Litclub.ge

ბირჟის მაკლერის რომანი
პიჩერის, მაკლერ ჰარვეი მაქსუელის რწმუნებული კლერკის, ყოველგვარ გამომეტყველებას მოკლებულ ფიზიონომიაზე გაკვირვება და ინტერესის მსგავსი რამ გამოიხატა, როცა დილის ათის ნახევარზე კანტორაში სწრაფად შემოაბიჯა მისმა უფროსმა თავისი ახალგაზრდა სტენოგრაფისტი ქალის თანხლებით.

_ დილა მშვიდობისა, პიჩერ! _ ესროლა მაქსუელმა კლერკს, მიიჭრა მერხთან ისე, თითქოს ზედ გადახტომას აპირებდა, და მაშინვე დასტებად დაგროვილ დეპეშებს და წერილებში ჩარგო თავი.

 

ერთი წელი იყო, რაც ახალგაზრდა ქალი მაქსუელის სტენოგრაფისტად მუშაობდა. ის აშკარად არასტენოგრაფიული სილამაზის პატრონი იყო. არაფერი ჰქონდა საერთომომხიბლავი პომპადურის ბრწყინვალებასთან; არ ატარებდა ძეწკვებს, სამაჯურებს და მედალიონებს, არ გამოიყურებოდა ისე, თითქოს მზად არის საუზმეზე დაპატიჟება მიიღოს.

სადა ნაცრისფერი კაბა მოხდენილად და ლამაზად ადგა, კოხტა შავი ქუდი თუთიყუშის მწვანე და ოქროსფერი ფრთით ჰქონდა გაწყობილი. ამ დილას ის განსაკუთრებით მორცხვი და ნაზი სიამოვნებით ციალებდა. თვალებში ოცნება უკრთოდა, ლოყები ცოცხალი ატმის ყვავილის ფერისა ჰქონდა, გამომეტყველება კი ბედნიერი, მოგონებით ოდნავ შეფერილი.

დაინტერესებულმა პიჩერმა ქცევაშიც ცვლილება შეატყო: იმის მაგიერ, რომ პირდაპირ შიდა კანტორაში გასულიყო, სადაც მისი მერხი იდგა, ის შეყოყმანდა და გაუბედავად შეჩერდა პირველ ოთახში. ერთხელ, მაქსეულის მერხსაც ჩაუარა იმდენად ახლოს, რომ მისი მხედველობის არეში მოხვედრილიყო.მერხთან მჯდომი ადამიანი მანქანად იქცა. ეს იყო ნიუ-იორკის საქმოსანი მაკლერი, რომელიც მოზუზუნე ბორბლებს და დაჭიმულ ზამბარებს მოჰყავთ მოძრაობაში.

- რა ამბავია? - მოკლედ იკითხა მაქსუელმა.

გახსნილი წერილები ბუტაფორული თოვლის გროვასავით ეყარა მაქსუელის ქაღალდებით მოფენილი მაგიდაზე. მისი უჩინო და უპიროვნო მახვილი ნაცრისფერი თვალი მოუთმენლად დააცქერდა სტენოგრაფისტს.

- არაფერი,-უპასუხა სტენოგრაფისტმა და ღიმილით მოშორდა მერხს.

_ მისტერ პიჩერ,_ჰკითხა მან კლერკს,_მისტერ მაქსუელს ხომ არაფერი დაუბარებია გუშინ,ახალი სტენოგრაფისტის მოწვევის შესახებ?

_ როგორ არა,_უპასუხა პიჩერმა,_მითხრა, რომ ახალი სტენოგრაფისტი ვიშოვო. გუშინ, დღის ბოლოს შევუთვალე სააგენტოს, ამ დილისთვის რამდენიმე ნიმუში გამოეგზავნათ, საცაა ათი შესრულდება, და ჯერ კიდევ არც ერთი არ გამოჩენილა.

სანამ ვინმე ჩემს ადგილს დაიჭერდეს,_თქვა ახალგაზრდა ქალმა, მივიდა თავის მერხთან და თუთიყუშის მწვანე და ოქროსფერი ფრთით შემკული ქუდი ჩვეულ ადგილზე დაჰკიდა.

ვისაც საქმეები ნიაღვარში მოქცეული მანჰატანის მაკლერი არ უნახავს, არ გამოდგება ანტროპოლოგად.

