Litclub.ge

ნადირობის შემდეგ
გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ,
დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი.
და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა,
ღამის გასათევი შემოხვდათ ადგილი.
თეთრონებს მოხადეს ავაზას ტყავები
და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები:
ირმების,
              ჯიხვების,
                              არჩვების,
                                            დათვების ―
სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით.
და როცა მთვარემ ტყეზე გადიარა,
სასმური ასწია ლევან დადიანმა:
― კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი,
გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი!
― კურთხეულ იყოს! ― აღმოხდათ თავადებს, ―
ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს! ―
და უცებ ქუხილმა ტყეზე გადიარა:
ვინ მოჰკლა, ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად,
ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად?!
― მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა. ―
ღამეში თვალების გადაბრიალებით
ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები.
ულვაშზე სალოკი გადისვა ერთ-ერთმა.
(მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა):
― ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შეხედვამ,
ო, როგორ უნდოდა სიცოცხლე საცოდავს!
― გულჩვილი ყოფილხართ ლეჩხუმის თავადი,
ჩვენ კიდევ პირდაპირ საფრთხეში ჩავვარდით,
ჯიქურ დაგვეჯახა და ლაჯში დაგვხია,
მაგ ირმის გეერდით რომ ქისონი ტახია. ―
თქვა ეს და ბაღდადით შეიკრა იარა
თავადმა მაღალმა, ჟღალულვაშიანმა.
ნაკვერჩხალებივით ელავდნენ ღამეში
თვალები ვეება გარეულ კამეჩის.
და თეთრი ეშვებით წყვდიადის დამხევნი ―
წყვდიადში ეყარნენ ველური ტახები.
წყვდიადში თვალების გადაბრიალებით
რიგ-რიგად ჰყვებოდნენ შავნაბდიანები:
― პირველად შემომხვდა ჩვენს ტყეში კანჯარი,
პირველად გამიტყდა ჩემს დღეში ხანჯალი!
სვამდნენ და თვრებოდნენ და ასე ჰყვებოდნენ,
რომელმა მათგანმა რა მოჰკლა, რა ბედზე.
ახარხარდებოდნენ, აყაყანდებოდნენ
და ღვინოს ასხამდნენ სისხლიან თავებზე.
― ჩვენი სიხარული და ჩვენი ჯავარი
ცოცხლობდეს,
                      შრომობდეს,
                                         ომობდეს მთავარი!

ტყე არ შრიალებდა. დაწვნენ და დაოსდნენ
ხეები, სიბნელის სამსალით მთვრალები,
და ეწყო თავები, ვით სასაკლაოზე,
ლაჟვარდში გაფრენილ გაყინულ თვალებით …
თეთრჩაბალახიანი და თეთრნაბდიანი
ნადირობას ზეიმობდა ლევან დადიანი.


უშტი და უშქარი - ძვ. მილიონი, ბევრზე ბევრი, უთვალავი, უანგარიშო.
ქისონი ― თაგვისფერი, რუხი, მუქ-ნაცრისფერი.