Litclub.ge

გზაში
სიხარულს გთხოვ, ― მწუხარებას მთავაზობ.
ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა?
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ნანატრი მთა-გორებიც იქნება!
ცოტა კიდევ, სალოცავო ხატებავ,
და ლაშქარი სვავების და ყორნების,
ვით ღრუბელი, ისე გაიფანტება
და თბილისის მიწას ვეამბორებით.
ხომ უყურებ, როგორც ხვადი ავაზა,
ორთქმავალი ისე უტევს უკუნეთს,
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ვიხილავთ ირმებსა და ბულბულებს.
ცოტა კიდევ ― და იელვებს კრწანისი
და მეტეხის ეკლესიის თავანი,
სადაც წმინდა მაცხოვარის ხატის წინ
ფეხშიშველა ლოცულობდა თამარი.
სიხარულს გთხოვ, ― მწუხარებას მთავაზობ,
ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა?
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ნანატრი მთა-გორებიც იქნება!

1940