პოეტი უმღერის ,,ბრწყინვალე ცხოვრაბის საქმით დატვირთულ საათს”, მაკლერის ყოველი საათი კი, არა მარტო საათში საქმეები ეკიდებიან სახელურებს, ავსებენ წინა და უკანა ბაქანს.ეს დღე კი ჰარვეი მაქსუელის დატვირთული დღე იყო. ტელეგრაფი განუწყვეტელი კონვულსიით შეუდგა თავისი ხვეულების გაშლას, მერხზე ტელეფონს წკარუნის ქრონიკული შეტევა მოუვიდა. ხალხი აირია კანტორაში, ეძახდნენ მაქსუელს მოაჯირის იქიდან, მხიარულად, მკვახედ, ბრაზით, აღელვებით. შიკრიკი ბიჭები გარბოდნენ დავალებებით, ცნობებით და დეპეშებით ხელში. კლერკები დახტოდნენ, აწყდებოდნენ ყველა მხარეს, როგორც მეზღვაურები ღელვის დროს დროს. პიჩერის სახესაც კი სიცოცხლის ნიშანი დაეტყო.

ბირჟაზე წყდებოდა ზვავები და მეწყერები. იყო ნამქერები და ქარიშხალი, იფრქვეოდა ვულკანები. ამ სტიქიური ნგრევის მინიატურული ასახვა კი მაკლერების კანტორებში ხდებოდა.

მაქსეულმა გადაისროლა სკამი და აკრობატული ხერხებით შეუდგა საქმეს. კარგად გაწრთვნილი არლეკინის სამარჯვით დახტოდა ის ტელეგრაფიდან ტელეფონისკენ, კარიდან მერხისკენ. ამ გაწამაწიაში იყო მაკლერი, როცა უეცრად თვალი მოჰკრა ხავერდითა და სირაქლემის ფრთებით შემკულ ცეცხლისფერ თმას, ძვირფასი ბეწვის ამიტაციას და კაკლისოდენა მძივების ყელსაბამს, რომელიც ზედ იატაკთან ვერცხლის გულით მთავრდებოდა. ამ საგნებს უკავშირდებოდა საკუთარი ღირსების რწმენით აღსავსე ახალგაზრდა ქალი და პიჩერიც იქვე იყო ამ მოვლენის განსამარტავად.

_ სტენოგრაფისტთა სააგენტოდან გახლავთ, ადგილას თაობაზე,_წარმოთქვა პიჩერმა,_გუშინ რომ დამავალეთ!

მაქსუელი შემობრუნდა ქაღალდებითა და ტელეგრაფის ლენტებით ხელში.

_ რა ადგილას? _ იკითხა წარბშეკვრით.

_ სტენოგრაფისტის ადგილას შესახებ,_თქვა პიჩერმა._ ხომ არ გაგიჟებულხართ, პიჩერმა, რად ვიტყოდი ასეთ რამეს? მის ლესლი მშვენივრად ართმევს თავს საქმეს. ადგილი მისია, სანამ თვითონვე სურს. ვაკანტური ადგილი არა გვაქვს,  ქალბატონო! აცნობეთ ეს გარამოება სააგენტოს, პიჩერ, და მეორედ აღარ შემომიყვანოთ ესენი. აღშფოთებული ვერცხლის გული რხევით დაიძრა გასასვლელისაკენ.

პიჩერმა იხელთა დრო და გადაულაპარაკა ბუხჰალტერს, რომ რაც დრო გადის ,,ძიასულ უფრო და უფრო გულმავიწყი ხდება.საქმეების ნიაღვარი თანდათან მატულობდა, უფრო სწრაფი და გააფთრებული ხდებოდა.

იატაკზე ითელებოდა აქციები, რომლებშიც მაქსუელის კლიენტებს დიდი თანხა ჰქონდათ დაბანდებული. ყიდვა-გაყიდვის განკარგულებები გაფრენილი მერცხლის სისწრაფით იცვლებოდა. მაქსუელის აქციების ნაწილიც საფრთხეში იყო და ეს კაცი მუშაობდა, როგორც ზუსტი, ძლიერი მანქანა_სრული დატვირთვით და სისწრაფით ამუშავებული, რომელიც არასდროს არ ყოყმანობს, ყოველთვის მზად აქვს საჭირო სიტყვა, გადაწყვეტილება თუ მოქმედება, ზუსტია, როგორც საათის მექანიზმი. აქციები და ვალდებულებები, სესხები და დაგირავების სიგელები, უზრუნველყოფის საბუთები და გარანტიები_აქ ფინანსთა სამყარო იყო და აღარ რჩებოდა ადგილი ადამიანისა და ბუნების სამყაროს.

