფატმანება,
თუ მთვარის შუქზე ოცნება მკრთალი?
დიდხანს იცოცხლე, თუ ცრუ საწუთრომ
მალე მოგთხოვა თავისი ვალი?
ისიც არ ვიცი, ახლა სად წევხარ
და სად იფშვნება დღეს შენი ძვალი...
მაგრამ ის ვიცი, თვალშვენიერო,
და მისთვისა ხარ ამ ლექსში თქმული,
რომ სამი ლამაზ დღით გაახარე
ოდესღაც წყნეთში პოეტის გული...
შენ იყავ მისი გულისუფალი,
მისი სულისმზე, მისი ნათელი.
განა არ გახსოვს წყნეთში, ცაცხვის ქვეშ
მისი შენდამი შემონათვალი:
― ხარ სამუდამო ჩემი ოცნება,
მფეთქავო ჩემი სულის თრთოლვაში!
შენ ხარ ნიავი მტრედის ფრთებისა,
ჩემს სულს მიაფრენ საღვთო ქროლვაში!
დახატულ მტრედზე უფრო ლამაზო,
ჩემი გულის ცა გინათებია;
მიშველე, ლამის ყინვამ დამაზროს
ყინვას ქარბუქი მიმატებია!
გულო, რამდენი გულმა გეძია...
განა რას იტყვის სიტყვის ღაღადი,
როდესაც სული სულში გადადის,
და გული გულთა შენატკეცია!
და როცა, ალბათ, შენ გაუღიმე,
გულსაც შეჰპირდი ალბათ, ზეპირად,
პოეტს ეგონა, თითქოს იმ წუთში
თავს მტრედის გუნდი გადმოეფინა...
*
გახსოვს, წყეთში რომ თავს გევლებოდა,
თავს დაგხაროდა, წყნეთურო ვარდო?
იქნებ არც გახსოვს, იქნებ არც იცი,
რომ უკვდავება მას იცნობს მარტო!
*
დღეს მომაგონდით წყნეთში, ცაცხვის ქვეშ,
შენ და ბრწყინვალე შენი მგოსანი...
იყავ ბედნიერ, რომ გულის ვარდად
გახსენებს ლექსის გვირგვინოსანი...