Litclub.ge

კალმახები სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე
გაისმა უცებ “ლილე” ამაყი,
მთების ბუნების ჰიმნი სვანური,
და ადგაფუნდა წყალში კალმახი,
მკვირცხლი და მარად მოუსვენარი.
ერთი მეორეს შეეხო ფრთებით
და კალმახები შეყარა ალყად,
თუ გაახსენდათ სვანეთის მთები
და შფოთიანი ენგურის ტალღა?!

გაგიგონიათ კალმახი შედგეს?
ვერ მოისვენებს, თუ არ გაცურა
და დაეჯახა აუზის კედლებს
ფარა ფერადი მამაკაცურად.
ვინ იტყვის აბა, რა ხმას მოჰგავდა
მათი ფარების ცემა გმირული, ―
ენგური იყო, იგი ბორგავდა,
მუდამ შლეგი და თავგანწირული.
ძალა ჰქონია ვაჟკაცურ „ლილეს“,
წუთით თევზებმაც აიდგეს ენა,
მოიგონებდნენ ენგურის ჩრდილებს,
მოიგონებდნენ მშობლიურ კერას.
და მხნედ უტევდნენ პატარა სივრცეს
ჩქარი ტალღების ლაღი მდევრები,
წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს ისროდნენ ცისკენ
და ლაპლაპებდნენ, ვით სატევრები.
გაიოცებდა ხალხი მშრომელი
მათს გახელებას და ამღერებას,
და მოსკოველი სტახანოველი
იდგა, უმზერდა საკვირველებას.

იდგა აუზთან მაღალი კაცი,
მზისგან დამწვარი დიდი ხელებით,
უკვირდა, როგორ ელავდნენ წყალში
ნაირ-ნაირი ცისარტყელები.

და ბოლოს, როცა შრომის არსენამ
თვალით განჭვრიტა გზა სამერმისო,
შთაბეჭდილების წიგნში ჩაწერა:
― საქართველოში თევზიც მღერისო.

1939