Litclub.ge

რაღაცეები ჩესტერტონის შესახებ
სიმართლე რომ ვთქვა, არც კი ვიცი, თარგმნილია თუ არა ჩესტერტონის წიგნები ქართულად. ისიც არ ვიცი, მოთხრობები თუა თარგმნილი. 

მოთხრობების ორი საქვეყნოდ განთქმული ციკლია, მამა ბრაუნის შესახებ და ჰორნ ფიშერის თავგადასავლებზე.
მგონი, არაფერია. თუ ერთ-ორ მოთხრობას არ ჩავთვლით და ალბათ ისიც არ არის. (ეს ბოლო წინადადება ცოტათი თვითონ ჩესტერტონივით გამომივიდა: თან არის და თან არ არის. ალბათ უფრო არ არის, მაგრამ თითქმის წარმოუდგენლია, რომ არ იყოს, ისევე როგორც წარმოუდგენელია, რომ ჭექა-ქუხილის და სეტყვის დროს გაისეირნო, თუმცა კი მინახავს, რომ მავანს გაუსეირნია კიდეც და შინ დაბრუნებულს მუჭით მოუტანია სეტყვის მარცვლები, თითქოს მარგალიტზე მონადირე ყოფილიყოს და ეს წუთია ამოეყვინთოს ინდოეთის ოკეანის ფსკერიდან :-) ბოდიში ამ ჩესტერტონული გადახვევისთვის). 
მოკლედ, ქართულად არ არის. ჩესტერტონის წიგნებს 80-იანი წლების ბოლოდან ვაგროვებდი: როცა წავიკითხე და შემიყვარდა, აღარსად ვმაზავდი. იქედან ბევრი აღარ დამრჩა, განსაკუთრებით ინგლისურები, რადგან 90-იანებში ჩავარბენინე ბუკინისტურში დეიდა იზოსთან და მაიასთან. 

ხო იცი, როგორც იყო, უცებ საერთოდ გაგითავდებოდა ფული და არსაიდან ხმა, არსით ძახილი. ძირითადად “პინგვინის” გამოცემული ჩესტერტონები იყო, რამე განსაკუთრებული კი არა, მაგრამ საბჭოთა დროში და ერთხანს მერეც, ფასი ჰქონდა. ჩაიდებდი თუმანს. გაიყიდა, სხვათა შორის და თან მალევე. თუმცა, გული არ დამწყვეტია, რადგან სახლში ბლომად მქონდა: ვერაზე, სასტუმრო “საქართველოს” პირდაპირ ერთი პატარა ბუკინისტური იყო, ჩილინგაროვის სახლში, იქ მოხუცი ბუკინისტი მუშაობდა, გვარად მახაური. იმასთან სამი-ოთხი 20-იანი წლების რუსული ჩესტერტონი მქონდა ნაყიდი. სულ დაფლეთილი კრებულები იყო, ცოტა მოსაწყენი თარგმანით, მაგრამ 20-იანი წლების ხო იყო, ანუ იმ დროის, როცა ჩესტერტონი ცოცხალი იყო. 

ნეტა ვინ გაყიდა? ერთი ეგეთი მერე ლონდონშიც ვიყიდე, მისი სიცოცხლისდროინდელი, სულ ორ ფუნტად. ასე რომ, “პინგვინის” წიგნები დიდად არ დამნანებია, თან ფულიც მჭირდებოდა. როგორც ვხვდები, კომუნისტების დროს, ჩესტერტონის წიგნებს დიდად არ გამოსცემდნენ. ანუ, 20-იანი წლების შემდეგ, როგორც ყველაფერი, ისიც უკუაგდეს. არ იყო საკომუნისტო მწერალი. ალბათ იმიტომ, რომ რაღაც სხვანაირად ხითხითებდა. იქნებოდა სადღაც 70-იანებში ერთი კრებული მამა ბრაუნის ცხოვრებიდან და მეტი არაფერი.
მისი გამოცემა პერესტროიკის დროს დაიწყო რუსულად და მიაწვნენ მაგრად.
ყველაზე კარგი, ჩესტერტონის სამტომეულია, ტრაუბერგის რედაქციით და თარგმანებითაც. 

