ყველა სიმდიდრე, ყველა საუნჯე,
რასაც ამოჰყრის ზღვა თუ მაღარო,
ვერ მომისყიდის, ვერ დამამუნჯებს,
გინდაც სულ თავზე გადამაყარონ!
მაინც არ გავცვლი სამშობლოს ედემს,
და ერთს კი გეტყვი, მეტი რა გითხრა:
―ჩანგო, მამულის ხმას მხოლოდ ენდე,
ხალხის გულს მიჰყევ, გზას ის გაგიყვანს!
და მწამს მე ღონე ქართულ მიწისა,
როგორც არცერთი ლომის და ვეფხვის;
ეს არის სიტყვა ლეონიძისა,
სამშობლოს მტერს რომ გულდაგულ ებდღვნის.