მიდის ცხოვრება და არ იცოდებს
სოფელს, სიცოცხლის შუქით მოფენილს,
წუთით ვართ სოფლად, მიტომ უწოდეს
ალბათ სოფელსაც წუთისოფელი.
მე უკვე ვხედავ, საფლავს მითხრიან,
სიკვდილი გამსრესს სადმე კედელთან,
ის ხომ ვერ არჩევს, როგორც იტყვიან,
სულელთ და სიბრძნის ოქრომჭედელთა.
და ეს ცხოვრება გაივლის ასე,
ბევრ სატიალეს გაატიალებს,
და მე მჯერა, რომ ჩემს გვარის თქმაზე,
ენას მოიმტვრევს მემატიანე.
მაინც შემაქებს სიტყვის შესევით,
იტყვის: ,,გავიდა შემდეგ რა ხანი,
რაც არ გვსმენია მისი ლექსებით
სიხარულის და ჯავრის ჯახანი “.