ეტყობა, მთელი ცხოვრება ამზადებდა ეს ქალი. ტრაქტატები ცალკე: ფრანცისკ ასიზელით დაწყებული და ოროთოდოქსიით დამთავრებული და ჟურნალისტიკა კიდევ ცალკე, “პროგრესის” გამოცემული. ეს წიგნი სულ შემომეხა, ძალიან მიყვარდა თავიდანვე. ქართული კი არსად შემხვედრია. ჩესტერტონის პირველი წიგნი, რომელიც ხელში ჩამივარდა, ჟურნალს გავდა და ზედ ეწერა “რასსკაზი”-ო. მამა ბრაუნიც იქავე ეხატა თავის შავ სუტანასა და შლაპაში. დეტექტიური მოთხრობების კრებული იყო. 

საშინელ ამბებს მამა ბრაუნი იძიებდა. დამნაშავეს კი ხშირად ფლამბო ერქვა: ეს იყო ორმეტრიანი გასკონელი, რომელიც ვერსად იმალებოდა.
შერლოკ ჰოლმსზე გაზრდილ მოქალაქეს, დიდად არ მომეწონა და გულიც ვერ დავუდე. ნელი ტემპი იყო და დეტექტივი არც ეთქმოდა, თუ ძალიან მიაწვებოდი. ოღონდ რაღაცა იყო იქ ისეთი, რაც სხვაგან არსად შემხვედროდა. მგონი, ეს ფერები იყო. იუმორი და ოდნავ გაწელილი, დუნედ მიმდინარე ამბები. მაშინ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რომ ხშირად მამა ბრაუნის მოთხრობებს ჩესტერტონი თავისი ძმის გაზეთში ცარიელი ადგილის შესავსებად წერდა და ხშირადვე დიდად არ ზრუნავდა ფორმასა და რაიმე საიუველირო სამუშაოებზე. 

იქამდე ჩესტერტონის ერთადერთი რამ მქონდა წაკითხული: ლექსი, რომელიც გიორგი ნიშნიანიძის ამერიკული და ინგლისური პოეზიის თარგმანებში იყო გამოქვეყნებული.
ლექსს ერქვა: “ინგლისური ოკრობოკრო გზები” და ლექსი კი არა, ლამის მოთხრობა იყო. მერეღა ამოვიცანი ეს ლექსი, როგორც ჩესტერტონის ერთ-ერთი რომანის ეპიგრაფი. ისეთი უცნაური ლექსი იყო, ყველაფერი დაგამახსოვრდებოდა. ლექსებს საერთოდ ვერ ვიმახსოვრებ და ამის პირველი სტრიქონი კი მახსოვს: ვიდრემდე რაის მოადგებოდა რომაელების ამაყი მოდგმა, ეს გზა... (რაღაცნაირი) და ოკრობოკრო მანამდე გაჭრა ვიღაცა ლოთმა... და ამ ლოთის უტკბილესი ამბავი იყო მოთხრობილი. ძაან ტკბილად. 

