ღვაწლმოსილი ოსტატი – ხუთივე კონტინენტის თერთმეტი სამედიცინო ინსტიტუტის საპატიო დოქტორი, სახელმწიფო ორდენებისა და ცხრა დიპლომის მფლობელი, პროფესიათა კოლექციონერი (კოლექციონერი, რასაკვირველია, ბრჭყალებში – “”): ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ზოოლოგი, ბიოლოგი, ნევროპათოლოგი, ეთნოლოგი, გეოგრაფი და ისტორიკოსი; უბადლო ლექსთა ავტორი, – სრულიად უთარგმნელი! – ხელოვნებაში “ხელოვნების ასკლეპიოსად” წოდებული, ხოლო მეცნიერებაში “მეცნიერების მიქელანჯელოდ”; “შავი ზღვის არისტოტელე”; ფილოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების “მთავარი მოწვეული მეგობარი”, ენის სიწმინდის დამცველი, კავკასიელ მეცნიერთა “უკაბინეტო გენერალური მდივანი”; “ჩოხოსანთა პატრიოტული კავშირის” უცვლელი თავმჯდომარე; ეროვნულ ფასეულობათა “შემნახველი სალარო”; ენციკლოპედიურ ლექსიკონთა “მთავარი პერსონაჟი”; სამამულო ომის ვეტერანი, – ადამიანი, რომლითაც ასე ამაყობდა მთელი კავკასია, მეფის სასახლეში გარდაიცვალა -სამოცდათოთხმეტი წლის, ხუთი თვის და რვა დღისა.
ომარ-უფლისწულის პირადი ექიმი, პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის ბრძენთა ბრძენი “გულის მესაიდუმლე”, ეკლესიის მამამთავრის რჩეული “სულიერი შვილი” და ერთგული მეგობარი; შეუდარებელი მოჭადრაკე – დაუვიწყარ პარტიათა გამთამაშებელი; დიდთან დიდი, პატარასთან პატარა; პოლიტიკოსთა რისხვა და პენსიონერთა იმედი, დედაქალაქის საპატიო მოქალაქე, ხალხურ მედიცინათა მკვლევარი და მემკვიდრე ყველაფრისა, რისი მემკვიდრეობაც შესაძლებელია სამეცნიერო დარგში; რაინდული სულის, ხნიერ მანდილოსანთა გულთა მპყრობელი, ახალგაზრდობაშივე დაქვრივებული, ორი შვილის მამა – თავად შთამომავალი მკურნალთა სახელგანთქმული ოჯახისა, – ადამიანი, რომლითაც ასე ამაყობდა მთელი კავკასია, მეფის სასახლეში გარდაიცვალა – სამოცდათოთხმეტი წლის, ხუთი თვის და რვა დღისა.
გარეგნობით მშვენიერი – ლამაზად დაბერებული; უცნაურად თეთრი, ღრუბელივით ქათქათა, მხრებზე დაფენილი ჭაღარა თმით; თითქოს კალმით ამოხატული ნაოჭებით სახედაღარული, მარად მოელვარე და ჯანსაღ კბილთა პატრონი; ახირებით – ვეგეტარიანელი, თუმცა მოქეიფე და ინტელიგენტურად მომლხენი, გამოზომილად მსმელი, წითელი ღვინის მოყვარული; მოწოდებით – ათეისტი, გულით – მორწმუნე, ეკლესიური, სევდიან აღსარებათა ავტორი, შიგადაშიგ მომარხულე; თავმდაბალი, ზომიერი, თავშეკავებული, მშობლიური ქალაქის ესთეტიკურ ფასეულობათა ეჭვიანი დამცველი, ბოტანიკური ბაღის ხშირი სტუმარი, ეროვნული თეატრის ერთგული მაყურებელი და განმკარგველი საფესტივალო თანხათა; ოთხოთახიან ბინაში მცხოვრები; სიკვდილამდე ერთგული გარდაცვლილი ცოლისა, ღამეულ პოლუციათა მტერი, – აქედან გამომდინარე, თითქმის წმინდანი; ქალაქური ჰუმორის მოყვარული, – სიდედრის ფენომენის შესახებ შექმნილ საოჯახო ანეკდოტთა მომყოლ-აღმნუსხველი; შესანიშნავი კულინარი, ხინკლის მოხვევის დიდოსტატი, უცხოელ მეცნიერთა გაოგნების მუდმივი საგანი; ომარ-უფლისწულის პირადი ექიმი და არითმეტიკის პირველი მასწავლებელი, პროფესიონალი პროფესიონალთა შორის, ნობელის პრემიის კანდიდატი 197… წლიდან, – ერთი სიტყვით, ადამიანი, რომლითაც ასე ამაყობდა მთელი კავკასია, მეფის სასახლეში გარდაიცვალა – სამოცდათოთხმეტი წლის, ხუთი თვის და რვა დღისა.
