მიყვარს, მიყვარს, მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის,
მიყვარს სმენა უცნაურისა მის ხმის,
ოდეს იგი ენითა სასუფევლის
უალერსებს წიაღთა თავის მშობლის!
მის სოფელი უზრუნველობით შენობს;
გარდა დედის ალერსისას არრას გრძნობს;
ნებივრობით და ღიმილით სულდგმულობს;
ყოველსავე შეუპოვრად მჭვრეტელობს.
არა ფიქრობს იგი თავისს ცხოვრებას,
არ განიცდის იგი საწუთროს ვნებას;
იგი თავის სანუკველითა შობით
ამუნათებს თვისთა მშობელთ პირიქით.
იტიკტიკე ენითა უსუსურის,
იტიკტიკე, ვიდრე ჟამი დაგხარის,
ვიდრემდის ხარ, ყრმაო, თავისუფალი,
არ გიცვნია სოფელი მომღერალი!
1839 წ.