ჰოდა, მოთხრობები უფრო ნაკლებად მომეწონა. მაგრამ ჰოი.
იმ პერესტროიკის დროს, “ინოსტრანნაია ლიტერატურამ” თავისი დამატებების გამოცემა დაიწყო: სულ კაი-კაი მწერლების პატარა წიგნების და კიროვის პარკში, წიგნის ტალკუჩკა რომ ზეობდა, იქ ვიყიდე ამ სერიის ჩემთვის ყველაზე მაგარი ჩესტერტონი. რომანი: “კაცი რომელიც იყო ხუთშაბათი”.
აი, იქ დაიწყო.
ჩემთვის ასე გამოვიდა: მწერლობა ჩესტერტონამდე და ჩესტერტონის შემდეგ.
არა საყოველთაო და მსოფლიო ლიტერატურის ამბავში, არამედ ჩემთვის.
უბრალოდ, სანამ მის “ხუთშაბათს” წავიკითხავდი, მწერლობა სულ სხვა რამ მეგონა. უფრო დალაგებულად როგორ ავხსნა ეს ამბავი, არ ვიცი. ცოტ-ცოტას, რაღაცეებს ხომ ვწერდი და მინდოდა მეტი და მეტი მეწერა, მაგრამ ჯერ ეგ ერთი, რომ ოციოდ წლისას პროზის წერისა არაფერი გაგეგება და მხოლოდ მისწრაფება და სურვილი გაქვს, რის მიუხედავადაც წამდაუწუმ მარცხდები და მეორეც, შენზე ძალიან ზემოქმედებენ დიადი მწერლები, რომელთა წიგნებსაც კითხულობ... ეჰ, იმ ასაკში სრულიად შეცდომით ფიქრობ, რომ ლევ ტოლსტოი მწერალია, პროსპერ მერიმე კი _ არა, იმიტომ, რომ მერიმე ცამეტი წლისამ წაიკითხე, ტოლსტოი კიდევ ცხრამეტისამ. ანდა დოსტოევსკი. 

ცოტა მაინც რო ვიხუმროთ, რას გვიშვებოდა ეს დოსტოევსკი? იმასთან ტომ სოიერი ხმას როგორ ამოიღებდა? ჩვენ, ჰეკ ფინი და ტომ სოიერი, ფიცსა ვდებთ, რომ პირში წყალს ჩავიგუბებთ... და ა.შ. მე შეიძლება სანიმუშო იდიოტად გამოვჩნდე, მაგრამ გულში ყოველთვის მარკ ტვენის მხარეს ვიყავი, იმის მიუხედავად, რომ “ეშმაკებს” ახლაც წავიკითხავ. ხო, მაგრამ ეს ხომ იდიოტობაა, ყველა იტყვის, სად დოსტოევსკი და სად ტვენიო... ცნობილ ამბავში, თორემ ისე, რა თქმა უნდა, კუნძულზე რო ეგდო, ქვიშაში “ძმები კარამაზოვების” პოვნა უფრო გაგეხარდება, თუ ჰაკ ფინისა? შესაბამისად, რადგან ცხრამეტი-ოცი წლისას თავს გახვევიან დიადნი აჩრდილნი, ჰუმანურნი ურჩხულნი, გოლიათნი სიტყვისა, მაღაროელნი აზრისა და კიდევ მეტიც, თუ მთლად ინტელექტუალი ხარ იმ ასაკში, უკვე გძულს რაღაცეები და ფეხბურთის ყურებას კაფკას კითხვა გირჩევნია
და უკვე მთლიანდ შეუჭამიხარ სვანის მიმართულებით სვლას, “ულისეს” შესატკბობად საჭირო წიგნები ჯერ არ აგითვისებია, მაგრამ უკვე “ულისეს” კომენტარებს იზეპირებ, ხოლო ყოველივე ამას ემატება ის, რომ რუსეთის იმპერიაში აღიზარდე და საიდანღაც ჩეხოვი და ტურგენევიც დაგცქერიან, მითხარი, წერა რომ გინდა, როგორ შეძლებ წერას?
ეს კეთილშობილი გენიოსები ამის საშულებას არ მოგცემენ.
იზილებიან ერთმანეთში და თავს გაწვებიან. 

შენ კი თავში იმდენი ტვინი
არ გაქვს, რომ მიხვდე: წიგნების წერას სულაც არ სჭირდება გენიოსთა შესახებ ფიქრი, გინდა მოდერნისტები იყვნენ, გინდა მეცხრამეტე საუკუნის დიადნი, მით უმეტეს, რომ პირველთ საერთოდ ვერ ამუღამებ იმ ასაკში, მეორენი კი გაშინებენ თავიანთი სქელტანიანობით და აუცილებელი მისაბაძობით, რაც რა თქმა უნდა, ამ ხელობაში სრული გაუთვითცნობიერებულობის ბრალია. ამას მოაქვს საბრალობელი მიბაძვა, ზედ კი ერთვის ის, რომ ოცი წლის ადამიანი ძნელად მოიგონებს მეტ-ნაკლებად გამართულ სიუჟეტს, რომლის აღწერაც თუნდაც სამ-ოთხ გვერდს გადასწვდეს. 

