Litclub.ge

ყივჩაღური ღამე
ყივჩაღეთისკენ თეთრი ტრამალი
გააქათქათა მოზდოკის მთვარემ,
გულის ნაწვიმი და ნატამალი,
თუ რამე შემრჩა, ვიმღერო ბარემ...
მენავეთათვის და მოგზაურთა! ―
შავი ზღვის ნისლებს ამოვეფარე.

მოსჩანს სამშობლო, ივრის ვაზები,
როგორც სასანთლე გაჩაღებული;
შორიდან რაზე მელამაზები,
გული მაქვს გულთან დაჯახებული!
ნუ გამინათებ, ნურც გამიჩაღებ,
ირმის ნახტომებს ვემარტოები;
შავს ყურღანებში სძინავთ ყივჩაღებს,
თავქვეშ უგიათ თოქალთოები.
სიზმრად ხედავენ რომის პალატებს,
გარმონს უკრავენ დონის ქალები,
დარიალს ვეღარ შემოანათებს
მათი ჭიხვინა ცხენის ნალები.
როგორ გატორეს ერთხელ ტრამალი,
როგორ ამტვრევდნენ გულის ფიცარსა;
მაგრამ ვერ ნახეს ქვეყნად წამალი
და გამწარებით ხრავენ მიწასა!