როდესაც ქალაქის თავმა სატახტო ქალაქის ძველთაძველ უბანში მშვენიერი შენობები მიწასთან გაასწორა და მათ ადგილას მახინჯი სუპერმარკეტი წამოჭიმა, ოსტატი არც დაფიქრებულა, ისე ეახლა მეფეს და ქალაქის თავის საჯარო კასტრირება მოსთხოვა: “დავაჭრათ ყვერები ქალაქის თავს!” თუმცა, მიზანს მაინც ვერ მიაღწია – ქალაქის თავის კვერცხებს ხელი არავინ ახლო, ასი წლის სახლები კი მუშებმა მიწასთან გაასწორეს. მაგრამ ოსტატს ფარ-ხმალი არ დაუყრია – ახლად აგებული სუპერმარკეტის გამჭვირვალე კედლები მან კლასიკოს პოეტთა უკვდავი სტრიქონებით მორთო – ვიტრინებს ლექსები წააწერა და ამით, როგორც მაშინ ამბობდნენ, ტრადიცია შეუხამა მოდერნს – მაღაზიის გიგანტურ მკვდარ სხეულს წარსულით გაჟღენთილი სულიერების ეროვნული ფერუმარილი წააცხო: “თუკი ვერ დავანგრევ, ჩემი ერის წიაღში დაბადებული რითმებით მაინც დავიპყრობ მის ვიტრინებს!” – თქვა მან. ნაციონალურ კერძთა მოყვარული – მთელი თავისი არსებით ებრძოდა დასავლური გასტრონომიის დიქტატს, – მაკდონალდსთა დაუძინებელი მტერი, შვედურ მაგიდათა დამაქცეველი – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – ერთხელ, საზოგადო მოღვაწეებისათვის დამახასიათებელი თავგანწირული შეუპოვრობით შევარდა მაკდონალდსის გულისამრევ რესტორანში და მომსახურე პერსონალი – ოცი წლის გოგო-ბიჭები – ქუჩაში გამოჰყარა, ისე ვით მაცხოვარმა გამოჰყარა ვაჭრები მამამისის სახლიდან. ავტორიტეტული, ღრმად პატივცემული, საზოგადოების სინდის-ნამუსი, წესიერების ციხესიმაგრე, მექრთამეთა რისხვა; ხავერდოვანი ბარიტონით მოსაუბრე, ლხინში – მოღიღინე, ჭირში – დარდიანი; სამსახურში – ზეციურ არსებასავით ენამახვილი, ენამეტყველთან ენამეტყველი; ომარ-უფლისწულის პირადი ექიმი და არითმეტიკის პირველი მასწავლებელი, – ადამიანი, რომლითაც ასე ამაყობდა მთელი კავკასია, მეფის სასახლეში გარდაიცვალა – სამოცდათოთხმეტი წლის, ხუთი თვის და რვა დღისა.
კრავივით უცოდველი, ცხვარივით მშვიდი, გველივით ბრძენი, ლომივით ძლიერი, არწივივით ამაყი, ოქროს საწმისივით მნიშვნელოვანი – აგერ უკვე ექვსი ათეული წელიწადი სამეფო გვარის განავალს ყნოსავდა და მისი ხელობაც სწორედ ეს იყო.