ჰოდა, მერე აგრძელებს ისევ ამ დოსოტევსკის რომანების კითხვას, უღრმავდება მათ, ესმის მთელი განუმეორებლობა და სისასტიკე მათი, ათიოდ წელიწადში კი აღმოაჩენს, რომ ვერასდროს ვერაფერს დაწერს. ისინი კი, ვინც ბიჭობისას უყვარდა, საცოდავად დგანან კუთხეში, რადგან მოჭაბუკებულს ჰგონია, რომ ეს კეთილშობილი, ხშირად ულვაშა და იმპოზანტური ძიები, ამდენი რამ რომ აჩუქეს ჭაბუკობაში შებიჯებამდე, მეორეხარისხოვანი ვინმეები არიან იმ წვერგაბურძგნულ ღმერთებთან შედარებით, ვისი მიბაძვაც სწადია და ბაძავს კიდეც, თუმცა აქედან ხეირი არ გამოვა. არ გამოვა და ეგდები ეგრე, ცოტას იჰემინგუეებ სრულიად უბადრუკად და წერა კი ჩვევაში ვერ გადაგივა. როგორ შეიძლება “ომი და მშვიდობა” ჩვევაში გადაგივიდეს? დოლოხოვის თვალები, ბალკონსკის სიკვდილი... ვერ ხვდები, რომ ასეთს ვერასდროს მოახერხებ. ორი ჰუსარი. ჯანდაბა. 

კაფკა, საიდანღაც კაფკა გამოძვრება: ერთადერთი საბჭოთა გამოცემა. შავი, მომცრო და სქელი.
იცი, რა ხდება? შეგიძლია ასეთი რამეებიც, მარა ის ულვაშიანი ანგლო-საქსები რომ ჩამწკრივებულან კუთხეში, რაღაცით მაინც გექაჩებიან და შეიძლება თავს არ უტყდები, რომ ისინი გირჩევნია ამ უშველებელ ლოდებს, მაგრამ... და ამ დროს გამოძვრება ჩესტერტონი.
და თუ თავი გაბია, ხვდები, რომ წერა სხვანაირადაც შეიძლება. რომ წერა შეიძლება სულ სხვა რამეც იყოს, ვიდრე დიადი რომანი, ოცი ერთმანეთში გადაჯაჭვული ცხოვრება, სამი ძმის კოშმარები, პატარა ადამიანების ტრაგიკული ალუბლის ბაღები, კბილამოღებული კაცის ტკივილები და სხვა გაუცინარი ხელმწიფეები, რომელთა სიდიადესაც საერთოდ არ გავეკარები, მაგრმა ჰა, ნეპალშიც არ ვყოფილვარ და იმ თოთხმეტ რვაათასიანსაც არ გავკარებივარ, მაგრამ მთები ძალიანც მიყვარს: აქედან რა?
აქედან:
“კაცი რომელიც იყო ხუთშაბათი”.
მე იცი რას მივხვდი იმ შუა მიტინგების დროს და საბჭოების ხმამაღალ ყრილობათა დღეებში? რომ წერა შეიძლება თამაში იყოს. არასდროს დამავიწყდება დოლოხოვის თვალები, მაგრამ ესეც არასდროს დამავიწყდება: მოხუცი კაცი ფილოსოფოსი არ იყო, მაგრამ მთელი მისი იერი განგაწყობდათ ფილოსოფიისათვის. ეს არაფერი. ანდა: გემიდან გადმოვიდა კაცი, რომელიც არაფერით გამოირჩეოდა ბრბოსგან და არც უნდოდა, რომ მისგან გამორჩეული ყოფილიყო, თუმცა ჩაცმულობით მიანც გამოირჩეოდა.…ეს არ არის სუკეთესო მაგალითები, უბრალოდ, უცებ გამახსენდა.
ჰო, რახან მივხვდი, რომ წიგნის წერა შეიძლება თამაში იყოს, ამის შემდეგ აღარაფერი მიშავდა. 

