(სიმღერა)
როგორ საშინლად ბნელოდა,
როგორ ძალიან ელავდა,
სასაფლაოზე ატეხილს
შამბნარს წითლადა ჰფერავდა;
ცა იქცეოდა, და მიწა
თავისთვის სუდარს ჰკერავდა,
სამყაროს ნგრევას ეშმაკი
გახარებული ჰზვერავდა.
ღამის წყვდიადში კისკისი
მისი ჰზარავდა ყველასა,
და კაცნიც სასო-მიხდილნი
ღერთს აღარ სთხოვდნენ შველასა;
შავი ღვარები ჰღარავდა
იმათ სახლების კერასა,
ძმა რომ ძმას თვალებსა სთხრიდა,
ამბობდნენ „არაფერასა“.
თვალებ-დათხრილნი სტიროდენ,
ან რად იწყებდენ საშველად,
ვიბრძოდი იმათ საშველად,
ვეღარა ვშველდი ვერასა.
1895