მეფის განავალს ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში ყნოსავდნენ ოსტატის დიდი წინაპრები და მონარქის ექსკრემენტის ფერის, სუნისა და მოცულობის მიხედვით იკვლევდნენ ღვთისაგან ხელდასხმულის სხეულში ჩაბუდებული, ამა თუ იმ სენის გაჩენის მიზეზს. ასევე ოდითგანვე შესაძლებელი იყო მეფის ექსკრემენტზე მარჩიელობა და ისტორიული მოვლენების წინასწარმეტყველება. ოსტატის პაპამ, მაგალითად (მეცხრამეტე საუკუნის უდიდესმა ექსკრემენტოლოგმა), ჯერ კიდევ 1903 წელს ამოიცნო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულის ვინაობა – მონარქის ღამის ქოთანში უშფოთველად მთვლემარე განავალს ლათინური წარწერა ამშვენებდა: Iosefus Stalinus.
ოსტატის წინაპრების – “შავი ზღვის ბრწყინვალე ექსკრემენტოლოგების” ცოდნა თაობიდან თაობაში გადადიოდა. ოსტატს პირველად სწორედ მამამისმა დააყნოსინა განავალი და “ექსკრემენტოლოგთა ლეგენდარული ოთხი მუხლიც” გააცნო: “არ შეჭამო, მხოლოდ დაყნოსე”; “თითი არ ტუცო”; “ქუსლი არ დაჰკრა”; “არ შეინახო”.
ექსკრემენტოლოგები ოდითგანვე მეფის კარზე მსახურობდნენ და მათ მკაცრად ეკრძალებოდათ უბრალო მოკვდავთა განავალის დაყნოსვა-შესწავლა, მაგრამ ოსტატმა არაფრად ჩაადო ეს “აკრძალვა” და მეფეს თამამად განუცხადა: ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული – გარდაცვლილ მეუღლეს, ხოლო ნესტოები – ჩემს ერსო. მეფეს იმდენად მოეწონა ოსტატის პასუხი, რომ მას ორი წლის ომარ-უფლისწულის განავლის დაყნოსვის ნება დართო. ოსტატმაც ბავშვის ექსკრემენტზე ხანგრძლივი სიცოცხლის უტყუარი ნიშნები და იღბლიანობის დამადასტურებელი ტეხილი ხაზები აღმოაჩინა, მერე კი დედოფლის უკანასკნელი ფაღარათი მოიხილა და პარლამენტს მიაშურა, რათა პარლამენტის სპიკერის ხელიდან საპატიო კავალერის ორდენი მიეღო.
ოსტატმა 1943 წლის თეირანის “ოთხთა შეხვედრაზე” გაითქვა სახელი, როდესაც მან საბჭოეთის ბელადის მყრალ ქონქოროზზე ოპტიმისტური, ჭეშმარიტად წინასწარმეტყველური სიტყვები აღმოაჩინა: Hittler caput!
ნაცისტებმა კი თეირანის “ოთხთა შეხვედრას” ასეთი შინაარსის პოლიტიკური კარიკატურით უპასუხეს:
თეოდორ რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი, იოსებ სტალინი და “მეფეთ მეფეი ჩვენი” ოქროს უნიტაზებზე სხედან, ხოლო ერთი ბეწო – მეფის მარცხენა ფეხის ცერზე მჯდომ ოსტატს, თავის მაგივრად, ვეებერთელა ოყნა ადგას მხრებზე.
1961 წლის 11 აპრილს ოსტატმა ადამიანის კოსმოსში გაფრენა იწინასწარმეტყველა – პრემიერ-მინისტრის ექსკრემენტი ჯადოსნურმა სიტყვებმა უკვდავყვეს: ხვალ ადამიანი კოსმოსში გაფრინდებაო.