წიგნის წერა ჯერ არ შემეძლო, მაგრამ უკვე მიხვედრილი ვიყავი, რომ ის ტანჯული შრომა და ოფლის ღვრა კი არ არის, არამედ სიამოვნება: თამაში. 
თამაში შეიძლება იყოს სერიოზული. აგე, კაზინოში ხალხს გულები უსკდება. მაგრამ ბოლომდე სერიოზული ვერ იქნება, რადგან თამაშია. სიმართლე რომ ვთქვა, ამ მიხვედრისთვის რომელიც სხვამ, შესაძლოა, ზიზღით უკუაგდო, მე მადლობის თქმა მხოლოდ ჩესტერტონისთვის შემიძლია. იმიტომ, რომ სხვები მერე ვნახე, უკვე მიხვედრილზე.
ეს რომ ამოვიცანი, მერე მისი ვითომ დეტექტივების არსსაც ჩავწვდი. 20-იან წლებში, როცა ჩესტერტონი რომანების წერას საერთოდ შეეშვა და კათოლიკედ მონათლული რელიგიურ ესეებისა და წიგნების ავტორი შეიქნა, ის დიდად აღარავის მოსწონდა. 

უცებ აღმოაჩინეს, რომ ეს თამაშ-თამაშა კაცი ბრძენიც ყოფილა, მრწმენიც ყოფილა, ქადაგებაც ყვარებია, მტკიცებაც და კამათიც. ამბობდნენ კიდეც, ბრბოს მოუწოდებს რწმენისაკენო. ეზრა პაუნდსაც მაშინ უთქვამს, კარგი ერთი, რა ბრბოს მოუწოდებს, ბრბო ხომ თვითონ არისო... აი, ხომ ხედავთ? ამ უკეთილეს ეზრას, ამ დიად პოეტს და სიახლეს (მხეცია, ჩემი მოკლე ჭკუით, თავის ამბავში), რომელიც მერე ისეთ რამეებს მოუწოდებდა ბრბოს, რომ საგიჟეთიდან ძლივს გამოიყვანეს.
ამ უცნაურ ნათქვამზე რომ ვფიქრობ, მგონია, რომ პაუნდი იმას გულისხმობდა, რომ სიცოცხლის ბოლო თხუთმეტ წელიწადს ჩესტერტონი გამუდმებით ქრისტიანობაზე ლაპარაკობდა და წერდა. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ორმოცი წლისა იდუმალი და ამოუხსნელი სენით შეპყრობილი და სასიკვდილოდ გადადებული, მოულოდნელად გამოჯანმრთელდა. ოციან წლებში მისი თემები მართლაც ძველმოდური იყო. მაგრამ ისინი მარადიული გამოდგა.
მართლაც ძნელი წარმოსადგენია: 20-იანი წლები და ფრანცისკ ასიზელი. 

ლათინური კვარტალი, ჩიკაგოელი ბუტლეგერები... კარგი, რა... ხო, ცხადია, ომის მერე... იქ რევოლუცია, აქ რევოლუცია... 
ეგ იქეთ იყოს. ჩესტერტონის კითხვა მისი ამ ესეებით არ დამიწყია და არ დამიმთავრებია, უფრო რომანებისას მოგახსენებთ. 900-იან წლებში არ წერდნენ ასეთ წიგნებს. 

მხოლოდ ის წერდა. “ნოტინგჰილელი ნაპოლეონი” და “მფრინავი დუქანი”. აი, კიდევ რომლები მომწონს. ერთი მადლობა ხომ ვთქვი. და ვითარცა იმ დროში უმეცარმა და თვითნასწავლმა ადამიანმა, კიდევ ერთი მადლობა უნდა წარმოვთქვა ჩესტერტონის მიმართ. 
თამაშთან ერთად, იმასაც მივხვდი, თუ როგორ უნდა იცინო წერის დროს: მნიშვნელობა არა აქვს, ვის და რის გამო. ეს დაცინვა კი არ არის, უბრალოდ, სიცილია. 

