* * *
თბილისი, მაჩაბლის ქ. № 13, მწერალთა სასახლე
ძვირფასო აკაკი! როგორც მოგეხსენება, აბასთუმანში ვარ. თოვლი არაა, მოწმენდილი, მზიანი ამინდებია - გაზაფხულის ამინდები. რომ მოველოდი, ის „Суровая красота“ ვეღარ ვიხილე, სამი წელი არ ყოფილა აბასთუმანში ასეთი ზამთარიო, ამბობენ აქაურები. ჩემი ცხოვრება ამჟამად შემდეგნაირად მიმდინარეობს: ვხეტიალობ, ვთამაშობ ბილიარდს, ვკითხულობ და ვწერ ხანდახან „რაღაც-რაღაცეებს“. ცალკე ოთახი მაქვს და
ვარ ბერივით...
შენი „შამილი“ წავიკითხე, მომეწონა. შესანიშნავი იქნება შენი დიდი წიგნი. შამილზე დიდი ხანია მინდა დაეწერო ლექსი, შენმა წერილმა ამაღებინა კალამი ხელში, მაგრამ...
სხვა შენ როგორ ხარ, აკაკი? ვერლენის „Мудрость-ს“ ვკითხულობ, (შესანიშნავი წიგნი მაჩუქე, გასაგიჟებელი ლექსებია. ბრიუსოვის წერილიც ძალიან მომეწონა).
თბილისში ამ თვის ბოლოს ჩამოვალ, მანამდი უნდა ვიმარტვილო აქ, მეტი ჯანი არაა, ძალიან კი მომწყინდა. ჩემს წიგნს თუ ეშველება რამე, ალბათ, იმ დროისათვის იქნება.
მოგართმევ, სადმე თბილისის კაფეში რომ დავსხდებით „სამდურავებისათვის ამა სოფლისა“.
იყავი კარგად და მაგრად.
პატივისკვმით და მეგობრობით ლადო ასათიანი.
1. 3. 1941.
აბასთუმანი