ოსტატის დღის განრიგი ასეთი იყო:
ოსტატი დილის შვიდ საათზე იღვიძებდა, ხოლო მისი უდიდებულესობა – შუადღისას. ოსტატი სამსახურში მის მძღოლსა და მოწაფეს – ცალთვალა რობინზონს მიჰყავდა. მეფე ცამეტ საათსა და ხუთ წუთზე ტახტის მემკვიდრის, დედოფლის, თოთხმეტი მინისტრისა და ოსტატის თანდასწრებით გადიოდა კუჭში, მერე კი ომარ-უფლისწულის ჯერი დგებოდა, რომელიც პირველ ხანებში ვერაფრით გადააჩვიეს შარვალში ჩასვრას: “ნუ მბოჭავთ! ნუ მაკომპლექსებთ!” – გაჰკიოდა ტახტის მემკვიდრე, როდესაც მას უნიტაზზე ჯდომას აიძულებდნენ. თოთხმეტი საათიდან თვრამეტ საათამდე ოსტატი სამეფო ექსკრემენტის შესწავლით იყო დაკავებული, მერე კი მის უდიდებულესობას სპეციალურ დასკვნას უგზავნიდა, რომელიც ასე იწყებოდა: “მოვიხილე რა თქვენი განავალი, დავასკვენი, რომ…” და ა.შ.
ახლა რაც შეეხება ოსტატის საპირფარეშოს.
წიგნებით სავსე ფეხსალაგში ყველაზე პატარა ადგილს უნიტაზი და ონკანი იკავებდა. აქ სარკეც კი არ იყო, რომ არაფერი ვთქვათ ტუალეტის ქაღალდზე, რადგან მას ღირსეულად ცვლიდა ახალბედა ავტორთა წიგნებიდან ამოხეული არაერთი უინტერესო “თავი”. “ბიბლიოთეკაში მივდივარ”, – იტყოდა ხოლმე ოსტატი და ფეხსალაგში შედიოდა, კედელი, ჭერიც კი – წიგნებით იყო სავსე. ჭერზე მიწებებულ წიგნებს (კერძოდ: პლუტარქეს ორტომეულს, ფლობერის “მადამ ბოვარის”, ნემიროვიჩ-დანჩენკოს “თეატრის დაბადებას”, უცხო სიტყვათა ლექსიკონსა და თეოფილ გოტიეს ლექსების კრებულს) სპეციალური წებო ამაგრებდა, რომელიც მათ მფლობელს ჯერ კიდევ თეირანში ყოფნის დროს ეყიდა.
ოსტატს უამრავი მშვენიერი ლექსი შეუქმნია უნიტაზზე ნებივრობის დროს, – ჭინთვის შედეგად დაბადებული რითმა ხომ საუკუნეებს უძლებს! მაგრამ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ოსტატის გულსა და “პოეტურ ფეხსალაგს” სევდა შეეპარა – უდარდელი რითმა “თეთრმა ლექსმა” შეცვალა; მოკისკისე მაჟორს დაბღვერილი მინორი მოჰყვა! ოსტატი მელანქოლიამ შეიპყრო, მერე კი ბუასილმა წაუხდინა ანუსი. “ჩემი ერი გადაშენების პირასაა მისული! – ფიქრობდა ოსტატი, – პატრიოტები კოკა-კოლასთან ბრძოლაში დავმარცხდით (კოკა-კოლა, რასაკვირველია, ბრჭყალებში – “”)! მალე მეც ფეხზე დამიკიდებს ჩემი სახელმწიფო”.
პატრიოტული აპათიის სურნელი ასდის მის უკანასკნელ სამ ლექსსაც: “არ მივეყიდოთ, ხალხო, არ მივეყიდოთ!”; “ჩაიხადეთ, მეფეო!” და “ღმერთო, რად გამყიდე 30 ვერცხლად?”
სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ოსტატმა უფროსი ვაჟი მათრახით სცემა. და აი, რატომ: ეს გათავხედებული მამრი უარს ამბობდა მრავალსაუკუნოვანი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებაზე და ჯიუტად აცხადებდა, რომ საკუთარ განავალსაც კი არ დაყნოსავდა არასდროს, არათუ სხვისას. სხვათა შორის, პირველის აუცილებლობა არც იყო, რადგან ექსკრემენტოლოგები, როგორც წესი, საკუთარ განავალში არ იქექებოდნენ. “წარმოდგენა არა მაქვს – რატომ, მაგრამ ჩვენ, ექსკრემენტოლოგები, საკუთარი განავალის სუნსაც კი ვერა ვგრძნობთ”. – წერდა ოსტატი თავის “სამეფო ძღვენში”, რომელიც შავი ზღვისპირეთის მეცნიერებმა ერთხმად აღიარეს საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარულ წიგნად. ოსტატის უფროსმა შვილმა კი მამა-პაპათა ნაღვაწი მასხრად აიგდო – საუკუნეების მანძილზე ხელიდან ხელში გადასული საიდუმლოება, ოდინდელი მეთოდი მკურნალობა-წინასწარმეტყველებისა “პრეისტორიულ სიბნელედ” გამოაცხადა და მეზობელთან ჩავიდა დასაძინებლად, რადგან შეურაცხყოფილმა, ბუასილით წახდენილმა ოსტატმა მას მათრახი გადაჰკრა სახეზე. ღვთის მადლით, ოსტატს მეორე შვილიც ჰყავდა, რომელიც ცხოველ ინტერესს იჩენდა განავალთა მიმართ.
ღვაწლმოსილი ოსტატი – დიდებულ წინაპართა ღირსეული მემკვიდრე, ჭეშმარიტი ქალაქელი, ნაცნობ-მეგობართა სული და გული, – აღშფოთებული ახალგაზრდების გაუნათლებლობით; ესტრადის მახინჯ მომღერალთა დაუოკებელი მაგინებელ-მლანძღველი; წარსულში მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აწ აკადემიკოსი; ხელგაშლილი მასპინძლობით განთქმული; შეუდარებელი ქვრივი; ომარ-უფლისწულის პირადი ექიმი და არითმეტიკის პირველი მასწავლებელი; უფროს ვაჟთან ნაჩხუბარი – ადამიანი, რომლითაც ასე ამაყობდა მთელი კავკასია, მეფის სასახლეში გარდაიცვალა – სამოცდათოთხმეტი წლის, ხუთი თვის და რვა დღისა. ოსტატს გული გაუსკდა, როდესაც მას იაპონელ მეცნიერთა ახალ “შედევრზე” მოახსენეს: თურმე, ამომავალი მზის ქვეყანაში ჯერჯერობით უსახელო, მაგრამ სრულიად უნიკალური წამალი დაბადებულა, რომლის მიღების შემდეგაც ადამიანს აღარ დაჭირდება კუჭში გასვლა, განავალი ნაწლავებშივე აორთქლდება და ამით ბოლო მოეღება საჭმლის გადამუშავების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.
სამოცდათოთხმეტი წლის ოსტატის გულმა ვეღარ გაუძლო ახალი ათასწლეულის შემზარავ ირონიას და ორად გაიგლიჯა. სიკვდილის წინ, ოსტატს მისი მშობლიური ქალაქი წარმოუდგა თვალწინ, რომელსაც მომავალში ბეტონის ჭრელ-ჭრელი შენობები გადასანსლავდნენ; მომავლის საცოდავი, უჯიშო ადამიანები; და შავი ზღვა, რომელსაც, ბოლოს და ბოლოს, შთანთქავს რომელიმე დიდი ოკეანე. “წინ მხოლოდ სიკვდილია” – გაიფიქრა სასოწარკვეთილმა ოსტატმა და თვალის ერთი გადავლებით გადახედა თავის ცხოვრებას – წარსულს. გადახედა და დამშვიდდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ბედნიერი და ამაყი წავიდა იმ ქვეყნად, – განავალით სავსე წარსულით ამაყი.
2002. მაისი.