უნდა მიხვდე, რომ ჭიანჭველა ხარ. ისე, როგორც “ხუთშაბათის” გმირები მიხვდებიან. ამისთვის აუცილებელი არ არის, გრეგორ ზამზა გერქვას. შეგიძლია ადამიანად დარჩე, უბრალოდ, უნდა წარმოიდგინო, რომ აი, წეღან, ვიღაცას რომ ხელში ცხელი ხაჭაპური დაუნახე, შეგშურდა და ღორად გადაიქეცი. წარმოდგენას საზღვარი არ უნდა ჰქონდეს, ყველაზე პარადოქსულიც კი, თუ გაგაცინებს, მისაღებია. უნდა ეცადო, რომ არაფრით განსხვავდებოდე შენი გმირებისგან, არც უარესი უნდა იყო და არც უკეთესი. ნატაშა როსტოვა კი არ უნდა მორბოდეს და იძახდეს, მე, ასეთი თვით ტოლსტოიმ გამაკეთაო, არამედ ამბობდეს _ მე, შენ და ტოლსტოი ერთად ვსვამთ ჩაის და ისედაც დაინახავ, როგორი გოგო ვარო. 

აი, ესეც შეიძლება, რომ ჩესტერტონიდან ამოძვრეს. ალბათ, ასეთი სასარგებლო რამეები ჩესტერტონის წიგნებიდან იმიტომ მოძვრება, რომ ის მწერალი არ ყოფილა. დიახ. ის მწერალი არ იყო. 

ყოველთვის იმეორებდა ჟურნალისტი ვარო. ჟურნალისტი იმ დროში ცოტათი სხვა კალიბრი იყო. ვთქვათ, ჩერჩილი... 

საოცარი ჟურნალისტი იყო. როდესაც მოკვდა, ბერნარდ შოუმ თქვა, ეს დიდი კაცი, პრინციპში, მხოლოდ ჟურნალისტი იყო, მაგრამ იმდენი რამ დაიტია და მოახერხა, რომ მთელს სახელმწიფოებს არ შეუძლიათო. მე თუ მკითხავთ, ის ისეთივე ჟურნალისტი იყო, როგორც ერაზმ როტერდამელი. მაგრამ მადლობათა სიის გაგრძელება შეიძლება. მადლობა არ უნდა დაგეზაროს. 
საიდუმლო. ყველგან, ყოველ ნაბიჯზე უნდა იყოს რაღაც პატარა საიდუმლო. 

მისი სიავე სავალდებულო არ არის. პირიქით, კეთილი უკეთესია. ოღონდ, საიდუმლოთა უწყვეტობა. ამბის არსი საიდუმლოშია. ეს არცერთ გენიალურ მწერალთან არ შემხვედრია. უფრო სწორად, ყოფილა, მაგრამ არა ისე, რომ მწერალს ეთქვას _ აი, ნახე და დაიმახსოვრეო. თანაც, საიდუმლო სრულიად დაუჯერებელი, მოგონილი, ნაკალმარი შეიძლება იყოს, ვინაიდან შეგიძლია ისე მიაწოდო წამკითხველს, რომ ის აღარც დაფიქრდეს, რომ ასეთი რამ დაუშვებელია. 

როგორ? როგორ და ფერები. ფერები. დაუჯერებლობის აღწერა დაუჯერებელი, გამომრიცხავი ფერებით...
მინუსი და მინუსი გამოიყვანს პლიუსს:))) ის მართლა არ იყო პროფესიონალი რომანისტი, თუმცაღა ექვსი რომანი დაწერა. რომ მოსწყინდა, შეეშვა. მისი ესეები არაფრით განსხვავდება რომანებისგან. ფერები ისეთივეა... რაც უფრო დიდი გონებისაა ადამიანი, მით უფრო ხანგრძლივია მისი ბავშვობა. 

