Litclub.ge

დათუნია დრუნჩა

დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო.
მიდიოდა გზაზე,
ღიღინებდა ასე:
–  დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
უცებ შეხვდა ვირთხა –
არ უცდია დიდხანს,
თქვა: – დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ერთი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
– დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,

არ დაგითმობთ არვისა!
წინ დაუხვდა ზღარბი,
მშიერი და ხარბი,
თქვა: – დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
– დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
გადმოუდგა მელია,
გაუწვდინა ყელია,
თქვა: – დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
– დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
ბოლოს შეხვდა კოდალა,
დათვს კი არა ჰქონდა რა!