ეს ის კაცია, თერთმეტში რომ დაეცა ტუზი
და რომ დაიწვა, რადგან დაიწვა.
მას ხუთი სული სარჩენალი ოჯახში უზის,
როგორ არჩინოს, ვით ჩააცვას, როგორ ჩაიცვას.
ის ეხლა ქუჩას მომაკვდავის მიყვება ლაჯით,
არის მწუხარე,
დღეს მან მშობელი წააგო კარტში,
ცოლი - წუხელი,
მან მოგებული წააგო ხელი,
ეს ამწუხარებს.
ეხლა ქუჩაში ჩამოივლის კაცი ავჩარკით,
ის ძაღლთან ერთად წყვილი არის, არ არის კენტი
და ამ კაცს, მგონი, ვერ დაჩაგრავს, ვერვინ დაჩაგრავს,
ოქროს კბილები ათიანი თუ არის წკენტის.
და იგი კაცი, თერთმეტში რომ ტუზი დაეცა,
შეხედავს ამ კაცს,
ეტყვის: დაიცა!
ის ეტყვის: დამკარ!
ის აღარ დაკრავს და გაყვება მოწყენილ ქუცას,
არ უყვარს დავა, არ უყვარს ჩხუბი,
იგი შენიშნავს წარწერას უცებ:
„ჭადრაკის კლუბი“.
და იგი კაცი იტყვის გადაკრულად:
კარტში ჩემი საქმე მიდის ჭადრაკულად.
1957