ასე ამბობდა. პირველი რომანი მაშინ დაწერა, როცა ცოლმა, მგონი ფრენსისმა, უთხრა, ფული გვითავდებაო. წავიდა, კარგად ისადილა და ერთ გამომცემელს რომანის სიუჟეტი უამბო. იმან მოიწონა: ჰოდა, მანამდე არ დავწერ, სანამ 20 ფუნტს არ გადამიხდიო. 20 ფუნტი რაღაცა ფული იყო იმ დროში.
მის რომანებში არ არის დიდი სიყვარულები, დიდი განცდები, მეხთატეხები და სოციალურ-პოლიტიკური და სულიერი პრობლემები. ვერც იტყვი იქ რა არის. მაგრამ იქ განუწყვეტელი ფერადოვანი თამაშია პაწაწინა და დიდი საიდუმლოებებით და ბოლოს ხვდები, რომ მათი დამწერი, რომელიც ხშირად ვერც კი ზრუნავდა თავისი რომანების აგებულებასა და სიმწყობრეზე, უდიდესი გონების და თვალის ადამიანი იყო. 

მას წარამარა ახსენებს ბორხესი. რა თქმა უნდა, არა შემთხვევით. უწოდებს მახვილგონიერ საიდუმლოთა მხლართველს, მასწავლებელს და ასეთ რამეებს. ბორხესთან, რა თქმა უნდა, ყველაფერი დაწმენდილია. არა მგონია, ბორხესს ისე ბავშვივით ყვარებოდა რაღაცეები, როგორც ჩესტერტონს. 
ჰოდა, ეგრე იყო, კიროვის პარკში რომ წიგნი ვიყიდე და ზედ რომ ეწერა _ გილბერტ კიტ ჩესტერტონი, “კაცი რომელიც იყო ხუთშაბათი”, ძალიან გამომადგა. ეს იმხელა თავისუფლება იყო... 

თანაც, რო მიხვდები, ისეთი. მოკლედ, მივხვდი, წერა შესაძლებელი ყოფილა და თან სულ სხვანაირად-თქო: ისე, როგორც სინამდვილეში მინდოდა, მაგრამ ვერ წარმომედგინა.
იმიტომაც ვაგროვებ იმის შემდეგ მის წიგნებს.
მაღალი, ძალიან მსუქანი კაცი იყო, ერთთავად გაცინებული. უმიზეზოდ გალოთება შეეძლო, ისე ხარობდა რაღაცეებითო, იხსენებენ თანამედროვეები. როგორც მკითხველი, ისე თუ წაიკითხავთ მის რომანებს, არ გადაირევით. ნამდვილად. უფრო სწორად, აღარ გადაირევით. მაგრამ ისე თუ წაიკითხავთ, როგორც ხანდახან ზაფხულში, აგარაკზე, სავარძელში ჩახვავებულს, ბავშვების გაუფრთხილებლობით ბურთი მოგხვდებათ თავში და ყვირილის ნაცვლად, წამოხტებით და მათთან თამაშში ჩაებმებით, ბალახზე გაკოტრიალდებით და ჭიდაობასაც გააბამთ, ამაზე უკეთესი დამწერი არ არსებობს.
ახლა არ მითხრა, იმ კიროვის პარკში მგონი ბიტნიკებიც იყიდებოდა უკვე და თავისუფლება თუ გინდოდა... 

იქ ფერები არ არის. იქ სხვა რამეა.
ჰოდა, კიდევ არ დაიწყოთ, მხატვრული ძალა და ასეთი შტუკები. აქ სულ სხვა რამეზეა ლაპარაკი და არა იმაზე, ვინ უფრო მაგარია. შეკითხვა, ვინ უფრო მაგარია, იდიოტობაა, ჩესტერტონს თუ დავუჯერებთ. მგონი ვიღაცას, უფრო იდუმალებით მოცულსაც.

რაბლე... რაბლეს კი გავს რაღაცით, ხო იცი, ჩესტერტონი..