ქ. ს-ს
ო... არ იფიქროთ, რომ ლამაზების
მწვავს სიყვარული ან სიძულვილი:
მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების
და გახსენების მქონდა სურვილი.
და აი გუშინ, როცა კარადის
თაროსთან წიგნებს ვეძებდი დილით,
უეცრად ვნახე თქვენი ბარათი,
თქვენსავით მკრთალი და ფერმიხდილი.
- გილოცავ, ძმაო, ბედნიერ მყობადს, ―
ჩამჩურჩულებდა ნაზად წერილი
და მომაგონდა ჩვენი ბავშვობა,
აწ გარდასული და გაფრენილი.
ო… არ იფიქროთ, რომ ლამაზების
მწვავს სიყვარული ან სიძულვილი:
მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების
და გახსენების მქონდა სურვილი.
1937