საუზმის დროისთვის ღრიანცელი ოდნავ მიწყნარდა. მაქსუელი იდგა თავის მერხთან, ხელები დეპეშებით და მემორანდუმებით ჰქონდა სავსე, მარჯვენა ყურში ავტომატური კალამი გაერჭო. აწეწილი თმა უწესრიგოდ ჩამოშლოდა შუბლზე. მისი ოთახის ფანჯარა ღია იყო, რადგან მოახლოებულ გაზაფხულს უკვე გამოეგზავნა სითბო ახლად გაღვიძებული მიწისათვის.

და ღია ფანჯრიდან შემოიპარა ოთახში მოხეტიალე, ვინ იცის საიდან მოფრენილი სურნელება, ნაზი და ტკბილი იასამნის სუნი, რომელმაც შეიპყრო და გააშეშა მაკლერი, რადგან ეს სურნელება მის ლესლის ეკუთვნოდა.

მისი იყო და მხოლოდ მისი.ამ სურნელმა მის ლესლი ცოცხლად, თითქმის ხელშესახებად დააყენა მაქსუელის წინ. ფინანსთა სამყარო შემცირდა, დაიშალა და წერტილად იქცა. ის კი... მეზობელ ოთახში იყო,  იქვე სულ რაღაც ოციოდე ნაბიჯის მოშორებით.

_ ახლავე უნდა ვუთხრა, ღმერთმანი, ამ წუთშივე!_ჩაილაპარაკა მაქსუელმა._ახლა ვკითხავ. არ მესმის როგორ მოხდა, რომ აქამდე არ ვუთხარი!

ის შეიჭრა შიდა კანტორაში და შეუტია სტენოგრაფისტის მერხს. მის ლესლიმ ღიმილით აჰხედა. ლოყებზე ნაზმა ვარდისფერმა გადაჰკრა. თვალებმა კი კეთილად და გულახდილად შეხედეს მაქსუელს. მაქსუელი ცალი იდაყვით დაეყრდნო სტენოგრაფისტის მერხს. ავტომატური კალამი ისევ მარჯვენა ყურზე ჰქონდა ჩამოდებული და ორივე ხელით მოფართხალე ქაღალდებს ბღუჯავდა.

_ მის ლესლი,_დაიწყო მან სწრაფად,_მხოლოდ ერთი წუთი მაქვს თავისუფალი. ამ ერთ წუთში მინდა რაღაცა გითხრათ. ცოლად გამომყვებით? დრო ვერ ვიშოვე, რომ წესიერად გამომეცხადებინა თქვენთვის სიყვარული, მაგრამ ნამდვილად მიყვარხართ. გთხოვთ, ჩქარა მიპასუხოთ, მის ლესლი. ეს ვაჟბატონები უკვე უკანასკნელ სულსა ხდიან წყნარი ოკეანის კამპანიას.

_ , რას ამბობთ! _ წამოიძახა ახალგაზრდა ქალმა, ფეხზე წამოხტა და გაოცებული დიდრონი თვალებით დააცქერდა მაქსუელს.

_ ვერ გამიგეთ?_იკითხა შეწუხებულმა მაქსუელმა,_ცოლად გამომყევით-მეთქი, მიყვარხართ,  მის ლესლი.დრო ვიხელთე და აი გითხარით კიდეც. უკვე ისევ ტელეფონზე მეძახიან. უთხარით ცოტახანს მოიცადონ, პიჩერ. არ ხართ თანახმა, მის ლესლი?

სტენოგრაფისტი ძალიან უცნაურად მოიქცა. ჯერ თითქოს გაოცებამ შეიპყრო. გაკვირვებულ თვალებში ცრემლები გამოჩნდა, მერე ცრემლი ღიმილმა დაფარა და მისი მკლავი ნაზად შემოეხვია მაკლერს კისერზე.

_ ახლა მივხვდი, _ თქვა მან წყნარად,_ამ ბირჟამ და საქმეებმა განდევნა ყველაფერი შენი თავიდან. პირველად შემეშინდა, ნუთუ არ გახსოვს, ჰარვეი? წუხელ რვა საათზე ჯვარი რომ დავიწერეთ იმ პატარა ეკლესიაში, კუთხესთან?