Litclub.ge

*** ვდგავარ მარტივად
ვდგავარ მარტივად, სულ მარტივად ვდგავარ. ფანჯარა.
მინდა მოთოვოს ამ მაისში, მინდა, რომ მოთო
ვოს, რომ არცერთი, სულ არცერთი ქუჩა არ ჩანდეს,
არ ჩანდეს ქარი, ეს ხეები, მეზობლის მოტო,
რომ არ მიმზერდეს იმ ფანჯრიდან სპარსული კატა,
და ის ბიჭუნაც, დიდ ურნასთან, ლურჯი ბოტებით
არ იდგეს იქ და არ ეძებდეს არაფერს. ფარდა
ირხეოდეს და თოვლის სუნი, როგორც მოტივი
ამ ფარდისრხევის არსებობდეს, მიზეზი იყოს.
ვდგავარ და ვწუხვარ, დიახ, ვწუხვარ, არა ხარ აქ რომ...
სიჩუმე – ვინმეს აყვირებას ყოველთვის ითხოვს,
სინათლე - განწირულია, რომ ოდესმე ჩაქრეს.
ახლა ვიღაცამ კალენდარზე დღე ჩამოხია.
ნეტა, მოთოვოს, ამ ფინჯანშიც თოვლი ეყაროს,
მერე უბრალოდ, სულ უბრალოდ შენ რომ მოხვიდე
და მე და თოვას საკოსივით გადაგვეფარო.
ვდგავარ მარტივად, სულ მარტივად ვდგავარ. ფანჯარა.
მინდა მოთოვოს ამ მაისში, მინდა, რომ მოთო
ვოს, რომ არცერთი, სულ არცერთი ქუჩა არ ჩანდეს,
არ ჩანდეს ქარი, ეს ხეები და არც ის მოტო.