Litclub.ge

თათრობა
(ისტორიული ამბავი)

დაჰსხმიან ასაკლებადა
ზურაბის ოჯახს თათრები,
ისეთს ნაბუერს ადენენ,
როგორც ცხვრის ფარას აფთრები.
გამოუყრიათ კარშია
ზურაბ და მისი ცოლია.
გულ-გახეთქილი ბალღები
ღობე-ყორეებს სტოლია.
უმასპინძლებენ თავის-თავს.
თითონა ჰხდიან თაროსა,
აღარას ჰკითხვენ ზურაბსა,
აღარც იმის ცოლს დაროსა...
თავებსა სჭრიან ძროხებსა,
სწვამენ მწვადებს და ქაბაბსა,
თითონ ზურაბსაც შასწვამენ,
თუ რასმე მისცემს საბაბსა,
და ისუქებენ ისედაც
ქონით გაჟღენთილს ღაბაბსა,
ზურაბს და იმის ცოლ-შვილს-კი
სიმშილით ეწვის კუჭები.
„ვაი დედასა, რას შვრება
ურჯულო გასაფუჭები“!..
მარტო ამას-ღა ამბობენ
ცოლ-ქმარნი სახე-ლურჯები:
„ჩვენს სახლში აღარას გვკითხვენ,
თათრებს ვგონივართ ყუნჭები..“
ცოტა ხანს შემდეგ ორივეს
ფეხზე ჩაედვათ ხუნდები.
გული აევსოთ მჭვალითა,
დაუდამბლავდათ კუნთები.
ზურაბის სარჩოს რომ მორჩნენ.
ახლა იკითხეს საყდარი:
„წარმოადგინეთ ჩვენთანა,
მღვდელ-დიაკვანი სად არი?“
წვერებით მოჰყავთ ხუცესი,
თავზე ეყარა ნაცარი.
უყვირეს: „ქისტეს მოსავო,
უნდა იწამო მაჰმადი
და გქონდეს სახელმძღვანელოდ
მაჰმადიანთა ადათი!“
„მიწყალე ღმერთო“, არა სთქვა,
უნდა იყვირო: „ალლაო!“
რას იზამს? ნათქვამი არის:
აღმართსაცა ჰხნავს ძალაო.
წვერს აცანცარებს ხუცესი
და ამბობს: „ხათაბალაო!“
„ვინც არ იწამებს ჩვენს რჯულსა,
სულ თავებს დაგჭრით ხვალაო!“
ახლა მონასტერს მიუხდენ
ქრისტიანობის მცველები.
ვინც არ გაექცა იმათა,
მაგრა შეუკრეს ხელები;
ვინც გათათრება აღუთქვა,
შეანარჩუნეს წვერები;
ვინც არა, ჰგვემეს უღმერთოდ
და თავში დასცხეს კვერები...
ეკვდერში, სენაკებშია
დააბეს თავის ცხენები.
სადაა ქართვლის მხედრობა,
არ მოდის შენაწყენები?
- ვინ მოვა? დამკვალებლადა
თათრებს ჰყოლია ჩვენები.

1902